მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-05-13
რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან ომის გამოცხადება: საქართველო-რუსეთის ცივი ომი და გაბრა ზებული პოლიტიკოსების ცხელ-ცხელი განცხადებები

საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება თანდათან რთულდება. ორივე ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეები მკვეთრ განცხადებებსა თუ შეფასებებს არ ერიდებიან და ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ. მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამგვარი დამოკიდებულების უკან იკვეთება წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ დაგროვილი უნდობლობა, რომელიც ზედმეტად ემოციურ აგრესიულობასა და ძალის დემონსტრირების სურვილში გადადის. ძალის დემონსტრირებიდან ომამდე კი ერთი ნაბიჯია.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არის საკვანძო საკითხები, რომელიც მოსკოვის მუდმივი ყურადღების ქვეშაა მოქცეული. სამხედრო ბაზები, პანკისის ხეობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები რუსეთისათვის მეტისმეტად მგრძნობიარე თემებია. საკმარისია ამ პრობლემების გარშემო საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯი გადადგას, რუსეთი მაშინვე ხედავს თავისი ინტერესების შელახვას, მერე იწყება მოსკოვიდან თითის ქნევა, რაც დროდადრო სახიფათო ინციდენტებში გადადის.

როგორ განვითარდებოდა მოვლენები კოდორში თევზაძეს ცეცხლის გახსნის ბრძანება რომ გაეცა

ცოტა ხნის წინ კოდორის ხეობაში რუსეთის მედესანტეების გადასხმის ფაქტი სახელისუფლო სტრუქტურებისათვის სერიოზული განსჯის საგანი უნდა გამხდარიყო. გავიდა თვეზე მეტი, მაგრამ შესაბამისი შეფასებები ოფიციალურ დონეზე გაკეთებული არ არის. 12 აპრილი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ინციდენტთა გრძელ სიას შეეხება.

დასკვნები გამოტანილი არ არის, მაშასადამე, კიდევ ახალ შემთხვევას უნდა ველოდოთ.

კოდორში რუსი სამხედროების მოქმედებას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ ქართული მხრიდანაც არანაკლები თავშეუკავებელი აგრესიულობა გამოჩნდა. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის მკვეთრმა, მუქარით შეზავებულმა განცხადებამ, რომ რუსების შეუთანხმებელი გადაადგილების შემთხვევაში ცეცხლი გაიხსნებოდა, ინციდენტს ძალისმიერი გადაწყვეტის საშიშროება შეუქმნა.

რა მოჰყვებოდა ქართველი სამხედროების ასეთ მოქმედებას? ბრძანების შესრულება საქართველოსათვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. რუსული მედესანტეების ეკიპირება, შეიარაღება და საბრძოლო მასალის მარაგი (როგორც იტყობინებოდნენ, 5 ტონა ტყვია-წამალი ჰქონდათ) მათ ქართველების ალყისათვის გარკვეული დროის მანძილზე გაძლების საშუალებას აძლევდა. ეს დრო საკმარისი იქნებოდა გუდაუთიდან დამხმარე ძალების გადმოსროლისათვის. ამავე დროს რუსული საბრძოლო შვეულმფრენები ხეობის ფერდობზე გამაგრებულ ქართულ რაზმებს ცეცხლს გაუხსნიდნენ, რასაც ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები მოჰყვებოდა. ამასობაში რუსები მოახერხებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქიდან მოიერიშე თვითმფრინავების შემოყვანას და ხეობის დაბომბვას. ამით კოდორის ხეობის ბედი გადაწყდებოდა და მას რუსულ-აფხაზური ქვედანაყოფები დაიკავებდნენ. რუსები შეტაკებას სამშვიდობო ძალებზე ბოევიკების თავდასხმად წარმოადგენდნენ, რადგან 2 აპრილის შეთანხმებით, ხეობაში ქართული არმიის ნაწილები, წესით, არ უნდა ყოფილიყო. თუმცა თევზაძის ბრძანებით გამოჩნდებოდა, რომ იქ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ჯერ კიდევ არიან.

არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარე: როგორ შეაფასებდა მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ თანამეგობრობის მანდატით მოქმედი რუსი ცისფერჩაფხუტიანების ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული შეტაკებით გაძევების მცდელობას. ამ ფაქტს აუცილებლად მოჰყვებოდა დიდი რეზონანსი და ეჭვქვეშ დადგებოდა შიდა პრობლემების დარეგულირებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ აფიშირებული სამშვიდობო პოლიტიკა.

გამორიცხული არ არის, რომ რუსი სამხედროები მოვლენების სწორედ ასეთ განვითარებას გეგმავდნენ.

საქართველოს კანონმდებლობა და პროვოკაცია რუსულად

შეიძლება თუ არა, რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებას აგრესიის კვალიფიკაცია მიეცეს?

კლასიკური გაგებით აგრესია ნიშნავს ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოყენებას მეორე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

საქართველოს კანონით სამხედრო დოქტრინის შესახებ საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი სტრატეგიული დანიშნულებაა: "დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, არ მისცეს პოტენციურ მოწინააღმდეგეს აგრესიის განხორციელების საშუალება".

საქართველოს კანონში თავდაცვის შესახებ ნათქვამია: "სამხედრო ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება".

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ბრძანებით მოქმედი სამშვიდობო ძალების დესანტი, საქართველოს ხელისუფლებისა და გაეროს წარმომადგენლობასთან შეუთანხმებლად სამშვიდობო პოსტის აღდგენას ცდილობდა. ასეთ შემთხვევაში რამდენად საფუძვლიანი იქნებოდა სამშვიდობო ძალების თვითნებობის აღსაკვეთად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალისმიერი მეთოდების გამოყენება? ხომ არ იგეგმებოდა სამშვიდობო ოპერაციის ფორმით შენიღბული პროვოკაცია, რომლითაც რუსებს ქართველი სამხედროების პროვოცირება სურდათ და ამას ნაწილობრივ კიდევ მიაღწიეს. ქართველი სამხედროების საბრძოლო განცხადებების ცეცხლის გახსნამდე მიყვანას ბევრი არაფერი უკლდა, თუმცა მოსალოდნელ შედეგებზე მაშინ არავინ ფიქრობდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

27 მარტს ოჩამჩირის რაიონში 4 აფეთქება მოხდა, რომელიც მოსკოვმა და სეპარატისტულმა სოხუმმა ქართული სპეცსამსახურების ნამოქმედარად გამოაცხადა. მეორე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში მდგომარეობის გართულება საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გატანის ვადებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე გავლენას მოახდენდა.

ავტორი: თემურ ჩაჩანიძე


კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი