მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ძველით ახალი...

ორი ახალი წელი გვაქვს ქართველებს და ამ ორიდან რომელია ნამდვილი ახალი წელი ჩვენთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ახლით ახალ წელიწადს, მართლმადიდებლური წესით და რიგით, დიდი მარხვაა და რამეთუ ჩვენ, ქართველები, მართლმადიდებლები ვართ, უნდა ვმარხულობდეთ.
დიახ, უნდა ვმარხულობდეთ, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ვინ შეჭამა ამდენი გოჭი, ინდაური, ამდენი ქათამი? ამდენი ხინკალი, ამდენი საცივი, ამდენი ხაშლამა?
_ ყველა ხომ არ მარხულობს, კაცო? ვინც არ მარხულობს, იმათ შეჭამეს! _ შემომედავება ზოგი.
კი, ბატონო, ვინც არ მარხულობს, იმათ შეჭამეს, მაგრამ ამდენი?
როგორც ვთქვით, ახლით ახალ წელიწადს დიდი მარხვა ემთხვევა, დიდი მარხვის დროს კი ადამიანი მოკრძალებით, თავმდაბლად, მორიდებით უნდა ირჯებოდეს, ჩვენ კი რას ვაკეთებდით? _ ვმღეროდით, ვცეკვავდით, ყირაზე გადავდიოდით, ზარბაზნებს ვაქუხებდით, გრანდიოზულ კონცერტებს ვმართავდით, თუმცა ქრისტეს შობამდე ანუ დიდი სიხარულის დადგომამდე ჯერ კიდევ მთელი შვიდი დღე იყო დარჩენილი.
* * *
არ შეიძლება ერთდროულად ორი თარიღით, ორი განზომილებით ცხოვრობდე, ერთდროულად ორი სახე გქონდეს, ორი მრწამსი, ორი ზნე, ორი ადათი, ორი რწმენა.
ან აქეთ უნდა იყო, ან იქით...
გაორებული ადამიანი საშიშია, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, მერე კი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.
გაორება ერთს მივუმატოთ ერთი კი არაა, არამედ ერთი მთელის შუაზე გაყოფა და განახევრებაა.
ამიტომაც ვართ ნახევრად ქართველები, ნახევრად ევროპელები, ნახევრად კავკასიელები, ნახევრად დემოკრატები, ნახევრად ავტოკრატები, ნახევრად ქრისტიანები, ნახევრად წარმართები...
მიუხედავად იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და გამოცდილების ერი ვართ, ხანდახან მაინც მგონია, რომ ერად ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბებულვართ და ამიტომაც გვიჭირს ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს შექმნა.
გვიჭირსო, ვთქვი, მაგრამ ვატყობ, რომ ზმნა `გვიჭირს~ აშკარად უადგილოდ გამოვიყენე.
გვიჭირს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას ძალიან ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის, წვალობ, ჯახირობ და არ გამოგდის, მაგრამ მაინც არ ეშვები დასახული მიზნისკენ სვლას.
`ვარდების რევოლუციის~ შემდეგ საქართველო, მისი ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს ქართული სახელმწიფოს შექმნას და ამას არც მალავს.
_ საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით, _ ბრძანა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ძნელია იმის თქმა, ზუსტად რისი თქმა სურდა სააკაშვილს და როგორ წარმოუდგენია მას საქართველოს გაშვეიცარ-გასინგაპურება, თუმცა ამ მოსაზრებაში ერთი რამ ნათლად და თავისუფლად იკითხება: სააკაშვილს სურს საქართველოსგან შექმნას არა ძლიერი საქართველო, არამედ ახალი სინგაპურული ელემენტებით გაჯერებულ-განმტკიცებული სახელმწიფო, პირობითი სახელწოდებით `შვეიცარია~.
თუმცა რატომ მანცდამაინც შვეიცარია და არა, ვთქვათ, დანია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, მაროკო და სხვა ნებისმიერი სახელმწიფო?
როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის შვეიცარია და სინგაპური სიმდიდრის, მატერიალური და ეკონომიკური სიძლიერის სინონიმებია და აქცენტები ამ ორ სახელმწიფოზე სწორედ ამიტომ გაკეთდა. გამომდინარე აქედან კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილისთვის ანუ ზოგადად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთ და უმთავრეს პირობად მატერიალური კეთილდღეობა და ეკონომიკური სიძლიერე ითვლება და არა სულიერი ფასეულობანი და ის ეროვნული მნიშვნელობის ღირებულებები, რომელთა გარეშეც ერს ერი არ ეთქმის და სახელმწიფოს სახელმწიფო.
ბატონი სააკაშვილი ცდება, თუ მას მართლა სჯერა, რომ ის რასაც ის აშენებს, რაღაცით ჰგავს შვეიცარიას. ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შვეიცარია, რადგან ნეიტრალური სახელმწიფოა, საზღვრებმორღვეული, თავისუფალი და უკონტროლო სივრცეა, სადაც როგორც უნდა ისე შედის და გამოდის ყველა, ვისაც მოეპრიანება.
შვეიცარია ევროპულ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც უმკაცრესად იცავს თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
როგორც არაერთგზის გვითქვამს, სააკაშვილი ძველი საქართველოს ტერიტორიაზე ახალ შვეცარიას კი არ აშენებს, არამედ აშენებს დიდ `იარმარკას~, დიიიდ სუპერმარკეტს, დიიიდ ტურბაზას, დიიიდ სასტუმრო კომპლექსს, რომელსაც სახელმწიფოს ვერ დაარქმევ, თუნდაც იმიტომ რომ `იარმარკა~, სუპერმარკეტი, ტურბაზა, სასტუმრო კომპლექსი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო.
იმ უბედურებაში, რაც დღეს საქართველოს თავზე ტრიალებს, მარტო ხელისუფლებას ვერ დაადანაშაულებ.
უფრო მეტიც, თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით და გაავანალიზებთ იმ პროცესებს, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ მათი შემკვეთი თვითონ ხალხია, რომელიც თანდათანობით ჰკარგავს სახელმწიფოებრიობის შეგრძნებას და თანახმაა შეეგუოს ნებისმიერ პირობებს, ოღონდ მაძღრად იყოს.
ჩვენ დღეს აღშფოთებულნი ვართ იმ პოლიტიკოსთა საქციელით, რომლებიც ხელისუფლებასთან გარიგებასა და აღებ-მიცემობაში არიან ეჭვმიტანილნი, მაგრამ ნაკლებად გვაწუხებს ის ამბავი, რომ ამომრჩევლების სერიოზული ნაწილიც გარიგებასა და აღებ-მიცემობაშია ჩართული ხან ხელისუფლებასთან, ხან ოპოზიციასთან.
რა მნიშვნელობა აქვს 30 ლარად გაიყიდები თუ 2 მილიონად, უბედურება ისაა, რომ იყიდები, ფასთა შორის ასეთი დიდი სხვაობა კი იმითაა გამოწვეული, რომ ზოგი 30 ლარი ღირს მხოლოდ, ზოგიც 2 მილიონი...
* * *
ქართველები საქართველოდან გარბიან, ეს კი ზუსტად იგივეა, რაც ბრძოლის ველიდან გაქცევა.
იმის ნაცვლად, რომ აქ, ბრძოლის ველზე, თავგანწირვით იბრძოლონ ქართული სახელმწიფოს დასაცავად და გადასარჩენად, ისინი გარბიან და განსაცდელში ჩავარდნილ ქვეყანას ბედის ანაბარა სტოვებენ.
რა სახელმწიფოზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, იქ, სადაც 4 მილიონი ადამიანიდან მილიონნახევარი სამშობლოდან გარბის, ხოლო აქ დარჩენილთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმაზე ფიქრობს, როგორ გაყიდოს სარფიანად თავისი ხმა, თავისი ღირსება, თავისი პასუხისმგებლობა.
ერს ერი მაშინ ეთქმის, როცა მას კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია საკუთარი სახელმწიფოს და საერთო ეროვნული ინტერესების წინაშე.
_ ენა, მამული, სარწმუნოება _ აი, ეს სამი უმთავრესი ღირებულება დაგვისახელა დიდმა ილიამ, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გუფრთხილდე, თუ გინდა რომ სახელმწიფო გქონდეს.
ამ სამი ღირებულებიდან ჩვენ სამივეს ზურგი შევაქციეთ...
სხვა რა დარჩა ამ ქვეყანაზე ისეთი, რისთვისაც ღირს ბრძოლა, თავგანწირვა, სიკვდილი.
არც არაფერი!
ჰოდა, იმიტომაც გვიშენებენ სახელმწიფოს ნაცვლად დიდ თავლას, სადაც ბაგაზე უხვად იქნება დაყრილი ქერი და თივა.
რაც ვითხოვეთ, იმას გვიშენებენ, რაც გვსურს და რაზეც ვოცნებობთ, იმას გვპირდებიან.
***
7 იანვარს ანუ ძველი სტილით 25 დეკემბერს ახალი წლის დღეებში კარგად დანაყრებული, ჯერ კიდევ ბახუსგამოუნელებელი, ცეკვით, ჯამბაზობით ქანცგაცლილი ქართველობა დიდი ზარზეიმით მიდის ეკლესიაში, ღმერთი და კიდევ ერთმანეთი რომ დაარწმუნონ, მართლმადიდებლები ვართ და ქრისტიანობისთვის თავშეწირული ქვეყანაც ძალიან, ძალიან გვიყვარსო.
მივლენ, მოწიწებით გადაიწერენ პირჯვარს, ღვთისმსახურებს კალთაზე ეამბორებიან, მორჩილად დაიჩოქებენ და ლოცვას აღავლენენ.
თუ ამდენი მორწმუნე ჰყავს საქართველოს, მაშინ ვინ შეჭამა ამდენი გოჭი, ამდენი ინდაური, ამდენი ხაშლამა ამ დიდი მარხვის დროს?


ავტორი:  ვახტანგ ხარჩილავა


კალენდარი
აგვისტო  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი