მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმერეთის მოამბე
2002-02-28
იმერეთის განვითარების სააგენტო - ნაბიჯი მომავლისაკენ

მესამე სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი ახალი ქვეყნის რეალობაა. ღია სამოქალაქო საზოგადოების ამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელიც არც ხელისუფლებას მიეკუთვნება და არც ბიზნესს, უკვე შეძლო დამოუკიდებელ სფეროდ ჩამოყალიბება, ხმის უფლების მოპოვება.

პროცესმა, რომელიც თავის დროზე მხოლოდ დედაქალაქში დაიწყო, რეგიონებზეც გადაინაცვლა, სადაც ბოლო ხანს ბევრი (და მათ შორის ანგარიშგასაწევიც) არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ასე მოხდა იმერეთშიც. ასე შეიქმნა 1999 წელს ჩვენი, იმერეთის განვითარების სააგენტო-სადღეისოდ საკმაოდ ცნობილი და უნიკალური სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია.

მთავარი - რაც თავისი საქმიანობის პერიოდში შეძლო საერთაშორისო არსამთარობო ორგანიზაციამ იმერეთის განვითარების სააგენტომ, ისაა, რომ იგი თავისი მუშაობის მასშტაბებით გასცდა ცალკეული რეგიონის, თუ მოქალაქეთა ჯგუფების ვიწრო ინტერესებს, გააფართოვა არეალი, შეხედა იმ საშურ საქმეებს, რომელთა ხორცშესხმა ზოგჯერ ვერ ხორციელდება სამთავრობო თუ საჯარო ხელისუფლებათა ძალისხმევით. მუშაობამ არაჩვეულებრივი ნაყოფი გამოიღო. მრავალი პროგრამა წარმატებით განხორციელდა, რასაც ხშირად ფართო საზოგადოებრივი რეზონანსიც ახლავს თან. მაგრამ ძირითადი მაინც იდეაა და პრობლემის გადაჭრის გამონახვის ოპტიმალური გზები, რასაც მერე მორალური, ფინანსური, თუ ტექნიკური დახმარება სჭირდება. სწორედ აქ იქონია განუსაზღვრელი მნიშვნელობა ჩვენი სააგენტოს პრეზიდენტის, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის გამოცდილებამ, სიახლის შეგრძნებისა და რეალიზების გამორჩეულმა უნარმა - ამან ბევრად განსაზღვრა ჩვენი საქმიანობის ეფექტურობაც.

სააგენტოში დღემდე ბევრ მიკრო და მსხვილმასშტაბიან პროექტს შეესხა ხორცი. რომელთა მხარდამჭერები ადგილობრივი თუ უცხოელი დონორები არიან.

მეცენატი არასდროს გაიღებს თანხას- თუ ის დარწმუნებული არ არის წარმოდგენილი პროექტის სიცოცხლისუნარიანობაში, საჭიროებაში, შედეგში. ფაქტი - რომ ჩვენთან დაუზარლად მოდიან საქმის ქველმოქმედები - ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები, უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ სააგენტოს მცირერიცხოვანმა კოლექტივმა შეძლო ნდობის მოპოვება.

რა გაკეთდა დღემდე. განხორციელებულია 102 პროექტი, მათ შორის ისეთებიცაა, რომლებიც პარტნიორულ პრინციპებზე შესრულდა - ჩვენი ფინანსური, ანდა ორგანიზაციული მხარდაჭერით.

ვამაყობთ წარმატებული პროექტებით, რომელთა თაობაზე საქართველოს გარეთაც იციან. ვინც იმერეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობითაა დაინტერესებული, აქვთ ინფორმაცია - ყოველივე ამის შესახებ ვრცლადაა საუბარი წლიურ ანგარიშში, რომელიც ბროშურის სახით გამოვეცით. სააგენტოს მუშაობას დადებითად აშუქებდა მედია: რადიო, ტელევიზია, პრესა. დირექტორატი უაღრესად მადლიერია ამ შეფასების - ჩვენს გაუწონასწორებელ დროში ყველამ კარგად იცის, იოლი რომ არ არის საინფორმაციო საშუალებათა მხრიდან ასეთი კეთილგანწყობის მოპოვება...

იმერეთის განვითარების სააგენტომ თავიდანვე გამოკვეთა სტრატეგიული მიმართულებები: განათლება, კულტურა, მეცნიერება, ჯანმრთელობა, სპორტი. გაზაფხულზე შესრულდა იმერეთის სასკოლო სამმართველოსთან ერთობლივი პროექტი - კონკურსი, "წლის საუკეთესო მასწავლებელი, მოსწავლე, დირექტორი, კლასი, სკოლა, რაიონი - ქალაქი". იგი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში დაწყებული განათლების რეფორმის ხელშეწყობას.

პროექტში 20 ათასამდე ადამიანი იყო (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) ჩართული. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ამ ზაფხულს სააგენტომ მათთვის აქტიური სწავლებისა და დასვენების ბანაკის პროექტიც დააფინანსა შავი ზღვის პირას.

სააგენტო კვლავ აგრძელებს აქციას "ორი თაობა თეტრში". ეს პროექტი ძალიან გახმაურდა, იგი უნიკალურია თავისი მისიით. ბოლო ხანს სხვა რეგიონებიდანაც მოგვმართეს გამოცდილების გასაზიარებლად. პროექტის მიხედვით ოჯახის უფროს (ბებია, ბაბუა) და უმცროს (შვილიშვილები) წევრებს ყოველ შაბათს შეუძლიათ უფასოდ დაესწრონ სპექტაკლებს ქუთაისში, ხონში, ჭიათურაში. ამასთან პატარებს ტკბილეულის უფასოდ მირთმევაც შეუძლიათ - სააგენტო ფარავს საამისო ხარჯებს.

ჩვენი ორგანიზაციის ფოსტა სავსეა მადლიერების ბარათებითა და სიტყვებით, რომ: "უამრავი ხანდაზმული და ახალგაზრდა ადამიანი გაახარეთ, რომელთაც დღევანდელი მკაცრი რეალობიდან გამომდინარე, საშუალება არა აქვთ თეატრალურ ხელოვნებას ეზიარონ".

ესეც იყო ერთ-ერთი სტიმული იმისა, რომ სააგენტოს პრეზიდენტის ინიციატივით შევიმუშავეთ პროექტი - რომლის მიხედვით 2002 წლის გაზაფხულზე იმერეთში დიდი თეატრალური ფესტივალი უნდა ჩატარდეს. მოვიძიეთ მეოხი. პროექტის დაფინანსებაზე დათანხმდნენ ცნობილი ქართველი ბიზნესმენები. "თეატრალური ფესტივალი 2002"-ს მიზანია მხარეში მოქმედი სახელმწიფო და სახალხო თეატრების წარმოჩენა, კონტაქტების განახლება, ახალი სპექტაკლების დაბადება, მათზე (საკონკურსო ჩვენებისას) უფასოდ დასწრება. იმერეთის 12 რაიონში რეგიონის 12 თეატრი წრიული პრინციპით წარმოადგენს 12 სპექტაკლს, რომელთაც ადგილზე შეაფასებს ჟიური. მისი თავმჯდომარე აღიარებული ქართველი ხელოვანი იქნება, გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნომინაციების განაწილება ქუთაისში მოხდება.

თეატრი ხომ ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. თეატრი სკოლაა და თეატრი - ტრიბუნა. ამ მნიშვნელობის გაცნობიერებით აკეთებს სააგენტო აქცენტს თეატრალურ ხელოვნებაზე და ახალგაზრდობაზე - ამ ნიშნით გამოვუყავით გრანტები ხონისა და ტყიბულის სახალხო თეატრებს, ქუთაისის საოპერო თეატრს საბავშვო სპექტაკლების დასადგმელად.

ბავშვები და მოზარდები იმერეთის განვითარების სააგენტოს მუდმივი ყურადღებისა და მზრუნველობის თემაა. საერთოდ, ჩვენ ძალიან მდიდარი ორგანიზაცია არა ვართ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, მოვიპოვოთ სახსრები ახალი თაობის წასახალისებლად. ასე მაგალითად, წლეულს წამოვიწყეთ ფართო აქცია - უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებები დაწყებით სკოლებში, რაშიც უანგაროდ გვეხმარება თვალის მიკროქირურგიის ცენრტ "ოფთალმიჯის" ქუთაისის ფილიალი (ხელმძღვანელი მამუკა ჯიქია).

გასულ წელს პირველად ჩავატარეთ კონკურსი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისათვის იმერეთის განვითარების სააგენტოს სტიპენდიანტის წოდების მოსაპოვებლად. ეს სტიპენდია მიენიჭა 10 გამორჩეულ მოსწავლეს, წლეულს 13 ახალგაზრდა გახდა სტიპენდიანტი. ისინი უკრავენ, ხატავენ, მღერიან, მწერლობაშიც ცდიან ძალებს, ბევრი მათგანი საერთაშორისო არენაზეა გასული. "გავა დრო და დღეს შეუმჩნეველი ამ სახელებიდან შესაძლებელია ზოგი საქვეყნოდ ცნობილი გახდეს" - თქვა პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისას სააგენტოს პრეზიდენტმა, რომელმაც ჩვენი სტიპენდიანტები ჟურნალისტთა კორპუსსა და მხარის სამეურნეო და საზოგადოებრივ ხელმძღვანელებს წარუდგინა.

ალბათ, უპრიანი იქნება აქვე ითქვას სააგენტოს დირექტორატის მუშაობის სტილზე - მხოლოდ ქუთაისში არ აღმოაჩინოს საუკეთესოები და ისინი მხარის პერიფერიებშიც მონახოს.

ჩვენი სურვილის განხორციელებაც შევძელით, როცა ტრადიციად დავამკვიდრეთ ფესტივალი "მომღერალი ოჯახები". აქ მოზარდებთან ერთად უფროსებიც მონაწილეობენ. წლეულს პროექტში ჩართვა 68 ოჯახმა ითხოვა. მთელ რეგიონში გავავრცელეთ პრეს-რელიზები ფესტივალის გამართვის შესახებ. დასკვნით ტურში გამარჯვებული იმედაძეების, გვალიების, ჩაჩანიძეების, კორძაძეების, ხვედელიძეების, ოჯახებიდან თითქმის ყველა იმერეთის სოფლებიდან და რაიონებიდანაა. პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე გასულებს სპეციალურ დიპლომებთან ერთად ფულადი თანხაც გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქარი კი კონკურსის ყველა მონაწილეს ხვდა - ქართული სიმღერის მოვლის, შენახვისა და სიყვარულისათვის.

2002 წლის შემოდგომისათვის ამ კონკურსს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, იგი წახალისების უფრო მაღალ შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს. დასკვნითი ტური ჩხარში, სახელგანთქმული მომღერლის პეტრე ამირანაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება...

ეს - ლოკალური პროგრამებია.

...ჩვენ სოლიდური ფინანსური დახმარება გავუწიეთ იმერეთში ფერმწერთა, გრაფიკოსთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერის ჩატარებას, რომელშიც 30-მდე ქართველი და უცხოელი შემოქმედი იღებდა მონაწილეობას, ერთი თვის მანძილზე იქმნებოდა ნამუშევრები, რომლებიც მერე ქალაქის საკუთრებაში დარჩა. ღია ცის ქვეშ, რიონის პირას, "ოქროს ჩარდახის" გვერდით გაჩნდა მშვენიერი კომპოზიციები. კიდევ ერთი ლამაზი კუთხე შეემატა ქუთაისს, მაგრამ ამასთან ერთად "საერთაშორისო სიმპოზიუმის უაღრესად მაღალ დონეზე ორგანიზებამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის პროპაგანდას, ადგილობრივ შემოქმედთა პროფესიული დონის ამაღლებას, საერთაშორისო კულტურული კავშირების განმტკიცებას, დიდი ისტორიული წარსულის მქონე ქალაქისა და მხარის საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებას". ეს საქართველოს მხატვართა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის, ბ-ნ გოგი ოჩიაურის სიტყვებია.

სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მწერლებთან, ჟურნალისტებთან, ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობებს. ძირითადად ეს პროექტებსა და გრანტებში აისახება. დავაფინანსეთ რამდენიმე წიგნი, ჟურნალ-გაზეთი. წავახალისეთ ჟურნალისტები, დავაფინანსეთ ტელეკომპანია "რიონისა" და "ივერიონის" პროგრამები, სააგენტოს ბაზაზე შექმნილი სალონები. ამჟამად მოძიების პროცესშია ორგანიზაცია, რომელიც ამ სალონების ფუნქციონირებას სამომავლოდ (ფინანსურად) მყარ გარანტიას მიცემს. ახალს, ალბათ, ვერაფერს ვიტყვით, გავიმეორებთ მხოლოდ, რომ ლიტერატურასა და ხელოვნებას ახლა ისე, როგორც არასდროს სჭირდება ფინანსური ხელშეშველება. როცა ასე გაძვირდა წიგნი და "გაძვირდა" შემოქმედებითი პროცესიც, ყოველმხრივ ვცდილობთ - გამოვნახოთ გზები, რითაც განსაკუთრებით, მომავალ თაობას მწერლობისა და საზოგადოდ, ლიტერატურის სიყვარული გაუღრმავდება, სულ მალე სიცოცხლეს შეიძენს სააგენტოს ახალი პროექტი - რომლის მიხედვით იმერეთის 11 რაიონსა და საკუთრივ ქუთაისში მუშაობას დაიწყებს ახალგაზრდობისაგან დაკომპლექტებული პატარ-პატარა ჯგუფები, რომელსაც ცნობილი მწერლები ჩაუდგებიან სათავეში.

ჩვენმა სააგენტომ დაფუძნების ოფიციალური რეგისტრაცია 1999 წლის სექტემბერში გაიარა, ტრადიციად დავამკვიდრეთ - ყოველ შემოდგომაზე ანგარიშს ვაბარებთ ფართო საზოგადოებას, უკვე გაკეთებულზე, სამომავლო პერსპექტივაზე. ის, რაზედაც მკითხველის ყურადღება შევაჩერეთ, დაახლოებით ბოლო ერთ წელიწადში შესრულებული საქმეა, და ეს არ არის მხოლოდ ადამიანთა მოღვაწეობის ჰუმანიტარული სფეროსათვის განკუთვნილი ქმედება. ჩვენი თანადგომით, ორგანიზებითა და დაფინანსებით იმერეთში არა ერთი და ორი ახალი საზოგადოებრივი წარმონაქმნია სიცოცხლისუნარიანი, მოქმედი. შესაძლებლობის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მიწა-წყლის მეოხეთა კავშირთან, საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოსთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმერეთის საზოგადოებრივ საბჭოსთან. ეს თანამშრომლობა აქაც და სხვებთანაც უფრო სახვალიო ნაბიჯად გვეჩვენება - აწმყო ხომ მომავალს შობს.

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. ცოტა ხნის წინ იმერეთში გამართული დიდი ეკონომიკური თათბირი საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სააგენტოს წინაშეც ახალ ამოცანებს სახავს. მცირე მეწარმეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტების რეალიზებაა დაგეგმილი.

ჩვენი მცდელობითაც - პერიფერიულ სივრცეში აქტიურდება კულტურული ველი - რაც მრავალი დადებითი შედეგის მომტანია და მთავარი - სულიერება, რაც ჩვენს ქვეყანასა და მის რეგიონს, იმერეთს ოდიდგან მოსდგამს - კავშირის წარსულსა და დღევანდელობას, მომავალს შორის.

სულ მალე სრულიად საქართველო ჩვენი სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს, ბაგრატის საკათედრო ტაძრის მრავალსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს. იმერეთის განვითარების სააგენტო თავის შესაძლებლობების ფარგლებში იქნება მათ შორის, ვინც ახალი ათასწლეულისა და ახალი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ღვთისმშობლის სახელზე აგებული ამ ქმნილების დიდ ზეიმობას ყველა ფაქტზე და მოვლენაზე მაღლა აყენებს.

... იმერეთის განვითარების სააგენტო თანაზიარია იმ ცხოვრებისა, რაც იმერეთში ჩქეფს, იმ მიმართულებისა, რეგიონის წინაშე რომ დასახა ხალხმა და დრომ.

ჩვენ ვშრომობთ ადამიანებისათვის და ადამიანებით. აქვე გთავაზობთ სააგენტოს ამჟამინდელ პროგრამებს, ჩვენ სურვილია, წამკითხველები მათში მონაწილედ ვიხილოთ.

ავტორი: ნესტან ნებულიშვილი


კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი