მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
როგორ გავაძლიეროთ საბაჟო სისტემა

ყველასათვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს და მათ შორის უმთავრესი, ალბათ, ფინანსური და ეკონომიკური სირთულეებია. 1998 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში მძიმე საბიუჯეტო კრიზისია, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება მეტისმეტად ჭირს და, აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაცემა, გროვდება ვალი, რომელიც ისედაც

რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება აიძულებს საერთაშორისო

ორგანიზაციებს იფიქრონ საქართველოსთვის დახმარების პროცესის შეჩერებაზე, ეს კი ქვეყანას, პრაქტიკულად, კატასტროფის წინაშე აყენებს.

უკვე გაზაფხულზე დაიწყო საუბარი ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობის შესახებ, რაც, ალბათ, ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვისა და საგადასახადო-საბაჟო სამსახურების ცუდი მუშაობის შედეგია. მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ეცდება ამას, მაგრამ ჩემი წერილის მიზანი განსხვავებულია. დარწმუნებული ვარ,

რომ ფინანსთა სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაზე და, ჩემი აზრით, მასში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პერსპექტივა... სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბაჟო სისტემის გამართულ მუშაობას.

მე არ შევჩერდები იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც ამ სისტემაში არსებობს, რადგან ისინი ქართული მასმედიის წყალობით კარგად არის ცნობილი. ბუნებრივია, საქართველოს საბაჟო სისტემაში ძალიან ბევრია უარყოფითი, მაგრამ არსებობს ბევრი სერიოზული და ობიექტური პრობლემაც, რომელთა შესახებ საუბარს პრესა რატომღაც თავს არიდებს. 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახურში და ეს პრობლემები ჩემთვის კარგად არის ცნობილი.

უპირველეს ყოვლისა, შექმნილი ვითარების შესახებ. დავიწყებ ანბანური ჭეშმარიტებით. საბაჟო სისტემის უმთავრესი ფუნქცია ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვაა. აღურიცხავი საქონლის (რომელსაც ქართულ პრესაში კონტრაბანდულს უწოდებენ) შემოდინება სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მთავარი ისაა, რომ ასეთი საქონელი ლეგალურად შემოტანილთან შედარებით, უხარისხო და საგრძნობლად ნაკლები ღირებულებისაა. ბაზარზე იაფი იმპორტის შემოსვლა ჩანასახშივე კლავს შიდა წარმოებას, მისი განვითარების პერსპექტივას. იმპორტის მოცულობის აღრიცხვა, თავის მხრივ, ხელს უწყობს საბაჟოს მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულებას - საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებას. უკვე დიდი ხანია საბაჟო სისტემაში აღინიშნება საბიუჯეტო დავალების შეუსრულებლობის ტენდენცია. სამინისტროს შექმნამ, გარკვეულწილად, გამოასწორა მდგომარეობა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა აღმოჩნდა. 2001 წელს სისტემას ძალიან გაუჭირდა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე საბიუჯეტო დავალების შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ შემოსავლების ამოღების ზრდაზე, რაც თავისთავად, ურთულესი ამოცანაა, ამ პირობებში ძნელად თუ მოხერხდება, რადგან ქვეყანაში მეტად ხშირია საბაჟო გაფორმებაგაუვლელი საქონლის აღურიცხავად რეალიზაციის ფაქტები, ხოლო ადმინისტრირების ზრდა, კიდევ უფრო დაძაბული მუშაობა შედეგს აღარ მოიტანს, ვინაიდან არსებული ეკონომიკის არსებული რეჟიმით დაბეგვრის პოტენციური ბაზის რეალიზაცია, მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება, რისი მიზეზიც არის სახელმწიფოს ადმინისტრირების შეზღუდული რესურსი. არა ეკონომიკის მოცულობა, არამედ ადმინისტრირების დონე და მისი გაუმჯობესების ტემპი განაპირობებს გადასახადების რეალურ ამოღებას. რეალურ საბიუჯეტო გათვლებში უნდა გამოვიდეთ ადმინისტრირების ზრდის ტემპიდან, რომელიც გადაანგარიშებული იქნება ეკონომიკის ნომინალურ ზრდაზე. ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს არა მარტო ადმინისტრირების ან ეკონომიკის ნომინალური ზრდა, არამედ ეკონომიკის სრული მოცულობის ლეგალიზაცია, რაც თავის თავში გულისხმობს:

- ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას;

- ქვეყანაში შემოსული და რეალიზებული საქონლის სრულ აღრიცხვას.

იმის გამო, რომ საბაჟო სისტემას მხოლოდ ქვეყანაში შემოსული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა ეხება, მხოლოდ ეს საკითხი განვიხილოთ.

რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში საბაჟო გაფორმებაგაუვლელი საქონლის ბრუნვის აღკვეთა?

დღესდღეობით ქვეყანაში საქონელი ორი გზით შემოდის: საზღვრის დარღვევით და სასაზღვრო-საბაჟო გამტარი პუნქტების გავლით, სადაც ასევე ხდება დარღვევები. უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ რა მდგომარეობაა სასაზღვრო-საბაჟო გამტარ პუნქტებზე. მთელ მსოფლიოში ამ პუნქტებს ერთნაირი სახე აქვთ. შემოღობილი ტერიტორიის შესასვლელსა და გასასვლელში მესაზღვრეები დგანან, რომლებიც ორივე წერტილში აკონტროლებენ მხოლოდ შემოსვლას და არა გასვლას, ანუ იცავენ საპასპორტო რეჟიმს. მთელი ეს ტერიტორია გამოცხადებულია საბაჟო კონტროლის (სტერილურ) ზონად, სადაც ტარდება ყველა საბაჟო პროცედურა. არავის, გარდა საზღვარგარეთ წამსვლელისა თუ ქვეყანაში შემომსვლელისა, არა აქვს ამ ზონაში შესვლის უფლება, სპეციალური საშვის გარეშე. რა მდგომარეობაა ჩვენთან? საერთაშორისო სტანდარტებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მხოლოდ სამი სასაზღვრო-საბაჟო გამტარი პუნქტი - სარფი, ვალე და თბილისის აეროპორტი, თუმცა, ამ პუნქტებშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება დანარჩენ გამტარ პუნქტებს, იქ მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია და ეს საბაჟოს არ აძლევს თავისი მოვალეობების შესრულების საშუალებას. "წითელ ხიდზე" სასაზღვრო-საბაჟო გამტარი პუნქტი აბსოლუტურად დაუცველია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ თავისუფლად შესვლა, გამოსვლა და გადაადგილება, რადგან არ არსებობს, ეგრეთ წოდებული, სტერილური ზონა, ტერიტორია არ არის იზოლირებული და შემოღობილი. ყოველივე ამის გამო ჩნდება სერიოზული პრობლემები. მებაჟე იმპორტიორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პირისპირ რჩება, ეს ადამიანები კი აგრესიული ფორმით კატეგორიულ უარს აცხადებენ ტვირთის განბაჟებაზე, მებაჟის კანონიერ მოთხოვნებს კი ეროვნულ ნიადაგზე ჩაგვრად მიიჩნევენ და კონფლიქტს იწვევენ. გამოსავალი ერთია, უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს სტერილური ზონის ჩამოყალიბება ტიპური სტანდარტების მიხედვით, რათა ვერავინ შეძლოს მის ტერიტორიაზე შესვლა. გარდა ამისა, საბაჟო სისტემის მუშაკებს ფიზიკურად არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ვიზუალურად შეამოწმონ ქვეყანაში შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალება და ამის აუცილებლობაც არ არის. ყველა საჭირო ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში საბაჟოს თანამშრომლებს არ გაუჭირდებათ საგუშაგოებზე შემოსული ტვირთის შემოწმება. ტვირთის ზუსტი წონის გარკვევის შემდეგ მოხდება მისი შედარება საბუთებში არსებულ მონაცემებთან, სპეცტექნიკით შესაძლებელი გახდება ტვირთის შემოწმება სატრანსპორტო საშუალების გაუხსნელად და ასე შემდეგ.

საქართველოს გეოგრაფიული საზღვრის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად დაუცველია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს, პრაქტიკულად, მხოლოდ თურქეთთან აქვს რეალური საზღვარი. რა ვითარებაა სხვაგან? რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის უდიდესი ნაწილი კავკასიონის მთავარ ქედზე გადის, რომელიც ბუნებრივი საზღვარია და, ამდენად, ამ მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური სივრცე დაცულია, ცალკეული უღელტეხილების გაკონტროლება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. რუსეთთან საზღვრების მთავარ პრობლემებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

საზღვარი აზერბაიჯანთან, პრაქტიკულად, მთლიანად დაუცველია, მის ნებისმიერ უბანზე უამრავი შემოვლითი გზა არსებობს. მეტიც, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მდინარე ალაზნის ერთი ნაპირიდან მეორეზე გრძელი შლანგების საშუალებით ხდებოდა საწვავის გადმოქაჩვა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს "წითელ ხიდზე" არსებული მდგომარეობა. აქ არსებობს, ეგრეთ წოდებული, ნეიტრალური ზონა, სადაც განლაგებულია ბაზრობა. ამ ბაზრობიდან შესაძლებელია საბაჟო საგუშაგოს გვერდის ავლით გასვლა მთავარ გზატკეცილზე, რის გამოც ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხას კარგავს, ქვეყნის შიდა ბაზარი კი აღურიცხავი საქონლით ივსება. აქვე მეორე პრობლემაა - დანაღმული შემოვლითი გზები. ეს გზები მხოლოდ აზერბაიჯანის მხრიდან არის დანაღმული, საჭიროა დანაღმვა ჩვენი მხრიდანაც, ვინაიდან ნაღმების განლაგება კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებსაც საბაჟოს გვერდის ავლით შემოაქვთ საქონელი.

ანალოგიური ვითარებაა სომხეთის საზღვრებზეც. აქაც უამრავი შემოვლითი გზა არსებობს, რომელთა გაკონტროლება საბაჟოს მუშაკებს არ შეუძლიათ.

რთული ვითარებაა ქვეყნის საზღვაო საზღვრებზეც, სასაზღვრო ჯარებს არა აქვთ იმ რაოდენობის გემები და ტექნიკა, რომ აღკვეთონ საქართველოში (კერძოდ, აფხაზეთში) აღურიცხავი საქონლის შემოტანა.

კიდევ ერთი სერიოზული მიმართულებაა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უკონტროლო რეგიონები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, უკონტროლოდ შემოდის სხვადასხვა სახის საბაჟო გაფორმებაგაუვლელი საქონელი. ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციებში არ შედის, რადგან საბაჟო განთავსებულია იქ, სადაც ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი გადის. ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ის გარემოება, რომ საქონელი ქვეყანაში შემოდის ოფიციალურად არსებული რუსეთის საბაჟო გამშვები პუნქტიდან. ეს არის საქართველოს და რუსეთის საბაჟო-უწყებებს შორის დადებული შეთანხმების "გამშვები პუნქტების შესახებ" შესაბამისად გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ დღეს იქ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები დგანან, რეგიონს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სახელისუფლებო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ და ამის გამო ქართველ მებაჟეებს არა აქვთ საშუალება გააკონტროლონ ეს გამშვები პუნქტი. ამ რეგიონებიდან გამოსული მთლიანად აღურიცხავი საქონელი ხვდება ბაზრობებზე და მისი რეალიზაცია საგადასახადო დოკუმენტაციის გაუფორმებლად ხდება.

რა არის გამოსავალი?

უფრო ხშირად საკითხი ასე ისმება - საჭიროა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრი გაკონტროლდეს, რაც მართებული არ უნდა იყოს, რადგან უდიდესი კაპიტალური დაბანდებები სჭირდება, შედეგს კი ვერ იძლევა. მთავარი მიზანია დამყარდეს კონტროლი იქ, საიდანაც შედის საქონელი ამ რეგიონებში და ამისათვის ნებისმიერ ღონისძიებაზე უნდა წავიდეთ. ორივე ეს რეგიონი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, საიდანაც შემოდის აღურიცხავი საქონლის მთელი მასა. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს გაფორმებული აქვს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მუხლი გულისხმობს იმას, რომ ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ თავისი ქმედებებით მეორე მხარეს არ უნდა მიაყენოს ეკონომიკური ზიანი. მიუხედავად ამისა, რფ-ს ტერიტორიიდან საქართველოში შემოედინება დიდი რაოდენობით აღურიცხავი საქონელი, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და შიდა ბაზარს მოშლით ემუქრება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს რუსეთის მთავრობას ამგვარი ქმედებების აღკვეთა, ხოლო თუ იგი მოთხოვნას ვერ შეასრულებს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება, გააუქმოს უწყებრივი შეთანხმება "გამშვები პუნქტების შესახებ" და დაკეტოს რუსეთსა და ამ რეგიონებს შორის არსებული გამტარი პუნქტები.

ძალზე მნიშვნელოვანია რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება. დღესდღეობით სასაზღვრო-საბაჟო კონტროლი რკინიგზაზე ორ პუნქტზე ხდება - გარდაბნისა და სადახლოს სადგურებში. ორივეგან ერთი პრობლემაა - არ არსებობს ჩიხი, სადაც მებაჟე მოახერხებს შემადგენლობების დათვალიერებას. ძირითად ხაზზე ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მაღალი ძაბვის მკვებავი ხაზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აქედან გამომდინარე, რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური ჩიხის არსებობა და მოწყობა, სადაც საბაჟო პროცედურების ჩატარების საშუალება იქნება.

შესაცვლელია მდგომარეობა აეროპორტებში, სადაც მთავარი პრობლემა საბაჟო კონტროლის ზონებში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურისა და აეროპორტების უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა უკონტროლო გადაადგილებაა. არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - მებაჟეებს თვითმფრინავთან არ უშვებენ. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური "საველე ჯგუფი", რომელიც თვითმფრინავიდან მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ, წითელი ზოლით შემოფარგლულ ზონაში ჩაატარებს თვითმფრინავის საბაჟო დათვალიერების პროცედურას, რომლის მიზანი გადამალული ტვირთის, კონტრაბანდული ნარკოტიკებისა თუ იარაღის აღმოჩენა იქნება.

ავტორი: შავლეგ გეგეჭკორი


კალენდარი
მაისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
13
20
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი