მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
"პატრიარქს იმდენად დიდი მოთმინება აქვს, არავის ცუდ ნათქვამს არ ჰყვება, სიტყვას არავის უბრუნებს": 25 დეკემბერი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

ზუსტად 25 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საეკლესიო სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს უწმინდესი და უნეტარესი ილია ||. პატრიარქად კურთხევისას უწმინდესი მხოლოდ 44 წლის იყო. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველ წელიწადს 25 დეკემბერს საზეიმოდ აღნიშნავს პატრიარქის აღსაყდრების, ანუ ინტრონიზაციის დღეს. მალე მართლმადიდებელი ქართველები თავიანთი სულიერი მწყემსმთავრის დაბადების 70 წლისთავსაც აღნიშნავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია || გარდა იმისა, რომ საქართველოს სულიერი მწყემსმთავარია და მრავალი სხვა ადამიანური ნიჭითაა დაჯილდოებული, ის შესანიშნავად ერკვევა მხატვრობასა და ხატწერაში. დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არსებობს წმ. თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თვით პატრიარქმა მოხატა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი: "და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა" (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა, ქართლის ცხოვრება ||, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" გვ.47).

დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: "... მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა" (ქართლის ცხოვრება, ||, 1973, გვ. 129).

ხოლო იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო, აუცილებლად კარის ეკლესიაც იქნებოდა. გადმოცემის მიხედვით, იგი თანამედროვე ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე უნდა მდგარიყო. დღევანდელი ეკლესია 1884 წელს არის აშენებული, სადაც მანამდე თაღჩამონგრეული ტაძარი იდგა.

"ახალი ვერსია" ესაუბრა დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის დეკანოზს სვიმონ ნუცუბიძესა და ეკლესიის გამგებელს თაისი ტორონჯაძეს, რომელიც პატრიარქის მიერ ეკლესიის კედლის მოხატვის თვითმხილველი იყო.

თაისი ტორონჯაძე: ჩვენი ტაძარი ფრესკებით შეამკო მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ. 1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მოეწყო მხატვრის ესკიზების განხილვა, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდა მისი უწმინდესობაც. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში ხატავდა შურა ბანძელაძე.

როდესაც შურა ბანძელაძემ ტაძრის ზედა ნაწილი ხარაჩოებზე მოხატა და ქვემოთ ჩამოვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი სურვილით ერთი ფრესკა დაეხატა. ამის უფლება მას მინიჭებული ჰქონდა. ერთ ფრესკაში მან საკუთარი თავი გადმოსცა ბერის სამოსში (უწმინდესმა ის ბერად აკურთხა), თითქოს ხელთუქმნელ ხატთან დგას და მაცხოვარი აკურთხებს. გუმბათის მოხატვის შემდეგ მან განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმინდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ უწმინდესისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი ხშირად დადიოდა პატრიარქთან და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, თანდათან ერკვეოდა კანონიკური მხატვრობის წესებში. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა. ამბობდნენ, ჯერ პატრიარქი ცოცხალია და რატომ უნდა დახატოო, მაგრამ შურა ბანძელაძე პასუხობდა, ადრე თუ გვიან მაინც ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან, ხოლო ფრესკა დარჩებაო.

ამის შემდეგ ალექსანდრე ბანძელაძემ უწმინდესს სთხოვა, ერთი ფრესკა თქვენ მოხატეთო, სწორედ იმ ადგილის გვერდით, სადაც პატრიაქის პორტრეტია დახატული. პატრიარქი თავდაპირველად უარზე იდგა, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უწმინდესი, როგორც იქნა, დავითანხმეთ. პატრიარქი ფრესკაზე თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. მან ხატვა გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დაასრულა. როდესაც უწმინდესი თავისუფალ დროს ნახავდა, მოდიოდა და ხატავდა. შურას მისთვის საღებავები მიჰქონდა, პატრიარქი კი თავად აზავებდა ერთმანეთში.

უწმინდესის მიერ მოხატული წმ. თამარ მეფის ფრესკა ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან დიდი რამაა. როდესაც პატრიარქმა კედლის მოხატვა დაიწყო, ჩვენ ყველანი სიხარულით ვუყურებდით. მოვიყვანე ფოტოგრაფიც. პატრიარქის მუშაობის პროცესი კინოფირზე "კინომემატიანემაც" გადაიღო. პატრიარქი დიდი სიამოვნებითა და ღიმილით ხატავდა. ალექსანდრე ბანძელაძეს ეუბნებოდა: მე ისე ვერ მოვხატავ, როგორც შენ ხატავო. მხატვარი პატრიარქს სთხოვდა: მოხატეთ, როგორც შეგიძლიათ, ისე კარგად ხატავთ, თავადაც არ იცითო.

- ტაძრის მოხატვისას წირვა-ლოცვა თუ მიმდინარეობდა.

თაისი ტორონჯაძე: რა თქმა უნდა. უბრალოდ, ხარაჩოები იდგა, მაგრამ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. უწმინდესმა დეკანოზს სთხოვა, ლოცვა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთო.

- მრევლს რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქის ასეთ ამპლუაში დანახვაზე.

- ხალხი პატრიარქის მუშაობას თვალ-ყურს ადევნებდა და ძალიან უხაროდა. ზოგჯერ სპეციალურად ამის საყურებლად მოდიოდნენ. უწმინდესი წირვა-ლოცვის შემდეგ მოდიოდა ხოლმე. როგორც კი ადამიანები შეიტყობდნენ, პატრიარქი აქ არისო, მოდიოდნენ და უყურებდნენ. ამიტომ ტაძარი თითქმის სულ სავსე იყო, სანამ პატრიარქმა მოხატვა არ დაამთავრა.

მამა სვიმონი: უწმინდესის მადლი და სიყვარული ჩვენს ტაძარში სუფევს, თავისი შრომა და ნიჭი მან რეალურად დაგვანახა. მას დიდ ლოცვასთან ერთად დიდი მხატვრობაც შეუძლია. საოცრად დიდსულოვანი ადამიანია, რომელიც უძღვება ერსაც და ბერსაც.

- ძალიან ბევრ ტაძარში ალბათ სანთლების უხარისხობის გამო ფრესკები ძალიან მუქდება. მამაო სვიმონ, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ფრესკები გაფუჭდება.

დეკანოზი სვიმონი: ამ საქმეში დიდად არა ვარ გარკვეული, მაგრამ ვიცი, რომ სანთელს (მნიშვნელობა არა აქვს, ის პარაფინისაა თუ თაფლის) აალება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზომით პატარებია. დიდუბის პატარა ეკლესიაში ძალიან დიდი მრევლი დადის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფრესკები მუქდება სანთლის ალისგან და ბოლისგან. ამისათვის საჭიროა ფრესკების გაწმენდა. არსებობს სპეციალური ხსნარი, რომლითაც ის იწმინდება. როგორც ადამიანს ჭირდება პირის დაბანა, ასევე ტაძრისათვის აუცილებელია ფრესკების გაწმენდა. ჩვენ გვყავდა მოყვანილი რესტავრატორი, რომელმაც ფრესკები გაწმინდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ფრესკა შავდება, მას გაფუჭების საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, ფრესკებს დროდადრო ჭუჭყი უნდა მოვაცილოთ.

- მამაო, თქვენ ხომ არ გაიხსენებთ კურიოზებს, რომლებიც პატრიარქთან არის დაკავშირებული.

მამა სვიმონი: სხვათა შორის, პატრიარქთან რამდენიმე კურიოზი მოხდა და მათგან ორს გავიხსენებ. შენდობის, ყველიერის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა. ამ დროს მღვდლები ვალდებულები ვართ, საკათედრო ტაძარში მივეახლოთ უწმინდესს, გამოვხატოთ ჩვენი სინანული და პატრიარქისგან შენდობა ვითხოვოთ საკუთარი ცოდვების გამო. დადგა ეს დღეც. ქართული ეკლესიის მღვდლები მივედით პატრიარქთან. როდესაც უწმინდესს მივუახლოვდი, კიბის საფეხურზე ასვლისას, კაბაზე ფეხი დავდგი და უცბად მუხლი თავისით მომედრიკა, თითქოს წავიქეცი. ამ დროს უწმინდესის მხარეს გადავქანდი და მის ხელს ხელი ჩავავლე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ამდენ ხალხში და მერე ძალიან ვდარდობდი, რატომ დამემართა-მეთქი ეს. ალბათ, ვნერვიულობდი, ცოტა ემოციური ადამიანი ვარ, ამიტომ, ეტყობა პატრიარქთან მიახლოებისას ავღელდი. შენდობის თქმასთან ერთად კაბაზე ფეხი დავიდგი და უწმინდესს დავეჯახე. მან ხელი წამაშველა და მეც ჩავავლე.

როდესაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის 20 წლისთავი იყო, ოჩამჩირის ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდით. იუბილეზე ლოცვას დავესწარი, რომელსაც უწმინდესი ატარებდა. როდესაც მივედი, მითხრეს, დეკანოზის ხარისხის მისაღებად მოემზადეო. მეორე დღეს უწმინდესმა წირვაზე დამიბარა. პატრიარქმა მითხრა, დღეს დეკანოზის ოქროს ჯვრით უნდა დაგაჯილდოვოთო. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, მით უმეტეს, ჯვარს თავად უწმინდესი მჩუქნიდა. საერთოდ, მორიდებული ვარ, მაგრამ შინაგანად უზარმაზარი სიხარული ვიგრძენი. ხარისხის მონიჭების დროს ვალდებული ვიყავი, ლოცვა-კურთხევის მისაღებად პატრიარქთან თავი მომედრიკა და ხელზე ამბორი მეყო. ამის ნაცლად გამახსენდა ჩემი საერო ცხოვრების მადლიერების გამომხატველი ფორმა, ამიტომ უნებურად პატრიარქს მოვეხვიე და კარგად გადავკოცნე. უწმინდესს სიცილი აუვარდა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უზრდელობით არ გამიკეთებია. ეს იყო ჩემი ერისკაცობიდან შემორჩენილი ჟესტი. ძალიან შემრცხვა.

- როგორ აპირებთ პატრიარქის აყსაყდრების აღნიშვნას.

მამა სვიმონი: ამას ჩვენ დიდი სიხარულით და რწმენით აღვნიშნავთ. გართულებულ დღევანდელ ცხოვრებაში მას უდიდესი მოთმინების, სიყვარულის უნარი აქვს. აღსაყდრების შემდგომ წლებში მისი ლოცვა-კურთხევით მრავალი ტაძარი აშენდა. პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელმაც დღემდე გაუძლო უდიდეს პრობლემებს.

თაისი ტორონჯაძე: 25 დეკემბერს მთელი სამღვდელოება, მგალობელთა გუნდები მივალთ მასთან და როგორც შეგვიძლია, ისე აღვნიშნავთ.

- რა განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებს გამოჰყოფთ პატრიარქში.

მამა სვიმონი: ის არის ძალიან მოწყალე და კეთილი პიროვნება. არასოდეს ვინმე არ დაუჩაგრავს. ადამიანს ყოველთვის თანაგრძნობით უყურებს, იზიარებს მის ტკივილს და მისი მკურნალია. საქართველოს ეკლესიას მართლაც ღირსეული მამამთავარი ჰყავს. ძალიან ბევრი სულიერი მოღვაწე მინახავს, რადგან 1979 წლიდან ვარ ეკლესიის მსახური, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მაქვს მოვლილი, ბევრი სანერვიულო შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის პატრიარქის დიდი სიყვარული, მოთმინება და ერთგულება ჩემთვის სამაგალითო იყო. პატრიარქის ეს ნიჭები ღვთიურია, თავისთავად არ არსებობს ეს თვისებები. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ ბევრი სიკეთეც რომ აკეთო, ზოგიერთი ამას ვერ ხედავს და შესაძლოა ისეთი რაღაც დაგაბრალონ, რომელიც ადამიანს თავის ცხოვრებაში არც კი გაუფიქრია. ხალხი ისეა გამწარებული, რომ მამა შვილს აღარ ინდობს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სიბინძურეები თქვან. პატრიარქს კი იმდენად დიდი მოთმინება აქვს, არავის ცუდ ნათქვამს არ ჰყვება, სიტყვას არავის უბრუნებს. ყველაფერს დიდი მოთმენით და სიმშვიდით ხვდება. მღვდელმსახურებს პირველ რიგში გვარიგებს, რომ ბევრი უნდა დავითმინოთ. "მოთმინებითა თქვენითა გადარჩებით თქვენც და გადარჩება ქვეყანაც", - ბევრჯერ დაურიგებია მრევლი. ოღონდ ეს მოთმინება ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს და არა ეშმაკისგან. ეშმაკთან მოთმენა არ შეიძლება.

ავტორი: ლაშა გაბუნია


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი