მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
შევარდნაძემ მითხრა: "ეს შეიძლება ჩვენი ბოლო წუთები იყოსო": შევარდნაძემ აფხაზეთში მეომრებს ახალი წელი პირადად მიულოცა

აფხაზეთში საომარი მოქმედებები ოთხი თვის დაწყებული იყო, როდესაც 1993 წლის პირველი დღე თენდებოდა. თბილისი ამ დროს ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ახალი წლის ღამეს "მრავალჟამიერი" გუგუნებდა... ისე, დედაქალაქში არც მანამდე იგრძნობდი იმას, რომ ქვეყნის ერთ ნაწილში ომი იყო. იმ წელიწადს აფხაზეთისთვის უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა.

1992 წლის 31 დეკემბერს სოხუმიც ჩვენი იყო და მთლიანად აფხაზეთის დაბრუნების დიდი იმედიც არსებობდა. ღამის თორმეტი საათი რომ შესრულდა, სროლა სულ ორიოდე საათით შეწყდა. მაშინ არძინბა თავისი მომხრეებითურთ გუდაუთაში იყო გაქცეული. "მთავარი გაზეთი კვირას" გიამბობთ, რა ხდებოდა მაშინ აფხაზეთში, როგორ ხვდებოდნენ მეომრები 1993 წელს და როგორ გადაფრინდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე 31 დეკემბერს თბილისიდან ოჩამჩირეში.

პარლამენტარი ზაზა დვალი მაშინ სამხედრო შენაერთ "ორბის"წევრი იყო და ახალი წლის ღამე აფხაზეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ თოუმიშში გაატარა, რომელიც ტამიშიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. "ორბი" მეთერთმეტე ბრიგადის დაზვერვის ბატალიონი გახლდათ, რომელსაც მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მეთაურობდა. ბრიგადის მეთაური კი გია ყარყარაშივილი იყო.

ზაზა დვალი იხსენებს: "25-26 დეკემბერს ჩვენი მხრიდან მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია - ტყვარჩელის მიმართულების გაკონტროლება იგეგმებოდა. ამისათვის ოჩამჩირის მხრიდან რამდენიმე შენაერთი დაიძრა. გზადაგზა ლოკალური ბრძოლებიც იყო. აფხაზები ძირითადად მთიან სოფლებს აფარებდნენ თავს. ზურგიდან მთების გავლით ტყვარჩელის მისადგომებთან გასვლას ვცდილობდით. რამდენიმე სოფელი ავიღეთ. ორივე მხრიდან იყო მსხვერპლი, იყვნენ დაჭრილები.

30 დეკემბერს სოფელი თოუმიში დავიკავეთ. ამ სოფლის აღებას სერიოზული მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ავიყვანეთ ტყვეები. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვედანაყოფი ტყვეებს ძალიან ადამიანურად და ჰუმანურად ეპყრობოდა. იმავე დღეს გია ყარყარაშვილი დაგვიკავშირდა და გვთხოვა - ახალ წელს ბაზაზე, აგუძერაში შევხვედროდით".

"ორბის" წევრებმა, ბრიგადის მეთაურთან შეთანხმებით, ახალი წლის ღამეს თოუმიშში არჩიეს დარჩენა. 1 იანვარს შემცვლელი ძალა უნდა ამოსულიყო და "ორბის" წევრები აგუძერაში წასულიყვნენ. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეომრებმა საახალწლო სამზადისი დაიწყეს. თოუმიშის მკვიდრთაგან თითქმის ყველამ დატოვა სოფელი. მანამდე მათ ერთ-ერთ ოჯახში ბაზა ჰქონდათ, სადაც დაახლოებით ოცდაათკაციანი ჯგუფი იყო. აფხაზმა მეომრებმა ტყვარჩელის მიმართულებით დაიხიეს უკან.

ზაზა დვალი: "მათ თოუმიშში დატოვეს ას წელს მიტანებული მოხუცი ქალი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და იცოდა მხოლოდ აფხაზური ენა და ძალიან ცუდად მეგრული. ის გონზე იყო, აზროვნებდა.

შემდეგ სხვადასხვა ადგილას მიმალული ოთხი თუ ხუთი რუსი ეროვნების "მოჯამაგირე" აღმოვაჩინეთ. ასეთ ხალხს აფხაზეთის თითქმის ყველა სოფელში ვხვდებოდით.

ზოგი მათგანი რუსეთიდან მართლმსაჯულებას გამოექცა, ზოგი ალიმენტს, ზოგიც თბილ ქვეყნებში სამხრეთულ კლიმატს იყო მოწყურებული და ამიტომ ჩამოვიდა აფხაზეთში. როგორც ჩანს, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ და აფხაზებს მასიურად ჰყავდათ ამ კატეგორიის ადამიანები. ერთ-ერთ ასეთ "მოჯამაგირეს" ვთხოვეთ, რომ მოხუცი ქალისთვის მოევლო და მუდმივად მის გვერდით ყოფილიყო.

ახალ წელს სწორედ ამ ქალბატონთან ერთად შევხვდით და მივულოცეთ. არ ვიცი, რამდენად დაგვიჯერა, მაგრამ ჩვენ ვარწმუნებდით, რომ მისი ახლობლები არ მოგვიკლავს და რომ მათ ტერიტორია დატოვეს. ერთი აფხაზის ოჯახში კასრით ღვინო აღმოჩნდა. ოღონდ, შევთანხმდით, რომ მხოლოდ სამ-სამ ჭიქას დავლევდით, რადგან ყოველ წუთს თავდასხმა იყო მოსალოდნელი.

მოკლედ, სამ-სამი ჭიქა ღვინო დავლიეთ, სამ-სამი სადღეგრძელო ვთქვით. ფქვილს მივაგენით და პური ჩვენ თვითონ გამოვაცხეთ. გვარს არ დავასახელებ და ჩვენი ზოგიერთი თანამებრძოლი საკმაოდ კარგი პურის მცხობელი აღმოჩნდა. ამაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ოღონდ უფრო სხვა მიმართულებით ვიყავი დაკავებული: ვცდილობდი, გოზინაყი გამეკეთებინა.

საახალწლო ნაძვის ხე არ გვქონია, მაგრამ ბიჭებმა მარადმწვანე ხის ტოტები შემოიტანეს. იქ იყო ბევრი მანდარინი, ხურმა და კარალიოკი. ტყვედ აყვანილთა შორის ერთ-ერთი აფხაზი, მეფუტკრე აღმოჩნდა. როდესაც საახალწლო სამზადისი დავიწყეთ, მან თვითონ გვითხრა: მე ფუტკრები მყავსო და ჩვენს საახალწლო სუფრას თაფლი შემატა. სწორედ ამ თაფლის ბაზაზე ვცდილობდით გოზინაყის გაკეთებას. სუფრის გაშლაში ყველა ვმონაწილეობდით და ყველაფერი ძალიან გემრიელი გვეჩვენებოდა".

საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ლორიკ მარშანია მაშინ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის მოადგილე გახლდათ და აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის თავიდან ბოლომდე მშობლიურ ქალაქში იყო.

ლორიკ მარშანია: "როგორც ასეთი, ახალი წელი არც გვიგრძნია და წესიერად არც გვახსოვს. არძინბას მთავრობა გუდაუთაში იყო წასული, ჩვენ აქეთა მხარეს ვიყავით. სხვათა შორის, 1992 წლის 31 დეკემბერს თამაზ ნადარეიშვილმა ახალი წელი ყველას მოგვილოცა და თქვა: ახალ წელს ჩვენ უკვე ფსოუს საზღვრებზე ვიქნებით და იქ აღვნიშნავთ ჩვენს გამარჯვებასო. სამწუხაროდ, მას მერე ათი წელიწადი გავიდა და მისი სურვილი სურვილად დარჩა.

31 დეკემბერს მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჩემს კაბინეტში ვიყავი. ჩვენ სახლებში თითქმის არ დავდიოდით, დღედაღამ იქ ვიყავით. ახალი წელი კი არა, 1992 წლის ნოემბერში 60 წლის გავხდი, მაგრამ არც გამხსენებია. ჩემი მეგობარი კაცი შემოვიდა კაბინეტში და გილოცავო, მითხრა. რას მილოცავ, ამ უბედურებას, რაც ჩვენს თავზე დატრიალდა-მეთქი?! - ვუთხარი.

დღეს ხომ 60 წელი შეგისრულდაო, მომიგო. მან ნახევარი ბოთლი ჭაჭის არაყი მოიტანა, რაღაც ძეხვი და ასე მომილოცა ერთმა კაცმა სამოცი წელი. მაშინ ქეიფის და დროსტარების დრო არ იყო. ახალი წლის ღამეს ორი-სამი საათით შეწყდა სროლა, მაგრამ მეორე დღეს ჭურვები ჩამოყარეს".

ჯაბა იოსელიანი, ყოფილი შეიარაღებული ფორმირების, "მხედრიონის" მეთაური: "ახალ წელს ოჩამჩირეში ვიყავით. იმ ღამეს სროლები ერთი საათით შეწყდა. მაშინ გია ვაშაკიძე ბრიგადის მეთაური იყო. მე და გიამ პოზიციებზე ბიჭებს ჩამოვუარეთ, ყველა ვნახეთ. შემდეგ ერთი ბოთლი შამპანური გავხსენით, დავილოცეთ. "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია მაშინ "მხედრიონელი" იყო და მის სახლში წავედით. იქ რამდენიმე საათი ვიყავით და შემდეგ ისევ ოჩამჩირეში დავბრუნდით. ახალი წლის ღამეს აფხაზი ტყვე გავათავისუფლე. სულ ხუთი ტყვე გვყავდა და ჩვენებმა ოთხი გადაცვალეს. ერთი მწერალი კაცი იყო დარჩენილი. მოკლედ, გავუშვი და შემდეგ მოსკოვში ლაშა თაბუკაშვილს შეხვედრია და ეს ამბავი მოუყოლია".

პარლამენტარი გია ბარამიძე ამბობს, რომ ახალ წელს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ლაბრაში შეხვდა "მხედრიონის" ბორჯომის ბატალიონთან ერთად, რომელსაც გიგა გელაშვილი მეთაურობდა.

გია ბარამიძე: "ახალი წლის ღამეს ინტენსიური სროლები არიყო. მოწინააღმდეგის მხრიდან კანტიკუნტად ისროდნენ ჰაერში. პოზიციაზე ვინც ვიდექით, ისინი მაინცდამაინც არ ვისროდით. სოფელ ლაბრაში ერთი სახლი გვეკავა, ერთი ბოთლი შამპანური გვქონდა და ასე მივულოცეთ ერთმანეთს".

ზაზა დვალი: "ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი, ბესო მოდებაძე, ძალიან კარგი ადამიანი 30 დეკემბერს დაგვეთხოვა - ბაზაში ჩავალო. მას ფეხსაცმელი (ჩექმაზე ან "ბატინკზეა" საუბარი) დაუზიანდა, წყალი შესდიოდა. ბესომ კაცური სიტყვა მოგვცა, რომ დაბრუნდებოდა და ახალ წელს ჩვენთან ერთად შეხვდებოდა. ბიჭები მეხუმრებოდნენ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდებაო, რადგან სამანქანო გზიდან დაახლოებით 15 კილომეტრი ფეხით უნდა ევლო.

თორმეტს აკლდა 15 წუთი, ბესო მეგობართან ერთად რომ ამოვიდა ჩვენთან. მას მეტსახელად "ბროლია" დავარქვით, რადგან პირველად მან მოგვილოცა ახალი წელი. კარზე გაუბედავად აფხაჭუნებდა. ტექსტიც კი ვათქმევინეთ: ვინც არ უნდა იყო მანდ... ვიდრე ეს არ თქვა, არ შემოვუშვი.

31 დეკემბერს მხოლოდ მანათობელი ტყვიებით იყო სროლები. თავდასხმა არც ერთ მხარეს უცდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, რა მიმართულებით წავიდნენ აფხაზები იმ სოფლიდან, ისინი არ შეგვიწუხებია. აფხაზეთის მთიან ნაწილში დაახლოებით ერთი მეტრი თოვლი იყო. კვალი კარგად ჩანდა და შეგვეძლო მათ გავყოლოდით, მაგრამ ეს აღარ გავაკეთეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ მარხვა იყო და შემდეგ ახალი წელი ახლოვდებოდა.

1 იანვარს, ნაშუადღევს გია ყარყარაშვილმა გამოგვიგზავნა შემცვლელი ძალა, "თეთრი არწივის" ბიჭები. საღამოხანს ჩვენი ბრიგადის ბაზაში, აგუძერაში წავედით და გია ყარყარაშვილს შევხვდით. მეორე დღეს ჩამოვიდნენ ბატონები: კოტე გაბაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ედუარდ შევარდნაძე და თენგიზ სიგუა. მათ ახალი წელი მოგვილოცეს, მოგვეფერნენ, გაგვამხნევეს".

თენგიზ სიგუა: "1993 წლის ახალი წელი სახელმწიფოს მეთაურთან ერთად გავათენეთ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში. სუფრაზე გვქონდა ღვინო, ცოტა არაყი და ბუტერბროდები. სოხუმის აღმასკომის თავმჯდომარემ, გურამ გაბესკირიამ (რომელიც ჟიული შარტავასთან და რაულ ეშბასთან ერთად დაიღუპა) ტორტი თუ რაღაც ტკბილეული მოიტანა. ეს იყო და ეს.

მაშინ საკმაოდ დიდი თოვლი იყო და თბილისიდან პირდაპირ აფხაზეთში ვერ ჩავფრინდით. ამიტომ, 31 დეკემბერს თბილისიდანჯერ ბათუმში ჩავფრინდით და იქიდან ვერტმფრენით გადავფრინდით ოჩამჩირეში.

საშინელი ამინდი იყო და ამიტომ სულ ზღვის ნაპირას მივფრინავდით, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემთხვევაში, არ ავფეთქებულიყავით და წყალში მაინც ჩავვარდნილიყავით

ილუმინატორიდან ვხედავდით, როგორ ღელავდა ზღვა. თან თოვდა, მაგრამ კი არ ბარდნიდა, წვიმასავით ცრიდა. ამ საშინელ ამინდში, როგორც იქნა, ოჩამჩირეში დავეშვით და სოხუმისკენ მანქანებით წავედით. ძალიან დიდი თოვლი იყო და ჩვენს ესკორტს რამდენჯერმე მოუწია გაჩერება.

გულრიფშს რომ მივუახლოვდით, უკვე ბნელოდა. გზა ვეღარ გავაგრძელეთ, რადგან ძალიან დიდი ხე იყო წაქცეული და გზაზე ეგდო. მე და შევარდნაძე ერთ მანქანაში ვისხედით. გამოითქვა აზრი, რომ იქ შეიძლება აფხაზების ჩასაფრება ყოფილიყო და გზაც საგანგებოდ იყო ჩაკეტილი. შევარდნაძემ მითხრა: აქ შეიძლება ჩვენი ბოლო წუთები იყოსო. ამ დროს მოპირდაპირე მხარიდან გამოჩნდა გია ყარყარაშვილი თავისი ხალხით. მათ გზა გაწმინდეს და დიდი ვაივაგლახით ჩავედით სოხუმში. გია თავისი ხალხით მოგვყვებოდა, რომ დაცვა ყოფილიყო, რადგან საშიშროება მართლაც იყო.

1 იანვარს ფრონტის წინა ხაზზე გავედით. მეორე დღეს კი აგუძერაში გია ყარყარაშვილის ხალხს შევხვდით. დავით თევზაძეც იქ იყო. საშინელი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ. დარბაზში ისეთი ხველა იყო, აშკარად ჩანდა, რომ ბევრს ფილტვების ანთება ჰქონდა. საშინელი ხველების ფონზე შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. მაშინ იმედიანი განწყობა იყო. გვეგონა, რომ უახლოეს ორ-სამ თვეში აფხაზეთი მთლიანად ჩვენი იქნებოდა".

ავტორი: ქეთი კვერნაძე


კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი