მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
თამარ მეფის განსასვენებლის ადგილმდებარეობის შესახებ (მითი და სინამდვილე)

თამარ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელიც ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან მიმართებაში წინააღმდეგობის შემცველია.

წინამდებარე წერილში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ქართულ მეცნიერებაში წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე.

ქართული წყაროების თანახმად თამარ მეფე დაკრძალეს გელათის მონასტერში. ამდენად მისი საფლავის ადგილმდებარეობა არასდროს ქცეულა სადაო საკითხად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვადასხვა ვარიანტით გავრცელებულ ლეგენდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეფის შესაძლო დაკრძალვის შესახებ, რითაც თითქოსდა დაიკარგა საფლავის კვალი.

მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრებებით (იხ. ქვემოთ) აღნიშნული ლეგენდები ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მეცნიერთა დიდი ნაწილი ეთანხმება თამარ მეფის გელათში დაკრძალვის ვერსიას.

აზრთა სხვადასხვაობამ თავი იჩინა მას შემდეგ, როდესაც 1929 წ. პროფ. ზ. ავალიშვილმა გამოაქვეყნა ფრანგი რაინდის დე ბუას მიერ გაგზავნილი წერილი ბეზანსონის არქიეპისკოპოს ამედე და ტრემლეისადმი. წერილში რაინდი ატყობინებს ადრესატს, რომ მას "სანდო მოციქულთაგან გაუგია" ივერიის ახალგაზრდა მეფის ლაშქრობის შესახებ (ურიცხვი მხედრობით) იერუსალიმის გასათავისუფლებლად. მეფეს თან მოჰქონდა დედამისის "უძლიერესი დედოფლის, თამარის ნეშტი" რათა მისივე ანდერძის თანახმად დაეკრძალა იერუსალიმში (სრული ტექტი იხ. ზ. ავალიშვილი, "ჯვაროსანთა დროიდან", თბ. 1989 წ. გვ. 97-98). ზ. ავალიშვილმა, დე ბუას მიერ აღწერილიი ამბები--იერუსალიმის მიმართულებით ივერთა მიერ მოწყობილი ლაშქრობა და თამარ მეფის "აღთქმა" ზღაპრად მიიჩნია, რომელიც არ შეესაბამებოდა ისტორიულ სინამდვილეს. მისი აზრით, "ქრონიკის მიხედვით თამარი გელათს დამარხეს" (იხ. ზ. ავალიშვილი, "ჯვაროსანთა დროიდან" გვ. 106-107).

XX ს. 40-იანი წლებიდან მკვლევართა ერთმა ნაწილმა (ს. კაკაბაძემ, შ. ამირანაშვილმა, ვ. ჩაჩანიძემ) ძირითადად ზემოთ აღნიშნულ წერილზე დაყრდნობით და სხვა წყაროების არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე ეჭვი შეიტანეს თამარ მეფის საფლავის გელათის მონასტერში მდებარეობის შესახებ. 1940 წ. პროფ. ს. კაკაბაძემ წერილში "ერთი საკითხი საქართველოს ისტორიიდან" (იხ. გაზ. "ინდუსტრიული ქუთაისი", 1940 წ. 11 დეკემბერი, "286) აღნიშნა, რომ თამარის გვამი დროებით დაკრძალული იქნა გელათში, მაგრამ ლაშა გიორგიმ დედის ანდერძის თანახმად, სამი წლის შემდეგ ამოაღებინა გვამი და იერუსალიმისკენ ლაშქრობის დროს თან წაიღო იქ დასამარხად.

1966 წ. 22 მარტს ქუთაისის პედ. ინსტიტუტში წაკითხულ საჯარო ლექციაზე "რუსთველოლოგიის ზოგიერთ საკითხებზე", სადაც ს. კაკაბაძემ დაიცვა 26 წლის წინ გამოთქმული მოსაზრება თამარ მეფის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, მაგრამ მასში შეიტანა მცირეოდენი შესწორება, ნეშტის გადასვენება დაუკავშირა ამჯერად არა ლაშა გიორგის, არამედ დავით ნარინის სახელს--1270-იან წლებში. თავისი ვერსიის განსამტკიცებლად განსვენებულმა მეცნიერმა მოიშველია იმერეთის მეფის ალექსანდრე V (1720-1751 წწ.) 1730 წელს გელათის მონასტრისადმი გაცემული სიგელი თავის გარდაცვლილი მეუღლის შესახებ, სადაც ნათქვამია; "წარვიღე ცხედარი სასურველისა ჩემისა მეფეთა სასაფლაოთა გელათს. ხოლო საძვალენი მეფეთანი აღვსილ იყუნეს... იყვნეს მუნ გელათსა კერძო მარჯუენით ეგუტერი დავიწყებული ჟამთა ვითარებისაგან, არავინ უწყოდა თუ ვისი საძვალე ყოფილიყო"... (იხ. ს. კაკაბაძე, დასავ. საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I, თბ. 1921 წ. გვ. 120).

მართალია, ალექსანდრე V თავისი მეუღლე მთავარი ტაძრის სამხ. მინაშენის აღმოსავლეთ ეკვდერში დააკრძალვინა (შემდეგში თვითონაც მეუღლის გვერდით დაკრძალეს), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკვდერში მანამდე არავინ ყოფილა დაკრძალული. სიგელში საუბარია "ჟამთა სიავისაგან დავიწყებულ ეკვდერზე", სადაც არავინ უწყოდა, თუ ვისი საძვალე ყოფილიყო". ასე რომ, ალექსანდრე V სიგელი, თამარ მეფის საფლავის გელათის მონასტერში უარყოფის მტკიცებულებად ვერ გამოგვადგება. რაც შეეხება ფრანგი რაინდის წერილს, მასში ის ამბობს "...ამბად მივიღე და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ"-ო. ე.ი. დე ბუა აღნიშნული ლაშქრობის უშუალო თვითმხილველი არ არის. ის მხოლოდ რაღაც მოარულ, არასანდო ინფორმაციას ფლობს, რომელიც არცერთი წყაროთი არ დასტურდება. გარდა ამისა, თუ მაშინდელ აღმოსავლეთში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას ანალიზს გავუკეთებთ ამდაგვარი ლაშქრობის მოწყობას ვერც ლაშა გიორგი, და მითუმეტეს, ვერც დავით ნარინი ვერ შეძლებდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფრანგი რაინდის წერილში ნახსენები თამარ მეფის "აღთქმა" (ს. კაკაბაძის ინტერპრეტაციით "ანდერძი," არც ერთ წყაროში არ არის დაფიქსირებული. საიდან მოაქვს ის წერილის ავტორს, გაურკვეველია. ამდენად დე ბუას წერილი, თამარის ნეშტის გელათში ყოფნის უარყოფის მტკიცებულებისათვის მიუღებელია.

ს. კაკაბაძის ზემოთ აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა აკად. შ. ამირანაშვილმა წერილში "რას მეტყველებს რუსთაველის პორტრეტი" (იხ. გაზ. "კომუნისტი", 1961 წ. იანვარი, 15), სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული ლაშა გიორგის მიერ "დედის უკანასკნელი წადილის" განხორციელების შესახებ.

თამარ მეფის განსასვენებელს გელათის სამონასტრო კომპლექტში მოიაზრებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული ცნობილ ქართველ მეცნიერებს; ვახუშტი ბაგრატიონს (საქართველოს ისტორია, აკად. ყაუხჩიშვილს (1965 წ. 14 ოქტომბრის ქუთაისი პედ. ინსტ. გამართულ იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა), გ.ლეონიძეს (1963 წ. 31 მაისს საიუბილეო ზეიმზე წარმოთქმული სიტყვა ციტატა ამოღებულია მ.ალავიძის სტატიიდან "თამარ მეფის ეკვდერი გელათში"-იხ გაზ. "ქუთაისი" 1966 წ.17.აპ."94); აკად. ბ. ლომინაძეს("გელათი", თბ. 1959 წ. გვ. 33); პროფ ზ. ავალიშვილს ("ჯვაროსანთა დროიდან", თბ. 1989 წ. გვ.97-98, 106-107); პ.ინგოროყვას (თხზ. კრებული, ტ.I, თბ. 1963 წ.,გვ.853-854, ტ.IV, თბ.1978 წ. გვ. 80); პროფ. ვ. ლოლაშვილის (თამარ მეფის აკლდამას გელათში, თბ.1989 წ. გვ. 36-39); მ. გოგსაძე (ნარკვევები გელათის ისტორიიდან, 1949წ. გვ. 34), გ. გაბუნია (ძველი და ახალი ქუთაისი), ლ. სანიკიძე, მ. ნიკოლეიშვილი...

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საგაზეთო სტატია არ იძლევა ყველა მკვლევრის შეხედულების აქ მოტანის საშუალებას, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია მოვახდინოთ ციტირება სამი უპირველესი წყაროდან (რომელთა ავტორებისა და იქ დაცული ცნობების შესახებ ს. ყაუჩხიშვილის გამოთქმული მოსაზრება ციტირებულია ზემოთ). სამივე ავტორი თამარ მეფისა და ლაშა გიორგის თანამედროვენი იყვნენ და მათ თხზულებაში დაცული ცნობები უფრო ახლოს არის ისტორიულ სინამდვილესთან (რასაკვირველია კრიტიკული მიდგომისა და ანალიზის გათვალისწინებით), ვიდრე სხვა ავტორების მონაცემები.

"... და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა..." (იხ. "ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი", ქართლის ცხოვრება ტ. II, თბ. 1959 წ. გვ. 113)

".. და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თუისსა შინა სამარხოსა..." (იხ. ბასილი ეზოსმოძღვარი, ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ. 1959 წ. გვ. 146)

"...დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს" (იხ. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, ტ. I, 1955 წ. გვ. 369).

თამარ მეფის საფლავის გელათის მონასტერში მდებარეობის ვერსიას იზიარებენ ასევე ცნობილი მკვლევრები; ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, თეიმარაზ ბაგრატიონი, დ. ბაქრაძე, მ. ჯანაშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, მ. ალავიძე, ლ. სანიკიძე, მ. გოგსაძე, ივ. ლოლაშვილი, რ. მეტრეველი (რომელსაც ამავე დროს დასაშვებად მიაჩნიათამარ მეფის ნეშტის იერუსალიმში გადასვენების შესაძლებლობაც მეფის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ--იხ. მისი "მეფე თამარი", თბ. 1991 წ. გვ. 309), მ.ნიკოლეიშვილი, გ. გაბუნია...

ზემოთქმულიდან გამომდინარე მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრება თამარ მეფის ნეშტის იერუსალიმში გადასვენების შესახებ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, ისტორიულ სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს.

1) ფრანგი რაინდის დე ბუას წერილის გაგზავნის თარიღი ზ. ავალიშვილმა განსაზღვრა 1207-1202 წ.წ-ით ამ დროისთვის მეფე თამარი ცოცხალია და ამდენად მისი ნეშტის იერუსალიმში გადასვენებაზე ლაპარაკი მიუღებელია.

2) იმ პერიოდისათვის აღმოსავლეთში შექმნილი რთული პოლიტიკური და არასტაბილური ვითარება არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ლაშა გიორგის შეძლებოდა ასეთი გრანდიოზული და შორეული ლაშქრობის მოწყობა იერუსალიმის მიმართულებით (მითუმეტეს ამას ვერ შეძლებდა დავით ნარინი)

3) არცერთ ისტორიულ წყაროში არ არის დაფიქსირებული ლაშა გიორგის იერუსალიმში მოწყობილი ლაშქრობის, თამარ მეფის ნეშტის იქ გადასვენების შესახებ(თუ არ გავითვალისწინებთ დე ბუას საეჭვო ღირებულების წერილს)

4) არც ალექსანდრე V 1730 წელს გელათის მონასტრისადმი გაცემულ სიგელში, არც მურავიოვის მონათხრობში და არც ე. თაყაიშვილის გამონათქვამებში არ არის უარყოფილი თამარის გელათში დაკრძალვის ფაქტი, ან დადასტურებული თამარ მეფის ნეშტის იერუსალიმში გადასვენების სინამდვილე.

ოდესმე დადგება დრო, როცა ეროვნული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება ამ საკითხების გარკვევისათვის დააფინანსებს სამეცნიერო ექსპედიციას, რათა გაგრძელდეს თამარ მეფის საფლავის მოძიების სამუშაოები. ჩვენი აზრით, ძებნა უნდა დაიწყოს უპირველესად არა იერუსალიმში... ან კახეთში, სამეგრელოში, სვანეთში... არამედ გელათის სამონასტრო კომპლექსიდან.

ავტორი: მზარ ჭანტურიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი