მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
სად დაიკარგა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კომუნალური მომსახურების თანხები, თბილისის მერიაში თუ `ლიბერთი ბანკში~?

საქალაქო სატელეფონო საუბრები ფასიანი ხდება

ნაახალწლევს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობისათვის უამრავი `სიურპრიზი~ დაუგროვდა. სიხარულმა და მოულოდნელობამ ელდა იცის. ამიტომ ხელისუფლებაც ცდილობს, ნელ-ნელა შეაპაროს ხალხს ახალი ამბები. ისე, გულწრფელები თუ ვიქნებით, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ არც ამბებია სასიხარულო და აღარც მოსახლეობისათვის არის `სოციალური მაიმუნობები~ მოულოდნელი.
ვიდრე სამ მთავარ საკითხს შევეხებით, მცირე რეპლიკა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი საზოგადოების დაბოლებას `დიდი ეკონომიკური~ მიღწევებით. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მიზნის მიღწევის მთავარი საშუალება ტელესიუჟეტებია. ნაახალწლევის ერთი დიდი ტყუილი ასეთია: ყველა სახელისუფლებო არხმა ზურიკელას ბებიას ღადარში გამომცხვარი ჭადებივით ერთნაირი სიუჟეტი აჩვენა, სადაც საზოგადოებას ზარ-ზეიმით აცნობეს, რომ საქართველოს და განას აშშ-მ მილენიუმის პროგრამით ახალი ტრანშე გამოუყო. მსგავსი გრანტი, 400 მილიონი დოლარის ოდენობით, 6 წლის წინ უკვე მივიღეთ. ახლა რამდენი მილიონით გაგავბედნიერეს ამერიკელებმა, ამაზე არავის არაფერი უთქვამს. ფაქტს მოჰყვა შეფასებები და განმარტებები, რომ საქართველომ ეს წარმატება ეკონომიკური წარმატებებისთვის დაიმსახურა. როგორც გაირკვა, სინამდვილეში, აშშ-ში საუბარი იყო 2012 წლისთვის სავარაუდო გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელსაც იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ კარგად მოვიქცევით, ანუ გარკვეულ პირობებს შევასრულებთ. კონკრეტულად რას, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია. ერთი სიტყვით, თუ არ ვიცელქებთ, აუზში წყალსაც ჩაგვისხამენ და აღარ დაგვჭირდება ქუთაისელი ბავშვებივით სპორტულ დარბაზში ფეხზე დამდგრებს ცურვის სწავლა.

`სილქნეტი~ სატელეფონო საუბრებს აძვირებს, უფრო სწორად, ფასიან სასაუბრო დროს აწესებს

კომპანია `სილქნეტი~, რომელიც კომუნიკაციების ბაზარზე, ბევრ სეგმენტში უმეტეს წილებს აკონტროლებს, სატელეფო საუბრების არსებულ ტარიფებს არაადეკვადტურად მიიჩნევს და გადაწყვეტილი აქვს, ნაახალწლევს ეს ტარიფი გაზარდოს, უფრო სწორად, სატელეფონო საუბრები გააძვიროს.
კომპანიამ მსგავსი ღონისძიება ორი წლის წინ გაატარა, როცა სააბონენტო გადასახადების დიფერენცირება მოახდინა. ერთიანი ოთხლარიანი სააბონენტო გადასახადი და უფასო სასაუბრო დრო ორ ნაწილად გაყო. ოთხლარიანი პაკეტისთვის უფასო დარჩა ყოველთვიურად 100 წუთი, ხოლო შვიდლარიანი სასუბრო პაკეტისთვის უფასო იყო მთლიანი სასაუბრო დრო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმებოდა სხვა კომპანიასთან, ანუ `ახალ ქსელებთან~ დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში წუთი ორი თეთრი ღირდა. ბუნებრივია, მოსახლეობის უმეტესობამ ძვირი სააბონენტო გადასახადი და უფასო საუბრები აირჩია, რითაც კომპანიამ ირიბად, მაგრამ მიზანმიმართულად, ფაქტობრივად, უმტკივნეულოდ გააძვირა მომსახურება.
ახალი გადაწყვეტილებით, შვიდლარიანი პაკეტის მფლობელებს დაუწესდებათ შეზღუდული უფასო სასაუბრო დრო, სავარაუდოდ, დაახლოებით, 1000 წუთი ყოველთვიურად. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ნახევარ საათზე ოდნავ მეტი. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ყოველი ნალაპარაკევი წუთი 2 თეთრი ეღირება.
თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტელეფონი ქართველებისათვის კონტაქტის ყველაზე პოპულარული საშუალებაა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი შოკი იქნება საზოგადოებისათვის დღეში მხოლოდ უფასო ნახევარი საათი. დაგვრჩებიან ახლობლები და ნათესავ-მეგობრები მოსაკითხ-მოსასიყვარულები.

სად ვეძებოთ უფულოდ დარჩენილი მეორე ნახევარი?

_ შენც ნუ მოძებნი, _ იქნება ხელისუფლების პასუხი, _ რა შენი საქმეა, ვინ დარჩა უფულოდ და რატომ. რაღა დაგიმალოთ და, არის ჭეშმარიტების მარცვალი ამ პასუხში. მაგრამ რაკი უფულოდ დარჩენილების არმია ძალიან დიდია, ღირს თავის შეწუხებად.
ლაპარაკია სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელიც ყოველთვიურად ღებულობს 30-ლარიან დახმარებას. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ შეფასების ქულა 70 000 და ნაკლები, თბილისის მერია დამატებით უხდის ყოველწლიურ დანამატს კომუნალური გადასახადებისათვის, 95 ლარის ოდენობით. 2010 წელი ისე ჩათავდა, რომ ეს მუნიციპალური დანამატი დაუცველებს არ მიუღიათ.
შარშანდლამდე დანამატს მერია რიცხავდა `საქართველოს ბანკში~. წლის ბოლოსთვის მოხდა გადამისამართება და გადაწყდა, რომ როგორც სოციალური დახმარება, ისე კომუნალურიც უნდა ჩარიცხულიყო `ლიბერთი ბანკში~. 2010 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს ბევრ დაუცველს ეს თანხა არ ჰქონდა მიღებული. როგორც `ლიბერთი ბანკში~ განგვიმარტეს, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო თანხა, ხოლო მეორე ნაწილი ახალი წლის დადგომისას მიიღებდა. რა კრიტერიუმებით მოხდა პირველი და მეორე ნახევრების გაყოფა, ამ კითხვის პასუხი ორაზროვანია: ვისაც ჰქონდა `ლიბერთი ბანკის~ ბარათები, პირველ რიგში მათ დაერიცხათ თანხა.
ნაახალწლევს გასული წლის კუთვნილ დახმარებას ისევ ელოდებოდა უფულოდ დარჩენილი `მეორე ნახევარი~. სინამდვილეში რამდენმა მოქალაქემ მიიღო 95 ლარი და ვინ დარჩა უფულოდ, ჩვენთვის უცნობია, რადგან ამ მონაცემებს არც ბანკი იძლევა და არც მერია. ბანკი ისევ ადასტურებს, რომ თანხები ბოლომდე არ გაცემულა. გუშინდელი კომენტარით, თანხების მეორე ნაწილის ჩარიცხვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
როცა ბანკის მენეჯერს ვკითხე, რა ქნას ჩემმა მეზობელმა, რომელსაც ბარათი აქვს, მაგრამ ფული მაინც არ მიუღია, მეთქი, მიპასუხეს, კარგად შეამოწმეთ ბარათი, უნდა იყოს ჩარიცხულიო. ჩემი საბრალო მეზობელი ბარათის შემოწმების მეტს რას აკეთებს. დღე ერთია და ბანკომატთან ასჯერ მიდის, მაგრამ რაც არ არი არ არიო.
თბილისის მერიას გაგონებაც არ უნდა და აცხადებს, რომ მათ არავისთან წინა წლის დავალიანებები არ დარჩენიათ. სად დაიკარგა სოლიდური სოციალური თანხები, ბანკში თუ მერიაში, ძნელი გასარკვევია, რადგან სამართალდამცავების ჩარევის გარეშე, ჟურნალისტებისთვის რეალური ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ისევ ინფლაცია, მერე და როგორი?!
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ახალი წლის დადგომისას გავრცელდა, ინფლაციის მაჩვენებელმა 2010 წლის დეკემბერში 11%-ს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის დონე დეკემბერში 11.2%-ით განისაზღვრა. საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა 2010 წლის განმავლობაში ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ნოემბერში მიაღწია და 10,5% შეადგინა.
ახლა რაც შეეხება არაოფიციალურ მაჩვენებელს, რომელსაც ოფიციალურად მხოლოდ თვის ბოლოს დაითვლიან და თებერვალში გამოაქვეყნებენ. იანვარმა უკან ჩამოიტოვა 11,2 პროცენტი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ზევით წავიდა, რადგან ყველაზე სტაგნაციურ და `მკვდარ` პერიოდში, ნაახალწლევს ფასების კატასტროფული ზრდა დაიწყო. ორშაბათისთვის საბითუმო ცენტრებში ერთბაშად გაძვირდა შაქარი, ფქვილი, სხვადასხვა დასახელების მარგარინი, რძის ნაწარმი. როგორც მოვაჭრეებმა განგვიმარტეს, სხვა რაც უნდა გაძვირდეს, წელიწადის ამ პერიოდში არ შეიძლება მატულობდეს შაქრის ფასი. რა ხდება, ამის ახსნა ყველას უჭირს.
საშუალოდ 20-30 თეთრით გაძვირდა სიგარეტებიც. კომპანია `ომეგამ~ იმპორტირებული სიგარეტი 10 პროცენტით გააძვირა: თუ ორი დღის წინ სიგარეტი `პარლამენტი~ 3,50 ლარი ღირდა, დღეისთვის მისი ფასი 3,80 თეთრია. `ვინსტონის~ ფასი 1,80 ლარიდან ორამდე გაიზარდა. `კომეტის~ ფასი 1,40 ლარი იყო, გახდა 1,60. როგორც `ომეგაში~ განმარტავენ, ადგილობრივი წარმოების სიგარეტის გაძვირების შემდეგ სრულიად ლოგიკური იყო იმპორტირებული სიგარეტის გაძვირება.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე, დეკემბრის დასაწყისში 5-თეთრიანი გაძვირების შემდეგ, ფასები ჯერჯერობით, არ შეცვლილა. მაგრამ თუ მსოფლიოში ნავთობის გაძვირება გაგრძელდა, ფასებს ადგილობრივი დისტრიბუტორებიც შეცვლიან. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ვრცელდება ჭორი, რომ ლიტრი ბენზინი შეიძლება 3 ლარამდე გაძვირდეს. მისი თქმით, ფასმა, შესაძლოა, 5-10 თეთრით მოიმატოს, მაგრამ გამორიცხულია 3 ლარი გახდეს. დიზელის მოსალოდნელი გაძვირების გათვალისწინებით, შეიძლება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა უმნიშვნელოდ გაძვირდეს, მაგრამ ფასების საგრძნობი მომატების საფუძველი არ არსებობს.
ეს ვანო მთვრალაშვილისთვის არის გაძვირება უმნიშვნელო, თორემ სამარშრუტო ტაქსების ამბავი რომ ვიცით, 50 თეთრს დაამრგვალებენ და ლარი ისე გახდება, ვითომ არაფერი. ყველაფერი აქეტკენ მიდის: გაძვირებული საქალაქო ტრანსპორტი, საწვავი და მოსალოდნელი ტენდერი, რომელზეც `გამარჯვებულები~ გამარჯვებისთვის კარგა გვარიან ფულს გადაიხდიან. ამას დაუმატეთ ზოგადად ჰიპერინფლაცია და ყველაფერი ლოგიკური გახდება.
მძღოლებს კი აქვთ თავისი ლოგიკა, მაგრამ რა ეშველებათ რიგით მოქალაქეებს, თუნდაც ჩემს მეზობელს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ჰქვია, მაგრამ თანხას მეორე წელიწადია ელოდება. ან რა ქნან იმათ, ვისაც ეს სტატუსი არა აქვთ, მაგრამ არა ნაკლებად უჭირთ?! ამ ხელისუფლებისთვის ეს ყველაფერი რიტორიკული კითხვებია, რომელსაც პასუხის გაცემა არ სჭირდება.


ავტორი:  მანანა გეგიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი