მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
წერილი ჩემს დედას

ულმობელია ჟამთასვლა...

დრო გარბის, შენს თავს რამდენიმე თვე მაშორებს.

როგორ მომენატრე, დედა!

ნეტავ, ჩემს გვერდით იყოფდე ყოველდღიურობით წილნაყარ ავ-კარგს, ნეტავ ერთად ვხვდებოდეთ ტკივილიან აისს და დაისს, ნეტავ ერთად გვკლავდეს მშობლიური სანახების განშორებით გამოწვეული ნოსტალგია, ნეტავ...

მესმის შენი, დედა, იქ დარჩი, რადგან ვერ შეელიე ბავშვობიდან შრომა-ჯაფით ნაშენებ კარ-მიდამოს, შენს ასაკში ძნელია ფუძის მოშლა, სხვის კარზე სამადლოდ ყოფნა.

- ეგრე რად ამბობ, სხვის კარზე რათაო, - ვიცი, შემედავები, მაგრამ სიმართლე მწვავეა და მკაცრი, ჩვენ ლტოლვილები გვქვია, დედი.

ახლა, თქვენთან, ჩვეულებისამებრ მტრედისფრად თენდება ყოველი დილა და ვეება მზე მეწამულისფრად ეშვება ლილისფერ ზღვაში. ხომ ეგრეა, დედა? მაგრამ წარმოიდგინე, შენ ჩვენზე ბედნიერი ხარ, ასე თუ ისე, იმ მიწაზე გიდგას ფესვები, სადაც ყოველი ჩვენთაგანი სამუდამო ადგილსამყოფელს ვინატრებდით.

მართლაც დედი, ისე ლამაზად განა სადმე თენდება, როგორც ჩვენთან, აფხაზეთში?

კარგა ხანია, მიმოზა აყვავდა თქვენთან. ეს ერთი თვის წინ ვიგრძენი, როცა ყვითლად აბრიალებული ლამაზი ტოტი ლამაზ ქალს ეჭირა თოვლით გადაპენტილ თბილისში. სითბო და ტკივილი ერთდროულად შემოიჭრა სულში. ტირილისგან თავი შევიკავე, მერე რა, რომ იქ ნაღდმა გაზაფხულმა მოიკიდა ფეხი, აქაც მოვა გაზაფხული, ოღონდ ნაგვიანევი, მაგრამ მაინც მოვა მეთქი.

ახლა შენს ეზოში კვირტები სასიცოცხლოდ ფეთქდებიან, ახალ სიცოცხლეს უდებენ დასაბამს, ტყემალს რომ თოვლივით გადაპენტილი ექნება არემარე, ატმის ყვავილობა ისე შეაჯერებს ცასა და მიწას განუმეორებელი სიმშვენიერით, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებს გზასაცდენილ კაცს, რომ ბუნების წინააღმდეგ ხელყოფა არც ერთ დროში არავის არ შერჩენია.

ნეტავ, ვაზი რასა იქმს დედი?

ალბათ თვალშეუმშრალად ტირის, უხმოდ მოთქვამს, ცრემლებსა ღვრის, რადგან მანაც შენსავით თვალნათლივ დაინახა, როგორ უღვთოდ იღვრებოდა უმანკო სისხლი ცოდვა-მადლით დამძიმებულ დედამიწაზე და რაოდენ დაწყევლილნი ვართ ადამის მოდგმანნი იმ უკეთურობისათვის, გაუტანლობისათვის, შურისა და ღვარძლისათვის, რომლებიც გზასაცდენილებმა ვთესეთ და ვანთხიეთ.

ჩიტმა ამბავი მომიტანა, გადაწვესო დედ-მამისეული სახლ-კარი.

მესმის შენი ტკივილი.

იქნებ ჯობდა, ადრევე გამორიდებოდი იქაურობას და ოჯახის დაქცევა საკუთარი თვალებით არ გენახა. ვინ იცის, რა სჯობდა, თუმც, ყველაფერს, რა თქმა უნდა, ომი სულაც რომ არ ყოფილიყო, ისა სჯობდა.

მებრალები, დედი, შენს თვალწინ იმდენი ცოდვა რომ ტრიალებს. რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, მზე და სიცოცხლე რომ სწყუროდათ. ისინი ქართველობასა და საქართველოს იცავდნენ, დედა, სჯეროდათ და სწამდათ საქართველოს ტერიტორიული ურღვეობისა და ვაი, თუ მარად მოტყუებულები დარჩნენ.

ახალგაზრდა თაობა უბედური თაობაა, დედა, ჩვენც კარგა გვარიანად მოგვდრიკა ცხოვრებამ. 70 წლის მანძილზე ცრუ ისტორიის სწავლებამ, უსახური ათეიზმის ქადაგებამ, ადამიანისათვის მიუღებელი იდეოლოგიის გამეფებამ, კაპიკებისათვის სულის გაწირვამ, ტაძრებში ფულისათვის გალობამ უშედეგოდ არ ჩაგვიარა.

და ვართ ახლა ასე - უღვთოდ, უწარსულოდ, უსამშობლოდ დარჩენილები.

და მანამ, სანამ ქართველში არ გაიღვიძებს ქართველი, ჰყიდიან, ასაჩუქრებენ, იტაცებენ და იზომავენ საქართველოს.

ახლა ხშირად გაიგონებ თავგზააბნეულ უბედურთაგან, ღმერთი მოკვდაო, ისე, როგორც კვდებიან მოკვდავნი. შენ ხომ არა გჯერა ამ ზღაპრისა, დედა. სიცრუე აღმართეს სიმართლედ - შენ ხომ მზის სიკვდილს არ დაიჯერებ, დედი!

ასევე მეც არ მინდა დავიჯერო, რომ ვერ გნახავ, მაპატიე, დედა, იმ ყურადღებას რომ ვერ გაქცევდი, რასაც შენ იმსახურებდი. მიტომაც გვაცოდვილებს ასე წუთისოფელი. ვიცი, ყოველ დღეს იმედით ხვდები,, გველოდები, გჯერა, გწამს. მიტომაც არ გემეტება კერა დასაბრუნებლად, დანაცრული, მაგრამ მშობლიური, საკუთარი სისხლნაწილადები. ავად თუ კარგად, გინდა შენი ხელებით გამთბარი კერა დაგვახვედრო.

ნუ აჰყვები ცრუ იმედებს, დედა. ცოდვა გამხელილი სჯობსო, ჩვენი დამბრუნებელი არავინაა. მწარეა სიმართლე, მაგრამ პირადად, მწარე სიმართლე მირჩევნია ტყუილს. ტყუილი არაქრისტიანულია. მას გამყიდველის სუნი უდის. დაბრუნება, დედა, იცი როგორ მინდა? არაფერი არ მინდა, მშობლიური მიწის გარდა, პირველი გამოვიქცევი და პირქვე დავემხობი მის სადიდებლად...

მისმინე დედა, ნუ დაყოვნდები, თუ კი არსებობს ამის შესაძლებლობა, გამოდი ენგურს გამოღმა, ჩამოდი აქ, თბილისში, ის ხომ ჩვენი დედაქალაქია?

ისე კი, დიდხანს ვფიქრობდი, ერთი უსიამოვნო ამბავი მეთქვა თუ არა შენთვის, მაგრამ საცა ბევრი, იქ ესეც იყოს მეთქი: იქ დარჩენილებს ზოგნი გამყიდველებს გიწოდებენ, დედი! ჩგეცინება?- რას იზამ, უკიდურესობაში გადავარდნა გვიყვარს ქართველებს, მტერი ყოველთვის მოყვრად მიგვიღია, ჭეშმარიტი მამულიშვილნი - შეგვირისხავს. ამიტომაც წავაგეთ ომი აფხაზეთში. ზოგი ადრევე შეურიგდა ბედს, გამოერიდა აფხაზეთს. ზოგიც მტერთან თანამშრომლობის გზას დაადგა, მაგრამ არის ერის ღირსეული ნაწილი, რომელიც ვერ მოისყიდეს, ვერ გადაიბირეს. ასეთებს გაგიხადეს საქმე სამალავად...

მიჭირს შენთან საუბრის დამთავრება, დედი. შენი განუმეორებლად ლამაზი, კეთილი თვალები მოსვენებას არ მაძლევენ. რაღაცას მთხოვენ, მევედრებიან, მაინც რასა მთხოვ, დედა!

ღმერთმა ინებოს, სახარებისეული უძღები შვილივით დაგიბრუნდე. შორეულ ქვეყანაში ბევრი რამ გავიგე, რამაც გამიღრმავა შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. როგორც უსახსროდ და უსამშობლოდ დარჩენილი ძე შეცდომილი გახდა იძულებული, სხვას დასდგომოდა მოსამსახურედ და ღორების კოლტი ემწყემსა, ჩვენც ისევე იძულებულნი ვართ... მაპატიე, ყველაფერს ვერ გეტყვი, დედი... მაინც მაქვს იმედი, რომ დაგიბრუნდები, რომ გამოჩნდება კაცი, ვინც ამ დიდი მისიის შესრულებას იტვირთებს. დღეს მრავალს უნდა ქრისტეს სახით წარსდგეს, მაგრამ შენ ხომ იცი, ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და ამდენ მსურველში ძნელია ჭეშმარიტის გაცხადება.

ისე კი, ის რომ მოვიდეს, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ მისი ღირსნი, დედა?

p.s. ეს წერილი ჯერ კიდევ 1994 წლის თებერვალში დაიწერა, მაშინ, როცა როგორც ჩემი, ასევე სხვისი დედების დიდი ნაწილი არ ტოვებდა მშობლიურ მიწა-წყალს ჩვენი მალევე დაბრუნების ღრმა რწმენით. მათ იქ გადარჩენისათვის ტყე-ღრე და სიმინდის ყანებში უწევდათ ღამის გათენება, და ისინი, ვინც ვერ გამოიჩინა სათანადო სიფხიზლე, საკუთარი სახლების ფერფლად ქცეულ კედლებს შეუერთდა...

ეს წერილი მაშინ არ გამოქვეყნებულა... მაგრამ მკითხველი დამეთანხმება, რომ ჩვენს დაბრუნებასთან გამოთქმული თვალსაზრისი დღესაც ისევე აქტუალურია.

დედაჩემი, ლიზა ქარჩავა ჯერ კიდევ 1994 წლის აპრილში ჩამოვიდა, სახლ-კარის გადაწვის შემდეგ, ჩამოვიდნენ სხვათა დედებიც. დაღლილ-დაქანცულები სულის მოოხებას ეცადნენ, მაგრამ მათაც ადრე ჩამოსულთა მსგავსად მარადიულ მარათონში უწიათ ჩაბმამ.

ბრუნავს დედამიწა და შეუსვენებლივ ვტრიალებთ ჩვენც,

სანამ?

ავტორი: ცისანა მსხვილიძე


კალენდარი
დეკემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი