სადაც უნდა შეხვდეს ქართველი კაცი ახალ წელს - მდიდრულ სასახლეში თუ ხიდის ქვეშ - მის სუფრაზე ჭიქა ღვინო მაინც შეისმება. ქართველებს ასე "გვშვენის", რაც უნდა ვიწუწუნოთ, როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, "რაღაცას" მაინც გამოვნახავთ და გამოსავალსაც ვიპოვით. ეს ჩვენი მოხერხებულობის ნიჭი განსაკუთრებით სწორედ საახალწლოდ იგრძნობა, როცა უმუშევარწევრებიან ოჯახში არც ისე ურიგო სუფრა იშლება. თუმცა საქართველოში საახალწლო განწყობა რომ "გაფერმკრთალდა", ესეც ფაქტია. ახალი წელი საბავშვო დღესასწაულად გადაიქცა და პრობლემებში ჩაძირული ზრდასრული ადამიანები "თამაშგაეთ" დარჩნენ.
40 წლის ნანული ბაზარში ხილს ყიდის: "ტყიბულიდან ჩამოვედი. გაჭირვებამ მაიძულა სიცივეში დგომა და ვაშლის გაყიდვა. ახალ წელს უხალისოდ ვხვდები. ხალისი მაშინ მექნებოდა, ჩემს ქმარ-შვილთან ოჯახში რომ ვყოფილიყავი".
50 წლის მანანა, კანფეტების გამყიდველი: "ადრე ჩემს შვილს და საყვარელ შვილიშვილებს ერთად ვუყრიდი თავს. დღეს კი ვეუბნები, რომ ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ. ვისაც კარგი შემოსავალი აქვს, ახალი წელი მათთვისაა საინტერესო."
23 წლის ხათუნა, სამედიცინო კოლეჯის პირველკურსელი: "ახალი წელი მხოლოდ ფულიანებს უხარიათ. ვისაც კარგი სუფრა ექნება, დროს განსაკუთრებულად კარგად ის გაატარებს."
41 წლის ზვიადი, უმუშევარი: "საბედნიეროდ, ბავშვებს არ ესმით, რა არის გაჭირვება, იმიტომაც უხარიათ ახალი წლის მოსვლა. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. უწინ ახალ წელს თბილად ვატარებდი ნათესავებსა და მეგობრებთან. დღეს ისინიც უმუშევრები არიან, ანდა საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში წავიდნენ."
37 წლის ნატო, მათხოვარი: "ათი წელია დიდუბის ეკლესიასთან ვმათხოვრობ. როცა ხელფასი და სამსახური მქონდა ახალი წელიც მიხაროდა. ახლა ამდენი გაჭირვების შემხედვარეს ახალი წელი ჩემს შვილებს უხარიათ. ეკლესიას თუ ვინმე ქათამს შესწირავს, ვთხოვ და ბავშვებს საახალწლოდ ხორცს მაინც ვაჭმევ".
35 წლის მედეა გელაშვილი ორი წელია ქუჩაში მათხოვრობს: "ჩემი მეუღლე ლოთობდა. მე და შვილებს ყველა დღესასწაულს გვიმწარებდა. ცუდი ხასიათი ჰქონდა და ხშირად გვცემდა. ვერ გავძელი და გავცილდი. მერე მათხოვრობა დავიწყე. შვილებიც ქუჩაში გამოვიდნენ. 16 წლის მერაბი და 14 წლის მამუკა მთელი დღე მაწანწალობენ და გული მტკივა. მაგრამ რა ვქნა, ვერ შევინახავ. შარშან მერაბმა საახალწლოდ ტოტალიზატორში 50 ლარი მოიგო და საახალწლოდ ლამაზი სუფრა გავშალეთ. წელს შიშობს, არ გამიმართლებსო."















































































