მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
გიორგი გიგაური: დაუკეცავი გზა გზას ჯაბნიდა

გზების სიყვარული

გზები მწამდა და გზები მიყვარდა,

თავის სხივებით,

თავის ბინდებით,

ამ დალოცვილებს საით მივყავდი

არ ვიცოდი და მაინც მივდევდი.

ვზვერე შარა და ვიწრო ბილიკი,

მეწყერიც, ზვავიც და წყალდიდობაც,

ნათელს ველოდი -

იყო პირიქით,

ყინვა მარგუნეს -

სითბო მინდოდა.

დაუკეცავი გზა გზას ჯაბნიდა

ზღვიდან ზღვამდის და

ქედით ქედამდის,

გადატკეცილი თეთრი აფრიდან

ხშირად ღამესაც თეთრად ვხედავდი.

ბევრი რამ თურმე იყო ზმანება,

ბევრჯერ ოცნების ქსელში გავები...

და გაბრაზებით რეკდნენ ზარები,

და მღვრიე ზვირთზე თრთოდნენ ნავები.

გამოვერიდე გულთა სიცივეს,

დავყეფე დაღლილ გრძნობა-გონებას,

მერე მაცილიც ჩამოვიცილე

და ეს მეყოფა მოსაგონებლად.

მეველე

ნუთუ ეს არის საწუთრო,

მე რომ საწუთრო მრგებია,

დარდს უნდა დამისაკუთროს,

დარდს ყვავ-ყორნების ფრთებიანს.

ჯავრი მკლავს, განა შიშია,

ორგულისა და მოშურნის,

იოლად არ გამიშვია

ურჯულო სამტროდ მოსული.

გავხდი ღამეთა მთეველი

ან კი რა დამაძინებდა,

ბლოს სანახების მეველეს

ფარ-შუბი შემრჩა იმედად.

ცივი მდინარის ნაპირებს

მივდევ ხელ-ფეხით შიშველი,

ლექსის თქმას მაინც ვაპირებ,

ნეტავ, თუ რამეს მიშველის.

ნაღდი სიმღერის მონატრება

ეკრანი უცხო ჰანგით იღლება,

მიმბაძველები ნერვებს მიშლიან,

სიმღერას ვნატრობ,

ნამდვილ სიმღერას,

ქართულს, მგზნებარეს,

წრფელს და ჯიშიანს.

ისეთს, სულში რომ დაიბუბუნებს,

შეგძრავს, შეგარხევს ფეხით-თავამდე,

დააფრთიანებს ხმატკბილ ბულბულებს,

მაღალ სცენაზე გაითავადებს...

თვით უფალიც რომ მიაყურადებს

და მზის სხივსავით მკერდს რომ ჩაივლის,

მერე ჩაგწვდება გულის-გულამდე

და აფეთქდება, როგორც ყვავილი.

...ჰანგების წყარო მიდის, მიღელავს

სხვადასხვა სახის,

სხვადასხვა წესით;

მე კი კვლავ ველი ისეთ სიმღერას,

მშობელ მიწაში რომ უდგას ფესვი.

ივრის ჩანჩქერთან

ჩანჩქერი მოჩქეფს ბორბალოს წვერით,

ანკარა ტალღას ფერი აქვს ვერცხლის,

ჩემი მამულის გულმკერდის წვენი,

ჩემი ობოლი მუზების ცეცხლი.

იალაღების შუქში მენახა,

მოვფერებოდი -

გულმა ინება,

ჭუჭყიან ფეხით ნურვინ შელახავს

დედის ცრემლივით წმინდა დინებას.

ნუმც დადაბლდება სიმაღლე მთების,

ნუმც გაეხსნება გზები მორიელს,

იორო, ფართოდ გაშალე მხრები,

ხეობის სევდა გაიყოლიე.

უპატრონო ბაზარი

ყველა წაგლეჯაზეა,

უსინდისოდ ტყუის,

საშინელი მადისა

და საეჭვო ჭკუის.

დაბნეული დავდივარ,

დარდის ბადეს ვცეკვავ,

ვშიშობ, მხეცთა ალყაში,

მეც არ ვიქცე მხეცად.

ჭრელი საასპარეზო

საასპარეზო ჭრელზე-ჭრელია

და გაზომილი საეჭვო ადლით,

ზოგს ღალატისაც არა რცხვენია,

ზოგს ალამაზებს ღვთიური მადლი.

ვერ ვეგუები მსჯელობას მქისეს

და პირველობას არადროს ვჩემობ,

ამ სამზეოდან გამიშვით ისე,

არ გამასინჯოთ სამსალის გემო.

მაცილი და ანგელოზი

თან გვდევს სიკეთე, სიმკაცრე, გვემა,

ბოროტება და ცუდის შენდობა,

მაცილი ცდილობს გვაქციოს გველად

და ანგელოზის გვირჩევს მტრედობას...

ამ არჩევანში დღენი მიდიან,

ბევრის მოსწრებას ამაოდ ვჩემობთ;

თუ ყველაფერი დროებითია,

მაშინ უკეთესს გავუგოთ გემო.

მგზავრობა წვიმის შემდეგ

ლემადის ქარებს გაჰყვნენ წვიმები,

ამოღაღანდა მიწის სიცოცხლე,

ჩაჟანგებული ღოჯა კბილებით

ღრუბლებმა მთვარე ამოიცოხნეს.

წიფლის ჩრდილები ქედებზე გაწვნენ,

ზოგმა გასასვლელ გზასაც უწია,

ციურ ნამს,

როგორც ბადაგის საწდეს,

მთის ყვავილები ერთურთს უწვდიან.

ქვებზე აკვესებს ლურჯაის ნალი,

არაგვს ბანს აძლევს შრიალი ხეთა,

ბნელს შეჩვეული პოეტის თვალი

მომავალს მღვრიე ღამეშიც ხედავს...

*

მოსაფერებლად შემოჩვეულ

შენს ბაღის კიდეს,

თავთავებდახრილ, დაპურებულ,

შენს ყანის მომკალს,

მაგ ამაღლებულ სიყვარულით

მაცოცხლებ კიდეც,

მაგ აუტანელ სილამაზით

კიდევაც მომკლავ!..

დაჭრილი პოეტი

ტკივილისაგან გალურჯდა სული,

სიკვდილზე ფიქრით უნდა გავწამდე,

ვეღარ მოვიკლავ სიმღერის წყურვილს,

ვერ ავისრულებ ბოლო საწადელს -

რომ ჩემმა სიტყვამ გაიდგას ფესვი,

დავიწყებისთვის არ გამიმეტოს...

შენ კი, ძვირფასო, ნუ დამღლი კვნესით,

ისე, უბრალოდ, დამაიმედე.

მთისპირა დაბის ამბები

დაბა ვერ გუობს სიჩუმეს უჩვევს,

როცა არ ისმის ჩიტის გალობაც,

გაკიდებული უკაცო ქუჩებს,

იმ დღეებს ვნატრობ,

იმ ხალხმრავლობას.

მამრს სათვალავი არ ჰქონდა მაშინ,

არ ჰქონდა მაშინ მდედრს სათვალავი,

ქუჩამ იცოდა სიცოცხლის ფასი

და სიყვარული დაუფარავი.

სტუმარიც ჰყავდა გულღია დაბას,

ჰქონდა სალხენი და სასაუბრო,

ახლა შიმშილით დავსილ თვალს ნაბავს,

ხელგაშვერილთა იქცა საუფლოდ.

გოგო-ბიჭები წასულან შორეთს,

ლუკმა-პურს ეძებს ყველა უკლებლივ...

და ეპყრობიან ისე, ვით მონებს,

და აყვედრიან ლუკმას ძუკნები.

სხვაგან რა უნდათ ქალებს ლამაზებს,

გინდაც ჯიშიან მამაც ჭაბუკებს!

ნუ დაუხვავებ დღეებს ამაზრზენს,

ღმერთო, უჟმური ჟამი დაბუგე.

შვილთ დაუბრუნე მზე საკუთარი,

ბებერ კერაზე დააბინადრე,

დედოზარივით რეკავს მუდარა -

მათ საქართველოს შუქი ინატრეს...

ნაცნობი

თავიდან გთვლიდი საქმის თაოსნად,

დანაპირები მწამდა ფიცივით,

დრო ხელებსშორის გაგიქაოსდა,

მაინც დიდგულობ,

მაინც იცინი.

სიტყვის გამტეხს და

სინდისით დაცლილს

შემოგეძარცვა უცნობ-ნაცნობი,

დაათრევ გუდას,

გატენილს ნაცრით,

ნაყარ-ნუყარი არაკაცობის!

დამარცხება?!

დამარცხება?!

არ ახსენო,

არ წამოგცდეს არავისთან,

გალესვა არ დაახანო

ხმლისა, მტერთა მზარავისა.

დამარცხება?!

არ იგუო,

ენდე მრევლის ერთგულებას,

ბეწვის ხიდზე მარჯვედ გახვალ,

თუ ძმა გვერდით გეგულება.

დამარცხება?!

ტკივილია,

არ ემონო არასოდეს,

აამაღლე ღვთის ტაძარი,

მისთვის უნდა კალმასობდე...

გამცემლისთვის თუ განიხვნენ

კარნი შენი კარავისა,

მოქნევა არ დაახანო

ხმლისა, მტერთა მზარავისა.



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი