მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ჩვენი ეპოქის უფასო ხიბლი: ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში

ახლა, წლის ამბების მოყოლა რომ დავიწყო და მთავარი ეს იყო და ის წლის ადამიანია, ეს - მსახიობი, ის - დემაგოგი და ასეთი რამეები... მოგეწონებათ? ეს ხომ აღარ იქნება ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში? დააკვირდით რუბრიკას, რა აწერია - "ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში". ამიტომ, ჩვენ ის ვთქვათ, რაც წინა კვირაში ხდებოდა და რაც ამ წელს მოხდა, ის ყველაფერი ჭიქით ხელში გავიხსენოთ. თუ გნებავთ, სასმისი ლუდით შეივსეთ.

მე არა, მაგრამ მთავრობამ კი გამართა შემაჯამებელი სხდომა, რომელზეც ყველაფერი შეაჯამეს და შეაქვაბეს. ასე მხიარულად ჯერ არც ერთი კრება არ დამთავრებულა. ხალისის მიზეზი კი იცოცხლე, იმდენი იყო. მაინც რამდენი იყო? რამდენი და, სულ ცოტა 200 მაინც. სწორედ ამდენი კანონპროექტი გადაუგზავნა პარლამენტს მთავრობამ და სანამ ქუჩაში გავიხედავთ და ხალხის აზრს მოვისმენთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ძლიერი მთავრობა, არავის არასდროს ჰყოლია და არც კი დასიზმრებია. და რა შუაშია მთავრობა, თუ პარლამენტი კანონებს არ იღებს? ჭეშმარიტად, მთავრობისა და მის მიერ გაცემული კანონების გამო შეიძლება ითქვას, რომ "რასაცა გასცემ შენია".

პეტრე მამრაძემ დაასკვნა: "ერთი წლის განმავლობაში რომ ამ კანონპროექტების განხილვის მეტი არაფერი აკეთოს პარლამენტმა, მაინც ვერ მოასწრებს".

აბა, ახლა პარლამენტის წევრებს ვკითხოთ, რას ფიქრობენ მთავრობის შესახებ? უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და მინიმალურ ხელფასზე და მაქსიმალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. გასულკვირაში კვლავ გრძელდებოდა გაერთიანებული დემოკრატების შეტევა დაშლილ "მოქალაქეებზე" და მაგიურ რიცხვს 115-ს იშველიებდნენ. თქვე კაი ხალხო, უცხოები ხომ არ ხართ?! თქვით რა ცოტა მეტი. თუმცა, მირიან გოგიაშვილმა ბევრად ნაკლები თქვა.

ბევრად ნაკლები თქვა და ისიც დაამატა, თუ ვინმე მართლა შეძლებს, მინიმალური ხელფასი მაქსიმალურად 115-მდე გაზარდოს, გვერდში დავუდგები და მერე წავალ და საერთოდ, უბრალო მებაჟედ ვიმუშავებო. ეს კი მართლა მაგრად გამოუვიდა - მთელი საქართველო უბრალო მებაჟედ მუშაობაზე ოცნებობს. ისე, კარგი აზრი მომივიდა თავში. თუ ხელფასების გაზრდა მართლაც უნდათ, უბრალო მებაჟეების რაოდენობა გაზარდონ. მართალია, ეს ხელფასს ვერ გაზრდის, მაგრამ ხალხს ცოტა ფული გაუჩნდება.

ცოტა ფული მალე აფხაზებსაც გაუჩნდებათ. მართალია, ეს ფული ძირითადად სეპარატისტების ჯიბეში მოიყრის თავს, მაგრამ ეგეც ხალხია, მაგათაც ჰყავთ ოჯახები. გასულ კვირაში სოჭი-სოხუმის რკინიგზა გაიხსნა. მატარებელი, მატარებელი, არძინბას გულის გამხარებელი. მაგრამ ცხოვრებაში არსებობს წონასწორობის კანონი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ერთს უხარია, მეორე აუცილებლად ცხარე ცრემლით ტირის. ამ შემთხვევაში, აცრემლებულები ვართ ჩვენ, ანუ ისინი, ვინც უბრალო მებაჟეობაზე ვოცნებობთ. ამ რკინიგზამ საქართველო-რუსეთის სასაზღვრო პერიმეტრი მაქსიმალურად შეამცირა, რამაც ავტომატურად შეამცირა უბრალოდგამებაჟეობის ჩვენი შანსი.

მალხაზ კაკაბაძემ თავი იმართლა, ჩვენ ნოტები გავაგზავნეთო, მაგრამ ნოტები უშველის მაგ საქმეს? ამ საქმეს, სულ ცოტა "შკოლაიგრი" მაინც სჭირდება. ჯორბენაძემ, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილაო. აი, ეგ კი ნამდვილად მჯერა. საერთოდ, საკითხები ორ ნაწილად იყოფა - შესათანხმებელ და არშესათანხმებელ ნაწილებად. მაგალითად, რკინიგზის გახსნის უმნიშვნელო საკითხს აფხაზები ჯორბენაძესთან არ ათანხმებენ. სამაგიეროდ, ათანხმებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჭუბურხინჯის ოთხმხრივი მოლაპარაკების დღის წესრიგი და ღამის უწესრიგობა.

საინტერესოა, რომ თავისი კურორტების დიდი ნაწილი აფხაზებმა საახალწლოდ მოსკოვის მერიას გადასცეს. არა უშავს - ერთი ნოტი ამ საქმისთვისაც მოინახება. ისეთი ვინმეც მოინახება, რომელიც იტყვის, მე არ ვიცოდიო.

თბილისისთვის გაზის მიწოდების საკითხი ისევ დეიკალოსთან არის შესათანხმებელი. სულ ცოტა ხნის წინ იყო, დიდი ზარ-ზეიმით რომ გვამცნეს, ვახტანგ ცაავა აწი ვახტანგ ცაავაც იქნება და ვლადიმერ დეიკალოცო, მაგრამ არ გამოვიდა ეგ საქმე. ადრე რომ ამბობდნენ, მარადონა პელეაო, ზუსტად ეგრე გამოვიდა. გაზს ისევ "იტერა" მოგვაწვდის, შუამავალი ისევ დეიკალო იქნება, ცაავა ისევ ისე იწუწუნებს და ხალხიც ისევ ისე იწუწუნებს, როგორც აქამდე წუწუნებდა. ოღონდ, ხალხისა და ცაავას წუწუნი ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ეს პრობლემა უკვე თბილისის საკრებულოს მოსაგვარებელია.

შალვა ნათელაშვილი, მართალია, საკრებულოს წევრი არ არის, მაგრამ მაინც დიდი რუდუნებით დაჰკანკალებს და დასცახცახებს ყველაფერს, რაც საქართველოს მომავალთან არის დაკავშირებული. ამჯერად, აკანკალებული ხმით ბავშვების ინტერესები დაიცვა და დაამტკიცა, რომ ბავშვების სიყვარული მხოლოდ ლენინის და კომუნისტების პრეროგატივა არ არის: "ვინც ამას ხმას არ მისცემს, შავ სიაში შევიყვან და სკოლებში გამოვაკრავ!" საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც არც კომუნისტები არიან, არც ლეიბორისტები და ამიტომ ბავშვებისთვის უფასო განათლება არ ემეტებათ.

შალვა რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა... მაგრამ არის და სწორედ ესაა ჩვენი ეპოქის უფასო ხიბლი.

წესით და რიგით, განათლების მინისტრი უნდა აქტიურობდეს, მაგრამ ალექსანდრე კარტოზიას ახლა ამისთვის არ სცხელა - იგი ვასილ მაღლაფერიძესთან კამათით არის დაკავებული. რაზე კამათობენ, არავინ იცის და სიმართლე რომ ვთქვათ, არც არავისთვის არის საინტერესო. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ერთმანეთს ისინი ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ჯერ იყო და კარტოზიამ თქვა რაღაც, რაც დეპუტატმა ცილისწამებააო, ასე შეაფასა. ამის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, მაგან ცილი დამწამა, რომ მე ცილი დავწამეო. ალბათ, მაღლაფერიძე მოიგერიებს, მაგან ცილი დამწამა იმაში, თითქოს მე ცილი დავწამე იმაში, რომ მაგან ცილი დამწამაო. ასე იქნებიან გართულები ცილისწამებაში, სანამ რამდენიმე თაობა უსწავლელი არ დარჩება.

ხოლო ის თაობა, რომელიც ახლა უნდა სწავლობდეს, ქუჩაში იყინება. ამ რამდენიმე დღის წინ 4 და 11 წლის ბავშვები გაყინულები იპოვეს. თუ ვინ იპოვა, მისი ვინაობა ისტორიამ არ შემოგვინახა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ მათი საავადმყოფოში გადაყვანა ქალაქის ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა, გიორგი კარბელაშვილმა ითავა. ზუსტად არ ვიცი იმ საქალაქო სამსახურის დასახელება, რომელსაც კარბელაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ ვეჭვობ, რომ მას "გაყინული ბავშვების საავადმყოფოში გადაყვანის" სამსახური ეწოდება.

ამბობენ, რომ ბავშვებს წებო ჰქონდათ ნასუნთქიო. აი, რატომ არის ნათელაშვილის ნაღაღადები ჭეშმარიტება - ვინმეს ბავშვებისთვის წებოს დანიშნულება უფასოდ რომ ესწავლებინა, არც ბავშვები მოხვდებოდნენ საავადმყოფოში და, ჰო, მართლა, არც კარბელაშვილს შეუწუხდებოდა გული.

ბავშვებმა რა დააშავეს, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ და ბავშვებისთვის გულანთებულმა სხვა ხელისუფლებმა ყველა გაყინულის დახმარება გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებას კი შეიძლება ის მოჰყვეს, რომ ვინც ჯერ კიდევ არ გაყინულა, თავს გაიყინავს, საკრებულოს მიადგება და სხვადასხვანაირ გამათბობელ საშუალებას მოითხოვს.

სანამ ისინი მიადგებოდნენ, საკრებულოს მრავალშვილიანი დედები მიადგნენ და თითო-თითო შვილის მამებს თითო-თითო შვილის დედები აგინეს. გინებამ საკრებულოს კარის მინები შეიწირა. მართალია, პარტიას და მთავრობას მრავალშვილიანი დედებისთვის ფული არ მოეძევებათ, მაგრამ ახალი მინების ჩასასმელი ფული მაშინვე მოიძიეს. თუმცა, არც იმდენი, რადგან ახალი შუშები ძველზე თხელი აღმოჩნდა.

მრავალშვილიანმა დედებმა თავისი მაინც გაიტანეს, მაგრამ, ვეჭვობ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. წეღანაც გითხარით, რომ უფრო თხელი მინები ჩასვეს-მეთქი. იმიტომ ხომ არა, რომ მომავალში კიდევ რომ მიუვარდებიან, კიდევ რომ ჩაამსხვრევენ, ასე უფრო ნაკლებ ზარალს ნახავენ?!

ერთი პატარა ზარალი ომბუდსმენის ოფისმაც ნახა. ამ პატივცემული კანტორის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ავტოფარეხი გამოაღო, მანქანა გამოიყვანა და სანამ ძრავა ხურდებოდა და ავტოფარეხის კარი იკეტებოდა, ვიღაც მივიდა და მანქანა წაიყვანა. სადაც პატიმრების დამცველს მანქანას მოჰპარავენ, იქ პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლები შიშით უნდა ძრწოდნენ გაბატონებული კლასების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ზუგდიდელი სამართალძალოვნები უკვე შეძრწუნებულები არიან და გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებენ. წუწუნებენ, სულ 282 პოლიციელი გვყავს და ორი მანქანა გვაქვსო. 600 კაცი რომ ვიყოთ, ჩვენ ვიცით და ჩვენმა "პაგონებმაო". 600 კაცი არც ცხოვრობს ზუგდიდში. სხვა რაიონებიდან მოიწვევენ და თავს დაიცავენ.

ამ კრიმინალურ გამყინვარებაში სულ გადაგვავიწყდა, რომ არსებობს კულტურა. ეს ჩვენ გადაგვავიწყდა, თორემ მთავრობის იმ ღირსშესანიშნავ სხდომაზე ნამდვილად არ დავიწყებიათ. მას შემდეგ, რაც ყველა საკითხი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვიტეს, ფონოგრამებსაც მიადგნენ. დაადგინეს: თუ ვინმეს ტუჩების ცმაცუნი ფონოგრამით სურს, ამის შესახებ ცმაცუნამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადოს და მერე თავში მიკროფონი უხლია და მუცელში - მიკროფონის დასამაგრებელი შტატივიო.

ჩვენი კულტურა დღეს ფონოგრამაზეა დამოკიდებული. ე.ი. ახალი წლიდან კულტურა აღარ გვექნება. აღარ გვექნება და... ნუ გვექნება. ისიც გვეყოფა სატრაბახოდ, კანდელაკმა რუსი რომ ცემა და ქამარი ჩამოიტანა. ქამრები შემოვიჭიროთ, ჩავიცვათ, დავივარცხნოთ და კანდელაკს მივბაძოთ.

აი, ასეთი იყო გასულ კვირაში საქართველო - სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. პატარა ლეკვს ჩვენს ოთახში ვაცხოვრებთ...

ავტორი: დიტო გელოვანი


კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი