მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
იქ, სადაც დიდი ფულის სუნი დგება, რუსეთთან დიალოგი შეიძლება
მაშინ, როცა ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები გაცხარებით მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაუმკაცრონ რუსეთს სანქციები, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამონახონ საერთო ენა რუსეთთან და... როგორ დაუბრუნონ ფუნქცია საქართველოს.
გაბრაზებულმა რუსეთმა უარი თქვა გაზსადენის "სამხრეთის ნაკადზე" და პირი თურქეთისკენ იბრუნა. რუსული ვარიანტით, მილსადენი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და თურქეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ გაზს ევროპაში გაყიდის.
ნინო ბურჯანაძის ინიციატივას - შესთავაზონ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ხმელეთი, როგორც გაზის სატრანზიტო გზა, განიხილავენ რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, ოღონდ... არაოფიციალურად. მთავრობა კი დუმს. ფაქტობრივად, არანაირი დაინტერესება ხელისუფლებაში ამ იდეას არ გამოუწვევია. სამწუხაროდ, ამის საპირწონედ არ არსებობს ხედვა, სტრატეგია თუ პოლიტიკური ნება, მაშინ რა გზით ან როგორ უნდა შეიძინოს საქართველომ საერთაშორისო ფუნქცია.
ამიტომაც მიიჩნია საჭიროდ ქალბატონმა ნანა დევდარიანმა, ორგანიზება გაეწია კონფერენციისთვის, რომელიც სწორედ ამ საინტერესო ინიციატივას მიეძღვნა. შეხვედრის მიწურულს კი მოწვეული ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ იდეის დასამარება ღალატის ტოლფასი იქნება. მეტიც, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარონ, სადაც რუს და თურქ კოლეგებს მოიწვევენ და უფრო პროფესიონალურად განიხილავენ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად გარდაქმნის!
7 7 7
თუ რა მოსაზრებები გამოითქვა შეხვედრაზე, გთავაზობთ გამომსვლელთა ქრონოლოგიას.

ნინო ბურჯანაძე: - ჩემმა ინიციატივამ ექსპერტთა ნაწილში მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ეს იდეა აიტაცა რუსულმა და დასავლურმა მედიამ, კონტრიდეებიც კი გაახმიანეს. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ არანაირი ინტერესი არ გამოავლინა. მხოლოდ ის ითქვა, რომ ასეთი საკითხები საქართველოში არ წყდებაო, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს. რამდენიმე ხანში კი ამგვარ უნიათობას მწარედ მოვიმკით.
უნდა ვაღიაროთ, რომ ორი სუპერსახელმწიფო - რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვენ კი არ უნდა ვიქცეთ ისეთივე პოლიგონად, როგორც უკრაინა. კიდევ კარგი, ნაციონალები არ არიან ხელისუფლებაში, თორემ უკვე მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი ჩვენთან. თუმცა, თუ სააკაშვილის ზონდერბრიგადები იარაღით ხელში გააგრძელებენ ბრძოლას უკრაინაში, არც ეს იქნება გამორიცხული.
არავინ არ აკეთებს იმის ანალიზს, რა ხდება ჩვენ გარშემო. რუსეთი დაიშლებაო, უხარია ზოგიერთს. ღმერთმა არ ქნას, დაიშალოს, თორემ შეიძლება აღარც ჩვენ დავრჩეთ.
ამას წინათ ილარიონოვის სტატიას წავაწყდი შემთხვევით, რომელსაც ნაციონალები ძალიან სწყალობდნენ საქართველოში. დღეს ისიც კი მიიჩნევს, რომ რუსეთი არათუ განადგურდება, შეიძლება გაძლიერებული გამოვიდეს ამ ვითარებიდან. იყო აჟიოტაჟი, ნავთობის ფასი ეცემაო, მაგრამ "ოპეკმა" რამდენიმე დღეში ნავთობის ფასი 200 დოლარით ავარდებაო, ანუ, ჩვენ თუ იმაზე გავაკეთებთ გათვლას, რომ რუსეთი დაძაბუნდება, წავაგებთ!
რა არის ჩემი ინიციატივის მიზანი. ის, რომ რუსეთი თავად იყოს დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით. თუ ჩვენ ჩავებმევით ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტში, სადაც ეკონომიკურ ინტერესებზეა საუბარი, თუ ტრანსსახელმწიფოებრივი პროექტის მოთამაშე გავხდებით, ეს უთუოდ დიდი გარანტიაა როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
მაგრამ, არის საინტერესო კითხვაც - მოუნდება კი რუსეთს, ჩართოს საქართველო ამ პროექტში იმის მიუხედავად, რომ ხმელეთზე მილსადენის გაყვანა ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. - აი, ეს კი უკვე ჩვენი ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული.
რეზო არველაძე, ენერგეტიკოსი: - რუსეთი ამჯერად ორიენტირებულია ზღვის ფსკერზე და მას გაზსადენის საქართველოში გაყვანაზე არც უფიქრია. ამიტომ, საჭიროა ლაპარაკი რუსეთთან, ხოლო ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ჩემი აზრით, სრულიად რეალურია იმ გაზსადენის გამოყენება, რომელიც გაზს დღეს სომხეთში ატარებს, თუმცა, უფრო მეტი დატვირთვით მუშაობაც შეუძლია. პირობითად რომ ვიანგარიშოთ, თუნდაც 5 პროცენტი რომ დაუტოვონ საქართველოს, წლიური შემოსავალი 1 მილიარდი დოლარი იქნება. ამის პარალელურად დასაქმდება ხალხი, სამრეწველო კომპლექსები დამატებით დაიტვირთება. ეკონომიკური სარგებლის გარდა, პოლიტიკური დივიდენდიც დიდია. საქართველოს ხელთ ეჭირება ძლიერი კოზირი როგორც რუსეთის, ისე ევროპის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას თავისთავად აამაღლებს...
დავით ელიაშვილი, აკადემიკოსი: - მოკლედ თუ ვიტყვით, მომგებიანი პირობები მეტია და შესაძლებლობაც დიდია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მახსოვს, როგორი წინააღმდეგობა შეხვდა დარიალში 19 მილიარდი წარმადობის გაზსადენის გაყვანას, მაგრამ ამის წყალობით დღეს 200 მილიონამდე უფასო გაზი შემოდის ჩვენთან...
ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, ყატარში, ირანში ორჯერ მეტი გაზის მარაგებია, ვიდრე რუსეთში. ეს გაზი დღეს თუ ხვალ უნდა გაიტანონ ევროპაში და სავსებით რეალურია, თუ ისინი ამისთვის საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებენ. ჩვენ ასეთ პროექტებზეც უნდა გავაკეთოთ გათვლა.
ზურაბ გარაყანიძე, ექსპერტი: - ქალბატონმა ნინომ, როცა ინიციატივა გაახმიანა, დასძინა, რომ ეს ისტორიული მომენტი იქნება საქართველოსთვისო, ამას მეც ვეთანხმები და შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჯერ ერთი, უკვე ირანშიც ალაპარაკდნენ გაზის ევროკავშირში წაღებაზე.სრულიად ადვილი შესაძლებელია, ამისთვის გამოიყენონ 1200 მილიმეტრიანი მილი და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის დატვირთონ. რუსეთიც შეიძლება გადმოერთოს სამხრეთ-კავკასიურ გაზსადენზე.
გამზადებულია მილი, ინფრასტრუქტურა, რომელიც დატვირთული არ არის. ჩემი აზრით, ჯანდარაში, შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილი, სადაც აშენდება ჰაბი, რომელიც იქნება საჭირო რუსული გაზის ჩასართავად. ან შეიძლება საგურამო-ახალციხის მილის აშენება, რაც დიდ ხარჯებს არ უკავშირდება.
აქვე ვიტყვი, რომ ყაზახეთი ამუშავებს სერიოზულ საბადოებს, საიდანაც ნავთობი უნდა გავიდეს. არსებული მილებით ის ნავთობს ნოვოროსიისკამდე მიიტანს, მაგრამ მერე სად წაიღებს, არავინ იცის. ჩვენ შეიძლება ეს შანსიც გამოვიყენოთ და გაზსადენთან ერთად ნავთობის სატრანზიტო ქვეყნად ვიქცეთ.
სოსო არჩვაძე, ექსპერტი: - ამ ორივე კომპონენტთან ერთად მესამე და არსებითად მნიშვნელოვანია - სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურა. ისე კი არ უნდა დადგეს საკითხი, გვჭირდება თუ არა ეს, არამედ სად და როგორ მოხდეს ამის განვითარება, ამაზე უნდა ვიფიქროთ.
ჩვენ გზების, მილსადენების ხარჯზე უნდა მოვახერხოთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის კაპიტალიზაცია. თითქმის ყოველდღე გვესმის, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, არადა, ჩვენზე მეტი მილსადენები გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს ეხება საავტომობილო გზებსაც. ქვეყნის მიმზიდველობას განსაზღვრავს არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ინფრასტრუქტურა.
ვახტანგ მაისაია, ექსპერტი: - თუკი ეს პროექტი განხორციელდება, მას მოჰყვება დადებითი ფაქტორები: ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივა, ჰაბის სტატუსი გაიზრდება საერთაშორისო დონეზე... არ არის გამორიცხული აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. თუმცა, მას ახლავს რისკებიც, რომელმაც შეიძლება არჩევანის წინაშე დაგვაყენოს: ეკონომიკურ სარგებელს ავირჩევთ თუ პოლიტიკურს. რუსეთს თავის დოქტრინაში უწერია, რომ უნდა უზრუნველყოს სტრატეგიული დონის ობიექტების უსაფრთხოება და თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნება, შეუძლია, სამხედრო პოტენციალი გამოიყენოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსული მილსადენის დაცვის მიზნით, ადვილი მოსალოდნელია სამხედრო ძალა შემოიყვანოს.
ნინო ბურჯანაძე: ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ საფრთხეები ობიექტურად შევაფასოთ. მაგრამ მე მახსოვს, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა ბაქო-ჯეიჰანის პროექტს, აქაც ასეთივე საფრთხეებზე იყო ლაპარაკი. შევარდნაძის ხელისუფლებამ თუ მოახერხა იმის მიღწევა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენი ყოფილიყო ჩვენი საკუთრება და უსაფრთხოება ჩვენვე უზრუნველგვეყო, ამჯერადაც უნდა მოვახერხოთ.
რამაზ საყვარელიძე: ჩემი აზრით, პოლიტიკურად პერსპექტიული ვერსიაა. მაგრამ ამ ხელისუფლებას გაბედულება არ გააჩნია. ის შეჰყურებს დასავლეთს. აძლევს კი ხელს ეს პროექტი დასავლეთს. (როგორც ამერიკა, ისე ევროპაც უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს მათთვისაც ხელსაყრელია). ან სულაც მეტი: ხომ არ იქნება ეს პროექტი ნატოს ალტერნატივა... შეიძლება, მაგრამ მაშინ რას ვიგებთ.
სოსო ცინცაძე: ნინო ბურჯანაძის იდეის კრეატიულობას იმაში ვხედავთ, რომ აბსოლუტურად იცვლება ურთიერთრობა რუსეთთან და დასავლეთთან. მე არ მჯერა, რომ ოდესმე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიპყრობს მსოფლიო ბაზარს, ან ტურიზმის მექა გახდება, მაგრამ მჯერა, რომ ეს არის 100-პროცენტიანი მომგებიანი პროექტი, ერთადერთი შანსი! ჩემი აზრით, არავითარი პრობლემა არ არსებობს, ამას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. იაპონიას ჩვენზე მეტი ტერიტორია წაართვა რუსეთმა, მაგრამ აქვთ დიპლომატიური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობები იმის მიუხედავად, რომ არც ერთ გოჯ მიწას არ თმობენ. ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება იმას, რას იტყვის დასავლეთი. იქ, სადაც დიდი ფულის სუნი დგება, რუსეთთან დიალოგი შეიძლება.
ჯონდი ბაღათურია: ეს პროექტი იაფი დაუჯდება რუსეთს თუ ძვირი, მისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირებას. რუსეთის ეკონომიკის მდგენელია ნავთობი და გაზი, საქართველო კი ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეიძლება ისეთი პროექტების აწყობა, რომელიც მას ლუკმას პირიდან ამოაცლის. ამიტომ რუსეთისა და თურქეთის მომგებიანი ურთიერთობაში შუა უნდა გავეჩხიროთ. თუ თამაშგარეშე დავრჩებით, მძიმე დღეში აღმოვჩნდებით.
მამუკა არეშიძე: ბრიუსელში, სადაც აფხაზებთან და რუსებთან გვქონდა შეხვედრა, ეს იდეა გავახმიანეთ, ასე ვთქვათ ზედაპირულად, მაგრამ განხილვა შედგა. რუსები არც დაეთანხმნენ, არც უარი თქვეს. აღნიშნეს, რომ ნოვოროსიაში საკომპრესორო სადგურს უკვე მიმართულება აქვს და ვერ შემოტრიალდებაო. თანაც, თურქეთთან სატრანზიტო ქვეყანა არ გვინდაო, თუმცა, ეს არ იყო კატეგორიული ტონით ნათქვამი. რაც შეეხება აფხაზებს, მათ უფრო ეკოლოგიურ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება. თანაც აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში იმაზე ადრე მოგვიწევს საქართველოსთან ეკონომიკური პაკეტების შექმნა, ვიდრე წარმოგვედგინაო. თქვეს ისიც, რომ დავთანხმდებით, თუ პოლიტიკური წინაპირობები არ იქნებაო...
ამის შემდეგ შეხვედრა თურქეთში შედგა. აქაც გაარჩიეს რუსებმა ეს პროექტი, მაგრამ ამჯერად ტექნიკური თვალსაზრისით უფრო მომზადებულები იყვნენ. ამ იდეის დიდი მინუსი ის არის, რომ საქართველოსთან პოლიტიკური შეხება არ გვაქვს. თუკი შედგება პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, აქ შეიძლება ამ საკითხზე საუბარიო.

თეა მოსია.


p.s. დაახლოებით ასეთი იყო დისკუსია, რომელიც პოლიტიკოსებსა და ექსპერთა ჯგუფს შორის "ჰოლიდეი-ინში" გაიმართა და სადაც ყველა დაეთანხმა იმ აზრს, რომ დებატები უნდა გაგრძელდეს, ხოლო იდეა არ უნდა "გაცივდეს". ამაში კი დახმარებას პრესას, მედიას სთხოვენ. ვერ გეტყვით, როგორ აიტაცებენ ამას ჩვენი კოლეგები, რადგან ბევრი მედიასაშუალება დღეს იმის გარკვევით არის დაკავებული, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ხოლო პუტინი - მტერი. ამას წინათ იგივე კითხვა ნატოს გენერალურ მდივანსაც დაუსვეს, თუმცა, მან თამამად უპასუხა, რომ ასეთ დეფინიციას თავს აარიდებდა... თუ დასავლელი დიპლომატები ფრთხილობენ, მაშინ, ჩვენ რაში გვჭირდება რუსეთთან შეგნებული კონფრონტაცია.

თ. მ.










ავტორი:  ბექა დანელია


კალენდარი
მარტი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი