მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
განახლებული ივერია
2002-01-01
გია კანკავა: "ოთარაანთ ქვრივი" - უახლესი ქართული ისტორიის "სცენარი"

"ოთარაანთ ქვრივში" წამყვანია "წყევლაკრულვიანი და საჭირბოროტო" საკითხავის დრამატული, ტრაგიკული ინტონაცია. უკანასკნელი დიდი მოთხრობის ფინალში ილია თანადროული საზოგადოებრივი ვითარების საკუთარ შეფასებად ხმარობს სიტყვა (ცნება) "წუთისოფელს"; საქმე მარტო ის არ არის, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა მის შემოქმედებაში; "მგზავრის წერილებში" ილიამ სიტყვა "ქვეყანა" ახალი შინაარსით "დატვირთა", როგორიც მას არ ჰქონია "შუშანიკის წამებიდან" მოყოლებული "სოლომონ ისაკიჩ მეღჯანუაშვილის" ჩათვლით: არა უბრალოდ დედამიწის ზედაპირისა ან ეთნიკურ-გეოგრაფიული რაიონისა, არამედ ისტორიული და სოციოლოგიური კანონზომიერებებით გამართული ადამიანური კოლექტივის ერთობისა, რომელსაც ავტონომიური, რელიგიურ-ეკლესიურ შინაარსებზე დაუყვანადი ღირებულება გააჩნია. "მგზავრის წერილებით" ილია ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ამკვიდრებს ახალი დროის სულისკვეთებისთვის დამახასიათებელ ცნებას, რომელიც თავისი პათოსით ადამიანის სააქაო საქმიანობის ამაოებად წარმომჩენი "წუთისოფლის" საპირწონედ გვევლინება. ბოლო დიდ მოთხრობასთან დაკავშირებული "ცვლილებების" მიზეზი, ცხადია, ის კი არ არის, რომ ილია 80-იანების ბოლოს ეროვნული, პოლიტიკური, სოციალური პრობლემატიკის ეკლესიურ-რელიგიურ შეფასებაზე გადავიდა, არამედ იმის მხატვრულად კონსტატაციაა, რომ "თერგდალეულთა" მიერ ახალი დროის ("დასა ვლური") ახალი რეალიების - მეცნიერება, ახალი პოლიტიკური სისტემები - ათვისებაზე დაფუძნებული გეგმა სასურველი სისავსით ვერ იკიდებს ფეხს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ცხოვრებაში. ამ პრობლემატიკის მხატვრულად კვლევის ცდაა "ოთარაანთ ქვრივი". ფაქტია, რომ "თერგდალეული" არჩილი, რომელსაც რუსეთში მიღებული აქვს ახალი დროის შესატყვისი განათლება, აქ კრიტიკის და თვითკრიტიკის ობიექტია. მსგავსი თვითკრიტიკული სულისკვეთებაა მომდევნო წელს დაწერილი "თერგდალეულები და ახალი თაობა", რომლის მიხედვით ახალი თაობა (ანუ მომავალი) თურმე იქ დაინაცრა, სადაც "თერგდალეულები" ვერ გავწვდითო.

საგულისხმო შედარებაა: ორი ათიოდე წლით ადრე დაწერილ "მგზავრის წერილებში" (1871 წ.) ავტორი აღმოაჩენს ქართველებისთვის დღესაც აქტუალურ ისტორიულ სქემას: ქართველებს არავისზე ნაკლებად არ გვქონდა ათვისებული "უწინდელი დაწყობა" - ფეოდალიზმი, მაგრამ ალღო ვერ ავუღეთ ახალ დროს ("დრო გამოიცვალა" - ჩივის და წუხს "ძველი ქართველი" ლუარსაბ თათქარიძე) და ვიქეცით "დარღვეულ ქართველებად". ამ ჩვენი სისუსტის აღმოფხვრისთვის ავტორი "მგზავრის წერილების" ძირითად სათქმელად აქცევს სამშობლოსთვის "ახალ სათქმელ" "ღვიძლ სიტყვას" (სტრატეგიულ გეზს): ახალ დროში სამშობლოს "გულისტკივილის მორჩენისთვის" აუცილებელია ჩვენი ისტორიული გამოცდილების, მახსოვრობის გამდიდრება ახალი დროის მიღწევებით (იხ. ჩვენი "მგზავრის წერილების" მხატვრულ ხატთა სისტემა. იდეოლოგია. დათარიღება, "ლიტერატურული ძიებანი", 2000 წელი). სიუჟეტურ დონეზე ამ აქტუალურ ძირითად სათქმელ "ღვიძლ სიტყვას" ასიმბოლოვებს "თერგდალეული" მგზავრის და მოხევის, ანუ ახალი დროის "დასავლური" მიღწევების ამთვისებელი ქართველი ინტელიგენციის და ქართველი ხალხის, როგორც ისტორიული გამოცდილების მატარებელი სოციალური ფენის ერთად სვლა სამშობლოს შუა გულისკენ. ეს გაერთიანება სოციალური ფენებისა ქვეყნის წარმატებისთვის სრულიად ესიტყვება მთხრობელის ახალი დროის შესატყვის დემოკრატიულ და რესპუბლიკურ სულისკვეთებას; მაგრამ ამასთან ერთად "ღვიძლი სიტყვა" მოითხოვს, რათა ახალი დროის მიღწევები ათვისებული იქნას კრიტიკულად, ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ამასვე გულისხმობს, მაგალითად, სიტყვახმარება "ღვიძლი სიტყვა". თავის ერთ წერილში ილია "ღვიძლს" ხმარობს მშობლიურის, ბუნებითის აზრით. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ოთარაანთ ქვრივში" "ჩატეხილი ხიდის" სხვადასხვა "მხარეს" განცალკევებულად, გაუცხოებულად რჩებიან "თერგდალეული" არჩილი, რომელიც აქ ახალი დროის "დასავლური" მიღწევების ათვისების ფუნქციის მქონე ქართველ ინტელიგენციას განასახიერებს (ლიტერატურული პროტოტიპი "თერგდალეული" მგზავრი) და ქართველი ხალხის, როგორც ჩვენი ისტორიული მეხსიერების მატარებელი სოციალური ფენის განმასახიერებელი პერსონაჟი ოთარაანთ ქვრივი (პროტოტიპი მოხევე), მაშინ, მათ შორის ხიდის ჩატეხილობა შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: ავტორი "ოთარაანთ ქვრივში" ("მგზავრის წერილების" დაწერიდან ორიოდე ათეული წლის შემდეგ) მხატვრულად ათვალსაჩინოებს "საჭირბოროტო" ვითარებას, რომ "მგზავრის წერილებში" გაცხადებული ახალ დროში სამშობლოს "გულისტკივილის მომარჩენელი" "სიტყვა" "საქმედ" ვერ იქცა. გავიხსენოთ, "მგზავრის წერილებში" ავტორი რიტორიკულ კითხვას სვამს და უპასუხოდ ტოვებს: სიტყვა სიტყვად, მაგრამ რას ვიქმ, თუკი სამშობლო "საქმეს" მომთხოვსო? ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ამ კითხვას "აბარებს ანგარიშს" ავტორი "ოთარაანთ ქვრივში". არკვევს, თუ როგორ იმოძრავა "მოძრაობამ" XIX საუკუნის 80-ანთა ბოლოსთვის. კერძოდ, თურმე არ მომხდარა აუცილებელი "დაახლოება" ქართველი ინტელიგენციისა და ხალხისა; პირიქით, გაცალკევებას, გაუცხოებას უმატია. ვერ მოხერხდა ზემოთ ხსენებული სტრატეგიული გეზის ათვისება პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში - "თვითმოქმედებაში". ამაზეა მთელი მისი პუბლიცისტიკა 70-ანებისა და 80-ანებისა - განათლების, საბანკო საქმის, თვითმმართველობის, მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის დანერგვის, ხიზნების შესახებ.

"ჩატეხილ ხიდს" ეწირება გიორგი; ხიდი თუ არ გამთლიანდა, არ დაიწყება ნანატრი "დასაწყისი განთიადისა". ამდენად გიორგის სახე აქ მომავალ ოპტიმისტურ პერსპექტივებთან - "განთიადთან" არის დაკავშირებული. ხიდის ჩატეხილობისთვის მთელი პასუხისმგებლობა დაკისრებულია არჩილზე, საზოგადოების განათლებულ ნაწილზე. არჩილის თავადობა მოთხრობაში გამთიშველი "კედლის" ნეგატიურ ფუნქციას ასრულებს; პირიქით, პოზიტიურია მისი ახალი დროის რეალიებით განათლებულობა ("წიგნის", "დურბინდის" მოტივები). მაგრამ ამავე დროს არჩილი "მწიგნობარია", "პტყელ-პტყელი ენის" მქონეა. მისი არსებითი შეცდომა ის არის, რომ მან გიორგი "ვერ წაიკითხა", ანუ მას არ ძალუძს ადექვატური ღირებულებითი მიმართების დამყარება საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული სახისადმი; აქედან გამომდინარე, არ შეუძლია მისი კონკრეტული თანადროული საჭიროების ადეკვატურად შემეცნება. "წიგნში" ამოკითხული "ზოგადი კანონების" ცოდნა საკმარისი არ არის ამისთვის. ცოდნა კონკრეტული ისტორიული პრობლემატიკის შესახებ "მოჭრით" არც ერთ "წიგნში" არ მოიძევება (იხ. "შინაური მიმოხილვა", 1879, დეკემბერი). ილია აკრიტიკებს ახალი დროის მიღწევებით განათლებული საზოგადოების ნაწილის სისუსტეებს, მათ შორის "თერგდალეულებსაც". აუცილებელია "თვითმსჯელობის" უნარის გამოჩენა. "საკუთარი ჭკუის" არქონის, "ტვინთხელობის" გამო "ბაძით სულდგმულობა", "სხვისით ცხოვრება" თუნდაც დიდი ცივილიზაციის მიღწევებთან მიმართებაში მხოლოდ უკუშედეგებს მოიტანს. ამ გზაზე "საკუთარი ისტორიის" ღირსი არ გავხდებით. ეს ძირითადი აზრი გასდევს ილიას პუბლიცისტიკას და მასვე ეფუძნება არჩილის თვითკრიტიკა. არჩილი უფუნქციოა, ამიტომ გაუცხოებულია ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობასთან, ვიდრე არ აღადგენს თავის ძირითად სოციალურ ფუნქციას - ახალი დროის მიღწევების ათვისებისა. აქ გაკრიტიკებულია არა საკუთრივ "წიგნი", არამედ პლაგიატურ-ლაქიური "პათოსი" (დოსტოევსკის სმერდიაკოვი), მოთხოვნილია შემოქმედებით კრიტიკული მიდგომების ქონა (იხ. 1879 წლის ივლისი-აგვისტოს, 1881 წლის აპრილის "შინაური მიმოხილვა", "რატომ არა გვაქვს კრიტიკა?", "ცხოვრება და კანონი", "უარმყოფლობა ჩვენში"...). და რაც მთავარია, დასახულია ზოგადი სტრატეგიული გეზი, რომელიც ორიენტირი, კომპასია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძებნისთვის.

"ისტორიული შემოქმედების" მოთხრობისეული ძირითადი თემის შინაარსის გარკვევისთვის არსებითია თევდორეს ოჯახის ისტორია. აქ შესამჩნევია ქართული ფოლკლორის (მითოლოგიის) - მითი ამირანზე, პირველ რიგში, ფშავური და ქართლური ვერსიების სიუჟეტურ მოტივთა გავლენა. მითის სიუჟეტში ჩვენთვის არსებითია შემდეგი მოტივები: ამირანის მამა დევებს (მტერს, ბოროტს) ებრძვის და იცავს "ქვეყანას", ოჯახს, ზოგადად ადამიანის გვარს; იგი კვდება, როცა ამირანი მცირეწლოვანია, ამირანს დაბადებიდან დაჰყვება ბოროტთან ბრძოლის იარაღი; ობლობაში ამირანის "ქვეყანას", ოჯახს (დედა, ძმები ან ბიძები) ავიწროებენ და დაარბევენ სულკალმახის მტრები - დევები; წამოზრდილი ამირანი ჩაენაცვლება მამას ბოროტთან (მტერთან) ბრძოლის ფუნქციაში. მითის სიუჟეტური სქემით ათვისებულია ბოროტთან უწყვეტად ბრძოლის მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია თაობების მონაცვლეობის მოტივთან. მისი პათოსი ახლოს დგას ხალხურ სიბრძნესთან - "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", რომელიც ილიას ხშირად აქვს გამოყენებული, მაგალითად, "კაცია-ადამიანში?!."

"ოთარაანთ ქვრივში" თევდორე, ოჯახის "პატრონი" მკვდარია; იგი მცირეწლოვან ვაჟს ანდერძით უტოვებს იარაღს; ანდერძი გიორგის დედისგან მოითხოვს "იარაღს" მოუაროს, წინაპრის ხსოვნა არ დაკარგოს, პატარა გიორგი არავის დააჩაგვრინოს, ხოლო დავაჟკაცებისას "იარაღი" გადასცეს: "თავისით იყოსო, თავისი მარჯვენით კაცობდესო". ამ ანდერძის აღსრულებაში მოიპოვებს ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალი ("რა ვქნა მე უშენომა?") თავის ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ ფუნქციას, თავის ხასიათსა და მსოფლმხედველობას. ამ გზაზე უდარდელი, მგრძნობიარე ქალი ("იმისი ზარიანი ხმა რომ ყურს მომხვდებოდა, გული გადამიტრიალდებოდა სიხარულით") "რკინის დედაკაცად" იქცა, რომლისთვისაც "ტკბილი სიტყვა" მიუღებელი ფუფუნებაა. "უბურჯობის", "ცალუღელობის", "უპატრონობის" ვითარებაში "ანდერძის" აღსრულებისთვის იგი ჩაინაცვლებს მამაკაცურ ფუნქციებს და "დედაკაცად" იქცევა. მაგრამ ამიტომვე მისეული გაძღოლა ოჯახისა "გაუღიმარია", მაშინ როცა თევდორეს დროს ცხოვრება "სიხარულიანი", სისხლსავსე ყოფილა. ნათელია, რომ ოთარაანთ ქვრივი თევდორესგან მიბარებული ანდერძის, იარაღის შენახვის, ასრულებაში იძენს თავის ფუნქციას, "მე"-ობას; ამას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ მას საკუთარი სახელი არ გააჩნია, ხოლო რაც გააჩნია, ისევ თევდორესგან მოდის - ოთარაანთ ქვრივი. საკუთარი სახელი ამ ოჯახში მამაკაცების კუთვნილებაა. იმავდროულად სწორედ მამაკაცთან არის დაკავშირებული სისხლსავსეობის, წარმატებულობის, აქტიურობის, შემოქმედების მოტივები. ისინი ქმნიან ცხოვრების "სიხარულიანობის" საერთო ატმოსფეროს. მამაკაცი აქ ღირებულებების შემქმნელია, ხოლო ქალი მათი შემნახველი, მომვლელი, რაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება "ობლობის", "ქვრივობის" ვითარებაში. საგულისხმოა, რომ აქ მხატვრულ ხერხად, სქემად გამოყენებულია მითოლოგიური წარმოდგენები მამაკაცურ და ქალურ საწყისებზე.

განსხვავებები მითის და ტექსტის მსგავს სიუჟეტურ ელემენტებს შორის მომდინარეობს მითის ავტორისეული დამუშავებისგან. პირველ რიგში მოთხრობისეული ეს ელემენტები მითისგან განსხვავებით ისტორიულად კონკრეტულია, რაც ზუსტად ესატყვისება, როგორც რეალისტური მეთოდის მოთხოვნას, ისე ავტორის სიღრმისეულ ინტერესებს. "ოთარაანთ ქვრივის" სახლ-კარის აღწერაში, რომელიც სიმბოლურია (რეალისტური მეთოდის შესატყვისად გვეხმარება პატრონის ხასიათის გახსნაში), კედელში დატანებული სათოფეების ხატით შემოდის ჩვენი ისტორიული წარსულის თემა - "შიშიანობის დრო". თუკი გავითვალისწინებთ, რომ თევდორეს დანატოვარი იარაღი საომარია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სათოფეებით ოჯახს იცავდა თევდორე; თევდორეს "დრო" თუმცა სიხარულიანია, იმავდროულად იგი "შიშიანიც" ყოფილა. საგულისხმოა თევდორეს დაღუპვის მიზეზის არდასახელება ტექსტში, რაც არაბუნებრივია ერთი შეხედვით. მაგრამ თვალსაჩინო ფაქტია, რომ "ენის ჩაკვნეტის", "პირში წყლის დაგუბების", ანუ ხმამაღლა გაჩუმების მოტივი ერთი გავრცელებული მოტივია ილიას პუბლიცისტიკისა და პროზისა (მაგალითია "კაცია-ადამიანი?!"). ეს მოტივი წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას ცენზურით აკრძალული ეროვნულ-პოლიტიკურ პრობლემაზე და თემატიკაზე.

ამრიგად, აქ მოყოლილია არა უბრალო გამორჩეული თვისებების მქონე ოჯახის ისტორია, არამედ სიუჟეტი იმავდროულად მხატვრულად ათვალსაჩინოებს რთულ ეროვნულ, სოციოლოგიურ სქემას. ამ სქემის ბოროტთან ბრძოლაში მამის ფუნქციაში ვაჟის ჩანაცვლების მოტივით გადმოცემული პათოსი შეიძლება გადმოიცეს ისე, როგორადაც ადგენს ნ.ნათაძე წიგნში "ერი და ეროვნული კულტურა" ერის ძირითად ფუნქციას - მარად იყოს ერად! სიუჟეტის დამუშავებას ატყვია ისტორიული კონკრეტულობისკენ სწრაფვის ნიშნები:

1) თუკი მითი წინა პლანზე სწევს მამის ფუნქციაში ჩანაცვლებული ამირანის ბრძოლას მტერთან (აქ "ქვრივი დედის", "უპატრონობის " მოტივები ეპიზოდურია), მოთხრობაში წინ წამოწეულია ამ ბრძოლის წყვეტის - "ქვრივობის", "უპატრონობის" ხანა, რაც პირდაპირ ესატყვისება მთხრობელის თანადროულ ისტორიულ ვითარებას - ახალ დროში ქართველებს სახელმწიფო არ გვაქვს, ხოლო ისტორიულად მისი საყრდენი თავადაზნაურობის კლასი სათანადო სიმაღლეზე არ და ვერ დგას.

ზოგადად, თევდორე ასახიერებს ქართულ კულტურულ-შემოქმედებით ტისპ. კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში ეს ტიპი რეალიზდება მეწინავე, სახელმწიფოს საყრდენ სოციალურ ფენად. იგი ისტორიის გამოწვევებზე გაცემული პასუხებით იძენს საკუთარ კულტურულ, ზნეობრივ, პოლიტიკურ სახეს და ერსაც აძლევს მას. უწინდელ დროში ასეთი იყო თავადაზნაურობა; მაგრამ მან ალღო ვერ აუღო ახალ ("გამოცვლილ") დროს; ვერც თავად მონახა იქ ადგილი და ვერც ქართველ ერს მოაძებნინა; ახალ დროში იგი უფუნქციო შეიქნა და ამას ასიმბოლოებს თევდორეს "სიკვდილის" მოტივი (უწინდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმება-დაკარგვასთან ერთად).

სახელმწიფოს და მისი საყრდენი, მეთაური კლასის გარეშე ქართველი ხალხი (ოთარაანთ ქვრივი) "უპატრონო", "უბურჯო", "ქვრივია", "გამწარებული წუთისოფელის" მქონეა. "ძველი" წოდება თავის უწინდელ რანგში ვეღარ აღდგება, ისევე როგორც ვეღარ დაბრუნდება "ძველი დაწყობა" (ეს თემა მთხრობელის პროგრესისტულ სოციოლოგიურ შეხედულებებს უკავშირდება). ამიტომ აუცილებელია ახალი სოციალური ფენის ჩამოყალიბება, რომელიც იმავე ფუნქციებს და პასუხისმგებლობას გასწევდა ახალ დროში, რასაც თევდორეთი განსახიერებული კლასი უწინდელში სწევდა. ამას ექნებოდა "გამოცვლილი დროის" საჭიროებების და აუცილებლობების შესატყვისად ქართული კულტურული ტიპის რეალიზების აქტუალური შინაარსი. პირველ რიგში ამ თემას განასახიერებს გიორგის, ხიდის გამთელების და "დასაწყისი განთიადისა" სახეები.

მაგრამ ამასთან ერთად ქართველი ხალხის ფართო ფენები (გლეხობა), როგორც ქართველი ერის ისტორიაში მონაწილე და მეწინავე კლასის პარტნიორი სოციალური ერთობა ისტორიაში შექმნილი ღირებულებების მეხსიერების მქონე და შემნახველია (ოთარაანთ ქვრივის მიერ ქმრის ხსოვნის და იარაღის შენახვა-მოვლის მოტივები). იგი ერთგვარი "ბეღელია", რომელიც საფუძველია ახალი სოციალური კლასის შექმნისთვის. ამგვარად, მოთხრობაში ცნება "ხალხი" ამავე დროს ერის ჯერ არარეალიზებული მომავლის, პოტენციის შემნახველი "წიაღია" (იხ. ჩვენი წერილი "ოთარაანთ ქვრივზე", "ცისკარი", 1995 წელი 7-8). ამ თემატიკის მხატვრულად ათვისებას უკავშირდება ქართველი ხალხის განმასახიერებელი მთავარი პერსონაჟის "ქალობის" და "დედობის" მხატვრული "ნიშნები".

მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა "შვას მყოობადი" და "მომავალი", აუცილებელია მისი განათლება ახალი დროის მიღწევების, რეალიების ცოდნით. ეს არის ინტელიგენციის (არჩილის) ფუნქცია. "თერგდალეულები" პიონერები არიან ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ახალი რეალიებით დატვირთვის აუცილებელ საქმეში. მაგრამ მათ "სიტყვის" "საქმედ" სრულფასოვნად ქცევა ვერ მოახერხეს სხვადასხვა მიზეზთა გამო. ამას გამოხატავს "ხიდის ჩატეხილობის" მეტაფორა, რომელსაც ემსხვერპლება გიორგი - მომავალი. გიორგის სიკვდილით შეძრული არჩილი ("ცრემლიანი ცოდნის" მოტივი) წინასწარმეტყველებს, რომ ხიდი უნდა გამთელდეს, რათა "განთიადი" დაიწყოს; სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდება ("ეგ მინდა, რომ ყველამ დავინახოთ, ეს მინდა, რომ ყველამ ვიცოდეთ").

ამავე თემის მხატვრულად ათვისებასთანაა დაკავშირებული მითის სიუჟეტური ელემენტების ავტორისეული დამუშავების მეორე მაგალითი: თუკი მითში ამირანი წარმატებით ჩაენაცვლება მამას ბოროტთან ბრძოლის ფუნქციაში, მოთხრობაში ამას ადგილი არა აქვს. მაქსიმალური ლაკონურობით "ოთარაანთ ქვრივი" არის ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ჩაენაცვლა ვაჟი მამას "ოჯახის" გაძღოლასა და ფეხზე დაყენებაში. პასუხი ასეთი იქნებოდა: "წინათაობელმა" არჩილმა მამობა ვერ გაუწია მომავალს საკუთარი კონფორმიზმის და უკრიტიკობის - სათანადო ცოდნის, კვალიფიკაციის არ ქონის გამო და "უისტორიოდ" დარჩა.

ის, თუ რამდენად ფუნდამენტურია "ჩატეხილი ხიდის" სიმბოლო და მასთან დაკავშირებული მოთხრობისეული პროგნოზი, ამას ადასტურებს ჩვენი შემდგომი უახლესი დროის პოლიტიკური ისტორია. "ჩატეხილი ხიდი" ადასტურებს გაუცხოების ფაქტს ინტელიგენციასა და ხალხის დიდ უმრავლესობას შორის. "საკუთარი ისტორია", მომავალი, უბრალოდ არსებობა ინტელიგენციამ ვერც თავად მოიპოვა, ვერც ხალხს მოაპოვებინა, რადგან საკუთარი სოციალური ფუნქცია ვერ აღასრულა. ამ მიზეზით ეს სოციალური ფენები ურთიერთგაუცხოვებულად არსებობდნენ გვერდიგვერდ. ამ გაუცხოების შედეგი აღმოჩნდა ის მძიმე მოვლენები ინტელიგენციისათვის, როცა, სულ მცირე, ხალხმა იგი რევოლუციური ტერორისგან არ დაიცვა; მეორეს მხრივ, თავად წარმოადგენდა ხელშემწყობ პირობას ტერორის წაქეზებისთვის. ამდენად, ეს სიმბოლო ქართველი ინტელიგენციის ისტორიის შემდგომ პერიპეტიებშიც გვარკვევს.

"ჩატეხილი ხიდის" ორთავ ნაპირას განცალკევებით რჩებიან ძალები, რომელთაგან ერთი ორიენტირებულია "დასავლურ" (რუსეთის "გავლით") რეალიებზე, მეორე კი მხოლოდ ჩვენი უწინდელი, ისტორიული გამოცდილების მქონეა. ფაქტია, რომ XX საუკუნის დასაწყისსა და მიწურულს ხელსაყრელ ისტორიულ ვითარებათა ფონზე ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას თავში მონაცვლეობით ედგნენ აღნიშნული ცალმხრივობით, რადიკალიზმით აღბეჭდილი პოლიტიკური ძალები და მარცხი იწვნიეს ამაში. ხიდი არ "გამთელდა" და "დასაწყისი განთიადისა" არ შედგა. ფაქტია ისიც, რომ იგივე "ბზარი" ამჩნევია დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ცნობიერებას.

იმის ფონზე, რომ ილიას სტრატეგიული გეზი პრინციპულად მოითხოვს ამ ცალმხრივი ტენდენციების სინთეზს, ჩამოთვლილი ისტორიული ფაქტები მეტყველებენ, რომ უახლეს ისტორიაში ქართული საზოგადოებრივი აზროვნება "თერგდალეულთა" უკეთესი მიღწევების სიმაღლეზე ვერ დგას.

"ოთარაანთ ქვრივი" ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორიის სცენარი აღმოჩნდა. მისით დასმული პრობლემატიკა დღესაც უაქტუალურესია, რაც საკუთრივ ჩვენთვის სასახელო სულაც არ არის. მოკლედ დავძენთ, თუ რამდენად უსუსურია "გასტროლიორი" ლიტერატურისმცოდნეების და მათი აქაური "ადეპტების" შეფასება ამ ლიტერატურისა "არა ორიგინალურად". ეს სწორედ ის "სინდრომია", რომელიც თითქმის საუკუნენახევრის წინ დაგვისვა ქართულმა საზოგადოებრივმა აზროვნებამ და რომელმაც უკვე ამდენი მავნეობა მოგვიტანა. საკუთარ, ხოლო გონიერთათვის "სხვის" შეცდომებზე სწავლა აბსტრაქტული მცნება როდია.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი