მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
რევაზ თვარაძე: ლიტერატორი კაცის მწარე საფიქრალი

ამ ნახევარი საუკუნის წინათ, ათას ცხრაას ორმოცდაშვიდ წელს, საშუალო სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლესში შესასვლელად გავემზადე, მამაჩემის წერილი მოვიდა ციმბირიდან (ოცდაჩვიდმეტში ათი წლით გადასახლებული ჯერაც არ ჩამობრუნებულიყო): აგრონომიულზე შესვლას ხომ არ იფიქრებო, - თავის აზრს მიზიარებდა ისე, რომ ჩემთვის ძალა არ დაეტანებინა, არ შევეზღუდე.

მაშინდელი ჩემი თავი რომ მახსოვს, ამგვარი წინადადება ჩემთვის დაახლოებით იმასვე ნიშნავდა - ჯარში ხომ არ წახვალო, რომ შემოეთავაზებინათ. მამაჩემის აზრს უზარმაზარი მნიშვნელობა კი ჰქონდა, მაგრამ არანაირი ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო დარგი არ მიზიდავდა. უბრალოდ არ არსებობდა ჩემთვის ის დარგები, რადგან თოთხმეტ-თხუთმეტი წლიდან თითქმის მხოლოდ ლიტერატურით ვსუნთქავდი, მეგობრებიც ამავე ყაიდის მყავდა და იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროც აქეთკენ მიბიძგებდა.

კი, ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველივე კურსმა, ფაქტიურად - პირველივე ლექციებმა თითქმის ყველა ჩემი იმედი უმოწყალოდ გააწბილა და ყველა ჩემი ოცნება დაასამარა, მაგრამ ჩემს არჩევანში ეჭვი არც მაშინ შემპარვია და არც შემდგომ გამიხდია სანანებლად ის არჩევანი - დღემდე ლიტერატურით ვცოცხლობ, ლიტერატურა მასულგმულებს. თუმცაღა იყო ცალკეული წუთები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც გულის დაწყვეტით მიფიქრია აგრონომის მშვიდსა და უშფოთველ ყოფაზე (თუკი ჰქონდა საბჭოთა აგრონომს ამგვარი ყოფა!).

იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროც აქეთკენ მიბიძგებდა-მეთქი, - მოგახსენეთ. რამეთუ საზოგადოებრივი აზრის ერთი უმთავრესი მამოძრავებელი სწორედ მწერლობა გახლდათ. მწერლობაში იყო კონცენტრირებული ის ეთიკური, ესთეტიკური, ფილოსოფიური, რელიგიურ-ფილოსოფიური, ეროვნული და სოციალური, თუნდაც პოლიტიკური იდეები და იდეალები, ურომლებისოდაც ქართველ ერს არსებობა ვერ წარმოედგინა. აქ იყო თავმისადრეკი სავანე კომუნისტური დიქტატურის მიერ დევნილი და გვემული სულისა.

მწერლობისა და მწერლებისადმი გამორჩეულად მოკრძალებული დამოკიდებულება და უსიტყვო პიეტეტი ტრადიციად მოსდგამდა ჩვენს საზოგადოებას. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდანვე: მწერლები ერის აღიარებულ წინამდგომებად იყვნენ მიჩნეულნი, ხოლო მწერლობა - ეროვნულ სატკივართა ნაცად მალამოდ. და დიდად, დიდად საგულისხმო მგონია, რომ კომუნისტებს, რომელნიც გახელებულნი ებრძოდნენ ეროვნულ ტრადიციებს (ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ლამის ყველა ადათ-წესი არ ამოძირკვეს და არ გამოათაყვანეს ერი), ამ ხსენებული ტრადიციის მოშლა გულშიაც არ გაუვლიათ. მოშლა კი არა, პირიქით, მაქსიმალურად წაახალისეს და განამტკიცეს.

ადვილი მისახვედრია, რატომ მოიქცენ აგრე: თავიანთ სამსახურში ჩააყენეს ლიტერატურა, თავიანთი უკუღმართი იდეების პროპაგანდისტებად აქციეს მწერლები და ამითაც განიმტკიცეს გავლენა. "მაშ ამღერდი, მთა და ველო, მზევ, სხივები დააცხუნე, სტალინ, სტალინ, საყვარელო, შენ მოგძახის საუკუნე", "სიმებს ცეცხლი ეკიდება, ამ სიხარულს ნეტა რა სჯობს, შენ სალამი, შენ დიდება, შენს ჩამოსვლას გაუმარჯოს" (ბერიას მიმართავდა პოეტი) და სხვა და სხვა და სხვა ამასთან, გავიხსენოთ, რომ ესა და ამის მსგავსი ლექსები სიმღერებად იყო ქცეული და გულსა და გონებაში სოლივით ეჭედებოდა ხალხს.

ოღონდ ზემოთ ისიც ითქვა - მწერლობა თავმისადრეკი სავანე იყოო კომუნისტური დიქტატურის მიერ დევნილი და გვემული სულისა. მართლაც იყო. ამ ასპექტით გასაოცრად პარადოქსული ვითარება იქმნებოდა: ერთსა და იმავე პოეტს (გინდ პროზაიკოსს, დრამატურგს, კრიტიკოსს), როგორც წესი, საბჭოური ცხოვრების საქებ-სადიდებელი სტრიქონებიც ჰქონდა, მიუკიბავ-მოუკიბავად თუ ვიტყვით - თავის გადასარჩენი და საარსებო სახსარის მომპოვებელი სტრიქონები, და ეროვნული იდეალების შეფარვით, გადაკვრით, იგავურად განმაცხადებელი ნაწარმოებებიც. დღემდე ცხოვლად მახსოვს, როგორ მღეროდა ხოლმე შეზარხოშებული ირაკლი აბაშიძე სუფრაზე თავისივე ლექსის სტრიქონებს, ოდნავ გადასხვაფერებულს და ამიტომ სულ სხვა აზრის მატარებელს: "და ვუბარებ ყოველ ქართველს: ჩვენი წმინდა ვალი არი - მოვკვდეთ, მაგრამ მკერდით შევკრათ დერბენტი და დარიალი" (რუსებს კავკასიონზე გადმოსასვლელი გზები გადავუკეტოთო!). ბერიასადმი მიძღვნილი ზემოთ დამოწმებული ლექსის ავტორს სხვა ლექსიც ჰქონდა, კოჯრის ბრძოლასთან (1921) დაკავშირებით დაწერილი _ "სიზმრად ვნახე: საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა". და ერთი და იგივე ხალხი, ვთქვათ, სუფრასთან შეყრილი რამდენიმე ქართველი, "შენ სალამი, შენ დიდებასაც" მღეროდა და "დაფლეთილი ჩვენი დროშა კოჯრის თავზე ქანაობდასაც", - გააჩნია, შეღვინების ხარისხი რა ზომას იყო მიწევნილი. მერე და მერე "გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალასაც" ითქმოდა გულში მჯიღის ცემით.

ეხლა ეს ყოველივე, მადლი უფალს, წარსულს ჩაბარდა, სხვებთან ერთად მწერლებიც განთავისუფლდნენ კომუნისტური კაბალისგან. ოღონდ საგულისხმო ის არის, მწერლობისა და მწერლებისადმი საყოველთაო ყურადღება და პიეტეტიც ასევე წარსულს ჩაბარდა. ამასთან, როგორღაც ერთბაშად მოხდა ეს ამბავი - გავიღვიძეთ ერთ დილას და აღმოჩნდა, რომ იმ რიგითს ქართველს, რომელიც, გუშინ იყო თუ გუშინწინ, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე ხმის ჩახლეჩამდე გაჰკიოდა პატრიოტულსა და ურაპატრიოტულ სტრიქონებს, დიახ, აღმოჩნდა, რომ იმ რიგითს ქართველს უცებ მწერლობისადმი ყოველგვარი ინტერესი დაუკარგავს თურმე.

ჩემის დაკვირვებით, ამ აგრეთვე პარადოქსულ ვითარებას ორი მიზეზი აქვს.

ერთი მიზეზი ის არის, რომ, რაზომცა ძნელი სათქმელი და მოსასმენი უნდა იყოს, მასებმა საერთოდ დაკარგეს ეროვნული იდეალებისადმი ინტერესი. კომუნისტური მმართველობის ხანაში ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა დამოუკიდებლობის იდეას ელოლიავებოდა გულში და როდესაც ის საუკუნეობით ნანატრი და ნაოცნებარი დამოუკიდებლობა რეალობად იქცა, გაირკვა, რომ ქართველობა ერთობ ცუდად იყო მომზადებული ან, უკეთ, საერთოდაც არ იყო მომზადებული ამ დამოუკიდებლობისთვის. არავინ განუმარტა ამ საცოდავ, ამ გაბრიყვებულ ხალხს, რომ დამოუკიდებლობა ფეხიფეხზე გადადებული არხეინი ცხოვრება კი არ არის, არამედ ყოველდღიური ილაჯის გამწყვეტი, თავგადაკლული შრომა და ბრძოლა.

ჩვენთვის ამჟამად მეორე მიზეზი უფრო საგულისხმოა. მისი არსება ის გახლავთ, რომ ლიტერატურისადმი უტილიტარულ, გამოყენებითს, მომხმარებლურ დამოკიდებულებას შეჩვეული ხალხისთვის მწერლობის ღირებულება საერთოდ გაუფასურდა.

* * *

ყოველი კაცი, ამა სოფლად მოვლენილი, ორი რეალობის წინაშე დგას მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.

ერთია ხილული რეალობა, ემპირიული ყოფა - მედინი, დაუდგრომელი, წარმავალი, მსწრაფლწარმავალი, სიზმარივით განქარვებადი, რომელიც, ფილოსოფოსებს თუ ვერწმუნებით, არც არის ნამდვილად მყოფი, ჭეშმარიტი რეალობა.

მეორეა წარუვალი, მარადიული, სულიერი, ღვთაებრივი რეალობა, რომ გვგონია, იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი თუნდაც ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში.

ცხოვრება ამ ორი რეალობის მუდმივი შერწყმა და ურთიერთზემოქმედება, ურთიერთგანმსჭვალვაა.

ზემოხსენებულთაგან მხოლოდ ან უპირატესად პირველ რეალობას შემსჭვალული კაცი ბოლოს საზარელი ამაოების პირისპირ რჩება მარტოდმარტო.

ვინც მეორე რეალობის ღირებულება იცის, ამა სოფლადვე ეზიარება წარუვალსა და ღვთაებრივს.

ერთობ სქემატურად წარმოსახულ ამ კანონზომიერებას ემორჩილებიან აგრეთვე კაცის სულის უპირველესი გამოვლინებანი - მწერლობა და ხელოვნება, უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, საერთოდ კულტურა.

ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების ღირებულება და გამძლეობის ხარისხი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლებ ინთქება მისი ავტორი ყოველდღიურობაში და რაც უფრო მეტ ყურადღებას აპყრობს არსებობის ზესთა სფეროებს. აქ გადამწყვეტ როლს სწორედ ყურადღების ფაქტორი ასრულებს - საითკენ არის მიმართული შემოქმედის გულისყური.

ამ მოსაზრების ნათელსაყოფად საკმარისია გავიხსენოთ, რომელმა ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა მოიპოვეს წარუვალი მნიშვნელობა ქართულსა და, საერთოდ, მსოფლიო მწერლობის ისტორიაში: სწორედ იმ ნაწარმოებებმა, რომლებიც წამისწამ ცვალებად საორდღეო წილადობილას კი არ იყვნენ გადაგებულნი, არამედ მარადიულ რეალობასაც გვაზიარებდნენ - "ბჰაგავატგიტას" ვიტყვით, "ვეფხისტყაოსანს" თუ "ღვთაებრივ კომედიას", არაერთ სხვას კიდევ.

და ფრიად საგულისხმო მგონია, რომ ამ თვალსაზრისის დამამკვიდრებელი დებულება წარმოდგენილია სწორედ იმავე "ვეფხისტყაოსანში", რომლის ავტორის შეხედულებით, კერძოდ, პოეზია "სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი" ("გასაგონი" ნიშნავს: "გასააზრებელი").

აქ ჯერ ის ვთქვათ, რომ ცნება "სიბრძნე" რუსთაველისთვის ინფორმაციის დახვავებას კი არ ნიშნავს, არც თუნდაც ფილოსოფიას ამ სიტყვის მოარული გაგებით. სიბრძნე რუსთაველისთვის, მსგავსად პლატონისა, არის ცოდნის ის ხარისხი, როდესაც კაცის სული ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს სწვდება და ეზიარება, ის მდგომარეობა სულისა, რომელზეც ერთად, შერწყმულად არის წარმოდგენილი სიკეთე, არსი, ჭეშმარიტება, მშვენიერება და სიყვარული. ესე იგი, რუსთაველის თვალსაზრისით, პოეზია, უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, საერთოდ მწერლობა, არის არსებობის ღვთაებრივი პლანისკენ სწრაფვა, ამ პლანის წვდომა, მასში შემსჭვალვა, საბოლოო აზრით - ღმერთისკენ სწრაფვა. ეს არის "საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი" ანუ საღვთოდ გასააზრებელი რამ. და ამ ასპექტით მწერლობას რელიგიასთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე, ვთქვათ, სოციოლოგიასთან, ისტორიასთან თუ ცოდნის სხვა "ამქვეყნიურ" დარგებთან.

ამის შემდეგ ის აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის ეს დებულება, გაუგებარ მიზეზთა გამო, ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში საუკუნეთა მანძილზე საერთოდ გვერდავლილია და უგულებელყოფილი, ან კიდევ, უკეთეს შემთხვევაში, ყოვლად უკუღმართად გაგებული. ასე რომ არა, იმავე მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან ჩვენს ცნობიერებაში იმნაირი გაგება არ დამკვიდრდებოდა, რომლის თანახმადაც მწერლობა არის ემპირიული, ხილული სინამდვილის, ცხოვრების მხატვრული ასახვა და, ამ თვალსაზრისით, პრაქტიკული სარგებლობის მომტანი რამ.

აი, სწორედ აქედან მოდის მწერლობისადმი ჩვენი უტილიტარული, მომხმარებლური, გამოყენებითი დამოკიდებულება. ადრეულ საუკუნეებშიც და მეცხრამეტე საუკუნის პირველ ათწლეულებშიც ამგვარი დამოკიდებულება არ არსებობდა. მაგრამ რაკი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული საზოგადოების უმთავრესი სატკივარი და საზრუნავი ეროვნული და სოციალური (სხვათათვის - სოციალური და ეროვნული) პრობლემები იყო და რაკი ამ პრობლემათა გადასაწყვეტად თუ მოსაგვარებლად, სხვათა უწინარეს, სწორედ მწერლები იღვწოდნენ, ჩვენს ცნობიერებას მტკიცედ გაუჯდა წარმოდგენა, რომ მწერლობის უპირველესი ამოცანა ეროვნულ და სოციალურ პრობლემათა გადასაჭრელად ბრძოლაა და რომ მწერლები უეჭველად უნდა იყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბაირახტარნი, ერის წინამძღოლნი.

აქ მხედველობიდან იქნა გამორჩენილი ის ნიუანსი, რომ, თუ ერის წინამძღოლობაზე მიდგება საქმე, უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სულიერი წინამდგომობა, ერის სულიერი ამაღლება და არა პრაქტიკული გაძღოლა და თავკაცობა საბრძოლველად შემართული ხალხისა. ილია ჭავჭავაძე და სხვა თერგდალეულნი პრაქტიკულადაც, ცხოვრების ყველა სფეროში წინ რომ მიუძღოდნენ ერს, ეს სულაც არ იყო ნორმალური მოვლენა და უკიდურესი გაჭირვების შედეგი გახლდათ - იმხანად სხვა თითქმის არავინ ჩანდა ერის გამძღოლი და დამრაზმველი.

ხსენებული თვალსაზრისის, მწერლობისადმი ამდაგვარი მიდგომის საბოლოო შედეგად ის მივიღეთ, რომ ლიტერატურას პრაქტიკულად სარგებლობის მომტანი დარგის ფუნქციები დაეკისრა. გავიხსენოთ, როგორ ისწავლებოდა და ისწავლება ჩვენს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ლიტერატურა. პროგრამებში შეტანილ ყოველ ნაწარმოებს უწინარესად ის კი არ მოეთხოვება, მოზარდის სულიერი დახვეწისა და ამაღლების საქმეს შეეწიოს, არამედ ის, რომ დაეხმაროს ამ მოზარდს ეროვნულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემათა შეცნობასა და დაძლევაში. რაც "საზოგადოებრივად ღირებული" არ არის, ის ამ პროგრამებში ძნელად იმკვიდრებს ან საერთოდ ვერ იმკვიდრებს ადგილს.

და, აი, დადგა მეოცე საუკუნის ოთხმოციან-ოთხმოცდაათიანი წლები და აღმოჩნდა, რომ მწერლობამ ვერც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეასრულა ის როლი, რომელსაც მისგან მოელოდნენ, და ვერც მომდევნო ხანაში წაადგა რითიმე ძირითადად მწვავე პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით გვემულ ერს. ხოლო ეს ერი იმ აზრს იყო შეზრდილი - მწერლობა ყოველ საქმეში წინ უნდა მიგვიძღოდესო. ასე განიცადა კრახი ლიტერატურისადმი გამოყენებითი, მომხმარებლური მიდგომის თვალსაზრისმა.

აქ კიდევ ერთ რასმე უნდა მივაპყროთ ყურადღება. ლიტერატურისადმი ინტერესის შენელება გლობალური მოვლენაა და ამ პროცესში, ადრე თუ გვიან, საქართველო ალბათ ისედაც ჩაერთვებოდა. გულდასაწყვეტი სხვა რამ არის. ჩვენში პროცესმა იმგვარი მიმართულება მიიღო, რომ მწერლობის ქომაგობა ლამის პროვინციელობის სინონიმად იქცეს. მით უფრო - ეროვნული ლიტერატურის ქომაგობა.

ერთი მხრივ, ეს არც არის საკვირველი. როდესაც მწერლობა მარტოოდენ პოლიტიკურ-სოციალურ-პატრიოტულ ფუნქციათა მტვირთველად მოიაზრება, ამგვარი შედეგი გარდუვალია. მეორე მხრივ, ჩვენში ყალიბდება ჯერჯერობით არცთუ მრავალრიცხოვანი, გარნა უზარმაზარი პრეტენზიების მქონე ფსევდოელიტარული საზოგადოება, რომელსაც ეროვნული ნიჰილიზმი საუკეთესო ტონად მიაჩნია და ამიტომ ეროვნულ მწერლობაზე საუბარი ისევე ეთაკილება, როგორც სნობიზმით შეპყრობილ არისტოკრატს - უპოვარი სოფლელი ნათესავის სტუმრობა (არადა, საქმის არსებას ღრმად თუ ჩავწვდებით, ეს უფრო დიდი პროვინციელობაა, ვიდრე გულში მჯიღის მცემელ პატრიოტთა აღტყინება).

* * *

ამგვარი საკმაოდ უნუგეშო სურათი წარმოისახება ჩვენს წინაშე, ამგვარი მწარე საფიქრალი აღეძვრის დღესდღეობით ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს.

არის კი გამოსავალი ამ ვითარებიდან?

ამ კითხვის პასუხამდე ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, საჭიროა თუ არა გამოსავალის ძიება?

ჩემის აზრით, უეჭველად არის საჭირო.

თუკი მწერლობა, როგორც რუსთაველი გვმოძღვრავს, სიბრძნის დარგია, საღმრთო და საღმრთოდ გასააზრებელი რამ, მასზე გულის აყრა იმასვე ნიშნავს, რასაც ზურგის შექცევა კაცის სულის ღვთაებრივი გამოვლინებებისთვის - ღვთაებრივი სამყაროსთვის, ზესთასოფლისთვის, საბოლოოდ - ღმერთისთვის.

სწორედ ამას მოითხოვდნენ კაცობრიობისგან ყოველი დროისა და ყოველი ჯურის ათეისტები და მატერიალისტები.

მათი თვალსაზრისი ყოვლად უვარგისი რომ იყო (სატანურს თუ არ ვიტყვით), ეს ქვეყნიერების უზარმაზარ რეგიონში ჩატარებულმა სამოცდაათწლიანმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა.

ასე რომ, გამოსავალის ძიება უეჭველად გვმართებს.

სხვების რა მოგახსენოთ და მე ჩემდათავად გამოსავალი ამგვარად მესახება:

ადრე იქნება თუ გვიან, კაცს უნდა გაახსენდეს, რომ ის ცხოველი კი არ არის, არც თუნდაც "საზოგადოებრივი ცხოველი", არამედ - ღვთის ხატად ქმნილი არსება, უკვდავი სულის მფლობელი, და რომ მას არამცთუ ძალუძს, მოვალეც არის ზესთასოფლისკენ, განღმრთობისკენ ისწრაფვოდეს. ამ სწრაფვისას, უკვდავებისკენ აღმავალი ამ უძნელესი გზის დაძლევისას მისი ერთ-ერთი უდიდესი შემწე, გარდა რელიგიისა, არის აგრეთვე მწერლობა, ხელოვნება, ჭეშმარიტ საწყისებს, ჭეშმარიტ სიბრძნეს დაფუძნებული ფილოსოფია და რელიგიური ფილოსოფია - სულის უშუალო საღმრთო გაცხადება-გამოვლინებანი.

ამის შემცნობი არსება, უნდა ვიფიქროთ, ზურგს ვეღარ შეაქცევს იმ საღმრთო გაცხადება-გამოვლინებებს ანუ საკუთარ სულს.

რაღა თქმა უნდა, ამგვარი პიროვნებანი მრავლად არც არასოდეს ყოფილან და ვერც მომავალში იქნებიან მრავლად. რჩეულ სულთა ანუ ჭეშმარიტ მკითხველთა სიმცირეც, თავის მხრივ, არც არასოდეს აბრკოლებდა და ვერც მომავალში დააბრკოლებს მწერლობის არსებობას. საუბარია მწერლობაზე ზემოთ მინიშნებული გაგებით და არა ბნელი მასების სატრფიალო წილადობილაზე.

საუბარია მწერლებზე, რომელთაც, ასევე ადრე იქნება თუ გვიან, უნდა გაახსენდეთ თუნდაც ის, რაც ნახევარი საუკუნის წინათ ბრძანა უილიამ ფოლკნერმა: "მწერალს ბოძებული აქვს უდიდესი უფლება - შეეწიოს უკვდავების ძნელ გზაზე მავალ ადამიანს იმით, რომ სული აუმაღლოს, გულოვნება და ღირსება შეახსენოს ხოლმე, იმედი და სიამაყე, თანაგრძნობა, ლმობიერება და მსხვერპლად მისვლა, - ის ყოველივე, რაიც ადამიანის ოდინდელი დიდება იყო".



კალენდარი
დეკემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი