მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
განახლებული ივერია
2002-01-01
მანანა ნინიძე: ტიციან ტაბიძე და ქართული კულტურა

კულტურული ცხოვრება დემოკრატიულ საქართველოში ჩქეფდა. სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა გრძელდებოდა, მაგრამ ზოგიერთი ქართველი მოღვაწე მთელი თავისი არსებით გრძნობდა მოახლოებულ ტრაგედიას და ნაკლებად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამაზე მეტყველებს გაზეთ "საქართველოს" 1921 წლის 13 იანვრის ნომერში დასტამბული ტიციან ტაბიძის მიმოხილვა "ქართული ხელოვნება 1920 წელს". ტიციანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობის მკვდრეთით აღდგომამ ხალხი გაახარა და ხანგრძლივ ლიტანიობს. თუმცა ჩირაღდნები და სანთლები მარტო მენშევიკებს უკავიათ ხელში. ამ გადამდებმა ენთუზიაზმმა ეროვნული ხასიათიც მიიღო და მასობრივ გრძნობად იქცა, რამაც ეროვნული ოპტიმიზმის ილუზია დაბადა და მომავლის იმედიცო.

ტიციანის აზრით, საქართველომ ორი გარდატეხა განიცადა, ორჯერ გავიდა ცეცხლში. ეს იყო ეროვნული თავისუფლების დაბრუნება და რევოლუცია. მაგრამ ორივე რკალი ისე გაიხსნა, რომ ნამდვილი გარდატეხა არც კი მომხდარაო: "ის ხალხი, რომელიც გადამკვდარი იყო ეროვნულ მოტივზე და პატრიოტიზმს აღმერთებდა, ფაქტის წინ დადგა და ვერ გამორკვეულიყო სასწაულში. ყველაზე უფრო ანაციონალურმა ჯგუფმა დაიჩემა პატრიოტიზმი და თავისთვის გამოსადეგ ფორმულებს აძლევს ეროვნულ ყოფნას.

რევოლუციაც პეტერბურგიდან ცივი ქარის მოვარდნა იყო. სამხრეთში მეტი სიცხოველეა და რუსეთისათვის ნაადრევი თებერვლის რევოლუცია გაიშალა დაუსრულებლად... დასაღუპავად ყველაზე უფრო მომწიფებული კლასი - თავადაზნაურობა, მალე ჩამოშორდა ასპარეზს... ოქტომბრის გრიგალის მოვარდნას მაგრად დახვდა ქართველი გლეხობა, რომელმაც მოასწრო კიდეც ხელში სადავის აღება.

პირდაპირი თქმა, რასაკვირველია, დაუძალავი ირონიით - ეს ფრაზაა დოსტოევსკის - "სუდმჩკმ ზთ ყექჭ არყირჭი" და დღემდის არის ასე: ყოფნა შუათანა. "არც მარჯვნივ, არც მარცხნივ!" - ასე წარმოსდგა ეს ფორმულა მენშევიკების...

სიცივე იყო გაყინული და მზე დაღადრული. "არც მარჯვნივ და არც მარცხნივ". პირდაპირ ჯდომა ბანალობაში - ასეთია დამდგარი დღის ფორმულა და ამ ნიშნის ქვეშ ინერციით მიდის საქართველო.

ირგვლივ კი ოკეანეა გაუჩერებელი.

გამარჯვებული ევროპის ლეგიონებმა გადაიჭენეს აზიის სანაპიროებში. სისხლიანი იმპერიალიზმი პარადს პარადზე მართავდა აზიაში; პარადების კუდებმა საქართველოშიც უწიეს. ეს იყო მოგონება ჯვაროსანთა ომისა, როცა კასკებიანი გერმანელები რუსთაველის პროსპექტზე უკრავდნენ ვაგნერს და ინგლისელი ფერადი ჯარისკაცები, უფრო მეტად მალაელები, სიზმრის ჩრდილებად დადიოდნენ საქართველოში.

მებრძოლი კომუნიზმი იღრჩობა თავის ცეცხლში: ჯერ ქვეყანას არ უნახავს მეტი ტანჯვა და პათოსი, როგორც რუსეთის რევოლუციაა.

დარდანელი გაიღო, როგორც კუბო დოსტოევსკის და რუსეთის ემიგრანტები იმეორებენ ბიბლიურ წიგნს "გამოსვლისას".

თვითონ ქვეყანას მოედო განადგურების ცეცხლი, მარადიული პლასტები დაიძრნენ და უკანასკნელად ელიან ჩავარდნას. უკანასკნელი მისტერია ქვეყნის დაღუპვისა, სკრიაბინს რომ უნდოდა ჰიმალაიზე დაედგა - რუსეთმა კოლექტიურად დასდგა დამღუპველი თავგანწირვით.

არ შეიძლება არც მარცხნივ - არც მარჯვნივ... თუმც სინამდვილით ასრულდა საქართველოს ზღაპრის ლექსის ტექსტი: - მარჯვნივ წახვალ ინანებ, მარცხნივ - ინანებ. მაგრამ ყოველი წასვლა განწირულებაა, თვითონ ქვეყანა განწირულებაა.

სად არის საქართველოში აწეული პატრიოტიზმი?

ჩვენ ირგვლივ ღია იყო კარები ისტორიული საზღვრების აღსადგენად. ჩვენ რუსეთზე ადრე ვიყავით მესსიანისტები რევოლუციის აზიაში (ნოე ჟორდანიას სიტყვებია). დღეს ქემალისტები გვიგზავნიან კომუნისტურ ნოტებს.

ბრძოლის ველზე თუ ჩვენ დამარცხება არ გვინახავს - სამაგიეროდ არც გამარჯვებით გაგვიხარია.

ამიტომ არ არის მოტივი პატრიოტიზმისა და მესსიანიზმის.

საქართველოს რევოლუციას არ მოუცია არც ერთი ლექსი, არც ერთი ახალი სახელი, არც ერთი აღტაცება. მოიხვეჭა ეს სახელი ზოგმა რუსეთში, ზოგმა - სპარსეთში.

საქართველოში დაბრუნებულს ყველას ჩაუწყდა ხმა.

რა არის ყველაფერი ის, რაც სოციალისტურმა პრესამ მოგვცა ჩვენ? რომელი ლექსი გამოსთქვამს რევოლუციის ცეცხლს, მის პათოსს? ტყუილად ნუ წაიკითხავთ იმ ჟურნალებს, რომლებსაც პროფესიონალური კავშირები სცემენ.

აქ რეზოლუციები უფრო საინტერესონი არიან, ვიდრე ლექსები.

არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, ჯერჯერობით არ გავარდნია ძირი ბახალობის ჭაობს".

აღსანიშნავია, რომ წერილის ამ ნაწილების რემინისცენციები გვხვდება, აგრეთვე, ტიციანის წერილში, რომელიც დოსტოევსკის ასი წლის საიუბილეოდ დაწერა და დასტამბა "ბარიკადში" 1922 წელს.

იმხანად ეროვნული სიამაყის გრძნობა ტიციან ტაბიძეში გამოიწვია ლადო ალექსი-მესხიშვილის სიკვდილმა. ტიციანისათვის მისი გზა ქართულ სცენაზე ერთადერთი მისაღები იყო ქართული სცენური შეგნებისათვის: "გენია, ისეთი ხელოვანი, რომელიც მარადის გაანათებს საქართველოს მომავალს". როგორც დრომ დაგვანახა, ტიციანის წინასწარმეტყველება გამართლდა.

მეორე სიკვდილი, რომელმაც, ტიციანის აზრით, შეძლო შეენძრია ქართული სული, იყო ნოე ჩხიკვაძის სიკვდილი. ტიციანის აზრით, პოეტს არ დარჩენია ბევრი ისეთი ლექსი, რომელიც დიდხანს შეინახავდა მის სახელს საქართველოში, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო რაღაც "ტრაგიული და ტემპერამენტი სამუდამოდ გამართული", - დაასკვნის ტიციან ტაბიძე.

აღნიშნულ პერიოდში ტიციანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დავით კლდიაშვილის იუბილეს, თუმცა დასძენს, რომ ამ იუბილეს არ ჰქონია ღირსეული ხასიათი - ცოტა ჩეხოვისაგან აღწერილ იუბილესაც ჩამოჰგავდა და სხვა დროს თვითონ დავით კლდიაშვილს მისცემდა მასალას იუმორისთვისო. მაგრამ, ტიციანის აზრით, იუბილეს ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ ყველამ იგრძნო, დავით კლდიაშვილი დიდი მწერალი რომ იყო და ღირსეულად ატარებს მწერლის სახელს.

თეატრალური ხელოვნების განხილვისას ტიციანი გამოჰყოფს სანდრო შანშიაშვილის პიესას "ბერდო ზმანიას" ახმეტელისეულ დადგმას, რომლის წარმატებაში აღნიშნავს მხატვარ ვახტანგ სიდამონ-ერისთავის წვლილსაც. ტიციანი სინანულს გამოთქვამს ქართული დრამის რეპერტუარის სიღარიბის გამო და დასძენს, რომ თუნდაც თბილისის რუსული კამერული თეატრის რეპერტუარს რომ შევადაროთ, ქართული ეროვნული თავმოყვარეობა დაიჩრდილებაო.

მხატვრობაზე საუბრისას ტიციან ტაბიძე აღნიშნავს, რომ ქართველი მხატვრების უმრავლესობის საზღვარგარეთ ყოფნის გამო თბილისმა აღნიშნულ სეზონში გამარჯვება ვერ ნახა, თუმცა ინტერესი გამოიწვია ძველი არქეოლოგიური ნიმუშების გამოფენამ, რომელიც თბილისში მოეწყო. ტიციანს ახარებდა ლადო გუდიაშვილის წარმატება პარიზში და იმედს გამოთქვამდა, რომ "მხატვრის ეს გამარჯვება ეთნოგრაფიული არ იქნება". აქვე ტიციანი იმასაც აღნიშნავდა, რომ იაკობ ნიკოლაძე ყოველ სახელმწიფო დაწესებულებაში მერცხლის ბუდეებივით ნოე ჟორდანიას ქანდაკებებს აკეთებდაო. მაგრამ იმედს გამოთქვამდა, რომ მოქანდაკეს უკვე მიღებული ჰქონდა მარმარილო, თავის ატელიეში მუშაობას შეუდგებოდა და მართლაც ღირებულ ქმნილებას შექმნიდა.

რაც შეეხება მუსიკალურ სეზონს, ტიციანი აქაც გულდაწყვეტილია და აღნიშნავს, რომ სეზონი თბილისში უცხოელ მუსიკოსებს დარჩათო.

ასეთი პესიმისტური განწყობილებით იხილავდა ტიციან ტაბიძე განვლილ 1920 წელს 1921 წლის იანვარში. ამ წერილიდან ასეთი ვრცელი ამონაწერები იმიტომ მოვიტანეთ, რომ ფართო საზოგადოებრიობისთვის იგი თითქმის უცნობია და 1921 წლის შემდგომ აღარსად გამოქვეყნებულა. რა თქმა უნდა, კულტურული ცხოვრება დემოკრატიულ საქართველოში, თუნდაც 1920 წელს, არ იყო ასეთი მდარე. მაგრამ პოეტს დიდი უბედურების წინათგრძნობა მეტად გამძაფრებული ჰქონდა და ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, ასეთ მუქ ფერებში რომ აღწერა აღნიშნული წელი.



კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი