მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
შევარდნაძის 30-წლიან მმართველობას ასწლიანი შევარდნაძიზმი არ უნდა მოჰჰყვეს

საქართველოს გადაარჩენს არა მთავრობა ან რომელიმე უცხო ქვეყანა, არამედ საქართველოს გადავარჩენთ ჩვენ - ქართველები

7 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, "ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიულ ფრონტსა" და თბილისელებს შორის ხელშეკრულების გაფორმების პრეზენტაციაზე, მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საპროგრამო სიტყვით მიმართა ამომრჩევლებს. გთავაზობთ ამ გამოსვლას მცირე შემოკლებით.

მიხეილ სააკაშვილი დპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი

ჩვენ დღეს აქ სერიოზული საქმისათვის შევიკრიბეთ. ჩვენ არ მოვსულვართ მხოლოდ იმისათვის, რათა მოვამზადოთ მორიგი საარჩევნო კამპანია. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მეათასეჯერ გამოვხატოთ უკმაყოფილება არსებული მდგომარეობით. ჩვენ არც იმისთვის მოვსულვართ, რომ შევაჯამოთ ჩვენი მუშაობა, რადგან ჯერ კიდევ ვიწყებთ ამ მუშაობას.

ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რათა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად გამოვაცხადოთ ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად გამოხატოს ჩვენი სამშობლოს თითოეული მოქალაქის ინტერესი სრულიად საქართველოში. იგი ეტყვის თითოეულ ქართველს: გეყო ცხვირის ჩამოშვება და უაზრო მოთქმა, გათავისუფლდი არასრულფასოვნების კომპლექსისაგან, ირწმუნე მომავლის და საკუთარი ხელებით მოიპოვე ის.

დღეს აქ მოსული თითოეული ადამიანი საუბრობს ათასის სახელით, ამ დარბაზში შეკრებილი რამდენიმე ათასი ქართველი საუბრობს რამდენიმე მილიონის სახელით.

წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტივი იყო პარტიების დაყოფა და დანაწევრება, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ატომების დონემდე დასვლა, გაუთავებელი პიროვნული ამბიციები და დაპირისპირებები. დღეს არა კონიუნქტურული მოსაზრებების, არამედ პირველად საერთო იდეოლოგიის, შეხედულებების საფუძველზე სხვადასხვა ძალების შეკავშირებით იქმნება სრულიად ახალი ტიპის გაერთიანება.

როდესაც შარშან ოქტომბერში მე კვლავ კენჭს ვიყრიდი პარლამენტში, დავდიოდი ქუჩა-ქუჩა და ვთხოვდი ჩემს ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ დაეჭირა ჩემთვის მხარი, ამჯერად არა როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, არამედ დამოუკიდებელი დეპუტატისთვის. ყოველთვის გამოითქმეოდა ეჭვი იმის გამო, შევძლებდი თუ არა მე, ცალკე აღებული დეპუტატი, პარლამენტის 235 წევრიდან ერთ-ერთი, რაიმე საქმის კეთებას.

მე ყოველთვის ვპასუხობდი, თუ ვაკელები მომცემდნენ ხმას იმისათვის, რომ მათი კორპუსის სახურავი შემეკეთებინა ან გაზი გამეყვანა, ეს პირველ ეტაპზე ფუჭი მოლოდინი იქნებოდა, ვინაიდან ოპოზიციაში ყოფნისას მე ვერ მექნებოდა ამისათვის აუცილებელი სახელისუფლებო ბერკეტები. მაგრამ მე მივდიოდი პარლამენტში სხვა მიზნით: მეპოვა იქ თანამოაზრეები, მათთან ერთად გავსულიყავით ხალხში, დაგვეწყო გაერთიანება. აქ, ამ დარბაზში მოსული თითოეული ადამიანი ამ დიდი ერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ ქვეყნის ყველა თავისუფალი ადამიანი ერთიანდება, რათა გავუხსნათ ყველა დანარჩენ თანამემამულეს გზა თავისუფალი აზროვნებისკენ.

საქართველოში იშლება ახალი მოძრაობა თავისუფლებისათვის. ჩვენ მოგვპარეს მთავარი - ჩვენი ოცნება, რომლითაც ვსაზრდოობდით დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შესაძლებლობას მისცემდა თითოეულ ქართველს ესუნთქა უფრო თავისუფლად, სრულად მოეხდინა თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია და გათავისუფლებულიყო სიცრუის ბატონობისგან. ამ ოცნებას, რომელსაც თითქმის ხელით შევეხეთ, ასრულება არ ეწერა. ჩვენი თაობა მზად იყო თავგანწირვისთვის 9 აპრილს, აფხაზეთში. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მისთვის თავგანწირული გმირები შეძლებდნენ ცხოვრებას.

1992 წელს განხორციელდა სრული ნომენკლატურული რევანში, რომლის შედეგად მმართველობის სადავეები დაგვიბრუნდა, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენში ვერ დამკვიდრდა თავისუფლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ვინ და რა უშლის ხელს ჩვენი ხალხის გათავისუფლებას.

დავიწყოთ პიროვნებებით.

ჩვენს თავისუფლებას დღეს ხელს უშლიან შევარდნაძე და აბაშიძე. ორივე საბჭოთა ნომენკლატურის ნაყოფია.

საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს დეკლარირებული ჰქინდა დემოკრატიული გზა და 90-იან წლებში გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო ამ გზაზე. თუმცა როგორც კი დემოკრატია შეუსაბამობაში მოვიდა მის პირად ძალაუფლებასთან, ინსტიტუციური მშენებლობის გაგრძელებას მან პირადი ძალაუფლების შენარჩუნება არჩია.

აბაშიძე თავიდანვე ადგა ფეოდალური ავტორიტარული რეჟიმის შექმნის გზას.

მთავარი, რაც მათ აერთიანებთ და რითიც ჩვენგან განსხვავდებიან, არის ის, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი, ყველაზე დაუშვებელი მეთოდითაც კი იბრძოლონ საკუთარი ხელისუფლებისათვის. ისინი მიუღებელი არიან იმავე მიზეზით, რის გამოც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სამშობლოზე მაღლა დააყენებს.

დღევანდელ პრეზიდენტს ჰქონდა შანსი, შეექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც დაეფუძნებოდა ინსტიტუტებს და თავად ეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარანტი. საერთოდ, დიდი ლიდერები იმით გამოირჩევიან, რომ იყენებენ თავიანთი ერების ძლიერ მხარეებს და მათზე აგებენ სახელმწიფოებრივ შენობას. შევარდნაძემ კარგად იცის ჩვენი ხასიათის სუსტი მხარეები, სიხარბე, შურიანობა, სახელმწიფოებრივი აზროვნების არქონა. ის სწორედ ამ სისუსტეებს იყენებს, თამაშობს მათზე. რამდენადაც ეს სქემა იდეალური იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკაში პოსტის შესანარჩუნებლად, იმდენად სრულიად უვარგისია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისას.

მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა პიროვნებებზე, არამედ იმაზე, თუ რა გვიშლის ხელს თავისუფლების მოპოვებაში, მათ შორის - ამ პიროვნებების გავლენიდან გათავისუფლებაში. პირველ რიგში ეს ჩვენი მონური ფსიქოლოგიაა. ჩვენ ჩაგვინერგეს აზრი, რომ შესაძლებელია ყველაფერი იმაზე უარესად იყოს, ვიდრე დღესაა. ჩვენ უნდა ვუთხრათ და დავუმტკიცოთ ხალხს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს ბევრად უკეთესად და იქნება უკეთესად, თუ გავერთიანდებით.

ჩვენ ხშირად გვესმის მოთქმა, რომ აღარ არიან ერისკაცები, მამულიშვილები, რომ აღარ დარჩნენ ავტორიტეტები, რომელთაც უნდა გავყვეთ. ამ სიცრუესაც იმიტომ გვახვევენ თავს, რომ შევეგუოთ დღევანდელობას, შევეგუოთ იმას, რომ სხვა იღებს ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას. გაიხედ-გამოიხედეთ, იქნებ თქვენს გვერდით არიან ეს ერისკაცები, თუ არ არიან, შენ თვითონ იყავი ასეთი ერისკაცი, იქნებ გამოგივიდეს, რატომაც არ უნდა სცადო?!

ჩვენ შეგვაჩვიეს იმას, რომ ყველაფერი პირობითი და ფარდობითია. ამას წინათ წავიკითხე ერთი პოეტის ინტერვიუ, რომელსაც საბჭოთა პერიოდში პრინციპული კაცის სახელი ჰქონდა. გამიკვირდა, მეწყინა, როცა ინტერვიუში ამოვიკითხე: სააკაშვილი პოლიტიკოსად არ ვარგა, მას დროზე ადრე მოუვიდა სიმართლის თქმა, ე. ი. დიპლომატია ღალატობსო. აი, ადამიანთა ასეთი ტიპი გამოიყვანა რეჟიმმა, რომელიც საქართველოში ბატონობდა. თურმე სიმართლე რაღაც ტაქტიკური იარაღია, რომელიც საჭირო დროს უნდა გამოაჩინო. მანამდე კი ჯავშანი შემოისხა და კუსავით თავშეყოფილი დაელოდო შენს დროს. თუ ასეთი აზროვნება ვერ მოვიშორეთ, შევარდნაძის 30-წლიან მმართველობას გარდაუვლად მოჰყვება ასწლიანი შევარდნაძიზმი, რომელიც საბოლოოდ დააკნინებს ქართულ გენს.

შევარდანაძეს მრავლად ჰყავს მემკვიდრენიც და მოსწავლეებიც. ისინი ამბობენ, რომ ქმნიან სამუშაო ადგილებს. ისინი ცრუობენ.

ისინი ამბობენ, რომ მთელი ბიზნესის დამცველები არიან. ისინი ცრუობენ. სწორედ მათ გამო ვერ ვითარდება ბიზნესი. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები ხელს უშლიან და ახლა მათ უნდა მართონ ქვეყანა. პოლიტიკოსია ყველა, ვინც კენჭს იყრის. ისინი ამბობენ, რომ აქამდე ხელშეწყობა აკლდათ და ითხოვენ ახალ პრივილეგიებს. ისინი თვალთმაქცობენ. მათ მთელი საქართველოს პრივატიზაცია რომც მოახდინონ, ვერ შეძლებენ ეკონომიკის ამუშავებას.

თუ ნომენკლატურულმა ოლიგარქებმა გაიმარჯვეს, ჩვენ გაფრთხილებთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები განწირული ვიქნებით სიღარიბისთვის.

ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ქვეყნის მართვის სისტემა საბოლოოდ მოიშლება და ქვეყანა დაქუცმაცდება, დეზინტეგრაცია გარდაუვალი გახდება.

ჩვენ გაფრთხილებთ, რომ, თუ ისინი გაიმარჯვებენ წესრიგი საბოლოოდ მოიშლება და ქუჩაში სიარული სახიფათო გახდება.

ჩვენ გაფრთხილებთ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში დანარჩენი მსოფლიო საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს საქართველოზე.

ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ჩვენი ქალაქები კიდევ უფრო დამახინჯდება უკანონო მშენებლობებით და ჩვენი ისტორიული ძეგლების მოსპობა გაგრძელდება.

თუ ისინი გაიმარჯვებენ, ჩვენ გაფრთხილებთ, რომ სჯობს ავად არასდროს გახდეთ, არ დაბერდეთ და არ დაუძლურდეთ, ვინაიდან თქვენი მომვლელი არავინ იქნება. თუ მათ გაიმარჯვეს სჯობს ახლავე დაუნათესავდეთ მმართველ კლანებს ან მოჯამაგირედ დაუდგეთ მათ.

ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მათ ვერ გაიმარჯვონ. ჩვენ ვქმნით პრინციპულად ახალი ტიპის ძალას, რომელიც უარს ამბობს სიცრუეზე.

ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ იმას, რასაც ვიფიქრებთ და ვიგულისხმებთ იმას, რასაც ვიტყვით.

მოდით, ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რისი კეთების წინააღმდეგი ვართ არამედ ვთქვათ ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.

დაე, ჩვენ გვლანძღონ, დაე, ტალახი გვასხან, ჩვენ მოწინააღმდეგეებისგან იმით განვსხვავდებით, რომ მათ საპასუხო ტალახს არ ვესვრით, ჩვენ მათ ვაჯობებთ კონსტრუქციული აზროვნებით, უნარით, მივიტანოთ თითოეულ ადამიანთან ჩვენი ნააზრევი.

რა არის ჩვენი ძალის უმთავრესი პრინციპები:

პირველი, ეს არის დემოკრატიულობა. საზოგადოება სტაბილური იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გრძნობს, რომ ხელისუფლებაში დემოკრატია ნიშნავს არა მხოლოდ არჩევნებს. არჩევნებით ყველაფერი ვერ მიიღწევა. საუკეთესო პრეზიდენტი, მთავრობა, საკრებულო ვერაფერს მიაღწევს ხალხის მონაწილეობის გარეშე. დემოკრატია ნიშნავს ერთდროულად თითოეული მოქალაქის მონაწილეობას და მის პასუხისმგებლობას. ჩვენი ხალხი ამას უკვე მიხვდა.

ახალციხეში წყლის უვარგისობის გამო ს ჰეპატიტით დაავადდნენ სკოლის მოსწავლეები. რვაასმა მშობელმა ერთდროულად შეიტანა სასამართლოში სარჩელი პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მათ შეძლეს პროცესის მოგება.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "ვაკის გონივრული განვითარების საზოგადოების" წევრებმა შეძლეს წყნეთის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეფარიძის მოხსნა, რომლის თვითნებობამაც ფაქტობრივად გააჩანაგა წყნეთის ტყეები.

მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმი. მისი განსხვავება პრიმიტიული ნაციონალიზმისაგან ისაა, რომ ჩვენ არ ვუპირისპირებთ ერთ ეთნიკურ ჯგუფს მეორეს, არამედ მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჯგუფის ან პიროვნების ინტერესები.

ჩვენი შემდეგი პრინციპია რეფორმატორობა და ამ მხრივ გვაქვს ფართო პოზიტიური გამოცდილება. რეფორმები არის სპეციალურ ვიწრო ინტერესებთან დაპირისპირება, სახალხოობა. ყველა რეფორმა უნდა იყოს ხალხისათვის. ჩვენთვის უცხოა პოპულიზმი.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი პრინციპია ევროპეიზმი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი ცრუ მედასავლეთეობისგან. დასავლური კურსი არ არის 150 ამერიკელი ინსტრუქტორის ჩამოყვანა. ესტონეთში, ჩეხეთში არ არიან ინსტრუქტორები, თუმცა არის ამერიკული ინვესტიციები. საქართველოში თითქმის არ არის ინვესტიციები, სამაგიეროდ, არიან ინსტრუქტორები. ამ მხრივ საქართველო ჰგავს იემენს და ავღანეთს და არ ჰგავს ჩეხეთს და ესტონეთს ან ნებისმიერ სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას.

მაგრამ მთავარია ინვესტიციები და არა ფასეულობები. მინდა შეგეკითხოთ: მაშინ, როცა დასავლეთის ორიენტაციაზე გვმოძღვრავდნენ ლევან მამალაძე და მედეა მეზვრიშვილი, გჯერათ თქვენ, რომ ჩვენ მართლაც ვადგევართ დასავლეთის ორიენტაციის კურსს?

აი, ეს არის ის პრინციპები, რომელთაც ეფუძნება ჩვენი ხედვა.

ჩვენ გვაქვს ხედვა და როდესაც მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ არ მივდივართ ხელისუფლების გულისთვის. ჩვენ გვქონდა ხელისუფლება და ნებაყოფლობით დავტოვეთ (ხელისუფლებაში იყვნენ რომან გოცირიძე და რევაზ შავიშვილი, ასევე მეც).

მე ძალიან მიყვარდა ჩემი სამინისტრო, მისი კოლექტივი, ვამაყობდი მისი მიღწევებით, ვამაყობდი იმით, რომ ერთ წელიწადში იუსტიციის სამინისტრო ვაქციე მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში სამაგალითოდ, რასაც ერთხმად აღნიშნავდნენ წამყვანი უცხოური გამოცემები. მაგრამ ყველა ამ შეფასებაზე და სუბიექტურ განცდაზე მაღლა მე დავაყენე ჩემი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და სინდისის წინაშე - ჩვენ არ მივიღეთ მთავრობაში დამკვიდრებული თამაშის წესები.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ მომავლის მემატიანეები გაიხსენებენ 2002 წელს, როგორც უმნიშვენელოვანესი შემობრუნების, ერისათვის რწმენის დაბრუნების დასაწყისს.

უახლოეს არჩევნებზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: უნდა გაგრძელდეს თუ არა კიდევ 3 წლით ჩვენს ქალაქებში და რაიონების დონეზე კლეპტოკრატიის მმართველობა.

მომავალ წელს უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: შევძლებთ თუ არა, დავუბრუნოთ ჩვენს ხალხს საკანონმდებლო ხელისუფლება.

ჩვენ ამას შევძლებთ. საქართველო გადარჩება. მას გადაარჩენს არა მთავრობა ან რომელიმე უცხოური სახელმწიფო, არამედ საქართველოს გადავარჩენთ ჩვენ - ქართველები.

ამ დარბაზში 2 ათასზე მეტი ასეთი ქართველია, ხვალ ჩვენი დარბაზი იქნება მთელი ქვეყანა. ამ დიდ დარბაზში დღეს ჩვენ გამოვდივართ თქვენს წინაშე, ხვალ თითოეული თქვენგანის აუდიტორია იქნება ათასი სხვა ქართველი. დღეს სიმართლეს ჩვენ ვეზიარებით. ხვალ ის საერთო მონაპოვარი უნდა გახდეს.

აქედან ჩვენ მივდივართ თავაწეულები, ბრძოლის წყურვილით და პასუხისმგებლობით განმსჭვალულები, ახალი ცოდნით შეიარაღებულები და რწმენით, რომ დავძლევთ სიცრუეს და დავიბრუნებთ საქართველოს.



კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი