მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
კულტურაზე "ზრუნვის" ცნობილი ფორმა

კულტურის საჭირბოროტო საკითხები ზაფხულში ხდება აქტუალური. მაშინ, როცა ჩვენი ინტელიგენციის ნაღებად წოდებული ჯგუფიდან ზოგი ანტალიის, ზოგიც ქობულეთის კეთილმოწყობილ პლაჟებზე ჭყუმპალაობს და ახალი კულტურული სეზონისთვის ემზადება, დედაქალაქში დარჩენილი არტისტების უმრავლესობას სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე უწევს ფიქრი. უფრო მეტიც, არიან ხელოვანები, რომლებიც წლევანდელ ზაფხულს სასამართლოებში სირბილსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ციხეშიც კი ატარებენ. აგვისტოში საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო ჰერეთის თეატრის მთავარი რეჟისორის, ანზორ დოლენჯაშვილის საქმემ. სასამართლომ მას სახელმწიფო ქონების, 16000 დოლარის მიტაცებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 16000 კულტურის სამინისტროს ანგარიშიდან ჰერეთის თეატრის აღდგენაზე სწორედ დოლენჯაშვილმა მოხსნა, მაგრამ ფული საქმეს არ მოხმარდა. ახლა როგორც არ უნდა ამტკიცოს დოლენჯაშვილმა, რომ იგი შეცდომაში შეიყვანა ვალერი ასათიანის ხანის კულტურის სამინისტროს ბუღალტერიამ, ქაღალდზე სწორედ მას აქვს ხელი მოწერილი. ქაღალდი უფალია კანონისთვის, კანონი კი, მოგეხსენებათ, უფალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. თავის დროზე არასწორად შევსებულ ფარატინა ქაღალდს თვით ინგმარ ბერგმანიც კი შეეწირა, რომელმაც მას შემდეგ, რაც გადასახადებისგან თავის არიდებაში ამხილეს, შეურაცხყოფილმა შვეცია დატოვა და დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა. ანზორ დოლენჯაშვილი, რა თქმა უნდა, არაა ინგმარ ბერგმანის დონის რეჟისორი, მაგრამ ჰერეთის თეატრისთვის და შესაძლებელია ქართული თეატრისთვისაც იგი ბერგმანზე მეტია. ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება საინგილოში ქართული კულტურის შექმნას შეალია. თეატრის მოღვაწეთა შორის ერთი კაციც არაა, რომელიც მას უარყოფითად დაახასიათებს. თავად კულტურის სამინისტროში, რომელსაც, მოგეხსენებათ, ახლა უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ქ-ნი სესილი გოგიბერიძე, დოლენჯაშვილს ახასიათებენ, როგორც უპატიოსნეს პიროვნებას. უფრო მეტიც, სამინისტროს კულუარებში იმასაც აღიარებენ, რომ ჰერეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. კულტურის სამინისტრო კვლავაც ცდილობს როგორმე მოახდინოს ზემოქმედება უზენაეს სასამართლოზე, უფრო სწორად, სამინისტროზე ზემოქმედებას ცდილობენ კულტურის სფეროში მოღვაწე ის ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობენ დოლენჯაშვილს. დოლენჯაშვილის თაობაზე კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციაც გაიმართა. კულტურის სფეროში მოღვაწენი ისევ მიმართავენ სასამართლოს, რომელმაც განაჩენი უკვე გამოიტანა. ახსენებენ ხელისუფლებას, რომ ერთი წელიწადია არ მიუღიათ ხელფასი, სთხოვენ ეს გაყინული თანხა ბიუჯეტის მიმართ დოლენჯაშვილის ვალის დაფარვას მოხმარდეს, თავად ანზორ დოლენჯაშვილს კი განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალოს. ანზორ დოლენჯაშვილი, რა თქმა უნდა, ინგმარ ბერგმანი არაა, მაგრამ არც დღევანდელი საქართველოა 70-იანი წლების შვეცია. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ხელფასებსა და პენსიებს არ არიგებს, თავად არღვევს კანონს და თუ კანონი მართლაც უფალია ქართული, ახლა უკვე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უხელფასოდ და უპენსიოდ დარჩენილ კულტურის მუშაკს აქვს უფლება უჩივლოს ხელისუფლებას, შესაძლებელია სტრასბურგშიც კი. ამ სასამართლოს იგი აუცილებლად მოიგებს. გარდა ამისა, ვინაიდან ანზორ დოლენჯაშვილის უდანაშაულობას კულუარებაში დღეს ყველა ამტკიცებს, საეჭვო ხდება თავად გამოძიების ობიექტურობა. აშკარაა, რომ ვიღაცას ჰერეთის თეატრის მთავარი რეჟისორის დისკრედიტაცია სურდა. შესაძლებელია იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ აწყობდათ საინგილოში ქართული თეატრის არსებობა. დოლენჯაშვილის ახლობლები ხომ კვლავაც ამტკიცებენ, რომ თეატრის მთავარი რეჟისორის დაპატიმრება ფაქტობრივად საინგილოს თეატრის დახურვას ნიშნავს.

პოლიტიკა კვლავაც განსაზღვრავს საქართველოს კულტურულ ცხოვრებას და არაერთი არტისტის ბედი კვლავ პოლიტიკური ამინდის ცვლილებაზეა დამოკიდებული. ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას, უფრო სწორად ამ მეგობრობის კომუნისტურ ინტერნაციონალურ გაგებას ეწირება ხელოვანთა დიდი ჯგუფი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კარგად ცნობილმა ვნებამ ე.წ. ინტერნაციონალური ღონისძიებებისადმი, დღეს უსახლკაროდ დატოვა. ეს ისტორია დაიწყო თბილისში ჰეიდარ ალიევის ვიზიტის წინ. მასპინძლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გულის მოსაგებად მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმის შექმნა გადაწყვიტეს. ხელისუფლებამ კულტურის სამინისტროს მიმართა გამოეყოთ ძველ თბილისში სამინისტროს ბალანსზე მყოფი რომელიმე შენობა და სასწრაფოდ მოეგვარებინათ ახუნდოვის მუზეუმის გახსნის საქმე. კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, ვალერი ასათიანმა, როგორც ყოველთვის, პირნათლად შეასრულა დავალება. გაიხსენა გორგასლის ქუჩაზე მყოფი ხალხურ საკრავთა მუზეუმი, რომლის მესვეურები საკრავებიანად გამოასახლა შენობიდან და მირზა ახუნდოვის კეთილმოწყობილი სახლ-მუზეუმი შევარდნაძის აზერბაიჯანელ ძმას დაახვედრა. ხალხურ საკრავთა მუზეუმსაც გამოუნახეს შენობა ძველ თბილისში, ერეკლე მეორის მეათე სახლში, სადაც ორი ქართველი მხატვრის - იდა თვარაძისა და ჯემალ ბჟალავას სახელოსნო მდებარეობდა და თუ ჰერეთის თეატრის მთავარი რეჟისორის საქმეში ერთმანეთს კულტურა და კანონი დაუპირისპირდა, ამ შემთხვევში კულტურის სამინისტრომ ფაქტობრივად თავად ხელოვანთა დუელის პროვოცირება მოახდინა. მუზეუმის თანამშრომლები თავიანთი საკრავებით ერეკლეს ქუჩაზე მცხოვრებ მხატვრებს მიადგნენ. კულტურის სამინისტრომ იდა თვარაძისა და ჯემალ ბჯალავას გამოსახლებას უზენაეს სასამართლოში მიაღწია. კანონით ეს შენობა სამინისტროს დაუბრუნდა და ახლა მას თავისუფლად შეუძლია გამოასახლოს მხატვრები. უფრო სწორად, საზოგადოებაში მხატვართა უფლებების დამცველის სახელი რომ შეინარჩუნოს, სამინისტრო გამოსახლების რიტუალს თავად აღარ ჩაატარებს. კარგად გამოცდილი ხერხის თანახმად, სამინისტროს ბიუროკრატები ახლა უკვე კულტურის მოღვაწეებს, ასე ვთქვათ, მიუქსევენ ერთმანეთს. ჩემთან საუბარში კულტურის სამინისტროსთან არსებული ხალხური შემოქმედების სამმართველოს უფროსმა, ბ-ნმა ბორის მუნჯიშვილმა აღნიშნა, რომ ვალერი ასათიანმა თავად დაარღვია კანონი, როცა სამინისტრომ სასამართლო მოიგო, მაგრამ მაშინათვე მხატვრების გამოსახლების შეჩერების განკარგულება გასცა, ხალხის გამოსახლება არ შემიძლიაო. კულტურის სამინისტროს დღესაც უჭირს ამ რიტუალის ჩატარება, მაგრამ ამჯერად ხელს ხალხური საკრავების მუზეუმის თანამშრომლებისკენ იშვერს. ეს ხალხი სამინისტროში მოდის და მიტინგებს გვიწყობსო. ჩემს კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი მუზეუმის მოწყობა ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე ავარიულ სახლში, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მპასუხობს, რომ სახლს აუცილებლად გაუკეთდება რესტავრაცია და უმატებს, რომ შენობა კანონით კულტურის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ სამინისტრო მომავალში ისე გამოიყენებს სახლს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავსებით მოსალოდნელია ხალხური საკრავების მუზეუმმა მომავალში კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის ბედი გაიზიაროს. თავის დროზე ეს შენობა სწორედ ამ მუზეუმს ეკუთვნოდა, მაგრამ სამუზეუმოდ არ გამოდგა, ამიტომ მუზეუმის ექსპონატები კარგარეთელის ქუჩაზე გადაიტანეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბარათაშვილმა აღიარა: "უაზრობაა მუზეუმების ასეთი გაფანტული არსებობა და სამინისტროში უკვე ფიქრობენ ამ მინიმუზეუმების გაერთიანებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული ერეკლეს ქუჩაზე საპატრიარქოს გვერდით მდებარე სახლი რესტავრაციის შემდეგ რესტორნად ან რომელიმე ქვეყნის საკონსულოდ გადაკეთდეს და კულტურის სამინისტროს ბალანსზე მყოფმა ამ შენობამ მოგება მოიტანოს".

ერეკლეს ქუჩაზე მდებარე ამ სახლის ისტორია სქელტანიანი რომანის შექმნის საშუალებას იძლევა. მხატვარმა იდა თვარაძემ და მისმა მეგობარმა, თეოლოგმა დენიზა სუმბაძემ ამ სახლის შესახებ ისე მიამბეს, თითქოს საქართველოს უახლეს ისტორიას იხსენებდნენ. 80-იან წლებში თვარაძე, რომელიც სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი იყო, სუკის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ მოქანდაკე ჯემალ ბჟალავასთან ერთად საპატრიარქოს მხატვრად მუშაობდა. 1986 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, რომლითაც ძველ თბილისში განლაგებული საავარიო შენობები მხატვრებს გადაეცათ სახელოსნოებად, ერეკლეს ქუჩის ეს სახლი იდა თვარაძესა და ჯემალ ბჟალავას გაუფორმდათ, მაგრამ ერთ კვირაში ხელისუფლებამ შეცვალა თავისივე დადგენილება და შენობა კულტურის სამინისტროს გადასცა. მხატვრებმა სახლი არ დატოვეს. მათ ჯერ კომუნისტურ ხელისუფლებასთან, შენდეგ გამსახურდიას მთავრობასთან, ახლა კი შევარდნაძის ეპოქის კულტურის სამინისტროსთან მოუხდათ ბრძოლა. ჯემალ ბჟალავა ფაქტობრივად იძულებით წავიდა საქართველოდან. ამჟამად საფრანგეთში მუშაობს. მისი ბრწყინვალე ქანდაკებები სარდაფებში ყრია, უსახლკაროდ დარჩენილი მისი ოჯახი კი იდა თვარაძესთან ერთად ბრძოლას აგრძელებს. კულტურის ახალი მინისტრი მერიას მიმართავს, უზრუნველყონ მხატვრები ახალი სახელოსნოთი, მაგრამ მათ ეს ჟესტი არ აკმაყოფილებთ. "ჩემთვის ამ სახლის შენარჩუნება ღირსების საკითხია, - აღნიშნა ჩემთან საუბარში იდა თვარაძემ, - ამ ხნის მანძილზე საქართველოში არა მარტო მთავრობა, რეჟიმებიც კი შეიცვალა, მაგრამ ხელისუფლება ისევ კომუნისტების უკანონო დადაგენილებას გვიფრიალებს. გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ, - მოგვიწოდებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, თუმცა კულტურის მოღვაწეთა გადარჩენაზე ნაკლებად ზრუნავს, პირიქით, როგორც დავინახეთ, ან ციხეში სვამს მათ, ან უსახლკაროდ ტოვებს. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ კანონიერად მოქმედებს".

რადიო "თავისუფლება". თბილისი.

ავტორი: გიორგი გვახარია


კალენდარი
აგვისტო  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი