მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
მეტოქე: ადრე ამათ მაინც ვჯობდით...
მსოფლიოს ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენებაა, მაგრამ უფეხბურთოდ მაინც არ დავრჩებით: ხვალიდან, 2010-11 წლების ევროტურნირების გათამაშება იწყება! ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიის, ინგლისისა თუ საფრანგეთის ნაკრებების... ქართველმა ქომაგებმა "ცოტა ხნით" მაინც უნდა დაივიწყონ "საყვარელი" გუნდების სამხრეთაფრიკული ფიასკო და ჩვენს გუნდებს უგულშემატკივრონ.
წლევანდელ ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი იასპარეზებს და ხვალიდან გათამაშებაში "დინამო" და "ზესტაფონი" ჩაებმევა. იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონს" აშკარად სუსტი მეტოქე (სან-მარინოს "ფაეტანო") შეხვდა, დარწმუნებული ვართ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში არ მოუწევს; ჰოდა, "ზესტაფონის" ერთგული და მრავალრიცხოვანი ქომაგები მეტოქის კარში გოლების "წვიმის" მოლოდინშიც იქნებიან...
აი, თბილისში კი, რა მოგახსენოთ; ესტონეთის "ფლორა" კი არა, ბევრად ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის რომელიმე გრანდიც რომ ჩამოვიდეს, ვეჭვობთ, ჩვენი უმთავრესი საფეხბურთო არენა ამ შემთხვევაშიც... გაივსოს! არადა, რაც ამ მუნდიალის დროს თბილისში სხვადასხვა ნაკრების ფან-კლუბები ჩამოყალიბდა და რა რაოდენობის ხალხიც იქ გაწევრიანდა, იმათგან ნახევარს ვინ ჩივის, მეოთხედიც რომ მივიდეს ხვალ "დინამოს" საქომაგოდ, მართლაც "დიდი საქმე" გაკეთდება...

ოთარ კორღალიძე და ფლორას ისტორია

საბედნიეროდ, თანამედროვე ფეხბურთში ჯერ კიდევ მოიძებნება ისეთი მეტოქეები, რომელთანაც დაპირისპირებებში (სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე)... დადებითი ბალანსი გაგვაჩნია! ერთ-ერთი ასეთი "სასურველი" მეტოქე ესტონეთია: სანაკრებო დონეზე ოთხჯერ ვეთამაშეთ და მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობას ვფლობთ (ორი მოგება, ერთი ფრე, ერთი წაგება, ბურთების სხვაობა 6-4); ბევრად უფრო შთამბეჭდავია ჩვენი უპირატესობა ევროპის საკლუბო ტურნირებზე: დღემდე, ქართულ და ესტონურ გუნდებს ერთმანეთში ექვსი მატჩი აქვთ ჩატარებული, სადაც, ხუთი მოგება გვაქვს და ერთადერთი წაგება, აღარაფერს ვამბობთ ბურთების სხვაობაზე (16-4).
საკლუბო დონეზე ქართულ-ესტონური პირველი დაპირისპირება 1999 წელს იყო, როცა უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ქუთაისის "ტორპედომ" ორივე მატჩი მოუგო ტალინის "ლანტანას" (5:0, 4:2).
ასევე უეფას თასის პირველ საკვალიფიციკაციო ეტაპზე მოხდა ქართული და ესტონური კლუბების მეორე დაპირისპირებაც: 2002 წლის აგვისტოში ივო შუშაკის "დინამომ" ორივე შეხვედრა მოუგო ტალინის ტვმკ-ს (4:1, 1:0) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აი, მესამედ კი ქართული და ესტონური გუნდები უკვე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ და ამჯერადაც საბოლოო წარმატება ჩვენ მხარეს იყო: კახა ცხადაძის "დინამომ" ორი შეხვედრის ჯამში (0:1, 2:0) აჯობა ტალინის "ლევადიას".
ერთი შეხედვით, ყოველივე ზემოთქმული მთლად მოულოდნელობადაც ნამდვილად არ უნდა შეგვეფასებინა; ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობისას თბილისის "დინამო" ყოველთვის ახერხებდა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), მაშინ როცა ესტონური გუნდებისათვის მსგავსი "მიღწევა" იშვიათობას წარმოადგენდა. აღარ გვინდა "დავწვრილმანდეთ" და სჯობს, კონკრეტულად "დინამოს" ხვალინდელ მეტოქეზე ვისაუბროთ: ტალინის "ფლორას" ევროტურნირებზე დღემდე 34 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ოთხი მოიგო, რვა ფრედ დაამთავრა და ოცდაორი წააგო; შესაბამისად, ბურთების სხვაობაც უარყოფითი აქვს: 21-69. საერთოდ კი, "ფლორა" ევროტურნირებზე 1994 წლიდან ასპარეზობს და მას მერე სეზონი არ "ჩაუგდია", ოღონდ, მხოლოდ... ერთადერთხელ იყო, როდესაც პირველი ეტაპი გადალახა! "ფლორას" ეს "მიღწევა" 2006 წლით თარიღდება, როცა ორი შეხვედრის ჯამში ნორვეგიულ "ლინს" აჯობა (0:0, 1:1).
...ევროტურნირებზე "ფლორას" დებიუტი 1994 წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით დამარცხდა დანიურ "ოდენსესთან". ანალოგიური დასაწყისი ჰქონდა "ფლორას" მომდევნო წელსაც, როდესაც სტუმრად ნორვეგიულ "ლილესტრიომთან" დამარცხდა (0:4); სამაგიეროდ, განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 1995 წლის 22 აგვისტოს ჩატარდა ტალინში, "ფლორას" საკლუბო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა: გუნდმა ევროტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა და საერთოდ, პირველი გამარჯვება მოიპოვა! რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი... ჩვენმა თანამემამულემ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა, ოთარ კორღალიძემ გაიტანა! ამ სეზონამდე კორღალიძე ერთადერთი იყო, "ფლორაში" ქართველთაგან ვისაც უთამაშია. სხვათა შორის, ესტონური გუნდისთვის მართლაც ისტორიული გოლის გარდა, კორღალიძემ თავი იმით გამოიჩინა, რომ არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა 1995 წლის "ფლორას" ჩემპიონობაშიც.
აი, რაც შეეხება ამ სეზონს, "დინამოს" ხვალინდელი მეტოქის შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: ზაქარია ბეგლარიშვილი და ალექსანდრე აბაშიძე. ისე კი, რახან ლეგიონერებზე ჩამოვარდა საუბარი, ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ 1992 წლიდან მოყოლებული "ფლორას" შემადგენლობაში ოთარ კორღალიძის გარდა აი, ამ უცხოელ ფეხბურთელბს უთამაშიათ: ზაურ ტაგი-ზადე (აზერბაიჯანი), იუკა ჰაკოლა, იასე იალონენი, იესპერ იოჰანსონი, ჯონათან იოჰანსონი, იანე ოინასი (ყველა - ფინეთი), ალგიმანტას ბრიაუნისი, დარიუს მაგდიშაუსკასი, ვიქტორას ოლშანსკისი, რომას რაჟანაუსკასი, ტომას სირევიჩიუსი, რაიმონდას ვაინორასი, რიჩარდას ზდანჩუსი (ყველა - ლიტვა), რაი ფრენკელი (ჰოლანდია), ტორ-ჰენინგ ჰამრე, გლენ-ატლე ლარსენი (ორივე - ნორვეგია). ამათგან, ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები ჯონათან იოჰანსონი და ტომას რაჟანაუსკასი არიან, რომლებთანაც თავიანთი ქვეყნის ნაკრებში (შესაბამისად, ფინეთი და ლიტვა) რამდენიმე ათეული მატჩი ჩაუტარებიათ. აი, რაც შეეხება ბრიაუნისს, ვაინორასსა და ზდანჩუსს, სამივე ეს ლიტველი ფეხბურთელი 1990-91 წლებში... საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა...

ფლორას წარსული...

წელს ესტონელები საიუბილეო, XX ჩემპიონატს ატარებენ; აღსანიშნავია, რომ წინა ცხრამეტ გათამაშებაში ოქროს მედლები მხოლოდ ხუთ გუნდს ("ნორმა", "ფლორა", "ლანტანა", "ლევადია", ტვმკ) აქვს მოპოვებული.; ამათგან, ყველაზე ტიტულოვანი "ფლორა" და "ლევადიაა", შვიდ-შვიდჯერ რომ გაიმარჯვეს ესტონეთის ჩემპიონატში. თუმცა, ბოლო წლებია "ლევადიას" კონკურენციას ვერავინ უწევს - გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი და ამჟამადაც პირველ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ფლორას", 1990 წელს დაარსებული გუნდი თავს იმითაც მოიწონებს, რომ ოთხჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, ხოლო ხუთჯერ - ესტონეთის თასს. მოკლედ, საშინაო ასპარეზზე ტიტულებით თუ ისტორიით თბილისის "დინამოსთან" ახლოსაც ვერ მივა, აღარაფერს ვამბობთ ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით.
თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქის შეუფასებლობაც არ შეიძლება: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ფლორამ" ესტონეთის წლევანდელ ჩემპიონატში უკვე 17 მატჩი ჩაატარა და 41 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება; ოღონდ, პირველ-მეორე ადგილზე მყოფ "ლევადიასთან" და "ტრანსთან" შედარებით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და პოტენციურ ლიდერადაც მიიჩნევა. "ფლორას" ამჟამინდელ შემადგენლობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ის ფეხბურთელები გვინდა ჩამოვთვალოთ, სხვადასხვა დროს ამ გუნდის ღირსებას რომ იცავდნენ და ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ (ზოგი, დღესაც აგრძელებს კარიერას): მარტინ რეიმი, ენარ იაგერი, რაგნარ კლავანი, მარკო კრისტალი, მარეკ ლემსალუ, იოელ ლინდპერე, ანდრეს ოპერი, რაიო პიიროია, მარტ პოომი, ურმას როობა, მარტინ ვუნკი, ინდრეკ ზელინსკი.
ფაქტობრივდ, მეტ-ნაკლებად ცნობილ ყველა ესტონელ ფეხბურთელს, მოგვიანებით კარიერა უცხოეთში რომ გაუგრძელებია, "ფლორაში" აქვს ნათამაშები. ამათგან კი, უპირველესად, მარტინ რეიმი უნდა აღვნიშნოთ, "ფლორას" შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 385 მატჩი რომ ჩაუტარებია ესტონეთის ჩემპიონატში. სხვათა შორის, მარტინ რეიმს სხვა არანაკლებ პრესტიჟული მაჩვენებლებიც აქვს - 157 მატჩით ესტონეთის ნაკრების რეკორდსმენია. აღსანიშნავია, რომ ესტონეთის ნაკრების რეკორდსმენებს შორის რეიმის შემდეგ მარკო კრისტალია, ასევე "ფლორას" ყოფილი ფეხბურთელი. აი, რაც შეეხება გუნდის ბომბარდირებს, ვიაჩესლავ ზახოვაიკოს მიღწევას დიდი ხანია ვერავინ გააუმჯობესებს: ესტონეთის ნაკრების ფორვარდმა "ფლორას" შემადგენლობაში 140 მატჩი ჩაატარა და... 121 გოლი გაიტანა!

...და დღევანდელობა

"ფლორა" 1990 წელს დაარსდა და ეს ყველაფერი აივარ პოლაკის უდიდესი დამსახურება გახლდათ, სხვათა შორის, პოლაკი იყო თავდაპირველად "ფლორას" მეპატრონეც, პრეზიდენტიც და... მთავარი მწვრთნელიც, მოგვიანებით, ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელიც გახლდათ და ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მერაბ ჟორდანიასთან...
დღესდღეობით, პოლაკი "ფლორას" პრეზიდენტია, ხოლო ამ სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი კლუბის ლეგენდა, მარტინ რეიმი გახდა. ამ უკანასკნელმა ტარმო რუუტლი შეცვალა, რომელიც დღესაც ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. აქვე, ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ აივარ პოლაკისა და ტარმო რუუტლის გარდა, "ფლორას" სხვადასხვა დროს ადგილობრივი სპეციალისტებიც (რომან უბაკივი, იანო კივისილდი) წვრთნიდნენ და უცხოელებიც: რაიმონდას კოტოვასი (ლიტვა), ტეიტურ თორდარსონი, არნო პიიპერსი (ჰოლანდია), პასი რაუტიაინენი (ფინეთი).
"ფლორას" ამჟამინდელ შემადგენლობაში ესტონეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ შეხვდებით; სამაგიეროდ, ერთდროულად ხუთი მოთამაშეა, ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ასპარეზობს: მეკარე - სტანისლავ პედოკი, მცველი - ალექსეი იახიმოვიჩი, ნახევარმცველები - სერგეი მოშნიკოვი, ალბერტ ტაარი და თავდამსხმელი - რაუნუ ალიკუ. საერთოდაც, მარტინ რეიმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ "ფლორაში" გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო და გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიღა დარჩა: კარლ პალატუ, სიკსტენ კასიმირი, აივარ ანისტე და გერტ კამსი. ყველაზე ასაკოვანი კი 32 წლის მცველი ტეეტ ატლასია, რომელიც "ფლორას" ყველაზე სტაჟიანი წევრია - 2000 წლიდან ასპარეზობს. რაც შეეხება ლეგიონერებს, ზაქარია ბეგლარიშვილი და ალექსანდრე აბაშიძე უკვე ვახსენეთ, ოღონდ, ამ უკანასკნელს ესტონეთის ჩემპიონატში ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია. ორი ჩვენებურის გარდა "ფლორაში" კიდევ ერთი უცხოელი თამაშობს: 21 წლის ფინელი ნახევარმცველი ვალერი მინკენენი. დაბოლოს, "ფლორას" კიდევ ერთ... ჩვენებურზეც: კლუბის სამწვრთნელო შტაბში ირიცხება, კონკრეტულად კი, 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია ქართველი სპეციალისტი ზაურ ჩილინგარაშვილი. ამ უკანასკნელზე უფრო მეტი ინფორმაცია სხვა დროს იყოს, მანამდე კი ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვოთ!..



ავტორი:  გია ტუხაშვილი


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი