მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
დალილა ბედიანიძე: წუთისოფელი გალიეს ცალად

.

შენ სხვა ზეცას მიაღწიე,

შენთვის სხვა მზე ამოვიდა.

ქრისტეს რწმენა გიცვლის იერს,

ამაღლდი და გახდი წმინდა.

ამ ცოდვილთა ქვეყანაზე

მე შენს შემდეგ ვერ ვეტევი.

გულის კარი გადავრაზე

ლოცვითა და ღამისთევით.

რაც მინახავს, სულ შევკრიბე.

გიგალობდი - სული მღერდა.

გადმოეშვა ციდან კიბე -

მაღლა-მაღლა მიხვალ ღმერთთან.

ხომ გვიფარავს ერთი ღმერთი

ცოდვილსაც და უცოდველსაც!

აჰა, ჩემი სული, თეთრი

სანამ კიბეს აიკეცავ!

.

მათთვის, ვინც მარტო გარდაიცვალა,

მარტო მივალ და დავუნთებ სანთელს.

წუთისოფელი გალიეს ცალად.

იმათ იცნობდა მღვდელი და მნათე.

როცა მოიცვა უცხო სიცივემ,

თავისიანი ენატრებოდათ.

ალბათ, ვერ იცნეს, ვერ მოიცილეს

და შეხვდნენ სიკვდილს, როგორც მეგობარს.

მარტოხელათა საფლავზე მივალ,

ყვავილებს ფრთხილად დავუწყობ თავთან.

მათ აღარც სცხელათ და აღარც სცივათ,

ჰგვანან მიწაში ჩაკარგულ თავთავს.

ამ ქვეყანაზე არავინ დარჩათ

შემნდობელი და მომგონებელი.

დაჰყურებს საფლავს და ცრემლებს ხარჯავს

ხეს შერჩენილი ყვავი, ბებერი.

მათთვის, ვინც მარტო გარდაიცვალა,

ვიმღერებ მარტო. ბედს ჩემსას ვართობ.

ჰოი, უფალო! განგების ძალავ!

შენ დამიფარე, არ ვიყო მარტო!

მამა

ო, "მხოლოდ შენ ერთს" მღეროდა მამა -

ახლა წევს ყვარლის სასაფლაოზე.

ვუსმენ ფოთლების ნაღვლიან გამას

და სასაფლაოს შუქი მაოცებს.

ნათელში იყავ, მამავ ბატონო!

(მე ვხედავ, ყელი ვით მოიღერა).

ამეკვიატა და აღარ მტოვებს

ოდნავ შემთვრალი მამის სიმღერა.

ძალიან ადრე წავიდა მამა

და ვატარებდი ობლის სამოსელს.

ახლა მივდივარ ჟამიდან ჟამად

და გულს ვიოხებ სასაფლაოზე.

.

თოვლი იასამნისფერი,

ყვავილები, ყვავილები თოვლის...

აქ ბავშვების ქორო მღერის

და ელვარებს აქ ლალი და ბროლი.

შიშველ მტკვარზე ეფინება სამოსელი,

ზეცას მიწა შეუერთდა თრთოლვით.

თოვლი იასამნისფერი,

ყვავილები, ყვავილები თოვლის.

.

წუხელ იყო ღამე თეთრი

და გრიგალი გოდებდა.

შევაწუხეთ მაღლა ღმერთი

და იმრავლა ცოდვებმა.

ო, ეს თოვლი მოჰგავს ბოდვას,

ღამითა და დღისით თოვს.

ლექსს ვჩურჩულებ - ყველა ცოდვა

ერთად გამოვისყიდო.

შევხვდებით, ალბათ, ცაში

ქარი თავისას მღერის,

ისმის ფოთლების ტაში.

ცაში წავიდა ბევრი,

შევხვდებით, ალბათ, ცაში.

წამოგვიარა ქარმა

და მიწა აიწეწა.

ყველას გამოგვდო სარმა -

ჩვენი მხსნელია ზეცა.

ბავშვის ღიმივით სუფთა

სხივი მზეს დაუვარდა.

არ გინდა მტერთან სუფრა -

იქ ვერ იქნები კარგად.

დღის ბავშვი არის დილა

და სიო - ქარის ბავშვი...

წამსვლელებისთვის თბილა,

შევხვდებით, ალბათ, ცაში.

.

გაცრეცილი ციდან ცვივა

ვარსკვლავ-თაიგულები...

რტოზე ნამი აიმძივა

ფოთლის ხელისგულებით.

მიიქარგა, მოიქარგა

შუაღამის ველები.

კაცი-კაცით, თუ ვართ კარგად,

ერთურთს ვესახელებით.

შენ გნატრობენ ალალ ბედზე

ჩემი ნატვრისთვალები

და ყველაფერს შევძლებ, შევძლებ,

სანამ შენ მეყვარები.

.

რამდენი რამე ითქვა ჩემამდე...

გზას არ დაკარგავს სანთელ-საკმელი.

ღმერთო, ვედრებით მეც ვანთებ სანთელს

და მათქმევინე ჩემი სათქმელი!

.

როგორ გიყვარდათ თქვენ ჩემთან მოსვლა

და გაღიმება ჩუმი იებით

და, როგორც ქვეყნად ყველა ღვთისმოსავს -

ცოდვის შენდობით და პატიებით.

მახსოვს, რამდენ ხანს ვიწერდით პირჯვარს,

"მამაო ჩვენოს" როგორ ვამბობდით.

უთქვენოდ... მარტო... ო, როგორ მიჭირს

და ჩვენ ვცილდებით თანდათანობით.

ნუთუ ერთხელაც არ გაგახსენდით?

მარტოობისთვის ვარ განწირული?

სულ გელოდებით. სხვა რა ვქნა მეტი.

სულის მეგობარს მოითხოვს სული.

მე მიყვარს ჩემი მოწყალე ღმერთი.

მხოლოდ მან იცის, რომ მენატრებით.

შემომყურებენ თქვენეულ სევდით

და სიყვარულით მოწმე ხატები.

ჭერს მზის ნათელი მიეარილა,

მარტო არ ვიყავ, მე მახსოვს ერთ დროს...

მხევალი ღვთისა მე ვარ, დალილა,

გთხოვთ, გამიხსენოთ, როს ღმერთს ევედროთ!

.

რა იშვიათი გახდა სიცილი,

როგორ მომრავლდა ქვეყნად პოეტი!

მე მეშინია მშობლის სიცივის

და სამშობლოში გაუცხოების.

მე მეშინია ორპირი ქარის,

ფეხქვეშ რომ წვება, როგორც ფინია.

რაც უფრო მიყვარს სამშობლო მხარე,

მით უფრო მეტად მე მეშინია.

რომ არ მაძინებს და არ მასვენებს,

ეს - მუდამ წინ-წინ სრბოლის ჟინია

და გულში ვიკლავ ამ ჟინს ასევე -

რამდენი რამის მე მეშინია.

დრონი მეფობენ, ქცეულნი შავ ზღვად.

ვნახოთ, უფალმა თუ რა ინება.

ერთხელ, იქნება, გადავალ სამზღვარს

და მერე აღარ შემეშინდება.

დამიბრუნე

როცა სიკვდილს არ ვიცნობდი, დღე იაფად ფასობდა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

მაღლა-მაღლა დაფრინავდა, სული დანავარდობდა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

გზა მოჩანდა უთვალავი, არც ერთი არ ნავსობდა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

დამიბრუნე, ვინც მიყვარდა, მყავდა და ლამაზობდა,

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

მახსოვს ცრემლთა სიმლაშე და ყინვა ყვავილს აზრობდა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

ვეღარაფრით გამახარა ნაძმობმა და ნადობმა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

უცხო ქარმა დაჰბერა და ჩანს, არ იცის დანდობა.

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

ღმერთო, ღმერთო, გევედრები, ამაცილე დარდობა!

დამიბრუნე, დამიბრუნე ჩემი ახალგაზრდობა!

თოლიები

თოლიები, თოლიები

მტკვარზე ამოქროლიები,

როგორ ჰგვანან თოვლის ფიფქებს,

დაფრინდნენ და დადნენ იქნებ

ტალღებზე.

თოლიები, თოლიები,

ფიქრებს ამოყოლილები,

ჰგავს წერილში მრავალწერტილს,

და ჰგავს იმედს, გადაწყვეტილს -

არარა არ მთავრდება.

თოლიები, თოლიები,

მღველვარე და ფრთონიები,

სიხარულის ფრინველები,

ძნელად მოსახილველები

ყივიან.

თოლიებო, თოლიებო,

ზეცათა მაგნოლიებო,

ახლა საით?

წამიყვანეთ

და მაჩვენეთ უცხო მხარე

ნეტარი.

თოლიები, თოლიები,

ფრენენ შორი-შორიები...

სებრო-სებრო-ბროლისებრო,

ვინც მიფრინავთ თოლიებრო

ნახვამდის!

ქრისტესისხლა

(ვუძღვნი აფხაზეთს)

ო, ქრისტესისხლა! მშვენიერო და საშინელო,

ო, ქრისტესისხლა! რა ნათელი გვაქვს სახარება.

ყოველსა ქართველს ვევედრები, რომ მოგეშველოს,

თუ მოსაწყვეტად ვინმე ისევ წაგეტანება.

ო, ქრისტესისხლა! ნაწამებო ოდითგან ასე -

თითო ყვავილი არის თითო მოკლული გმირი.

აი, ასეთი საშინელი გვჭირს სილამაზე!

მოღალატეებს ფეხს ვადგამთ და მივტკეპნით ბილიკს.

ო, ჩემმა სისხლმა თვითონ იცის თავისი გზა და

თვითონვე იცის, სად მივიდეს, ვინ როგორ იცნოს.

მიმაგნებინა საქართველოს განძსა და მადანს

და სუფთა სისხლის საქართველო მსურს, დავიფიცო.

მთლად საზღვარია საქართველო, გულის საზღვარი,

საზღვარი გადის ქართლის გულზე, კახეთის გულზე,

კავკასიონის ამაყ გულზე ჭრილობა მწარე...

საზღვარზე გვიზის თვითონ ზღვა და მომხდურებს უყეფს.

ჩვენ გვაქვს სამშობლოს სიყვარულის უკვდავი ენა,

ამ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ - ჩვენ ვიცით ჩვენი.

სხვა გზა არ არის, ან - სიკვდილი, ან - გადარჩენა!

სხვადასხვაგვარად ამას ვამბობთ და ეს შეგვშვენის.

რეგვენს მართალი ჰგონია და გააქვს არული,

ჩხუბი კი ზოგჯერ ერთმანეთის შველაა, შველა.

ერთმანეთს ზურგით მივეყრდნოთ და დავიცვათ გული -

აქ ერთი მაინც თუ დაეცა, წახდება ყველა.

სხვა რითი გვჯობნის? დედამიწა ცოდვით დამძიმდა...

დედინაცვალი მე არ მინდა, არ ვარ გერიო

და მეყოს ძალა და იმხელა გავხდე, ეგ მინდა,

რომ საქართველოს ყველა მტერი მოვუგერიო.

ო, ქრისტესისხლა, ისევ სისხლის ყივილი ისმის!

განკითხვის ჟამმა მოუწოდა მახვილს და ხანძარს.

შეერთდა სისხლი, საქართველოს დამცველთა სისხლი

და საქართველოს კარიბჭესთან ძაღლივით გაწვა.

აღსდექ, სრულიად საქართველო! ისევ ის დროა

და ისევ ისე გამოვიდეთ, დავიცვათ თავი!

ვისაც რა ძალუძს, ის იღონოს - ჩვენი დროც მოვა

და მივეშველოთ ქრისტესისხლას, პატარა ყვავილს!



კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი