მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
ფეხბურთი ისევ და ისევ ....
ვარსკვლავური ომი

საფეხბურთო სამყარო მოწყენის საშუალებას არ იძლევა. დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი და იტალიაში მიმდდინარე საფეხბურთო სკანდალი იპყრობდა ყურადღებას. თითქოს ეს საქმეც ისტორიას ჩაბარდა და სკანდალებისგან უნდა დაგვესვენა, რომ "მილანმა" ომი გამოუცხადა მადრიდის "რეალს". დიახ, სწორედ ომი. "მილანი" რეალს" ომს უცხადებს. ასევე დაწერეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა "რეალის" ცხოვრება აუტანელი გავხადოთ", - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბარში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ.

ალბათ საინტერესოა, რის გამო დაუპირისპირდა იტალიური გრანდი ესპანურს. განხეთქილების ვაშლად ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდო კაკა იქცა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე "რეალმა" კაკას გადაბირება დაიწყო, მაგრამ იტალიელებმა იმთავაითვე განაცხადეს, რომ ის არ იყიდება. არც ისე დიდი ხნის წინ "მილანმა" ლონდონის" ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება უარყო. რომან აბრამოვიჩი ბრაზილიელ ფეხბურთელში ასტრონომიულ თანხას - 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა.

"მილანის" ხელმძღვანელებმა ამ თანხაზეც უარი თქვეს და ლონდონელებმა კაკას შეძენაზე ფიქრიც დაივიწყეს. აი, "რეალი" კი არ ცხრება. გუნდის ახალმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა არჩევნებამდე პირობა დადო, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევდნენ, კაკას იყიდდა. ახლა კალდერონი ამ პირობის შესრულებას ცდილობს და, როგორც ჩანს, ამას არც ისე სუფთად აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, "მილანის" ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ "რეალი" კლუბის გვერდის ავლით მართავს მოლაპარაკებას ბრაზილიელთან და, მარტივად რომ ვთქვათ, ფეხბურთელის მოპარვას ლამობს.

ამან საერთოდ წყობიდან გამოიყვანა "მილანის" მესვეურები. "50 წლის განმავლობაში "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემდით. ახლა კი ერთი ხელის მოსმით ყველა მიღწევა წყალში გადაყარეს. "რეალი" პატივისცემას არ იმსახურებს და არც ფეხბურთის ისტორიაში უნდა ჰქონდეს ადგილი. ესპანურ კლუბს ომს ვუცხადებთ. მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცხოვრება გავურთულოთ. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა კაკა იტალიაში არ დარჩეს, მაგრამ იმის გარანტიას ვიძლევით, რომ "რეალში" არასდროს ითამაშებს. ამიერიდან ჩვენი კლუბის არც ერთი ხელმძღვანელი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან "რეალის" წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ მინდა სიცხადე შევიტანო ჩემს სიტყვებში. ჩვენი პრეტენზიები კლუბის დღევანდელ ხელმძღვანელობას ეხება. ამ ხალხმა არ იცის, როგორ აწარმოოს ბიზნესი. "რეალის" წარსულს არ ვეხებით. ამ გუნდში წინა ხელმძღვანელობასთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა", - ამბობს გალიანი.

ესპანურ მედიაში დღესაც აქტიურად საუბრობენ კაკას ტრანსფერზე. გაზეთები "მარკა" და "ასი" კაკას უკვე "რეალის" ფეხბურთელად აცხადებენ.

არ იფიქროთ, რომ "მილანი" ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელიც "რეალს" ედავება. ორი დღის წინ მადრიდელებმა კანავარო ოფიციალურად გამოაცხადეს "რეალის" ფეხბურთელად. ამას სპეციალური პრესკონფერენციაც მიეძღვნა. ფაბიოს ხუთნომრიანი მაისური გადასცეს. მცველმა ფოტოებიც გადაიღო "რეალის" ფორმაში. გუშინ კი "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ, ცოტა არ იყოს, სენსაციური განცხადება გააკეთა: "ჯერჯერობით დოკუმენტებზე ხელი არ მოგვიწერია. მოლაპარაკება ისევ მიმდინარეობს, კანავარო ისევ "იუვენტუსის" ფეხბურთელია".

ჰიდინკი სასამართლოს წინაშე წარდგება

რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია და მთელი რუსული სპორტული სამყარო თავს იწონებდა იმით, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად გუუს ჰიდინკი დაინიშნა. ერთი მხრივ, რუსებს მართლაც ჰქონდათ სატრაბახო. მათ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი დანიშნეს ნაკრების სათავეში. მეტიც, რუსებმა ჰიდინკი ინგლისელებს აწაპნეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სწორედ ჰოლანდიელს მიიჩნევდა სვენ გორან ერიქსონის შეგირდად. მოკლედ, რუსები თითქმის მთელი თვის განმავლობაში ტრაბახობდნენ, ეს რა მწვრთნელი დავნიშნეთო, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა ეს საამაყო გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდეთ.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს და მას კანონის მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი. ჰოლანდიური მართლმსაჯულება ჰიდინკს გადასახადების დამალვას ედავება. 15 სექტემბერს ჰიდინკი სასამართლოს წინაშე წარდგება. თუ მას ბრალეულობა დაუმტკიცდა, შესაძლოა გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეს.

ჰოლანდიაში მიმდინარეობს საქმის გამოძიება, რომელიც ჰიდინკის მოღვაწეობას განიხილავს. საუბარია 2002-2003 წლებზე.

იმ პერიოდში ჰიდინკი სამხრეთ კორეის ნაკრებს ედგა სათავეში და ჰოლანდიურ სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდიდა. მწვრთნელი ამბობდა, რომ რაკი ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, არც გადასახადები აქვს გადასახდელი. მით უმეტეს, რომ, ჰიდინკის მტკიცებით, ის გადასახადებს სამხრეთ კორეაში იხდიდა.

თუმცა ჰოლანდიელებმა ჰიდინკის სიტყვა არ დაიჯერეს. გასული წლის ოქტომბერში ჰოლანდიის საგადასახადო სამსახურმა გაჩხრიკა ჰიდინკის ფინანსური კონსულტანტის სიმონ ვან დენ ბუმენის ოფისი, ამოიღო ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თავად ვან დენ ბუმენი კი დააკავეს.

განსასჯელთა შორისაა პსვ-ს ყოფილი დირექტორი ფონს სპორენი, რომელიც გუნდში იმ დროს მუშაობდა, როდესაც ფილიპსელებს ჰიდინკი ედგა სათავეში.

ჯერჯერობით თავად ჰიდინკი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის წინაშე მართალია. სასამართლო პროცესზე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით მოწმის რანგშია გამოძახებული, თუმცა ჰოლანდიელი სამართალდამცავები მასაც ედავებიან და შესაძლოა ბრალიც წაუყენონ.

სად ითამაშებს ვან ნისტელროი?

ჯერჯერობით გაურკვეველია სად ითამაშებს მომავალ სეზონში რუუდ ვან ნისტელროი. ფეხბურთელზე ფაქტობრივად აუქციონია გამოცხადებული, თუმცა, ჩვეულებრივი აუქციონისგან განსხვავებით, ლოტის საწყისს ფასს არავინ იხდის. "მანჩესტერმა" ჰოლანდიელი მეგოლე 22 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეაფასა. ამ თანხასთან ყველაზე ახლოს მიუნხენის "ბაიერნია", რომელიც ფეხბურთელში 17 მილიონს იხდის. შეგახსენებთ, რომ ვან ნისტელროის შეძენა "რეალსაც" სურდა, თუმცა ერთხანს ეს თემა თითქოს დღის წესრიგიდან მოიხსნა. გუშინ მადრიდელებმა ახალი წინადადებით მიმართეს ბრიტანულ კლუბს და ფორვარდში 15 მილიონი შესთავაზეს. ცხადია, "მანჩესტერი" ამ წინადადებას არ მიიღებს, თუმცა გამორიცხული არ არის, "რეალმა" თანხა გაზარდოს.

ყველა ბედნიერი ვერ იქნება

მას შემდეგ, რაც აბრამოვიჩმა ლონდონის "ჩელსი" იყიდა, არისტოკრატიული კლუბი იმით იყო დაკავებული, რომ ვარსკვლავებს აგროვებდა. ამ ზაფხულს კი "ჩელსიმ" ფეხბურთელების გაყიდვაც დაიწყო. გუნდიდან უკვე წავიდნენ ეიდურ გუდიონსენი, ასიერ დელ ორნო და დემიენ დაფი. გამორიცხული არაა, რომ "ჩელსი" დატოვონ დიდიე დროგბამ და ერნან კრესპომაც. შექმნიილ ვითარება ლონდონელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა: "ძნელია უხელმძღვანელო გუნდს, რომელშიც მხოლოდ ვარსკვლავები თამაშობენ. ჩვენი ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. ზოგიერთს იმდენად უნდა წასვლა, რომ არც აინტერესებს რომელიმე სოლიდურ კლუბში გადასვლა. მათთვის მთავარია ითამაშონ და ძირითადში ადგილი ჰქონდეთ. ამიტომ საშუალო კლუბებში ნაკლებ ხელფასზე თამაშზე თანხმდებიან. ვფიქრობ, თუ სეზონის წინ გუნდში 20 ფეხბურთელი იქნება, მინდორზე გასვლის შანსი ყველას მიეცემა", - ამბობს მოურინიო.

კემპბელი "ფიორენტინაში"

ბრიტანულ გამოცემა "დეილი მეილის" ინფორმაციით, "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების მცველი სოლ კემპბელი იტალიურ "ფიორენტინაში" გადადის. მას შემდეგ, რაც "იები" სერია A-ში დააბრუნეს, ამ გუნდში თამაშზე უკვე ვარსკვლავებიც არ ამბობენ უარს.

კოული "არსენალში" დარჩება

არსენ ვენგერმა გამორიცხა ეშლი კოულის გაყიდვა. სულ რაღაც ერთი დღის წინ "არსენალის" მესვეურები მზად იყვნენ მცველი 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად "ჩელსიში" გაეყიდათ, თუმცა გუშინ ვენგერმა გადაწყვეტილება შეცვალა. ფრანგი მწვრთნელის თქმით, კოული არ იყიდება. ამავე დროს ვენგერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ფრედი ლიუნგბერგი ტრავმის გამო სეზონის დასაწყისს გამოტოვებს.

"ბარსელონა" უპატრონოდ დარჩა

გუშინ თანამდებობა დატოვა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ. მასთან ერთად გადადგა კლუბის მთელი ხელმძღვანელობა. ამჟამად კატალონიური კლუბის დროებითი შეფის როლს ეკონომისტი ხავიერ სალა ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ესპანური სასამართლოს მოთხოვნით, "ბარსელონაში" აუცილებლად უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. ლაპორტამ დააკმაყოფილა სასამართლოს მოთხოვნა, დატოვა თანამდებობა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. სავარაუდოდ, არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება.

ესპანეთში ამ არჩევნებს უკვე ფორმალურს უწოდებენ, რადგან ყველას მშვენივრად ესმის, რომ ლაპორტას, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში კლუბს უდიდესი წარმატებები მოუტანა, რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება.

რუსული ბიზნესი

გერმანულ ფეხბურთსაც მისწვდა

უკვე შევეჩვიეთ, რომ რუსი ბიზნესმენები ინგლისურ კლუბებს ყიდულობენ. ამჯერად კი უკვე გერმანულ კლუბზეა საუბარი. ბერლინის "ჰერტას" ექსკლუზიურ სპონსორად ZGG GmbH ჯგუფი იქცა. მართალია, ეს კომპანია ბერლინში მოღვაწეობს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ის "გაზპრომის" ნაწილია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "გაზპრომმა" ბერლინური "ჰერტა" ჩაიგდო ხელში.

ემერსონი "რეალის" ფეხბურთელია

30 წლის ბრაზილიელი ემერსონი გუშინ ოფიციალურად გახდა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი. ემერსონმა ესპანურ კლუბთან სამწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიური მედიის ინფორმაციით, "იუვენტუსმა" ემერსონში 25,3 მილიონი დოლარი მიიღო.

კანავაროს შემდეგ ემერსონი მეორე ტურინელია, რომელიც კაპელომ "რეალში" მიიყვანა. ემერსონის ყიდვა ალბათ არავის გაუკვირდა. ცნობილია, რომ ბრაზილიელი კაპელოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. როდესაც კაპელო "რომას" მწვრთნელად დაინიშნა, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ემერსონი ლევერკუზენის "ბაიერნისგან" შეეძინა. "რომაში" კაპელომ ემერსონზე ააწყო გუნდი. "იუვენტუსში" გადასვლისთანავე კაპელომ ტურინული კლუბის მესვეურებს ბრაზილიელი საყრდენის ყიდვა მოსთხოვა. ახლა კაპელო უკვე "რეალის" მწვრთნელია და რა გასაკვირია, რომ ემერსონიც ამ გუნდში აღმოჩნდა.

შარაპოვა ყველაზე მდიდარი რუსი სპორტსმენია

ჟურნალ "ფორბსის" რუსულმა ვერსიამ გუშინ გამოაქვეყნა რუსული სპორტისა და შოუბიზნესის 50 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია. პირველ ადგილზე, ისევე როგორც გასულ წელს, გავიდა ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომლის წლიურმა შემოსავალმა 19 მილიონი დოლარი შეადგინა. სპორტსმენებიდან ამ სიაში მოხვდნენ ასევე "იუტა ჯაზის" კალათბურთელი ანდრეი კირილენკო და მოკრივე ნიკოლაი ვალეევი.

ენინ-არდენი 5 კვირას დაისვენებს

ბელგიელი ჩოგბურთელი ჟუსტინ ენინ-არდენი 5 კვირის განმავლობაში დაისვენებს. ჩოგბურთელის მწვრთნელის განცხადებით, ჟუსტინი აშშ-ს ღია პირველობამდე ტურნირებში არ მიღებს მონაწილეობას და სეზონის მეოთხე დიდი სლემის ტურნირისთვის ინდივიდუალურად მოემზადება.

"ლივერპული" გაძლიერდა

მომავალ სეზონში "ლივერპულის" შემადგენლობაში ითამაშებს 23 წლის ნახევარმცველი ჯერმაინ პენენტი, რომელმაც გასული სეზონი "ბირმინგემში" გაატარა. მერსისაიდულმა კლუბმა ლონდონის "არსენალის" სკოლის აღზრილ ფეხბურთელში 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულს" არ დატოვებს 20 წლის მეკარე სკოტ კარსონი, რომელმაც კლუბთან 2011 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

პლატინი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფიფასა და უეფას აღმასკომის წევრი, უეფას პრეზიდენტობის კანდიდატი მიშელ პლატინი 2 აგვისტოს სომხეთს ეწვევა.

სომხეთში გაიმართება უეფას მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამის პრეზენტაცია და პლატინიც ამ მიზნით არის მიწვეული, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მან უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და სომხეთში სტუმრობა ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

"აიაქსმა" ევროპის ჩემპიონი დაიწუნა

ამსტერდამის "აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა ჰენკ ტენ კატემ გადაწყვიტა გუნდიდან გაუშვას 2004 წლის ევროპის ჩემპიონი, ბერძენი ფორვარდი ანგელოს ჰარისტეასი.

"მე პირდაპირ ვუთხარი მას, რომ ახალი კლუბი მოძებნოს, ჩვენ იგი აღარ გვჭირდება", - ამბობს ტენ კატე.

ჰარისტეასი ამსტერდამულ კლუბში 2004 წელს გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 18 გოლი გაიტანა.

ფორჩუნი "ბოლტონში" გადადის

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამხრეთაფრიკელი მცველი კვინტონ ფორჩუნი შესაძლოა "ბოლტონში" აღმოჩნდეს. რიბოკელებს 29 წლის მცველის შეძენის სურვილი გაუჩნდათ და შესაძლოა "მანჩესტერმა" ის უპრობლემოდ გაუშვას "ბოლტონში".

კერიკს "ტოტენჰემის" დატოვება სურს

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა უარი განაცხადა გააგრძელოს კონტრაქტი თავის კლუბთან. სავარაუდოდ, ის "მანჩესტერში" გააგრძელებს კარიერას. ალექს ფერგიუსონს კერიკი როი კინის შემცვლელად ეგულება. რაც შეეხება ლონდონურ კლუბს, "დეზების" მესვეურებს კერიკის ნაცვლად პაველ ნედევედის შეძენა სურთ.

"ასტონ ვილას" ყიდულობენ

ბირმინგემის "ასტონ ვილა" კიდევ ერთი ბრიტანული კლუბია, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიყიდოს. ოღონდ ამჯერად რუსი ბიზნესმენები არაფერ შუაში არ არიან. "ასტონ ვილას" შეძენა სურს ბირმინგემელ ბიზნესმენს მაიკლ ნევილს, რომელიც კლუბში 64 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის.

"ფერენცვაროშმა" "იუვენტუსის" ბედი გაიზიარა

ჩაწყობილი თამაშების გამო მხოლოდ იტალიაში როდი სჯიან კლუბებს. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანალოგიური ბრალდებით კლუბი "ფერენცვაროში" უმაღლესი ლიგიდან გააგდო. ამავე დროს უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ფერენცვაროშის" ადგილს "ვაშაში" დაიკავებს.



კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი