მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
ოკუპანტები - გაცვეთილი რუსული ჩექმა საქართველოში: როდემდე გვეყოლება საქართველოში უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი

საქართველოში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს დღემდე აქვთ საოკუპაციო ჯარის სტატუსი, რომელიც მათ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მიანიჭა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეს ფაქტი თითქოს დაავიწყდა. რუსეთი კი სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ბოლომდე შესრულებას არ აპირებს და საოკუპაციო ჯარის საქართველოდან გაყვანას აჭიანურებს.

რუსეთთან სამხედრო ბაზების თაობაზე ნახევარი წლის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდა. თვის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მხარეები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. მას წინ უსწრებდა მოსკოვში აპრილის ბოლოს შემდგარი დიალოგი, რომელმაც საკმაოდ ჩუმად ჩაიარა და შედეგი არ მოჰყოლია. ალბათ, დიდ წინსვლად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთის ბაზებს საქართველოში სამხედრო თვალსაზრისით ერთი ფუნქციაღა დარჩათ: მათი დახმარებით რუსეთი ცდილობს, საქართველომ მოსკოვის მარწუხებს თავი ვერ დააღწიოს და დასავლეთთან, ნატოსთან დაახლოება ვერ შეძლოს. სსრკ-ს დროს კი საქართველოში განლაგებულ რუსულ ბაზებს თურქეთიდან მოსალოდნელი საფრთხის შეკავება ევალებოდა. თუმცა მაშინაც საკმაოდ მცირე შესაძლებლობები ჰქონდათ და მტერი, შემოჭრის შემთხვევაში, ერთი თუ ორი საათით უნდა შეეჩერებინათ. დღეს ადვილად გასაგებია, რომ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებს თურქების შეშინება აღარ შეუძლიათ. თანაც, საბჭოთა კავშირი დაიშალა და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და ანკარას გულთბილი ურთიერთობები არც ახლა აქვთ, მას მტრული მაინც არ ეთქმის.

დღეს რუსეთს საქართველოში ოდესღაც ძლევამოსილი წითელი არმიის საცოდავი ნარჩენებიღა დარჩა. გუდაუთიდან რუსული მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უმრავლესობის გაყვანამდე, მათ საქართველოში 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდათ. დღეს კი, რუსული პრესის მონაცემებით, გუდაუთის სამხედრო ბაზას 600 მედესანტე იცავს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, იქ სულ 300 ჯარისკაცია. შეიძლება, ამ ციფრს ის 600 "მშვიდობისმყოფელი" არც მივათვალოთ, რომლებიც გუდაუთაში ისვენებენ.

ამერიკის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, რუსებს ბათუმის ბაზაზე 41 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 76 ერთეული ქვემეხი დარჩათ. ახალქალაქში მათ აქვთ: ასევე 41 ტანკი, 38 ჯავშანტექნიკა და 64 ზარბაზანი. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს ოფიციალური მონაცემებია, მაგრამ იგი რეალურ სურათს მაინც ვერ ასახავს, რადგან სინამდვილეში რუსებს აქ შედარებით მეტი ტექნიკა აქვთ.

რუსებმა სტამბოლის სამიტით განსაზღვრულ ყოველგვარ ვადას გადააჭარბეს. უკანასკნელი შეხვედრისას ქართველებმა რუსებს შესთავაზეს პროგრამა, რომლის თანახმადაც, ბაზები 3 წელიწადში უნდა გაუქმდეს. "რეალურად, ამისთვის 2,8 წელიწადია საკმარისი, მაგრამ ჩვენ რუსებს ყოველი შემთხვევისთვის კიდევ 4 თვეს ვჩუქნით", - ამბობს თავდაცვის სამინისტროს ინფორმირებული წყარო.

რუსებისათვის ძვირფასი 14 წელიწადი

სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების დარღვევის წინაპირობა ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა მოსკოველმა პოლიტიკოსებმა თბილისელების დარწმუნება დაიწყეს, რომ ბაზების გასვლას 14 წელი სჭირდებოდა.

ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ილია კლებანოვმა 14-15 მაისს თბილისში ჩამოიტანა დოკუმენტი, სადაც რუსული მხარე 14-წლიან ვადას ასაბუთებდა. ამ გათვლის თანახმად, პერიოდი ორ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი საქართველოდან რუსეთში გასაყვანი სამხედრო ბაზებისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევას, მის შესწავლასა და პროექტის შემუშავებას გულისხმობს და იგი 4 წელიწადს გასტანს. მას ბაზის მშენებლობა უნდა მოჰყვეს, რასაც თითქმის 10 წელი სჭირდება. ხოლო თურმე ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებიდან ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და სხვა ქონების გატანა-ტრანსპორტირებას 8 წელი მოუნდება. ჯამში, მოსკოვმა მთელი ეს პროცესი 187,5 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა. ეს მაშინ, როცა რუსეთის მონაცემებით, გუდაუთის ბაზაზე მათ 1 623 სამხედრო მოსამსახურე, 112 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული არტილერია ჰქონდათ და 300 ჯარისკაცის გამოკლებით მათ გაყვანას სულ რამდენიმე თვე მოანდომეს.

"პირდაპირ სასაცილოა: რუსების თქმით, მათ 14 წელიწადი სჭირდებათ, რომ ისეთივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორც გერმანიიდან ჯარების გამოსვლის დროს ჰქონდათ. მაშინ ეს პროცესი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ბაზების განთავსებაში დიდი პრობლემები შეექმნათ. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთის არმია მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ იმხელა თავისუფალი ინფრასტრუქტურა აქვთ, რომ იქ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ბევრად მრავალრიცხოვან კონტინგენტს დაატევენ. რუსეთში არსებული ცარიელი ბაზების რემონტსა და კეთილმოწყობას არც 187 მილიონი დოლარი სჭირდება და არც 14 წელიწადი. ამისთვის 3 წელიც საკმარისია", - ამბობს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი.

გუდაუთის, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების ბედი

რუსებთან მომავალი მოლაპარაკებები სამი მიმართულებით წარიმართება: გუდაუთის ბაზის საბოლოოდ დასახურად, ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გასაუქმებლად და მათი დამხმარე 18 ობიექტის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად.

ამ მხრივ საინტერესოა გუდაუთის სამხედრო ბაზის ბედი. დღეს მას ერთადერთი ფუნქციაღა დარჩა: სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფების რეაბილიტაცია. რუსული მხარის განცხადებით, ბაზაზე 300-კაციანი კონტინგენტის ყოფნა აუცილებელია, რომ იგი უკონტოლო ფორმირებების - აფხაზების ხელში არ მოხვდეს. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.

"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზაზე უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურეა და იქ მძიმე ტექნიკის ის სახეობებიცაა, რომელიც "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ" ხელშეკრულებით იზღუდება. ამ დოკუმენტის თანახმად მონიტორინგის ჯგუფებმა მასთან მიერთებული ყველა სახელმწიფოს სამხედრო ნაწილები უნდა შეამოწმონ, რათა მათ შეიარაღებისთვის დაწესებულ კვოტებს არ გადააჭარბონ. ასეთი ჯგუფი კი გუდაუთაში არ ყოფილა. დოკუმენტით, მასპინძელი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მისი წევრები სამხედრო ნაწილის კარიბჭემდე უნდა მიაცილონ. გასაგებია, რომ თბილისი ამას ვერ ახერხებს, რუსები კი შემოწმებას გაურბიან", - ამბობს თავდაცვის სამინისტროს ინფორმირებული წყარო.

არანაკლებ საინტერესოა ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების ბედი. ორივე მათგანი თბილისზე ზეწოლის შესანიშნავი ბერკეტია. ბათუმის ბაზა ავტონომიის მეთაურს ასლან აბაშიძეს თბილისთან ჭიდილში ეხმარება, ჯავახელი სომხებით კი მოსკოვი თბილისს აშინებს. რუსულ პრესაში მოსკოველი პოლიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამუდმებით იწერება მუქარით სავსე სტატიები, რომ ახალქალაქის ბაზის დახურვას ჯავახეთის ამბოხება მოჰყვება. ამის ნიშნები რამდენჯერმე უკვე იყო კიდეც, როცა ექსტრემისტულად განწყობილ მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონის ავტონომია მოითხოვა.

ახალქალაქის ბაზა ჯავახეთში ეკონომიკურ ბერკეტებს ფლობს

ახალქალაქის ბაზის ფაქტორი ჯავახეთის ეკონომიკაზე მართლაც სერიოზულადაა მიბმული. იქ დასაქმებული სამხედრობის დიდი უმრავლესობა ჯავახელი სომეხია. რუსეთის ხელისუფლების სამსახურით ისინი ხელფასს იღებენ, რაც მათთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა. ამავე ბაზის დამსახურებით, ჯავახეთში ლარი კი არა - რუბლი ბრუნავს. ამდენად, სავსებით გასაგებია, რომ ახალქალაქის ბაზაზე დასაქმებულ ადგილობრივებს სამსახურის დაკარგვა არ სურთ, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი თავს საქართველოს მოქალაქედ არც მიიჩნევს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობას ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების პროგრამის შემუშავება ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაავალა. თუმცა ეს დოკუმენტი ჯერაც არ დაწერილა. პირიქით, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ იგი საიდუმლოა და ჯერაც ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშავდება.

სხვადასხვა რუსული სამხედრო ობიექტები საქართველოში

გარდა თავად ბაზებისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულია რუსეთის სხვადასხვა დანიშნულების მცირე სამხედრო ობიექტები, რომლებიც ბაზების ინფრასტრუქტურაში შედიან. რუსული მხარის მტკიცებით, მის გამგებლობაში მყოფი 18 ობიექტიდან უმეტესობა სამხედრო ბაზების ფუნქციობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რუსები მხოლოდ და მხოლოდ საგარეჯოს საწყობის გატანაზე თანხმდებიან. იქ საინჟინრო დანიშნულების დინამიტებისა და ნაღმების დიდი მარაგი ინახება. თავის დროზე მათ გატანას მატარებლების 18 ეშელონი სჭირდებოდა. ჯერ კიდევ რუსეთის თავდაცვის ექსმინისტრი სერგეევი ამბობდა, რომ ამ სამხედრო საწყობს ყურადღების მიქცევა სჭირდება, რადგან მას გარშემომყოფთათვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. რუსებმა მარაგის ნაწილი ვაზიანის სასროლეთზე ააფეთქეს, მაგრამ უმეტესი წილი საწყობებში ჯერაც ინახება. რუსები აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ნარჩენის გატანა უჭირთ. ამასთანავე, მისი საქართველოსთვის გადმოცემაც არ სურთ, რადგან 1992 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოსთვის სამხედრო დახმარებები აკრძალა. მთავრობის ეს გადაწყვეტილებები ჯერაც ძალაშია. საქართველოს ვაზიანის ბაზის დახურვის შემდეგ რუსებისგან არც ერთი ტყვია არ მიუღია.

თბილისი მოსკოვს დარჩენილი 17 ობიექტიდან ბაზებისთვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების შენარჩუნებას ჰპირდება მანამდე, ვიდრე რუსი სამხედროები საქართველოში იქნებიან. მათგან მნიშვნელოვანია თბილისში საბურთალოზე მდებარე სამხედრო შტაბი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ეღირსება. ამას გარდა, ქართველების წინადადებით, რუსებმა შეიძლება დაიტოვონ თბილისში მდებარე ჰოსპიტალი, ორი საწყობი, საბავშვო ბაღი ოფიცრების პატარებისთვის, გლდანში არსებული კავშირგაბმულობის ობიექტი და ხელვაჩაურის საწყობი.

ქართული მხარე რუსებს სთავაზობს, რომ მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ დიდუბეში მდებარე აბანოს, თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე სპორტული კომპლექსის, ავტოსარემონტო სახელოსნოსა და რედაქციის გამოყენების უფლებას დართავს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პირობით რუსებს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის წელიწადში 48-ჯერ უფასოდ გამოყენება შეუძლიათ. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში რუსებს იგი არც ერთხელ არ დასჭირვებიათ.

გარდა ამისა, ქართული მხარე უპირობოდ მოითხოვს მცხეთის მიწისქვეშა საკომანდო პუნქტის, კოჯრის რადიორეტლანსლატორის, თბილისის ტანკსარემონტო ქარხნის, ორი საწყობის, რამდენიმეოთახიანი ფართისა და ერთი პატარა ეზოს გადმოცემას.

რუსები დროს წელავენ და შესაძლებელია, იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში ვითარება ისევ მათ სასიკეთოდ შეიცვლება ანუ თბილისი პირს ისევ მოსკოვისკენ იბრუნებს და არც სომხეთში არსებული გიუმრის სამხედრო ბაზა აღმოჩნდება სამშობლოს მოწყვეტილი. გიუმრი კი ერევანს ანკარის შესაკავებლად მართლაც სჭირდება, რომელთანაც მას დღემდე მტრული ურთიერთობა აქვს.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს გამოცემული დადგენილების ადრესატი დღეს რუსეთის ჯარია, რადგან მოსკოვმა რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, რუსეთსვე დარჩა საბჭოთა კავშირის ქონება. 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის წინამდებარე დადგენილების პარალელურად გამოვიდა კანონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ და ქვეყანაში განლაგებულ რუსეთის ჯარს საბოლოოდ ჩამოშორდა საქართველოს "დამცველის" სახელი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ

ვინაიდან 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის - შეიარაღებული აგრესიის მთავარი ძალის მეოხებით, რომელიც დღემდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზეა და ემორჩილება მხოლოდ სსრკ-ს ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრკ-ს შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო სამხედრო ძალად.

2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე.

3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე სსრკ-ს წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ასსრ-ს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგანაც მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონებში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

აკაკი ასათიანი

თბილისი, 1991 წლის 15 სექტემბერი

რუსი სამშვიდობოები - ოკუპანტები ახალი სტატუსით და ძველი მისიით

აფხაზეთში რუსი სამშვიდობო ძალების გამოჩენიდან დღემდე 1700-მდე მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა

მირიან ლებანიძე

რუსეთმა აფხაზეთში სეპარატისტების დასაცავად სპეცრაზმების შეყვანა დაიწყო. უკანასკნელი ინფორმაციით, კოდორის ხეობის მისადგომებთან, ტყვარჩელის ტყეებში ღამ ღამობით რუსული სპეცდანიშნულების რაზმი მორიგეობს. რუსი ჯარისკაცები 5-6 კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილი და ტყის მასივებს აკონტროლებენ.

ჯერ კიდევ აპრილში აფხაზეთში რუსეთის შსს-ს თანამშრომლებით სავსე 3 ავტობუსი შეიყვანეს. გასულ წელს კოდორის ცნობილი მოვლენებისას ასევე მილიციის ავტობუსებით აფხაზეთში კრასნოდარის "ომონის" დაახლოებით 200-კაციანი ქვედანაყოფიც გადაისროლეს.

აფხაზეთის ავტონომიის მინისტრთა საბჭოს ინფორმაციით, ამჟამად სოხუმი-ოჩამჩირის გზის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა საგუშაგოები გახსნეს და იქ მძიმე ტექნიკას მოუყარეს თავი. სოფელ მერხეულთან საგუშაგოს ტ-80 ტიპის ერთი ტანკი იცავს. ტყვარჩელის გადასახვევთან კი ორი ტ-80 დგას. ანალოგიურად, მძიმე ტექნიკა დაფიქსირებულია კოდორის ხეობის მისადგომებთან: წებელდა-მერხეულთან, ლათასთან, აკარმარასა და "სახარნაია გალავა-სთან". ოჩამჩირის სამხედრო პორტსაც რუსები იცავენ.

თავად ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებას კი სეპარატისტთა მილიციისა და თავდაცვის ნაწილები აკონტროლებენ. ავტონომიის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მილიციის ქვედანაყოფებს ტყვარჩელში შესვლა ეკრძალებათ. ტყვარჩელის მაღაროებთან 5 ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი, 2 ამოუცნობი შვეულმფრენი და იარაღის დიდძალი მარაგია გადამალული. შვეულმფრენები აფხაზებს არა ჰყავთ, ამიტომ ისინი რუსებს უნდა ეკუთვნოდეთ. ტყვარჩელის სიმაღლეებზე აფხაზებმა არტილერია განალაგეს. პოზიციას დაახლოებით 350 კაცი, მათ შორის რუსები და ჩრდილოკავკასიელები იცავენ.

აფხაზები ტყვარჩელის გარდა, გულრიფშსა და გალი-ოჩამჩირის მონაკვეთებს ასევე რამდენიმე ასეული მებრძოლითა და ჯავშანტექნიკით იცავენ. სხვათა შორის, 12 აპრილს კოდორის ხეობიდან გასული მედესანტეებიც გულრიფშში, სოფელ წებელდაში მოხვდნენ. აქვე აფხაზი რეზერვისტებისა და მძიმე შეიარაღების კონცენტრაცია ხდება.

სოხუმსა და გაგრაში ჩრდილო კავკასიელებისა და კაზაკების რაზმები გამოჩნდნენ. ყუბანელი კაზაკები აფხაზებს თავიანთ სამსახურს ჯერ კიდევ თებერვალში შეჰპირდნენ. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან კიკნაძის ინფორმაციით, აფხაზებმა კოდორის ხეობაში სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტიდან საბრძოლო ტექნიკის შემკეთებელი სპეციალისტები და მედდები გაგზავნეს. ეს ყოველივე კი სამხედრო კამპანიის მზადებაზე უნდა მიანიშნებდეს.

როგორ აიარაღებენ რუსი სამშვიდობოები აფხაზ სეპარატისტებს

აფხაზები ამტკიცებენ, რომ საგუშაგოებზე განლაგებული ტ-80-ები მათ ეკუთვნით - ქართველებს ომის დროს წაართვეს. თუმცა, კიკნაძის განცხადებით, ეს სიცრუეა, რადგან ქართველების შეიარაღებაში ისინი არც ყოფილა და არც არის. ტ-80 რუსული ტანკების ერთ-ერთი ყველაზე უკანასკნელი მოდელია. ისინი აფხაზებს რუსებმა გადასცეს. რუსული ტექნიკა, ისევე, როგორც ცოცხალი ძალა, აფხაზეთში ძირითადად ღამ ღამობით შედის.

აფხაზების შეიარაღების ორი შესანიშნავი მეთოდი არსებობს: გუდაუთის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის გაყვანისას ისინი სეპარატისტების ხელში გადადიოდა. რუსებმა და აფხაზებმა საზენიტო დანადგარ "ბუგ"-ის გატაცება გაათამაშეს. შემდეგ სეპარატისტებმა იგი რუსებს თითქოსდა დაუბრუნეს. თუმცა, საბოლოოდ "ბუგ"-ი აფხაზებს მაინც შერჩათ. მათ სეპარატისტებს დამატებით ოთხი ზუ-23 ტიპის საზენიტო დანადგარიც გადასცეს.

ანალოგიურად, სამშვიდობო ძალების როტაციის მოტივით აფხაზეთში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა შედის. ბოლო დროს, მათ ნაცვლად უკანვე - რუსეთში არც ერთი სამხედრო შენაერთი არ გაუყვანიათ. იარაღის ნაწილი კი აფხაზების ხელში ხვდება.

აფხაზი მოკავშირეებისთვის იარაღის გადაცემის ყველაზე გამოცდილი და უმტკივნეულო გზა გაცვლაა: როტაციის დროს რუსებს სეპარატისტების ძველი ტექნიკა თან მიაქვთ, საკუთარს კი მათ უტოვებენ.

გალში სეპარატისტულ რეჟიმს სამშვიდობოები იცავენ

ზუგდიდის მოსაზღვრე გალის რაიონს აფხაზი სეპარატისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რადგან იქ რუსი სამშვიდობოები დგანან. საერთოდ, ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში 1 715 რუსი მშვიდობისმყოფელია. მათ შეიარაღებაშია: 133 ჯავშანმანქანა, 231 ავტომანქანა, 30 ნაღმმტყორცნი და 4 შვეულმფრენი - 2 მი-24 და 2 მი-8. სამშვიდობოების მესამედი გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ისვენებს. რუსებს სულ 24 საგუშაგო აქვთ. მათგან ერთი - 106-ე კოდორის ხეობაშია დისლოცირებული. დაახლოებით 600-600 კაცი კი ენგურის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს იცავს.

საინტერესოა რუსი სამშვიდობოების განლაგების სქემა, რომელიც რუკაზეა მოცემული. ამ 23 საგუშაგოს თითქმის 1200 კაცი აკონტროლებს. თითოეულ მათგანს თითო ან ორ-ორი ჯავშანტრანსპორტიორი იცავს. "გინდა არ გინდა, ე. წ. სამშვიდობო ძალები სასაზღვრო ჯარად იქცა", - ამბობს გენერალი დულა აბაშიძე, რომელიც 1994 წლის სექტემბერიდან ზუსტად ერთი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის სარდალი იყო, მანამდე კი 1992 წლის დეკემბრიდან 1993 წლის ივლისამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ასევე თბილისს წარმოადგენდა.

მას ლევან კიკნაძეც ეთანხმება: "რა თქმა უნდა, ასეა. სამშვიდობოები აფხაზებსა და მათ მხარდამჭერებს იცავენ და არა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. ამას მტკიცებაც არ სჭირდება: ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ფაქტი ყოფილა, რომ სეპარატისტებს სამშვიდობო ძალების საგუშაგოს ახლოს გალელები გაუძარცვავთ და დაუხოცავთ, მათ კი რეაგირება არ მოუხდენიათ".

რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოების განლაგება ისეა შერჩეული, რომ ისინი თითქმის მთელ გალს აკონტროლებენ. მოსახლეობის დარბევა კი წლების განმავლობაში სწორედ ამ ზონაში ხდებოდა. 1994 წლიდან - სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში გამოჩენის დღიდან კი იქ 1700-მდე მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა.

აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი: როცა 11 აპრილს რუსეთის სამშვიდობო ძალები კოდორის ხეობაში შეიჭრნენ, თავიანთი სვლა 102-ე საგუშაგოს აღდგენის სურვილით დაასაბუთეს. არადა, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რუკიდან ჩანს, რომ 102-ე საგუშაგო კოდორში კი არა - ქალაქ გალთანაა.

გალის რაიონს აფხაზური მილიცია, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები აკონტროლებენ. ისინი გასამხედროებული სტრუქტურებია. ამგვარად, აფხაზური მხარე 1994 წლის მაისში ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას ფორმალურად იცავს, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების 12-კილომეტრიან ზოლში თავდაცვის სამინისტროს ნაწილებისა და მძიმე ტექნიკის შეყვანა იკრძალება.

"თავისთავად ის ფაქტიც კი, რომ რუსებმა ენგურზე აფხაზი მესაზღვრეები დაუშვეს, ნიშნავს, რომ საზღვარს თავადაც აღიარებენ", - მიაჩნია კიკნაძეს.

აფხაზები ძირითადად რუსულ საგუშაგოებთან მორიგეობენ - მარტო დარჩენისა ეშინიათ. მათ ენგურის გასწვრივ ზოგიერთი მონაკვეთი დანაღმეს კიდეც. კიკნაძის ინფორმაციით, გალში აფხაზების ძირითადი დამრტყმელი ძალა ვალმერ ბუტბას 50-70-კაციანი სპეცრაზმია. მასში აფხაზების გარდა, რუსები და ჩრდილოკავკასიელები ირიცხებიან. ისინი სამხედრო საქმეს რუსეთში დაეუფლნენ. რაზმი რუსების დამსახურებით კარგად აღჭურვილი და მომზადებულია. ქვედანაყოფს სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქცია ეკისრება: რაიონის ნებისმიერ წერტილში დაუყოვნებლივ მისვლა და პრობლემის აღმოფხვრა. თავისთავად ცხადია, იგი ძირითადად, ქართველი პარტიზანების წინაღმდეგ საბრძოლველადაა გათვლილი.

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სეპარატისტები ენგურის გასწვრივ თავდაცვით სისტემებს ქმნიან: სანგრებს თხრიან, ბლინდაჟებსა და საცეცხლე წერტილებს აკეთებენ. თუკი თბილისი ოდესმე რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან წასვლას ოფიციალურად მოითხოვს, აფხაზებს მათ გაყვანამდე ენგურის ძირფესვიანად გამაგრების შესაძლებლობა ყოველთვის ექნებათ. მეორე საკითხია, მათ საამისოდ ფული, ტექნიკა და განსაკუთრებით კი მუშახელი თუ ეყოლებათ. დღეს აფხაზეთი ყველაზე მეტად ადამიანების რესურსების ნაკლებობას განიცდის.

სამშვიდობოები თუ დამპყრობლები?

"აშკარად ჩანს, რომ აფხაზეთში სამშვიდობოები თავიანთ საქმეს აკეთებენ და აფხაზებს კი მხოლოდ შირმად იყენებენ. ჩემს დროს რუსები უფრო შეფარვით მოქმედებდნენ. ფაქტობრივად, რუსების მხრიდან ჩვენი ტერიტორიის ანექსია ხდება", - ამბობს გენერალი აბაშიძე.

იგი იხსენებს დროს, როცა რუსეთის სამშვიდობო ძალებს გენერალი იაკუშევი სარდლობდა. ექს-თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძესა და იაკუშევს ახლო ურთიერთობები ჰქონდათ. ნადიბაიძე ყოფილ ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანთან ერთად იაკუშევთან შესახვედრად ზუგდიდში ხშირად დადიოდა. იაკუშევი ნადიბაიძის თხოვნას ყოველთვის თანხმდებოდა, მაგრამ თავდაცვის ძველ მინისტრს საკმაოდ მოკრძალებული პრეტენზიები ჰქონდა.

"შესაძლებელია, იაკუშევს მართლაც გულით სურდა, ჩვენთვისაც რაიმე გაეკეთებინა, მაგრამ იგი არძინბაზე ძლიერ იყო დამოკიდებული. შესაძლებელია, ეს იმანაც განაპირობა, რომ სამშვიდობოების შტაბი სოხუმშია. ქართველებს შტაბის ზუგდიდში ან შედარებით ნეიტრალურ გალში გადმოტანა გვსურდა, მაგრამ იაკუშევი სამშვიდობო შეთანხმებას იშველიებდა და ამბობდა, ამ დოკუმენტის თანახმად, შტაბი სოხუმში უნდა მქონდესო. უბრალოდ, მას იქიდან წამოსვლა არ სურდა. იაკუშევი არძინბათი აღფრთოვანებული იყო. მას ძალიან კარგად ახასიათებდა: ნაკითხიაო, მცოდნეაო. არძინბასადმი ემოციებით იყო სავსე. აფხაზებს თუ უთანაგრძნობდა? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ცდილობდა, ეს არ შეემჩნია. იაკუშევი ძალიან ემოციური პიროვნება იყო. სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცეოდა, მით უმეტეს, თუ ას გრამს დალევდა. ჩემს მხარზე რამდენჯერმე უტირია კიდეც, რომ საქმე არ გამოსდიოდა. ალბათ, გახსოვთ, რომ დევნილების გამოსვლები მაშინაც იყო. ეს სარდალზე ძალიან მოქმედებდა", - ამბობს გენერალი აბაშიძე.

რუსი ყველგან რუსია

აბაშიძე ჯერ კიდევ ცხინვალში, საქართველოს მხრიდან სამშვიდობო ძალების სარდლად მსახურობდა: "ჩვენ მაშინ ძალიან გვიჭირდა. ნაცნობობითა და თხოვნით რუსი მეთაურები ცოტაოდენ ტყვია-წამალს გვაძლევდნენ, ოსებს კი ამარაგებდნენ და წვრთნიდნენ. იქაც და აფხაზეთშიც დაბალი რგოლის სამხედროებს მიაჩნდათ, რომ ჩაგრულ ოს და აფხაზ ხალხებს ეხმარებოდნენ. მათ პოლიტიკისა არაფერი ესმოდათ", - აცხადებს გენერალი აბაშიძე.

აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის მეამბოხე რეგიონში სამმხრივი ერთობლივი საკონტროლო კომისია მუშაობს. სამაჩაბლოში ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსეთის თითო ბატალიონები მსახურობენ. მათი საერთო სარდალი რუსია. ესეც თავისას მეტყველებს: რეალურად, ქართველებს ერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან უხდებათ ჭიდილი.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: როგორც 2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის ბოლომდე ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის სარდალი, გენერალი თენგიზ შუბლაძე ამბობს, დროთა განმავლობაში მანდატი თვითნებურად შეიცვალა. ჩრდილოეთ ოსეთი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბატალიონს თანამემამულე რეზერვისტებისგან უნდა აკომპლექტებდეს. ამ დროს კი, ჩრდილო ოსურ სამშვიდობო ძალებში "სამხრეთელები" მსახურობენ და არგუმენტიც აქვთ - ისინი ვლადიკავკაზში არიან ჩაწერილი.

ცხინვალში სულ 10 საგუშაგოა - 3 ქართული, 3 რუსული და 4 ოსური. ქართველები ქართულ სოფლებში დგანან, ოსები - ოსურში, ხოლო რუსები ეთნიკურად შერეულ დასახლებებს აკონტროლებენ.

"ძალიან ყოჩაღი უნდა იყო, რომ იქ ქართველმა სარდალმა შენი გაიტანო. თუ სამმხრივი სამშვიდობო ძალების მეთაურს მაგრად არ დაუდექი, რასაც უნდა, იმას გაგაკეთებინებს. მას, რაღა თქმა უნდა, სურს, რომ ზურგზე მოგაჯდეს. არადა, ფიქტიური ძალაუფლება აქვს: ქართველი სარდალი თბილისისათვის მიუღებელ ბრძანებას არ შეასრულებს და მორჩა", - აცხადებს გენერალი შუბლაძე.

ფაქტები სამშვიდობო ძალების ნამდვილ არსზე მეტყველებენ. თბილისში პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად წლების განმავლობაში გაჰკივიან, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები და სამხედრო ბაზები საოკუპაციო ჯარები არიან. თუმცა ჯერაც არ ჰყოფნით ძალა, საქართველო მათგან გაწმინდონ.

ავტორი: მირიან ლებანიძე


კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი