მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
აფხაზეთის გადარჩენა (ჯერ კიდევ) შეიძლება - დამიანე გოგოხია შეგვაგონებდა და... შეგვაგონებს

26 მაისს დაიბადა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ამბობენ, ამ დღეს დაბადებულებს სამშობლოს განსაკუთრებული განცდა აქვთო. ალბათ, ამიტომაც იყო გამორჩეულად თავისუფალი, უჩვეულოდ ლაღი და ბრძენი, აფხაზეთსა და მთელ საქართველოზე ფანატიკურად შეყვარებული. მაშინ თბილისში მოღვაწეობდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა. დღესასწაულებზე აუცილებლად ახერხებდა გალში ჩამოსვლას, ბარღებში სახლ-კარის მონახულებას, წინაპართა საფლავებთან მისვლას.

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ქვემო ბარღებში ძმის ოჯახში მიმიწვია. საღამოს ეზოში განვმარტოვდით. საოცრად მოვლილი ეზო ჰქონდა ძიკა გოგოხიას. სასიამოვნოდ გრილოდა. ამ ტრადიციულ ეზოში, როგორც ყველა კოლხურ ეზოში, შებინდებისას ცაზე საკუთარი ვარსკვლავები აიშლებოდნენ ხოლმე, ახლაც ასე იყო.

იგი ამაყობდა აქაური უბრალო ადამიანებისთვის ღვთისგან ბოძებული სიბრძნით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის გრძნობით. უნდოდა, ეს სიამაყე მეც გადმომდებოდა. ჩვეული ტაქტით შეეცადა, სათქმელისათვის შორიდან მოევლო და შორი გზაც შემომთავაზა: სოფლის შარაგზით ზღვისკენ ფეხით გასეირნება. ჩვეულებას არც ახლა ღალატობდა: თბილ ასფალტზე უზრუნველად მთვლემარე კამეჩებს გვერდს ფრთხილად უვლიდა: არ შევაწუხოთო.

აფხაზეთის თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა. 15-16 ივლისის სისხლიანი დღეებიც ჩავლილი იყო. აქტიური პოლიტიკიდან წასული დამიანე გოგოხია გამოსავალს ეძებდა.

მრავალმნიშვნელოვანი საუბარიც სწორედ ამ საკითხებზე წამოიწყო:

- განათლებულობის უპირველესი დასტური მშობლიური ენის ზედმიწევნით ცოდნა და საუბრის კულტურაა. ყველა დამპყრობი მშობლიური ენის დაკნინებას, მეტიც - ამოძირკვას ცდილობდა, რადგან ენა ბურჯია ერისა, მასში განივთებულია მისი თვითმყოფადობა.

ენას აფხაზეთში უფრო უჭირს. ბევრად უარესი მდგომარეობაა ჩრდილოეთით. იქ რუსული მძლავრობს. ყლაპავს აფხაზურ ენასაც. ამას მწვავედ განიცდიან ჭეშმარიტი აფხაზი მოღვაწეებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვითარებას ერთადაც ვერ ვცვლიდით. ჩვენც და აფხაზებსაც შესანიშნავად გვესმის, რომ ჩვენს პატარა ნავებს გაუჭირდებათ ოკეანეში ცურვა.

მშობლიური ენის უგულებელყოფით სათავეს იღებს გადაგვარება, მენტალიტეტის შეცვლა, ერთიანი ქსოვილების დაშლა (რასაც თბილისიდან უფრო უკეთ ვხედავ).

ობიექტური მიზეზები მართლაც არის (საბჭოთა კავშირის ფენომენი). მაგრამ თითქმის ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მით უფრო ახლა, როცა "დიდ ქვეყანაში" ვითარება იცვლება. აფხაზები ამ საკითხში მეთანხმებიან. მე და მეჯით ხვარწკიამ (რაფინირებული აფხაზი ინტელიგენტი) ერთობლივი გეგმაც შევადგინეთ, რომელიც გულისხმობდა გალის რაიონის სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას, აფხაზეთის არაქართულ სკოლებში კი ქართული ენისას. თავის დროზე ამ აზრის იყო მიხეილ ბღაჟბაც.

განათლება არ ნიშნავს მარტო კარგად საუბარს, წერითი კულტურა უმთავრესია, ის, რასაც ქაღალდზე მოკლედ გადაიტან. სამწუხაროდ, ამგვარი ადამიანი ცოტაა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ წერითი აზროვნება. იმიტომ, რომ მოაზროვნეთა, საქმის მცოდნეთა დრო მოდის. ჟურნალისტიკაში ბევრი რამ შესაცვლელია. გრანდიოზული პუბლიკაციები ამაზრზენია. ამასთანავე, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების დაახლოებას, კონფრონტაციის თანამშრომლობით შეცვლას. ბზარის ამოვსება აქედან უნდა დავიწყოთ. პირველი სიტყვა ჟურნალისტებს ეკუთვნით. უნდა შეძლოთ ამის გალიდან დაწყება.

ამასობაში საშამუგიოს ხიდზე გავედით. ხიდის მოაჯირზე ჩამოჯდა, ზღვიდან მონაბერ სიოს მკერდი მიუშვირა. უყვარდა თავისი ბავშვობის ადგილები. სიმინდის უზარმაზარ ყანებს თვალი ვერ სწვდებოდა.

- აი, ეს ის კულტურაა, რაშიც ჩვენ ამერიკელებსაც გავუსწარით. მე მინახავს მათი ყანებიც. არა მგონია, სადმე ვინმეს ისე უყვარდეს მიწა, როგორც ჩვენებურ გალელ გლეხკაცს. ნახეთ ჩაის პლანტაციები, ციტრუსები, აი, ფეიჰოაც, კივიც.

დიდ გარდაქმნებს საქმიანი ახალგაზრდები სჭირდება. ეცადეთ, იპოვოთ ისინი, სხვათა მოიმედეები, ქვეგამხედავნი მტრებს მეგობრებშიც კი გაიჩენენ. მათ უმეტესობას კარგად აქვს განვითარებული პროტეჟეების ძებნისა და ადვილად გაძვრომის უნარი. საქვეყნო საქმისთვის არასოდეს გაირჯებიან, ქვეყანას კი თავიანთი ამბიციურობით ყოველთვის მრავალ პრობლემას შეუქმნიან. ეს უბედურებაა, მაგრამ მათი ამბიციურობა კიდევ უფრო ტრაგიკულ ხასიათს იძენს, როცა იგი პოლიტიკური სამოსელით იმოსება, პრივილეგიებს მოითხოვს, ტელეფონსა და კაბინეტს ჩაიგდებს ხელში. ეს სენი აფხაზეთშიც ოდითგან გვჭირდა, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, მას ვერაფერს ვუპირისპირებდით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთ კადრებს ხელისუფლებაში მოსაყვანად სპეციალურად ეძებენ. აფხაზეთში, ამ თვალსაზრისით, დიდი სირთულეები გველოდება. მეშინია, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების საწყის ეტაპზე ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ქვეყნის გახლეჩვის საბაბი გახდება.

საშამუგიოს გავცდით და ტყეში შევედით. დამიანე შეჩერდა, საუბრის თემა შეცვალა:

- მალე საუკუნე და ათასწლეული დამთავრდება. ძნელი დრო მოდის, დიდი განახლება იწყება. სიფრთხილეა საჭირო. თავისუფლება უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საშიში, თუ ის მონის ხელში ჩავარდება და ეს მონა თავისუფლებისთვის აზვირთებული მასის სათავეში მოექცევა.

მხოლოდ გიჟი არ შეიძლება ხედავდეს ჭეშმარიტი თავისუფლების სიდიადეს. თავისუფლება ოცნება კი არა, ჩვენი ყოფიერების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, თუმცა ჩვენეული ინტერპრეტაცია, რომ გარეშე და შიდა ძალები შეებრძოლებიან ჩვენს თავისუფლებას, შესაძლოა, აფხაზეთში დიდი უბედურების სათავე გახდეს. ქართველ-აფხაზთა ნათესაობა, ადათ-წესები, ტრადიციული ახლობლობა მანუგეშებს. მეორე მხრივ, კარგად ვიცნობ აფხაზეთს, მის მკვიდრ ქართველთა და აფხაზთა სუსტ და ძლიერ თვისებებს და, სამწუხაროდ, შესაძლებელია ეს თვისებები ისე საბედისწეროდ გადაენასკვოს ერთმანეთს, რომ აფხაზეთი ნაცარტუტად, ეს მშვენიერი სანახები საომარ ველად იქცეს. ეს არ უნდა დავუშვათ, გამოსავალი არსებობს.

საიდუმლო არ არის, რომ (ამ სამზარეულოში კარგად ჩახედული ვარ) აფხაზეთში ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან მიმდინარეობს მსგავსი იდეოლოგიური სამზადისი.

ამასობაში ზღვის ნაპირს მივუახლოვდით, განსაკუთრებით საშიში მეჩვენა იმ საღამოს უსიერი ტყე, რომელიც გამოვიარეთ. ძლიერდებოდა დასავლეთის ზენა ქარი. ბობოქრობდა ზღვა, ნაპირს ეხეთქებოდნენ ზაფხულისთვის უჩვეულო, უზარმაზარი ტალღები.

- ფიცხი ხალხია აფხაზები. მათ ბოლო პერიოდში თავგზა აუბნიეს ჩრდილოელმა თუ სამხრეთელმა მეზობლებმა, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება საერთო ენის გამონახვა და უნდა გამოვნახოთ კიდეც. ომი დაღუპვა იქნება და მას ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ.

საკმაოდ აცივდა. მანქანა გამოგვაყოლეს, თურმე. უხმოდ ჩავსხედით. ფიქრებთან მარტო დამტოვა. ალბათ, აინტერესებდა, რამდენად ვიყავი მზად გალის რაიონული გაზეთის იმჟამინდელი რედაქტორი მომავალ ქარტეხილებთან შესახვედრად.

გამოთხოვებისას ლამის დამარცვლით მითხრა:

- აფხაზეთის ქართველობამ და აფხაზობამ საერთო ენა უნდა გამონახოთ. დაიწყეთ დიალოგი განათლებულმა, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებმა. ერთად ამხილეთ საერთო მტერი, რომელსაც აფხაზეთი და მთლიანად საქართველო უნდათ თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. აქ მაინც გაერთიანდით წვრილ-წვრილ პარტიებად დაქსაქსული ქართველები. დაუახლოვდით გუდაუთის, ოჩამჩირის მოსახლეობას, განსაკუთრებით - ასაკოვან აფხაზებს, ისინი იქ გამორჩეული პატივისცემით სარგებლობენ, მათ აზრს ანგარიშს უწევენ. გამოგვიყენეთ მე და ჩემი თაობის ადამიანები: ბღაჟბა, ხვარცკია, ადლეიბა (მაშინ ისინიც ცოცხლები იყვნენ, - რ.გ.) და სხვები. აფხაზეთში უამრავი მეგობარი მყავს, არც ჩვენს შორის ურთიერთობა შეკრულა იოლად. გალის რაიონს პატივს სცემს მთელი აფხაზეთი, მისი ეშინიათ ავისმოსურნეებს. თვით ყველაზე რადიკალი აფხაზებიც კი ვერაფერს გააწყობენ, თუკი აფხაზეთის ქართველების გათიშვა ვერ შეძლეს, გახსოვდეთ 15-16 ივლისი, მაშინდელ ერთობას მტერი არ გაპატიებთ.

შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს ბრძენკაცი მართალი იყო.

ბარღებშიც, ისევე როგორც მთელ აფხაზეთში, ყველაფერი გაანადგურეს, მთლიანად გადაწვეს საგოგოხიო-საშამუგიოც.

სეპარატისტებს ეშინოდათ აფხაზეთში ქართული ცნობიერების ფორპოსტის - გალის რაიონისა და დაჩეხეს, დაანაწევრეს, მიწასთან გაასწორეს.

1991 წლის 20 მარტს დამიანე გოგოხია გარდაიცვალა. აფხაზთა დელეგაცია თბილისში გამოსამშვიდობებლად ჩამოვიდა, ბევრი მათგანი საპატიო ყარაულშიც იდგა.

აფხაზეთში ვითარება თანდათან დაიძაბა, მერე ვერც ომი ავიცილეთ თავიდან.

დამიანე გოგოხიას თხოვნა მაშინ ვერ შევასრულეთ, ეს, ალბათ, ბედისწერა იყო, მაგრამ მისი შესრულება არც დღესაა გვიან.

P. S. ახლა მოდაში არ არის დაბადების დღეების გახსენება და ვრცელი მოგონებები, თუნდაც აფხაზეთზე. და მაინც, საჭიროდ მივიჩნიე ამ წერილის გაგზავნა "დილის გაზეთის" რედაქციაში, რომელსაც "წარსულის კომპლექსი" არ აწუხებს.

შესანიშნავ პოეტს შოთა ნიშნიანიძეს ერთ ლექსში აქვს, როგორ დაწნა ჩიტმა ბუდე აფხაზი და ქართველი ბიჭების თმისგან. უფალს არ ენება მათი დაცალკევება. იქნებ, ჩიტის იმ ინსტინქტმა მიკარნახა გამორჩეულ ქართველთან - დამიანე გოგოხიასთან დაკავშირებული მოგონება ერთი დღისა, რომელსაც 1990 წლის მარიამობა ჰქვია.

26 მაისი. 2001 წელი

ავტორი: რაფიელ გელანტია


კალენდარი
სექტემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი