მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
სოხუმი... ჩემი თეატრი

ჩემი მშობლები ნიკოლოზ და ლიდა მიქაშავიძეები თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის პირველი თაობის მსახიობები იყვნენ. შემდეგ მამამ და სხვა ახალგაზრდა მსახიობებმა, ს.ჭელიძესთან ერთად გადაწყვიტეს სამუშაოდ სოხუმში წასულიყვნენ. ზოგი მსახიობი ოჯახებით თეატრის შენობაში ცხოვრობდა ჩგ.გაბუნია, ნ.ყიფიანი, კ.ბოკუჩავა, მ.ჩუბინიძე, ფ.შედანია, ლ.ყარალაშვილი, ნ.მიქაშავიძე და აფხაზი მსახიობები-. ქართველ და აფხაზ მსახიობებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჭირსა თუ ლხინში ერთად იყვნენ. ჩვენც, მსახიობების შვილებს, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. თეატრის სიყვარულით ვიზრდებოდით და უმეტესობა მსახიობები გავხდით: გ.გაბუნია, ია ბოკუჩავა, ეთ.კოღონია, ს.ტბარი, ლ.მიქაშავიძე, კ.გაბელაია, გ.ფარცვანია, ხ.ხობუა, რეჟ. ა.კვაჭაძე. მუსიკოსები: ვ.ჩუბინიძე, ვ.ყიფიანი და გორგაძეების მთელი პლეადა.

კარგად მახსოვს ის საბედისწერო ღამე, როდესაც თეატრის ძველი შენობა დაიწვა. ეს იყო 1943 წლის 30 დეკემბერს, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, როცა ყველას ეძინა. შუაღამეს ცეცხლი უკვე მთელ შენობას მოედო. მამა და სხვა მსახიობები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებოდნენ. მე და დედას მაშინ გაგვეღვიძა, როცა კარები და მინები იწვოდა. კვამლში გახვეულები ძლივს მოგვძებნეს და სახანძრო კიბით ეზოში ჩაგვიყვანეს. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ამის დავიწყება შეუძლებელია - ბედად გადავრჩით. ჩვენ, ბავშვები რუსთაველის პარკში, საბნებში გახვეულები, ჩემოდნებზე ვისხედით და შეშინებულები შევყურებდით, როგორ იწვოდა თეატრის ეს უზარმაზარი შენობა. მეზობელი ქალაქებიდან ჩამოვიდნენ სახანძრო რაზმები, მაგრამ შენობა მაინც მთლიანად დაიწვა. მსახიობები საცხოვრებლად ქალაქის სხვადასხვა უბანში გაგვანაწილეს. ჩვენ დროებით სასტუმრო "რიწაში" დავბინავდით.

1946 წელს სტალინის ბრძანებით თეატრის აღდგენა დაიწყო. მაშინ საოლქო კომიტეტის მდივანი იყო ა.მგელაძე, რომელსაც ხელოვნება ძალიან უყვარდა და მსახიობებს ყოველმხრივ უწყობდა ხელს. სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო და ძალიან ბევრი გერმანელი ტყვე ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს ტყვეები გამოიყენეს თეატრის მშენებლობისთვის ჩთეატრს აშენებდა #6 ტრესტის მმართველი ბატ. ლ.გვათუა, მთავარი ინჟინერი იყო ა.ჟვანია. ქალაქის მთავარი არქიტექტორი - ო.ლითანიშვილი-. მოსახლეობამ დიდი თანხა შემოსწირა თეატრს. მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა. ჩვენ, ბავშვები თითქმის თეატრის ნანგრევებში გავიზარდეთ. მაინც არ ვშორდებოდით ჩვენს ძველ სახლს, ჩვენს თეატრს. და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად ძნელი იყო ჩემთვის მისი დატოვება.

მახსოვს თეატრის გახსნის დღე - 1952 წლის 21 დეკემბერი ჩსტალინის დაბადების დღე-, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან სტუმრები ჩამოვიდნენ. თეატრმა უამრავი საჩუქარი მიიღო ჩგაყოფის დროს კი არც ერთი არ გვერგო, გარდა მოზაიკით შესრულებული სტალინის სურათისა და ეზოში გადაგდებული შოთა რუსთაველის ბიუსტისა-. მაშინდელ გაზეთებში იწერებოდა: "ქართული ორნამენტებით აშენებული თეატრი", "ქართული დარბაზები". აფხაზები თეატრს ლექსებს უძღვნიდნენ. ლექსებს ჯერ კიდევ ქართული შრიფტით წერდნენ. აფხაზი მსახიობები ქართულ სპექტაკლებშიც მონაწილეობდნენ.

მე და მამა სამუზეუმო მასალებს ვაგროვებდით. უამრავი უნიკალური მასალა ჩფოტო თუ საგაზეთო- შევკრიბეთ არაპროფესიული თეატრის პერიოდიდან მოყოლებული, ვიდრე აფხაზეთის ომის დაწყებამდე. ეს ყველაფერი ინახებოდა თეატრის მუზეუმში, ჩვენს ოჯახში. თეატრის მუზეუმის გამგე იყო აწგანსვენებული, საქართველოს დამსახურებული არტისტი ო.კანდელაკი. იგი არაპროფესიული თეატრიდან მოვიდა სოხუმის თეატრში და მსახიობად მუშაობდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის შექმნაში. ქალბატონმა ოლიამ იცოდა, რომ მე ძალიან მაინტერესებდა თეატრის წარსული და ბევრი საინტერესო მასალა დამიტოვა უნიკალური ფოტოებით. როდესაც ლოგინად ჩავარდა, მთხოვა მომევლო ყველაფრისთვის და მისი საქმე გამეგრძელებინა.

მახსოვს ის დღე, როდესაც ქართული და აფხაზური თეატრი "გავიყავით". ეს იყო 1979 წელს. არა, ჩვენ მათ არ გამოვუყრივართ. მთავრობის დადგენილებით, როდესაც სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს აფხაზური თეატრი და არა აფხაზეთის თეატრი ეწოდა, ჩვენ დავტოვეთ იგი და გადავედით პიონერთა სახლის შენობაში, რომელიც ავარიული მდგომარეობის გამო მიტოვებული იყო. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმ თეატრის დატოვება, ისევე როგორც სხვა ძველი მსახიობებისათვის. მე და ბატ. აკაკი ბოკუჩავამ ყველაზე ბოლოს დავტოვეთ შენობა. ასე მეგონა ჩემი ოჯახი, ჩემი ბავშვობა დავტოვე. პირველ თეატრალურ ნათლობას, უდიდეს სიყვარულს სცენისადმი მე ხომ იმ თეატრში, საუკეთესო მსახიობების შემოქმედებით ვეზიარე. ესენი იყვნენ: მ.თბილელი, ს.ყანჩელი, ლ.საყვარელიძე, ნ.ყიფიანი, ფ.შედანია, ვ.ნინიძე, ირ.დონაური, თ.მაქარაშვილი, ლ.ჭედია, ნ.მიქაშავიძე, ა.ბოკუჩავა, ბ.გამრეკელი, ზ.ლაფერაძე, ვ.ნეფარიძე, თ.ბოლქვაძე, ო.კობერიძე, გ.ფრჩხუა, ს.კალანდაძე, გ.რევაზიშვილი და სხვ. მათი ჩამოთვლა შეუძლებელია. თვითონ მე მოწაფეობის პერიოდში არაერთ სპექტაკლში მიმიღია მონაწილეობა. დავტოვე თეატრი, დავშორდი იმ აფხაზ მსახიობებს, რომელთა თვალწინაც გავიზარდე, შემდეგ ვცდილობდი იმ თეატრისკენ არ გამევლო. ის შენობა ბევრ კარგ მოგონებასთან იყო დაკავშირებული და გული მტკიოდა.

პიონერთა სახლის შენობა უვარგისი იყო და რამდენიმე თვის შემდეგ თბილისიდან მოვიდა პროექტი. დამტკიცდა, რომ ქართული თეატრი აშენებულიყო რუსთაველის პარკში, აფხაზური თეატრის პირდაპირ.

ქართველების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველა წარმოება-დაწესებულებამ სურვილი გამოთქვა, თავისი წვლილი შეეტანა ამ მშენებლობაში, მაგრამ შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა - აფხაზებს სურვილი გაუჩნდათ სწორედ იმ ადგილას ეწარმოებინათ არქეოლოგიური გათხრები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იქ ისტორიული ძეგლები იყო. მაშინ თეატრი გადავიდა ჩემი ბავშვობისდროინდელ თეატრში ჩსადაც ხანძრის გაჩენის შემდეგ მუშაობდნენ-. ეს შენობა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზად იყო გადაკეთებული. ჩვენ მაინც კმაყოფილნი ვიყავით - შენობა ქალაქის ცენტრში იყო. წინათ აქ იდგმებოდა საუკეთესო სპექტაკლები, კარგი რეჟისორებითა და მსახიობებით. მაყურებელს ახსოვს ეს თეატრი. მოზღვავებული მაყურებლის შეჩერება მილიციის გარეშე შეუძლებელი იყო. თეატრმა დაიწყო მუშაობა და, რასაკვირველია, გათხრები რუსთაველის პარკში არ შედგა.

აფხაზური თეატრის შენობაში იყო მუზეუმი, რომელშიც ორივე თეატრის მასალები ინახებოდა. გაყოფის შემდეგ ძალიან მაწუხებდა, რომ თეატრის დირექციამ მუზეუმის მასალები ქართულ თეატრში არ გადმოიტანა. არც მუზეუმის მაშინდელ გამგეს და არც სამინისტროს არ უზრუნვია ამაზე. რამდენჯერ არ მივმართე აფხაზეთის კულტურის მაშინდელ მინისტრს ჩა.არგუნს-, ყოველთვის გადასდო. მე ხომ მსახიობი ვიყავი! როდესაც აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, მივმართე მინისტრის მოადგილეს ბატ. შ.აბუთიძეს. დავითანხმე აფხაზური თეატრის დირექცია, ჩვენი მუზეუმის მასალები რომ გაეტანათ და ომიც დაიწყო.

დაიწყო საშინელი დაბომბვები, ნგრევა. მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსახიობების უმრავლესობა იბრძოდა. მეც ექიმებს ვეხმარებოდი, მაგრამ მუზეუმზე მაინც ვწუხდი. როდესაც აფხაზური თეატრის გვერდით ისტორიის მუზეუმი დაიწვა, ვიცოდი, რომ საფრთხე ელოდა ამ თეატრსაც, ვინაიდან სანაპიროს ზღვიდან ბომბავდნენ. გვარდიელები ყუთების ჩამოტანაში დავიხმარე და სასწრაფოდ დავიწყე ჩალაგება.

ასევე შევთავაზე სოხუმში დარჩენილ აფხაზური თეატრის ძველ მსახიობებს, გადაგვერჩინა მათი მუზეუმის მასალებიც და შენობიდან გაგვეტანა. მე მეგონა მსახიობები მაინც გაუფრთხილდებოდნენ ერთმანეთის შემოქმედებას, მაგრამ ვერ დავიყოლიე - ეშინოდათ. ბოლოს მაინც მე მომიწია გამეყო ერთმანეთში არეული მასალები. წინა დღეს ჭურვი მოხვდა მუზეუმის მხარეს, ჩამოანგრია ის ადგილი, სადაც კარი იყო. სამი დღე მოვუნდი ჩალაგებას. შუაღამეს მივდიოდი სახლში. წასვლისას დიდი მუყაოს ქაღალდზე დავაწერე "ძალიან გთხოვთ ხელი არაფერს ახლოთ, აქ ქართული თეატრის მუზეუმის მასალებია" და "ყველა ქართველი გაუფრთხილდეს აფხაზური თეატრის მასალებს". თეატრი ყოველი მხრიდან იბომბებოდა, მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. ვათვალიერებდი მასალებს, ალბომებს და უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა დამეუფლა. ყველა ძველ მსახიობს თავისი ალბომები სურათებით, რეცენზიებით მოუტანია მუზეუმში, რომ ჩვენ, მომავალი თაობა, მათ პატრონად გამოვდგომოდით და ასე მეგონა, რომ ეს პატრონი, ამ საშინელი განუკითხაობის დროს, მე, მათთან გაზრდილი, მათივე კოლეგა უნდა ვყოფილიყავი. მასალები იყო 1885 წლიდან 1980 წლამდე. ერთხელ როდესაც გუმისთიდან შემოუტიეს, გვარდიელები შემოცვივდნენ და მირჩიეს დამეტოვებინა შენობა. მე რომ არ დავთანხმდი, სიესის ბალონი დამიტოვეს თავის დასაცავად. შემდეგ გორის ბატალიონის და სვანების დახმარებით ლ.კუპრეიშვილის თანდასწრებით ყუთები ჩვენს თეატრში გადავიტანეთ.

ვწუხვარ და ვსაყვედურობ საქართველოს კულტურის სამინისტროს, რატომ არ ფიქრობდნენ გადაერჩინათ ქართული თეატრის მუზეუმი. ყველამ თავისი საქმე აკეთოსო, ვამბობთ. ჩვენ იქ ვიყავით საჭირო. განა არ შეიძლებოდა, თვითმფრინავებით მებრძოლები რომ ჩამოჰყავდათ სოხუმში, იმის ორგანიზაცია გაკეთებულიყო, რომ უკან მიმავალი თვითმფრინავით მოგვენდომებინა და დაჭრილებთან ერთად ყუთებში გამზადებული ეს უნიკალური მასალები გაგვეტანა. წელიწადზე მეტი ხომ ჩვენ ვაკონტროლებდით სოხუმს.

სიტყვას მოჰყვა და მინდა ესეც ითქვას. განა ყველაფრის დათმობაზე არ მივდიოდით? საქართველოს სახალხო არტისტი რომ გარდაიცვლებოდა, აფხაზს უკეთებდნენ მემორიალურ დაფას, ქართველს კი - არა. ერთ სახლში კ.შაკრილს ჰქონდა მემორიალური დაფა. იმავე სახლში ლეო ჭედიას კი - არა. ისინი ორივე საქართველოს სახელმწიფო არტისტები იყვნენ. მე იმ ქალბატონსაც დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ რა დანაშაულისთვის არ ჰქონდა რეჟისორ, დრამატურგ, მსახიობ ლეო ჭედიას და სხვებს, მემორიალური დაფა. რასაკვირველია, ამაზე კულტურის სამინისტროს უნდა ეზრუნა.

ომის დამთავრების წინა თვეს, როდესაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ქალაქმა ამოისუნთქა. დაბრუნდა მოსწავლე-ახალგაზრდობა, ბავშვები. ჩვენც შევიკრიბეთ თეატრში. მოვიდა ბატონი ჟიული შარტავა და ქალაქის მერი გურამ გაბისკირია. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ. ყველას გვეგონა ომი დამთავრდა. შეკრებაზე სიტყვითგამოვიდა ბატონი ჟიული შარტავა. მოგვეფერა, გაგვამხნევა და დაგვაიმედა. მახსოვს ცისფერი პერანგი ეცვა, ასე ძალიან რომ უხდებოდა მის ცისფერ თვალებს. ფიზიკური და სულიერი სიწმინდე იფრქვეოდა მისგან. მეც ვითხოვე სიტყვა. ვთქვი, რომ მიუხედავად იმ საშინელი უბედურებისა, რაც ჩვენი კოლეგების დაღუპვით განვიცადეთ, მაინც ბედნიერები ვართ, რომ ომი დამთავრდა. ჩვენ ყველანი ჩვენი ხელით ავაშენებთ დანგრეულ ქალაქს. ამის გამოცდილება გვაქვს სოხუმელებს და გავიხსენე სოხუმის მთაზე ფუნიკულიორის მშენებლობა. თვალწინ მიდგას ბატონი ჟიულის გაბრწყინებული სახე, უხაროდა ჩვენში რომ ოპტიმისტურ განწყობილებას ხედავდა. გამომშვიდობებისას მომიახლოვდა, ხელზე მეამბორა და მითხრა: "თქვენი სახით ყველა მსახიობ ქალს მივესალმები".

და მაინც, 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქალაქზე შეტევა განახლდა. აფხაზები შტურმით აპირებდნენ სოხუმის აღებას. 27 სექტემბრამდე იბომბებოდა, იწვოდა და ინგრეოდა ჩვენი ნასათუთები ქალაქი. გული მტკიოდა - ეს ქალაქი ხომ ჩემთან ერთად გაიზარდა. იხოცებოდა ჩემი ქართველობა და ვტიროდი. სიკვდილი და ასეთი სასტიკი? მოკლეს, ცოცხლად დაწვეს, თავები წააჭრეს, ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, ამაზე მეტი ფაშიზმი რა უნდა იყოს.

მთელი ომის მანძილზე სოხუმი არ მიმიტოვებია. ჩემი ვაჟი გ.ფარცვანია ავღანელთა სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლია. მე დაჭრილ მეომართა დახმარების დედათა კომიტეტში ვიყავი. ვცდილობდი რაიმეთი დავხმარებოდი ჩვენს მეომრებს.

ვნახე, თუ როგორ იზეიმეს ჩვენზე გამარჯვება აფხაზმა "ძმებმა და მეგობრებმა". ვიდექი გაოგნებული და თვალები ცრემლებით მევსებოდა. საშინელი შეგრძნებაა წაგებულის მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც თავს შეურაცხყოფილად და განადგურებულად გრძნობ.

28 სექტემბერს, დღის 5 საათზე უკანასკნელი თვითმფრინავი აფრინდა ბაბუშარის აეროდრომიდან. აცრემლებულმა დავტოვე სასაკლაოდ ქცეული ჩემი ქალაქი, სადაც დიდი რისკის ქვეშ დარჩნენ მებრძოლი მსახიობი ბიჭები. მათ შორის, ჩემი ვაჟიც.

ამაოდ ელოდნენ ისინი დამხმარე ძალას. ორი დღის შემდეგ ისინიც ჭუბერის გზას დაადგნენ.

ავტორი: ლიანა მიქაშავიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი