მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
განახლებული ივერია
2002-01-01
ზაქრო მეგრელიშვილი: დღიური

ადამიანის ცხოვრებას, როგორ სისხლსავსედაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი, პერმანენტულად თანა სდევს მწარე დანაკარგები. ცხოვრება მიდის და ჩვენ თანდათან ვკარგავთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. ყოველი პიროვნება თავისებურად ებრძვის, უვლის, ინელებს, ხარშავს იმ ტკივილს, რომელსაც ეს გარდაუვალი პროცესი ტოვებს მის არსებაში.

ბოლო პერიოდში დასავლეთის ესეისტიკაში გაჩნდა თავისებური ჟანრი - განსჯა-გაზიარება საკუთარი განცდისა, ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილისა და მასთან ბრძოლისა. რატომღაც ამ ჟანრმა მიიღო "დღიური" (Diary)-ს სახელწოდება. გთავაზობთ ასეთი ესეს ქართულ ნიმუშს, რომლის გმირიც ერთი რიგითი ადამიანია, რომელიც არაფრით იყო ფართეთ ცნობილი, ან სახელგანთქმული. იგი უბრალოდ ბევრს უყვარდა.

არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, რაც ჩემი ბავშვობის მეგობარი გივი გუნცაძე სამოცდახუთი წლის ასაკში კიბომ იმსხვერპლა. სიკვდილიდან რამოდენიმე კვირაში მის შესახებ წერა დავიწყე. თითქმის ყოველდღე ვწერდი. ვცდილობდი ამეწერა მისი კეთილი ღიმილი, მისი გემოვნება (თეთრი, ოქსფორდის პერანგებიც კი დავითვალე), მისი ადრინდელი სახლი, სადაც ჩვენი თაობა იკრიბებოდა, ერთობოდა ნარდითა და ჭადრაკით, მერე - ფეხბურთი, მერე - ფეხბურთზე დავა-კამათი და, რასაკვირველია, სიმღერაც. დედა - მარიამი მგალობელი იყო და ვისაც სიმღერა შეეძლო, მის გარშემო იყრიდნენ თავს. ისმოდა ქართული საგალობლები. სამწუხაროდ, ეს ძველი სახლი, რომლის აივნიდან მყინვარწვერი მოჩანდა, ხელისშემშლელი აღმოჩნდა ერთ-ერთი გავლენიანი პარტმუშაკისათვის. სახლი აიღეს და პარტმუშაკმა თავისი აიშენა დიდი ბაღით. მამის აშენებული სახლის დანგრევა გივიმ მძიმედ განიცადა. მთელი ცხოვრება იგონებდა იმ აივანსა და ხედს მყინვარწვერზე.

ომის შემდეგ სტალინმა ნება დაგვრთო უცხოური (ე.წ. "ტროფეული") ფილმების ნახვისა. მაშინ პირველად ვეზიარეთ ჰოლივუდისა და ევროპული კინოს სამყაროს. განსაკუთრებით მოგვწონდა "დიდი ვალსი", "მელიები", ლედი ჰამილტონი", "ვატერლოოს ხიდი", "მერვე რაუნდი", "მზის ველის სერენადა", "დილიჟანსი", "პირველი მეჯლისი", "სუეცის არხი", "ძველ ჩიკაგოში", "შურისმაძიებელი ელდორადოდან", "ტარზანი". იმდროინდელი ჩვენი კერპები იყვნენ დინა დურბინი, ჯანეტ მაკდონალდი, ვივიენ ლი და მისი მაშინდელი მეუღლე ლოურენს ოლივიე, ჯონ ვეინი, ლაუტონი, ჰარი კუპერი, რობერტ ტეილორი. მოგვიანებით ღვთაებრივი გრეტა გარბოც გვაჩვენეს...

ქუჩაში, რადიოში თუ ყურს მოვკრავდით იან კიპურასა და ბენიამინო ჯილის ხმას, სახლში გავრბოდით გადაცემის კარგად მოსასმენად.

ჩემი ბავშვობა დამთავრდა და მე მას ზურგი შევაქციე. რატომღაც არა მქონია მისდამი ჩვეულებრივი იდილიური დამოკიდებულება. ამისი მიზეზი მაშინ ჩემთვის გაუცნობიერებელი იყო. ყოველშემთხვევაში რაიმე მწარე, ან სევდიანი მოგონება ამის გამომწვევი არ ყოფილა. შემდგომში კი აღმოვაჩინე, რომ ყოფილი ბავშვების ნაამბობი იშვიათადაა დასაჯერებელი. ზოგი თავის ცხოვრებისეული წარმატებების ფესვებს თვითკმაყოფილებითა და თავდაჯერებულად საკუთარ ბავშვობაში ხედავს. ზოგი პირიქით, იმიზეზებს და ებღაუჭება წარსულ ტკივილებს, ნამდვილსა და მოჩვენებითს, რათა მარცხი და ხელმოცარვა გაამართლოს. ყოველთვის მახსოვდა მეხსიერების სისასტიკე. თუ ოდნავ დაუთმობ ოცნებას, მაშინათვე სინამდვილის დამახინჯებას მიიღებ. ამიტომ, მუდამ მახსოვდა, როდის უნდა მივნდობოდი მეხსიერებას და როდის - არა. ამჯერად კი თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი გააფთრებული გაღიზიანება გამრუდებული რეალობის კოშმარი იყო, მაგრამ მე მთლიანად ვენდობოდი ყველაფერს, რაც ამდენი წლის შემდეგ გივის შესახებ მახსოვდა.

ვეღარ ვჩერდებოდი, გაუთავებლად ვწერდი. სიტყვები ათასობით დახვავდნენ, როგორც შემოდგომის წითელი ფოთლების გროვები, რომელთა წიაღიდან იშვიათად თუ შესძლებდი რაიმე აზრიანის გამოტანას. ამაოდ არ უთქვამს რადიარდ კიპლინგს: "ადამიანის მიერ გამოყენებული სიტყვები კაცობრიობის ყველაზე ძლიერი წამალია. ერთი ცოცხალი სიტყვა ჯობია ასობით დაგროვილ მკვდარ სიტყვებს".

"სიტყვები, სიტყვები, სიტყვები..." (უილიამ შექსპირი).

ნარკვევის დაწერა დავაპირე. მინდოდა თომას ჯეფერსონის სიტყვებით დამეწყო: "მეგობარი შეიძლება ჩაითვალოს ბუნების სრულყოფილ ქმნილებად".

წერის წყურვილისა და ამისი გადაუდებელი აუცილებლობის შეგრძნება იყო საკვდილისადმი წინააღმდეგობის ერთადერთი მეთოდი. ეს მაძლევდა საშუალებას წასულთან ახლოს დავრჩენილიყავი. თავს იმაში ვიჭერდი, რომ ვბაძავდი, მასავით ვიქცეოდი, მასავით ვმეტყველებდი.წერისას თითქოს გივი აგრძელებდა ჩემთან ყოფნას. ვცილობდი, ეს კავშირი არ გაწყვეტილიყო და ჩემს ნაწერში იყო რაღაც ველური აღგზნება და ენერგია ამისი გადარჩენისა. ეს იყო უკანასკნელი მცდელობა რაღაც საშიშის, სახიფათოს, მიუღებელის თავიდან ასაცილებლად. იმ უმწეობის, უსუსურობის ანაზღაურება, რომელიც მე ჩემი მეგობრის სულის ამოსვლისას დამეუფლა, როცა უძლური ვიყავი, შემეჩერებინა ის, რაც ხდებოდა.

უფრო ადრე კი კიბოს მოულოდნელ და დაგვიანებულ დიაგნოზს, რომელიც სიკვდილის განაჩენს ნიშნავდა, მეტაფორით შევუტიე. მეტაფორები შესაძლებელს ხდიდა დროებით ძალის მოკრებას, თავის შემაგრებას, საშუალებას მაძლევდა ამეხსნა, გადამერჩინა, შემენარჩუნებინა მიმზიდველობა, სანდომიანობა, მოხდენილობა, ღირსება, უნარი ახსნა-განმარტებისა და ხელმეორედ განმარტებისა. ეს იყო უარყოფა იმისა, რაც ვიცოდი, მისი სასიკვდილო განაჩენისა. ეს იყო მცდელობა განაჩენის აღსრულების გადავადებისა, დროებით სულის ამოთქმისა.

ყოველგვარი უსახობა მწუხარებაა. სიყვარული და სიკვდილი დროს აჩერებენ. დამწუხრებული ადამიანისათვის ყოველი წუთი გაჩერებულია, ფროიდის აზრით - "სიკვდილში შესვლაა". არ ვაცნობიერებდი ჩემს მცდელობას, რამენაირად "დავუფლებოდი დანაკარგს". ამ მცდელობას მიცვალებულთან მივყავდი, რაც სინამდვილეში სხეულიდან გასვლის სურვილსა ნიშნავდა - მინდოდა, რომ მოვმკვდარიყავი.

როგორი გათიშულიც არ უნდა იყოს გარე სამყაროსაგან მგლოვიარე ადამიანი, აბსურდული, გონგადასული გარე სამყარო მაინც შეუჩერებლად და ულმობლად იცვლება.

ბუნებრივია, "ნარკვევზე" უარის თქმა მომიწია. მისი ცხოვრების გადმოცემა, შემოკლება, ან დამატება ფსიქოლოგიურად შეუძლებლად მომეჩვენა. დარწმუნებული ვარ, არასდროს აღარც დავუბრუნდები "ნარკვევს", რადგან არ შემიძლია განყენებულად წერა უახლოესი მეგობრის შესახებ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ბავშვობიდან დაგროვილი ყველა კითხვები და ზოგიერთი პასუხებიც დღეისათვის გაუგებარი გახდა. ცხოვრებაც ორივესთვის შეიცვალა და კითხვები და პასუხები საბოლოოდ გაერთიანდნენ.

კიპლინგში ზიზღს იწვევდა ახლო მეგობარზე მისი გარდაცვალების შემდეგ წერა. მისთვის ეს მკვდარი მეგობრის "მოკვეთილი ნაწილების გაყიდვას" ნიშნავდა. 1921 წელს იგი ერთ-ერთ კორესპონდენტს გამოუტყდა, რომ დაწვა მარკ ტვენის, ჰენრი ჯეიმსის, თომას ჰარდისა და რობერტ ლუის სტივენსონის წერილები, ვინაიდან მეგობრობა მისთვის ფრიად პირადია და ინტიმური და სხვათა საჩხრეკად ვერ გახდის. ეს აზრი პოეტურადაა გამოთქმული: "მომეცი საშუალება, მშვიდად ვიწვე იმ ღამეში, რომელშიაც მალე შენც განისვენებ..."

ყოველთვის მიკვირდა, რა სისწრაფით წერდნენ გარდაცვლილი "გამოჩენილი" ადამიანის "ახლო" მეგობრები მის შესახებ. როგორ იკავებდნენ საზოგადოებრივ სივრცეს, როგორ ჩემობდნენ და ისაკუთრებდნენ დანაკარგს. იქნებ მეშლება, მაგრამ მე ამას სულ სხვა დამოკიდებულებით განცდას ვუკავშირებ. შენი მწუხარების წერით გამოხატვა თავდასხმას, აგრესიას მოითხოვს. წერა გაუცხოებს. საინტერესოა, ქალებსაც მამაკაცების ოდენი აქვთ დაწერილი მათთვის საყვარელი ადამიანის სიკვდილის შესახებ?..

გივი გუნცაძე არ ყოფილა "ცნობილი" საზოგადო მოღვაწე, არც პოლიტიკურად აქტიური, არც რომელიმე უთვალავ პარტიათაგანის წევრი. ვერ მოუსმენდით მას რადიოში და ვერ იხილავდით ტელეეკრანებზე. ვერ წაიკითხავდით მის, ან მასზე დაწერილს პრესაში. ის იყო პიროვნება, რომელიც ჩრდილში ცხოვრებას ამჯობინებდა და მთავარი პრინციპი საკუთარი საქმე და მეგობრობა იყო, რომელიც მისი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. როდესაც მეგობრობას ვახსენებ, ვგულისხმობ ადამიანის განსაკუთრებულ ნიჭს მუდმივი ზიარობისას მეორე ადამიანის, მეგობრის ცხოვრების დრამასა და ტრაგედიაში. მეგობარი გამდიდრებს ათასი თვალით. შენ ულევი ცხოვრებით ცხოვრობ, სხვა განზომილებითაც შენი მესაიდუმლე მეგობრის ხედვითაც უმზერ სამყაროს. შენ არასოდეს ხარ მარტო და არც იქნები, სანამ მეგობართაგან უკანასკნელიც არ გაუჩინარდება დედამიწის ზედაპირიდან.

მასთან მეგობრობა ჰგავდა ნერგს, რომელიც ნელა იზრდება, განიცდის, იტანს და უძლებს სხვადასხვა გასაჭირსა და უბედურებას. მისთვის მეგობრობა იყო სიყვარული, აღზრდა, სულ ახალისა და ახალის სწავლა, ცხოვრების ლექსიკონის გამდიდრება, ხელოვნებით ტკბობა (განსაკუთრებით უყვარდა კლასიკური მუსიკა და ოპერა. საათობით შეეძლო ესმინა მარია კალასისათვის). მუდამ კეთილგანწყობილი იყო ადამიანის მიმართ. მისთვის უცხო იყო მოტყუება, გაიძვერობა, მტრობა, აკვიატებული წარმოდგენები, შური, ტრაბახი, ვინმესადმი ზიანის მიყენება...

მას სიყვარულის, ერთგულების, აღტაცების, მადლობის, მოხიბვლის, სულგრძელობის, თანაგრძნობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და გაძლების უნარი ჰქონდა. მიუხედავად მის ქვეყანაზე გადავლილ მრავალგვარი ჯურისა და ჯილაგის დამპყრობლებისა, რელიგიებისა, რეჟიმებისა მასში საოცრად სრულად იყო შენარჩუნებული ქართული თვითმყოფადობა (მისი წინაპრებიდან ერთ-ერთი, ბაბუა დედის მხრიდან - არქიდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე 1924 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. მოგვიანებით იგი წმინდანად იქნა შერცხული).

გივის სხვა მეგობრებიც ჰყავდა (სკოლიდან, ინსტიტუტიდან, სამსახურიდან) და ჩვენ, ყველა ახლობელთან ერთად, ზიარი მწუხარებით დათრგუნვილნი შევიყარეთ სასაფლაოზე, სადაც სილამაზე და სიმახინჯე, სუსტი და ძლიერი, ახალგაზრდა და მოხუცი ერთად განისვენებს.ზამთრის ცივ, მზიან ნაშუადღევს, უცხო "მაყურებლის" გარეშე, თავშეკავებულნი და საზარელი დანაკარგის განცდით სავსენი, ჩუმად ვიდექით ჩვენი მეგობრისათვის გათხრილ სამარესთან. სასაფლაოს იქვე რაღაც საფეხბურთო მოედანი ემიჯნებოდა და იქიდან გულშემატკივართა ყიჟინი მოდიოდა. დავაპირე გადასვლა და თხოვნა, რამოდენიმე წუთით, სანამ ცხედარს მიწას მივაბარებდით, თავი შეეკავებინათ. მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ თავად გივი ამას არ იზამდა, თამაშს არ შეაწყვეტინებდა. საცა სიკვდილია, იქვე სიცოცხლეა. ისინი, ერთგული მეგობრებივით, ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ.

ქალაქში დავბრუნდით. მე მისი შესანდობარი არ შემისვია.

გავიდა დროის რაღაც მონაკვეთი და მე მას თითქოს საშუალება მივეცი მდინარე სტიქსი გადაეკვეთა და იმქვეყნიურ სამყაროში გადასულიყო. უკვე აღარ მეცხადებოდა იგი სიზმრებში ისე ხშირად. თითქოს მეც მოსვენებას მაძლევდა (ამისი აღიარება არა მსიამოვნებს). უკვე იშვიათად ჩნდებოდა იმ სასოწარკვეთილი ღამეების შემდეგ, როცა ბახის ფუგებში დავეძებდი და ვპოულობდი დასნეულებულს, დატანჯულს, ნაწამებს, უპატრონოდ მიტოვებულს და ეს სიზმრები ჩემთვის გაუთავებელი ჯოჯოხეთი იყო.

ერთხელ მესიზმრა, რომ რატომღაც ამერიკაში იმყოფებოდა და ამით უკმაყოფილო იყო (სინამდვილეში ამ ქვეყნისა ბევრი იცოდა და ბევრი რამ უყვარდა. არასოდეს გამოტოვებდა კანოვერის ჯაზის საათს). ამ სიზმარში დიდხანს ვილაპარაკეთ ტელეფონით (ცხოვრებაში ეს არ იყო მისთვის დამახასიათებელი). მიხაროდა, რომ მესმოდა მისი ხმა. თან როგორღაც ვხედავდი კიდეც. ყურმილი ფრთხილად, ნიკაპით ეჭირა, თან თუთუნს ახვევდა და ყავასაც უყურებდა, რომ არ გადმოსულიყო. ამ სიზმარში ცოცხლად ვიგრძენი ადამიანის სიახლოვე.

მეორედ დამესიზმრა, რომ სადღაც (უცნობი მიზეზით) დიდი ხნით წასული გივი დაბრუნებულიყო. მაშინათვე გავვარდი იქით, სადაც ვიცოდი, რომ ვნახავდი. თან მიკვირდა, რომ თითონ მაშინათვე არ დამიკავშირდა. იმ ოთახში მივაკითხე, სადაც ჩვეულებრივ მივაკითხავდი ხოლმე ჩემი ლექციების შემდეგ. აქ დავინახე თავის ნახაზებსა და ანგარიშებში ჩაფლული. ჩვეული ღიმილით დამხვდა, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, მაგრამ ცოტა არ იყოს შეცბუნებული. აშკარა იყო, რომ მას ძლიერ სურდა თავისი საქმის გაგრძელება. უცებ გამეღვიძა და რეალობას შევეჯახე. მწუხარებამ შემიპყრო, რადგან დავრწმუნდი, რომ მან საბოლოოდ დამტოვა. მას აღარავინ სჭირდებოდა.

პრუსტი ამბობს, რომ მწუხარება გაცილებით სწრაფად ქრება, ვიდრე სილამაზე. იგი მტვრად იქცევა და კვალიც უჩინარდება. გლოვა (პრუსტი ყოველთვე ერთგულად აღნიშნავდა დედის გარდაცვალების თარიღს) გახსენების ისეთი ფორმაა, რომელიც ახშობს და აქვავებს ცხოვრებას. წარსულთან ურთიერთობა, მხოლოდ მუდმივ განახლებაშია შესაძლებელი. გივის სიკვდილის შემდეგ ორი ურთიერთგამომრიცხავი სურვილი მქონდა: ერთი, რომ მაგრად ჩავჭიდებოდი ყველაფერს, რაც კი მასთან იყო დაკავშირებული და მეორე - ერთი ხელის მოსმით გავნთავისუფლებულიყავი ყველაფრისაგან. ეს განცდა ორ საშიშროებას შორის მერყეობდა - დავიწყებასა და გახსენებას შორის... და თუმცა წარსულით სამუდამოდ შეპყრობილობას თვითგანადგურებისაკენ მიყავხარ, ჩემთვის მაინც უფრო საშინელი იყო სრული დავიწყება. რადგან ეს იმისი მაუწყებელია, რომ წარმავალნი ვართ და ბოლოსდაბოლოს გავქრებით, დავიკარგებით დროის სივრცეში.

ერთხელ ჩვენს საერთო მეგობარს შევჩივლე: გივისათვის მე ცხოვრების ერთი ფურცელი ვიყავი-მეთქი. იმის მაგიერ, რომ დამთანხმებოდა (რაც მე ძალიან მინდოდა), მშვიდად და თავდაჯერებული ღიმილით მიპასუხა: იქნებ შენ არ გინდა, რომ ის იყოს შენი ცხოვრების ფურცელი?..

მე მგონი, ახლა, მის შესახებ წერისას ჩემთვის აუცილებელია განვსაზღვრო და გავმიჯნო დრო, როცა მისი ცხოვრების ამბავი ამოიწურა და მომენტი, როცა უდროო დრო დგება, როდესაც დრო ქრება.

პოეზია ფილოსოფიური და მუსიკალური აზროვნებითა და ნაკლები სიტყვებით, გაცილებით მეტის თქმას ახერხებს, ვიდრე პროზა. გამახსენდა ლექსი:

მე კარგად მახსოვს

მემენტო მორი

და მიხარია მზე რომ ამოდის

მთვარე რომ ბრწყინავს

ვარსკვლავებს შორის

რომ გაზაფხულზე ისევ ვესწრები

სიცოცხლის ქორწილს

და როგორც წინათ ისევ მაოცებს

მოულოდნელი პირველი თოვლი

ცოდვას ვერ ვიტყვი

მე კარგად მახსოვს

მემენტო მორი.

გივი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაუტეხელი ადამიანი იყო და მჯერა, რომ შინაგანად დაუნგრეველიც წავიდა. ვიცი, მისი პიროვნება იყო, არის და დარჩება ჩემი ცხოვრების ყველაზე სევდიან მოგონებად. ვთვლი, ბედმა გამიღიმა, რომ მას ვიცნობდი. მე მიყვარდა იგი.



კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი