მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
გაზაფზული - აპრილი...

აპრილმა უეცრად იცის მოპარვა... გგონია, ჭირვეული და ანჩხლი მარტი ჯერ არც დასრულებულა, მისი სუსხი და თოში საბოლოოდ არ გამქრალა, რომ უკვე იასამნისფრად აყვავებული აპრილი იცქირება სარკმელში... ატმის და ნუშის ყვავილებიდან გიღიმის, ვარდის ალისფერი კოკორიდან გიკრავს თვალს, ზამბახების და ნარცისების თაიგულებიდან გიქნევს ხელს...

ზამბახები...

გახსოვთ, მელნისფერი, ხავერდოვანი, ტანწერწეტა ზამბახები სოხუმის ქუჩებსა და სკვერებში? საგულდაგულოდ გაფხვიერებულ და მოვლილ, გულის ფორმის გაზონებში ჩარიგებული იდუმალი და რომანტიკული ზამბახები, რომელნიც ქუჩაში მოსეირნე წყვილებს სევდიანად აყოლებდნენ თვალს... ან ის სეიქვოას და კრიპტომერიის ხეები არ გახსოვთ, ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში, ბოტანიკური ბაღის რკინის ღობესთან მრავლისმეტყველად რომ შრიალებდნენ... ახლაც თვალწინ მიდგას ბაღის შუაგულში, მომაღლო ადგილას გაშენებული კაკტუსების პატარა, ეგზოტიკური კუნძული, ბამბუკის მშვენიერი ჭალაა და ვეებერთელა ბრძენი ძელქვა, რომლის ახლოს 1977 წლის აპრილში სამახსოვრო ფოტოც კი გადავიღე...

თუ ბოტანიკურ ბაღში ერთხელ მაინც ყოფილხართ, არასოდეს დაივიწყებდით მომწვანო წყლით სავსე აუზში გაფოთლილ სპეტაკ დუმფარებს, წყალში არეკლილი ფიჭვისა და ნაძვის ხეების ჩრდილქვეშ შეყუჟულ არაუკარიებსა და როდედენდრონებს.

ლენინის ქუჩაზე და სანაპიროზე ჩარიგებული ოლეანდრები თუ გახსოვთ, მეწამული და სპილოსძვლისფერი ყვავილებით და მათრობელა, მოტკბო სურნელით, რომელიც მთელს ქალაქს მშვენიერ, იდუმალ ბურუსში ხვევდა და ყველას თავგზას უბნევდა...

ისიც გახსოვთ, ალბათ, ამბობდნენ, ოლეანდრის ყვავილებმა თავის ტკივილის მოგვრა იციანო, მაგრამ მიუხედავად ასეთი შეგონებისა, არაერთხელ დამიყნოსია ეს პატარა, მათრობელა ყვავილები, ღრმად ჩამისუნთქია გაზაფხულის და აპრილის ხიბლი და სიხარულით აღმომიჩენია, რომ არც ერთ კუთხეში არ ყვავის ასეთი მშვენიერი და მათრობელა ხე, რომლის სილუეტიც მახვილებივით ამოწვდილ ფოთლებთან ერთად ზღვის ხედს, მის მოლურჯო-მოიისფრო სივრცეს ისე შერწყმია, როგორც ძველებურ, ხავერდის გობელენებზე ამოქარგულ ტყის პეიზაჟს შეღამების იისფერი ბინდი...

გახსოვთ, აპრილში სულ სხვა ხალისით იწყებდა ციმციმს ზღვაც... ზამთარში ნაცრისფერი და მღვრიე, გაზაფხულზე მოლურჯო სარკესავით იწყებდა ბრწყინვას, პატარა, ქათქათა ქალაქი კი ზღვასთან სულ ახლოს მისული ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ამ სარკეში საკუთარ თავს, მომწვანო-მოცისფრო წყალში არეკლილ ფერად კენჭებს და წყალმცენარეებში გახლართულ მედუზებს... გახსოვთ, როგორ ერწყმოდა ზღვაში შეცურებული კატერიდან წამოსულ მუსიკას, დაუმთავთრებელი პორტის კედლებიდან გადმოფრენილი თოლიების ფრთების ტყლაშუნი და ნაპირთან ჩარიგებული "ცალ ფეხზე მდგარი" პალმებისა და ტვიის ბუჩქების ფოთლების შრიალი...

გახსოვთ, ზღვისპირეთის წვიმა და წვიმაში გაბნეული ჭრელი ქოლგები - წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი, შავი... წვიმაში მოსეირნე, წვიმაში მოსიარულე, წვიმაზე შეყვარებული ქოლგები, როგორც დასტური და სიმბოლო იმისა, რომ პატარა ქალაქს არ ეშინოდა წვიმის, არ ეშინოდა ავდრის და საერთოდ არაფრის არ ეშინოდა, რადგან წვიმა დიდი ხანია მისი მეგობარი და მესაიდუმლე, მუდმივი სტუმარი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო...

ალბათ, ამ ოციოდე წლის წინ მოვარდნილი ხელერდიც გახსოვთ, რომელსაც ცოტა "მეტი მოუვიდა", ზღვა აადიდა და ნაპირზე გადმოიყვანა, ისიც გახსოვთ ალბათ, როგორ გადაუარა წყალმა ბეტონის ფილებს, და ერთ დილით ქალაქს წყალში გამოეღვიძა. ახლაც თვალწინ მიდგას ქუჩებში, სკვერებში, გაზონებში მუხლებამდე მდგარი წყალი და მღვრიე ნაკადში "მოსეირნე" სოხუმელები, რომელთაც ზონრებით გადანასკვული ფეხსაცმელები ხელში ეჭირათ და აუღელვებლად მიმოდიოდნენ ქუჩებში - "მიიჩქაროდნენ" ბაზარში, სამსახურში, ყავის დასალევათ...

დარწმუნებული ვარ, ისიც კარგად გახსოვთ, რა მოწიწებით და შინაგანი კრძალვით ვხვდებოდით მშვენიერი იგრიკას შემობრძანებას ზღვისპირელები, ვზეიმობდით ხარებას, ბზობას, მერე კი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

ოჩამჩირესთან ახლოს, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში ამ დღეებში განსაკუთრებული ხალისითა და კდემით წკრიალებდნენ ზარები, ელვარე, საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი მღვდელი და დიაკვნები ერთგულ მრევლს ხარების, ბზობის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მადლს და სიხარულს აზიარებდნენ... მახსოვს იქ, სრულიად პატარას, ეკლესიის კედლებში, საკმევლის სურნელით და კანდელების ციმციმით გაბრუებულს და აღფრთოვთანებულს არაერთხელ წარმომიდგენია სათნო და მშვენიერი, მარად ქალწული მარიამ ღვთისმშობელი, რომელსაც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიახარა, რომ იგი დედათა შორის გამორჩეული და მადლცხებული, ცოდვაში ჩაფლულ კაცობრიობას მხსნელს და მაცხოვარს მოუვლენდა. ვცდილობდი, ნათლად წარმომედგინა, ეს ამაღლებული სცენა, ღვთისმშობლის განცდები და სულის მოძრაობა, მისი ღვთაებრივი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, მისი რწმენა და იმედი... არაერთხელ დავფიქრებულვარ იესო ქრისტეს სულიერ მისიაზე, მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე, ჯვარცმაზე და ამაღლებაზე, არაერთხელ წარმომისახია, როგორ შემოდიოდა იერუსალიმში, მოსალოდნელი ჯვარცმის წინ განწმენდილი და ამაღლებული მაცხოვარი, როგორ უფენდნენ ღვთის მოსავნი ფერხთით ბზის და პალმის შტოებს, და როგორ ღაღადებდნენ: "ოსანა, მაღალთა შინა... კურთხეულიმც არს მომავალი სახელითა უფლისათა"...

...ერთი კვირის შემდეგ, აპრილის კიდევ ერთ თვალისმომჭრელ და ბრწყინვალე დღესასწაულს, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას შევხვდებით სოხუმის, გაგრის, გალის, გულრიფშის, გუდაუთის, ოჩამჩირის გარეშე - უაფხაზეთოდ, უსამშობლოდ, საკუთარ ფესვებსა და წინაპართა სამკვიდროს მოწყვეტილები და ალბათ საკუთარ თავთან განმარტოებულთ და მწარე ფიქრებში ჩაძირულთ აღარ მოგვასვენებს იმის გარდაუვალი შეგრძნება, რომ ჩვენც მოგვიწია ჩვენი წილი ჯვრის ზიდვა, ჩვენც გავიარეთ გოლგოთის მძიმე და მტანჯველი გზა, ჩვენც ვიტანჯეთ და ვევნეთ საკუთარი თუ სხვათა ცოდვების გამო და იმათ გამოც, ვინც 30 ვერცხლად მიგვყიდა იუდას...

ამ აპრილსაც ილორის, ლიხნის, მოქვის ტაძრებში უჩვენოდ ჩამორეკავენ ზარებს, უჩვენოდ აციმციმდება კედელზე კანდელი და საკმევლის სუნით გაჟღენთილ სივრცეში თავდახრილ ცრემლიან მლოცველს სევდიანი ნათელი დაადგება... ჩვენ კი, ჩვენ, აქეთა ნაპირზე მყოფთ ისღა დაგვრჩენია, ილორის ნაცვლად ქაშუეთსა და სიონში, ალავერდსა და იყალთოში, მანცხვარკარსა და მოწამეთაში დავანთოთ ჩვენი წილი სანთელი და ღმერთს შევავედროთ კაცთაგან გაწირული აფხაზეთის დაბრუნება, იმ აფხაზეთისა, რომელსაც უჩვენოდ ჩაუცვამს აპრილის დიბა და ატლასი, უჩვენოდ გაუყვავილებია და გაზაფხულის ფერად ქარებს მინდობილი შორიდან, სევდიანად გვიქნევს ხელს...

ავტორი: გულიადა ჭკადუა


კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი