მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
მწერალთა კავშირში სამი წლის წინათ დაწყებული დავა დიდ სკანდალში გადაიზარდა

მწერალთა კავშირში ძველი წლის მიწურულს დაწყებული გამგეობის სხდომა დიდი აურზაურით გაიხსნა. სხდომა თავიდანვე მუქარით დაიწყო, პოეტი ზაზა ქინქლაძე განრისხებული მივარდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს. ჯერ პასუხი მოსთხოვა ტელეფონებზე გადარეკვით რატომ დანიშნეთ გამგეობის სხდომაო, მერე პროკურატურაში ჩივილითაც დაიმუქრა და ბოლოს გამგეობის `საპატიო~ წევრებისთვის არც დედის გინება დაიშურა. გამგეობის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი დაუპატიჟებელი სტუმრის _ მურად ნებიერიძის ოთახიდან გასვლას მოითხოვდა, ბატონი მურადი კი სხდომის დატოვებას სულაც არ ჩქარობდა. აურზაურში პოეტი ირმა მებურიშვილი ჩაერია _ დებოშის ასატეხად მოიყვანა ოთარაშვილმა ეს კაცი. ძაღლები ვერ მოიყვანა ოთარაშვილმა და ადამიანებს აყეფებს აქ, ახლავე დატოვეთ სხდომა, _ არ ცხრებოდა მებურიშვილი. შეხლა-შემოხლა დასრულდა. ოთარაშვილის მოყვანილმა `ძაღლებმა~ სხდომა დატოვეს და ჯგუფი მუშაობას შეუდგა. სხდომის დატოვება შექნილი ვითარების გამო მეც მომიწია და ისღა დამრჩა სხდომა დიქტოფონზე ოდნავ მოღებული კარის ღრიჭოდან ჩამეწერა.
მოულოდნელად საკმაოდ ცნობილმა ქართველმა პოეტმა, გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, კარი ფართოდ გამოაღო და გაბრაზებულმა დაიყვირა _ სირზე მკიდია მწერლობა, სულ სირზე მკიდიხართ ყველანი, რა! დედა მოვტ...ან ამათი _ ამ სიტყვებით სხდომა დატოვა. გარეთ კი თავის აღშფოთებას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი არ მალავდა _ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, აქ ასეთი რაღაც არ უნდა მოხდეს _ დაქალმა და ძმაკაცმა შეჭამეს ერთმანეთი. აი, ეს ვერ გავიგე _ ვაჟამ ეს ყველაფერი იცოდა, რაც გაზეთში მაყვალას ჩამოუწერა და ხმას არ იღებდა? რაშია საქმე? ახლა მოუნდა სიმართლის თქმა თუ რა არის, გაუგებარია ეს. როცა 25 კაცი მიდის შენგან, არ შეიძლება შენ იყო მართალი! ვაჟას ვუთხარი დააბრუნე ეს ხალხი და მოგვარდება ყველაფერი-მეთქი, მან კი რა დაწერა, თქვენც იცით, გავოგნდი. თუ ეს მართალია, მაშინ ეს ქალი უნდა წავიდეს და თუ მოგონილია, მაშინ ვაჟა უნდა წავიდეს, თუ არადა, მე რა მინდა აქ, ვერ გავიგე. ჩემი დასმულია ვაჟაც და მაყვალაც, მე შემოვიყვანე ორივე მწერლობაში~. ამ დროს კვლავ მთავარი გმირი მურად ნებიერიძე მოგვიახლოვდა და მან და ბატონმა ჯანსუღმა ახლა უკვე მწერალთა კავშირის კედლებს მიღმა გააგრძელეს მტყუან-მართლის გარჩევა _ არ უნდა მაკადრო ეს, როგორ მითხარი _ შენ ხარ პოეტი და მე არაო, _ ტუქსავდა ჩარკვიანი ნებიერიძეს, ამასობაში კი სხდომის დარბაზში `ბრალდებული~ ოთარაშვილი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა. სხდომა დაძაბულად მიმდინარეობდა და კარს უკან კარგად ისმოდა ბრალდებები, რის გამოც ვაჟა ოთარაშვილს დირექტორად დატოვება _ არდატოვების საკითხი წყდებოდა. თუმცა ერთი შეხედვით აშკარა იყო, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი მხოლოდ ფორმალურად გაფორმებაღა იყო დარჩენილი. ჩემს წიგნში ბევრი კორექტურა იყო; სურათი არ გამომიქვეყნა; ჩემთვის წიგნი არ დაუბეჭდავს, შევარდნაძის გალანძღვის უფლება არ მომცა, _ გაისმოდა ბრალდებები. მაყვალას სადღეგრძელოები მოგვისმენია შენგან ვაჟა, ახლა რა მოხდა? _ იკითხა დავით ტაკიძემ. თავად თავმჯდომარემ ვაჟა ოთარაშვილს შესთავაზა _ შევრიგდეთ, გადადექი გამომცემლობა `ეროვნული მწერლობის~ დირექტორობიდან და გპირდები, ჩემს მოადგილედ დარჩები, ამ მხრივ არაფერი გემუქრებაო. თუმცა მან მოგვიანებით ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ დარღვევები დაფიქსირდება, მოადგილედაც ვეღარ დარჩება ოთარაშვილი.
ვაჟა ოთარაშვილმა სიტყვა შემდეგნაირად დაიწყო _ `გამომცემლობა `ეროვნულ მწერლობაში~ ჩემი სისხლი და ოფლი ჩავღვარე. მწერალთა კავშირში, დღემდე, როგორც თავმჯდომარეს, ხელფასი არ ამიღია. ჩნდება კითხვა _ თუ ჩემი კოლეგები შეურაცხყოფილნი არიან ჩემი ხისტი, უხეში ხასიათის გამო, რატომ არავინ ხმა არ ამოიღო იმ პუბლიკაციებზე, რომელიც `საქართველოს რესპუბლიკაში~ ჩემს წინააღმდეგ დაწერეს. ეს პიარ-კამპანია სპეციალურად აგორდა, რათა დღევანდელ დღემდე მისულიყო ეს ყველაფერი. 100-ზე მეტი მწერალთა კავშირის წევრების წიგნია გამოცმული.
აქ ვაჟა ოთარაშვილის გამგეობის წევრმა, პოეტმა ბაღათერ არაბულმა შეაწყვეტინა სიტყვა _ გამოსცემდი, აბა, რას იზამდი, მილიონი ლარი გქონდა.
ბაღათერ არაბულის მხრიდან ბევრი ბრალდება გაისმა ფინანსებთან დაკავშირებით, მათ შორის, დაისვა კითხვა, სად წავიდა 600 ათასი ლარი და სხვა თანხები.
ბრალდება გაისმა ზაურ კალანდიას მხრიდანაც _ ჩემი ძმა რა შუაშია, სახელი და გვარი ზაურ კალანდია გეპატარავება, რატომ არ გამოეცი ჩემი წიგნი.
_ არ მოგიტანია, ძმაო და რა უნდა გამომეცა _ იყო პასუხი.
_ ვინ დაუშვა ეს, რომ ერთმა კაცმა განკარგოს მილიონი? რატომ არის ასეთი გენიოსი ოთარაშვილი, რომ მას მილიონის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება აქვს? თუ დროზე არ გადადგები, 10 მაგდენი დაიწერება შენზე _ გაისმოდა დარბაზში. ვაჟა ოთარაშვილმა უპასუხოდ არც ერთი ბრალდება დატოვა. ბოლოს ოთარაშვილს ნერვებმა უმტყუნა და სიტყვა შემდეგი ფრაზით დაასრულა: როცა გიჭირდათ, მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი, მწერლთა კავშირის საქმეებზე სასამართლოზე დავრბოდი, არავის რომ არ გედარდებოდათ. ახლა თუ გავხდი ასეთი მონსტრი, კი, ბატონო, ჩემი თავი გენაცვალოთ, გდამირჩიეთ.
დასკვნითი სიტყვა მწერალმა, გამგეობის წევრმა რეზო მიშველაძემ წარმოსთქვა. როგორც მან აღნიშა _ ვაჟა მე ვერ დაგაბრალებ, რომფული შეჭამე, მაგრამ ეს არის სასამართლოს, პროკურატურის საქმე. საცოდავი 450 მწერლის ფულის შეჭმის უფლება არავის აქვს~.
მას შემდეგ, რაც ბატონმა რეზომ განმატა ვისი პრეროგატივაა ფულის შეჭმის გამოძიება, კონკრეტულ ბრალდებებზე გადავიდა _ 90 წლის კაცი ვასილ გვეტაძე ძლივს ავიდა კიბეზე და ტირილით ჩამოვიდა, ოთარაშვილი წიგნს არ მიბეჭდავსო.
საბოლოოდ ფარული კენჭისყრა დაინიშნა _ 20 წევრიდან 17-მა ვაჟა ოთარაშვილის გადაყენებას დაუჭირა მხარი.
სხდომის დასრულებისთანავე კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ვაჟას: ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ხელში ჩაიგდონ გამომცემლობა `ეროვნული მწერლობა~ და მისი ქონება, ესაა მიზანი. ეს დიდი ხნის წინ დაგემილი კამპანიაა. მაგათ ვაჩვენებ, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ თუ ვერა. არსებობს ორგანოები, რომლებიც გამოიკვლევენ, მართალი ვარ თუ მტყუანი. თუ დასაჭერი ვარ დამიჭირონ, თუ არა და ვინც დასაჭერია ის დაიჭირონ~.
ცხადია, გამომცემლობა `ეროვნული მწერლობის~ დირექტორის მოხსნით პრობლემა არ მოგვარებულა, უპასუხოდ დარჩა ყველა კითხვა და, მათ შორის მთავარი _ ვინ შეჭამა ფული. ეს კითხვა უკვე სამი წელია აწუხებს მწერლებს, თუმცა პასუხი ვერც დღეს მივიღეთ.
`საერთო გაზეთის~ ფურცლებზე მწერალთა კავშირში არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ შარშან, 2009 წელს ჩატარებული ყრილობის პერიოდში საუბრობდნენ მწერლები.
_ უნდა მოვითხოვოთ _ სტამბა მწერალთა კავშირში გადმოვიტანოთ, ის შენობა კი გაქირავდეს. რამდენადაც ვიცი, `მერანი~ 1 მლნ. 50 000 დოლარად გაიყიდა. ამ თანხის ნაწილი 150 ათასი _ საგადასახადოს ერგო, 900 ათასი დოლარიდან 450 ათასის ბედი, ასე თუ ისე, გარკვეულია, დანარჩენი სად წავიდა, არავინ იცის~, _ `საერთო გაზეთში~ აცხადებდა 2009 წლის ყრილობის დაწყებამდე ბაღათერ არაბული.
ფინანსებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას სხვა მწერლებიც გამოთქვამდნენ.
ნინო ქუთათელაძე, პოეტი: აუცილებლად უნდა შედგეს კომისია, რომელიც ამ ხელმძღვანელობის მიერ გახარჯულ ყველა კაპიკს დაითვლის.
კობა არაბული: _ ყრილობაზე, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დადგეს მათი კანდიდატურები.
ლალი ბრეგვაძე-კახიანი, პროზაიკოსი: _ დღევანდელ მწერალთა კავშირის მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართულ მწერლობას პატივი აჰყროდა. ეს ორგანიზაცია თავისი პატარა კლანის ინტერესებს ემსახურება. გაგვიყიდეს გამომცემლობა `მერანი~. ოთარაშვილი ერთპიროვნულად განკარგავს გამომცემლობის თანხებს.
შარლოტა კვანტალიანი: მაყვალა გონაშვილმა მოსკოვიდან ლიტერატურული ფონდის სახელით ფული ჩამოიტანა, დაახლოებით, 5 ათასამდე, როცა ფული მოსთხოვეს თქვა, რომ განვკარგე და შესაბამისი ქვითრები მაქვსო. ქვითრები მას მართლაც აქვს რესტორნებიდნ, სადაც უცხოელ სტუმრებს უმასპინძლდებოდა.
ზაურ კალანდია, პოეტი: ქალბატონო თავმჯდომარევ... მინდა თქვენსავით შეუვალი ვიყო დ უფრო კონკრეტული კითხვები დავსვა _ მოადგილემ და გამომცემლობის დირექტორმა ვაჟა ოთარაშვილმა გაყიდული `მერნის~ წილიდან, შარშან 278 ათასი ლარი რომ გადმოგირიცხათ, სად წავიდა და რაში გახარჯა?~
ამ ამონარიდებიდან, რაც `საერთო გაზეთის~ ფურცლებზე შარშან იბეჭდებოდა, თვალნათელია, რომ გაუგებრობები დღეს არ დაწყებულა, კითხვა _ სად წავიდა ფული _ უკვე რამდენიმე წელია გაისმის და ისევე უპასუხოდ რჩება, როგორც ეს ამჯერად მოხდა.
მართალია, ამ ეტაპზე ოთარაშვილი 4 შვილს იფიცებს, რომ ბრალი არაფერში მიუძღვის, სამაგიეროდ მის ფიცს ფიცითვე პასუხობს მაყვალა გონაშვილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იგი დოკუმენტებს `იფიცებს~.

გთავაზობთ ინტერვიუს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან მაყვალა გონაშვილთან.
_ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო მწერალთა კავშირისთვის. ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია ვართ. ძალიან გული მწყდება _ ვახტანგ ხარჩილავა, თქვენი რედაქტორი, ძალიან ნიჭიერი პოეტია, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ არ ვაქებ ვახოს, რომ გაზეთში დადებითად დაწეროთ ჩემზე. როცა მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ვახო ცოტა უფროსი იყო ჩემზე და მისი პირველი წიგნი იმ დროისთვის მოვლენა იყო, ახლაც მახსოვს მისი ლექსები. გულდასაწყვეტია, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ერთმანეთის საქმეები აღარ ვიცით, ვეღარ ვიგებთ იმიტომ, რომ პრობლემატური წლებია. ალბათ, ვახტანგ ხარჩილავამაც არ იცის, რამდენი რამ გაკეთდა ამ წლების მანძილზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერალთა კავშირში `ოქროს ფონდის~ შექმნა იყო ანუ ქართველ მწერალთა დოკუმენტური მასალები შევკრიბეთ, ანუ ვიდეო-არქივი გვაქვს, რაც ოჯახებიდან მოვიპოვეთ. 100-მდე ფირი გვაქვს, რაც მომავალი თაობისთვის განძია. როცა ჩვენს შენობაში დავბრუნდებით სპეციალურ ოთახს გამოვყოფთ, მოვიწვევთ ყველა ქართველ ბავშვს და ვაჩვენებთ, თუ როგორი იყვნენ რეალურ ცხოვრებაში დიდი მწერლები. ასევე წელს გვქონდა საინტერესო პროექტი `ბიბლიოთეკა ბორბლებზე~ _ შემოვიარეთ მთელი საქართველო ოთხი თვის მანძილზე. ასევე ჩავდივართ სხვადასხვა ქართულ სათვისტომოებთან. მაგალითად, საბერძნეთში, თურქეთში ვიყავით, მაგრამ რადგან ტელევიზიები არ აპიარებენ ამას, ყველაფერი დახურულ ვაკუუმში რჩება. გარდა ამისა, მერიის დახმარებით ყველა მწერალზე პოლისი გაიცა. კამილა კორინთელს ჩვენი დახმარებით თვალის სინათლე დავუბრუნეთ. პირადად ვიყავი მასპინძელი, ჩამოვიყვანეთ ამერიკის ყველაზე დიდი გამომცემლობის დირექტორი ჯონ ბრაიენი და ვაპირებთ ამერიკაში ქართული ანთოლოგიის გამოცემას. ასევე, საფრანგეთიდან გვსტუმობდნენ ყველაზე დიდი ფესტივალის ორგანიზატორი და ოთხი მწერალი, გამოიცა ორენოვანი _ ქართული და სომხური ანთოლოგია, ჩვენი მწერლები წასული იყვნენ უკრაინაში.
_ რასაც თქვენ ბრძანებთ, ამას ხომ საკმაოდ სოლიდური ფინანსები სჭირდება. როგორც აღნიშნეთ, სახელმწიფო სახსრები არ გაქვთ, აბა, რა სახსრებით დადიხართ თუნდაც საზღვარგარეთ?
_ როგორ გითხრათ. მაგალითად, მქონდა ასეთი შემთხვევა: უკრაინაში რომ ჩავედით, მაშინ ისე გვიჭირდა, უარი შევუთვალეთ. ძალიან კარგი ფესტივალი იყო _ მე და ვლადიმერ სარიშვილი წავედით _ `სიტყვები საზღვრების გარეშე~, თანხა აგვინაზღაურეს, გარდა გზის ფულისა. რადგან გამოდევნილი თავმჯდომარე ვიყავი და იმ დროს ორგანიზაციას ძალიან უჭირდა, შევიკავე თავი წასვლაზე. მათ გაიგეს, რომ ქუჩაში ვიყავით გამოგდებული და მხარდაჭერა შემოგვთავაზეს. პრეზიდენტსაც მისწერეს წერილი, ითხოვდნენ ქართველი მწერლებისთვის შენობა დაებრუნებინათ. არსებობს მერიის პროექტი, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირს დაუბრუნდეს მუდმივ მფლობელობაში. გვაქვს სარაჯიშვილისეული ნივთები, უნიკალური ქანდაკებები, ეს ნივთები აღარ იქნება ლუქდადებულ ოთახში, არამედ გამოიფინება, აღარავის გაუჩნდება ეჭვი _ ვინმემ რამე ხომ არ გაყიდაო.
ჩვენი ერთადერთი ქონება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ხელფასებს, ეს არის მაჩაბლის #1, რომელიც ჩემი მოსვლის პერიოდში რეგისტრირებული არ იყო და რეგისტრაციაში გავატარე დიდი ბრძოლის შემდეგ. იქ არის პოლიკლინიკა, რომელიც გაქირავებულია 1500 დოლარად, რომელიც, რა თქმა უნდა, 20 კაცს არ ეყოფა, მაგრამ ერთ თვეს თუ ხელფასს ვარიგებ, მეორე თვეს კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. ამ თვეში ხელფასი ავიღეთ, სამაგიეროდ, ტელეფონები გათიშული გვაქვს. ბენზინიც არ გვაქვს, თუ სადმე მივდივართ, ბენზინის ფულსაც გაჭირვებით ვშოულობთ, ძალიან ღარიბი ორგანიზაციაა მწერალთა კავშირი.
_ ქალბატონო მაყვალა, რამდენი წევრი ჰყავს ამჟამად თქვენს ორგანიზაციას?
_ 500 წევრი გვყავს. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან. თუ მომავალში შენობა ფუნქციურ დატვირთვას შეიძენს, მაშინ თანხები გამოთავისუფლდება და შევძლებ, მწერლებს, ვისაც უჭირს, მხარში ამოვუდგე.
_ მაგრამ ვაჟა ოთარაშვილი და ასევე ბევრი სხვა მწერალი რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას ითხოვს.
_ ყრილობა ნიშნავს, რომ მთელი საქართველოდან უნდა შეაწუხო ხალხი. თუ ჩვენ თვითონ არ დავანგრიეთ ეს ორგანიზაცია, პერსპექტივები დიდია. ორი დღის წინ კიდევ ჩავატარე გამგეობის სხდომა და გამომცემლობა `ეროვნული მწერლობის~ ახალი დირექტორი ავირჩიეთ.
20 კაციდან 17 თანახმა იყო ვაჟა ოთარაშვილი დირექტორის თანამდებობიდან წასულიყო, სამმა მომთხოვა მხოლოდ მისი დარჩენა თანამდებობაზე, მათ შორის, ერთი თვითონ იყო. კანონის მიხედვით ოთარაშვილი უკვე აღარ არის თავმჯდომარე.
_ თქვენ სხდომაზე, რომელზეც არ დამიშვით, მაგრამ მაინც გარკვევით გავიგონე _ ვაჟა ოთარაშვილს უთხარით _ გადადექი გამომცემლობა `ეროვნული მწერლობის~ დირექტორობიდან, სამაგიეროდ, დარჩები მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედო, ანუ თქვენს მოადგილედ.
_ ვაჟა ოთარაშვილი ამ თანამდებობაზე ყრილობის არჩეულია, მე მისი მოხსნის უფლება არ მაქვს. გამგეობას უფლება აქვს გამომცემლობის დირექტორი მოხსნას, მაგრამ იგი არ არის უფლებამოსილი მოხსნას მოადგილე.
_ გასაგებია, მაგრამ რამდენად კანონზომიერია, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ დარჩეს კაცი, რომელსაც გამგეობის სხდომაზე უმრავლესობამ დირექტორობიდან გათავისუფლების განაჩენი გამოუტანა?
_ მაშინ, პირდაპირ კანონში დევს, თუ დადგინდა, რომ მან მიაყენა მატერიალური ზიანი ორგანიზაციას მაშინ, ვეღარ იქნება ჩემი მოადგილე, თუკი დარღვევა იქნება.
_ თქვენ ამბობთ, თუკი დარღვევა იქნება, ანუ მის ბრალეულობებზე ჯერ დაზუსტებით საუბარი არ შეგიძლიათ. მაინც რა მიზეზით დაატოვებინეთ მას დირექტორის თანამდებობა?
_ ამ ეტაპზე ჩვეულებრივად, გამგეობის გადაწყვეტილება საკმარისია იმისათვის, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს. მოტივაცია ისაა, რომ გამომცემლობაში დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, ვაჟა ფიცხი ხასიათის არის, იგი უხეშად ექცეოდა თანამშრომლებს, რაც ორგანიზაციაში საშინელ არეულობას იწვევდა. ვაჟა ოთარაშვილი იმიტომ იყო დირექტორი, რომ იგი ენერგიული კაცია, მაგრამ მან თავისი თავისგან კერპი შექმნა, რომ თითქოს იგი გმირია, არსაკიძეა. ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლება დარჩენილიყო კარგად მწერალთა კავშირის ისტორიაში. ბრძოლა შეუძლია, ენერგიულია, მაგრამ მან არ იცის, რომ, როცა ანთოლოგიას აკეთებს, კომისია უნდა შექმნას. არ იცის, რომ როცა მწერლის წიგნს გამოსცემს, მას ეს წიგნი კი არ უნდა მიჰყიდოს, უნდა აჩუქოს. არ შეიძლება გაგექცეს 25 კაცი სამსახურიდან. ჩვენ არ ვხსნიდით ვაჟა ოთარაშვილს, ეს არც გვიფიქრია. შევიკრიბეთ რამდენიმე მწერალი და ვურჩიეთ დაებრუნებინა თანამშრომლები უკან და ბოდიში მოეხადა მათთვის. 24 კაცი ჰყავს გათავისუფლებული. ჩვენ ყველას დაბრუნებას არ ვთხოვდით. ვთხოვდით ტარიელ ხარხელაურზე, ზურაბ თორიასა და გულო კობიაშვილზე. ბოდიშის ნაცვლად დაწერა გაზეთში _ შურთ ჩემიო.
_ჯერ კიდევ 2009 წელს, როცა ყრილობა ჩატარდა, მწერლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დაკარგულ თანხებზე, რომელიც არსად ჩანს. ანუ ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. რა გახდა მიზეზი ამ თემის დღეს წამოწევის. თქვენ განაცხადეთ, რომ მონიტორინგის ჯგუფი და რევიზორი შეისწავლიან თანხებთან დაკავშირებულ საკითხებს. რატომ არ მოხდა აქამდე ამ საკითხის შესწავლა?
_ დღესაც კი არ ვიცი, არის თუ არა ეს პროკურატურის საკითხი. ამას გავიგებთ, როცა რევიზორი ყველაფერს გადაამოწმებს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ _ შეიძლება ძალიან მძიმედაც იყოს საქმე. ყოველთვის იყო ეს ეჭვები. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ გაირკვეს ეს საკითხი, ამიტომ ვითხოვ სარევიზიო კომისიას პლუს რევიზორს. ჯერ შესასწავლია, ამას ორი თვე დასჭირდება. ჯერჯერობით რაც მოხდა, ეს არის ერთი ადამიანის ხასიათის გამო.
20 მწერლის წერილი მაქვს ვაჟა ოთარაშვილზე ძალიან უარყოფითი, ყველა ყვება, რატომ არ უყვართ იგი. ვთხოვე, ეს წერილი არ დაებეჭდათ. სულ მრცხვენოდა 37-იანი წლების... როგორ შეიძლება მწერალმა მწერალი გაწიროს. თუ ვინმეს მართლა რამე აქვს წაღებული, მინდა თვითონ მოიტანონ. მწერლობისადმიც დაკარგეს რწმენა.
_ თქვენ საუბრობთ, რომ ვაჟა ოთარაშვილის ბრალდებების წინააღმდეგ დოკუმენტები გაქვთ, თუმცა, ბევრი მწერალი აცხადებს, რომ მათ ეს დოკუმენტები თვალით არ უნახავთ.
_ რევიზორი ხომ შეისწავლის, იგი ჩემი კაცი ხომ არ იქნება. ვთხოვ, ყველა მწერალს თუ რაიმე ეეჭვება, შეუძლია ნებისმიერი ქაღალდი, დოკუმენტი ნახოს და შეისწავლოს. მომხრე ვარ ყველაფერი იქნას შესწავლილი ჩემიც და სხვისიც. შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შედიან ბაღათერ არაბული, დავით ტაკიძე, ბადრი ქუთათელაძე, თავდიშვილი მურმანი. შვიდკაციანი ჯგუფია, რომლებიც რევიზორთან ერთად შეისწავლიან ყველაფერს.
_ მწერალთა კავშირშიც ეს ჯგუფი შეისწავლის ფინანსებს?
_ დიახ და ასევე რევიზორი. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, ეჭვით ნურაფერს დაწერენ, ეს ეჭვები ჩვენ, ყველას გვსვრის, ორგანიზაციას. გამომცემლობის დირექტორად პროფესიით იურისტი, ახალგაზრდა გენრი დოლიძე დავნიშნეთ. იგი არის ჩვენი წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული. ვფიქრობ, ეს ახალი ძალა სიახლეს შემოიტანს ორგანიზაციაში.
_ ყოფილი დირექტორს დავუბრუნდეთ. 24 კაცი არ შეიძლება გაგექცესო-ბრძანეთ. რამდენი ხანია რაც ეს პროცესი გრძელდება გამომცემლობაში?
_ სამი წელია გრძელდება ეს პროცესი. ყოველ თვეში მირბის ხალხი.
_ მაგრამ თუკი სამი წელია ეს ადამიანი თავისი რთული ხასიათის გამო პრობლემებს უქმნის თანამშრომლებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ იცის ელემენტარული, რომ ავტორს წიგნი უნდა აჩუქოს, როგორ გააჩერეთ ასეთი ადამიანი სამი წელი თანამდებობაზე, მას მისი რთული ხასიათი დღეს ხომ არ გამოუვლენია?
_ იმიტომ, რომ მეორე მხრივ, არის ენერგიული. როცა `მერანის~ წილზე იყო საუბარი, ამ კაცს ბრძოლის უნარი ჰქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ენერგია ბრძოლის დროს კარგია, მაგრამ სიმშვიდის დროს არ გამოიწვია კარგი შედეგი. არ მინდა წვლილი დავუკარგო _ მებრძოლი იყო, გრანტებიც მოიპოვა, ამიტომ იყო რთული ვაჟა ოთარაშვილის გათავისუფლება.
_ თქვენი სარევიზიო კომისია და რევიზორი ამ საკითხის შესწავლას სამი წლის შემდეგ იწყებენ. ვაჟა ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ თანხა სრულიად გადმორიცხა თქვენს ანგარიშზე. არის თუ არა ეს ასე და რას მოხმარდა აღნიშნული?
_ თანხა მთლიანად შეადგენდა 1.050.000-ს, აქედან 200 ათასი იყო საგადასახადო, 800 ათასიდან 400 ათასზე ცოტა მეტით ვიყიდეთ მხატვრის ქუჩაზე შენობა და ნახევარი დარჩა გამომცემლობას, რათა ემუშავა 3 წლის მანძილზე, ნახევარი გადმოირიცხა აქეთ, რომ ამ ორგნიზაციას სამი წლის მანძილზე თავი ერჩინა, 60 ათასი ლარი გადაირიცხა რეზო მიშველაძის `მწერლის გაზეთში~.
_ ბატონი რეზოს გაზეთი ხომ შპს-არის?
_ კი, შპს გახლავთ.
_ შპს-ს აქვს უფლება მწერალთა კავშირის კუთვნილი თანხა განკარგოს?
_ აი, მაგაზე კითხვა არის დასმული, რომ გამგეობაზე... რადგან მწერალთა კავშირს ემსახურებოდა, გამგეობამ გადაწყვიტა... ჩემთან რაც გადმოირიცხა, გითხარით და რაც არ გადმორიცხულა, სწორედ იმ თანხაზეა ახლა საუბარი, უნდა გაირკვეს რას მოხმარდა. კომისია გაარკვევს დარჩენილი თანხის წარმომავლობას. სწორედ ეს კითხვა დასვა გამგეობამ _ სად წავიდა ეს თანხა.
_ რაც შეეხება წიგნებს რომლებიც მწერალთა კავშირის გრიფით გამოდის, რატომ არ იბეჭდება ისინი გამომცემლობა `ეროვნულ მწერლობაში~ და რატომ ფუნქციონირებს მაჩაბლის #1-ში გამომცემლობა `დავითი~, რომელიც დაბალი პოლიგრაფიული ხარისხით ბეჭდავს წიგნებს?
_ იმიტომ, რომ `ეროვნულ მწერლობაში~ იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია და როცა ჩვენ ახალგაზრდების `მერანი~ შევიტანეთ იქ, სადაც დაგვიბეჭდა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნს სარჩევი აკლდა. უკან დააბრუნეს და ჩემთან აიკრიფა ტექსტი, იტირა ამ გოგომ _ მეორედ იქ აღარ დავბეჭდავ წიგნსო. იქ დაძაბული სიტუაცია იყო და არავის უხაროდა მისვლა. ვაჟას ჰყავდა მეგობარი ქალი, რომლის გამოც სულ ჩხუბი იყო, იმ ქალის ძმები მიდიოდნენ და ვაჟას სცემდნენ. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აღარ ჰგავდა მწერალთა ორგანიზაციას.
არასოდეს, მე რაც აქ ვარ, არ გამიკეთებია რაიმე საქმე კომისიის გარეშე. ისინი ფინანსებს ამოწმებენ. 15 ათასი ლარი გაიცა `მერნის~ გაყდვასთან დაკავშირებულ წევრეზე _ სოსო სიგუაზე, დავით ტაკიძეზე და ა.შ. ანუ კომისიის წევრები ფინანსურ საკითხებს ამოწმებენ, თან ზედაპირულად კი არა, ყოვედღიურად ამოწმებენ, დღეს რა დაიხარჯა.

თამარ შველიძე

პ.ს. სამი წლის მანძილზე მწერლების მიერ დასმულ შეკითხვებს _ პასუხი სავარაუდოდ კომისიის მუშაობის შემდეგ, ორ თვეში გაეცემა, ჩვენც კომენტარებისა და შეფასებებისგან კომისიის დასკვნამდე თავს შევიკავებთ.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი