მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
ლონდონში წასული ქართველი სტუდენტის თავგადასავალი
დღეიდან ჩვენი გაზეთი იწყებს ქართველი სტუდენტის დღიურების ბეჭდვას. რომელიც, მან ლონდონში ყოფნის დროს დაწერა. მას, სწავლასთან ერთად მუშაობაც უწევდა, რათა საცხოვრებელი - კვების, ბინის და გზის ხარჯების დაფარვა შეძლებოდა. მასთან ერთად საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც ცხოვრობდნენ. სწორედ, მასზე და მის მეგობრებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ უცხო ქვეყანაში ცხოვრების დეტალები და დაინახოთ რა პრობლემების წინაშე იდგნენ ისინი და გაიგოთ როგორ პოულობდნენ თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს.

როდესაც დღიურების ბეჭდვა გადავწყვიტეთ იგი უპრობლემოდ დაგვთანხმდა. თუმცა, ერთი პირობა მაინც წაგვიყენა - მისი ვინაობა არ უნდა გაგვემხილა. ასეც ვიქცევით.

პირველად ინგლისში ,,გოლდერს გრინზე დავდგი ფეხი. ის ჩრდილო ლონდონის ერთ-ერთი უძველესი ებრაული უბანია. მწვანეში ჩაფლული ნავთსაყუდარი, ეგზოტიკური ბაღებითა და იტალიური რესტორნებით დამშვანებული ადგილი.

ჰეტიგოგა ასე ერქვა ჩემს პირველ ლენდლორდს (ბინის მომქირავებლს). ჩია კაცი, დამანჭული სახით. მუდამ უკმაყოფილო, ზრდილობისათვის ხანდახან რომ გამოიმეტებდა ღიმილს ჩაშავებული კბილებიდან და მერე სათვალეების ქვევიდან მზერას გამოაპარებდა. ციხის ზედამხედველივით ჩამოივილიდა ყველა მდგმურის კარებთან და დარიგებებს მოჰყვებოდა: დიდხანს არ დაჰყოთ აბაზანაში, კარი ფრთხილად მოიხურეთ, ტელევიზორს ხმამაღლა არ აუწიოთ. არადა, როგორი ძნელი იყო მისი უკანასკნელი მოთხოვნის ასრულება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ციებ-ცხელებაში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ერთ საღამოს, ჩამოსვლიდან ზუსტად მესამე დღეს, სამუშაოს პოვნით იმედდამშვრალი ჩემთვის მივაბოტებდი თვალწარმტაცი ფერებით გაჩირაღდნებულ ქუჩებში, თანაც გონებაში ვანგარიშობდი კიდევ რამდენ ხანს მეყოფოდა საქართველოდან სახელდახელოდ წამოღებული 500 დოლარი. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საქართველოში გაცემული ექვსთვიანი ვიზა აეროპორტში ერთთვიიანით შემიცვალეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ დასაკარგი დრო არ იყო. ქვა უნდა გამეხეთქა, ნებისმიერი სამუშაო მეპოვა და ბრიტანეთში სტუდენტის სტატუსით დავრჩენილიყავი.

ერთ-ერთი რესტორნის ფანჯარაზე განცხადება შევნიშნე: ,,გვესაჭიროება გამოცდილი მიმტანი, დეტალებისთვის იკითხეთ მენეჯერი.

ცოტა ხანი ვიყოყმანე, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. Uუკვე ყველაფერი უძირო პესიმიზმში ჩაძირულიყო, ოჯახიც ტკივილამდე მენატრებოდა. ვიცოდი საქართველოდან ლუკმა-პურის, ახალი სამყაროს გაცნობის, განათლების მისაღებად გადმოხვეწილი ემიგრანტის მშფოთვარე ხვედრი მელოდა და მოდუნება უდრიდა დამარცხებას. დასაკარგი არაფერია გავიფიქრე ბოლოს.

გადარჩენის ინსტიქტმა სძლია 22 წლიდან პარლამენტის კედლებში ფუფსფუს-ლოლიავს შეჩვეულ ხასიათს და კარი გამოცდილი, ხელსწრაფი მიმტანივით შევაღე.

ერთბაშად მოვავლე გარემოს თვალი და მივხვდი ებრაული რესტორანი იყო. ღიპიანი, შავგრემანი კაცი ჩემკენ წამოვიდა. მეც ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, მივესალმე, მერე გავუღიმე და მისვლის მიზეზი მორცხვად ვუთხარი. თანაც, სიტყვა ,,ვეიკენსი ისეთი ტონალობით წარმოვთქვი მივხვდი, რომ პირველი შთაბეჭდილება შემზარავი იყო და ჩემი ინგლისური კრიტიკას ვერ უძლებდა.

შეგისრულებიათ ადრე იგივე სამუშაო? - მკითხა გამომცდელად და პასუხს არც დალოდებია იქვე დაამატა წარბის აწევით: სადაური ხარ თურქი? შეკითხვამ დამაბნია, უკან დაიხია ქართულმა ჟინმა - ვერ წარმომედგინა თუკი ვინმე თურქს მიმამსგავსებდა.

საქართველოდან - გამოსცრა უიმედო გონებისნაყოფმა. უეცრად ბართან ებრაულქუდიანი, ზორბა ახალგაზრდა შედგა, გამომხედა, შემათვალიერა წამით და ჩურჩულით რაღაც მითხრა. ყურს ვერ დავუჯერე და როცა ქართულად შევუბრუნე შეკითხვა, რა მითხარი-თქო - მაშინ ვიგრძენი, რომ წამის წინ დამტვრეული, მაგრამ უზომოდ ტკბილი ქართულით შემეკითხა - ქართველი ხარო?

მე ბებია მყავდა ქუთაისელი, შაუმიანზე ცხოვრობდა, მისი გაზრდილი ვარ ისრაელში და პატარა ქართული მომცა - თქვა მან და მთხოვა ერთი საათის შემდეგ შემევლო, რადგან რესტორანი კლიენტებს ძლივს აუდიოდა. ახლობელი, თანამოდარდე, მშობლიური მეჩვენა, სადღაც ლონდონის ერთ-ერთ მოკრძალებულ სასადილოში ნათქვამი გილის (ასე ერქვა ჩემს ახლად გაცნობილ სასწაულს) სიტყვები. ცამდე ამაღლდა იმედდაგმინული სული. სატკივარი მინელდა. დამეხამრება? - ვფიქრობდი და პასუხს ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ. ეს არ ყოფილა აფორიაქება, ალბათ უფრო მეტად მოულოდნელელობა, რამაც ჩემი მონდომება კიდევ უფრო გააძლიერა. იქაურობას გავეცალე. რწმენამ, განცდამ, მოლოდინმა დაჩრდილა ჩემი ფიქრის ჰორიზონტი. ლამის ავცრემლდი. გილიმ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა ქართული ენის ბრწყინვალება.

ათის ნახევარზე რესტორანში ისევ მივაკითხე გილის. შედარებით სიმშვიდე სუფევდა იქ. ალაგ-ალაგ მაგიდებზე ალისფერი სანთლის გამოწვევა უფრო მიმზიდველს ხდიდა გარემოს. ერთი კლიენტი ქოთქოთებდა მხოლოდ და ხელებს ასავსავებდა - ამდენი ხანია შეკვეთა მოგეცით, გახმა კუჭი დაუჩქარეთო. როგორც იქნა გილიმ უკანასკნელად ჩამოთალა შაურმის შიშხინა ნაჭრები და მე მომიბრუნდა. ,,აქანა ბევრს არ იხდიან, მარა იშონი რაცხას, მეც შეგეხიდები და მერე ფულიც მოვა ცოტა. აქანა კიდო ქვეით ჰოტელში ერთი ქართველია - ალიკა, იმასაც გაეგება იქნება რაცხა მუშაობაზე. ერთად დავდივართ პივაზე. დიდხანს არ დამცალდა მასთან საუბარი, სამზარეულოდან გამოვარდნილმა მენეჯერმა დაუცაცხანა ახლადგაცნობილ იმედის ხავსს - ,,ხედავ, რომ მწვანილი თავდება - დაჭერი დროზე, მაგ შენს მეგობარს სამუშაოს მერე ელაპარაკე, მე შენ სამუშაოს შესრულებაში გიხდი ფულს და არა ლაქლაქში. მივხვდი პრობლემა შევუქმენი გილის და ვუთხარი წავალ და სხვა დროს შემოგივლი-თქო. დავემშვიდობე და მის მიერ ნასწავლები მისამართისაკენ გავწიე, კიდევ ერთი ქართველის ნახვით წახალისებულმა.

პატარა სასტუმროში 100-მდე კოსოველი ლტოლვილი ცხოვრობდა. ალიკა მანქანის გასაღებს ატრიალებდა წაღმა-უკუღმა და თბილისურ თავგადასავლებს მოწადინებით მიყვებოდა. იგი კარგად განათლებული, რამდენიმე ევროპულ ენაზე მოლაპარაკე იეზიდი აღმოჩნდა. 1998 წელს ჩამოსულა ოჯახთან ერთად, ჩაბარებულა და დამკვიდრებულა კიდეც. Mმან სახეირო ვერაფერი მირჩია. ჩემი საბუთების დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა და დამმოძღვრა:

ბიჭო ახლავე დავურეკავ ებრაელ ადვოკატს, პასპორტი მოიტანე, გავაშანშალებთ (არ ვიცი საიდან იცოდა ეს სიტყვა) დოკუმენტებს და იგრიალე მერე. უფასო ცხოვრება, სოციალის ფული, სწავლა, რად გინდა სადღაც მონურად მუშაობა-ო

მადლობა გადავუხადე ალიკას შესანიშნავი იდეისთვის, ვუთხარი ვიფიქრებ მაგაზე და შეგატყობინებ ჩემს გადაწყვეტილებას-თქო. არადა, ჩამოსვლამდე ერთი რამ უმტკიცესად ვიცოდი, ისედაც რეპუტაცია შელახულ, ნება წართმეულ ჩემს სახელმწიფოზე, რომელმაც შარა-გზაზე გამდგარ, არანაირი სამუშაოს მოთაკილე ემიგრანტად მაქცია, უარი არ მეთქვა, რისთვისაც დღემდე არ მიღალატია. სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის იოლი აღმოჩნდა საქართველოს უარყოფა, ლაფში ამოსვრა, ძაგება, რათა ალიკას მიერ დანაპირები აღქმული სამყაროს სიდიადე სრულად შეეგრძნო.

ის ღამე არ მიძინია. დაახლოებით 100 ახალი სიტყვა და რამდენიმე მნიშვნეოვანი გამოთქმა ვისწავლე. მივხვდი რესტორანში სამუშაოზე არაყვანის მიზეზი ჩემს ინგლისურში მქონდა საძიებელი. ველური ხარ ახლა შენ - ჩამძახოდა ხმა შინაგანი, მალე შემგოროვებლად გადაიქცევი, კაპიკებს დათვლი, კოპწიად ჩამოკიდებულ ჰალსტუხებსაც მიატოვებ. ისმოდა უსაშველო ხმაური წვიმისა, უნდა გაძლო მეუბნებოდა შვილის შვლისფერი თვალები, ნუ წუწუნებ ჯარისკაცო - მახსენებდა გონება.

მეორე დილით უკეთესი განწყობით ვუსმენდი კოლეჯში მასწავლებელს, ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა, მაქსიმალურად ამეთვისებინა, რასაც გაწვდებოდა უნარი. მოუსვენრობაც ნელ-ნელა ქრებოდა.

დაგვიანება ბედისწერის საჩუქარი

იმ დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა, განსაკუთრებულმა სიცხეებმა დაიჭირა ბოლო ორი კვირა. ხალხი ზედმეტად გალაღებული, ხასიათგახსნილი და მომღიმარია ამ დროს. წვიმის ერთფეროვნება ქრება. საღამოობით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, ლუდხანებთან უშველებელი რიგი დგას, ქალები კაცებს როდი ჩამორჩებიან სმაში. უყვართ ზაფხული ალბიონზე, მზე ინგლისელისათვის სასწაულია, ხოლო მცხუნვარე მანათობელი სამოთხედაა აღქმული. პირდაპირ პარკებში დაზაგრული სხეული გაშოტილია ხვასხვასა მოლზე, არაფერი ადარდებთ მათ, ლონდონი თანაბრად გულს უღებს ყველა მონდომებულ, შრომისმოყვარე ადამიანს მიუხედავად წარმოშობისა, ამიტომაცაა რომ სიმშვიდის ქალაქისკენ ბევრი ილტვის, აქვე რჩება და მალე აქაური ტემპით იწყებს სიცოცხლეს. გამონაკლისი არც მე ვარ. უკვე მეხუთე წელი იწურება, რაც ამ ქალაქმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ ამასთანავე რაღაც მაინც წამართვა და კაპიტალისტური შეჯიბრობითობის ორომტრიალში გამომამწყვდია. იმ ხანად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ევროპაში უდიდეს ფოტოგრაფიულ სტუდიაში ვმუშაობდი მარკეტინგის გუნდის ლიდერად. საკმაოდ საინტერესო იყო არარსებულის გასაღება, როგორც ქალის მშვენიერებისათვის განუყოფელი აუცილებლობა. ვურეკავდი კლიენტს და ვეუბნებოდი, რომ მან 150 ფუნტიანი პრიზი მოიგო. თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანის, სახის ნაკვთების მიხედვით შერჩეული აქსესუარები. ბოლოს კი დღის მოდელად გადაქცეული უბრალო მანდილოსანი, ფოტოსესიის საუცხოო შეგრძნება, იმის გააზრება, რომ მასაც ბევრი ჰქონდა გამოსაჩენი, მოსახიბლი, დამალული ადგილები. ეს იყო ის სერვისი, რასაც ჩვენი სტუდია, რომელიც ოთხ სართულზე იყო განლაგებული, ყველაზე პრესტიჟულ ,,ოქსფორდ სტრიტზე უშურველოდ სთავაზობდა ფულის დახარჯვის მოყვარულებს. წელს ზემოთ კლასიკური ფოტოები ფასიანი იყო, თუმცა მისი შესყიდვა კლინტებს არ ევალებოდათ, მაგრამ ცდუნებას თითქმის ვერავინ გაურბოდა და დაახლოებით ყოველი გალამაზებული, დიასახლისის ყოველდღიურობით დაღლილი ქალბატონი 500 ფუნტამდე მაინც ხარჯავდა. სამაგიეროდ, მას თან მიჰქონდა დაუვიწყარი ალბომები, განცდილი სიამოვნება და მის გარშემო 4 საათის განმავლობაში 5 პროფესიონალის მოფუსფუსე მოგონება. მე ახალმოსულებს ვწვრთნიდი, ვასწავლიდი თუ როგორ უნდა დაემყარებინათ კონტაქტი ტელეფონზე, როგორ მოეჯადოებინათ, ინტრგის ხაფანგში გაებათ ცნობისმოყვარე ქალის ბუნება. სად შეენელებინათ ხმის ტემბრი, სად დამაჯერებლობისთვის დაებოხებინათ, როგორ განსხვავებულად მიდგომოდნენ ახალგაზრდებს, შუახნისა თუ მოხუც ქალბატონებს. მენეჯერი ძალიან დაქოქილი ეთიოპიელი იემი მყავდა, მართლმადიდებლობის გამო პატივს მცემდა, მანებივრებდა-თქო ვერ ვიტყვი, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი მისი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და სირბილესაც კი.

ხოდა სახლიდან გამოსულს იმ დღეს მეტროს ერთკვირიანი ბილეთი მაგიდაზე დამრჩა, რაც თითქმის იშვიათი შემთხვევა იყო. ბევრი ვიქექე ჯიბეები, მაგრამ ამაოდ. უკან გაბრუნება სამსახურში შესაძლო დაგვიანების რისკს ზრდიდა, არადა ახალი სამგზავრო ,,ტიკეტის,, ყიდვა ჩემს ბიუჯეტს 7 ფუნტით აზარალებდა. ჭოჭმანის შემდეგ მაინც პირველ ვარიანტზე შევჩერდი და ბინისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს ოხვრით გავუყევი. გზად კი იმის წარმოდგენა მზარავდა, თუ როგორ ხასიათზე დამხვდებოდა იემი დაგვიანების შემთხვევაში, რა ეპითეტით შემამკობდა ან ამას თუ არ დასჯერდებოდა როგორ გამაკრავდა სირცხვილის ბოძზე, წერილობით გაფრთხილების მოცემაზე კი მთლიანად ვკრთოდი. 15 წუთში 10 სადგურის გავლა თითქმის წარმოუდგენელ სიამოვნებას ნიშნავდა,

მეც უხალისოდ მივეგდე ერთ კუთხეში და მეტროს უფასო გაზეთის კითხვა დავიწყე. კამდენ ტაუნში მატარებელი გაჯიუტებული ვირივით დადგა. მემანქანემ გვამცნო, რომ რაღაც მცირე ავარია იყო და მალე გავიდოდით, მაგრამ მისი დაპირება გაიწელა. უკვე საათის ისრები თავმომწონედ გაიჭიმნენ ცხრაზე და ხასიათი გამიფუჭეს. ყველა წუხდა, მაგრამ რა გაეწყობოდა გვირაბში ლოდინს უნდა შევგუებოდით. როგორც იქნა, ზუსტად ნახვერ საათიანი იძულებითი შეჩერების მერე, ვაგონიდან სირბილით გამოვარდი და იქვე ამაყად წამოჭიმულ ,,გლოსის შენობაში შევიმალე. გულამოვარდნილი შევაღე კარები და პირდაპირ იემის გაყინულ მზერას წავაწყდი. იგი ჩემსავით დაგვიანებულ ხუთ თანამშრომელს აშავებდა, მეც მათ რიგებს შევემატე. მაშინვე იერიშზე გადმოვიდა, მთხოვა საკუთარი ხელით შემევსო წერილობითი გაფრთხილების ფურცელი, რასაც უსიტყვოდ დავემორჩილე და ჩემი სექციისაკენ გავწიე. თვალში მომხვდა სამუშაოზე გამოცხადებულთა სიმცირე, რაც ახალი საყვედურების საბაბი შეიქმნებოდა. დაგვიანების მიზეზი მკაფიოდ ჩამოვაყალიბე საყვედურის ბარათში, თუმცა დამანაშავედ გამოვაცხადე თავი და ისიც მივუთითე, რომ დასჯას ვიმსახურებდი. იემიმ სიცილით წაუკითხა ყველას ჩემი აღსარება და ნაკუწებად აქცია. შეგეშინდა? - გადაიკისკისა მან და წარბაწეულმა დილის 11 საათამდე 9 ინდივიდუალური შეკვეთის გაკეთება დამავალა. ვეცდები - მივუგე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კომპიუტერს დიდი მოწადინებით მივუჯექი. საუბედუროდ ახალი საინფორმაციო ბაზიდან ვერავის დავუკავშირდი. მობილურები ყველას გამორთული ჰქონდა. 15 წუთიანი ცდის შემდეგ ერთ-ერთ ინგლისელ ქალბატონს მივაწვდინე ხმა სახლის ტელეფონზე. მისალმებისთანავე, ცენტრალური ლონდონის ხსენებაზე მას ხმა დაუწვრილდა. თქვენ რა უკეთესი დრო ვერ ნახეთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა და შენ კიდევ პრიზებს ათამაშებ? დავიბენი, მაგრამ ასეთი წყრომის მიზეზი მაინც შევეკითხე. რა ჭურში ზიხართ? ლონდონს ტერორისტები ბომბავენ, უკვე სამი უსერიოზულესი აფეთქება მოხდა მეტროებში, ავტობუსებში... დიდი მსხვერპლია... ხმა ჩამივარდა. კლიენტს მოვუბოდიშე, დავემშვიდობე და წამოვდექი. მეორე ოთახიდან სახეალეწილი იემი შემოვარდა და აკანკალებული ხმით გვამცნო ,,შეწყვიტეთ მუშაობა, ლონდონი ცეცხლის ალშია გახვეული, საშინელი ტერაქტები მოხდა, ახლაც დიდია საფრთხე, უკანა ოთახში შემოდით ყველა, გარეთ არავინ გავიდეს, სიგარეტი შეგიძლიათ აქვე მოსწიოთ ნებას გრთავთ. ყველანი გაშეშებული, შეცბუნებული სახეებით გავყევით მენეჯერს. სატელეფონო კავშირი სრულიად გაწყვტილიყო, არადა ახლობლების ბედი ადარდება თანამშრომლებს. ვინ რას არ ამბობდა, 1000-მდე ადამიანი დაიღუპაო, საგანგებო ვითარება გამოცხადდაო, ტრანსპორტის მუშაობა შეწყდაო, ქუჩები დაცარიელდაო, ყველას ადგილებზე დარჩენას ურჩევენო. პირველ სართულზე მისაღებში ჩავედით. ნახევარ საათში, კომპანიის მფლობელი დიდ სავარძელში გასუსულიყო და ვინ იცის იქნებ ჩაგდებულ ბიზნესსზე ფიქრობდა. მის გამომეტყველებაში დიდი შიში დავლანდე, ტელევიზორის ეკრანიდან ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრი უკანასკნელ ცნობებს ავრცელებდა და განსაკუთრებით ცენტრალურ ადგილებზე მცხოვრებ თუ მომუშავე ადამიანებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. ,,ჩვენ ახლა გვჭირდება ყველაზე დიდი მოთმინება, ერთინობა და პანიკის დათრგუნვა, რათა მხდალ, უდანაშაულო ადამიანების მკვლელ ტერორისტებს არ მივცეთ უფლება შეცვალონ ჩვენი ცხოვრების წესი - კარგად დამამახსოვრდა მისი სიტყვები. არაფერი შემეძლო, მხოლოდ ლოდინი... ვერც ვერავის ვუკავშირდები, არ იცი რა დაემართა შენს ახლობლებს, ისე როგორც მათ არ იციან რა შეგემთხვა შენ. რას არ გავიფიქრებდი, ამ დროს ყოველთვის ფატალურზე ფიქრობს გონება, რადგან ქვემალული შიში აპათიურს ხდის აზროვნებას.

საღამოს 5 საათამდე გაგრძელდა იზოლირება გარე სამყაროსთან. ამ ხნის მანძილზე ვინ იცის რამდენ თემას შევეხეთ, რამდენჯერ დაიგმო უაზრო ფანატების მოქმედებები.

ლონდონის მაჯისცემა აღარ ისმოდა, უსუსური, შეშლილი სახეები ერთმანეთში ეძებდნენ პოტენციურ ,,ადამიან ბომბს,, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში სიცოცხლის, მოძრაობის ხმაური ჩამკვდარიყო, არასდროს დამავიწყდება დაღვრემილი, მუჯლუგუნებით მოსიარულე გამვლელები, უნდობი თვალები, ყველა მათგანში ამოკითხული უპასუხო კითხვა - რატომ ჩვენ? რისთვის ლონდონი...

გარეთ გამოსული უგუნებოდ გავუყევი ,,ამსტედისაკენ მიმავალ გზას. ქუჩაში ავტოების ჭაჭანება არ იყო. ფეხით მოსიარულეთა კოლონები ჩქარი ნაბიჯებით ეცლებოდნენ მომეტებული საფრთხის ადგილებს, პოლიცილები ხელჩაკიდებული იდგნენ და ცოცხალ დერეფნებში ატარებდნენ დაღლილ ხალხს. ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდებოდა სირენებჩართული ძალოვნების მანქანები... სრულიად მობილიზებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები. ადამიანებიც მედგრად შეგებებოდნენ გადატანილ თუ მოახლოებულ განსაცდელს.

სამი საათი დამჭირდა ჩემს სადგურამდე მისასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა ნელ-ნელა აღმდგარიყო გარეუნბებში, მაინც არ გავბედე ავტობუსით მგზავრობა. არასდროს მენახა ფეხით მოსიარულე ამდენი ადამიანი. თვალწინ ბაბილონის გოდოლიდან განდევნილი ღვთითდასჯილი ადამის მოდგმის ქაოსური ოტების სცენები ცოცხლდებოდა. უძლეველი, სიმშვიდის პატარა კუნძული დიდი აფორიაქების, შოკისა და ეჭვის საბურველში გახვეულიყო. მზით განებივრებული ნეტარი საღამოები ჩოჩქოლს, აყალ-მაყალს დაეჩაგრა. ღიმილი ერთაბაშად წაშლილიყო სახეებიდან, თავაზიანობა კიდევ უფრო გახშირებულიყო, ერთიანობა, სიფრთხილე, თანაგრძნობა შეინიშნებოდა ირგვლივ.

საღამოს ტელევიზორში საბოლოო დასკვნებს აკეთებდნენ. აფეთქებების ტალღამ 52 ადამიანის მზე დააბნელა, სრულიად უდანაშაულო სისხლი დაღვარა. ისიც გაცხადდა, რომ ტერორისტებმა განსაკუთრებით დააზიანეს ,,იუსტონის გვირაბში გაჩხერილი სასიკვდილო მატარებელი. ორმა ფუნდამენტალისტმა ,,ცოცხალმა ბომბმა 08: 40 წუთზე სხვადასხვა ვაგონში, დეტონატორებით დახუნძლული სხეული ალაჰთან გაგზავნეს. რომ არა სახლში შემთხვევით დარჩენილი ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი, უდიდესი იქნებოდა ალბათობა, რომ მეც იმ დროს იმ აფეთქებულ მატარებელში ვყოფილიყავი. ახლაც ტანში მზარავს ამის გახსენება... ალბათ ბედისწერის ლმობიერებამ გადამარჩინა, უფლის კალთამ დამიცვა და სახლში გამაბრუნა. 15 წუთით დაგვიანებამ სიცოცხლე მაჩუქა. ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ ლონდონის ცას შვეულმფრენები სერავდნენ... მანამდე არასდროს მენახა ტიტების წვიმა. ჰაერიდან დაღუპულთა სულის საპატივცემულოდ ყვავილები ეფინებოდა ქუჩებს. გამვლელები ჩერდებოდნენ, მაღლა იხედებოდნენ, ოხრავდნენ. ცხოვრება გრძელდებოდა, მოგონების გაუხუნარი ფურცელი გულში ინახებოდა, ,,გლოსის,, შენობაში მეოთხე სართულზე კი ისევ ისე გრძელდებოდა.



კალენდარი
ნოემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი