მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
განახლებული ივერია
2002-01-01
ნათელა ურუშაძე: ვალერიან გუნია

მდიდარია ვალერიან გუნიას (1862-1938) არქივი, იქ დაცული მასალაც ერთობ მრავალფეროვანი: რაც მას დაუწერია - დღიურები, წერილები, პიესები, თარგმანები, თეორიული მოსაზრებანი. რაც მის შესახებ დაწერილა, ფოტოსურათები, ლადო გუდიაშვილისა და უჩა ჯაფარიძის მიერ შექმნილი მისი პორტრეტები, მიხეილ ჭიაურელისეული ქანდაკება... არქივის ერთი ნაწილი საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, მეორე - მსახიობის ბინაში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქუჩაზე მდებარე 24 სახლში, სადაც მან ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.

აქ დაცული მასალა გვაცნობებს, რომ ვალერიან გუნიას ორასამდე წარმოდგენა დაუდგამს. 900-იან წლებში, მსახიობობის მსურველთათვის, ე.წ. გამოსაცდელი წარმოდგენები შემოიღო. 1911 წელს ლადო მესხიშვილთან ერთად საქართველოში პირველი დრამატული კურსები დააარსა. საძირკველი ჩაუყარა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას. საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველი თავმჯდომარეც ის იყო. ბეჭდურ სიტყვასაც ჩინებულად უძღვებოდა: 1887 წელს "საქართველოს კალენდრის" გამოცემა დაიწყო, 1896 წელს თავისი რედაქტორობითა და საკუთარი ხარჯით გაზეთ "ცნობის ფურცელს" გამოსცემდა. 1907 წელს მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური"... მაშ, რამოდენა ენერგია და რამდენი უნარი გაიღო მისთვის უფალმა! - დრამატურგიული, თეორიული, პუბლიცისტური, პედაგოგიური, ორგანიზატორული და უმთავრესი - აქტიორული, რადგან თეატრის ისტორიაში ის შევიდა, როგორც ქართული დრამატული თეატრის დიდად გამოჩენილი მსახიობი. მსახიობი, რომლის ხელოვნებაც ამდენი სხვა უნარითაც იყო ფესვგადგმული. შეუძლებელია, რომ განგებით ნაბოძებ ნიჭიერების ასეთ სიმდიდრეს არ განეპირობებინა თავისებურება მისი პიროვნებისა და შემოქმედებისა, - ყოველი მისი სცენური სახე ხომ მისივე პიროვნებისაგან იყო ამოზრდილი! ასეთია მსახიობის ხელოვნების თავისებურება, ისაა ერთადერთი ხელოვანი, ვინც საკუთარ არსებაში განუყოფლად აერთიანებს შემოქმედსა და მის ქმნილებას.

ვალერიან გუნიას პიროვნებას მისი ახლობლები და თანამედროვენი ასე წარმოგვიდგენენ: თავმოყვარე, ბავშვობიდან პირველობის წყურვილით შეპყრობილი და თავნება. დედით ადრე დაობლებული, მოძულე დედინაცვლის ხელში გულჩათხრობილიც გახდა, მაგრამ ნებისყოფა იმთავითვე უდრეკი ჰქონდა, ხასიათი მტკიცე და შეუპოვარი.

1881 წლის 1 მარტს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე მოკლეს. თბილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა დიდების ტაძრის გალავანში იმპერატორის სულის მოსახსენებელი "შესანდობარი ქელეხი" მოაწყო. ბევრი რამ ითქვა ამ სუფრაზე მეფის მთავრობის საწინააღმდეგო. მათ შორის მოსწავლე ვალერიან გუნიას მიერაც. ამ თავყრილობის ყველა მონაწილე სასწავლებლიდან გაირიცხა.

გადაწყვეტილება თვითონ მიიღო - მშობლების დაუკითხავად, ამხანაგების მიერ შეგროვებული ფულით მოსკოვს გაემგზავრა. იქ მოეწყო პეტროვო-რაზუმოვსკის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად. ძალიან კარგად სწავლობდა, საერთოდ, ბეჯითი იყო.

აქ გაეცნო სათეატრო ხელოვნებას. ამას დიდად შეუწყო ხელი ალ.სუმბათაშვილმა, რომელიც იმხანად უკვე მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრში მოღვაწეობდა. სწორედ იმ 1882 წელს ახალი იმპერატორის, ალექსანდრე მესამის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, პოლიციამ ყველა არასაიმედო პირი ქალაქს მოაშორა. ქართველ სტუდენტ ვალერიან გუნიასაც სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს.

დაბრუნდა. სასწავლებელში აღარ შესულა, ან სად იყო მაშინ საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი. მთელი ძალით დაეწაფა თვითგანვითარებას, განსაკუთრებით სასცენო ხელოვნების დარგში. არ აცდენდა აღორძინებული ქართული თეატრის წარმოდგენებს. მოყვარულთა წრის მუშაობაშიც ჩაება. ეს ის 1882 წელია, როდესაც ქართული თეატრალური ცხოვრების ცენტრშია დავით ერისთავის "სამშობლო". ვ.გუნიას ბედიც ამ წარმოდგენამ გადაწყვიტა - მან მიიღო ვასო აბაშიძის წინადადება, ეცადა თავი სამსახიობო ასპარეზზე.

პირველად სცენაზე 1883 წელს გამოვიდა. მის სადებიუტოდ დაიდგა კოტე მესხის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ტ.ბანვილის დრამატული ეტიუდი "მეფე და პოეტი", სადაც ის პოეტ გრენგუარს ასახიერებდა. სცენაზე გასვლის წინ ისე ღელავდა თურმე, რომ უარიც კი უთქვამს წარმოდგენაში მონაწილეობაზე. ჩაიშლებოდა კიდეც ეს წარმოდგენა, ვასო აბაშიძის ბრძანებით ხელი რომ არ ეკრათ მისთვის და ასე ძალით არ შეეგდოთ სცენაზე. ამის გამო ახალბედა მსახიობის პირველი გამოჩენა ზედმიწევნით ბუნებრივი ყოფილა. ამავე წელს ვ.გუნია ქართული თეატრის დასში ჩაირიცხა.

თავისი შემოქმედებითი ცხოვრების თითქმის ნახევარსაუკუნოვან მანძილზე ხუთასამდე სხვადასხვა ხასიათის ადამიანი განუსახიერებია. ისინი ახლა მხოლოდ ფოტოსურათებზეღა ცოცხლობენ: ხარიტონ ფილიპიჩი გ.ერისთავის კომედიიდან "დავა", ბენ-აკიბა კ.გუცკოვის "ურიელ აკოსტადან", მარშალი ლეფევრი ე.სკრიბის კომედიიდან "მადამ სან-ჟენი", პეტრონიუსი ჰ.სენკევიჩის ინსცენირებული რომანიდან "ვიდრე ჰხვალ, უფალო", კონსტანტინე ბატონიშვილი ა.ყაზბეგის "ქეთევან წამებულიდან", მეფე ლირი, კარლ მოორი შილერის "ყაჩაღებიდან", ექიმი შტოკმანი ჰ.იბსენის ამავე სახელწოდების დრამიდან, კრეონი და ოიდიპოსი სოფოკლეს "ანტიგონედან" და "ოიდიპოს მეფიდან", ლუარსაბ თათქარიძე, ოთარ-ბეგი ალ.სუმბათაშვილის "ღალატიდან" - ვინ მოთვლის ყველას! რამდენი ავტორის, რამდენი ეპოქის, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, მოქალაქეობრივი თვალსაზრისისა და ხასიათის ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გზა გაუვლია ამ ერთ მსახიობს! რამდენი რამის ცოდნას, სულიერ და ფიზიკურ ძალთა რანაირ ხარჯვას მოითხოვდა ესოდენ განსხვავებულ ადამიანთა სცენაზე გაცოცხლება!

წამყვანი გმირების განსახიერებით განებივრებული ვ.გუნია მცირე, ეპიზოდურ როლებსაც თამაშობდა: ჟანდარმს ნ.გოგოლის "რევიზორში", რუს მეეზოვე ნიკიტას ვ.შალიკაშვილის "გადაჭრილ მუხაში", ჯალათის უსიტყვო როლიც ითამაშა შილერის "მარიამ სტიუარტში". სპექტაკლი მისი დადგმული იყო. ნუცა ჩხეიძის ცნობით, ეს როლი ვ.გუნიას არ მიუნდვია გამოუცდელი მსახიობისთვის, ვინაიდან ოდნავი წინდაუხედაობაც კი დედოფლის სიკვდილით დასჯის მეტად მნიშვნელოვანი ეპიზოდის ღირსეული წარმოჩენისათვის შეიძლება ხელისშემშლელი გამხდარიყო. ამიტომ ამ როლის შესრულება თვითონ იკისრა. ამით ვ.გუნიამ თვალნათლივ დაანახა ყველას ის, რასაც დაბეჯითებით ამკვიდრებდა სიტყვით: თეატრს მეორე და მესამეხარისხოვანი როლების განსახიერებაც მაღალ დონეზე ესაჭიროება, რათა სპექტაკლი გახდეს ისეთი მხატვრული მთლიანობა, რომლის ყოველ ნაწილს, სულ უმცირესსაც კი, საკუთარი დანიშნულება აქვს.

რა ვიცით ვ.გუნიას, როგორც მსახიობის შესახებ? ამის შესახებ არაერთი საინტერესო აზრი გამოთქმულა, მათ შორის რამდენიმეს გავიხსენებთ.

ვალერიან შალიკაშვილი: "განხორციელებული ენერგია, მხნე, ჯანსაღი, დაუღალავი, გულწრფელი, უანგარო და მომთმენი".

შალვა დადიანი: "მის დარბაისლურ სახეზე მუდამ აზროვნებაა აღბეჭდილი... პირველადვე ძალასა გრძნობთ... გუნია დამპყრობელი მსახიობია".

ნუცა ჩხეიძე: "ვალერიან გუნია ნამდვილი ქართველი იყო... იყო როლები, რომლებსაც კი არ თამაშობდა, არამედ განიცდიდა, როგორც ქართველი. ასეთი იყო, მაგალითად, მისი ოთარ-ბეგი... განუმეორებელი. ის არ თამაშობდა - სცენაზე იდგა ქართველი, რომელიც განიცდიდა საქართველოს ჭირ-ვარამს".

ვერიკო ანჯაფარიძე: "შინაგანი ტემპერამენტით აღსავსე, მუხასავით მტკიცე, ენერგიული, ხან მრისხანე, ხან უცნაურად კეთილი - ასეთი მახსოვს ვალერიან გუნია სცენაზე. მახსოვს მისი თავისებური ინტონაცია და მუსიკალობა ფრაზის წარმოთქმის დროს. მისი ოთარ-ბეგი "ღალატიდან" ახლაც თვალწინ მიდგას. ლომს მოგაგონებდათ. დიდი ნაბიჯებით სერავდა სცენას. მის დაბალ ხმაში გმინვა ისმოდა. გონება და გრძნობა ისმოდა მასში. ჩვენ, მაყურებლები, დაპყრობილები ვიყავით ოთარ-ბეგის განცდებით".

მშფოთვარე, საინტერესო და ნაყოფიერი იყო ვალერიან გუნიას ცხოვრება არა მხოლოდ ქართულ თეატრში, არამედ ქართულ კინოშიც. 1913 წლიდან ის მონაწილეობდა შემდეგ ფილმებში: "კავკასიის ომი და გუნიბის აღება" (შამილი და ერეკლე მეორე), "მოძღვარი" (მაყვალას მამა), "არსენა ჯორჯიაშვილი" (გენერალი ბერხმანი), "სურამის ციხე" (დიდი ვეზირი), "მთის კანონი" (მუსა), "ამოკი" (ევროპელი ქალის ქმარი), "გოგი" (მეეზოვე), "აბრეკ ზაური" (ისმაილი), "ხანუმა" (მაკარი). ეკრანზე წუთიერი გაელვებაც ნათელს ხდის, რომ თავისი დიდი შინაგანი ძალა მსახიობს კინოშიც მოუტანია. სწორედ ეს ჰქონდა, ალბათ, მხედველობაში მიხეილ ჭიაურელს, როდესაც ამბობდა: "სახე კლასიკური სილამაზის... როგორც დიდი ქანდაკება. ვალერიან გუნია ახლო მზერით ვერ გაისინჯება... იგი უნდა შორი მანძილიდან დაინახო... ჩემი ოცნება იყო ეს კაცი მენახა ცხოვრებაში, ხელით შევხებოდი".

1917 წლის 29 აპრილს დიდი ზეიმით აღინიშნა ვალერიან გუნიას შემოქმედების 35 წელი. ამ დღისათვის გამოიცა დასურათებული ალმანახი "მადლობის დღე". გამოქვეყნდა მისდამი მიძღვნილი წერილები, ლექსები, სურათები ცხოვრებასა და როლებში, უმნიშვნელოვანესი ცნობები მისი მოღვაწეობის შესახებ. 1947 წელს კი გაიმართა ვ.გუნიას დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავი საღამო. 1953 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებრიობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა დიდი მოღვაწე მისი დაბადებიდან 90, ხოლო 1963 წელს 100 წლის გამო.

ძალიან კარგად ხატავდა. საოცარია, მაგრამ მისი ნახატები არსად ჩანს. ხელმოუწერლადაა იქნებ სადმე შემორჩენილი. სამაგიეროდ, ჩვენ ხელთაა ის, რაც ვ.გუნიას დაუწერია სასცენო ხელოვნების შესახებ: ისტორიული ნარკვევები, თეორიული წერილები, მოსაზრებანი ცალკეულ ხელოვანთა შემოქმედების შესახებ. განსაცვიფრებელია საკითხების სიმრავლე: სათეატრო ხელოვნება, დრამატურგია, რეპერტუარი, ხელოვნების ეროვნულობა, მსახიობის შემოქმედება, სცენური სიტყვა, ხასიათი, მაყურებელი, კრიტიკა, სცენური სიმართლე, რეჟისურა, ანსამბლი და კიდევ მრავალი სხვა.

...1862-1938 - ვკითხულობთ მემორიალურ დაფაზე თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქუჩის 24 სახლის კედელს რომ ამშვენებს. 76 წელი ისედაც არაა ცოტა, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რა წლებია ეს: 1905, 1917, 1921, 1924, 1937... ძირეული გარდატეხანი ცხოვრებაშიც, ხელოვნებაშიც... კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, თაობათა შერკინება, საბედისწერო შეცდომები, საარაკო გამარჯვებანი... ეს კი უკვე უშენოდ...

ვალერიან გუნია არასოდეს ყოფიდა ცხოვრებისა და ხელოვნებისაგან განზე გამდგარი. მას ყოველთვის სირთულეები იზიდავდა.

1934 წელს რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭა. მრავალ მილოცვათა შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია ახალგაზრდული კორპორაცია "დურუჯის" ხელმძღვანელის, იმ დროს უკვე სახელმოხვეჭილი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის წერილი: "რუსთაველის თეატრი უაღრესად მადლიერია შენი, როგორც საუკეთესო ბურჯის და იმედისა ქართული თეატრის ყველაზე საშინელი ეპოქის დროს.

შენმა მადლიერმა ხელმა პირველმა დამლოცა მე ქართული სცენისათვის და ვეცდები არ შეგარცხვინო არც შენ და არც ჩვენთვის საყვარელი და სათაყვანებელი ჩვენი თეატრი. კიდევ ერთხელ გილოცავ წოდებას და პენსიას, როგორც სულ უმცირეს ჯილდოს, მიძღვნილს ჩვენი ქვეყნის სახელით იმ საშინლად მძიმე მოღვაწეობის გამო, რაც შენ გადაიტანე.

რუსთაველელები გულწრფელად შემოგძახებთ "ვაშა, ჩვენო ვალიკო", "ვაშა, ჩვენს მამას", "ვაშა, ჩვენი ქართული თეატრის რაინდს.

შენი ს.ახმეტელი".

ვალერიან გუნია იყო დიდი მსახიობი და ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწე. იმდენად დიდი, რომ საქართველოს სახელმწიფო თეატრთა შორის ერთი - ფოთის სახელმწიფო თეატრი - მის სახელს ატარებს.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი