მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
მამისგან უარყოფილის კომპლექსი - სამშობლოს და კარიერის სამსახურში: ვახტანგ რჩეულიშვილმა ახალგაზრდულ ასაკში გააკეთა არჩევანი ჭანჭიკის როლის სასარგებლოდ

კომუნისტური რეჟიმი საკუთარი რიგებში, საკუთარ ავანგარდში მხოლოდ მორჩილებს, რეჟიმის მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებლებს იტანდა. მხოლოდ ერთეულები ამბობდნენ უარს მორჩილის, შემსრულებლის, ჭანჭიკის როლზე, შესაბამისად კი, ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც მხოლოდ რეჟიმის ერთგულთა ხვედრი იყო: წარმატებულ კარიერაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე. პროტესტანტების, განსხვავებულად მოაზროვნეების, რეჟიმთან მებრძოლების გარდაუვალი ხვედრი კი შეიძლებოდა ყოფილიყო: მხოლოდ ციხეები და გადასახლებები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები და საზოგადოებისგან მოკვეთილის, შეურაცხადის, მოღალატის სამუდამო დამღა.

ჭანჭიკის როლიდან რჩეულიშვილი დღემდე არ გამოსულა. სხვათა სამსახურით, სხვათა იდეების ქადაგებით, სხვათა პრინციპების აქტიურად (ხშირად აგრესიულადაც) დაცვით საკუთარი, პირადი, პრაგმატული მიზნების განხორციელება დღემდე ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრების კრედოა. საკუთარი პრინციპები მას არც არასდროს გააჩნდა და არც დღეს გააჩნია. იგი დგას ყოველთვის იქ და იმის გვერდით, საიდანაც და ვისგანაც გამორჩენას ელის. იგი ტიპიური მედროვეა. მის მიერ განვლილი გზაც პოლიტიკაში მედროვეთათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით ხასიათდება.

რჩეულიშვილი დღემდე ამაყობს შავ სამყაროსთან კავშირით წარსულში, თუმცა თბილისში ყველას კარგად მოეხსენება, რომ რჩეულიშვილი ამ სამყაროშიც მხოლოდ რიგითის, მხოლოდ ჭანჭიკის ფუნქციით იყო აღჭურვილი. იგი ვერ იქცა ამ სამყაროს ლიდერად, ავტორიტეტად. არშემდგარმა "ქუჩის ბიჭმა" უღალატა ქუჩის უმკაცრეს კანონებს და ქუჩიდან კომკავშირში გადაინაცვლა. დღეს იგი გულახდილად აღიარებს, რომ კომკავშირში მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, საკუთარ მომავალზე ფიქრმა მიიყვანა - ისევე, როგორც ათასობით მისი თანამედროვე, რომელსაც კომკავშირელი ფუნქციონერის ტრაფარეტული გზა კომუნისტურ ელიტაში შეღწევის შანსს აძლევდა.

რჩეულიშვილის კომკავშირულ-კომუნისტური კარიერის პიკს გაურკვეველი სტატუსისა და მიზნების მქონე ე.წ. მშვიდობის დაცვის კომიტეტი წარმოადგენდა. მეტის მიღწევა რჩეულიშვილმა ვერც ამ ასპარეზზე შეძლო, იმის მიუხედავად, რომ კომუნისტური ელიტის წარმომადგენლისთვის ყველაზე საჭირო თვისებით - მორჩილების უნარით - უხვად იყო დაჯილდოებული. თუმცა, რომ დასცლოდა, შეიძლებოდა, უფრო მაღალი რანგის ნომენკლატურული მუშაკის სტატუსისთვისაც მიეღწია. მის აღმასვლას კარიერის მწერვალებისკენ საბჭოთა კავშირის დანგრევამ და საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამხობამ შეუშალა ხელი.

რჩეულიშვილმა ახალი დროის ახალი ფორმაციის მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობა განიზრახა. გადაწყვიტა, ბიზნესში ეცადა ბედი. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა მან გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს სცადა. თვითმხილველები იხსენებენ, როგორ ცდილობდა იგი გამსახურდიას კაბინეტში მოხვედრას. ბოლოს და ბოლოს, საერთო ნაცნობების წყალობით, აუდიენცია შედგა. რჩეულიშვილმა თურქი ბიზნესმენების ჯგუფი წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტს - იმ იმედით, რომ მისგან თანხმობას მიიღებდა თურქებთან ერთად საერთო საქმის წამოწყებაზე. სავარაუდოდ, რჩეულიშვილის იმჟამინდელ პროექტს გამსახურდიას მხრიდან თანხმობა არ მოჰყოლია - რჩეულიშვილის თურქულ-ქართული ოცნება ოცნებად დარჩა.

1992 წელს საქართველოში მეორედ მოსულ შევარდნაძეს ერთგულთა მთელი ამალა დახვდა. ამ ადამიანებს უნდა უზრუნველეყოთ შევარდნაძის ტახტის ძლიერება, უნდა განემტკიცებინათ მისი ძალაუფლება. ეს ფუნქცია, არაერთ სხვა ადამიანთან ერთად, დიდი სიამოვნებით იტვირთა ვახტანგ რჩეულიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი "ჩაეწერა" შევარდნაძის გუნდში. 1992 წელს რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა - მან, დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ჩუღურეთის რაიონიდან, არჩევნებში "დაამარცხა" სახალხო ფრონტელი კონკურენტი, იმის მიუხედავად, რომ, რეალურად, არჩევნებში გაიმარჯვა, სწორედ, მისმა კონკურენტმა და არა თავად რჩეულიშვილმა. კანონის უხეში დარღვევით და არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებით დეპუტატად ქცეულ რჩეულიშვილს პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტიც ებოძა. ამ პოსტზე მოღვაწეობისას მის მთავარ ფუნქციას შევარდნაძისადმი უსაზღვრო ერთგულების დემონსტრირება და მისი დაკვეთების შესრულება წარმოადგენდა. იმჟამინდელ პარლამენტში შევარდნაძის პოლიტიკით უკმაყოფილო ნებისმიერი დეპუტატის მცირე რეპლიკასაც კი ვიცესპიკერის მძაფრი რეაქცია მოსდევდა: იგი ოპოზიციონერ კოლეგებს მიკროფონებს ურთავდა, ახლად ფეხადგმული "ძველი ბიჭივით" ეპასუხებოდა, ცინიზმით და ურცხვი დემაგოგიით ცდილობდა მათი არგუმენტების გაბათილებას. მისი აქტიური მონაწილეობით იბლოკებოდა ნებისმიერი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომლის განხილვა და დადებითად გადაწყვეტა ხელს არ აძლევდა ედუარდ შევარდნაძეს. რჩეულიშვილს ლომის წილი მიუძღვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის დაბლოკვაში, როგორიც იყო ე.წ. სამოქალაქო შერიგების პროცესის დაწყება. ამ ინიციატივით გამოსულ დეპუტატთა ერთ ჯგუფს რჩეულიშვილი ჩვეული მანერით - ცინიზმითა და დემაგოგიით უპირისპირდებოდა. ამავე მეთოდებით უსწორდებოდა ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც ცდილობდნენ, გაეპროტესტებინათ შევარდნაძის ხელისუფლების ლაშქრობები სამეგრელოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ვახტანგ რჩეულიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძის იმჟამინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის არსიც რუსეთისადმი უპირობო მორჩილებაში გამოიხატებოდა. 1993 წელს, როცა გაგრა დაეცა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაპროტესტება მოისურვა, რჩეულიშვილი პროტესტანტების შეჩერებას შეეცადა და მათ ასეთ არგუმენტს უსახელებდა: რუსეთისგან 48 მილიარდ რუბლს (იმჟამინდელი კურსით - 20 მილიონ დოლარს) ვეღარ მივიღებთ!

რჩეულიშვილის იმჟამინდელი მოღვაწეობის არსის ყველაზე უკეთ წარმოსაჩენად კი მისი, მართლაც, ისტორიული შეძახილი: "გავიდა!" - უნდა მივიჩნიოთ. შეძახილს თან ახლდა აღტაცებისა და აღფრთოვანების გამომხატველი სათანადო ჟესტიკულაცია. რჩეულიშვილის "გავიდა" ნიშნავდა იმას, რომ იმ დღეს პარლამენტში დადებითად გადაწყდა საქართველოს ???-ში შესვლის საკითხი. საკითხის "გასვლამ" რჩეულიშვილს, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერს, საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ მოეწყო შევარდნაძისადმი საკუთარი ერთგულების დემონსტრირება.

ერთი სიტყვით, რჩეულიშვილი 1992-1995 წლების პარლამენტში შევარდნაძის მზის ქვეშ პოზიციების გასამაგრებლად არაფრის წინაშე იხევდა უკან - თვით საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაც კი არ უქმნიდა არანაირ უხერხულობას. შევარდნაძემ თავგანწირვა სათანადოდ დაუფასა: 1992 წლიდან პოლიტიკოსი რჩეულიშვილი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ბიზნესმენი ხდება. საქართველოში კი, როგორც ცნობილია, ბიზნესში წარმატების მიღწევის ერთადერთი საიდუმლო არსებობს: შენს ბიზნესს თავად პრეზიდენტი უნდა მფარველობდეს.

ვახტანგ რჩეულიშვილს 1992 წლიდან მიეცა სრული კარტბლანში - საკუთარი ბიზნესინტერესების ყველა გზითა და ყველა საშუალებით დასაკმაყოფილებლად, მათ შორის - უკანონო, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საშუალებებითაც. ამგვარი კარტბლანშის წყალობით, რჩეულიშვილმა 1993 წლიდან დაიწყო და წარმატებით განახორციელა საშუალო და მცირე ჰესების ჩალის ფასად შესყიდვის კამპანია. ჰესების ხელში ჩაგდების ისტორიები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთს გავიხსენებთ - სიონჰესთან დაკავშირებულ ისტორიას.

სიონის ჰესის ხელში ჩაგდებამდე ვიცესპიკერი რჩეულიშვილი ქმნის ასეთ ფონს: ჰესი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება, გასხვისდეს. ამგვარი ფონის შესაქმნელად აქტიურად იყენებს პარლამენტის დეპუტატს თიანეთის რაიონიდან, მგელიკაშვილის. ეს უკანასკნელი ხშირად სარგებლობს მისთვის გულუხვად დათმობილი საპარლამენტო ტრიბუნით და ჰესის გასხვისების წინააღმდეგ გამოდის. საბოლოოდ, როცა სიონჰესის დაპატრონების სხვა მსურველები რწმუნდებიან, რომ პარლამენტი ჰესის გასხვისებას არ გაუშვებს, სიონჰესი წამგებიან ობიექტად ცხადდება და სულ რაღაც 13 მილიონ ინფლაცირებულ და დევალვირებულ კუპონად გადაეცემა "კოლექტივს", რომელიც, სინამდვილეში, სხვა არაფერია, თუ არა ერთკაციანი ჯგუფი (ეს ერთი კაცი ჰესის დარაჯია). ჰესის რეალურ პატრონად კი საზოგადოებას რჩეულიშვილების ოჯახი ევლინება.

ანალოგიური მეთოდები გამოიყენა რჩეულიშვილმა სხვა ჰესების ხელში ჩასაგდებად. ამ პროცესში მას არ შექმნია არანაირი სერიოზული დაბრკოლება. შევარდნაძემ იცის ერთგულებისა და თავდადების დაფასება. რჩეულიშვილს კი, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ბადალი ნამდვილად არ ჰყავდა.

მაგრამ შევარდნაძეს სჩვევია პარტნიორების ხშირი ცვლაც - პოლიტიკური კონიუნქტურის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დასავლური კურსისკენ გადახრამ და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაზე საუბრის დაწყებამ შვარდნაძე ამალის "წმენდის" აუცილებლობის წინაშე დააყენა. ???-ში საქართველოს გაერთიანების მხურვალე მხარდამჭერი, ძველბიჭურ-კომკავშირულ-კომუნისტური წარსულის მქონე რჩეულიშვილი - ხულიგნის მანერებით - შევარდნაძის ახალ იმიჯს აშკარად შავი ლაქასავით დააჩნდებოდა. ამიტომაც ზრდილობიანი უარი უთხრა რჩეულიშვილს, რომელიც საყრდენი პარტიის შექმნას სთავაზობდა და არჩევანი დემოკრატიული იმიჯის მქონე ჟვანიას გუნდის სასარგებლოდ გააკეთა.

1995 წლის არჩევნებისთვის რჩეულიშვილი შევარდნაძის საყრდენის ფუნქციის გარეშე დარჩა, მაგრამ პარტია მაინც შექმნა - როგორც თავად ამტკიცებდა, ხალხისთვის, ხალხის ინტერესების დასაცავად. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში რჩეულიშვილმა ვერც შევარდნაძის და ვერც ამომრჩევლის გულის მოგება ვერ შეძლო - ვერც სიმბოლოდ არჩეული წითელი ვარდით, ვერც დაპირებებით "შვედური სოციალიზმის" საქართველოში დამკვიდრების შესახებ. მისმა პარტიამ არჩევნებში მარცხი განიცადა. თუმცა შვედურ მოდელზე მეოცნებე ბიზნესმენი რჩეულიშვილი პარლამენტის დეპუტატი მაინც გახდა - როგორც მაჟორიტარი.

1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტში რჩეულიშვილის მოღვაწეობის პარალელურად, ყვაოდა და იფურჩქნებოდა მისი ბიზნესიც. მისი, როგორც პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, რეპუტაციას ვერაფერს აკლებდა ის ფაქტიც კი, რომ ზოგჯერ პირდაპირ მთავრობის სხდომიდან მოუწოდებდნენ, სახელმწიფოსთვის გადასახადები არ დაემალა. რჩეულიშვილის "ევროპას" ამ წლებში ურჩ გადამხდელთა სიებში მოწინავეთა რიგები ეკავა.

1995-1999 წლებში გამოიკვეთა რჩეულიშვილის საგარეო პოლიტიკური პლატფორმაც - მკვეთრად პრორუსული. მემარცხენე იდეებით შეპყრობილი "ახალი ქართველი" ამ პარლამენტიდანაც მოძღვრავდა მთელ საქართველოს, რომ რუსეთის ბაზები, რუსეთის ჯარი, საქართველოს ???-ში ყოფნა ქვეყნისა და ქართველი ხალხის ერთადერთი ხსნა იყო. ამ პარლამენტში მოღვაწეობის დროს გაუჩნდა რჩეულიშვილს მამისგან უარყოფილის კომპლექსიც და, ამ კომპლექსის საკომპენსაციოდ, მამის რჩეულების (ჟვანია-სააკაშვილის გუნდის) მიმართ აგრესია. ამავე წლების პარლამენტში შეუხმატკბილდა მამის ფავორიტთაგან დროდადრო შერისხულ "აღორძინებას" და მის ლიდერს. თუმცა ამ შეხმატკბილებას, რა თქმა უნდა, დასახელებულთა ერთგვარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც განაპირობებდა.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი რჩეულიშვილს მამისგან უარყოფილის კომპლექსი ისე გაუმძაფრდა, რომ მამას ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა. პოლიტიკაში დარჩენის დაუძლეველმა სურვილმა კი "აღორძინებასთან" შერწყმისკენ გადაადგმევინა ნაბიჯი.

შევარდნაძის კარზე დიდი საკადრო ცვლილებების დაწყება იატაკქვეშეთში გადანაცვლებული რჩეულიშვილისთვის ერთგვარი სიგნალი აღმოჩნდა, რათა ისევ შეეთავაზებინა შევარდნაძისთვის საკუთარი თავი და ისევ დაეკავებინა ადგილი მისი მზის ქვეშ. შეგინებულმა და სანაგვეზე მოსასროლად გამეტებულმა მამამ "უძღებ შვილს" ძველი ცოდვები აპატია და, "შინ" დაბრუნებულს, ფართოდ გაუღო საკუთარი პარტიისა და გულის კარი. ქართულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, მართლაც, "ყველაფერი მოსულა": პრეზიდენტებსაც კი შეუძლიათ, მოიწმინდონ რომელიმე გაბრაზებული პოლიტიკოსისგან პირდაპირ სახეში ნასროლი ტალახი. პრეზიდენტის ერთგულთა ამალას კი, ასევე, შეუძლია, თვალი დახუჭოს საკუთარი ლიდერის შეურაცხყოფაზე და შეურაცხმყოფელი ყველაზე სასურველ პარტნიორად გამოაცხადოს.

თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რჩეულიშვილს მხოლოდ დროებით გაუღეს პარტიის კარი. დღეს "მოქალაქეთა კავშირს" სოციალისტურ პარტიასთან მხოლოდ ტაქტიკური ალიანსი აკავშირებს. შევარდნაძეს და მის "მოქალაქეთა კავშირს" ამ ეტაპზე სოციალისტების ათი ხმა სჭირდება და არა თავად სოციალისტები. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, მართალია, დიდი დრო არ არის დარჩენილი, მაგრამ შევარდნაძეს არ სურს, თუნდაც დროის ამ მცირე მონაკვეთში შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში დაყენება და იმპიჩმენტის განხორციელებისთვის აუცილებელი ხმების ორი მესამედის მოგროვება. ასე რომ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი, შესაძლოა, ძველ მეგობარს შეურაცხყოფაც კი აპატიო და დასჯერდე მის აბსურდულ განმარტებებსაც. უფრო მეტიც: შევარდნაძე მზად არის, დააკმაყოფილოს რჩეულიშვილის ნებისმიერი ამბიცია. ამ ეტაპზე "მოქალაქეებთან" დაახლოებულ რჩეულიშვილს ეჩვენება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრა შეუძლია. შევარდნაძეც არ აყოვნებს და ამ პრობლემის გადაწყვეტაში მას პრეზიდენტის რწმუნებულის სტატუსს ანიჭებს. როგორ, რა ბერკეტების საშუალებით მოახერხებს იგი ამ პრობლემის გადაჭრას, არავინ აზუსტებს. არავინ საუბრობს იმის შესახებაც, რომ რჩეულიშვილი ელემენტარულ საკითხებშიც ვერ ერკვევა. მაგალითად, არ იცის, რომ მის მიერ სამხრეთ ოსეთად მოხსენიებული რეგიონი საქართველოში დიდი ხანია, აღარ არსებობს. მაგრამ საქართველოში მთავარია, ისაუბრო იმის შესახებ, რომ რაღაც პრობლემას გადაჭრი, რეალურ შედეგებს კი შენგან არავინ ითხოვს. საქართველოს პრეზიდენტი და რჩეულიშვილი დღეს ახალ ტყუილს სთავაზობენ საქართველოს. ამ ტყუილიდან მხოლოდ მათ ელით გამორჩენა. პრობლემები კი, რა თქმა უნდა, ვერც ამ ტყუილით გადაიჭრება.

ავტორი: მაია პაპუნაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი