მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-16
მგონი, დიდ შარში ვართ...

ძალადობას მაინც ვერ ავცდით. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ 7 ნოემბრის შეცდომას არ გაიმეორებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მხოლოდ მიტინგის დარბევას ეხება. ახლა უფრო დაკვირვებით ვიხსენებ სოზარ სუბარის საპარლამენტო გამოსვლას, როცა თქვა, შარშან, 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, მომიტინგეები როგორ უნდა ეცემათო. როგორც მე აღვიქვი, მაშინ ზუსტად იმაზე ყოფილა საუბარი, რომ მიტინგიდან წამოსულ ადამიანებს სათითაოდ უნდა გასწორებოდნენ. 2007 წლის 5 და 6 ნოემბერს ვის როგორ სცემეს, ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში სულ ის შეხვედრა მახსენდება, შარშან ვანო მერაბიშვილის კაბინეტში რომ შედგა. ალბათ, გავა დრო და იმის მთქმელიც გამოჩნდება, ახლა ვინ და როგორ გადაწყვიტა - მიტინგის დარბევა არ გვინდა, მაგრამ აქტიურ ბიჭებს ჭკუის სწავლება არ აწყენთო.

"საქართველოში ნაცემი კაცი ჩმორია და ვეღარ იბლატავებს", - ეს არის ფილოსოფია იმ ძალადობისა, რაც 9 აპრილის შემდეგ ხორციელდება. ნაცემებს შორის ჩემი ნაცნობებიც არიან - სიმპათიური ადამიანები. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა აკავშირებს მათ ან "ჩმორობის" და ან "ბლატაობის" ინსტიტუტთან. რომ ვერ მიხვდები, ესეც ფილოსოფიის ნაწილია: შენს თავს ვერანაირი ნიშნით ვეღარ ამორიცხავ საცემების სიიდან და რამდენჯერაც მიტინგზე წახვალ, იმდენჯერ გული უნდა გეუბნებოდეს, მორიგი მსხვერპლი შენ ხომ არ ხარო.

რაკი ძალადობაზე ვსაუბრობ, რამდენიმე სიტყვას იმ "პროექტზეც" ვიტყვი, დასუფთავების სამსახურმა რომ განახორციელა. ერთ ვარაუდს გამოვთქვამ: რაკი ხელისუფლების უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი, რომ მიტინგები არ უნდა დაირბეს და რაკი ამ გადაწყვეტილების შესრულება ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაა, გამოდის, გიგი უგულავას ბიჭები შეცვივდნენ ვანო მერაბიშვილის მიერ დაცული ტერიტორიის ეპიცენტრში, მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა და გაცვივდნენ. ამოცანა გვეკითხება: რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს და ვისთან ათანხმებს დედაქალაქის მერი უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებას?

ახლა იმ ძალადობაზე ვიტყვი, რამაც პირადად მე გული ყველაზე მეტად მატკინა. ეს ამბავი სხვებზე უკეთ ახალგაზრდებმა იციან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა ვაჟი, რამდენიმე დღის წინ მიტინგის ორგანიზატორებთან მივიდა და სიტყვა ითხოვა. ის დრო იყო, მიტინგზე რომ გამომსვლელიც და მომსმენიც ცოტავდება ხოლმე. სიტყვა სიხარულით მისცეს, აი, ახალგაზრდებიც ჩვენთან არიანო. შოთა ადამაშვილმა - ასე ჰქვია იმ ბიჭს - თავისი სათქმელი პირდაპირ დაიწყო: "ადამიანები მიტინგზე დგომით კი არ იზრდებიან, არამედ წიგნის კითხვით. მე განათლების მნიშვნელობაზე ვსაუბრობ. ჩვენი ენა ხომ გვიყვარს და რატომ ვიგინებით?.." მომიტინგეებმა რომ პროტესტი სტვენით და შეძახილებით გამოხატეს, არ გამკვირვებია. მიტინგის წამყვანმა გიორგი კობახიძემ რომ თავისი აზრი გამოთქვა - თუ რამე გვეშლება, მეგობრებმა გაგვისწორონ და არა ახალგაზრდებმაო, არც ეს მომხვედრია გულზე. მაგრამ გაოგნებული მაშინ დავრჩი, როცა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე დალაგებულად საუბრობს დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე, უცებ გამოაცხადა, ეს პატარა პროვოკაცია იყო და ყურადღება არ მივაქციოთო.

ამასობაში, შოთამ, რომელიც ჩემი ყოფილი სტუდენტია და რომელსაც დიდ პატივს ვცემ, სწორედ თავისი ინიციატივიანი და საინტერესო ხასიათის გამო, თავისი ჩანთა და გიტარა აიღო და სცენა უშფოთველად დატოვა. ამ ინციდენტს, სულ მცირე, ის შედეგი მოჰყვა, რომ მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში შოთა ადამაშვილის ამბავი საინტერნეტო ბლოგებისა და ფორუმების მთავარი თემა გახდა. ახალგაზრდების ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც ბლოგოსფეროშია ჩაფლული, ცუდ სიტყვებს არ იშურებდა ოპოზიციასა და მის მიტინგებზე.

მე შემაწუხა მომიტინგეების მხრიდან ახალგაზრდა კაცის მიმართ გამოვლენილმა პროტესტმა და გულგრილობამ, რადგან მისი სიტყვები ყველაზე ნაკლებად სწორედ პროტესტს და გულგრილობას იმსახურებდა; და არანაკლებ შემაწუხა ახალგაზრდების აგრესიამ მომიტინგეების მიმართ, რადგან ამ აგრესიაშიც, თავისი მუხტით და ხარისხით, ძალადობის დიდი პოტენცია დავინახე.

მოგვიანებით, როცა შოთა ადამაშვილის ამბავმა საკანN5-შიც შეაღწია, იქ მარტივად ითქვა: ამ ბიჭმა რაღაც იბოდიალა და არავის უცემია, ჩვენ კი სასიკვდილოდ გვიმეტებენო. ასე მარტივად რომ იყოს საქმე... რევოლუციამდე მიშა სააკაშვილმა ისეთი კარგი ლაპარაკი იცოდა დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე... მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერთი მყარი ვერტიკალი ააშენა და თქვა, ეს არის ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდითო. ოპოზიციაც ბევრს საუბრობს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ღირებულებებზე. როდესაც საქმე საქმეზე მივა და სცენაზე თავისუფალი ადამიანი გამოჩნდება, მაშინ იწყება ტესტი: არათუ არ უნდა ვცემოთ, არათუ საქმე არ უნდა გავურჩიოთ, არც პროვოკატორად უნდა მოვნათლოთ და, სულაც პირიქით, შესაბამისად უნდა დავაფასოთ მისი ღირსება და ინიციატივა.

აი, ეს რომ არ ხდება, უფრო იმიტომ ვართ დიდ შარში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება თავის ძალადობრივ ბუნებას დღითი დღე სულ უფრო მეტად ავლენს. როგორი უნდა იყოს უკეთესი საქართველო, რომელზეც ამ დღეებში ყველა ჩვენებურად ვფიქრობთ? მინდა, შოთამ თქვას თავისი აზრი და, ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, თქვენს მოსაზრებებსაც მოუთმენლად ველოდები.

ავტორი: ია ანთაძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი