რაც უფრო მეტად ვაკვირდები, `ნაცმოძრაობის~ და მისი ლიდერის ამხანაგ სააკაშვილის საქმიანობის სტილს, მით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ამხანაგი სტალინი ძალიან ნიჭიერი, ძალიან გონებაგამჭრიახი ვინმე იყო.
კი, მაგრამ რა კავშირშია ერთმანეთთან სტალინი და `ნაცმოძრაობა~, სტალინი და სააკაშვილი, _ გაიკვირვებს მავანი და მისი გაკვირვება გასაკვირი არც იქნება _ მართლაცდა, სად ერეკლე და სად დუდუკი?
დაუკვირვებლობის ბრალია ეს გაკვირვება, ჩემო იმანო, თორემ თქვენ რომ დაკვირვებული კაცი ბრძანდებოდეთ, არაფერსაც არ გაიკვირვებდით.
დიდი კაცი იყო სტალინი, ისეთი სისტემა დაგვიტოვა, დღემდე უკეთესი ვერვინ მოიფიქრა და ეს ჩვენი განათლებულზე განათლებული, ათასგვარ უცხოურ უნივერსიტეტებში შენარბენ-გამონარბენი ხელისუფლება, ეს დემოკრატიის ბრდღვიალა შუქურები, ისევ და ისევ სტალინის ნაანდერძევ-დანატოვარი სისტემით მართავენ ქვეყანას.
არ გჯერათ?!
აბა, დაკვირდით ამხანაგ სააკაშვილს _ ნამდვილი `გენსეკია~, ერთი კიტელი და გალიფე არ აცვია, თორემ გამოხოხებული `გენსეკია~,_ ზემოდან ქვემოთ, ქვემოთზე კიდევ უფრო ქვემოთ, მარტოკინა მართავს მთელ სახელმწიფოს _ არქიტექტორიც ის არის, `პრარაბიც~, კონცერტმეისტერიც, დირიჟორიც, ქორეოგრაფიც, ისტორიკოსიც...
ისიც ასე იყო, ის ცხონებული, მაგრამ ის, ამისგან განსხვავებით, მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალის დონეზე ერკვეოდა თითქმის ყველა დარგში.
კითხვა უყვარდა და იმიტომ!
ამას კითხვა არ უყვარს _ წიგნებს რომ ავი დავანებოთ, სულ ათიოდე გაზეთი გამოდის ამ ერთ ციცქნა საქართველოში და იმასაც არ კითხულობს.
ის ყველაფერს კითხულობდა, მათ შორის მშრომელთა წერილებსაც კი და, თქვენ წარმოიდგინეთ, პასუხსაც პირადად წერდა ხოლმე.
ის ყველაფერს კითხულობდა, რდგან უნდოდა, სცოდნოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა მის სახელმწიფოში.
ეს არაფერს არ კითხულობს, რადგან არ უნდა იცოდეს სინამდვილეში რა ხდება მის სახელმწიფოში.
ის რეალისტი იყო, ეს მეზღაპრეა _ თვითონ თხზავს ამ ზღაპრებს და თვითონვე სჯერა თავისივე ფანტაზიით შეთზხულისა.
როგორც გითხარით, დიდი კაცი იყო ამხანაგი სტალინი _ ხომ ხედავთ, დღესაც მისი დანატოვარი სისტემით ვცხოვრობთ _ პიონერიაც გვყავს, `კომსომოლა~ ახალგაზრდობაც და ნაცმოძრაობად წოდებული კომპარტიაც.
ერთი ისღა დაგვრჩენია, ამ უსახელო წყობილების სახელმწიფოს კვლავ თავისი ძველი სახელი _ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა დავარქვათ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
ორი და კიდევ ერთი...
ამასწინათ ორი ფრიად პატივცემული პირი სტუმრობდა ტელევიზიად წოდებულ აქუს წისქვილს.
საუბრის თემა ამჯერადაც ძალზე სერიოზული იყო _ რა უბედურება სჭირს საქართველოს და ვისი ბრალია ეს?
საუბრის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მაყურებელთა ერთ ნაწილს ეჭვი აშშ-ზე ჰქონდა, რომელიც, მათი აზრით, აქტიურად ერევა ქრთული სახელმწიფოს მართვაში და ფაქტობრივად, ანტიქართულ, ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებს ყველა მიმართულებით.
აშშ-ს სახელი გაიგონა თუ არა, ბატონი აქუ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამბრაზურასავით `გადაეფარა~ ეჭვმიტანილს და პატივცემულ სტუმრებს კვალიფიციური დახმარება სთხოვა.
ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, კვალიფიციურმა სტუმრებმა ზაზა ფირალიშვილმა და რამაზ საყვარელიძემ ისე არაკვალიფიციურად და ზერელედ სცადეს ეჭვიანი მაყურებლის ეჭვეს გაქარწყლება, ეჭვი გამიჩნდა, ესენი მართლა ასეთი არაკვალიფიციურები არიან თუ თავს ისულელებენ-მეთქი?
არაკვალიფიციურობა არ შეიძლება დანაშაულად ჩავუთვალოთ ადამიანს, მაგრამ თავის მოსულელება კი ნამდვილად დანაშაულია, მით უმეტეს, როცა საკითხი რაღაც ვიწრო პირადულ საქმეს კი არა ქვეყანას ეხება.
თავის მოსულელება იმას ნიშნავს, როცა ყველაფერი კარგად იცი, ყველაფერი კარგად გესმის, ყველაფერში კაგად ერკვევი, მაგრამ რაღაც მოსაზრებებით, თავს იბრიყვებ.
მომეჩვენა, რომ პირადად ჩემთვის აქამდე პატივსაცემი ეს ორი ადამიანი პარასკევ საღამოს აქუს წისქვილში თავს იბრიყვებდა.
საუბრის მანერაც ისეთი ჰქონდათ არჩეული _ რაღაც სალაღობო-საღადაო, ნახევრად სერიოზული, ცუდად შეფარული ცინიზმით შელამაზებულ-შეფერადებული.
_ რა ამერიკა, რისი ამერიკა, რა შუაშია ამერიკა, ყველაფერი ჩვენი ბრალია, ისიც კი ჩვენი ბრალია, ეს ხელისუფლება რომ ცუდად იქცევა... ჩვენ რომ კარგები ვიყოთ, ეს ხელისუფლებაც ძალიან კარგი იქნებაო _ ასეთი იყო ორი პატივცემულის საერთო აზრი, რომელსაც მესამე პატივცემულის, ბატონი აქუს თვითკმაყოფილი მთქნარებაც ერთვოდა ზედ დასტურის ნიშნად.
_ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკას შეიძლება დაელაპარაკო, რაღაცაზე დაითანხმო, რაღაც გააგებინო... მართალია, თავიდან კი არ დაბადებულა ამერიკა ასეთ კარგ ბიჭად, მაგრამ თანდათანობით მიხვდნენ, რომ ურთიერთობის ასეთი ფორმა სჯობიაო _ ბრძანა ფირალიშვილმა და საყვარელიძემაც მყის კვერი დაუკრა.
თუ მართლა ასეთი კარგი ბიჭია ეს ამერიკა, რაღა მაინცდამაინც ჩვენთან დაყრუვდა და დაბრმავდა, რომ ვერაფერი გავაგებინეთ, ვერაფერი დავანახეთ, ვერაფერი შევასმინეთ?
_ არჩევნებს გვიყალბებენ და გვიშველეთო _ შევღაღადებთ ამერიკას და _ ნოუ, ნოუ, რას ბრძანებთ, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, _ ამბობენ და ჯერ ხმის დათვლაც კი არ არის ხეირინად დამთავრებული და ესენი გამარჯვებას ულოცავენ გაყალბებაში ეჭვმიტანილს.
_ დიქტატორულ-ავტორიტარული რეჟიმია ბატონო, ჩვენთან და იქნებ დაგვეხმაროთო _ მოწიწებით და მორიდებით შევკადრებთ და_ საქართველო დემოკრატიის შუქურაა, თქვენთან ავტოკრატიას და დიქტატურას რა უნდაო _ გვპასუხობენ.
_ პოლიციური რეჟიმია, მედიასაშუალებები, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ყოველ ნაბიჯზე ილახება ადამიანის უფლებებიო _ ვგოდებთ, აგერ უკვე ექვსი წელიწადია, ამერიკელებს კი მაინც არაფერი არ ესმით.
_ კორუფცია მძვინვარებს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ბიზნესს არეკეტებენ და აშანტაჟებენ, გადასახადებს გვიძვირებენ, ტყავი გაგვაძვრეს და სული ამოგვხადესო _ ვიშვიშებთ და ისევ `არსაიდან ხმა, არსით ძახილი~...
_ ჩვენი ბრალია, აბა, რა... ჩინური რესტორანი `პიკასოც~, ამერიელებმა ხომ არ დაარქვეს, ჩვენ დავარქვით, _ ბრძანა ერთმა სტუმარმა და დანარჩენები გულიანად ახითხითდნენ.
რა გახითხითებთ, თქვენ, თქვე მართლა თავმოსულელებულნო, ქვეყანა თავზე ჩამოგვენგრა და თქვენ ხითხითებთ?
ჩინურ რესტორანს `პიკასო~ რომ ჰქვია, ის გაცინებთ და მელაანის ქუჩას ჯორჯ ბუშის ქუჩა რომ ჰქვია, ეგ არაა სასაცილო?
ამ ორმა პატივცემულმა და მესამემაც, არ შეიძლება არ იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვარდების რევოლუციიდან დღემდე სწორედ ამერიკელთა მხარდაჭერით, მათი წაქეზებით, მათი ინსტრუქციებით მოქმედებს და რომ არა ამერიკელთა პოლიტიკური ნება, ამ ხელისუფლებას დიდი ხის წინათ ექნებოდა ჩაილურის წყალი დალეული.
დიდი მეწისქვილე ბატონი აქუსგან, ზღაპრებით რომ ართობს საქართველოს, მორიგი ზღაპარი რა გასაკვირია, მაგრამ თქვენ, განათლებულო და წიგნიერო ადამიანებო, ბატონო რამაზ საყვარელიძევ და ბატონო ზაზა ფირალიშვილო, თქვენ რატომ იკადრეთ ეს და ასგზის მოტყუებულ საქართველოს ახალი ტყუილი როგორ შეჰბედეთ?
კი, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მართლაც ჩვენი ბრალია, მაგრამ არა ის, რომ ამერიკელთა და სხვა უცხოელთა მიერ ყოველმხრივ მხარდაჭერილ ძალას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჰქვია, ვერ მოვერიეთ.
კი, ბევრი რამ მართლაც ჩვენი ბრალია, მაგრამ არა ის, რომ მილიონებით და მილიარდებით დაფინანსებულ სიცრუის მანქანას ალიკაპი ვერ ამოვდეთ და ჩვენი მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა ვერ მოვაშლევინეთ.
საწყენი და სამწუხაროა, რომ პარასკევ საღამოს თქვენ, ბატონო ზაზა და ბატონო რამაზ, ამ სიცრუის მანქანის ჭანჭიკებად იქეცით და თქვენს ხალხს და სამშობლოს სიმართლე არ უთხარით.
თქვენგან გამიკვირდა, თორემ აქუბარდიასგან დიდი ხანია არაფერი მიკვირს!
რამაზ საყვარელიძეს გულმა ვერ მოუთმინა და ერთი სიმართლე მაინც თქვა: _ ვარდების რევოლუცია _ ეს იყო დამაცხება, ჩვენ კი როგორც გამარჯვება ისე ვიზეიმეთო.
ამ ერთმა ფრაზამ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც ამ ფრაზის წარმოთქმამდე და მის შემდეგ ითქვა.
ახლა ისღა დაგვრჩენია, ბოლოსდაბოლოს გავარკვიოთ, ვინ იყო ვარდების რევოლუციის ნამდვილი ავტორი, რომელმაც დამარცხება გამარჯვებასავით გვაზეიმა და იგივეს აკეთებს დღემდე, თითქოს სურს ზეიმების და დღესასწაულების ბანგისგან საერთოდ არ გამოვფხიზლდეთ, რომ რეალობა ვერ დავინახოთ.
ამ დატკბილულ-დაშაქრული გადაცემის კულიმინაცია მაინც რამაზ საყვარელიძის მიერ წამოყენებული იდეა იყო _ ნუ ვეჩხუბებით ამ ხელისუფლებას, გადადექი! გადადექი-ს კი ნუ ვეუბნებით, ვესაუბროთ და გავაგებინოთ, რა გვინდა და რა გვსურს მისგანო.
...მე მგონი, ნასვამები იყვნენ იმ საღამოს. ახალი წლის დღეებია მაინც და არ არის გასაკვირი.
აბა, ფხიზლები რომ ყოფილიყვნენ, ეს განათლებული და წიგნიერი კაცები ასეთ რაღაცებს ხომ არ იტყოდნენ?
`საერთო გაზეთი~















































































