მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
გმირობის ტოლფასია ეს

ღამით არ სძინავთ ნორმალურად. შიშის გრძნობა აღვიძებთ ხშირად... დღისით ვერ მიდიან შორს, ვერ ყიჟინებენ ძველებურად, ვერ აგორებენ ბურთს უწინდებურად...

ფრთხილი ბავშვობა აქვთ, ფრთხილი და მფრთხალი...

ასეთია დღეს ენგურსგადაღმა მცხოვრებ ქართველ მოზარდთა ბავშვობა.

მაინც აქ ურჩევნიათ, თავიანთ მიწა-წყალზე...

გმირობის ტოლფასია ეს.

ამიტომაც ვამბობ, ქ-ნ ნინო სიჭინავასთვის - გალის რაიონის სოფელ ფიჩორის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის - "წლის საუკეთესო მასწავლებლის" წოდება ცოტაა მეთქი. მას "ღირსების ორდენიც" ეკუთვნის და მამაცობისაც. მასაც და სხვებსაც, დღეს ენგურგადაღმა რომ იღვწიან და შრომობენ, ქართველ ბავშვებს სულიერად რომ ამხნევებენ და მამულის სიყვარულს არ უკარგავენ, ქართული გენის ძლიერებასა და უკვდავებაზე რომ ესაუბრებიან და იმედს უნერგავენ. დიახ, ძნელია, დამარცხებულთა შვილებს ამაზე ესაუბრო და ეს შთააგონო. გინდა, არ გინდა, დამარცხებული გქვია დღეს შენ და ფსიქოლოგიაც ძალაუნებურად გეცვლება. განსაკუთრებით მოზარდის ფსიქიკაზე ტოვებს ყოველივე უდიდეს კვალსა და გავლენას.

ამიტომაც მრავალმხრივი მოვალეობა აწევთ დღეს იქაურ მასწავლებლებს. ისინი პედაგოგებიც არიან, მრჩეველნიც, მკურნალნიც და მოძღვარნიც.

სწორედ ასე ფიქრობს ნინო სიჭინავა. მას სჯერა, რომ მხოლოდ კლასიკოსთა შესწავლით არ უნდა შემოიფარგლოს, სწამს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მერვე კლასის ხელმძღვანელია დღეს ის და თავისი დროის უმეტეს ნაწილს ამ ბავშვებთან ატარებს. ერთად კითხულობენ და ერთად ოცნებობენ. ყველაზე მეტად ამ ასაკში, გარდატეხის ხანას რომ ვეძახით ჩვენ, უფროსები, სჭირდება მოზარდს სათუთი დამოკიდებულება, დიდი გულისხმიერება და უზადო ტაქტი. ცოტათი რომ შეცდე, უკვე მოსწავლე აღარასოდეს გენდობა, არასოდეს დაგიჯერებს. ან ვინ არ იცის, რომ ყველაზე მკაცრი შემფასებელიცა და ყველაზე ძლიერი დამფასებელიც ბავშვია. ამიტომ ზომიერების გრძნობამ არ უნდა გიღალატოს მასწავლებელს.

ქ-ნი ნინო ამ მხრივაც გამორჩეულია. ზოგს უფროს დასავით ექცევა, ზოგს კიდევ - როგორც მკაცრი დედა. ეს ყოველივე სკოლის კედლებს გაღმა ხდება, შიგნით კი - მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებელია. არავის აპატიებს უცოდინარობას, უვიცობასა და სიზარმაცეს.

გალის რაიონის სოფელ ფიჩორის საშუალო სკოლის დირექცია დიდ პატივს სცემს თავისი კოლექტივის ამ წევრს, "წლის საუკეთესო მასწავლებლად" აღიარებს და ამბობს:

"ქ-ნი ნინო სიჭინავა საფუძვლიანად ფლობს საგანს. არის ტაქტიანი, სისტემატიურად იმაღლებს პროფესიულ დონეს, უყვარს თავისი პროფესია, დაუფლებულია სწავლების ხერხებსა და მეთოდებს. აქტიურად მონაწილეობს მეთოდგაერთიანების მუშაობაში. უშურველად უზიარებს პედაგოგებს სიახლეებს. იგი მთელი მონდომებით მუშაობს იმ ბავშვებთან, რომლებიც განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენენ ქართული ენისადმი. სუსტ მოსწავლეებთან კი ატარებს დამატებით გაკვეთილებს.

ნინო სიჭინავა, როგორც კლასის ხელმძღვანელი, სანიმუშოა. უყვარს ბავშვები. მჭიდრო კონტაქტი აქვს მშობლებთან, ახასიათებს შემოქმედითობა."

ყველაზე საუკეთესო დახასიათება მაინც ერთ-ერთი მოსწავლის თემიდან აღებული ფრაზაა:

"მე ძალიან მიყვარს ნინო მასწავლებელი. ვოცნებობ, გავხდე ისეთივე გულისხმიერი, სათუთი და, ამავე დროს, მკაცრი, როგორიც ისაა".

დიახ, მოსწავლე ყველაზე უკეთესი შემფასებელიცაა და დამფასებელიც.

ვულოცავთ ქ-ნ ნინოს ამ დიდ შემოქმედებით გამარჯვებას და ვუსურვებთ, კიდევ მრავალი მწვერვალი დაელაშქროს.

მანანა ჯინჯოლია

თითქმის ყოველთვის პირველი მასწავლებელი დაწყებითი კლასების პედაგოგთან ასოცირდება, რადგან ისაა შენი თვალების ამხელი და ამ სამყაროს სხვა თვალებით დამნახველი. მე კი რატომღაც ჩემი ზოია მასწავლებელი წარმომიდგება უმალ თვალწინ და გული სევდანარევი სიხარულით მევსება. სევდანარევი იმიტომ, რომ არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა, გამოაღწია თუ არა ალმოდებული სოხუმიდან, სიხარულით კი იმიტომ, რომ მისი მოგონება ჩემში დაუვიწყარ შეგრძნებებს იწვევს. უმალ მისი სახე და კეთილი თვალები წარმომიდგება, მახსენდება, როგორი ჯადოსნური ფერებით გვივსებდა ბაღის ცეროდენა გოგო-ბიჭებს სამყაროს, როგორ დავყავდით სასეირნოდ, როგორ გვასწავლიდა ხატვას, განსაკუთრებით საახალწლო ღონისძიებები ჩამრჩა მეხსიერებაში. ვერ დავიკვეხნი, ყველაფერი მახსოვს მეთქი, მაგრამ საბავშვო ბაღის ხსენება ჩემში ინსტიქტურად სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამიტომ ხშირად ვფიქრობ, ნეტავ პირველ მასწავლებლებში ბაღის პედაგოგებს რად არ იხსენებენ მეთქი?

ქ-ნ მანანა კალისტრატეს ასულ ჯინჯოლიას ეს საფრთხე არ ემუქრება, რადგანაც იმდენად განსხვავებული და გამორჩეულია, რომ ბავშვები ძალაუნებურად მიილტვიან მისკენ, არც ავიწყდებათ და არც შორდებიან. თუმცა კი უკვე სკოლის მერხებს უსხედან, მაგრამ ხშირად აიძულებენ დედებს, მანანა მასწავლებელთან მიიყვანონ. ისიც ძველებური სინაზითა და სიყვარულით ხვდება თავის წამოჩიტულ გვრიტებს და სითბოსა და ალერსს არ იშურებს მათთვის. ეს, ალბათ, მისი თანდაყოლილი ნიჭია, თორემ პროფესიით ბიოქიმიკოსია. კაცი იტყვის: სად ბაღი და სად ქიმია-ბიოლოგიაო?! - მაგრამ ვინც ქ-ნი მანანას ღონისძიებებსა თუ გაკვეთილებს დაესწრება, მიხვდება, რომ სწორედ ეს ყოფილა მისი მოწოდება. სხვა ამპლუაში მას უკვე ვერც წარმოვიდგენთ.

ქ.ჯვარის დევნილთა საბავშვო ბაღის - "ცხუმის" - პედკოლექტივი ერთხმად აღიარებს მას საუკეთესო პედაგოგად და გულთბილად წერს:

"მანანა კალისტრატეს ასული ჯინჯოლია ქ.ჯვარის დევნილთა საბავშვო ბაღ "ცხუმის"-ის უფროსი ჯგუფის აღმზრდელია. ის 1991 წლიდან მუშაობს აქ.

ქ-ნი მანანა არის შრომისმოყვარე. თავის ენერგიას არ ზოგავს, რომ პატარებს შეაყვაროს მშობლიური გარემო, სადაც ისინი თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ.

ქ-ნმა მანანამ კარგად იცის, რომ ისედაც ათასგვარი კატასტროფით დამძიმებულ დედამიწას სჭირდება ახალი, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა. სწორედ აქეთკენ წარმართავს ის თავის ძალასა და ენერგიას და ცდილობს, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს ამ დიად საქმეში. ამაში მისი ღია გაკვეთილებიც დაგვარწმუნებს. ამავე დროს, არ არის არც ერთი მნიშვნელოვანითარიღი, რომელსაც ქ-ნი მანანა არ გამოეხმაუროს და თავის პატარებთან ერთად თავისი სიხარული არ გაგვიზიაროს.

მანანა ჯინჯოლია არც აფხაზეთს ივიწყებს და ცდილობს, ახალ თაობას, რომელიც სრულიად სხვა გარემოში დაიბადა და გაიზარდა, მშობელთა კუთხე არ დაავიწყოს, იქაური მიწა-წყლის სიყვარული ჩაუნერგოს და ქართველთ აფხაზეთთან გაუცხოების საშიშროება ააცილოს.

პრინციპული, ჭკვიანი, ენერგიული, შრომისმოყვარე, სამართლიანი, - ასე იცნობს თავისი პედკოლექტივი ქ-ნ მანანას".

ყველაზე უკეთ ქ-ნი მანანა ჯინჯოლიას შეფასება მისსავე პედკოლექტივს შეუძლია. ამიტომაც ჩვენ ვერაფერს დავძენთ, გარდა გულწრფელი მილოცვისა და ჩვენი კეთილი სურვილებისა.

დაე, მუდამ ესახელებინოს თავი ქ-ნ მანანას და დაე, მუდამ ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით ეხსენებინოთ მისი სახელი!

ვულოცავთ მას "წლის საუკეთესო მასწავლებლის" წოდებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!

აზა ქადარია

ავტორი: სვეტლანა ქარჩავა


კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი