მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
წიგნი რომელშიც ქართველთა გმირობის ათასეული წლებია ჩატეული

ცოტა თუ იქნება ჩვენს სამშობლოში სოფელი - დაბა - ქალაქი, რომლის შუაგულსა თუ განაპირას მისი იერის მსაზღვრელად, თუ ისტორიის ნიშანსვეტად ციხე ან გოდოლი არ იყოს აზიდული. ისინი თვალს უმალვე იტაცებენ და დიდი ხანია, რაც მათ მიიქციეს მოგზაურების, მწერლების, მგოსნების და, რა თქმა უნდა, მეცნიერების ყურადღება. მათ შესახებ უწერიათ ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ეთნოგრაფებს, უწერიათ ხელოვნებათმცოდნეებსაც. საკმარისია გ.ჩუბინაშვილის, კ.მელითაურის, ვ.ბერიძის, ვ.ცინცაძის, ლ.რჩეულიშვილის, ირ.ციციშვილის სახელების ხსენებაც, მაგრამ არავის გაუკეთებია ქართული სათავდაცვო ნაგებობების შესასწავლად იმდენი, რამდენიც ცნობილ მკვლევარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პარმენ ზაქარაიას. მუშაობის ხანგრძლივობითაც, მოცულობითაც, თანამიმდევრულობა-მიზანდასახულობის მხრივაც. მის ნაკვალევს საზოგადოება რამდენიმე ათეული წელი წერილებითა და მონოგრაფიებით იცნობდა. ახლა კი ხელთ ბ-ნი პარმენის შემაჯამებელი ნაშრომიც გვაქვს: "ქართულ ციხე-სიმაგრეთა ისტორია" (თბ.ჟურნალ "არქიტექტურა და დიზაინის" გამომცემლობა, 2002 წ.).

პირველი, რასაც ამ დიდტანიანი წიგნის დანახვა განგაცდევინებთ - გაკვირვება და სიამეა. განცვიფრებთ და გსიამოვნებთ, რომ ჩვენს არეულ თუ დალაგებულ დროში, მეცნიერი ამხელა საქმეს შეეჭიდა;

ასეთი განწყობილებით ფურცლავთ ტექსტში უხვად ჩაბნეული ნახაზ-ნახატების, თუ მასზე დართულ ფოტოსურათებს. საერთო თვალიერებას თუ შეუდგებით, იქნებ ზოგი რამ გეუცხოვოთ კიდეც. რატომაა, მაგალითად, ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქების რიგში პირველი - თბილისი, სადაც ამ სიძველისა, როგორც ვიცით, თითქმის არაფერი შემოგვრჩა; რატომაა ადრეულებს შორის ისეთი ნაგებობები, აშკარად მოგვიანოდ რომ გამოიმზირება; რატომ არ არის მოყვანილი ზოგი ძეგლი, თუნდაც ოძრხე ან მოდინახე... აი, კითხვას რომ დაიწყებთ, მაშინვე დარწმუნდებით - ავტორს ნაუცბათევად არაფერი გაუკეთებია, ჩვენგან შენიშნულიც იმთავითვე გაუთვალისწინებია. შესავალშივე გვაუწყებს პ.ზაქარაია: ყველა ნაგებობას ვერ გამოვეკიდები, ვერც მათ ლარივით სწორ მწკრივს შემოგთავაზებთო. ბევრის რისამე შელახულობის თუ შეუსწავლელობის გამოც, იმიტომაც, რომ შენობათა "ცხოვრება" ადამიანთა სიცოცხლესავით რთულია და იგი მთლიანობაში უნდა "წაიკითხოთ", თავდაპირველი სახეც ამოიცნო და მოგვიანო დანაშრევებიც. რაც მთავარია, ბ-ნი პარმენის ამოცანა ხომ საერთო სურათის მონიშვნაა, ის კი თვალნათლივი უნდა იყოს, საამისოდ კი უწინარესად იმავე თბილისს უნდა გავეცნოთ, რადგან იგი დაგვანახებს საუკეთესოდ შუასაუკუნოვან სამოსახლოსა და მის გამაგრებას.

ამ მარტივი "წესების" - თხრობისათვის საჭიროს შერჩევისა და ამორჩეულის სრული "ბიოგრფიის" ჩვენების - შესახებ მკითხველი განუწყვეტლივ, ცხადია, სულაც არ ფიქრობს. ის ეცნობა განმაზოგადებელ მსჯელობას (საქართველოს წარსულის ამა თუ იმ ხანაზე, სიმაგრეთა ნაირსახეობებზე, მათ ქვეჯგუფებზე, ხუროთმოძღვრულად მნიშვნელოვან ელემენტებსა და ხერხებზე ან, მაგ. ქართული ლაშქრის შეიარაღებაზე) და - უმთავრესიც ესაა! - 150-მდე საფორტიფიკაციო ნაგებობას, ციხე-ქალაქს ციხე-სიმაგრეს, ციხე-დარბაზს, ციხე-გალავანს, კოშკს... ყველა მათგანზე ვღებულობთ, რა მხარესა და ადგილას დგას ის, რა ვიცით მასზე მატიანეებიდანა თუ სიგელ-გუჯრებიდან, რას წარმოადგენს ის არქიტექტურის თვალსაზრისით. სრული ერთსახოვნება, რასაკვირველია, ვერც იქნებოდა და აშკარად არცაა ჩაფიქრებული. თუნდაც იმის გამო, რომ ზოგიერთ ჩვენებურ სიმაგრეზე წერილობითი მონაცემები ბევრი გვაქვს, ზოგზეც - სულ არანაირი, უპირატესად კი იმ მიზეზით, რომ აქ არაფერია თვითმიზნური: მაგ.ისტორიის ფაქტები შეიძლება ხუროთმოძღვრებაზე სჯასაც "შეერიოს", რათა უკეთ გავიგოთ ნაგებობის რომელიმე თვისება, მისი აგება - გადაკეთების დრო თუ რომელიღაც სათავსოს დანიშნულება; ბუნებრივი გარემო ნათელყოფს, რამ უკარნახა მშენებელთ ასეთი თუ ისეთი გეგმარება თუ სამშენებლო ხერხები; არქიტექტურის რაგვარობა კი, ისევ და ისევ წინანდელ საქართველოში, მის ავსა და კარგს, ლხინსა და ჭირ-ვარამს მიგვაქცევს.

პ.ზაქარაიას წიგნის ერთი შინაგანი მამოძრავებელთაგანი, ვფიქრობ, დიახაც ჩვენი ნამყოს თაობაზე ფიქრია - და, ეგებ, მის აწმყოსა და მყოფადზე ფიქრიც. იგი დაწვრილებით გვიამბობს, რა სირთულეები ჰქონდათ დასაძლევი გარდასულ დროთა ოსტატებს, რა გასაჭირს რანაირად მოუარეს, გვიჩვენებს მათ საზრიანობასა და გონებამახვილობას. არც ის ავიწყდება, მიგვანიშნოს, თავისი "სუფთა" გამოყენებითი საქმიანობისას მათ "ესთეტიკაც" რომ არ ავიწყდებოდათ და იმ ნაგებობებშიც გამოყოფს, სადაც ხელოვანის თვალი და ალღო განსაკუთრებით თვალსაჩინოა (მაგ. ძამისა ანდა ქსნის ციხეები). ამასთან კი, ბ-ნი პარმენი მრავალგზის შეგვახსენებს, რომ ნაციხართა ასეთი სიმრავლე გადატანილი ძნელბედობის ნაკვალევი არის. ისინი უფრო მეტად მხნეობისა და "ჭირსა შიგან გამაგრების" მოსაგონარია, მაგრამ, სამწუხაროდ - და ესეც ნაშრომში არაერთხელ ითქმის - თავკერძობისა და გაუტანლობისაც. აღელვებით გვიყვება რა ქართველ ქვისხუროთა სიმარჯვესა და თავდადებაზე, პ.ზაქარაია სიმწრითა და დანანებით იგონებს უაზრო შინაომებსაც, დამღუპველ შინაურ ქიშპსა და დაპირისპირებას. დღევანდელი საქართველოს გასაგონად და სამომავლო შეგონებად საუბრობს იგი და კიდევ, ჩვენი პატარა ქვეყნის დამაქცეველ დაცალკევება-გათიშულობაზე, მიუტევებელ თავქარიანობა-დაუდევრობაზე, წესისა და რიგის დაცვის აუცილებლობაზე. არც ჩვენი ბედისწერის ტრაგიკულობაა მიჩქმალული. მას თუნდაც ხერთვისის ციხეზე ნათქვამი გაგვიცხადებს, თავიდან მას ქართველი აშენებდა საქართველოს დასაცავად, მერე კი "მას ოსმალო ამაგრებს საქართველოს დასაპყრობად" (გვ. 153).

კითხულობ, სურათებს სინჯავ და გიხარია, ეგოდენი სიმდიდრის პატრონთაგანი რომ ხარ; მიხარია ისიც, რომ არსებობს უკვე ამ საუნჯის დამტევი წიგნი.

ავტორი: დიმიტრი თუმანიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი