მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
ჟოლივეტ ტალბა - კამერუნელი ტექნიკური უნივერსიტეტიდან

ტოვტანი ტალბა ჟოლივეტი. დაიბადა 1980 წლის 3 ივლისს. სიმაღლე 2 მეტრი. კლუბები: "სავანა", "მელკურე" (ორივე კამერუნი), "ავტადორი" (სარატოვი, რუსეთი), "ათიზი" (ერევანი, სომხეთი), "მაკაბი" (თბილისი, საქართველო), "ბასკო" (ბათუმი, საქართველო), "სტუ" (თბილისი, საქართველო).

ქართულ სპორტში ბოლო დროს ლეგიონერების სიმრავლე შეინიშნება. გამონაკლისი ამ მხრივ არც კალათბურთია. რამდენიმე სეზონია, ჩვენს მთავარ ლიგაში შავკანიანი მოთამაშეები გამოჩნდნენ. მათგან ყველაზე "მხცოვანი" კამერუნელი ჟოლივეტ ტალბაა. ორი წელია, რაც ბატონი ჟოლივეტი ქართულ კალათბურთს ეცნობა.

- ბატონო ჟოლივეტ, როგორ შეეჩვიეთ საქართველოს?

- ნორმალურად. საქართველოში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს და ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია.

- რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი საქართველოზე?

- საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთში ვთამაშობდი. გამოვდიოდი სარატოვის კლუბ "ავტადორში", რომელიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. შემდეგ სომხეთში მიმწვიეს და კარგი პირობებიც შემომთავაზეს. გადავწყვიტე, კარიერა ერევნის "ათიზში" გამეგრძელებინა. ერევანში ნახევარი წელიწადი გავატარე. მაგრამ იმის გამო, რომ სომხეთში კალათბურთი დაბალ დონეზეა, გადავწყვიტე, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი მომეძებნა. ჩემმა აგენტმა საქართველო შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

- ხომ არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას?

- არა. საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე საინტერესო კლუბი გამოდის. ვფიქრობ, აქ გატარებული წლები სასიკეთოდ წაადგება ჩემს კარიერას.

- როგორ დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?

- ჯერ ფეხბურთს ვთამაშობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. მქონდა სერიოზული მიღწევები. სიმაღლეში ზრდის გამო გადავწყვიტე, ფრენბურთი მეთამაშა. ხოლო, როდესაც 2 მეტრს მივაღწიე, ვიფიქრე, ჩემთვის ყველაზე შესაფერისი კალათბურთი იქნებოდა. ვთამაშობდი კამერუნის წამყვან კლუბებში, შემდეგ უკვე რუსეთის ჩემპიონატში. ვარ კამერუნის ნაკრების წევრი.

- როგორია კამერუნის ნაკრების მიღწევები?

- ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მაჩვენებლები საკმაოდ მოკრძალებულია. ფაქტობრივად, გუნდი ახლა იწყებს თავისი ისტორიის შექმნას. მომავალი წლიდან აფრიკის ჩემპიონატში ვითამაშებთ. გვყავს საკმაოდ ძლიერი ლეგიონერები, რომელთა ბაზაზე მებრძოლი კოლექტივი ჩამოყალიბდება. მე უკვე მივიღე მიწვევა ნაკრებში სათამაშოდ.

- თქვენი რამდენი თანამემამულე თამაშობს საქართველოში?

- ჩვენ ოთხნი ვართ. ორი ბათუმის "ბასკოში" გამოდის, ერთი - თბილისის "დინამოში". პირველად საქართველოში მე ჩამოვედი. ეს ორი წლის წინ მოხდა. ვთამაშობდი თბილისის "მაკაბიში", შემდეგ ბათუმის "ბასკოში". ბოლო სეზონს კი სტუ-ს კალათბურთის გუნდში ვატარებ. ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ. მე და ახმედი, რომელიც "დინამოში" გამოდის, ერთად ვთამაშობდით სარატოვში. ჩემი წამოსვლის შემდეგ ისიც საქართველოში ჩამოვიდა.

- რომელი ქვეყანა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- რუსეთში თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობდი. იქ ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია და ამ მხრივ პრობლემები არ მექმნებოდა. გარდა ამისა, ძალიან მომწონს რუსი ქალები. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უკეთესი ხალხი ცხოვრობს. თქვენთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება კალათბურთს, ამ მხრივ რუსეთის ჩემპიონატი ყველაზე მაღალი დონისაა. იქ ძალზე დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. სომხეთში კი საპირისპირო მდგომარეობაა. "ათიზს" ჩემი ასპარეზობის დროს თამაში არ წაუგია. მაგრამ მათი უბედურება ის არის, რომ ეს კლუბი ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით. სხვა დანარჩენი კლუბები კონკურენტუუნარონი არიან. ასეთი წარმატების მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის შემთხვევაში, "ათიზი", ალბათ, ოთხეულშიც კი ვერ მოხვდებოდა.

- როგორ დაახასიათებთ თქვენს ახალ კლუბს, "სტუ-ს" კოლექტივს?

- ჩვენ პირველი ადგილისთვის ვიბრძვით და დღევანდელი მაჩვენებლებით ეს მიზანი მიღწეულია (თბილისის "დინამოს" და ბათუმის "ბასკოს" ბოლო მატჩები ჩასატარებელი აქვთ). კლუბში მებრძოლი სულისკვეთების მოთამაშეები არიან შეკრებილნი. იმავეს ვიტყვი ბატონ ნუგზარ ჭეიშვილის მიმართაც. მისი წვლილი უდავოდ დიდია ჩვენი გუნდის წარმატებაში.

- რაიმე პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ საქართველოში ასპარეზობის დროს?

- უკვე ორი წელია, თქვენთან ვთამაშობ და ჯერ არ მქონია პრობლემები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ბათუმში შემექმნა პრობლემები. პირადული ხასიათისაა და სპორტულ ცხოვრებას არ უკავშირდება.

- თქვენი შეფასებით, რამდენად პერესპექტიულია საერთაშორისო მასშტაბების გათვალისწინებით ქართული კალათბურთი?

- საქართველოში ჩემი ყოფნის მანძილზე პროგრესი აშკარაა. ქართული კალათბურთი თანდათანობით იხვეწება. საქართველოში არის ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი, რომლებიც შემდგომში თავიანთ წვლილს შეიტანენ კალათბურთის განვითარებაში. მაგრამ, გარდა ამისა, საჭიროა სპონსორების მოზიდვაც. ჯერ მხოლოდ რამდენიმე გუნდია, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებს. ამ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში არ იქნება ისეთი კონკურენცია, რომელიც კალათბურთის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- ძირითადად, მეგობრებთან ერთად. ვიკრიბებით ხან ერთთან, ხან მეორესთან. ბათუმიდან ჩემი თანამემამულეების ჩამოსვლის დროს კი საზეიმო სუფრას ვაწყობთ, ოღონდ თქვენებური ღვინის გარეშე. ღვინოს ვერ შევეჩვიე. ქართველი მეგობრების თხოვნით, ერთხელ ვცადე დალევა, მაგრამ ცუდად გავხდი. მას შემდეგ ვერიდები.

- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოში ჩამოსვლისას?

- პირველად ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან ქუჩაში ყველა მე მიყურებდა. აქ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ შავკანიანების მიმართ. სხვა ქვეყანაში ასეთი დიდი ინტერესი არ შემიმჩნევია. ამას ნელ-ნელა შევეჩვიე და ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მეორე მოულოდნელობა ის იყო, რომ ელექტროენერგია ითიშებოდა. არც კამერუნში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს მსგავსი პრობლემები არ შემქმნია. ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა. ჩემს ქვეყანაში შუქი არ ქრება, ამიტომ ეს გარემოება ჩემთვის ყველაზე ძნელად შესაგუებელი აღმოჩნდა.

- მოგვიყევით თქვენი სამშობლოს შესახებ. როგორია თქვენი ტრადიციები? ძირითადად, რით ჰგავს ერთმანეთს ჩვენი ქვეყნები?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენთან ცხოვრება ძალიან ძვირია. ასეთი ფასები რუსეთშიც კი არ შემხვედრია. ცხოვრების პირობები ჩვენთან გაცილებით უკეთესია. დიდია ხელფასები და ხალხს ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად აქვს. ჩვენ სტუმართმოყვარეობით ვგავართ ერთმანეთს, ოღონდ ქართველებთან ახლოს მაინც ვერ მივალთ. მე ვაღმერთებ თქვენს სტუმართმოყვარეობას. ქართველი და კამერუნელი ხალხი, ძირითადად, ერთმანეთისგან ქორწინების მიმართ დამოკიდებულებით განსხვავდებიან. მე ძალიან მიკვირს ის ფაქტი, რომ ქართველებს ცოლი ადრევე მოჰყავთ და შემდეგ მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. ჩვენთან სხვა მიდგომაა. კამერუნელი, ძირითადად, 30-35 წლის ასაკში ქორწინდება. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად აქვს გარკვეული თავისი მდგომარეობა, სურვილები და აბსოლუტურად დამოუკიდებელია. განსხვავებულია საპატარძლოს მიმართ არსებული პრეტენზიები. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის წარსულს. მთავარია, როგორი პიროვნებაა იგი ამჟამად.

- რის მიხედვით აფასებთ ქალებს?

- სილამაზით, განათლებით. აუცილებელია ასევე, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს.

- ჟოლივეტ, როგორც ამბობთ, თქვენთან ცხოვრების გაცილებით უკეთესი პირობებია, მაშინ რატომ გადაწყვიტეთ კარიერის ისეთ ქვეყანაში გაგრძელება, როგორიც საქართველოა?

- საუბედუროდ, ჩვენთან დაბალ დონეზეა განვითარებული სპორტის ეს სახეობა. მე მინდოდა, ჩემი ძალები მაღალ დონეზე მომესინჯა. თავიდან ბელგიის ვარიანტი გამოჩნდა, შემდეგ კი ისე გამოვიდა, რომ რუსეთში აღმოვჩნდი. ამის მერე როგორც განვითარდა ჩემი კარიერა, უკვე მოგიყევით.

- როგორია თქვენი ანაზღაურება, რამდენს გიხდიან ჩვენთან?

- მე საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს. თანხების დასახელებისგან თავს შევიკავებ. არ იფიქროთ, რომ რაიმე დასამალი მაქვს, უბრალოდ, უზნეობად მიმაჩნია ამ თანხის დასახელება მაშინ, როდესაც ხალხი საქართველოში ჩემზე გაცილებით მეტს მუშაობს და ჩემთან შედარებით კაპიკებს იღებს.

- კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?

- მე ისეთ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც არასდროს არიან კმაყოფილნი საკუთარი თამაშით. ვცდილობ, მეტი ვიმუშაო, დავხვეწო საკუთარი თავი. საქართველოში ამის კარგი შესაძლებლობები მაქვს. თამაშების რიცხვი საკმაოდ დიდია, ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ და ეს გარემოება საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად ძალიან მეხმარება.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ უმაღლეს დონეზე თამაშს? ვგულისხმობ ამერიკის ნაციონალრ ლიგას.

- ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია. ჩემი მთავარი მიზანი, სწორედ, ეს არის. მაგრამ ასევე აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიჭირდება. მთავარი პრობლემა ჩემი სიმაღლეა (2 მეტრი). ჩემს პოზიციაზე ამერიკის ნაციონალურ ლიგაში გაცილებით მაღალი კალათბურთელები თამაშობენ, ამიტომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია. თუმცა მიუღწეველი არაფერია და ძალთა მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ავტორი: ზაზა მინდიაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი