მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
რატომ უმღერის ნატო გელაშვილი ღვინოს და ქალებს

ვერ იტყვი, რომ მის სიმღერებში სევდისფერი ტონები სჭარბობს, თუმცა წიგნად გამოცემულ პირველ კრებულს "სევდისფერი ქალი" დაარქვა... მუდმივად უმღერის თბილისს- თუმცა ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა. ტექსტებში, რომლებსაც საკუთარი მელოდიებისთვის თვითონვე ქმნის, ხშირად შევხვდებით სუფრისა და სასმლის თემას, თუმცა სასმელს არასდროს მიჰკარებია. პირდაპირ ეთერში პირველად 17 წლის ასაკში წარდგა მაყურებლის წინაშე. სტუდიაში ზარი არ წყდებოდა- არ იჯერებდნენ, რომ ეს პატარა გოგო გახლდათ იმ სიმღერების ავტორი, რომლებიც კაცის დაწერილი ეგონათ... "ეშხიანი ქალებით" მე დავეხმარე კაცებს- აი, ასე უნდა გვიმღერონ, შეგვამკონ და ასეთი სიტყვები უნდა გვითხრან ხოლმე,- განაცხადა ერთხელ...

ნატო გელაშვილს საკუთარი განცდებისა და ემოციების სხვებისთვის თავზე მოხვევა არ ეხერხება და არც აქვს ამის სურვილი- მისი სიმღერები თავისთავად ზემოქმედებს მსმენელზე. ვიღაცებმა რამდენიმე მათგანის ავტორობა დაიბრალეს, ზოგიერთი კი ხალხურად გამოაცხადეს. ზრდის ორ შესანიშნავ ბიჭს და საყვარელ საქმეს ემსახურება... მის პაწაწინა ბინაში როიალი სულ ახდილია...

- სიმღერების წერა სულ პატარას დაგიწყიათ...

- პირველი სიმღერა 7-8 წლისამ დავწერე თოვლზე, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს... მეორე, შედარებით სერიოზული მელოდია თორმეტი წლისამ შევქმენი სკოლაზე- "ზარები გუგუნებენ"- ასე ერქვა. ამავე ასაკში დავწერე "თეთრი მაისი", რომელიც ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე იმღერა ჩემმა მოსწავლემ- ელენე კალანდაძემ.

- ვინ გაღიარათ, როგორც კომპოზიტორი- ვინ გიწინასწარმეტყველათ წარმატება?

- ეს იყო რობაქიძეების ოჯახი, სადაც ყველა მღეროდა, ყველას უყვარდა მუსიკა... მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ამ ოჯახის უფროსმა, ბატონმა ჯემალმა სინანულით აღნიშნა- ნატოსგან კარგი კომპოზიტორი დადგებოდა და გული მწყდება, რომ სხვა გზა აირჩიაო... შემდეგ ბევრმა შემაქო.. რუსთაველის საზოგადოების კულტურის სახლში "გულანშარო" ჩემი შემოქმედებითი საღამო ჩატარდა და ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა სიმღერაზე "ყვავილების დედოფალა", თქვა- ამ სიმღერით ნატომ ქართული ესტრადის ახალი ეტაპი დაიწყოო. მაშინ 16 წლის ვიყავი.

- როგორც ვიცი, მაშინ გოგოების სექსტეტი გყავდათ...

- სკოლაში კვარტეტი მყავდა, მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლის დროს- სექსტეტი "გავროში", რომელიც შემდეგ დაიშალა- მის წევრებს დღემდე ძალიან გვიყვარს და გვენატრება ერთმანეთი.

- ნატო, კრებულში შევიდა თქვენი სიმღერები და ლექსები, რომლებიც ჯერ არ ამღერებულა...

- ეს ლექსები არც ამღერდება- მე მელოდიას და ტექსტს ერთდროულად ვქმნი, თუ მარტო ლექსი დავწერე, მერე ხელს აღარ ვკიდებ.

- სხვამ რომ აამღეროს?

- ძალიან გამიხარდება- მაშინ ახალ ამპლუაში აღმოვჩნდები- სხვისი სიმღერის ტექსტის ავტორად...

- ექიმობის სურვილს ისევ მუსიკამ სძლია...

- ასე მოხდა. ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში ჩავაბარე, შემდეგ კონსერვატორიაში- ამ დროს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი და უამრავმა მსმენელმა და მომღერალმა მაღიარა, როგორც კომპოზიტორი. ბათუმიდან გრან-პრი ჩამოვიტანე. უბედნიერესი ვიყავი... მალე ჩემი შემოქმედებით ბევრი მომღერალი დაინტერესდა.

- ბათუმის ფესტივალის შემდეგ თუ გთხოვათ ვინმემ სიმღერა?

- ბათუმამდე ჩემს სიმღერებს ტრიო "სიმი" ასრულებდა. შემდეგ კი პირველმა თემურ თათარაშვილმა დამირეკა- მეც "ეშხიანი ქალები" ვაჩუქე, რომელიც სწრაფად იქცა ჰიტად. მერე სხვებიც დაინტერესდნენ და ჩემი მელოდიები სარეველა ბალახივით მოედო ქალაქს.

- თვითონ სცენაზე გამოსვლა მოგვიანებით გადაწყვიტეთ...

- ნეკა სებისკვერაძემ გადამაწყვეტინა- მთხოვა მასთან ერთად შემესრულებინა "დედაშვილობა"- მაშინ პირველ შვილს ველოდი- უარი ვერ ვუთხარი და სიმღერა ჩავწერეთ. მეორე სიმღერა- "ჩემო ცისფერთვალება"- გიო ხუციშვილთან ერთად შევასრულე და გადავიღეთ... მაშინ დავრწმუნდი, რომ ხანდახან კომპოზიტორმაც უნდა იმღეროს, რათა დარჩეს ავტორისეული ჩანაწერი...

- როგორც ვიცი, გყავთ გამორჩეულად საყვარელი მომღერლები, რომელთაც თქვენი სიმღერების უმეტესობას ანდობთ...

- ასეთები არიან გიო ხუციშვილი, ტრიო "თბილისი", ტრიო "სიმი"... მათ უხდებათ ქალაქური სტილი. სხვა ჟანრის სიმღერები მომღერლებს უნაწილდება.

- თქვენს სიმღერებში ღვინისა და ქალის თემატიკა სჭარბობს.

- მიყვარს სუფრა, სადაც კარგად მღერიან. მირჩევნია იქ არაპროფესიონალებს მოვუსმინო. წვეთი არასდროს დამილევია, მაგრამ მიყვარს ნასვამ ხალხზე დაკვირვება. ამიტომ მომინდა მათ ნაცვლად მეთქვა სათქმელი და ასე გაჩნდა ჩემი ქალაქური სიმღერები. ისეთი ტექსტები გამომდის, რომ კაცის სამღერია...

- სხვა კომპოზიტორების სიმღერები თუ შეგისრულებიათ ოდესმე?

- სცენაზე არა. არც ვაპირებ, რადგან მომღერლობაზე არ მაქვს პრეტენზია- მე მხოლოდ ავტორ-შემსრულებელი ვარ.

- ამბობენ, რომ ბევრი პროფესიონალი ვერ მღერის სუფრაზე...

- ასეა, სცენა სხვა აკადემიაა, სუფრა- სხვა...

- თუ დაასახელებთ მომღერალს,. რომელიც ორივეგან "მაგარია"?

- ასეთი იყო გოგი დოლიძე.

- რომელიმე თქვენს სიმღერას ასრულებდა გოგი?

- უნდა შეესრულებინა "გიტარა", მაგრამ ვეღარ მოასწრო. შემდეგ ეს სიმღერა თემურ თათარაშვილმა იმღერა და მივუძღვენით გოგის ხსოვნას.

- როგორ ფიქრობთ, მართლაც სევდისფერი ხართ?

- ჩემს ხასიათში უფრო მეტია სევდა, ვიდრე მხიარულება. მიყვარს განმარტოება, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, მაღიზიანებს ბევრი ხალხი. მინდა, რომ ჩემს ფიქრებთან, სიხარულსა და ტკივილთან ვიყო მარტო. არ მხიბლავს გრძნობების აფიშირება.

- თქვენი ბიჭები თუ მღერიან?

- გიორგიც მღერის და ლუკაც. ჩემს კონცერტში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ლუკას სიცხემ აუწია და უფროსი ძმაც, სოლიდარობის ნიშნად, მასთან დარჩა...

- თქვენ ხართ მათი პედაგოგი?

- საერთოდ არ ვამეცადინებ- უბრალოდ, ჩემს სახლში სიმღერა გამუდმებით ისმის- მყავს მოსწავლეები, მოდიან ჩემი მეგობრები, მღერიან... სიმღერის სწავლა არ შეიძლება- ჰანგი უნდა გაგიჯდეს ძვალსა და რბილში, როგორც მე გამიჯდა ოჯახის წევრებისგან. ერთ მშვენიერ დღეს უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ბიჭებმა თითქმის ყველა სიმღერა იციან.

- ბევრი თქვენი სიმღერა ხალხური ჰგონიათ, ბევრის ავტორობასაც სხვა იჩემებდა...

- გასახარია, რომ მოსწონთ და უყვართ... ერთხელ ჩემს სიმღერაზე "არემარე მოქარგულა" ფილარმონიაში ავტორად სხვისი სახელი და გვარი გამოაცხადეს- მაშინ სტუდენტი ვიყავი. ავედი კულისებში და ის გოგო კინაღამ დაიწვა სირცხვილით... ბედნიერია ყველა შემოქმედი, რომლის სიმღერებიც ხალხურად ვრცელდება, რადგან შეიძლება წლების შემდეგ ჩემი სახელი და გვარი ვერ გაიხსენონ, მაგრამ სიმღერები უყვარდეთ და ახსოვდეთ...

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი