მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
მან დაამარცხა ფიურერი

ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როცა პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ომებს სპორტი დაუჩაგრავთ. თუნდაც მოსკოვისა და ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები გავიხსენოთ.

გაცილებით ნაკლებია პირიქითა შემთხვევები - როცა პოლიტიკასთან ომში გამარჯვებული სპორტი გამოსულა, ხოლო რაინდ-სპორტსმენებს ულაპარაკოდ დაუჩაგრავთ "ძლიერნი ამა ქვეყნისა".

სწორედ ასეთი რამ მოახერხა 73 წლის წინ შავკანიანმა ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენმა, ვინაც თავისი იარაღით - ღონიერი, სწრაფი ფეხებით - ადოლფ ჰიტლერი დაამარცხა...

ჯეიმს კლივლენდ ოუენი 1913 წლის 12 სექტემბერს დაიბადა მრავალშვილიანი ალაბამელი მუშის ოჯახში. მეათე შვილი იყო. საკმაოდ ხშირად ავადმყოფობდა, რისი მთავარი მიზეზიც უკიდურესი გაჭირვება იყო და, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვის ავადმყოფობა, ოჯახს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებდა. მთელი ზამთარი ღუმელთან იჯდა თბილად შეფუთნული და განუწყვეტლივ ახველებდა. ხელ-ფეხი გამუდმებით ფურუნკულებით ჰქონდა დაფარული. ექიმის და წამლის ფული არ ჰქონდათ და დედა შინაურულად მკურნალობდა - გავარვარებული დანით უჭრიდა ფურუნკულებს.

სკოლა სახლიდან 4,5 მილის მოშორებით იყო და უფროს და-ძმებს რომ არ ჩამორჩენოდა, ექვსი წლის ჯეიმსს ლამის სირბილით უწევდა ყოველდღე მათი დევნა.

სირბილმა ორგანიზმი მოუღონიერა და მტკიცე ხასიათიც ჩამოუყალიბა. საინტერესო უპირატესობაც აღმოაჩინა: კარგად თუ დარბიხარ და სხვებს უსწრებ, პირველმა შეგიძლია დაინახო ნებისმიერი რამ, რასაც სხვები შენს მერე დაინახავენ. ეს ერთგვარი თამაში იყო პატარა ბიჭისთვის.

სახლში ჯეი-სის ეძახდნენ - ორი სახელის პირველი ასოების მიხედვით. სკოლაში რომ მიიყვანეს, მასწავლებელს ბავშვის ჩუმად და მოკრძალებით ნათქვამი ჯეი-სი ჯესიდ მოესმა და ასეც ჩაწერა.

სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ჩარლი რილიმ უმალ შენიშნა, რომ ჯესის ბავშვის კვალობაზე ფენომენალური სისწრაფე ჰქონდა, ძალიან მოქნილი იყო და მოძრაობის ჩინებული კოორდინაცია გააჩნდა. რილიმ ჯესის მძლეოსნობით სერიოზულად დაკავება ურჩია და არც შემცდარა. 15 წლის ჯესი 100 მეტრს 10,8 წამში გარბოდა, სირგძეზე 7 მეტრზე ხტებოდა, სიმაღლეზე კი - 1,83 მეტრზე.

ჯესი ოუენი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო და ასეთი შედეგები ჰქონოდა, უმალ ვუნდერკინდად და მსოფლიო სპორტის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხავდნენ, მაგრამ ის ზანგი იყო, ზანგები კი ბავშვობაში ევროპელებზე სწრაფად ვითარდებიან. ამიტომ ამ შედეგების მიუხედავად, მის ვუნდერკინდად მოხსენიებას არავინ ჩქარობდა.

მოგვიანებით თავად დაწერა: "ჯერ კიდევ უმცროსი კლასებიდან მოყოლებული, ყოველდღე ვვარჯიშობდი. არასდროს ერთი დღეც არ ჩამიგდია. ჩემთვის ეს აუცილებელი იყო. მამაჩემი დღიური მუშა იყო, მე კი მსურდა, რაიმესთვის მიმეღწია, განათლება მიმეღო. ამაში სირბილი დამეხმარა. შეიძლება ითქვას, სირბილმა ხალხში გამომიყვანა."

საუკეთესო სპორტული შედეგების გამოისობით ის ოჰაიოს უნივერსიტეტში მიიღეს, სადაც იმ დროისთვის განთქმულმა მწვრთნელმა ლარი სნეიდერმა შეიფარა. უინივერსიტეტშიც, ისევე როგორც თავის დროზე სკოლაში, ჯესიმ მწვრთნელი თავისი შეუპოვრობით გააოცა. ლარი სნეიდერი იხსენებდა: "მისნაირი შრომისმოყვარე და დამჯერი მოსწავლე არასდროს მყოლია. სტადიონიდან თუ დარბაზიდან ძალით უნდა გამოგეგდო, თავისით ვარჯშის არ წყვეტდა."

1935 წლის 25 მაისს კი მოხდა ისეთი რამ, რაც არც მანამდე და არც მას მერე - აგერ უკვე 74 წელია - არ მომხდარა: მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ-არბორში ჩატარებულ "დიდი ათეულის" ტურნირზე ჯესი ოუენმა ერთ დღეს 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეოთხე გაიმეორა! დავაზუსტოთ: ეს ყველაფერი 45 წუთში შეძლო!

ახლა გავშიფროთ:

15.15 საათი: 100 იარდზე (91,44 მეტრი) სირბილში მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა - 9,4 წამი;

15.25 საათი: სიგრძეზე 8,13 მეტრზე გადახტა, რითაც ოლიმპიური ჩემპიონის იაპონელი ჩუხეი ნამბუს რეკორდი 15 სანტიმეტრით გააუმჯობესა;

15.45 საათი: 220 იარდზე სირბილში 20,3 წამი აჩვენა;

16.00 საათი: 220 იარდი ბარიერებით - 22,6 წამი.

ამ რეკორდებიდან უდიდესი კი სიგრძეზე ხტომაში დამყარებული გახლდათ. ჯესი ოუენი ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 8-მეტრიანი ზღვარი დასძლია და ეს რეკორდი მთელი 25 წელი ვერავინ დაამხო.

"რეკორდებზე არც მიფიქრია" - მოკრძალებულად თქვა ჯესი ოუენმა შეჯიბრის დასრულებისთანავე. პრესამ კი უმალ "შავ ელვად" მონათლა.

მეტი არც არაფერი რომ არ გაეკეთებინა, მსოფლიო სპორტის ისტორიაში მხოლოდ იმ ერთი დღის, უფრო სწორად, იმ 45 წუთის გამო შევიდოდა, მაგრამ ცხოვრების მთავარი ტრიუმფი წინ ჰქონდა. ბერლინის ოლიმპიადა ახლოვდებოდა, გერმანიას კი რასისტი ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი მართავდა.

ნაცისტები ბერლინის ოლმიპიურ თამაშებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებდნენ, რათა მსოფლიო თეთრი რასის უძლეველობაში დაერწმუნებინათ.

მიჩვეულები ვართ, რომ ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანას ყველაზე მრავალირიცხოვანი დელეგაცია ჰყავს და მსაჯებიც ოდნავი სიმპათიით არიან-ხოლმე მასპინძლების მიმართ განწყობილნი. ესეც რომ არა, გერმანელები ისედაც სპორტული ერია და შეჯიბრებებზე წარმატება მათგან არავის უკვირს.

ჰოდა, ადოლფ ჰიტლერი დიდი სიამოვნებით ადევნებდა თვალს ოლიმპიადას და არიელი სპორტსმენების გამარჯვებებით ტკბებოდა, რომლებმაც 89 მედალი მოიპოვეს (33 ოქრო, 26 ვერცხლი, 30 ბრინჯაო).

ფიურერს კმაყოფილი ღიმილი ჯესი ოუენის 100 მეტრზე გამარჯვებამ გაუქრო.

კვალიფიკაციაში ჯესიმ მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა- 10,3 წამი; მეოთხედფინალში გააუმჯობესა - 19,2 წამი; ნახევარფინალში 10,4 წამი აჩვენა და... გადაღლილს ჩაეძინა.

სად არის ჯესი. - შეშფოთებული კითხულობდნენ თანაგუნდელები და მწვრთნელები და დაეძებდნენ. წუთი წუთზე გარბენი იწყებოდა. იპოვეს და გააღვიძეს. ფინალი 10,3 წამით მოიგო.

ჰიტლერმა დემონსტრაციულად დატოვა სტადიონი.

მეორე დღეს შეჯიბრი სიგრძეზე ხტომასა და 200 მეტრზე სირბილში იყო.

კვალიფიკაციაში ოუენმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საღამოს კი ფინალები იყო.

სიგრძეზე ხტომაში ჯესი ოუენი 7,83 მეტრი შედეგით ლიდერობდა, როცა გერმანელი ლუც ლონგი, მართლაც ბრწყინვალე სპორტსმენი, 7,87-ზე გადახტა. სტადიონზე წარმოუდგენელი ჟრიამული ატყდა, ხარობდა ჰიტლერიც.

ოუენს კი ბოლო ცდა ჰქონდა.

8,06 მეტრი - ახალი ოლიმპიური რეკორდი, მეორე ოლიმპიური ოქრო და ადოლფ ჰიტლერი მეორედ გაცოფდა.

ერთ საათში ჯესმი ოუენმა 200 მეტრი მოიგო კიდევ ერთი ოლიმპიური რეკორდით (20,7წამი) და ჰიტლერის იდეოლოგიას მესამე ლახვარი ჩასცა.

მომდევნო დღეს კი ოუენმა მეოთხე ოქრო მოიგო ესტაფეტაში. (4ჩ100). ამერიკელებმა ფინალი 39,8 წამი შედეგით მოიგეს და ესეც ახალი მსოფლიო რეკორდი იყო, რომელმაც კიდევ 20 წელი გაძლო.

ოთხი ოქრო ერთ ოლიმპიადაზე - ფენომენალური შედეგი, რომლის გამეორებაც მძლეოსნებიდან მხოლოდ კარლ ლუისმა შეძლო ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე 1984 წელს. და თუ გახსოვთ, წინა "სარბიელის" ამავე რუბრიკაში გვეწერა, როგორ მივიდა პატარა კარლ ლუისთან რომელიღაც შეჯიბრის მერე ჭარმაგი კაცი, წარმატება უსურვა და რომ ის კაცი ჯესი ოუენი იყო...

და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა ჯესი ოუენი და რამდენ მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა, 23 წლისას სამოყვარულო სპორტიდან წასვლა რომ არ გადაეწყვიტა.

"მე მქონდა დიდება, სახელი, მაგრამ არ მქონდა ფული" - თქვა ერთხელ ოუენმა. ამიტომაც ათასგვარ კომერციულ შოუებში იღებდა მონაწილეობას. ეჯიბრებოდა ცხენებს, ძაღლებს, ერთხელ კენგურუსაც კი გაეჯიბრა სირბილში.

ფული დააგროვა და ბიზნესს მიჰყო ხელი. 1980 წელს გარდაიცვალა 66 წლისა.

ავტორი: გიორგი დარჯანია


კალენდარი
სექტემბერი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი