მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
რეზო ჩხიკვიშვილი: სამშობლოს გარეშე ბედნიერი არ ვარ... ანუ დარაბებს მიღმა გაზაფხულია?

რაც უფრო ვუახლოვდები შეხვედრის ადგილს, წარსულში სცენაზე ნანახი კადრები მეტი სიცხადით მახსენებს თავს. გაუცვეთელ შთაბეჭდილებებსა და განცდებს კი სევდა შეპარვია, სევდა 12-წლიანი მოლოდინისა. მოლოდინით კი ელოდება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სცენაზე მის მიერ განსახიერებული გმირები. ქართველი მაყურებელი მას დღესაც სცენაზე ელის და არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, - მასთან დღევანდელ დიალოგს უყოყმანოდ გავცვლიდი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის ერთ ბილეთში, სადაც ჩემს დღევანდელ რესპოდენტთან უფრო სასურველი შეხვედრის მოლოდინში ვიქნებოდი: სცენასა და პარტერს შორის დიალოგს ხომ არაფერი შეედრება. მაგრამ რადგან ეს დღე არც დღეს და არც უახლოეს მომავალში არ გველის, დღევანდელ ინტერვიუს დავჯერდეთ, გავიხსენოთ რაც იყო, ჩვენთან, საქარველოში, ქართულ სცენაზე და ჩვენს გარეშე .... განვიცადოთ ის, რასაც სამშობლოდან შორს, უკვე გერმანიის თეატრის მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი განიცდის. მან უცხოურ თეატრს არაერთი საინტერესო გმირი აჩუქა, მაგრამ წარმატებული მსახიობისთვის "ემიგრანტის როლი" ყველაზე რთული აღმოჩნდა, ვერ გაითავისა და შეეგუა ამ ამპლუას. მასთან მიმავალმა თვალი გადავავლე მის ფოტოებს, საგულდაგულოდ შემონახულ სტატიებს. სულ ბოლოს ჟურნალ "ომეგას" ფურცლებზე ვიხილე, ნინო ჩხიკვიშვილისთვის მიცემულმა ინტერვიუმ უცნაური სევდა დამიტოვა: "აი, ახლა მალე, რაღაც ერთ კვირაში, უკან ვბრუნდები და რომ მახსენდება, ისევ სულ სხვა ცხოვრება უნდა დავიწყო...რა ვიცი შეიძლება იქ უკეთესად ვიყო, მშვიდად ვარსებობდე, მაგრამ შინაგანად...ამიტომაც იქ ყოველთვის მარტო ვარ".

გერმანიის ქალაქ ესენის დრამატული თეატრის წამყვანი და წარმატებული მსახიობისთვის, რომელიც ისევე პოპულარულია უცხო ქვეყანაში, როგორც საქარველოში, სამშობლოს მიღმა გაზაფხული სულაც არ არის... ეს პერიფრაზი შემთხვევით როდი გაჩნდა, რეზო ჩხიკვიშვილის ყველაზე წარმატებული შეხვედრა მაყურებელთან ხომ რუსთავის თეატრის სპექტაკლში "დარაბებს მიღმა გაზაფხულიაში" შედგა, კოკას გმირი მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა. ის ამ როლის გამო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს და 1981 წელს კომკავშირის პრემიის ლაურეატიც გახდა, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად. სპექტაკლის ფინალურ სცენაში თურმე მსახიობი თამაშის დროს ვერ გრძნობდა, როგორ უწვავდა ხელს ჩამოღვენთილი სანთელი, კოკას ტრაგედია მას რეალობის შეგრძნებას უკარგავდა. ამ როლში რეზო ჩხიკვიშვილს პირველად უგრძვნია, რომ არტისტი გახდა. მაგრამ პირველ ნაბიჯებს პროფესიულ სცენაზე განსაკუთრებული სიხალისით იხსენებს. რუსთავის თეატრში მსახიობის პედაგოგი ლილი იოსელიანი "ჰამლეტში" იწვევს. "პატარა, უსიტყვო როლი იყოო", მაგრამ მეოთხე კურსის სტუდენტისთვის ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით თამაში უდიდესი ბედნიერება და გამოცდილება გახლდათ. პროფესიულ და ცხოვრებისეულ წარმატებებს მსახიობი პედაგოგის ლილი იოსელიანის დამსახურებად მიიჩნევს, თვლის, რომ მან არა მარტო ხელობა შეასწავლა, მის პიროვნებად ჩამოალიბებაშიც თავისი წვლილი შეიტანა. რეზო ჩხიკვიშვილის მოღვაწეობა თეატრალურ სივრცეში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალბატონ ლილის უტყუარ პროფესიულ და პედაგოგიურ ალღოს. ექიმების ოჯახში გაზრდილ მსახიობს მედიცინისთვის ამზადებდნენ, მაგრამ მისთვის ორგანული არ აღმოჩნდა ეს სფერო და მოულოდნელად თეატრალურ ინსტიტუტში ცდის ბედს... როგორც თავად მსახიობი იხსენებს, - "საწყალი სამიანი დამიწერესო", მაგრამ ლილი იოსელიანს მასში არტისტული მონაცემები პირველი ტურიდანვე შეუნიშნავს. ოცნებების გარეშე, ასე მოულოდნელად აღმოჩნდა რეზო ჩხიკვიშვილი თეატრალურ სამყაროში.

1978 წელს ანზორ ქუთათელაძის მიწვევით უკვე რუსთავის თეატრის მსახიობი ხდება, სადაც მას კიდევ ერთხელ გაუმართლებს და დაოსტატების პირველ წლებს მარჯანიშვილელების "მეამბოხე თაობასთან" ერთად გაატარებს. რუსთავის თეატრის შემდეგ ახალი შემოქმედებითი ეტაპი იწყება, უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პირველი პატარა, უსიტყვო როლის შემდეგ აფიშებზე მისი გვარი სხვადასხვა ამპლუაში ჩნდება - მონძაემონ ჩიკამაცუ - "შეყვარებულთა კუნძული ციურ ბადეთა კუნძული", მიხეილ ლერმონტოვი - "თავადის ასული მერი", შექსპირის "ოტელო", კარლო გოცის "ლურჯი ურჩხული", გრიგოლ რობაქიძის "გრაალის მცველნი", კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა", "კალიგულა"... 1994 წელს კი რეჟისორი თემურ ჩხეიძე იწვევს იმავე სპექტაკლში, სადაც მსახიობის სცენიური ნათლობა შედგა, ამჯერად არა პატარა, არამედ უკვე ჰამლეტის როლის განსახიერებისთვის, მაგრამ შემოთავაზებიდან სულ ცოტა ხანში ქართულ თეატრში მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია დროებით წყდება. რეზო ჩხიკვიშვილი ქართველ არტისტებთან ერთად გერმანიაში მიდის... რეჟისორს პირდება, რომ ითამაშებს ოიდიპოს მეფეს და ერთ წელიწადში დაბრუნდება... მაგრამ ქართული თეატრის ისტორიაში ჩხიკვიშვილისეული ჰამლეტი, ჩხეიძისეული გადაწყვეტით განუხორციელებელი აღმოჩნდა... დღემდე მაინც!.. ორივე ხელოვანი ხომ სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ.

- რეზო, იქნებ გაიხსენოთ ის განცდები, კადრები, როცა გერმანიაში გაემგზავრეთ. საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი გადადგით, დღეს როგორ შეაფასებდით მაშინდელ გადაწყვეტილებას?

- ოიდიპოსის სათამაშოდ რომ მიმიწვიეს, საქართველოში ურთულესი პერიოდი იდგა, კულტურისთვის არავის ეცალა. მაშინ ეს მოწვევა ძალიან მომხიბვლელი გახლდათ, მაგრამ წავედი მხოლოდ ერთი წლით, ამიტომ მაშინ ამაზე მწვავე შეგრძნებები არ მქონია. მერე ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, უკვე 12წელია იქ ვარ. ფეხი მოვიკიდე, სერიოზული წარმატებები მაქვს, მაგრამ გერმანიაში ბედნიერი არ ვარ... თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემი ქვენისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ. წელს ქალაქი ესენი, სადაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, ევროპის კულტურის დედაქალაქი გახდა. ეს წოდება ჰქონდა ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიც არის პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, რომი... ქალაქის ასეთი წარმატება იმ თეატრის დამსახურებაცაა, სადაც ვთამაშობ. 2010 წლისთვის მთელი ევროპის ყურადღება ესენში გადმოინაცვლებს. ამ თარიღისათვს ქალაქი ისევე ემზადება, როგორც საფეხბურთო ჩემპიონატისთვის გერმანია. მინდა ჩემი ღვაწლი შევიტანო ამ პროცესებში და გავზარდო ინტერესი საქარველოს მიმართ. უნდა ვეცადო, რომ ესენსა და თბილისს შორის კულტურული ურთიერთობების ხიდი გავდო. გერმანიაში ჯიმშერ ბედიანაშვილმა დაარსა ქართული გაზეთი "ახალი ივერია", რომლის რედკოლეგიის წევრიც ვარ. ამ გაზეთის არსებობა ძალიან ნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე იქ მცხოვრები ემიგრანტებისთვის.

- თქვენ დაგაოსტატათ ქართულმა თეატრალურმა სკოლამ. უკვე 12 წელია, რაც გერმანულ თეატრში მოღვაწეობთ. რით განსხვავდება გერმანული და ქართული თეატრები ერთმანეთისგან?

- გერმანული და ქართული თეატრალური სკოლა ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ის სკოლა, რომელიც საქართველოში გავიარე, გაცილებით ღრმაა. ჩვენთან სპექტაკლის ერთ-ერთი ღირსებაა, როცა პრემიერის შემდეგ იზრდება, ახალი ინტერპრეტაციით მიდის მაყურებლამდე, გერმანიაში პირველიც და მეასე სპექტაკლიც ერთნაირია, არც იზრდება და არც აკლდება. მე მიცნობენ, როგორც ცვალებად მსახიობს და მაფრხილებენ ხოლმე, რომ სიურპრიზები არ მოგვიწყოო. რეჟისორის ასისტენტი ყოველ სპექტაკლს თვალს ადევნებს და სპექაკლის შემდეგ შენიშვნებს აძლევს მსახიობებს. ჩემგან შეეჩვივნენ სიახლეებს, მაგრამ მაინც მაძლევენ შენიშვნებს, ვალდებულები არიან ასე მოიქცნენ.

- იქნებ გერმანული თეატრების მართვის სისტემებზეც გვიამბოთ. რამდენად დაცულია იქ არტისტის უფლებები?

- გერმანიაში სახელმწიფო თეატრებს მთავრობა აფინანსებს. თავადვე ნიშნავს ინტენდანტს, რომელიც არის თეატრის მმართველი და რომელზეც არის დამოკიდებული თეატრში მიმდინარე პროცესები, რეჟისორების მოწვევა, დასის შერჩევა. ინტენდანტის ქვედა საფეხურზე არიან დრამატურგები, რომლებიც აქაური გაგებით ლიტერატურული ნაწილის გამგის ფუნქციას ასრულებენ, არჩევენ პიესებს. ჩვენს თეატრს ასეთი დრამატურგი 6-7 ჰყავს. ისინი დადიან საზღვარგარეთ, ეცნობიან და თეატრისთვის არჩევენ პიესებს. მათი არჩევანი ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ არა. ყველაზე ძალიან მართვის გერმანულ სისტემაში რაც მომწონს, არის იმ მსახიობისადმი მზრუნველობა, რომელიც თეატრისთვის აღარ არის საინტერესო. ერთი წელს გაძლევენ იმისთვის, რომ შენ ახალი ადგილი იპოვო, გიხდიან ხელფასს და გეხმარებიან საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

- როგორც ვიცი, თქვენს თეატრში სიახლეებია. ახალმა ინტენდანტმა მხოლოდ თქვენ დაგტოვათ ახალ დასში

- თეატრი, სადაც ვთამაშობ ესენის საუკეთესო თეატრია. საკმაოდ ძვირია ბილეთი, მაგამ აქ წლების განმავლობაში სპექტაკლები ანშლაგით მიდიოდა. 700-კაციანი დარბაზია და ყოველდღე ივსებოდა. მაგრამ მოვიდა ახალი ინტენდანტი და მან ასეთი წარმატებული დასი მთლიანად შეცვალა, ძველი შემადგენლობიდან დაგვტოვა მხოლოდ ორი მსახიობი. მაგრამ მისი მოსვლით მოვიდა ახალი ესთეტიკა, ახალი მიმართულება. ის რომ ახალი ხელმძღვანელობა ჩემით დაინტერესდა, ძალიან დიდი გამარჯვება იყო.

- მაინც როგორია ის თეატრი, რომელშიც ახლა თამაშობთ? ალბათ თქვენთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სარეპერტუარო პოლიტიკა?

- ძალიან დიდი განსხვავებაა იმ თეატრში, რომელშიც ვთამაშობდი და ახლა, რომელშიც მომიწევს მუშაობა. თეატრი, რომელშიც ახლა ვარ არის ნაციონალურ საფუძველზე დაფუძნებული. წელს რეპერტუარში წამყვანი თემაა გერმანელი გმირის ძიება. მცირე თეატრი გადაკეთდა ბარად და დაერქვა "გმირის ბარი", სადაც არის სცენაც, ბარიც და აქ ერთმა მსახიობმა უნდა წარმოადგინოს თავისი გმირის ცხოვრება. ამ სცენაზე ოქტომბერში ვითამაშებ ვლადიმერ ვისოცკის, სადაც უნდა დავუკრა, ვიმღერო, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო მისიაა. წელს გაჟღერდება უძველესი გერმანული ისტორია "თქმულება ნიბერლუნგებზე". ძირითადი აქცენტები კეთდება კლასიკურ დრამატურგიაზე. წელს რეპერტუარში გვექნება გოეთეს, შექსპირის ნაწარმოებები. შემოდგომაზე უნდა ვითამაშო მთავარი როლი, სომეხი წარმოშობის გერმანელი ავტორის ნურან ჩალის არაჩვეულებრივ პიესაში, რომელიც ემიგრანტი ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ქმარი ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე და მისი წინაპრების მიერ დამარხული ოქროს სურის პოვნაზე. მისი ეს სურვილი ყველასთვის უცხოა. მას მაროტოობაში, ნოსტალგიისაგან გული უსკდება და კვდება. ეს თემატიკა ძლიან ახლობელი და მტკივნეულია ჩემთვის. წელს ასევე დიდი ყურადღება მიექცა ახალგაზრდა გერმანელ ავტორებს. ვფიქრობ, რომ თეატრში მისაღები ტენდენციები იკვეთება.

- გერმანელ მაყურებლზე, იქაურ პრესაზე და ტელევიზიაზეც გვესაუბრეთ. ამბობენ, ისინი ძალიან უცნაურები არიანო.

- გერმანელ მაყურებელს თუ არ მოეწონე, სპექტაკლის მსვლელობის დროს "ბუ"-ს დაგიძახებს. თუ მოეწონე, ფეხის ბაკუნით გამოხატავს. მსახიობისთვის ძალიან დიდი სტრესია იმაზე ფიქრი რომ "ბუს" დაგიძახებენ. საბედნიეროდ, "ბუს" მსხვერპლი არასოდეს გავმხდარვარ. იქაური კრიტიკაც დაუნდობელია, მაგრამ ამ მხრივაც გამიმართლა, ისინი მხოლოდ დადებითი რეცენზიებით მანებივრებენ. რაც შეეხება ტელევიზიას, იქ თეტრისთვის ცალკე არხია და ძირითადად იქ აშუქებენ სპექტაკლებს.

- თქვენ ქართულ თეატრში არაერთ საინტერესო რეჟისორთან იმუშავეთ. გერმანელ რეჟისორებზე რას გვეტყვით

- იცი, როგორი სხვაობაა ქართველ და გერმანელ რეჟისორებს შორის?! ნებისმიერი კარგი ქართველი რეჟისორი ათ გერმანელ რეჟისორს უდრის

- ქართულ თეატრში განსახიერებული გმირებიდან რომელს გამოარჩევდით?

- სამი როლია, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომლებმაც დიდი წარმატებები მომიტანა - კოკა, ფერდინანდი, კალიგულა. ფერდინანდს რომ ვთამაშობდი, შეყვარებული ვიყავი გერმანელებზე და ვოცნებობდი გერმანულად მეთამაშა. ეს ოცნება ამიხდა და 18 წლის შემდეგ კვლავ შევხვდი შილერს გერმანულ სცენაზე, იმავე სპექტაკლში ოღონდ სხვა როლში. დამიჯერეთ, თემურ ჩხეიძის სპექტაკლი სჯობდა!!!

- თქვენს მეტყველებაში შესამჩნევია უცხო ენის გავლენაალბათ ქართულად ხშირად არ გიწევთ საუბარი?

- გეთანხმებით, იქ რომ სულ ქართულად ვმეტყველებდე, თეატრში ასეთი შედეგები და წარმატებები არ მექნებოდა. იქ სულ ფორმაში უნდა იყო. აქედან რომ ჩავალ, სერიოზული მუშაობა დამჭირდება. აგვისტოში ჩვენი თეატრი მაყურებლის წინაშე კონცერტით უნდა წარდგეს, სადაც ვმღერი არა გერმანულ, არამედ ინგლისურ ენაზე.

- თითქმის ყოველ წელს ჩამოდიხართ საქართველოში. რა სიახლეები დაგხვდათ?

- გარეგნულად თბილისი შეცვლილია, ასფალტი დაიგო, ახალი ფერები შემოვიდა, მართალია სულ ის ფერები არ არის, რასაც ვისურვებდი, მაგრამ ოთხიდან ერთი ჩემია. მომწონს ის სიახლეები, მაგრამ ამაში არ არის საქმე მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ კინაღამ პოლიტიკოსი გავხდი, ახლა გაგონება არ მინდა პოლიტიკის. მთელი წელი იმდენად დაღლილი ვარ, მინდა ჩემს ქვეყანაში სულიერ სიმშვიდე ვიგრძნო, მოვეფერო მონატრებულ ადამიანებს და რაც შეიძლება მეტი გავაკეთო ჩემი პროფესიით. ქართულ სერიალში მიღებენ, სხვა პროექტებზეც ვმუშაობ. პოლიტიკაში მოსვლა რომ გადავწყვიტე, ანთებული ვიყავი, შეიძლება ეს დრო კიდევ მოვიდეს

- თქვენ მალე ბრუნდებით გერმანიაში, რა განცდა გაქვთ, სად ბრუნდებით - სახლში, სტუმრად, სამსხურში და როდის დაბრუნდებით კვლავ თქვენს სამშობლოში, ვგულისხმობ საბოლოო დაბრუნებას?

- გერმანიას სამშობლოდ არ ვთვლი, მაგრამ ჩემი მეორე სახლია...

დღეს რთული სიტუაციაა საქართველოში, ადამიანები შეიცვალნენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენზე კარგი ერი არ არსებობს... მე ჩემს სამშობლოში მინდა ყოფნა, ჩემს ხალხთან, მაგრამ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ უწინდებურად ვეღარ დაგპირდებით, რომ სამუდამოდ აქ ჩამოვალ. მე ალბათ ვეღარ ჩამოვალ..

ასეთ სევდიან განწყობაზე დასრულდა საუბარი, რეზო ჩხიკვიშვილი სევდიანი ღიმილით მემშვიდობება, ის სულ მალე ესენში დაბრუნდება, სადაც გერმანელი მაყურებელი ელის მის გმირებს და ქართულ-გერმანულად შესრულებულ "თბილისოს", რომელზეც თურმე გერმანელებსაც კი ერევათ ცრემლი. მერე კი თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ქართველი მსახიობი, თავისი "ჩუმი ტრაგედიით" გაუყვება მის მესაიდუმლე ესენის ძველ ქუჩას, რომელიც მის მშობლიურ დედაქალაქს აგონებს და რის გამოც თბილისი დაურქმევია.

ჩვენი საუბრის მანძილზე მას უამრავი ადამიანი ურეკავდა, მაგრამ ერთი მათგანი განსაკუთრებით ემოციური და ცოტა იმედისმომცემიც კი გახლდათ. რეზო ჩხიკვიშვილი მისივე უფროს კოლეგასა და პარტნიორს ნოდარ მგალობლიშვილს ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ საუბრიდან:

"ნოდარ, როგორა ხარ ნოდარ? ხომ ხარ ისევ მხნედ? ძალიან დაღლილი ჩამოვედი, თან ხომ იცი, დრო რა სწრაფად გადის... გნახავ, აუცილებლად გნახავ... გერანიაში? ტაშიც მაქვს, წარმატებებიც, მაგრამ ბედნიერი არა ვარ, შენ გაიგებ ამას... აქ მინდა თქვენთან... იცი, გერმანიაში აჩვენეს შენი კალიოსტრო, ძალიან გამიხარდა... ვიცი, თეატრზე გული აგიცრუვდა, მაგრამ არ დატოვო რა! ჩვენი "ოტელო" ხომ გახსოვს... იქნებ, ერთხელ კიდევ დავდგეთ ერთად სცენაზე"...

იქნებ, ეს დღეც დადგეს!

ავტორი: ნანა ჭრელაშვილი


კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი