მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
ილია რუხაძე: საგურამოში (ნახული და გაგონილი) 1908-1911 წლები

1905 წლის რევოლუციამ ახალ სენაკში მომისწრო. მაშინ ორიოდე წლის ნამსახურევი ვიყავი იქაურ ორკლასიან სკოლაში მასწავლებლად. რევოლუციის მომდევნო სუსხიანმა რეაქციამ მაიძულა სამსახური მიმეტოვებინა და მშობლიური ხონისათვის შემეფარებინა თავი. კეთილსაიმედოობის საბუთს არ მაძლევდა მაშინდელი თავგასული მთავრობა. უამისოდ კი, სამსახურში არ მღებულობდნენ. კერძო გაკვეთილებით ვირჩენდი თავს

ბედად გაზეთ "ცნობის ფურცელის" 1908 წლის ნოემბრის ერთ-ერთ ნომერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის განცხადებას წავაწყდი: "წ.კ.გ.ს. გამგეობა იწვევდა მსურველს საგურამოში, მგოსან ილია ჭავჭავაძის ახლად გახსნილ სკოლაში მასწავლებლად. ეს განცხადება წავიკითხე თუ არა, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე განცხადება თხოვნით: დავენიშნე მასწავლებლად საგურამოს სკოლაში. 14 ნოემბერს მივიღე დეპეშა: "პრავლენიე ობშესტვა გრამოტნოსტი იზბრალო ვას კანდიდატომ ყძიტელია, ვიეჯაიტე ნემედენნო

თ-დ ილია გრიგორის-ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით და კნეინა ოლღას სურვილის თანახმად, მთელი მათი ქონება: უძრავ-მოძრავი, როგორც საგურამოში, წიწამურში, ისე თბილისის სახლი, ილიას მოკვლის შემდეგ, წ.კ.გ.ს. გამგეობის ხელში გადავიდა.

წ.კ. საზოგადოების გამგეობამ, თავის წევრს, ალექსანდრე ყიფშიძეს (ფრონელი), მიანდო ეწარმოებინა ამ მამულის ექსპლოატაცია: იჯარით გაეცა მამული და ეცადა, ნაწილობრივ მაინც, დაეფარა მამულის დავალიანება. აგრეთვე გაეხსნა ილიას სახლში, საგურამოში, სკოლა.

პირველი ნაბიჯი, ამ საქმეში, წ.კ.გ.ს. გამგეობისა იყო დადგენილება: გაეხსნა საგურამოში, ილიასეულ სახლში სკოლა. და აი, ამ სკოლის მასწავლებლად მიმიწვიეს მე

ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა, ილიას ნამყოფ სახლში, საგურამოში, და იქ მასწავლებლობა, ეს ხომ საზოგადო მოღვაწის მუშაობას უდრის, ეს ხომ საპატიო საქმეა, ვფიქრობდი მე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობის არჩევანი, ყურადღება ჩემდამი, ჩავთვალე დიდ საქმედ და გადავწყვიტე, რაც უნდა დამჯდომოდა, დამემსახურებინა და გამემართლებინა ეს ყურადღება. თან ვფიქრობდი: საგურამოს გლეხობა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს? მომაბარებდნენ ბავშვებს სკოლაში? შევკრებდი ბავშვების საკმარისს რაოდენობას? რა პირობებში იქნებოდა სკოლა და სხვა

რაც უფრო მეტი დაბრკოლებები მიდგებოდა თვალწინ, მით უფრო მეტი ხალისი და გამბედაობა მემატებოდა.

სასიამოვნო ღელვის განცდით მივადექი წ.კ.გ. საზოგადოების გამგეობის ბინას მოკრძალებით შევაღე კარი. ოთახში ბუხჰალტერი დამხვდა. მან ჩემი მისვლის მიზეზი რომ გაიგო, მეორე ოთახში შემიყვანა. იქ დამხვდა პატივცემული ლუარსაბ ბოცვაძე, რომელიც ხალისიანად შემხვდა. ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდა გამგეობის წევრი, მასწავლებელი პეტრე სურგულაძე. გაიმართა საუბარი საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის გახსნის შესახებ. მათი ლაპარაკიდან გავიგე, რომ ჯერ საგურამოში არავინ იცის სკოლის გახსნის ამბავი. სკოლა გამგეობის დადგენილებაშია მხოლოდ გახსნილი.

- "მერხები, ილია წინამძღვრიშვილმა დაგვითმო თავისი სკოლიდან," - მითხრა ლ.ბოცვაძემ. ერთი საკლასო დაფა და 15 ცალი მერხი უნდა ჩამოატანინო წინამძღვარიანთკარიდან ვინმეს, დაუმატა ლუარსაბმა. გავიგე, აგრეთვე, რომ ამჟამად მამულში ცხოვრობს მეფუტკრე დანიელ მასლოვი, პურის მცხობელი ქალი, სოფიო, და მისი ვაჟი, შაქრო უნდილაშვილი. მოურავი არ ყოლია გამგეობას. მოურავის თანამდებობას დროებით მასლოვი ასრულებდა. "გამგეობა ფიქრობს, მოურავის თანამდებობა შეუთავსოს მასწავლებელს, მაინც ბევრი სამუშაო არ გექნება, რას იტყვით ამაზე?" - შემეკითხა ლუარსაბი.

- "რამდენადაც ვიცი და გამიგონია, გლეხებს, საზოგადოდ, არ უყვართ მოურავები. ჩემი აზრით, მოურავის და მასწავლებლის თანამდებობების შეთავსება არ იქნება მიზანშეწონილი, ამ შემთხვევაში მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ", - მივუგე მე.

ლუარსაბი მიუბრუნდა პ.სურგულაძეს და მიმართა: - "მართალს ამბობს". ჩვენ მეორე ვარიანტს უნდა დავადგეთ: ვიშოვოთ მოურავი, ანდა იჯარით გავცეთ მთელი მამული. მასწავლებელმა თავისი საქმე აკეთოსო. ეტყობოდა, რომ ჩემი განცხადებით ლუარსაბი კმაყოფილი დარჩა

მუშებმა ამ ოთახში წიგნები შემოიტანეს. ეს იყო "დედა-ენის" ახალი გამოცემა. ჩვეულებრივ, იაკობ გოგებაშვილი ყოველ შემოდგომაზე უშვებდა თავის "დედა-ენას", მაგრამ ეს გამოცემა ავტორს საფუძვლიანად გადაემუშავებინა და ამიტომ ამ გამოცემას დიდი ამბით მოელოდა ყველა. ეს იყო მიზეზი, რომ ლუარსაბი და პეტრე დასწვდნენ წიგნებს და გატაცებით დაუწყეს თვალიერება. ლ.ბოცვაძე ხმამაღლა გამოთქვამდა თავის სიამოვნებას და წიგნს ეალერსებოდა. შემოდის იაკობ გოგებაშვილი. წიგნები რომ დაინახა მოტანილი, ღიმილით თქვა: - "ჰოო, მოუტანიათ კიდეც", ლუარსაბმა და პეტრემ დიდის ამბით მიულოცეს იაკობს "დედა-ენის" ახალი გამოშვება.

იაკობი გამაცნეს. " - ყმაწვილო: დიდ და ძნელ საქმეს გავალებს გამგეობა. აბა, შენ იცი, როგორ წაიყვან სკოლის საქმეს და გაამართლებ საზოგადოების ნდობას" - მითხრა იაკობმა და განაგრძო "დედა-ენის" თვალიერება. მდუმარედ შევცქეროდი. ვადევნებდი თვალს ყოველივე მის მოძრაობას. ეტყობოდა, გამოცემით კმაყოფილი იყო. შემოვიდა ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი). ამანაც მიულოცა იაკობს "დედა-ენის" გამოცემა. გააბეს ბაასი. ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ერთ დღეს გავიცანი საქართველოს ოთხი სახელოვანი მოღვაწე, მათთან ლაპარაკის ღირსი გავხდი.

მეორე დღეს ისევ წ.კ.გ.ს. გამგეობის ბინაზე გამოვცხადდი. ლ.ბოცვაძე მესაუბრა სკოლის გახსნის შესახებ. გადმომცა ოცდაათი "დედა-ენა", რვეულები, ფანქრები, კალმისტარები, კალმები და გზა დამილოცა

მცხეთაში ნაშუადღევს ჩავედი. ნოემბრის ღრუბლიანი, სუსხიანი დღე ჩემს განწყობილებაზე არასასიამოვნოდ მოქმედებდა. ამ სიცივეში არაგვი უნდა გამეტოპა. მირჩიეს დამექირავებინა ცხენი გამყოლით. ცხენზე შევჯექი. გამყოლი კი შევიდა არაგვში და წინ გამიძღვა. ფონი თხელი იყო და გაშლილი. გამყოლი ქვებზე მიაბიჯებდა, მაგრამ ხანდახან ფეხი უსხლტებოდა და უსველდებოდა. არაგვზე, მრგვალი ხის ხიდი იყო გადებული. დიდად დახელოვნებული უნდა ყოფილიყავი, რომ ამ გრძელ ხიდზე გაგევლო. ცხენი ამ ხიდის ცოტა მოშორებით, მარჯვნით მიმყავდა. კარგად მოჩანდა მღვრიე მტკვარი. არაგვი ვერცხლისფერი ტალღებით უერთდებოდა მას. გავედით რიყეზე, შემდეგ ამაღლებულ ნაპირზე. აქ პატარა, ხის შენობა იყო - სამიკიტნო, რომელიც დაბლა, არაგვის პირად იდგა. პირდაპირ, ზემოდან დაყურებდა ჯაჭვის მონასტერი. გამყოლს ფეხები დასველებოდა. შევედით სამიკიტნოში. შევისვენეთ, შევთბით და გავუდექით გზას

ზედაზნის მთის დაშვებულ ფერდობს ავყევით. ცოტახნის შემდეგ მარცხნით მაღალი, წკნელით შემოკავებული ვენახს ჩავუარეთ. მარჯვნით მთის ძირია, გზა მაღლა მიდის, ტყისაკენ. სოფელი გამოჩნდა. ეს წიწამურაა. მიწური სახლებით. კვამლი ამოდის ამ ქოხებიდან, არავინ ჩანს. ბუჩქები ხშირდება. გამყოლი შეკითხვებზე ხალისიანად მპასუხობს. ეტყობა ამ მიდამოებს კარგად იცნობს. - "აი, აქ მოკლეს ილია", ხმამაღლა წამოიძახა მან. გულს ტყვიასავით მოხვდა ეს სიტყვები. მარჯვნით ხევი მიჰყვება მთას. ხევთან წყაროა. ამ წყაროსთან უყვარდა, თურმე ილიას შეჩერება, თბილისში მიმავალს, ან თბილისიდან მომავალს. აი, ამ წყაროს მიდამოებში მოკლეს დიდი ილია მოსყიდულებმა, თავზე ხელაღებულებმა, გამხეცებულმა ქართველებმა

ფიქრები შემომაწვა. მომაგონდა 1907 წლის 31 აგვისტო. ქუთაისში ვიყავი. ხონში უნდა წავსულიყავი, თეთრ ხიდზე გავდიოდი. გაზეთი ვიყიდე, ვკითხულობ: 30 აგვისტოს წიწამურასთან მოკლეს ილია ჭავჭავაძეო. მივეყრდნე ხიდის მოაჯირს, ჩავფიქრდი

რას ნიშნავს ეს? განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იმსხვერპლა ილია, თუ ავაზაკებმა? მომაგონდა: ილიას წინააღმდეგ წარმოებული აგიტაცია პრესაში. თბილისელი მუშების ერთი ჯგუფის განწყობილება. საგურამოელ კორესპონდენტის ვ.ნ.-ს წერილები კვირეულ ჟურნალ "მოგზაურში", ილიას პასუხი "ნუთუ"?! საგურამოელ გლეხების განწყობილება. შავი ფიქრები მომეხვია გარს, ძალზე დავღონდი.

მე ილია არ მენახა. მისი თხზულების პირველი ტომი 1892 წლის გამოცემა შევიძინე ხონის ორკლასიანი სკოლის მოწაფემ და განსაკუთრებით გამიტაცა პოემა "განდეგილმა", რომელიც თითქმის ზეპირად შევისწავლე. ამ წიგნს აქამდე სათუთად ვინახავ

- "აი, ბატონო, ილიას კალო! მომესმა გამყოლის ხმა. გამოვერკვიე. ტყიდან გამოვდიოდით. კალოს ზევით, ტყის პირად ჩანდა გრძელი შენობა, კარებგაღებული, საჯინიბო, ცხენების და მუშა საქონლის სადგომი და ფურაჟის შესანახი. კედელზე გარედან მიყუდებული იყო პურის სალეწი კაჟებიანი კევრი. იქვე ბზის ზვინი. ახლოს ეტლი, რომელსაც ერთი წინა თვალი (ბორბალი) მომძვრალი ჰქონდა და იქვე ეგდო. მივხვდი, რომ, ილია იმ საზარელ დღეს ამ ეტლში იჯდა კალო მონაგვიანებული იყო. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ილიას სახლის ეზოში ჩავედი. ჩემს წინ გამოჩნდა სამსართულიანი ლამაზი სახლი წითლად შეღებილი სახურავით, მარჯვნივ შემოღობილი საფუტკრე, რომელსაც წინა მხარეს დაბალი მესერი ჰქონდა, ხის ჭიშკრით, დანარჩენი სამ მხარეს დაბალი, წკნელის ღობე. შიგ, ამ შემოღობილში, ბლომად სკები, ზემონაწილში ჯიხური (ბუდკა). მესრის მხრიდან ახალგაზრდა ხეები იყო ჩამწკვრევებული.

უკვე კაკლის ხის ქვეშ ვარ. ჩამოვდივარ ცხენიდან გათოშილი, გაცივებული. ვათვალიერებ იქაურობას, კაკლის ხესთან ჩუხჩუხით მოედინება წყარო, რომელიც მილშია მოქცეული და აქ, ონკანიდან გამოდის საგანგებო გაკეთებულ ქვის რაფოში. კაკლის ხის ქვეშ, პატარა მოედანზე, განლაგებულია სხვადასხვა სიდიდის ქვებისაგან გამოთლილი მაგიდები. წყალსადენის უკან, გზის პირას, საფუტკრის პირდაპირ ჯონჯოლის და იასამნის რამდენიმე მოზრდილი ბუჩქია. სახლის მთავარ შესავალში - ახალგაზრდა ცაცხვების ხეივანი მიემართება სოფელში მიმავალ გზამდის. მინდა შემოუარო სახლს, მაგრამ გამყოლი, რომელიც ჩემზე ნაკლებ არაა შეცივებული, ხმამაღლა იძახის: - "მასპინძელო, ჰეი, სტუმარი მოვიყვანე, გესმით"!

ამ ძახილზე სამოურავო სახლიდან, რომელიც იქვე დგას, დიდ სახლთან, გამოხტა 15-16 წლის ახალგაზრდა და ჩვენ რომ დაგვინახა, მიბრუნდა სახლის პატარა აივნისაკენ და დაიღრიალა: - "დანიელა, დანიელა!". ცოტა ხნის შემდეგ, სასადილო ოთახიდან, აივანზე, კაკლის ხის პირდაპირ გამოჩნდა კოჭლი, ტანმორჩილი კაცი ჯოხით ხელში. ეს დანიელ მასლოვი იყო. ილიას მეფუტკრე, - "ვისთან მაქვს საქმე?.. შემეკითხა ის საქმიანი კილოთი. გამოვეცნაურე. - "მასწავლებელი! მასწავლებელი!" - წამოიძახა მან რუსულად. ძმურად მომხვია ხელი და მიმიპატიჟა: "მობრძანდით, მობრძანდით, ბატონო მასწავლებელო, მობრძანდით". ავედით პატარა, მოკლე კიბეზე. შემდეგ, აივნის გავლით, სასადილო ოთახში შევედით, იქიდან დერეფანში და ბოლოს, მარცხნივ მდებარე მოზრდილ ოთახში. ოთახში შესვლისთანავე სითბო ვიგრძენ, მარჯვნივ, კუთხეში, დიდ ბუხარში, საამურად გიზგიზებდა ცეცხლი, გავიხადე პალტო და მივუჯექი ბუხარს. მასლოვმა შაქროს, რომელიც ოთახში თან შემოგვყვა, განკარგულება მისცა: გამყოლი მოეთავსებინა სამოურავოში, გამასპინძლებოდა მას. ცხენი შეეყვანა თავლაში, დაება მამულის ცხენთან, მიეცა საკვები და შემოეტანა ოთახში შეშა-ფიჩხი.

მასლოვი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რომ მე, მასწავლებელი, დამინახა საგურამოში.

- "ძლივს ეღირსნენ საგურამოელი ბავშვები სკოლას, მასწავლებელი მამულსაც მოუვლის", - გახარებული ამბობდა მასლოვი. მისგან გავიგე, რომ გამგეობის მიერ მოურავად დანიშნული ვლ.ცაგარელი, ცოტა ხანს ყოფილა მამულში და ერთი თვის წინად გაუნებებია თავი და წასულა. ახლა მამული უპატრონოდაა დარჩენილი. მასლოვი ამის გამო წუხს და გოდებს. შაქრომ შეშა-ფიჩხი შემოიტანა და ბუხარში ერთბაშად შეყარა. ბუხარმა რაკი მოიგდო შეშა-ფიჩხი, მოშიებულივით მოხვია მოლაპლაპე ალი და თვალის დახამხამებაში ჩაყლაპა.

- "რა ქენი ბიჭო! შეჰყვირა მასლოვმა. ცეცხლი არ გააჩინო", და თავის ხელ-ჯოხით დაუწყო ცეცხლს დაშოშმინება. შაქრო კი იდგა და თავმოღრეცილი იღრიჭებოდა. დეფექტიურის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს შაქრო თავისი უადგილო სიცილით.

დანიელა მასლოვი, ეს რუსი კაცი, მდინარე ობის ნაპირების შვილი, ბუნებით დაჩაგრული ადამიანი, ფეხებრახიტიანი, იმ იმედით, რომ საქართველოს ბუნება: მზე, ხილი, ყურძენი და თაფლი საშუალებას მისცემდა მას აღედგინა თავისი ჯანმრთელობა - ჩამოვიდა საქართველოში და ბედზე დიდ ილიას შეხვდა, რომელიც მამულისათვის საგურამოში მეფუტკრეს ეძებდა. იჯდა ახლა ეს კაცი ილიას მამულში და ამ მამულის და სახლის გამო წუხდა. გულით უნდოდა ეს მამული არ გაოხრებულიყო, მის ნაამაგარ სკებს არაფერი მოსვლოდა. ის ხან იღიმებოდა, ხან ნაღვლიანად ჩაფიქრდებოდა და თავის მრგვალ, მსუქან სახეზე და ჩამოშვებულ პატარა ულვაშებზე მუჭს ღონივრად ისვამდა.

იმ საღამოს მასლოვის და შაქროს ნალაპარაკებიდან გავიგე: სოფელს სკოლის გახსნის ამბავი არ ცოდნია. მასლოვს ჩამოუტანია ეს ამბავი თბილისიდან. სოფლელები თავისებური სიდინჯით შეხვედრიან სკოლის გახსნის ამბავს: გადასახადი მოგვემატებაო, უთქვამთ სოფელში

ამ გარემოებამ ძალიან ჩამაფიქრა: "ვაი თუ გლეხებმა არ გაიმეტონ ბავშვები სკოლისათვის". წ.კ.გ. საზოგადოების გამგეობას არ უზრუნვია, რომ რაიმე ეთქვა საგურამოელ გლეხებისათვის სკოლის შესახებ. არც ის, რომ სკოლა უფასო იქნებოდა. ამ დროს საგურამოელი გლეხობა ძალიან ჩავარდნილი იყო ეკონომიურად. მას გადატანილი ჰქონდა რევოლუცია და დამსჯელი რაზმების თარეში, რამაც მძიმე პირობებში მოაქცია გლეხები.

სოფელს გასაქანი არ ჰქონდა. მას აწუხებდა: მთავრობის მამასახლისი, მღვდელი, მემამულე-თავადები, იასაული და ამ დროს სკოლაც ემატებოდა. აქ იყო საჭირო დაჯერება, რომ სკოლა მათ არაფერ გადასახადს არ მოუმატებდა. სკოლა უფასო იქნებოდა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, ამის გამკეთებელი არავინ იყო.

არც იმის გამკეთებელი გამოჩენილა ვინმე, რომ ილიას საწინააღმდეგო აგიტაციას შებრძოლებოდა. "მოგზაურის" კორესპონდენტი, ვინმე ვ.ნ., სოფელში დაეძებდა მასალას ილიას საწინააღმდეგო წერილებისათვის. მართალია, ილია თვითონ შეეცადა გაებათილებინა წამოყენებული ბრალდებები თავის ცნობილ "ნუთუ?!"-ში, მაგრამ სოფელს "ნუთუ?!" არ წაუკითხავს. არც არავინ ცდილა ამის შესახებ. ვ.ნ. კი დადიოდა სოფელში და გლეხებს უკითხავდა "მოგზაურში" მოთავსებულ ცილისწამებით გაბერილ წერილებს ილია ჭავჭავაძის შესახებ.

ილია ჭავჭავაძე მწერალი, დიდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საამაყო შვილი, ერის სული და გული, გლეხების მოამაგე და მოყვარული - საგურამოელ გლეხებისათვის შეუცნობელი იყო. ილიას ნაწერებიდან ერთი წიგნიც კი არ აღმოჩნდა იმ დროს მთელს სოფელში. რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა ავხსნათ ეს სამწუხარო ამბავი? ცხადია, გლეხებში არ იყო კარგი განწყობილება ილიასადმი. დიდი გავლენა მოახდინა აგიტაციამ და პროპაგანდამ, რაც წარმოებდა მრავალი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი გლეხობის მასაში ვრცელდებოდა, მით უმეტეს, რომ ნიადაგი მზად იყო ამისათვის. მართალია, რომ ეს აგიტაცია და პროპაგანდა მარტო ილიას წინააღმდეგ არ იყო, საერთოდ, ყველა მემამულეების წინააღმდეგ, მაგრამ, ილიამ, როგორც თვალსაჩინო და დიდმა ადამიანმა განიცადა ყველაზე მეტი იერიში და თავდასხმა.

აქ უნდა მოვიგონო ის, რომ ილიას საწინააღმდეგო გამოსვლები, ადრევე დაიწყო და, ბოლო დრომდე გრძელდებოდა, ძლიერდებოდა. აღვნიშნავ, მოკლედ, ივანე მაჩაბლის და მის მომხრეების გამოსვლას თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებებზე 14, 15 და 16 თებერვალს 1893 წ. (იხ. ამ კრებების ანგარიში) შემდეგ პ.გელეიშვილის გამოსვლა და სხვ. ვამბობ, ილიას იმ დროს, ასე ვთქვათ, მაგარი, საქმიანი მომხრენი ვერ ამოუდგნენ გვერდში. ილია მარტო დარჩა ამ ჭიდილის დროს. ამიტომ მოწინააღმდეგეებმა დაძლიეს და გლეხობაში ამის გამო მკვიდრად მოიკიდა ფეხი ილიასადმი მტრულმა განწყობილებამ. ამ განწყობილებით ისარგებლა ოხრანკის აგენტმა, დამთხვეულმა დიმიტრი ჯაშმა.

სოფლის ერთ ნაწილს სცოდნია, რომ ილიას საწინააღმდეგო ბოროტება მზადდებოდა. მარტო საგურამოელ გლეხებს კი არა, ადრევე ცოდნია ეს ბულაჩაურში მცხოვრებ ნ.ხიმშიაშვილსაც. მე იმას ვამბობ, რაც მოვისმინე საგურამოელ მცხოვრებლთაგან, სრულიად ობიექტურად და იმავე დროს გულის დიდი ტკივილით. ჰოდა, ჩემთვის აშკარა გახდა ყველაფერი, როდესაც მოვისმინე მასლოვის გულახდილი და შაქროს გაგრიასებური ლაპარაკი, გავიგე, რომ მკვლელებს წინა ღამე ილიას სახლში გაუტარებიათ, სათონე ოთახში მიურთმევიათ პური და ღვინო. დიმიტრი ჯაში გამასპინძლებია მათ.

იმ საბედისწერო დღეს ხომ საშინელი, გაუგონარი ტრაგედია დატრიალდა წიწამურის მიდამოებში, იქიდან ტყვიით განგმირული, ილიას გაცივებული გვამი მოუსვენებიათ საგურამოში. მეორე დღეს დოსტაქარი ჩამოსულა დუშეთიდან. ეს ამბავი, რომ ცნობილია ყველასათვის, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, შაქროს და დედამისის განწყობილებას - "ილია რომ გაჰკვეთეს, მე ტაშტი მიუტანე ექიმს, ექიმმა ტაშტზე ილიას შიგანი დაყარა, მუცელზე ილიას ისეთი ქონი ჰქონდა, რომ, გავიტანე ტაშტი და აუზის თხრილში ჩავყარე"-ო, ამას ისეთი სიამოვნებით, ღრეჭით, თავ-მოგრეხით ამბობდა შაქრო, რომ ჩანდა ახლაც კმაყოფილებას განიცდიდა.

ავირიე, სისხლი ამივარდა თავში, მასლოვმა შეამჩნია ეს და გაჯავრებით მიაძახა - "რას ამბობ, ბიჭო! გადი გარეთ, ?????, ???????" დაუმატა მან.

ამ შთაბეჭდილებით გავედი მეორე ოთახში, სადაც ჩემთვის საწოლი მოემზადებინათ. ოთახში ერთი უბრალო რკინის საწოლი იდგა. გრძელი საწერი მაგიდა, ორი სკამი, კარადა ტანისამოსის შესანახი. მაგიდაზე თუნუქის უბრალო ლამპა, მარცხნივ ოთახი პირსაბანით.

დილით ადრე გამოვიღვიძე მასლოვმა ჩაიზე მიმიპატიჟა. ცეცხლი გიზგიზებდა ბუხარში. ჩაი დავლიე, გავთბი, შეუდექი სახლის დათვალიერებას. გავედით აივანზე. გრძელი ფართო აივანი, თეთრად შეღებილი აივნის მოაჯირი. მშვენიერი გადასახედია. მოსჩანს წინა ეზო ვენახით, ხეხილით. შემოვბრუნდით ისევ მასლოვის ოთახში, გამოვედით დერეფანში და იქიდან სასადილო ოთახში. შუა ოთახში დგას მუხის დიდი სასადილო მაგიდა. ჭერზე, მაგიდის პირდაპირ დიდი ლამპა. კედელთან დიდი კარადა. ამ კარადაში ბლომად ჭურჭელი. დიდრონი თეფშები, დანა-ჩანგალი და სხვ. კარადის შუა ადგილას დიდი სამოვარი და ვენის სკამები, ჩანდა, სასადილო ოთახს უცხო, გამგლეჯი ხელი არ მიჰკარებია. სასადილო ოთახიდან გავდივართ გვერდით ოთახში - დარბაზში. ეს ოთახი სასადილო ოთახზე ცოტათი დიდია. აქ - შავჩარჩოიანი კედლის სარკე, სარკის წინ - პატარა მაგიდა, ორი სკამი, კედლებზე არაფერი. აქედან გავდივართ აივანზე. ახალგაზრდა ჭადრის ხე, აივნის კუთხის ბოძთან დარგული, წვდება აივნის ჭერს. ამჟამად, ალბათ, ეს ჭადარი თუ არის ცოცხალი, დიდი იქნება და ფარავს სახლის მთელს კუთხეს სასადილო ოთახიდან გავდივართ პატარა ოთახში, საიდანაც ეზოში ჩადიან. ეს კიბეა მთავარი მისადგომი ამ სახლისა. შემოვბრუნდით სასადილო ოთახში. გამოვედით მოკლე, მაგრამ ფართო აივანზე. ეს აივანი ბოძებიანად, მოაჯირით და იატაკით - მუქი წითელი საღებავით არის შეღებილი, ისეთი ფერის, როგორც იატაკებს ღებავენ ხოლმე. აქ დგას სკამი - დივანი. კარგ ამინდში ამ სკამზე ისვენებდა თურმე ილია - იქვე კაკლის ხე, რომლის ღეროს ნახევარი მეტრის სიმაღლეზე მიწა აქვს შემოყრილი და ირგვლივ თაბაშირით არის შემოლესილი.

ავდივართ მესამე სართულზე. აქაც ისეთივე დერეფანი, როგორიც მეორე სართულზე. მარჯვნივ კნეინა ოლღას და ილიას საწოლი ოთახი. დერეფნის ბოლოს, საწოლ ოთახის გვერდით აბაზანა, საპირფარეშო, ისე როგორც მეორე სართულზე. მარცხნივ ილიას სამუშაო ოთახი, შედარებით პატარა, ოთხუთხიანი. ფართე, დიდი ბუხარი კუთხეში. ბუხრის თავზე ბლომად დაბეჭდილი საქმიანი ბლანკები. ერთი სქელი რვეული, თეთრი ტილოიან ყდაში, მოურავების ჩანაწერებით. იბსენის თხზულებანი, დამატება, რომელიღაც ჟურნალისა და რამოდენიმე რუსული წიგნი. ბლანკები "პირობითი წერილისა", ავსებდა ილია, როდესაც ურიგდებოდა მოჯამაგირეს, ან აძლევდა ტყეს გასაჩეხად და სხვ. კაბინეტიდან გავდივართ აივანზე. იატაკზე წითლად შეღებილი თუნუქი. თვით აივანი და მოაჯირი თეთრადაა შეღებილი. ეს აივანი სიგრძით იმოდენაა, რამდენიც კაბინეტია. აქედან ულამაზესი ხედია. არაგვის მშვენიერი ჭალები იტაცებს მზერას.

ამ სართულზე ორი ოთახია: ილიას კაბინეტი და საწოლი ოთახი. დანარჩენი სხვენს უკავია. დერეფნის ბოლოს კარებია სხვენზე შესასვლელი. მარჯვნით კი კიბე, ამ სართულზე ამოსასვლელი. როგორც მოვიხსენიე, ბუხარი ფართო და დაბალი აქვს ილიას კაბინეტს და მეორე სართულის ოთახს. ჩვეულებრივი კედლის ღუმელებია სასტუმრო ოთახში, სასადილო და ზალის შუა კედელში და ილიას და ოლღას საწოლ ოთახში. ამ სახლში შევდივართ: მთავარ მისასვლელით ფართო, მრავალსაფეხურიანი ქვის კიბით, კაკლის მხრიდან, პატარა დერეფანზე ორსაფეხურიან კიბით და მესამე შესასვლელი არის სამოურავო სახლის პირდაპირ მოკლე ორმუხლიანი და რამდენიმე საფეხურიანი კიბით. ამ კიბის ქვეშ სახლის ბალავერში ცალფა კარია, შიგნით - სარდაფი. აწყვია: ორი მოზრდილი კასრი თეთრი და წითელი ღვინით სავსენი, ხალმები დაძმარული ხილით: ვაშლები, მსხლები, ჯონჯოლი, ზეთიხილი. შენახულია შეჭკნარი ყურძნის რამდენიმე მტევანი. სარდაფი სუფთაა. ცოტა მოშორებით, დიდი სახლის პირდაპირ, აგურით ნაშენი სამოურავო სახლია დაბალი ჭერით და საკმარისად ფართე აივნით. შიგ დიდი გრძელი ოთახია, აქეთ-იქით, კედლების გასწვრივ, ნარები. დიდი, ფართო პირიანი, დაბალი ბუხარი, რომელშიაც თავისუფლად შეიწვება არა თუ გოჭი და ცხვარი, არამედ მოზრდილი ხბოც. ამ ოთახს იქით გასასვლელი არ აქვს. აქედან შევდივართ სათონეში. თონეს შემდეგ ოთახია. სათონეს პირდაპირ, დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით, თავლაა. მსხვილ წკნელისაგან გამართული და გარედან ბზე-ნარევი ტალახით შელესილი. სახურავზე სქლად ეყარა ძეძვი. ამ თავლაში ება მამულის კარგად მოვლილი ცხენი. გარეთ, კარებთან, შორი-ახლოს, ურიკა (ტაჩკა) ჩანდა

ვბრუნდებით. სამოურავო სახლის გავლით მივდივართ წინა ეზოში. აქ დაქანებულზე ვიწრო კიბეა. იქით-აქეთ, დაქანებულ ფერდობზე, ყვავილნარის ნაშთებია. ვუხვევთ მარცხნივ სასახლის პირველ სართულისაკენ. გრძელი, ფართო აივანი, მოაჯირით. ეტყობა ესეც თეთრად ყოფილა შეღებილი. ზუსტად, შუა ადგილას აგურის კიბეა, სვეტიდან-სვეტამდე მოაჯირი არ არის. მოედნის იატაკი მიწურია. აქ ორი ერთნაირი ზომის ოთახია, შუაში ვიწრო ოთახი - დერეფნით, ჩვეულებრივი ბუხრით. ერთი ოთახი და დერეფანი მიწურია. ამ ოთახებს უკან გასასვლელი არა აქვთ, რადგან უკანა კედელი მიწაზე აქვს მიბჯენილი. ამიტომაც ეს სახლი წინიდან სამ-სართულიანია, მეორე მხრით - ორ-სართულიანი. მარცხენა ოთახში, რომლის იატაკი აგურით არის მოფენილი საფუტკრე ნივთები და სხვა ინვენტარია. გარდა ჩარჩოების, თაფლის სახდელი "ცენტრობეჟკასი" და "დანბლატის" რამდენიმე მოუთავებელი სკისა, იქ იყო სოფლის მეურნეობის იარაღებიც: ინკუბატორი, სახნისები, ნიჩბები, წერაქვი, დურგლის ხელსაწყო და ხელის წისქვილი. ამ უკანასკნელმა დამაინტერესა. მასლოვმა მითხრა, რომ ხელით საბრუნავ წისქვილს მაშინ მიმართავენ, როდესაც რაიმე მიზეზის გამო, წყლის წისქვილი არაგვზე არ მუშაობდა და სასახლეში ფქვილი გამოილეოდა.

მეორე ოთახი ცხვრის კურკლებით არის მობინძურებული. თუმცა, ილიას მოკვლის შემდეგ, წელიწადზე მეტმა განვლო, არავის უფიქრია ამ ოთახის დასუფთავებაზე. სკოლა კი, ილიას სახელობის სკოლა, ამ ოთახში უნდა მოვაწყო!

უგუნებოდ მოვბრუნდი დაქანებულ ფერდობზე ჯერ ხეხილის ბაღის აშკარა ნიშნები, შემდეგ გაშლილი ვენახი. ხეხილის ბაღის წინ, აივნის კიბიდან ცოტა დაბლა, პატარა აუზი, უმოქმედო შადრევანით მარჯვნით ორღობე სოფლის შარა გზამდე. მარცხნივ მაღალი, ხშირი მესერი დიდ მუხლამდე. წინ, შარაგზის ხაზზე, მაღალი, მსხვილი წკნელით გაკეთებული ღობე. ამ ღობის სარებზე სქლად ძეძვი. აი, ასე გამოიყურებოდა ილიას სახლის ეზო იმ დროს. ეტყობოდა მხოლოდ, რომ ვენახში ხშირი იყო გამხმარი ვაზის ხე, ნიადაგი არ იყო მოვლილ-დამუშავებული.

ვჩქარობ, მინდა სოფელი ვნახო დროულად, ამოვდივართ ისევ წვრილ კიბეზე, გავივლით სახლის და სამოურავოს შუა, ვუხვევთ მარცხნივ, სათონეს და თავლის შუა, გადავდივართ დაბალ ღობეზე, სტაროსელსკების ნაპურალში და ბილიკით მივაბიჯებთ მარანისაკენ. მალე ვენახში შევდივართ, ვენახში მიწური ქოხია, გამოკეტილი. ეს რაჭველი გლეხების სადგომია. რაჭველებს იჯარით აქვთ აღებული სტაროსელსკების ვენახი და საბოსტნე ნაკვეთი. 1908 წლამდე ილიას ეზოს ვენახიც ჰქონიათ აღებული დასამუშავებლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო თავი გაუნებებიათ. რაჭველები აქ ადრე გაზაფხულზე თავისი გუდანაბდით მოდიან. მუყაითად უვლიან ვენახს. თესვენ სიმინდს, ლობიოს და მცირე მიწის ნაკვეთსაც კი იყენებენ, ამუშავებენ. გვიან შემოდგომაზე, როდესაც მიალაგებენ ნაჭირნახულებს, მიდიან თავის ცოლ-შვილთან. ცოტა ქვევით, მარანის ოდნავ მოშორებით, თავისუფალი ადგილია, აქ წყალსადენია. ამ წყლით სარგებლობენ რაჭველები ვენახის და ბოსტნის მოსარწყავად. აქვე აქვთ მოწყობილი არყის სახდელიც. წლევანდელ დაწურულ ღვინოს მეორე წლის გაზაფხულზე ჰყიდიან თბილისელ ღვინის ვაჭრებზე მარანი დიდი, გრძელი და მაღალი ქვითკირის შენობაა. წინა ნაწილში, მთელი სიგრძით აქვს გამოხურული, მაღალი ქვის ბოძებით.

მარანი ორ ნაწილადაა გაყოფილი. თითოეულ ნაწილს თავისი დიდრონი კარი აქვს. მარცხენა ნაწილი ილიასია, მარჯვენა - სტაროსელსკების. ჩვენ ილიას ნაწილში ვართ. მთელს სიგრძეზე, უკანა კედელს მიყვება ქვის საწნახელი, დიდრონი ქვევრები ღვინოებით სავსე, თავებმოლესილი. ამ ქვევრებში ადამიანები ჩადიან და ისე რეცხენ. საწნახელს, რატომაც, არ იყენებენ ყურძნის საჭეჭყად. ყურძენს კასრებში ჭეჭყენ, კასრები გამოხურულში აწყვია.

სტაროსელსკების სახლი გზის პირადაა. ყაზარმული სახლია, გრძელი, ვიწრო. სოფლის გზის მხრივ პირველ სართულს ყრუ კედელი აქვს. მეორე სართული ფანჯრებიანია. ეზოდან ორი კიბეა, მეორე სართულში ასასვლელი. პირველ სართულში სათავსოებია. მოურავის და მოჯამაგირის ბინები. აქვეა სამზარეულო და დიდი გრძელი ოთახი-სასადილო. მეორე სართულში ბატონები ცხოვრობენ. სახლის წინ გრძელი მოედანი, კოინდარით. შემდეგ ზოლად მოჰყვება ხეხილი. მერე ვენახი, მწვანე მოედანზე ორი ძირი სკაა. მასლოვი აქ საფუტკრეს აწყობს. სტაროსელსკები ამ დროს საგურამოში არ იყვნენ. ზამთრობით რუსეთში მიდიან. ალაყაფის ჭიშკრის პირდაპირ, ეზოში წყალსადენია. ამ წყალსადენით სოფლელებიც სარგებლობენ.

გავდიოდით ჭიშკარში. მოულოდნელად გაისმა უცნაური ღრიალი. შევჩერდი, მარჯვნივ მოისმოდა ეს ღრიალი, შორი-ახლოს ხეხილებში მიმალული მოჩანდა კოწპია სახლი. გავიწიე ამ სახლის სანახავად. მასლოვმა მიამბო, რომ ამ სახლში ცხოვრობს ზალიკო გურამიშვილი, თადეოზ გურამიშვილის ვაჟი, საცოდავი, გიჟია. როდესაც რაიმე არ მოეწონება, ატეხს ღრიალს, ყვირილს. თუმცა არავის ერჩისო, დაუმატა მან. მასლოვმა ზალიკოს მომვლელ ქალს სახლის გასაღები გამოართვა. ავდივარ მოკლე, ლამაზად დაგრეხილ კიბეზე. გემოვნებით მორთულ-მოკაზმული ოთახები. კედელზე მრავალნაირი სურათები. ლამაზ-ლამაზი ბროლის ნივთები განლაგებული რაფებზე, მაგიდებზე, დიდრონი სარკეების წინ. ნოხებით მოფენილი იატაკი. ირგვლივ შუშაბანდი. მოჭარბებული სინათლე ირგვლივ. სტაროსელსკები ზაფხულის ცხელ დღეებს ამ სახლში ატარებდნენ, მიირთმევდნენ: კაკაოს, ყავას და სხვ. გიჟს მიჩნეული ჰქონდა სარდაფი, რომელსაც ირგვლივ დერეფანი ჰქონდა. ეს სახლი მრგვალი იყო. კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, სარდაფში ჩავიხედე, დერეფანში დავინახე ზორბა ვაჟკაცი მელოტი თავით, პერანგის ამარა, გულგაღეღილი. დამინახა თუ არა, ერთი დასჭექა და მიიმალა სარდაფის ოთახებში. ამ გიჟის ღრიალი ილიას სახლამდე აღწევდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ომის პერიოდში, საგურამოში არა ერთხელ მომიხდა ჩასვლა. მაშინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში (კომისარიატში) ვმსახურობდი, სამინისტრომ საგურამოში, სოფლის იქით, დაბლა, ნაკვეთი გამოჰყო რამდენიმე თანამშრომლისათვის სიმინდის მოსაყვანად. ამ უწყებას მაშინ საგურამოში, საშუალო კვალიფიკაცის მქონე სოფლის მეურნეობის გადასამზადებელი ტექნიკუმი ჰქონდა. ამ სასწავლებლის გამგედ ბოლქვაძე იყო. ბოლქვაძე ხშირად იყო თბილისში და სამინისტროში. მას ყოველთვის ვხვდებოდი და მასლოვზე ვეკითხებოდი. ხანდისხან ვატანდი მასლოვზე გადასაცემად შაქარს, ჩაის. საგურამოში ვიგონებდით ილიას სახლში გატარებულ დღეებს. გავიხსენეთ ზალიკო გურამიშვილიც. მასლოვისაგან გავიგე, რომ ზალიკო გარდაცვლილიყო. იმ სახლისთვის ვიღაც ბოროტ ადამიანს ცეცხლი წაეკიდებინა და გადაებუგა. იმ მიდამოებში საქ.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვითკირის, დიდი ორსართულიანი შენობა წამოეჭიმა. აქ იყო მოთავსებული ტექნიკუმი. მასლოვი იმ დროს ტექნიკუმში მეფუტკრეობას ასწავლიდა სოფლის მეურნე შეგირდებს. რამდენიმე ძირი სკაც გაეჩინა სასწავლო მიზნით. ჩემი მისვლა მას ყოველთვის ახარებდა. არ იცოდა რითი გამმასპინძლებოდა. გამოქონდა თაფლი, ვაშლი, ყურძენი.

გავედით სოფელში მიწური ქოხები, გამონაკლისს შეადგენს აგურის გრძელი სახლი კრამიტით დახურული, შეძლებულ გლეხის ბედუკაძისა. შორი-ახლოს მოჩანს აგურის მეორე სახლი, უფრო პატარა, სადაც მღვდელი ცხოვრობს თავისი ოჯახით და მესამე სახლი ქვევით, სოფლის კანცელარია. ამ სამი სახლის გარდა ყველა მიწური ქოხებია. გეზი ავიღეთ მღვდლის სახლისაკენ. მღვდელი, გაგლოევი ხალისიანად შემხვდა. მასლოვმა გააცნო მას ჩემი თავი, - ჰა, მასწავლებელი მოვიყვანე, წამოიძახა მან ბინაში შესვლისთანავე დამტვრეული ქართულით. გაგლოევმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და შევუდექით ბაასს.

სოფელში მივიარ-მოვიარე, ბავშვებიც შემხვდნენ. მივესალმე, ხელი ჩამოვართვი. გაუკვირდათ ასეთი მოქცევა. გოგოები უფრო თამამი იყვნენ. ერთმა გლეხმა, ქურციკიძემ, შემიპატიჟა სახლში. გამოიტანა არაყი და დიდი ჭიქით შემომთავაზა. მე ჩამოვართვი, მადლობა ვუთხარი და მაგიდაზე დავდე, არაყს არ ვსვამ-მეთქი. ეს ძალიან ეწყინა, ისე ეწყინა, რომ სახეზე წამოწითლდა

ქურციკიძესთან ყოფნის დროს იმ სახლთან თავი მოეყარათ ხუთიოდე გოგო-ბიჭს. მათ მე წინადადება მივეცი გამომოყოლოდნენ ზევით. წამოვედით ილიას სახლისაკენ. ცოტა რომ გამოვიარეთ, მოვიხედე: სამი ბავშვი შორიახლო მორიდებით მომყვებოდა. სასახლეში მივედით. ბავშვებს ვუჩვენე, სად უნდა ყოფილიყო მათი სკოლა, გამოვკითხე, რაც მე მაინტერესებდა და თანდათან დავმეგობრდით. ცქრიალა გოგონამ ნინა გელაძემ წაავლო ცოცხს ხელი და საკლასო ოთახის დასუფთავება დაიწყო, მას მიეშველა უნდილაშვილიც და საქმიანი ცხოვრება გაჩაღდა. მეორე-მესამე დღესაც ამოვიდნენ ბავშვები, ჩემი მომავალი მოწაფეები, მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა, მესამე დღეს შვიდი ბავშვი იყო. მათ შორის 14-15 წლისანი. მთელი პირველი სართული, გარდა მასლოვის სამუშაო ოთახისა, აივნიანად გავასუფთავეთ. გლეხმა, ილიკო გელაძემაც, ამომაკითხა, მომიკითხა. ეს გლეხი ერთადერთი იყო სოფელში წიგნიერი, ის იმერეთიდან იყო გადმოსული და საგურამოში შემოხიზნული. მარტო ამის ოჯახში ვიპოვე წიგნები ვ.გუნიას "საქართველოს კალენდარი", "არსენას წიგნი" და "ბუნების კარი". ამან პირველმა გამოთქვა სურვილი მოებარებინა სკოლაში თავისი გოგო ნინო. მეც ხშირი სტუმარი ვიყავი სოფლის. ჩავდიოდი, ვათვალიერებდი, ვეცნობოდი გლეხების ყოფაცხოვრებას, ვეძებდი ბავშვებს. გლეხებს ვარწმუნებდი, რომ სკოლა მათ არაფერ გადასახადს არ მოუმატებდა. სკოლაში სწავლება უფასო იქნება, წიგნები და რვეულები უფასოდ მიეცემა ბავშვებს და სხვ. ამ საშუალებით სოფელთან კავშირი გავაბი. პატარებში მეგობრები ვიშოვე.

საკლასო ოთახი გავასუფთავე, მაგრამ შეპირებული მერხები და დაფა არსად ჩანდა. მერხები და დაფა კი, გამგეობის თქმით, პატივცემულ ილია წინამძღვრიშვილს თავის სკოლიდან, წინამძღვარიან-კარიდან უნდა გამოეგზავნა. გადავწყვიტე, წავსულიყავ წინამძღვრიანთკარში და უფრო დაწვრილებით გამეგო რაში იყო საქმე.

ამ დროს მომესმა ცხენებისა და ეტლის ხმაური. გავიხედე ფანჯარაში, დავინახე ეტლი ამოდიოდა საფუტკრის მიმართულებით და ცოტა ხნის შემდეგ გაჩერდა საფუტკრის და წყაროს შუა - კაკლის პირდაპირ, მივედი ეტლთან. ეტლი გადმოხურული იყო. მუხლებზე ტყავის საფარი ქონდა იქ მჯდომს, მეეტლემ სახურავი დასწია და იქ მჯდომი ბატონი წინამძღვრიშვილი აღმოჩნდა, გამოველაპარაკე. ეტლიდან გადმოსვლა არ ინება. იკითხა სკოლის მდგომარეობის შესახებ. ძალიან შეწუხდა, რომ სკოლისათვის ქვედა სართულის ნაწილი იყო განკუთვნილი. ისიც არ მოეწონა, რომ მერხები დღემდე არ იყო წამოღებული. ბევრი შრომა დაგჭირდება, ყმაწვილო. მერე, როდესაც დრო დაგრჩეს, ჩამოდი ჩემს სკოლაში, გაეცანი მასწავლებლებს, ისინი დაგეხმარებიან ბევრ რამეშიო და მეეტლეს უბრძანა მოებრუნებინა ეტლი და წასულიყო ქვევით.

ამ ლაპარაკიდან ვერ გავიგე, პატივცემული ილია თავის სკოლაში მიდიოდა, წინამძღვარიანთკარში, თუ თბილისში. არაფერი მითხრა ჩემს განცხადებაზე, რომ მე დღეს ვაპირებდი მერხების წამოღებას. თუ სოფელში მიდიოდა, რატომ არ მომცა წინადადება მას გავყოლოდი!

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თბილისში წასვლა. მეორე დღეს განზრახვა სისრულეში მოვიყვანე. თბილისში ვინახულე გამგეობის ზოგიერთი წევრი. მოვახსენე მათ საქმის მდგომარეობა, გლეხების, ყმაწვილების განწყობილება სკოლისადმი. იმედი გამოვთქვი, რომ შევძლებდი ოცდაათი გოგო-ბიჭისათვის მომეყარა თავი და მეცადინეობა ახლო მომავალში დამეწყო. მომცეს ბარათი წინამძღვარიანთკარის სკოლის გამგესთან, არსენ წითლიძესთან, მერხების და დაფის საგურამოს სკოლისათვის დათმობის შესახებ და დავბრუნდი საგურამოში შაბათს საღამოს.. კვირას კი ბავშვებმა ამომიტანეს ამბავი, რომ ბატონ წინამძღვრიშვილს გამოევლო საგურამოში და ჩემთვის გადმოსაცემად ეთქვა: მერხებს ამ დღეებში მოიტანენო; იმ დღეს ოცამდე ყმაწვილი ამოვიდა სოფლიდან ჩემთან, მიშველეს დასუფთავებაში, მერე ჩემს ოთახში ავიყვანე და იქ ბევრ ხანს ვებაასე, ვისარგებლე იმით, რომ იმ დღეს მთელს სასახლეში არავინ იყო; ყმაწვილებს მთელი სახლი დავათვალიერებინე. ძალიან გაუკვირდათ და ზედმეტად ნასიამოვნები იყვნენ. ორშაბათისათვის ყველა დავიბარე, თანაც დავაბარე, რომ სხვებიც ამოეყვანათ. მერხები მაინც არ სჩანდა, იძულებული გავხდი მეთხოვა მამულის ცხენი მოურავ გ.ჯანდიერისათვის (რომელიც ორი დღის ჩამოსული იყო საგურამოში) და წავსულიყავი წინამძღვრიანთკარში. იქ იმ დროს მასწავლებლად იყვნენ: არსენ წითლიძე (გამგე), მიხო ქარცივაძე, მღვდელი ჯალიაშვილი და ლევან ასათიანი. ეს სკოლა სამეურნეო სკოლა იყო, კარგადაც ამზადებდა სოფლის მეურნეებს, ამავე დროს, ირგვლივ მდებარე სოფლებსაც ეხმარებოდა.

15 მერხი და ერთი ფეხმოტეხილი საკლასო დაფა ურმით ამოვატანინე და დავაწყე პირველ სართულში. კიდევ რამოდენიმე დაბრკოლება შემხვდა და გამართული მეცადინეობა მხოლოდ 1909 წ. 9 იანვარს დავიწყე. წ.კ.გ.ს. გამგეობის წევრებმა ლ.ბოცვაძემ და პ.სურგულაძემ ინახულეს საგურამოს სკოლა 1909 წ. 1 ივლისს. თავის მოხსენებაში ბოცვაძე წერს " თუმცა საგურამოს სკოლის მასწავლებელი, ილია რუხაძე გამგეობამ დეკემბრის (დეკემბერში დაინიშნა მოურავი გ.ჯანდიერი, მე კი - 16 ნოემბრიდან) პირველ რიცხვებში დაინიშნა მასწავლებლად, მაგრამ რადგანაც თავის დროზე მოწაფეთა პარტები და სასწავლო ნივთები ვერ მიიტანეს საგურამოში, ამის გამო სწავლის დაწყება დაგვიანებულა და სკოლას მეცადინეობა დაუწყია - 9 იანვარს. დღემდის სკოლაში უვლია 38 მოწაფეს." (სამწუხაროდ, სადღაც დავკარგე რვეული, რომელშიაც შეტანილი მქონდა იმ 38 მოწაფის გვარი, სახელი, მამის სახელი და სხვა ცნობები).

სკოლა, ოფიციალურად 1909 წლის 9 იანვარს გაიხსნა, მაგრამ მანამდე ყმაწვილები ყოველდღე დადიოდნენ სკოლაში მეტ-ნაკლებობის რაოდენობით. ვატარებდი ბაასს, ვუკითხავდი ზღაპრებს, ვაცნობდი დუშეთის მაზრის გეოგრაფიულ მდგომარეობას. ვასწავლე ზეპირად თვლა-ანგარიში, ამან შეაჩვია ბავშვები დისციპლინას და დამეხმარა შემდეგში მეცადინეობის დროს.

აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სკოლის ოფიციალური გახსნის დღე 1909 წ. 9 იანვარს წ.კ.გ.ს. გამგეობიდან არავინ დამსწრებია. თუმცა წინასწარ ვაცნობე გამგეობას, თბილისში და წინამძღვრიანთკარის სკოლის მასწავლებლებს. დამესწრო მღვდელი გაგლოევი, 20-იოდე გლეხი, ბავშვების დედები და 42 ბავშვი, სიტყვა წარმოსთქვა გაგლოევმა, იმის შემდეგ, რაც მე მოვულოცე საგურამოელებს სკოლის გახსნა. "ზეიმს" რომ ვამთავრებდით მოიჭრა, ჩაფრებით, მთავრობის მამასახლისი, ცხენიდან არ გადმომსხდარან, ისე მისაყვედურა, რომ მას არ ვაცნობე ყოველივე,რაც ხდებოდა აქ. ასე ჩატარდა "ზეიმი" მიძღვნილი დიდი ილია ჭავჭავაძის სახელობის ილიასეულ სახლში საგურამოს სკოლის გახსნისადმი. ამ უბადრუკ მდგომარეობაში შევუდექი სკოლაში მუშაობას. მალე შევამჩნიე, რომ ბავშვებს ციება აწუხებდათ. გაკვეთილების დროს ხან ერთი, ხან მეორე ძიგძიგს დაიწყებდა, ყვითლდებოდა. ამიტომ თბილისში ყოფნისას შევიძინე ქინაქინი, კასპულებით "ინოზესპის" და "ვალერიანეს" წვეთები და საჭიროების დროს ვაძლევდი ბავშვებს, ამან სოფელს უფრო დამაახლოვა.

ზევით მოვიხსენიე, რომ აგრარულმა მოძრაობამ გლეხების ფსიქოლოგია შეცვალა, სიტყვიერმა და წერილობითმა აგიტაციამ ერთბაშად ამოაგდო ბუდიდან ამდენხანს გულჩათხრობილი, გაწამებული გლეხობა. მან თავისი ხსნა ერთობაში დაინახა და მძლავრად შეიძრა. ეს იყო სახელოვანი 1905 წ. რევოლუცია.

როგორც ვიცით, პირველი რევოლუცია დამარცხდა. მომდევნო წლებში რეაქციამ იწყო ბატონობა. მშრომელებს, ნაწილობრივ, იმედი გაუცრუვდა. ზოგიერთები "ტყის ძმებს" მიენდო. იმ ხანებში მებატონეებმა სული მოითქვა და შურისძიებას შეუდგნენ. ილიას მოკვლამდე, რამდენიმე თვით ადრე დუშეთის მაზრის მიდამოებში სიცოცხლეს გამოასალმეს თავადი ხიმშიაშვილი და სახლი-კარი გაუნადგურეს. 1905 წლის "მოგზაურის" ივნისის N 22-ში წერილში "გლეხების ნაამბობი" ვ.ნ. კნიაზ ნიკო ხიმშიაშვილს ბევრ სისაძაგლეს აბრალებს. წერილი, მყრალი, დემაგოგიური ხერხით არის აჭრელებული. ასეთივე წერილი მოათავსა მან აპრილის ერთ-ერთ ნომერში "მოგზაურში" ილიას წინააღმდეგ.

ნიკო ხიმშიაშვილის მკვლელობით კმაყოფილი დარჩენილა სოფელ შეგნაკლერების გლეხობა. საგურამოელი გლეხებიც აშკარა კმაყოფილებას გამოთქვამდნენ თურმე. მართალია, რომ თავადმა ნ.ხიმშიაშვილმა რეპრესიებს მიმართა. დამსჯელი რაზმის დახმარებით მან გლეხობას მძიმე მდგომარეობა შეუქმნა. გლეხობამ "ტყის ძმების" მეშვეობით ტერორს მიმართა, შური იძია, ილია ჭავჭავაძემ კი მაშინ ყოველგვარი ზომები მიიღო დამსჯელი რაზმი აეშორებინა საგურამოელი გლეხებისათვის. ეს ყველამ ვიცით და თუ ახლა აქ მოვიტანე, მხოლოდ იმიტომ, რომ აღმენიშნა საერთოდ მაშინდელი მდგომარეობა. ილიას მოქმედება კი საგურამოელ გლეხობამ არ იცოდა. ამას დაემატა ვ.ნ.-ს წერილი. "მოგზაურის" ხელმძღვანელნი ამ წერილის საფუძველზე ილია ჭავჭავაძეს საბრალდებულო ოქმით გაუმასპინძლდნენ. გაიმართა კამათი: გრ.დიასამიძემ "თემში" რამდენიმე წერილი უძღვნა ამ საკითხს. "მოგზაური" თავისას არ იშლიდა და ახალ-ახალ ბრალდებებით ილაშქრებდა ილიას წინააღმდეგ. ამ ჭიდილში ჩაება "ცნობის ფურცელი", "თანამედროვე აზრი". თვითონ ილია, თავისი "ნუთუ?!"-თი, მაგრამ ყველაფერი ეს თავზე გადადიოდა საგურამოელ გლეხებს. გლეხობამ არ იცოდა ყველაფერი ეს. იცოდა მხოლოდ, რომ ილია თავადი იყო და მას მოურავი ჰყავდა დიმიტრი ჯაში. მხოლოდ მეფუტკრე მასლოვი იყო ილიას დამცველი, ილიაზე კარგისმთქმელი, მაგრამ მასლოვი ვერაფერს გახდებოდა ამ ორომტრიალში. ვიმეორებ, ილიას კეთილი განზრახვები გლეხობამ არ იცოდა და გლეხობის აზროვნებაში ილია მხოლოდ მემამულედ დარჩა. აქ გვერდს ვერ ავუვლით ერთ გარემოებას, ვიცით, რომ ილიას ყოველთვის, წელიწადში ერთხელ, როდესაც ეს მოსახერხებელი იყო მისთვის, მართავდა დიდ ზეიმს საგურამოში "ელიობის" დღეს, ილიობას აქ თავს იყრიდნენ საქართველოს ყოველ კუთხიდან ილიას ნაცნობები, მოყვრები, მეგობრები და მისი პატივისმცემლები. ამ ზეიმში მონაწილეობას ღებულობდა საგურამოელი გლეხობაც. ილია ატარებდა მათთან დროს, მღეროდა, აჭიდებდა ვაჟკაცებს, სვამდა სადღეგრძელოებს და სხვ. ეს ყველასათვის ცნობილი ამბავი იმიტომ მოვიგონე, რომ ილიას მხოლოდ ამ ზეიმზე ჰქონდა საშუალება დაახლოებოდა გლეხობას, თითქოს აქ შესაძლებელი ხდებოდა ამოვსებულიყო ის უფსკრული, რომელიც არსებობდა თავადსა და გლეხს შორის, მაგრამ ამ მდგომარეობას მოუსწრო რევოლუციამ და ერთბაშად წაშალა კეთილი განწყობილების ყოველივე ნიშანი. ილია თავადად დარჩა. გლეხი კიდევ თავისი მსოფლმხედველობით, აზროვნებით მებატონის გლეხად, მიუხედავად იმისა, რომ ილია ცდილობდა მოურავის თვითნებური თარეშიდან ეხსნა გლეხობა და წესრიგი შეეტანა მამულის მართვა-გამგეობაში. მე აქ მოვიტან ორ საბუთს, დაბეჭდილ ბლანკებს. ეს ბლანკები ვნახე ილიას კაბინეტის ბუხრის თავზე.

პირობის წერილი

190 წელსა _________________ დღესა ჩვენ ამისა ქვემორე ხელის მომწერნი თ.ილია ჭავჭავაძე და ____________ მაზრის სოფელს მცხოვრებელი _____________________ ვდებთ _________ ერთმანეთში შემდეგს პირობას: 1) მე _______________ ვუდგები თ.ილია ჭავჭავაძეს მოჯამაგირედ წელიწადში __________________ მანეთად წლის ვადით; 2) თუ ვინიცობაა ვადაზედ ადრე გავედი, ან დაუკითხავად და ნება დაურთველად წავედი სადმე, ჯამაგირზედ ხელი ავიღო და თუ მიღებული წინად მექნება რამე ნამსახურობისა, ისიც უკანვე უნდა დავუბრუნო თ.ჭავჭავაძეს; 3) თუ რაც ჩაბარებული მექნება, ჩემის უთაურობით და მოუვლელობით დავკარგე, უნდა ვზღო იმ სიით, რომელიც ამ წერილზედვე დანიშნული იქნება; 4) მე თ.ჭავჭავაძემ უნდა ვაძლიო წელიწადში __________________________ მანეთი; 5) თუ ვინიცობაა წინათვე მოითხოვა ჯამაგირი, მე ჭავჭავაძე მოვალე ვარ მხოლოდ ნახევარი ჯამაგირი იმ ხნის კვალობაზედ, რაც ხანი ნამსახურობა ექმნება; 6) ჯამაგირის მიღების ნიშნად ყოველი მიღებული ამ ქაღალდზედ დანიშნული უნდა ჰქონდეს მოჯამაგირეს და ამიტომაც ყოველთვის, როცა კი ჯამაგირს მოითხოვს მოჯამაგირე, ეს პირობის წერილი უნდა წარმოადგინოს, 7) თუ მოჯამაგირეს ან ლოთობა შევატყე, ან ხელთ მრუდობა, ან ზარმაცობა, მე ჭავჭავაძეს ნება მაქვს მაშინვე დავითხოვო და ნამსახურის ჯამაგირზედ ხელი ავაღებინო; 8) თუ მოჯამაგირე ან ავადმყოფობის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით დამეთხოვება, ეს ქაღალდი უნდა წარმოადგინოს და ამაზედვე დაინიშნოს რა დღიდამ არის დათხოვნილი; 9) ერთი პირი ამ წერილისა თ.ჭავჭავაძეს უნდა ჰქონდეს და მეორე მოჯამაგირეს.

პირობის წერილი

189 წ. ____________________ დღესა ჩვენ ამისი ქვემორე ხელის მომწერი თ.ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე და __________________ მაზრის სოფელში მცხოვრებელი ________________________ ვდებთ ურთიერთშორის შემდეგს პირობას: 1) მე თ.ილია ჭავჭავაძე ნებას გაძლევ შენ, __________________________ საგურამოში და წიწამურში, რაც ჩემს ხელთ მამულებია ნათესებ, ვენახებ, ბაღებ, ბოსტნებ და ყორუღებ გარდა, საქონელი ატარო საძოვრად, ტყეში კი, საცა მე დაგინიშნავ, იმ ადგილებს საძოვრად მოახვედრო საქონელი წელიწადში მარტო ერთს აპრილის თვის განმავლობაში და მე __________________________ უნდა გაძლიოთ თქვენ თ.ჭავჭავაძეს ყოველს უცადს, თუ მოცადს სულზე წელიწადში სამი აბაზი; 2) მე თ.ჭავჭავაძე ნებას გაძლევ შენ _______________________ საგურამოში და წიწამურში, რაც ჩემთ ხელთ ტყეებია, შეშა გამოიტანო ურმის სიგრძისა საჟნობლივ იმ ადგილებიდამ, საცა მე თ.ილია ჭავჭავაძე წინადვე დაგინიშნავ და მე _______________________ უნდა გაძლიო თვითო საჟენში თითო თუმანი; 3) მე ____________________ რაც სახნავი მიწები მომეცემა საღალედ თ.ილია ჭავჭავაძისაგან, ყოველინიშნობლივ თავის მიჯნებით და ზომით ამ წერილში უნდა იყოს დანიშნული; ღალა უნდა გაძლიო მოსავლის მეოთხედი ძნითა და ჩემის ურმით მივუტანო იქ, საცა დამინიშნავს თ.ჭავჭავაძე. გარდა ამისა მე _____________________ ვალდებული ვარ ყოველ ამისთანა მიწაში, რაც ჯაგი და ძეძვი იქნება, ამოვიღო, ყოველს წელიწადს ნახევარი საღალე მიწებისა ვხნა და ვთესო; როცა თვით თ.ილია ჭავჭავაძეს დასჭირდეს თავისთვის საკუთრად და არა სხვისათვის გადასაცემად, ყოვლის უარის უთქმელად ამ წერილით მოცემული მიწები დავუბრუნო როგორც მისი ხელ-უხლებელი საკუთრება; 4) საბალახე რაც შემხვდება სულზე სამ აბაზობაზე მე _______________ უნდა გადავიხადო არა უგვიანეს 15-ს ღვინობის თთვისა; 5) ტყის ბაჟი საჟენზე თითო თუმანი უნდა ვაძლიო წინად, ვიდრე გამოვიტანდე და თუ მოჭრისა და დადგმის დღიდამ ერთის წლის განმავლობაში შეშა არ გამოვიტანე, თუ ჭავჭავაძეს ნება აქვს, აღარ მომცეს შეშა და თავის საკუთრებად დაინარჩუნოს მუქთად; 6) თუ მე __________________________ რომელიმე მუხლი ამ პირობას წერილისა დავარღვიე, თ.ჭავჭავაძეს ნება აქვს ათი თუმანი ჯარიმა გამომართოს და ეს პირობის წერილიც გააბათილოს; 7) ერთი პირი ამ პირობის წერილისა, მამასახლისისაგან შემოწმებული, თ.ილია ჭავჭავაძეს უნდა ჰქონდეს და მეორე პირი, თ.ჭავჭავაძისაგან ხელმოწერილი, მე _______________________________________________________

ეს პირობის წერილები, ვფიქრობ ილიას იმიტომ დასჭირდა, რომ ერთნაირი წესი შემოეღო მამულის გამგებლობაში. გადასახადი და გასაცემი თანხები განესაზღვრა, შეეგნებინებინა გლეხობისათვის მამულის მოვლის საჭიროება და პირობით აღებული ვალდებულებანის თავის დროზე შესრულება. ასეა, მაგრამ გლეხისათვის ეს მაინც მძიმე ტვირთი იყო. ის ყოველივე გადასახადს და ბეგარას გაურბოდა. და თავადი ილია, მის თვალში და გონებაშიც მაინც თავადად რჩებოდა.

გლეხების ეკონომიური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, გლეხები თავიანთი მამა-პაპური გუთნებით ჩიჩქნიდნენ მცირე მოსავლიან მიწებს. მოსავლის მეოთხედს კი პირველ რიგში მებატონეს მიართმევდნენ ხოლმე, ამის გამო გლეხები არ ემადლიერებოდნენ ბატონს. მე აქ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ თუ აღვნიშნე, მხოლოდ იმიტომ, რომ მომეგონებინა ის პირობები და გარემოცვა, რამაც ილიას და ადგილობრივ გლეხებს შორის არაკეთილგანწყობილებაშექმნა. ამ მძიმე მდგომარეობას დაემატა კიდევ ერთობის ხალხის გაცხოველებული აგიტაცია და პროპაგანდა, გავლენიანი გაზეთების წერილები და ყველა ამან მტრული განწყობილება უკიდურეს საზღვრამდე მიიყვანა. აქ, ხაზი უნდა გაესვას ერთს საგულისხმო გარემოებას. ვიცით, რომ ილია, რაც კი შეეძლო, ეხმარებოდა ჩავარდნილ გლეხებს და მათ ოჯახებს, ქვრივ-ობლებს, საერთოდ ბეჩავებს. დიდი შეღავათით სარგებლობდნენ ესენი ილიას ხელში, ზოგს სრულიად ათავისუფლებდა ზოგიერთ ბეგარისაგან. კნეინა ოლღაც არ ჩამოუვარდებოდა ამ საქმეში ილიას. მის ოჯახში სითბოს და აშკარა გულკეთილობას ნახულობდნენ გაჭირვებულნი, მაგრამ მართალია ისიც, რომ თვითონ ილია და ოლღა განიცდიდნენ ეკონომიურ სივიწროვეს. ილიას ფული ყოველთვის აკლდა. ოჯახი საგრძნობლად დავალიანებული იყო. ამიტომ, ის დახმარება, რასაც ილიას ოჯახი იღებდა სოფლისათვის, სხვადასხვა სახით, საკმარისი არ იყო, რომ სოფელს მთლიანად წელი აეთრია და ეკონომიურად მოღონიერებულიყო. მრავალსახეობის ბეგარა მაინც წელში ღუნავდა მთელ სოფელს. ეკონომიური მდგომარეობა იყო მთავარი მიზეზი, რომ გლეხობამ გამათავისუფლებელი მოძრაობა თავის საქმედ მიიჩნია და კიდეც აგიზგიზდა რევოლუცია სანატრელი ცეცხლი.

ზემოთ ვთქვი, რომ გლეხების ეკონომიურმა მდგომარეობამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი აგიტაციის და პროპაგანდისათვის. გლეხები ყურს უგდებდნენ და ითვისებდნენ მას. რა აგიტაცია იყო ის? რა, ან ვინ, ჰყავდათ სახეში აგიტატორებს? აი რამოდენიმე ნიმუში: ჟურნალი "მოგზაური", 1905 წლის 13 მარტის მე-9 ნომერში ათავსებს წერილს შემდეგი სათაურით: "ჟურნალ-გაზეთებიდან". მოგზაურის" რედაქცია იღებს გაზეთ "ივერიაში" დაბეჭდილ თ-დ ილია ჭავჭავაძის წერილიდან შემდეგ სიტყვებს: "გლეხების მოძრაობა მემამულეების ბრალი როდია, ამის მიზეზი სხვა გარემოებაო. სახელოვანი მწერლის აზრით, ქართველი გლეხებისათვის ხაზინას წაურთმევია მიწა და არა თავადაზნაურობას და ამიტომ ქართველი გლეხები ჩვენ მემამულეებს არ უნდა გვებრალებოდნენო"- და ასე შემდეგ ამავე წერილში "მოგზაური", ეხება თ-დ პ.ლ. შერვაშიძეს და ჩვენს სიამაყეს

თ-დ აკაკისაც, ერთი სიტყვით ამ წერილში სამი თავადი გლეხობის მტრებად არის გამოყვანილი.

1905 წ. "მოგზაური" ათავსებს ვ.წ.-ს წერილს სათაურით: "საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება". ამ წერილის შინაარსი მიმართული იყო თ-დ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

"მოგზაური" მაისის 18 და 19 ნომრებში ბეჭდავს წერილს: "თავის მართლება ასე უნდა". ეს წერილები პასუხია ილიას წერილზე "ნუთუ?!" და "ვ.ნ."-ს მიერ წამოყენებულ ბრალდების ხელაღებული მხარის დაჭერა და კომენტარი.

კიდევ ერთი ფაქტი: იგივე მოგზაურის კორესპონდენტი, ვ.ნ. "მოგზაურის" 1903 წ. 9 ოქტომბრის N 37-ში "დაბა სოფელის ამბებ"-ში საგურამოდან წერს: " ზოგიერთმა აქაურმა მემამულეებმაც მოინდომეს გლეხებთან შერიგება. სავსებით მიიღეს გლეხების მიერ დადგენილი პირობა. ჯერი ჩვენს მგოსან ილია ჭავჭავაძეზე მიდგა, ამასაც გაუგზავნეს შუა კაცი მოსალაპარაკებლად, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ახლოს არ გაიკარა" და სხვ.

ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს წერილები ისეთი ტონით და დამაჯერებლობით არიან დაწერილი, რომ ახლაც უნებლიეთ ეჭვი გებადებათ თავადების სიმართლეში.

ზევით მოვიხსენიე თ-დი ხიმშიაშვილის მკვლელობის ამბავი. ამ ამბავს წინ უძღოდა ვ.ნ.-ს წერილი ("მოგზაური" 12 ივლისი, 22 ნოემბერი). რა არაა ამ წერილში ნიკო ხიმშიაშვილის შესახებ. ამას დაუმატეთ სიტყვიერი აგიტაცია გლეხებში ხიმშიაშვილის წინააღმდეგ და გასაგები იქნება, რომ ასეთი ბოლო ჰქონდა მას.

ვფიქრობ, ამ პირობებში მომზადდა წიწამურის ტრაგედია რევოლუცია დამარცხდა. გლეხობას უკანასკნელი იმედი გამოეცალა ხელიდან. ამავე დროს ეკონომიური მდგომარეობა მათი გაუარესდა, ბევრი, რევოლუციაში მონაწილე, დაატუსაღეს, გადაასახლეს. წითელი რაზმის ნაწილი, ტყეში გაიხიზნა. ამ ამბავს გლეხები თავადებს აბრალებდნენ. შეიქმნა მეტად დაძაბული მდგომარეობა. გლეხობამ შურისძიებას მიმართა.

არას ვამბობ იმის შესახებ, რაც დაიწერა და ითქვა ილიაზე მისი მკვლელობის შემდეგ, აღვნიშნე მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც იყო მკვლელობამდე. ესეც მგონია, საკმარისად აშუქებს მაშინდელ ვითარებას.

* * *

დავუბრუნდეთ ისევ სკოლის და მამულის ამბებს. ზევით მოვიხსენიე, რომ სკოლაში მეცადინეობა დავიწყე 1909 წ. 9 იანვარს-მეთქი. პირველხანებში მყავდა 38 მოწაფე ქალ-ვაჟი. მქონდა 15 მერხი და ერთი ფეხმოტეხილი დაფა. არავითარი ხელსაწყო, კედელზე არც ერთი სურათი, საკლასო ოთახი მიწური იატაკის, გასვრილი კედლებით და ჭერით. ილიას სურათი ადრევე ვთხოვე გამგეობას, მაგრამ მან ვერ მოახერხა სურათი ეშოვნა სკოლისათვის.

დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა მოურავის თანამდებობაზე დანიშნული აგრონომი გიორგი ჯანდიერი. ის დიდი ხნის უმუშევარი ყოფილა და ახლა აქ, საგურამოში უნდა მოეთბო ხელი. დაბინავდა მასლოვის ოთახში. მასლოვი გადავიდა მეორე სახლში - მოჯამაგირეებთან. მასლოვიდან მან სიტყვიერად გადმოიბარა მამული და სახლი. გადაშალა ძველი დავთარი, დაიწყო ძებნა, ვის რამდენი დავალიანება ჰქონდა. მეორე დღეს ჩავიდა სოფელში, მამასახლისს შეაკრებინა გლეხები და გამოუცხადეს, რომ გიორგი ჯანდიერი დღეიდან ილია ჭავჭავაძისეული სახლის და მამულის მოურავად ითვლება და ვისაც რამ საქმე აქვს მამულში, უნდა ჯანდიერს მიმართოსო. ჩაიბარა მარანიც, მალე გამონახა მყიდველები და ღვინოები სულ გაყიდა. დაიტოვა ორი კასრი ღვინო: თეთრი და შავი, გაისტუმრა მასლოვი, როგორც ზედმეტი მოსამსახურე. მასლოვი სტაროსელსკებთან გადავიდა სამსახურში. გ.ჯანდიერმა ერთი მოჯამაგირე აიყვანა მიწის მუშად. მამულს დამუშავება უნდოდა, რომ რაიმე შემოსავალი ჰქონოდა მოურავს. დასამუშავებელი თანხები კი მას არ გააჩნდა. ამავე დროს მოსამსახურეს ჯამაგირი და ჭამა-სმა უნდოდა. ამიტომ, შეეცადა ჯანდიერი მოენახა ისეთი მოიჯარადრე, რომელიც შეძლებდა ამ ხარჯების დაფარვას.

გ.ჯანდიერს ჰყავდა ერთი მეგობარი ქალი, ვინმე პ.ვ.სტაუგაიტისის ცოლი, რომელიც გიორგის რამდენიმეჯერმე ესტუმრა საგურამოში. ამ ქალს ძალიან მოწონდა საგურამო და აიძულა ქმარი იჯარით აეღო ეს მამული. 1909 წლის 1 თიბათვეს პროვიზორმა პ.ვ.სტაუგაიტისმა ცხრა წლის ვადით აიღო ილიასეული და კნ.ოლღას კუთვნილი მამული 3000 მანეთად წელიწადში. გ.ჯანდიერი რჩებოდა მოიჯარადრეს მოურავად. გამგეობამ წინდაწინ აიღო საიჯარო ფულის ნაწილი და ამით მამულის დავალიანება ცოტათი შეამცირა. მამულში მალე ჩამოვიდა ქ-ნ სტაუგაიტისი, დაბინავდა მესამე სართულში, ილიას ყოფილ საწოლ ოთახში და მთელი სახლის და მამულის ბატონ-პატრონი გახდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც მოურავისათვის და არც მოიჯარადრესათვის სახლი და რაც ამ სახლში იყო ნივთები, სამეურნეო იარაღი, ინვენტარი არავის წერილობით არ ჩაუბარებია. ასე მოვიდნენ გ.ჯანდიერი და ქ-ნ სტაუგაიტისი უპატრონოდ მიგდებულ ილიას სახლში და მამულში. ახლაც ვეკითხები ჩემს თავს: სად წავიდა იმოდენა ქონება? ქონება კი მართლა იყო: მატყლის სქელ-სქელი 10-დე ლეიბი, სკამები, მაგიდები, კარადები, ჭურჭელი, დანა-ჩანგლები, სერვიზი, სარკეები, ლოგინები, მუხის დიდი კარადა, აგრეთვე ცხენი, სამოცი ძირი სკა, კასრები და სხვადასხვა. მე კი უფლება არ მომცეს ჩამეტანა სკოლაში ერთი პატარა მაგიდა და სკამი. იძულებული ვიყავი უბრალო მაგიდა და სკამი "ტაბურეტკა" მეყიდა მცხეთაში და ურმით ჩამეტანა საგურამოში. გ.ჯანდიერის და ქ-ნ სტაუგაიტისის მოსვლის შემდეგ, იძულებული შევიქენი კვირიდან-კვირამდე მცხეთიდან მომეტანა პური და სანოვაგე.

მასლოვის წასვლის შემდეგ საფუტკრე მომვლელის გარეშე დარჩა, მასლოვი, თუმცა გაზაფხულზე რამდენჯერმე ამოვიდა და მიხედა სკებს, მაგრამ ეს არ მოეწონათ მოიჯარადრეებს და გ.ჯანდიერმა სოფელ ჭალიდან მოიყვანა, მგონია, დისშვილი ახალგაზრდა ბიჭი და მას მიანდო საფუტკრე.

მალე, სხვადასხვა მიზეზების გამო, იჯარის პირობები შეიცვალა ილიასეული მამული აიღო იჯარით პროვიზორმა სტაუგაიტისმა 1910 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სააპეკო მამული აგრონომმა გ.ჯანდიერმა 1910 წ. ნოემბრიდან. პირველი იხდიდა საიჯარო ფულს 1000 მან. წელიწადში, მეორე 130 მან. ამგვარად გ.ჯანდიერი მოიჯარადრედ გახდა სააპეკო მამულის და მოურავად სტაუგაიტისის, მაგრამ ვერც ამან უშველა გამგეობას. მოიჯარადრეებმა საჭირო ფული ვერ შეიტანეს. გლეხებს არაფერი გააჩნდათ, მოიჯარადრეებს ვერაფერს აძლევდნენ. ან საიდან უნდა მიეცათ. შეშა ვერ გაქონდათ თბილისში გასაყიდად, მოსავალი კიდევ იმდენი არ იყო, რომ თავი ერჩინათ და ბეგარაც ეძლიათ, საჭირო გახდა ისეთი რამ საშუალების გამონახვა, რომ გლეხებს ფული გაჩენოდათ. მოიჯარადრეებმა ერთ ხერხს მიმართეს. მონახეს თბილისში ვიღაც დავიდოვი, წვრილი კრედიტების ინსპექტორი, ჩამოიყვანეს საგურამოში. შეკრიბეს გლეხები კანცელარიაში. მთავრობის მამასახლისის თანადასწრებით აუხსნეს გლეხებს წვრილი კრედიტის მნიშვნელობა და სარგებლობა - გლეხებს მოეწონათ ეს ამბავი, გადაწყვიტეს: ეთხოვათ სახელმწიფო ბანკისათვის საგურამოში წვრილი კრედიტის ამხანაგობის დაარსება. ამავე დროს აირჩიეს ამ ამხანაგობის გამგეობა და სარევიზიო კომისია. გამგეობაში მოხვდნენ: გ.ჯანდიერი (თავმჯდომარე) ქ-ნ სტაუგაიტისი (მოლარე) და მღვდელი ბაგრატა.

ამ დროისათვის მღვდელი გაგლოევი გადაყვანილი იყო ოსეთში თავის სოფელში. საგურამოში მოვიდა მღვდელი ბაგრატა, გვარი არ მახსოვს, არასასიამოვნო ტიპი, ლოთი, წუწკი, ბილწი. ეს ბაგრატა მყავს სახეში ჩემს პატარა მოთხრობაში "ორი მამა" ("თემი" 1911 წ.).

სახელმწიფო ბანკმა წვრილი კრედიტის ინსპექტორის დავიდოვის მოხსენებით, მისცა საგურამოს კრედიტი. ამის შემდეგ ქ-მა სტაუგაიტისმა და გ.ჯანდიერმა თბილისიდან ჩამოიტანეს სათანადო წიგნები, ბლანკები და ფული. საგურამოელ გლეხებს გამოუცხადეს, ვისაც უნდოდა აეღო სესხი. გლეხებმა სიხარბე გამოამჟღავნეს. სესხი ყველამ მოინდომა, მაგრამ წვრილი კრედიტის ამხანაგობის გამგეობა, სესხს მხოლოდ იმ გლეხს აძლევდა, ვისაც მამულის ვალი ემართა. სესხი გაცემისას მამულის ვალს უკავებდა და დანარჩენს გლეხს აძლევდა. სესხი 6-თვიანი იყო და პროცენტიანი, ამ ხერხით მოიჯარადრეებმა გაიჩინეს შემოსავალი, მიუხედავად ამისა, საიჯარო თანხა წ.კ.გ.ს.-ს გამგეობას მთლიანად არ გადაუხადეს, მოიმიზეზეს, რომ 1909 წელს სეტყვამ გააფუჭა ვენახი, გვალვამ კიდევ, მოსავალიო და გამგეობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ამას დაემთხვა ისიც, რომ პროვიზორი სტაუგაიტისი მოშორდა სულ საქართველოს და ვლადივოსტოკში გადაიხვეწა შემდეგი მიზეზების გამო.

ერთ დღეს ოთახში ვიჯექი და ვწერდი პატარა ეტიუდს "ნაკადულის სიმღერა"-ს (დაიბეჭდა "მომავალში" 1909 წ. N 60) ფანჯრიდან კარგად მოჩანდა საფუტკრე. საფუტკრეში, მის ზემო ნაწილში, ტყის ახლოს იდგა პატარა ჯიხური, დავინახე ქ-ნი სტაუგაიტისი ჩავიდა საფუტკრეში და ჩქარი ნაბიჯით ჯიხურს მიაშურა. დავინტერესდი, წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, რომ უფრო კარგად დამენახა, რაც ხდებოდა იქ; ვხედავ, ტყიდან გამოვიდა და ღობეზე გადმოხტა ვიღაც შეიარაღებული და ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა ჯიხურს. შესდგა, მიათვალიერ-მოათვალიერა იქაურობა, გაისწორა იარაღი და მოხდენილად შევიდა ჯიხურში.

დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ის გამოვიდა, გადაევლო ღობეს და ტყეს შეაღწია თავი. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა ქ-ნი სტაუგაიტისი და ნელი ნაბიჯით, ვითომც საფუტკრეს ათვალიერებსო, გამოვიდა საფუტკრიდან. გაგონილი მქონდა: "ტყის ძმების" მეთაური, ლადო ფეიქრიშვილი სოფიოსთან ინტიმურ განწყობილებაში არისო. ხშირად მოდიოდა მასთან და სათონეში ხვდებოდა. ჩამაფიქრა ქ-ნ სტაუგაიტისის და ლადოს პაემანმა. მივატოვე წერა და გარეთ გამოვედი, კაკლის ქვეშ. ლამაზი, დამატკბობელი მაისის დღე იდგა. იასამანის და ჯონჯოლის ბუჩქები მწვანედ შემოსილიყვნენ. კაკლის ხეც აპირებდა მწვანედ შემოსვას. ცოტა გავიარ-გამოვიარე, მაისის მშვიდი დღე სასიამოვნოდ მოქმედებდა. ისმოდა ფუტკრების ზუზუნი. ცაცხვის ხეივანიდან დამატკბობელი სურნელება იფრქვეოდა. ცოტა ხანს დამავიწყდა, თუ რატომ გამოვედი, მაგრამ გამახსენდა თუ არა, დავბრუნდი და დავინახე, რომ ქ-ნი სტაუგაიტისი და სოფიო ჩურჩულით ადიოდნენ მაღლა, მესამე სართულზე. შევედი ოთახში, დავჯექი. მინდოდა გამეგრძელებინა მუშაობა, რომ ჩემი ოთახის კარებთან ვიღაცის ფეხის ხმა მომესმა. მივიხედე, სოფიო მორიდებით აღებდა კარს, შემდეგ ნელა შემოვიდა და მაგიდას მოუახლოვდა, იღიმებოდა. ეს დედაკაცი ჩემთან კარგს განწყობილებაში იყო. მის სულელ შვილს შაქროს წერა-კითხვას ვასწავლიდი კლასის გარეშე. ამიტომ ხშირად ჩემთან მეტად გულახდილი იყო, თუ რამე იცოდა, ან გაიგებდა სოფელსა თუ მამულში, მეტყოდა ხოლმე და ახლაც დაწვრილებით მიამბო ყველაფერი.

ქ-ნმა სტაუგაიტისმა იცოდა სოფლის და "ტყის ძმების" დამოკიდებულება. იცოდა ისიც, რომ როდესაც ისინი საგურამოს ტყეში გაჩნდებოდენ, სოფიოსაც ინახულებდნენ, განსაკუთრებით მათი მეთაური ლ.ფეიქრიშვილი, მამულის პურ-ღვინოს მიართმევდნენ, ღამეს სათონეში გაათენებდნენ და დილით ადრე, სანოვაგით დატვირთულნი ტყეს აფარებდნენ თავს. ქალბატონს უთხოვნია სოფიოსათვის მოეწყო ლადოსთან შეხვედრა. მიზანიც უთქვამს "ქმრის მოშორება მინდაო". ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. საფუტკრეში პაემანის დროს თუ რაზე ჰქონდათ ლაპარაკი ნათლად წარმოვიდგინე, მაგრამ ლადო დათანხმდა თუ არა ქალბატონის წინადადებაზე, ვერ გავიგე. "ტყის ძმები", როგორც მესმოდა, საგურამოს ტყეს, ძალიან უფრთხილდებოდნენ. აქ კარგად აფარებდნენ თავს და რაიმე მთავრობის გასაღიზიანებელ მოქმედებას ძალიან ერიდებოდნენ.

სოფიო გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ქალბატონის ფეხის ხმა მომესმა, ის მაღლიდან კიბეზე ჩამოდიოდა აჩქარებული, ხმაურით. გააღო დერეფნის კარი და შაქროს გადასძახა. დაავალა, ეხლავე შეეკაზმა ცხენი და მცხეთაში წასულიყო დეპეშის გასაგზავნად. ქ-ნი სტაუგაიტისი ქმარს იბარებდა საჩქაროდ საგურამოში.

მეორე დღეს, ის იყო სკოლაში მუშაობას მოვრჩი და ბავშვები ხმაურით ქვევით დაეშვნენ სოფლისაკენ, რომ ბატონი სტაუგაიტისი კარს მომადგა.

ეს კაცი, წინად რამდენჯერმე იყო საგურამოში. კარგად ვიცნობდი. ლიტველი იყო. განათლებული, ნაკითხი, სანდომიანი. პროვიზორად მუშაობდა თბილისში ოტტენის აფთიაქში, ჩვენ მალე დავუახლოვდით ერთმანეთს. ის ჩამოსვლისთანავე შემოიჭრა ჩემს ოთახში, ცოტა შეშფოთებული იყო. ძალიან უნდოდა გაეგო ჩემგან, თუ რატომ იბარებდა მას მეუღლე. ქალბატონს არ გაუგია ქმრის ჩამოსვლა. ის ამ დროს ზევით სართულზე იყო, თავის ოთახში.

ცოლი და ქმარი ერთმანეთს შეხვდნენ ჯანდიერის ოთახში, რომელიც ჩემი ოთახის პირდაპირ მდებარეობდა. მესმოდა მათი ხმამაღლა ლაპარაკი. ცოლი ფულს და რაღაც ქაღალდს თხოვდა. მოლაპარაკება კარგა ხანს გაგრძელდა. სადილი ცოლთან არ ჭამა, შემოვიდა ჩემთან და რაც მქონდა, გულიანად გავუმასპინძლდი. იმ დღესვე უნდოდა წასვლა, ვერ მოახერხა. მე არ მიშორებდა. ამ კაცმა, თითქოს იგრძნო რაღაც უხეირო რამ. მისგან გავიგე, ცოლთან თუ რატომ არ ჭამა სადილი, მოწამვლის შეშინებია. ალბათ, მათი ურთიერთობა წინადაც არ იყო სახარბიელო, მტრული განწყობილება სუფევდა მათ შორის.იმ ღამეს ჩემთან დარჩა, როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, ვამხნევებდი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ "ტყის ძმები" ამ სახლზე იერიშს არ მოიტანდნენ. დასაწოლად რომ გავემზადეთ, მან ოთახის კარები თვითონ დაკეტა, გასაღები გამოიღო, კარის სახელურს თოკი გამოაბა, თოკის მეორე თავი - ლოგინს რომელზედაც დაწვა. დილით ადრე ადგა, ხელპირი დაიბანა, მხოლოდ გამომემშვიდობა, მადლობა მითხრა და გავიდა. გავიგე, სოფელში ჩასულიყო და მეურმეებს გაჰყოლოდა მცხეთამდე.

აქ ერთი პატარა ამბავი უნდა დავურთო:

კვირა იყო, 1 მარტი. გაზაფხულის მშვენიერი დღე. ახლად გაღვიძებულმა ბუნებამ მიმიზიდა, გამიტაცა. მომინდა უფრო ახლოს მივსულიყავი ბუნებასთან და მის წიაღში განმეცადა სრული სიტკბოება. მიზიდავდა ტყე, საფუტკრის ზევით რომ შეფენოდა ზედაზნის მთას. შევბრუნდი ოთახში, გამოვიტანე სანადირო თოფი, რომელიც მამულში დამხვდა, ნელი ნაბიჯით შევყევი ბილიკს ზედაზნის მონასტრისაკენ. ხეებზე დახტოდენ ციყვები. ავიხედე ზევით, გამოჩნდა ცა და რომელიღაც მტაცებელი ფრინველი ძალიან დაბლა უვლიდა წრეს. მოვიმარჯვე თოფი, ვესროლე. მასრებში ჩიტებზე სანადირო საფანტი მქონდა. ამის გამო, ან თუ მიზანში ვერ ავიღე, ფრინველს არაფერი გაუგია. ის არხეინად განაგრძობდა ნავარდს. ფრინველს არაფერი გაუგია, მაგრამ სხვებმა გაიგონეს თოფის გასროლის ხმა და ჩემს წინ, ბილიკზე უმალ გაჩნდა შეიარაღებული კაცი მოკლე ბერდანკით ხელში.

- "ვინ ხარ" - შემომძახა მან რიხიანად.

- "აქაური მასწავლებელი!" - შეშფოთებულმა ვუპასუხე.

იმ წამსვე დაწია თოფი და სხვა ტონით დამიწყო ლაპარაკი.

მარცხნით ხშირ ბუჩქებში, შევამჩნიე კიდევ ორი შეიარაღებული კაცი ყურებდაცქვეტილი, თოფებ მომარჯვებული. იმათ რომ გაიგეს ვინც ვიყავი, მდგომარეობა შეიცვალეს, ერთმა მათგანმა დამიძახა: "მობრძანდი, მასწავლებელო, მობრძანდი, პურ-ღვინო დაგვილოცე". პირველმა შეშფოთებამ და შიშმა განვლო, მივუახლოვდი მათ. ისინი საუზმობდნენ, "მაპატიეთ, ხელი შეგიშალეთ", - ვუთხარი. "არაფერია, დანაშაულს გამოისყიდით, აი, ეს დალიეთ, დაგვლოცე" - სთქვა ერთმა და კონსერვის თუნუქის კოლოფში ღვინო ჩაასხა დოქიდან. ძალაუნებურად გამოვართვი და შევსვი. სუფრაზე დალაგებული ჰქონდათ: ღვინო დოქით, თონის თბილი პური, მოხარშული დედალი, ყველი, კონსერვები, მივხვდი, რომ ღვინო, დოქი, დედალი, ყველი მორთმეული იყო ჩვენი მამულიდან. მასპინძლებმა გამაცვნეს თავი: მეთაური ლადო ფეიქრიშვილი, ციმბირიდან გამოპარული, კაცის მკვლელი; კურდღელა, გვარი არ მითხრეს; ლექსო კახელი, მოხალისე. ამას არაფერი დანაშაული არ მიუძღვის. ამათ ადევნებია თავის სურვილით. ლადოს სიტყვით, ნაკლებად სანდობია ლექსო, ამიტომ, სადმე უნდა მოვახვედრო, რომ დანაშაული ჩაიდინოს და სოფელთან კავშირი შეწყვიტოსო. ლადო თავის თავზე ფიქრობს, რომ თუ ტყვიას გადურჩა და ხელში ჩაიგდეს, გასანთლული თოკი მოელის მასაც და კურდღელასაც.

ჩემით "ტყის ძმები" კმაყოფილი არიან, გლეხებთან კარგი განწყობილების გამო, ამიტომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს, კაცი ხელს ვერ მახლებს. უკმაყოფილება გამოთქვეს გ.ჯანდიერის და ქ-ნ სტაუგაიტისის მიმართ, გლეხებს აწუხებენო. კარგად, ლაზათიანად ჭამეს, დაავლეს ხელი თოფებს და აუყვნენ ზევით ფერდობს.

ორი-სამი დღის შემდეგ, ერთ საღამოს, მესტუმრა ზედაზენის მონასტრის წინამძღოლი, ბერი იოანე, მოლაპარაკე კაცი, საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნე. მონასტერში მას ჰყავს ერთი მორჩილი, სახელად დოდო, შიოღვიმის მონასტრიდან მრუშობისათვის გამოძევებული. ლაპარაკში იოანემ "ტყის ძმები" ახსენა. დავინტერესდი: "ტყის ძმები" მონასტერს თურმე ყოველ გაზაფხულზე სტუმრობენ, რამდენიმე ხანს მონასტერში იმალებიან, ცოტა ხანს - საგურამოს მიდამოებში და მერე მიეშურებიან განჯისაკენ. ჩემი მათთან შეხვედრის ამბავი უთქვამთ ბერისათვის. ეს ბერი სწორედ ამისათვის მესტუმრა. მონასტრის ამბავიც მითხრა. შიგ მონასტერში ყოფილა ჭა, რომელიც მუდამ სავსეა. ბერები და სხვა მოსულებიც აქედან წყალს იღებენ, მაგრამ წყალი ჭაში არ იკლებს. მამა იოანე იმ ღამეს ჩემთან დარჩა. დილით გავაცილე. მივყევი იმ ადგილამდე, სადაც "ტყის ძმები" შემხვდენ, დავემშვიდობე. მთხოვა მივსულიყავი მასთან ზედაზენის მონასტერში. მე, შემდეგ, არა ერთხელ ვყოფილვარ ამ მონასტერში და ყოველთვის ნასიამოვნები წამოვსულვარ.

აქ ერთი ამბავიც მომაგონდა: წინა დღეს თბილისში ვიყავი. კვირა საღამოს მცხეთიდან საგურამოში მოვდიოდით მე და წინამძღვარიანთკარის ერთი მასწავლებელი ლევან ასათიანი, დეკანოზ ასათიანის შვილი. ლევანი, არაგვზე გადებულ, საცალფეხო ხიდზე თავისუფლად გავიდა. მე კი შეჰვკრთი. არაგვი ადიდებული იყო. მღვრიე ტალღებს მრისხანედ მიაგორებდა. იქვე მტკვარი მოღრიალებდა. ლევანმა, სანამ ამ ხიდს მივუახლოვდებოდით, მიამბო, რომ წინა დღეებში აქ მეურმეს ფონი ვერ შეურჩევია და არაგვს აუცურვებია ურემი, ბორბლები გამოუცლია და მტკვრისთვის მიუცია ხიდთან რომ მივედი, ყველაფერი მომაგონდა და შევშინდი. ლევანი მეორე ნაპირიდან გამომძახოდა. მეც მოვიქაჩალე თავი და სულშეხუთული შევდგი ფეხი ხიდზე, ორიოდე ნაბიჯი ბანცალით გადავდგი. მალე თვალებმა ვერ გაუძლო მდინარის სრბოლას და დავქანდი. ბედზე ისე მოხდა, რომ დავჯექი, ფეხები აქეთ-იქით ჩავუშვი და ხელებით მოვებღაუჭე ხიდის მრგვალ ხეს. ამგვარად, თავი შევიმაგრე ხიდზე გადამჯდარმა. ფეხები არაგვის ტალღებს სწვდებოდა. უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. არადა, წინ წასვლაც არ ხერხებოდა. ლევანმა დაინახა ეს. შემობრუნდა ხიდზე და დიდი ვაივაგლახით, ჩოჩვით ხიდზე გამიყვანა გამოღმა. აქ სამიკიტნოში სული მოვიბრუნე ლევანი მხიარული და ძალზე ხუმარა კაცი იყო. გზაზე ბევრი მაცინა. სულ დამავიწყდა ჩემი უხერხულობა ცოტა რომ გამოვიარეთ, ვხედავთ: მამულის ურიკაზე, გიორგი ჯანდიერის ნათესავ ყმაწვილს, დაუდევს ოთხი ძირი სკა და მოათოხარიკებს ცხენს. ლევანმა მიაძახა: - ეს სკები გასაყიდათ თუ მიგაქვს მცხეთაშიო და დაიწყო ხუმრობა. გავიგეთ, რომ სოფ.ჭალაში მიქონდა თავის ეზოში დასადგმელად. ჩვენი შეხვედრა იმ ყმაწვილს არ ესიამოვნა. მეწყინა ეს, მაგრამ რას გავაწყობდი. შემოვედით მამულის ეზოში. აქ თორმეტიოდე ცაცხვის ხე, რომლებიც მშვენიერ ხეივანად მიყვებოდა სახლის მთავარ მისადგომიდან გზის მიმართულებით, ძირში მოეჭრათ ჯანდიერის მუშებს და ახლა ასუფთავებდნენ მიდამოს ღეროებისაგან. ეს რომ დავინახე, მივიჭერ გიორგისთან და საყვედურით მივმართე: - შე, კაი კაცო, ამ სილამაზეს რატომ აშორებ სასახლეს. გარდა ამისა, ილიას ეს ცაცხვები ფუტკრის საკვებად და თაფლიანობისათვის უნდოდა. " - აქ კარგ ბოსტანს გავმართავ", - მიპასუხა მან. "ბოსტანი თუ გინდოდა, განა ცოტა ფართობია საფუტკრეში. სადაც ილიას ჰქონდა ბოსტანი იმ - თავითვე?" - ვუპასუხე და სერიოზულად წავლაპარაკდით. ლევანი კი თავის გრძელ, ჭროღა წვერ-ულვაშებში იღიმებოდა. ლევანი იმ ღამეს ჩემთან დარჩა. იმის ხალისიანმა ლაპარაკმა გადამატანინა იმდღევანდელი უსიამოვნებანი. ახლაც გულისტკივილით ვიგონებ ცაცხვების დაჩეხვისა და საფუტკრის განადგურების ამბავს.

* * *

ბ.სტაუგაიტისის გაქცევის შემდეგ, ერთ თვეს არ გაუვლია, რომ მოურავი გ.ჯანდიერი დუშეთის მაზრის უფროსმა დააპატიმრა, ამან მამულის საქმეები საგრძნობლად გაუარესა, გამგეობას იჯარის ფული არ შესდიოდა, მევალეები კი აწუხებდნენ, საჭირო შეიქმნა ახალი მოიჯარადრის გამონახვა. გამოჩნდა მსურველი, ვიღაც კოპტიევი, ბაქოელი თევზის მრეწველი, ძალზე მდიდარი კაცი. მოლაპარაკების წინ კოპტიევი ჩამოვიდა საგურამოში მამულის სანახავად, თან მოიყვანა ერთად-ერთი შვილი, გიმნაზიელი, 15-16 წლის მამა-შვილს ძალიან მოეწონა საგურამოს მიდამოები, სასახლემ, ტყემ, წყარომ, პირდაპირ მოხიბლა მამა-შვილი და გადაწყვიტეს იჯარით აეღოთ მამული, გამგეობამ კოპტიევს მხოლოდ ილიასეული მამული მისცა იჯარით. სააპეკო მამული, კნეინა ოლღასი, გ.ჯანდიერზე დაუტოვეს, ამ მამულს ქ-ნი სტაუგაიტისი მართავდა.

კოპტიევმა საიჯარო ფულის ნახევარი წინდაწინვე მისცა გამგეობას და წამოვიდა საგურამოში ბარგი-ბარხანით. ყელამდის დატვირთული ურემი შემოვიდა იმ დღეს ილიასეულ ეზოში. ერთი ულაყი, მეტად ლამაზი ცხენი, კოპტიევი თავისი ცოლით და განებივრებული შვილით. დაიკავეს ჩემი ოთახი და სასადილო, მე ავედი ილიას ყოფილი კაბინეტში, მესამე სართულზე. კოპტიევი არ იყო დაინტერესებული შემოსავლით მოგებით, მას სურდა ამ მშვენიერ კუთხეში ეცხოვრა, დაესვენა, დამტკბარიყო ბედნიერებით. ბაქოს შემდეგ, საგურამოს მიდამოები სამოთხედ მიაჩნდა და ხარბად დაეწაფა ყველაფერს. კოპტიევის მოსვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, ქვედა სართულიდან ამოვიტანე მერხები და ზალა დავიკავე, სკოლა უფრო კარგ პირობებში მოვაქციე, უნდა გენახათ ბავშვების გახარებული სახეები, მორიდებით მოძრაობდნენ, უვლიდნენ საკლასო ოთახს, ასუფთავებდნენ, სარგებლობდნენ აივნით, ერთი სიტყვით, გალაღებულნი ვიყავით.

კოპტიევმა თან ჩამოიტანა რამოდენიმე კასრი ხიზილალა, დოშები, დამარილებული თევზი, ერთი შეხედვითაც შეამჩნევდით, რომ ეს ოჯახი კარგი ნაცხოვრები იყო, ყველანი მხიარულად და კმაყოფილებით გამოიცქირებოდნენ, სასეირნოდ გამოსული კოპტიევის მეუღლეს ამშვენებდა სხვადასხვა ძვირფასი სამკაული, იშვიათი ტანსაცმელი. სოფელში ხმა დავარდა: მილიონების მქონე კაცი ჩამოვიდა სასახლეშიო, კოპტიევის ვაჟი დღეში ორჯერ, განებივრებული ულაყით გადიოდა სოფელში და არაგვის ჭალებში დააჯირითებდა ცხენს; მაგრამ კოპტიევის ოჯახს არ დასცალდა მყუდრო ცხოვრება, მას ჩაამწარეს ყოველივე და ბედიც კი აწყევლინეს ამაზე შემდეგ.

* * *

ზევით მოვიხსენიე, რომ ილიას სახელობის საგურამოს სკოლა გავხსენი 1909 წ. 9 იანვარს. ისიც აღვნიშნე, რა პირობებში. 15 ორ-ორადგილიანი დაზიანებული მერხი 38 მოწაფეს ძლივს იტევდა. იძულებული ვიყავი ზოგიერთ მერხზე 3 ბავშვი დამესვა, ეს ხელს უშლიდა მათ წერის დროს. რადგან სხვა საქმე არ მქონდა და გოგო-ბიჭებიც ამოვიდოდნენ და წასვლაზე არ ფიქრობდნენ, ვსარგებლობდი ამით და მეცადინეობას ვაგრძელებდი, ამან საშუალება მომცა პროგრამა დამეძლია.

ლ.ბოცვაძე და პეტრე სურგულაძე 1 ივლისს მეწვივნენ სკოლაში. მოხსენებაში გამგეობისადმი ბოცვაძე წერს: "სასწავლებელს ჯერჯერობით არავითარი სასწავლო ნივთები არც სურათები და არც დაკვირვებითი სწავლებისათვის საჭირო ნივთები არ მოეპოვება, საკლასო დაფაც უხეირო და დაუხაზავია, მომავალ სამოსწავლო წლიდან საჭირო იქნება ქვემო სართულების ორი ოთახის გაერთიანება, რადგან სკოლაში შემომსვლელთა რიცხვი იმატებს და ეხლანდელი სკოლის ოთახი ვეღარ დაიტევს. ამის შესახებ ზრუნვას გამგეობა ამ ზაფხულშივე უნდა შეუდგეს.

საზოგადოთ საგურამოს სკოლა მაინც კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, მოწაფეებს ბეჯითობა ეტყობათ, ის 28 მოწაფე, რომლებიც ბოლოს დარჩენილან სკოლაში, მუყაითად დადის სასწავლებელში, ეტყობათ სწავლაც შეუყვარებიათ და მასწავლებელიცო" და სხვა. (იხ. ლ.ბოცვაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ).

1910 წ. 21 ივლისს ლ.ბოცვაძე მწერდა:

"ბ-ნო ილია! გეგზავნებათ სამი თუმანი (ხაზი ბოცვაძისა) ივლისის ჯამაგირი, ამასთან უნდა გაცნობოთ, რომ 3 ივლისს სხდომაზე გამგეობამ დაადგინა: "საგურამოს სკოლის ბინა შეკეთებული იქნას. ამ შეკეთების სახარჯოთ გადადებული იქნას ილია ჭავჭავაძის ფონდიდან ას ოცდასამი მანეთი 123 მან. (ხაზი ბოცვაძისა) ხოლო შესრულება შეკეთებისა მიენდოს სკოლის მასწავლებელს ილია რუხაძეს

გაუწყებთ ამ დადგენილებას, რომ თავის დროზე შეუდგეთ სკოლის შეკეთების თადარიგს" - მდივანი ბოცვაძე.

ამის შემდეგ ცხადი იყო, რომ არდადეგებით ვერ ვისარგებლებდი. შევუდექი საჭირო თადარიგს. ჩავედი მცხეთაში. იქ მოვაგროვე საჭირო მასალა, გავურიგდი დურგალს, კალატოზს თავის შეგირდებით, ჩამოვიტანე საგურამოში მასალა, ჩამოვიყვანე მოხელეებიც. ბევრი წვალების შემდეგ დავალება შევასრულე. გაკეთდა იატაკი სასკოლო ოთახში და დერეფანში. აივანზე მოიგო აგური. გათეთრდა მთელი წინა ფასადი და ოთახები, გასუფთავდა წინა ეზო, დაიხარჯა სულ 122 მან. და 80 კაპ., დარჩა 20 კაპ. რაც ანგარიშთან ერთად გამგეობის ბუხჰალტერიას წარვუდგინე. ამჯერად მეორე წელში (1910 წ.) შემოდგომაზე მუშაობა გაუმჯობესებულ მდგომარეობაში დავიწყე, ხოლო დარაჯი იყო საჭირო; ამდენხანს მამულის მოჯამაგირეებით და ჩემი მოწაფეების დახმარებით იოლად გავდიოდი, მაგრამ ასე გაგრძელება არ მოხერხდა. იძულებული გავხდი მიმემართა სოფლის რწმუნებულისათვის. სოფელმა დაიქირავა კაცი ექვს მანეთად თვეში, მაგრამ ამ კაცს შეპირებული ჯამაგირი არ მისცეს. მან მამასახლისს მიმართა, მამასახლისმა დაუარა სოფელს და მოწაფის მშობლებს თითოს 7 აბაზი გადაახდევინა, რამაც დიდი უსიამოვნება და საყვედურები გამოიწვია. ამ ფულის გადახდა ძალიან გაუჭირდათ, სხვებიც დააფრთხო ამ გადასახადმა და სკოლაში არც ერთი ახალი მოწაფე არ მოუბარებიათ, ძველებიდან მხოლოდ 12 მოწაფე გამოცხადდა. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარვუდგინე გამგეობას, ვამბობდი, რომ სოფლის ყოველგვარი ხარჯი გამგეობამ უნდა იკისროს, საკმარისი იქნება მხოლოდ 10 მანეთამდე რომ დავფაროთ დარაჯის ხარჯები, თორემ საგურამოს სკოლა ვეღარ იარსებებსო.

ამ განცხადებაზე გამგეობამ არათუ რაიმე დადგენილება გამოიტანა, არც კი მიპასუხა და რჩევა-დარიგებაც ვერ მომაწოდა.

1910 წლის მეორე ნახევარს გამგეობამ ახალი სანიმუშო პროგრამა დაუგზავნა თავის სკოლებს და თან წინადადებას აძლევდა ამ პროგრამით ემუშავათ, ხოლო 1911 წლის 7 იანვარს მწერდნენ: " გთხოვთ გვაცნობოთ, თუ რამდენად სისრულეში იქნა მოყვანილი ეს პროგრამა თქვენდამი რწმუნებულ სკოლაში". 29 იანვარს წარვუდგინე ჩემი მოსაზრებანი პროგრამის შესახებ, ცნობები განვლილი მასალის აღნიშვნით და აგრეთვე მივუთითე იმ პირობებზე, რაც საგურამოს სკოლას ახასიათებდა. აქ საინტერესოა ერთი გარემოება. ახალი სანიმუშო პროგრამა დაუშვეს სკოლებში, მასწავლებლებმა ანგარიში და მოსაზრებანი წარადგინეს, მაგრამ ყველაფერი ეს ადგილებზე არ შემოწმებულა. 1911 წლის 3 მაისს ბ-ნი ლუარსაბი მწერდა: "ძმაო ილია! უნდა გეწვიო სარევიზიოთ, რვა მაისს, ასე რომ გეთაყვა ბავშვები უნდა დაიბარო ორშაბათს 9 მაისისათვის, სხვა გეთაყვა ყველა საჭირო ცნობები დაამზადე, რომ ორშაბათს ისევ უკუ-ვიქცე" შენი მეგობარი ლუარსაბი, 6 მაისს კი ვღებულობ შემდეგ ბარათს: "ჩემი პლანები ჩაიშალა, მოვდივარ ხვალ ე.ი. 7 მაისს შაბათს, შუადღის 3 საათის მატარებლით, საღამოს საგურამოში ვიქნები, ბავშვები როგორმე კვირისათვის უნდა შეკრიბო. თუ ამ წერილმა დროზე მოგისწრო ხომ კარგი, თუ არა და არ ვიცი, როგორ იქნება" შენი ლუარსაბი.

მაგრამ სკოლაში არავინ მოსულა. ბ-ნ ლუარსაბი გადატვირთული იყო სამუშაოებით. სხვა მასწავლებლები, გამგეობის წევრები, სასწავლო წლის ბოლო იყო და გიმნაზიაში ფუსფუსობდნენ.

* * *

საგურამოს სკოლას და მამულს თუ ამდენი ყურადღება მივაქციე ეს იმიტომ, რომ სკოლა და მამული უთუოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი საამაყო მამულიშვილის დიდი ილიას უკვდავ სახელთან. ვნანობ და, მგონია არა ერთი და ორი ქართველი იმის გამო, რომ წ.კ. საზოგადოების გამგეობა, ასე აბუჩად, გულგრილად, სრული უყურადღებობით მოეპყრა ილიას უკვდავ თხოვნას. ამ უყურადღებობის ბრალი იყო შემდეგი არასასიამოვნო ამბების განვითარება.

ქ-ნი სტაუგაიტისი დარჩა მამულში, კოპტიევის მოსვლის შემდეგ, როგორც წვრილი კრედიტის ამხანაგობის მოლარე და ჯანდიერის შემცვლელი. ქ-ნი სტაუგაიტისი ხედავდა, რომ მამული მას ხელიდან ეცლებოდა. ადრე თუ გვიან ის უნდა წასულიყო საგურამოდან, ეს მისი განზრახვას არ შეეფარებოდა და ყოველგვარ ხერხს ხმარობდა შეენარჩუნებინა იგი. ამიტომ კოპტიევის წინააღმდეგ უხეირო ინტრიგას აწარმოებდა.

* * *

1911 წლის მაისი ილეოდა, სკოლაში მეცადინეობას ვამთავრებდი, მინდოდა არდადეგებით მესარგებლა და მშობლებთან წავსულიყავი, მაგრამ ამ დროს, მოულოდნელად, ავად გავხვდი. ტიფი აღმომაჩნდა, მომვლელი არავინ მყავდა, მამულში მყოფნი მერიდებოდნენ. სოფელში გაიგეს თუ არა ჩემი ავადმყოფობა - გამომიგზავნეს მომვლელად მარტოხელა ქალი, მართა. მიგზავნიდნენ აგრეთვე რძეს, მაწონს, ხანდახან მოხარშულ ვარიებს. მცხეთიდან მომიყვანეს ექიმი მაქსიმოვიჩი; ერთი სიტყვით, პატრონი გამომიჩნდა. ოცი დღის შემდეგ, უკეთესობა დამეტყო, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, რომ ლოგინს ვერ ვშორდებოდი. ერთ დღეს, დილის 11 საათი იქნებოდა, გამომეღვიძა. ოთახში მართა არ იყო, რძე მოეტანა, შიმშილს ვგრძნობდი და რძე ხარბად შევსვი. თბილად დამიარა ტანში და კმაყოფილებით გავიზმორე. უცებ ძაღლების ყეფა მომესმა, რაღაც არაჩვეულებრივი ხმაურობა ამოდიოდა ქვევიდან. წამოვიწიე და ყურადღება მივაპყარი. მომესმა, ვიღაც ჩქარი ნაბიჯით ამოდიოდა კიბეზე, შემდეგ ჩემი ოთახის პირდაპირ მდებარე ოთახის კარის უხეში გაღება და ქალის შეკივლება. წამოდგომა მოვინდომე, მაგრამ ფეხსაცმელები და ტანსაცმელი იქ არ აღმოჩნდა და იდაყვდაყრდნობილი დავრჩი ლოგინზე. ამ დროს ჩემი ოთახის კარი ფართოდ გაიღო და თმაგაწეწილი შემოვარდა ქ-ნი სტაუგაიტისი, გაირბინა ოთახი, გააღო აივანზე გასასვლელი კარი, და გადაევლო მოაჯირს. მომესმა ფეხის ხმა სახურავზე მიმავლის. გონს ვერ მოვსულიყავი, რომ შემოვარდა ყმაწვილი კაცი ნაგანით ხელში, რომ დამინახა შეჩერდა, კედელზე მიყუდებული ერთლულიან სანადირო თოფს ხელი წაავლო, საჩქაროთ გაბრუნდა უკან და კიბეზე დაეშვა, ეზოდან ხმამაღლა ლაპარაკი მოისმოდა, მერე ორჯერ ზედიზედ სროლის ხმა და უცებ მიყუჩდა ყველაფერი.

მალე ჩემთან შემოვიდა გაფითრებული, მომვლელი ქალი მართა. წყალი დამალევინა, დამაშოშმინა. გავიდა აივანზე, ქალბატონს დაუძახა. ის კი ღუმელის მილს ამოფარებოდა თურმე, გავიგე, რომ "ტყის ძმები" დაგვსხმოდნენ თავს. კოპტიევი პირწმინდად გაეძარცვათ, წვრილი კრედიტის სალარო უბრალო ხის ყუთში ჰქონიათ შენახული. გარდა ორი 5-იანი ოქროსი და იატაკზე მოფანტული წვრილი ფულისა, მთლიანად წაეღოთ. სალაროში იმ დროს 900 მანეთამდე ყოფილიყო ფული. იმ კვირაში სესხის ვადა უთავდებოდა ზოგიერთ გლეხს და მათ შემოუტანიათ სესხის დასაფარავად. საბედნიეროდ კოპტიევის შვილი ოთახში არ აღმოჩენილა. ის სასეირნოდ ყოფილა ცხენით წასული, თორემ იმის გატაცებას ფიქრობდნენ თურმე ყაჩაღები, გამოსყიდვის მიზნით.

ეს აზრი ქ-ნ სტაუგაიტისს მიუცია ყაჩაღებისთვის, მაგრამ ყაჩაღებს გეგმა ჩაეფუშათ და გაჯავრებულებმა წვრილი კრედიტის სალაროც წაიღეს და სამუდამოდ მოშორდნენ საგურამოს მიდამოებს.

საღამოს ამოვიდნენ მთავრობის მამასახლისი დარაჯებით და მცხეთის ბოქაული შეიარაღებული ხალხით, მოაწყვეს დევნა ახლო-მახლო ადგილებში, ტყეში ვერ შებედეს შესვლა და მიანებეს თავი.

ორ დღეში კოპტიევმა დაცალა სახლი და შეიარაღებული ხალხის თანხლებით გაუდგა გზას. ჩამოვიდა წვრილი კრედიტის ინსპექტორი დავიდოვი. დაუძახა გლეხებს. კაკლის ქვეშ შეკრებილი გლეხები ამრეზილები იყვნენ, ყველაფერს გვაბრალებდნენ ამ სახლში მყოფთ. დავიდოვმა გამოუცხადა მათ, რომ სახელმწიფო ბანკი მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას და ათ დღეში უნდა დაუბრუნოთ ბანკს მთელი თანხაო. ამან მოთმინებიდან გამოიყვანა გლეხები, მაგრამ რას გააწყობდნენ.

ამას დაერთო კიდევ ერთი მეტად სამწუხარო ამბავი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ქ-მა სტაუგაიტისმა მოახერხა თბილისიდან მოეყვანა მაზრის უფროსი ორი შეიარაღებული კაცით და დააბინავა ისინი სახლში თავდაცვის მიზნით. თითქოს ყაჩაღებს მოეწერათ მისთვის მუქარის წერილი. ამ წერილის საფუძველზე მოითხოვა მან თავდაცვა. მოსული დარაჯები ყარაულობდნენ სახლს და მამულს, ღამით ისინი ტყის პირათ, საფუტკრეში იყვნენ ჩასაფრებულნი. მიდიოდა დღეები, ყაჩაღები არ ჩანდნენ.

ერთ წვიმიან საღამოს ოთახში ვიჯექი. უცებ მომესმა სროლის ხმა. ერთი, ორი მაზრის უფროსი, გვარი არ მახსოვს, სუსტი კაცი იყო. საგურამოში ყოფნისას, ის უმეტეს დროს ლოგინში ატარებდა. ქ-ნი სტაუგაიტისი ხშირი სტუმარი იყო მისი და ხანგრძლივად რჩებოდა იმის ოთახში. სროლის მომენტში ერთად იყვნენ.

- "სანდრო მოკლეს, სანდრო, იძახდა ვიღაცა. მოვიხურე საცმელი და ქვევით ჩავედი. მაზრის უფროსი და ქ-ნი სტაუგაიტისი მიდგომოდნენ გასასვლელ კარებს და სიბნელეში იცქირებოდნენ. წვიმდა, ვიღაცამ ჭრაქი გამოიტანა სამოურავო სახლიდან და საფუტკრეს მიანათა. კიბეზე ჩასვლას ვერავინ ვბედავდით, წვიმის და შიშის გამო. დავინახე: დარაჯებმა რაღაც მძიმე ტვირთი შეათრიეს სამოურავო სახლის დიდ ოთახში. შევღონდი, შევედი ოთახში და მაგიდაზე დავემხე. შემოვიდა მაზრის უფროსი, ქ-ნი სტაუგაიტისი და ატირებული სოფიო, ეს, მიაწვა კედელს და ლოყებს იხოკავდა. რაში იყო საქმე? იმ საღამოს მამულში მოსულა მცხეთიდან შიკრიკი, მოუტანია ამბავი, რომ მაზრის უფროსს გუბერნატორი იბარებს და დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. ამის გამო ჩასაფრებული დარაჯების გამოსაძახებლად გაუგზავნიათ მოჯამაგირე სანდრო ლაბაური, ახალგაზრდა, მეტად წესიერი გლეხი, ცოლშვილიანი. ამას უძახნია აივნიდან ყარაულებისათვის, მაგრამ წვიმის გამო მათ ვერ გაუგონიათ ძახილი, მაზრის უფროსი ჩქარობდა თურმე. სანდროს აუღია ჯოხი და საფუტკრეში შესულა. იქ მყოფ ყარაულებს ჯოხიანი სანდრო ყაჩაღათ მიუღიათ და თოფები დაუხლიათ.

* * *

სანდრო ლაბაური სოფელმა დიდი გლოვით დაასაფლავა, ხარჯი ქ-ნ სტაუგაიტისს დააკისრეს, აგრეთვე დაობლებულ ოჯახისათვის ერთდროული დახმარება გააღებინეს.

ნაავადმყოფარი, დასუსტებული, ამდენი მღელვარე ამბების მომსწრემ თბილისისაკენ გავწიე. წიწამურის ვენახს ვუახლოვდებოდი, ვხედავ, ჯანდიერი ქვეთითად მოდის. ის პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ და ახლა საგურამოს მიეჩქარებოდა. გ.ჯანდიერის განთავისუფლებაში დიდი მონაწილეობა მიიღო ქ-მა სტაუგაიტისმა. ორჯერ ჩავიდა დუშეთში, იყო თბილისში, გუბერნატორთან

ჩავედი თბილისში, გამგეობას მოვახსენე ყველაფერი, თუმცა მას ადრე გაეგო საგურამოში მომხდარი უკანასკნელი ამბები. ვითხოვე განთავისუფლება. წინადადება მომცეს წავსულიყავ კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლად. დავთანხმდი. ის ზაფხული ხონში გავატარე, აგვისტოს ბოლო რიცხვებში კავკავის ქართულ სკოლას მივადექი. აქ იმ დროს გამგედ ვარლამ ბურჯანაძე (ობჩელი) იყო, მასწავლებლად კი - ქ.იოსელიანი, გ.რაზმაძე, მღვდელი გ.ნათიძე.

ქ. შ.წ.კ.გ. საზოგადოების კავკავის ქართული სკოლა ახლად აშენებულ, ჯერ დაუმთავრებელ შენობაში იყო მოთავსებული, ყველაფერი ქვევით სართულში იყო განლაგებული, მაგრამ სივიწროვე არ იგრძნობოდა. დიდრონი საკლასო ოთახები, მრავალი წიგნით სავსე ბიბლიოთეკა, სამკითხველო ქართული ჟურნალ-გაზეთებით. მორთული ეკლესია-სათეატრო დარბაზი, დიდი სცენით, დეკორაციებით, გარდერობით. დრამატიული წრე, რომელიც თვეში ორჯერ მაინც დგამს ქართულ პიესებს. მასწავლებლებისათვის: გამგისათვის და ჩემთვის ორ-ორი ოთახი, ამ სკოლის ადგილობრივი გამგეობა, მასწავლებლები, სკოლის გულშემატკივარი და დამხმარენი, გულთბილად შემხვდენ, მღვდელმა გ.ნათიძემ სწავლის დაწყების წინა დღით სადილი მოაწყო.

საკლასო ოთახებში ახლად შეღებილი მერხები, კედლებზე სურათები, თვალსაჩინო სწავლებისათვის გამოსაყენებელი ნივთები. თვალში გვხვდება პატივცემულ ლუარსაბ ბოცვაძის ამ სკოლაში მუშაობის შედეგი, მისი ხელით გაკეთებული თვალსაჩინო სწავლების მრავალი ნივთი, სურათები 1911 წ. 1 სექტემბერს, ეკლესიაში ჩატარებული მეორე ლოცვის შემდეგ, შევაბიჯე მშვენიერ საკლასო ოთახში და პირველი, 68 მოწაფიან განყოფილებაში, გულით შევუდექი მუშაობას.



კალენდარი
აგვისტო  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი