მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
გია ბენიძე: დათო ტურაშვილის მოთხრობები
ოდნავ გამაღიზიანა წიგნის სახელწოდებამ "ჩემი ირლანდიელი პაპა" (ეს დათო ტურაშვილის კრებულში შემავალი ერთ-ერთი მოთხრობის სათაურიც გახლავთ). მაშინვე გამახსენდა, რომ არის ასეთი ფილმი "ჩემი ინგლისელი პაპა"; ამ ქართველ რეჟისორებს და მწერლებს რა ევროპელი "წინაპრები" აუტყდათ-მეთქი; ოღონდ ფილმში (რომელიც, სამწუხაროდ, არ მინახავს), მგონი მართლა სისხლით ნათესავ პაპაზეა ლაპარაკი, მოთხრობაში კი ის "ირლანდიელი პაპა" ერთი ხანშიშესული ირლანდიელი მთასვლელია, სახელად ჯონათანი, და მოთხრობის გმირს მასთან არა ნათესაობა, არამედ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. თუმცა მოთხრობის გმირი "პაპას" უმტკიცებს, ქართველები და ირლანდიელები საერთო წარმოშობისანი ვართო და იქნებ ამის გამოც ეძახის მას "პაპას". სხვა მოთხრობაში კი ("პრაღა გაზაფხულის გარეშე") ჩეხეთის დედაქალაქში მყოფი გმირი თავის საყვარელსაც (რომელიც აგრეთვე ირლანდიელია), იმავეს უმტკიცებს. ორივე ირლანდიელი სკეპტიკური, თუმცა კეთილი ღიმილით ისმენს ამ ინფორმაციას. და მეც მინდა წიგნის სათაურით ჩემი მცირედი გაღიზიანების მიზეზს შევეხო: ჩვენ, ქართველები, ხშირ შემთხვევაში ზედმეტად სნობები ვართ და ეს ჩვენი არასახარბიელო თვისება განსაკუთრებით უცხოეთთან და უცხოელებთან შეხებისას იჩენს თავს... ვიღას არ ვუმტკიცებთ ამ ჩვენს ნათესაობას თუ ძმობას, ვიღას არ ვეფერებით და ამავე დროს რომელიმე ჩვენგანმა თუ ქართველი ერის არქაულობის, პირველადობის, რჩეულობის შესახებ კრინტი დაძრა, მაშინვე შიში აგვიტანს, ამ გაგანია დემოკრატიზმის ეპოქაში რასისტებად არავინ შეგვრაცხოსო... ერთი სიტყვით, ჩვენივე თავის თუ ჩვენივე ლანდის გვეშინია, თან ამპარტავანნი და პატივმოყვარენიც ვართ და შინაგანი გაორება გვტანჯავს, ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსის გამო გამუდმებით ვცდილობთ რაღაცის აფიშირებას, წარმოჩენას, როგორც ერთმანეთის, ასევე სხვათა, უცხოელთა წინაშე. როცა ქართველი მწერალი უცხოეთში თავის მოგზაურობაზე (თუ იქ ცხოვრებაზე) წერს, თანამემამულეთა წინაშე თავს წარმოადგენს ერთგვარ "განდობილად" (უცხო ცივილიზაციას რომ ეზიარა) და ვერ ახერხებს ისე უბრალოდ, უკომპლექსოდ წეროს უცხოეთზე, როგორც, ვთქვათ, პარიზში (ევროპაში) ჩასული ჰემინგუეი, ფიცჯერალდი თუ კორტასარი წერდნენ. რა თქმა უნდა, არც ამ უკანასკნელთ ავიწყდებათ თავიანთი ეროვნება და სამშობლო, მაგრამ არც ჩვენსავით გამუდმებით და მისჯილებივით ფიქრობენ ამაზე. ისინი ევროპას აღწერენ ისეთს, როგორიც არის, ობიექტურად, ფხიზელი თვალით. თავიანთ სამშობლოს არ ეკეკლუცებიან ევროპული თავგადასავლებით; ჰემინგუეისათვის პარიზი "განუყრელი დღესასწაულია", მაგრამ ამ "დღესასწაულში" ყოფნას იგი თავისი ამერიკელობის გამუდმებული დაფიქსირების გარეშეც ახერხებს.

ზემოთ მოტანილი მცირე ექსკურსი ზოგადი სურათის წარმოსადგენად დამჭირდა, თორემ დათო ტურაშვილის საზღვარგარეთული მოთხრობების მიმართ განსაკუთრებით საპრეტენზიო არაფერი მაქვს. სხვათა შორის, მისი მოთხრობის გმირი ირლანდიელი პაპაც ხშირად უსვამს ხაზს თავის ირლანდიელობას, რაც ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს. ირლანდიელებსაც, ვფიქრობ, გარკვეულწილად უნდა ახასიათებდეთ გამძაფრებული დამოკიდებულება საკუთარი ეროვნულობისადმი. ისინი ხომ, გარკვეული აზრით, ჩვენზე მეტადაც კი დასაჯა ისტორიის ულმობლობამ _ კარგა ხნით (თუ სამუდამოდ არა) მშობლიური ენაც კი დაავიწყდათ...

ახლა უნდა ვაღიარო, რომ ქართველ მწერალთა ზემოხსენებული სნობისტური დამოკიდებულება უცხოეთისა და უცხოელებისადმი ცხოველ ინტერესს აღძრავს პირადად ჩემში. და რაკი ეს ფაქტორი დ. ტურაშვილის საზღვარგარეთული მოთხრობებისთვისაც არაა უცხო, სულმოუთქმელად წავიკითხე ისინი. ეს ინტერესი უფრო ფსიქოლოგიური და ყოფითი ხასიათისა იყო, ვიდრე წმინდა ლიტერატურული. ჩემი ცნობისმოყვარეობის საგანი იყო თვით უცხოეთი, უცხოური ყოფა და პოსტსაბჭოური პერიოდის ქართველი ახალგაზრდა კაცი უცხოეთში; თუმცა ეს მოთხრობები სადა, მიმზიდველი ენითაა დაწერილი და მხატვრულობის მხრივ საპრეტენზიო არაფერი მაქვს მათთან, მაინც ისინი (განსაკუთრებით "პრაღა გაზაფხულის გარეშე") ერთგვარ ნედლ მასალად მესახება, სადაც ნაირგვარი საინტერესო რამე-რუმეა ჩაყრილი: აქედან ვკრებ ჩემთვის ღირებულ ინფორმაციას, წარმოსახვით ვმოგზაურობ იმ ადგილებში, რომლებიც აქაა აღწერილი და რამდენადმე უკეთური ცნობისწადილით შეპყრობილი ვაკვირდები და ვსწავლობ ავტორის ფსიქიკას, მის პიროვნებას; ხან შურის, ხან უპირატესობის განცდა მეუფლება, წარმოვიდგენ, როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას ამა თუ იმ სიტუაციაში, მასზე უკეთესად თუ უარესად და ა. შ. რასაკვირველია, ეს ყოველივე, ცოტა არ იყოს, შორს დგას ლიტერატურული ნაწარმოებისადმი წმინდა ესთეტიკური მიდგომისაგან... მაგალითად, მებადება ამგვარი კითხვა: როცა მდიდარი ირლანდიელი საყვარელი მოთხრობის გმირს (ავტორს) თავის აპარტამენტს სთავაზობს, სადაც ამ უკანასკნელს შეეძლება თავის გუნებაზე ხატოს, მუსიკას უსმინოს და სხვა მრავალი სიკეთითაც დატკბეს, რატომ ყოყმანობს ეს ჩვენი ქართველი ჭაბუკი, შეთავაზებული წინადადება ხომ, მისივე აღიარებით, ოცნების ახდენაა მისთვის? სწორედ ამიტომ ვყოყმანობო, გვიხსნის იგი. ძალაუნებურად ვფიქრობ: რამდენად გულწრფელია ეს განმარტება? აქ ჩვენი ექსსაბჭოური მენტალიტეტის აჩრდილი ხომ არ გამოკრთის? ქალის ბურჟუაზიული კეთილდღეობისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება (კიდეც რომ მოსწონს და კიდეც არ მოსწონს), ე. წ. ნონკონფორმისტული იმიჯისადმი ლოლიავი განა არ გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს გმირს სურს არაერთი დასავლელი ხელოვანისათვის დამახასიათებელი ანტიბურჟუაზიული პოზიცია (თუ პოზა) მოირგოს, მაგრამ ამავე დროს დაგმობილ-უარყოფილი საბჭოური წარსული ერთგვარ აბერაციას, გადახრას ქმნის მის ფსიქიკაში (ჩვენ ხომ ახლა კომუნიზმი დავგმეთ და კაპიტალიზმი ჩავიხუტეთ) და ის გაორება და ამაო შინაგანი კონფლიქტებიც აქედან წარმოსდგება? ჩვენ, ქართველები, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, ვერ ვცხოვრობთ აქ და ამჟამად, ჩვენი სულიერი წყობა იმგვარადაა ყალბი იდეალების დანაშრევთაგან ხელყოფილი, რომ იქ ადგილი ნაკლებად რჩება "მარადიულ ახლა"-სთვის. ჩვენს ეგზისტენციას უფრო "ვიყავი" და "ვიქნები" განსაზღვრავს, ვიდრე "ვარ". კონკრეტულად რომ ვთქვათ, კი ჩავეჭიდებით ბოლოს და ბოლოს ფორტუნის წყალობასაც, უარს არ ვიტყვით ბურჟუაზიულ კეთილდღეობაზეც, მაგრამ დანაშაულის კომპლექსიც არ გვასვენებს და ვიწყებთ რაღაცის მტკიცებას, თავის მართლებას, გულუბრყვილო სოფიზმებით სხვების თუ საკუთარი თავის მოტყუებას. კარგა ხანია გაჩნდა გამოთქმა "ნონკონფორმიზმის კონფორმიზმი", ფსევდომეამბოხეობის არსი მხილებულია და ნონკონფორმიზმით სპეკულაციას ყავლი გაუვიდა... ჭეშმარიტი ნონკონფორმისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხარ ალბათ, თუ მარტორქად ქცევა მაშინაც არ შეგიძლია, როცა მთელი სამყარო მარტორქებით აივსება, შენი უახლოესი ადამიანებიც მიგატოვებენ და მარტორქათა ლეგიონს შეუერთდებიან და შენ, სასოწარკვეთილი და საკუთარი სიმართლის ღირებულებაშიც კი დაეჭვებული, მაინც იარაღს არ დაჰყრი, სანადირო თოფით წახვალ მთელი სამყაროს წინააღმდეგ...

ამ კრებულში კიდევ ერთი მოთხრობაა: "საით წავიდნენ შუმერები", რომელიც ჩემთვის დანარჩენი ორი მოთხრობისგან განსხვავებით, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაა საინტერესო. მოქმედება ერთ გამოგონილ "ქალაქ-ეზოში" ხდება. აქ პერსონაჟთა მთელი გალერეაა წარმოდგენილი, ყველა მათგანი თავისებურად გამორჩეული და დასამახსოვრებელია: აქ ცხოვრობს მღვდელიც, ნარკომანიც, მეომარიც, ტერორისტიც, გიჟიც, პუტანკაც, პოლიციელიც და ა. შ. არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ყველა თავისი ჩვეული საქმიანობითაა გართული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ქალაქში შემოეხეტება აქლემი, რომლის ექსკრემენტში კოკაინიან შეკვრას აღმოაჩენენ. შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში, აქლემი სისტემატურად, ყოველი დეფეკაციისას გამოყოფს კოკაინს. მთელი ქალაქი განარკომანდა და ადამიანები საოცრად კეთილნი, ერთმანეთის მოყვარულნი გახდნენ. მაგრამ ბოლოს აქლემმა შეწყვიტა კოკაინის გამოყოფა და იგი დაკლეს. კოკაინის ბოლო ულუფა, რომელსაც ქალაქის ორი მცხოვრების ქორწილისათვის ინახავდნენ, სადღაც გაქრა. ქალაქის მკვიდრნი კოკაინის დაკარგვამ ისე გააბოროტა, რომ ერთმანეთს დაუწყეს ქურდობის დაბრალება და ბოლოს პირწმინდად გაჟლიტეს ერთმანეთი. მხოლოდ პატარა გოგო და ბიჭი, რომელთაც კოკაინი არ სჭირდებოდათ, გადარჩებიან და ქალაქს სტოვებენ. ისინი მზის მიმართულებით, სინათლისაკენ მიდიან (ცოტა არ იყოს, ბანალური სიმბოლოა)...

მოთხრობაში აბსურდულ-გროტესკული სამყაროა აღწერილი. ავტორი კარგად ფლობს ირონიულ-პაროდიულ სტილს და ცოცხლად, შთამბეჭდავად ავითარებს კოლიზიებს. მოთხრობის ერთი თავისებურება ისაა, რომ აქ არ არიან მთავარი და არამთავარი გმირები. მთავარი აქ არის თვით კომპოზიცია, რომელიც საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება. პერსონაჟები თითქოს ერთ ძაფზე აცმული თანაბარი სიდიდის მძივებივით არიან, ეს მძივები ფერით თუ სხვა რამ თვისებით კი არიან განსხვავებულნი, მაგრამ არცერთი მათგანი ცენტრალურობის პრეტენზიის მქონე არ არის; ყველას რაღაც განსაკუთრებული, კონცეპტუალური ფუნქცია გააჩნია, კომპოზიციური მოზაიკისათვის თანაბრად საჭირო და შეუცვლელი. ასე რომ, აქ ზედმეტია ლაპარაკი ინდივიდუალურ ხასიათებზე, მათ ცხოვრებისეულობაზე და ა. შ. მოთხრობის ძირითადი თავისებურება მისი საგანგებო პირობითობაა. თუმცა აქ ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც რეალურადაც შეიძლება მოხდეს და ეს "შუმერთა" ეზო-ქალაქიც ბევრი რამით წააგავს თბილისს, მაგრამ პირობითობის განსაკუთრებული ხარისხი, გამოგონების პრინციპის აშკარა დომინანტობა ნაწარმოებს არარეალისტური ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ავტორი უდავოდ ოსტატურად, ნიჭიერად ახორციელებს ამ წარმოსახვითი სამყაროს დამაჯერებლად მიტანას მკითხველამდე. რასაკვირველია, იბადება ტრადიციულად მოარული კითხვა _ მაინც რა უნდოდა ეთქვა ამით მწერალს? ამ კითხვაზე დაწვრილებითი, ანალიტიკური პასუხის გაცემის სურვილი ნამდვილად არა მაქვს და არც მგონია ეს დიდად საჭირო იყოს. თავისთავადაც, საკმაოდ აშკარად და გასაგებად არის აქ ზედაპირზე ამოტანილი იდეა ილუზიის რეალობად მიღების სახიფათოობისა, ილუზიით ცხოვრების დამღუპველი ხასიათისა. ქალაქი გაანადგურა ილუზიიდან გამოფხიზლების საზარელმა შიშმა _ ეს არის დასკვნა. ნარკოტიკის მარაგის ამოწურვა ნიშნავდა ისევ მოსაწყენ რეალობაში დაბრუნებას, რაც "შუმერებს" უკვე აღარ შეეძლოთ. "შუმერები", გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში დასაღუპად, გასაქრობად განწირული საზოგადოების სიმბოლური ხატია. პატარა ბიჭის და გოგოს, ანუ სამომავლო ყლორტის გადარჩენა და მზისკენ (სინათლისკენ) წასვლაც, როგორც უკვე ვთქვი, ერთობ აშკარა, ბანალურობამდე ნათელი სიმბოლოა. ეს ბოლო აკორდი, ალბათ ჯობდა, ცოტა განსხვავებულად აეღო ავტორს, მზე მაინც აღარ შემოეყვანა მოქმედებაში, თუ პატარა გოგოთი და ბიჭით განსახიერებულ მომავლის გადარჩენის სიმბოლიკას ვერ აიცდენდა. ან ეს უკანასკნელიც რატომ იყო აუცილებელი, განა მარკესის "მარტოობის ას წელიწადში" არ ვხედავთ იმის მაგალითს, რომ "მომავლის გადარჩენის" გარეშეც შეიძლება სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის უძლეველობის იდეით გამსჭვალული ნაწარმოების შექმნა? მარკესთან მთელი იქ დახატული სამყარო ისპობა, ნადგურდება, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომანი ნაკლებად აღგვიძრავს უიმედობის, განწირულობის განცდას.

მიუხედავად ზემოთქმულისა, "საით წავიდნენ შუმერები" წარმატებით განხორციელებულ მხატვრულ ცდად მესახება, რადგან ფინალის ბანალურობა მაინც არ აღიქმება (პირადად ჩემთვის) მხატვრულ ჩავარდნად. ის კი არა, ამ ბანალურობის საგანგებოობაზეც კი შეიძლება ლაპარაკი. ბოლოს და ბოლოს, ორიგინალობაც არ არის თვითმიზანი. მთავარი შეძლო ავტორმა _ ეს მოთხრობა ცოცხალი სხეულია, ორგანული მთლიანობა; იგი სიამოვნებით იკითხება და ჩვენი გარემომცველი რეალობის, ჩვენი ყოფის თავისებური, განსხვავებული კუთხით დანახვის საშუალებასაც გვაძლევს.



კალენდარი
ოქტომბერი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი