მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
სამი ახალი წიგნი: სამი წინასიტყვაობა

XXX

წიგნის ავტორისთვისაც, ისევე როგორც ეროვნულ კულტურას დაწაფებული ყოველი ქართველისათვის, სიყმაწვილიდან ცნობიერებაში შემოვიდა ერთი უპირველესი მასწავლებელი--დავით გურამიშვილი. წარმოდგენილი ნაშრომი მოკრძალებული მცდელობაა იმის დაწნეხილად გადმოსაცემად, რაც "მხიარული ზაფხულის" მკითხველის შეგირდულ სმენას სწვდება.

"მხიარული ზაფხულის"--როგორც "დავითიანის" დამამთავრებელი ნაწილის--შესწავლა გვარწმუნებს, რომ დავით გურამიშვილი, თავისი დრამატული ბიოგრაფიის გამო საკმაოდ ხედავს და ხელშესახებად სწვდება მოვალეობას წარსულისა და მომავლის წინაშე,--ისტორიის მიზეზობრიობის მთელი სისავსით გაცნობიერების პასუხისმგებლობით იგი იტვირთავს წინამორბედთა ცოდვას, ხოლო მადლის ქმნით, თავის წიგნის წერით და საზოგადო თუ საკუთარი ცხოვრების განსჯით იგი გზას უკაფავს მომდევნოს.

სულისა და პოეზიის საშუალებით გურამიშვილის მიერ ბედისწერისა და აუცილებლობის ხუნდების დაძლევა და თავისუფლების მოპოვება კიდევ ერთი ნიმუშია, ერთი მაგალითია, ერთი გაკვეთილია იმისა, რომ ზნეობრივი პროცესი უქცეველია, რომ ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება უწყვეტი უნდა იყოს მიუხედავად; მიუხედავად ზნეობრივი სიყრუისა ირგვლივ, გურამიშვილი ზნეობის ზარებს აგუგუნებს; მიუხედავად გარშემო თვალშისაცემი სულიერი სიძაბუნისა, იგი თავის სულსა წვრთნის და ჩვენც სულის წვრთნისაკენ მოგვიხმობს; მიუხედავად წარმავალობის წინაშე მძრწოლარე დგომისა, პოეტი იმედის სანთელს ანთებს.

"მხიარული ზაფხულის" სიხარული განპირობებულია იმ ცოდნითა და განცდით, რომ ბედუკუღმართობისა და ტანჯვის, მარტოობისა და გაუგონრობის მიღმა ბრძენი და ზნემაღალი პოეტი ჭვრეტს სამყაროს უკანასკნელ და, ამავე დროს პირველ ჭეშმარიტებას--რომ სამყაროს არსი მშვენიერია, რომ სამყაროს არსი სიკეთეა.

წიგნი დაწერელია 1987 წელს.

XXX

ჩვენს წიგნში გვინდა ვისაუბროთ აკაკის სატრფიალო ლირიკის თავისებურებებზე, სატრფიალო ლირიკის ადრესატებზე.

მაგრამ, სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდოდეთ, გვინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ზოგადად.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ აკაკი პლასტიკურ-დინამიკური განწყობის პიროვნებაა. პლასტიკურ-დინამიკური განწყობის ადამიანები ყველაზე მოქნილები, ცხოვრებასთან ყველაზე იოლად შეგუებადნი, ყველაზე მეტი შინაგანი ჰარმონიით და სინათლით სავსენი არიან, რადგან სწრაფად აღმოუცენდებათ ახალი გარემოს შესატყვისი განწყობა და მოქმედების ბუნებრივი რიტმი არ ერღვევათ. ოღონდ თავიანთი იოლად გადანაცვლებადი და მოქნილი ბუნების გამო ოდნავ ზერელეები და გრძნობის შინაგან სიმყარეს და გამძლეობას, სიღრმეს მოკლებულები ჩანან, სამაგიეროდ ახლავთ უცნაური სინათლე, ჰარმონია, სითბო.

ადამიანი ყველაზე უკეთ იმაში ჩანს, როგორ უყვარს.

აი, რას წერს ასეთ ადამიანთა სიყვარულის შესახებ ვლ. ნორაკიძე; "ასეთ ადამიანებს არ ახასიათებთ კონფლიქტური სიყვარული. საერთოდ ასეთ განცდას არასოდეს არ დაუპყრია მთლიანად პიროვნება... სიყვარული... ვერ იჭრება მათში ისე ღრმად, რომ იგი წონასწორობიდან გამოიყვანოს... ჰარმონიისკენ სწრაფვისა, ცხოვრებისა და, კერძოდ, ადამიანების რეალური განცდის უნარის გამო ეს პირები ადვილად პოულობენ შესაფერისს, ადვილად ამყარებენ სიყვარულით მეგობრობას--ეს სიყვარული ხანგრძლივიცაა, მყარიც. პიროვნება სავსეა სიყვარულის ობიექტისადმი უაღრესი სიმპათიით. ეთიკური კატეგორიების ზეგავლენით მან შეიძლება თავიც გაწიროს საყვარელი ადამიანისათვის. იგი სხვის ტკივილებს ისევე გაურბის, როგორც საკუთარს, მაგრამ სხვისი დათმობაც ადვილად შეუძლია. ურთიერთობაში კონფლიქტის დროს იგი არ კარგავს წონასწორობას, მისი დარდი ხანმოკლეა, ზერელე, ღრმა მწუხარება ვერ იჭრება პიროვნების სიღრმეში... აცხადებენ, რომ ძლიერი სიყვარული მათ არასდროს არ ჰქონიათ, სიყვარულს ისინი არასოდეს არ შეუწუხებიათ, განსაკუთრებით წრეგასული აღფრთოვანება მათ არ განუციდათ. სყვარულის დროს მათში სუფევდა დამამშვიდებელი სიხარული, რომელიც უკეთესი მომავლის რწმენას აძლიერებდა და მომავალი ცხოვრების პრაქტიკულ პერსპექტივებს სახავდა. მათ არ სჯერათ, რომ შეიძლება არსებობდეს სიყვარულის ემოცია, რომელიც მთლიანად დაიპყრობს პიროვნებას... თუ ძლიერ ხანგრძლივად არა, დღეების განმავლობაში მაინც გამოთიშავს პიროვნებას ცხოვრების ჩვეულებრივი მიმდინარეობიდან და აღავსებს მას უჩვეულო აღმაფრთოვანებელი თუ სასოწარკვეთილების გრძნობებით. ამიტომ ასეთ პიროვნებაში ხშირად ვხვდებით ქორწინებას, რომელიც გამოწვეულია პრაქტიკული მოსაზრებებით".1

ალბათ, ასეთ დახასიათებას ბევრ რამეში შეეკამათებოდა აკაკი, რადგან ის ცალკე ინდივიდია, თან დიდი და გამორჩეული ადამიანი და ბუნებრივია, ამ ზოგადის კონკრეტული გამოვლინება, რომელიც ემთხვევა კიდეც და არც ემთხვევა ზოგადს. ჩვენთვისაც ზოგჯერ გაუცნობიერებელი სულისკვეთება გვაიძულებს იგი ადამიანთა ამ ჯგუფში გავარეთიანოთ და ამ ფსიქოლოგიური დახასიათების დახმარებით მოვიყვანოთ სისტემაში მისი პიროვნების შესახებ არსებული ფაქტები.

ჩვენ ფსიქოლოგიური დასახიათება მხოლოდ გზის გამკვლევად გამოვიყენეთ და მისი ცხოვრების თუ შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ზოგი ნიშნის მიზეზის უკეთ გასაგებად.

როცა მის ცხოვრებას თვალს გადაავლებთ, ამ დახასიათებიდან ზოგი რამ შეიძლება გენიშნოთ, ზოგი კი გაგიკვირდეთდა საერთო დახასიათებიდან ერთი შეხედვით ამცდარი მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლოს მაინც მივხვდებით, რომ ეს დახასიათება სწორ გეზს იძლევა მისი პიროვნების და მისი სატრფიალო მოტივის ამოსახსნელად.

თამარ ახვლედიანი

XXX

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვასილ ბარნოვი სამწერლო ასპარეზზე მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა--1878 წელს გაზეთში "დროება" ("220,227) გამოქვეყნდა მისი პირველი პროზაული ნაწარმოები "სურათები ხევსურების ცხოვრებიდან". მეოცე საუკუნის დამდეგამდე მხოლოდ ოციოდე მოთხრობა და ნოველა შექმნა, მაგრამ განსწავლის, ლიტერატურული ვარჯიშისა და მწერლობაში საკუთარი გზების ძიების ის ოცი წელიწადი საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდა იმით, რომ მან იპოვნა თითქმის ყველა თემა, რომლებმაც მომავალში უხვად შეავსეს მისი შემოქმედების გრანდიოზული ფარვატერი. ცხრაასიანი წლებისათვის უკვე შექმნილი ჰქონდა ქართული პროზის შედევრი "ისნის ცისკარი" (ისტორიული თემა), კრიტიკული რეალიზმის შესანიშნავი ნაწარმოებები; "ჩვენი ლამპა", "ვაი შენს დამკარგავს", "ნუშო", "ისე ჩავკრა" (მემამულურ-ბურჟუაზიული საზოგადოების მძაფრი კრიტიკა), "მეჩვენა", "პროფესორი", "ქოჩორა ხე" (პიროვნების ბედი ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, ინტელიგენციისა და სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის კრიტიკა) და ა.შ.

ჩვენი საუკუნის დამდეგიდან--ოციან წლებამდე მან ორმოცამდე მოთხრობა და რომანი გამოაქვეყნა, მათ შორის ისტორიული შედევრები; "მიმქრალი შარავანდედი" (1914 წ.) და "ტრფობა წამებული" (1919 წ.), მაგრამ ყველაზე ნაყოფიერად სიცოცხლის ბოლო პერიოდში იღვაწა--1921-1934 წლებში მან შექმნა ცხრა ისტორიული რომანი და ოცდაათი მოთხრობა, რედაქცია გაუკეთა და გამოსაცემად მოამზადა თავის თხზულებათა ოცი ტომი, ტომში 400 ვერდის ვარაუდით. ამასთანავე, დაუცხრომლად, იშვიათი ენთუზიაზმით იღვწოდა ქართული სულის დასამკვიდრებლად როგორც მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და სახალხო განმანათლებელი.

სულით არისტოკრატი და ესთეტი, ნაზიარევი ანტიკურ, ევროპულ, რუსულ და ძველ ქართულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ შედევრებს, ღრმად მცოდნე მსოფლიო ისტორიისა და საქართველოს წარსულისა, უნივერსალურად განსწავლული პოეტი და მხატვარი, დიდი ჰუმანისტი, დემოკრატი და ინტერნაციონალისტი, წერდა გაორებული მხატვრული ენით; ბრწყინვალე ისტორიულ პროზას ქმნიდა ახალი და უახლესი ქართულისათვის უჩვეულო ლექსიკითა და სტილისტური კონსტრუქციებით, ქართული ბიბლიის, ჰაგიოგრაფიის და მატიანეთა უღრმესი ფენებიდან მომდინარე სურნელითა და სახიერებით, მეორე მხრივ, ახალი და უახლესი სალიტერატურო ქართულით წერდა სოციალური და ფილოსოფიური მოტივებით დატვირთულ მოთხროებბსა და ნოველებს, ეხმიანებოდა თავისი დროის აქტუალურ ზნეობრივ პრობლემებს.

ვ. ბარნოვმა ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა კლასიკური ფორმის ისტორიული რომანი და ფილოსოფიური ბელეტრისტიკა, შემოიყვანა და დაამკვიდრა ახალი პერსონაჟები--ძველი თბილისის მოქალაქენი, ხელოსან-ამქრები, ინტელიგენტები; ისტორიულ თხზულებებში შთამბეჭდავი სახიერებით გააცოცხლა საქართველოს წარსული წარმართობიდან საბჭოთა ეპოქამდე, უკვდავი ჰიმნი უმღერა ქართველი კაცის

ჰუმანისტურ სულს, მხედრულ შემართებას, ინტელექტუალურ სიღრმეს, მშვენიერებისა და სიკეთისათვის, თავისუფლებისა და ღირსებისათვის დაუცხრომელ ბრძოლას.

ვ. ბარნოვი მთელი არსებით რეალისტია, მაგრამ მისი რეალიზმი გაჟღენთილია რომანტიკული სულით; ის იშვიათი ობიექტურობით ასახავს როგორც ისტორიულ, ისე თავისი დროის სინამდვილეს. მისთვის უცხოა ისტორიული ჟანრის დიდოსტატებისათვის არცთუ იშვიათად დამახასიათებელი სუბიექტივიზმი, ტენდენცია--იდეალურად წარმოსახონ მათ მიერ "ხელახლა აღმოჩენილი" წარსული. ის უმკაცრესი კრიტიკოსია ფეოდალური ყოფისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ნეგატიური მოვლენებისა, თავისი დროის საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მხარეებისა. ამ თვისებებით ის დღესაც ჰუმანისტის მებრძოლი, ცოცხალი სიტყვით დგას ჩვენს შორის, როგორც ზნეობის, აქტიური სოციალური პოზიციის, ძმობისა და მეგობრობის მქადაგებელი, დიდი მხატვარი და მოაზროვნე.

ვ. ბარნოვის მხატვრული მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. მეტ-ნაკლებადაა შესწავლილი მწერლის ისტორიული რომანები, შემოქმედების ცალკეული მხარეები, მაგრამ დღემდე საგანგებოდ არავის უკვლევია მისი მოთხრობები, არაისტორიული პროზა.

ვ. ბარნოვის შემოქმედების ამომწურავი მეცნიერული ანალიზი აღემატება ერთი ან რამდენიმე მკვლვარის შესაძლებლობას, ის თაობის საქმეა. ამ ნაშრომის მიზანი მოკრძალებულია--განვიზრახე მონოგრაფიულად გამოვიკვლიო მწერლის არაისტორიული პროზა, მოთხრობები; თანამედროვე თვალთახედვით განვიხილო ბარნოვოლოგიის მონაპოვარნი, კერძოდ, მწერლის მსოფლმხედველობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებანი, ზოგ მათგანს დავუპარალელო განსხვავებული ინტერპრეტაცია.

ავტორი: მერაბ ღაღანიძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი