მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
როსტომ ჩხეიძე: განგაში ჟანრთა პირშესაყარზე

- ამ წიგნს ჰყავს ერთი დამწერი და არც ერთი წამკითხველი!
აქამდე ვიცოდით, წიგნს თუ არცერთი წამკითხველი არ ეყოლებოდა, ეს მხოლოდ ტრაგედია იქნებოდა ავტორისათვის, რაკიღა ერთი, ერთადერთი სულიერი თანაზიარიც ვერ ეპოვნა და სამუდამო მარტოობისათვის განწირულიყო თავის წიგნიანად.
მაგრამ, ბესიკ ხარანაულისათვის თითქოს ეს არამცთუ ტრაგედიად არ მოჩანს, სულაც ის აუცილებლობაა, საითაც მიილტვის და ყველაზე საიმედო და გამძლე თავშესაფრად ეგულება.
და მაინც -
არცერთი წამკითხველი?
არადა, ამ სტრიქონით უნდა დაგვირგვინდეს ლოცვა სიტყვა-მესიტყვის გამჩენისადმი აღვლენილი, და იდუმალებაში რომ ინთქმევა ვედრება, ფარული კაპილარებით მოაღწიოს მის ყურთასმენამდე.
- ისეთი დაწერე, რომ ხმამაღლა აუგს ამბობდნენ და გულში კი გეკრძალებოდნენ.
კიდევ:
- ისეთი დაწერე, თვითონ ვერასდროს რომ ვერ დაწერენ და შენი წიგნი დანახვითაც კი აშინებდეთ.
და კიდევ:
- ისეთი დაწერე, რომ ვერც ქება შემოგბედონ და ვერც ძაგება და ჯილდოსიც ერცხვინებოდეთ.
თურმე არც შენი ერთობის მოზიარე უნდა გაიხადო ვინმე.
ხოლო შენს შემაწყევარსა და მეშურნ-მეჯიბრეს ასე შუთვალო: ენა ნაბდისა, კბილი ბამბისა, მუხლი ჩალისა და ბრჭყალი სანთლისაო.
სტრიქონთა გარეგანი მდინარებაც და შინაგანი რიტმიკაც აქეთ მოექანება, ამ შეგონებით რომ დაბოლოვდეს: ისეთი დაწერე, არავინ რომ არ წაიკითხოსო.
მაგრამ თვით ესეც არ კმარა, რაკიღა აბრის გამოკიდებაც აუცილებელი გამხდარა მეტი დამაჯერებლობისთვისაც და შეუვალობისთვისაც, რათა ეს სწრაფვა ზედ აღიბეჭდოს, როგორც დევიზი და როგორც თხოვნა, სულაც ვედრება თუ ნატვრა:
არ გამოუჩნდეს ამ წიგნს წამკითხველი.
არავინ დაურღვიოს საკრალური მყუდროება.
ეს თხოვნა ისეთივე სულისკვეთებისაა, როგორც წარწერა ჰერმან ჰესეს სააგარაკო სახლის ჭიშკარზე:
- გთხოვთ, ნუ მესტუმრებით.
გაბეზრებულიყო უამრავი მიმსვლელით, თავი წაეჭამათ ჟურნალისტებს, განმარტოებას, საკუთარ თავში ჩაძირვას, შემოქმედებით ძიებებს აღარ ანებებდნენ და ეს ამხელა ჰუმანისტი, ადამიანისათვის თავშეწირული კაცი ხსნის გზას რომ მოსინჯავდა ალყიდან საკუთარი მეობის შესანარჩუნებლად, იძულებული გახდებოდა ის აბრა გამოეკრა და ჭიშკარი საიმედოდ ჩაერაზა ცნობისმოყვარეთათვის, რომელთა შორისაც მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებიც იგულისხმებოდნენ, მისი მხატვრული სამყაროს დამფასებელნიც, მაგრამ რა ეღონა, სად გამოერჩია ეს მცირე გუნდი მოხალისეთა ლაშქრისაგან; და მათაც გაწბილებულებს ამიტომ ტოვებდა.
ნეტა ჯეიმზ ჯოისსაც რაღაც ამგვარი წარწერა ხომ არ ეგულისხმა თავისი უკანასკნელი რომანი-ექსპერიმენტის - "ფინეგანის ქელეხი" - თავფურცელზე.
რა აუცილებელია, მაინცდამაინც თავშივე წაეწერა ანდა წიგნშივე გაეთამაშებინა რაღაც ამგვარი სტრიქონი, თხრობა დასასრულისაკენ რომ გადაიხრებოდა, ბესიკ ხარანაულის ეთნოფილიური რომანი-ექსპერიმენტისა არ იყოს... თავისთვის ჩაითქვამდა გულში და კვიმატი ღიმილით გახედავდა მკითხველთა რიგსა და ჯარს, თავს რომ იდებდნენ, "ულისე" გავიგეთ და ძალიან კარგადაც გავიგეთ, და რატომ ეთანაღრებოდა გული მის ავტორს, ჩვენთვის აუხსნელიაო.
არადა, როგორ იფრთხილეს ჯოისმაც და მისმა გამომცემელმაც "ულისეს" გამომზეურებისას - ტირაჟი ასი ეგზემპლარით განისაზღვრა, ასი ეგზემპლარი კი ინგლისურენოვან სამყაროში, მითუმეტეს, იმ რეალობაში, როდესაც ამ ენის ცოდნა ჩვეულებრივი მოვლენაა ევროპის ინტელექტუალურ წრეებში, ზღვაში წვეთადაც აღარ აღიქმება - რაღა ასი მკითხველი გყოლია და რაღა ერთი ან ორი.
"ულისეს" სტილურ-ენობრივი ქსოვილი კი თავის მხრივ ისეთი სისადავით გამოირჩეოდა "ფინეგანის ქელეხთან" შედარებით, როგორც "ხელოვანის სიჭაბუკის პორტრეტი" "ულისეს" ფონზე.
და მაშ რა გამოდიოდა?
"ფინეგანის ქელეხს" ის ერთი-ორი მკითხველიც აღარ უნდა ჰყოლოდა და მარტოდენ ავტორი შერჩენოდა.
აინუნშიც არ ჩააგდებდა ამ პერსპექტივას ჯეიმზ ჯოისი - ბოლოსდაბოლოს, ირონია, სარკაზმი, პარადოქსი მისი უშუალო ხელობა გახლდათ და მკითხველის გაღიზიანებას ამიტომაც არ ერიდებოდა - გაღიზიანებასაც და, რაც მთავარია, შეგულიანებასაც.
ამ წიგნს არა ჰყავს არცერთი წამკითხველი -
სტრიქონებს შორის ამოვიცნოთ, როგორც კი "ფინეგანის ქელეხს" ჩავამთავრებთ.
ამ წიგნს არა ჰყავს არცერთი წამკითხველი -
უშუალოდაც ამოვიკითხოთ, როგორც კი ბესიკ ხარანაულის უჩვეულო აგებულების მხატვრული ქმნილების ფინალისაკენ გავაღწევთ, სახელწოდებაც რომ უცნაური შეურჩევია: "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა".
მაინც რას გულისხმობს ამ ყაიდის რომანი?
ჰიპერბოლა და მეტაფორა სამყაროს სახეებია, ურთიერთგამჭოლნი და, რაც მთავარზე უმთავრესია, თვით უფლის მიერ დადგენილნი იმგვარი წესით, რომ: რასაც სამყაროში ქმნის, იმის შესაბამისს მიწასაც მოუვლენს, სახელებსაც თვითონვე არქმევს, პოეტებს კი ნებას რთავს - ეს სახელებიც გააცხადონ და მათში დაფარული აზრიც.
აგერ, ზეცა ისე გადაუვსიათ ვარსკვლავებს, თითქოს ჭანჭყარა ვაშლი იყოს, და კაცი უსათუოდ უნდა შედგეს და ვარსკვლავებს მიაჩერდეს, მითუმეტეს, რომ მეტი არც არაფერია ირგვლივ.
დიდი დათვის თანავარსკვლავედიც უნდა იხილოს, პატარასიც, და ირმის ნახტომის ნამცვრევიც, რომელმაც რძის ცვარივით თვალი უნდა დაახუჭვინოს.
როდესაც ამგვარი განცდები და ხილვები შეგიპყრობს და არა და არ მოგეშვება, გამოსავალს იმაში ჰპოვებ, რომ სამყაროს ქმნადობის შესატყვის მოვლენებს შენს სიახლოვეს დაუწყებ ძებნას და... კიდეც აღმოაჩენ ჰიპერბოლისა და მეტაფორის მიწიერ გამონათებებს - ეს ხომ ის ორი მონათესავე ტომია, კავკასიონის კალთებზე რომ დასახლებულა, და თუმც მათი თავდაპირველი სახელები დროის ბურუსში ჩაძირულა, ხოლო დღის სინათლეში სხვადასხვანაირად იხსენიებენ მეზობლები, მტრები თუ მოყვრები, სხვადასხვანაირად იხსენიებს ისტორიაც და მოუსყიდავი ჟამთააღმწერელიც, მათი თავისებურებაც და არსიც შენარჩუნებით შენარჩუნებულა და კიდევ ერთხელ მოელის გააზრებასა და მხატვრულ ქარგაში მოქცევას.
- დასაბამიდან იყო ჰიპერბოლა და მეტაფორა.
ბიბლიური სურნელი და ალუზია მსჭვალავს ამ სტრიქონს, და თუ რაიმე ყურს მოჭრის მკითხველს, იქვე განიმარტება ყოველგვარი ორაზროვნების გასაფანტად:
- ისინი იყვნენ ღმერთის სიტყვაში, როგორც საისრეში. რადგან ღმერთი სახე კი არ იყო, არამედ - სიტყვა. და ჰიპერბოლა და მეტაფორა - ღმერთის სიტყვაში, როგორც საისრეში.
და უნდა სტყორცნოს უფალმა ერთი ისარი და აღნიშნოს შეუძლებელი და უწოდოს მას ჰიპერბოლა.
მეორე ისრით, ცხადია, შესაძლებელი უნდა აღინიშნოს, მეტაფორად სახელდებული.
- რადგან კაცისთვის ისევე საჭიროა შეუძლებელი, როგორც ის, რაც შესაძლებელია. ასე შექმნა ღმერთმა ჰიპერბოლა და მეტაფორა და უწოდა მათ ცა და მიწა.
ერთად ასახლებს, ურთიერთსწრაფვას დაუწესებს, ხოლო დათქმით დაუთქვამს ერთმანეთის შეუსაბამობას.
სამყაროს დასაბამის ბიბლიური სურათი - ცისა და მიწის დაბადება - იმ ნატეხებსა თუ წვეთებში უნდა აირეკლოს, რასაც კავკასიონის კალთაზე დასახლებული ორი ტომის ცხოვრების სათავე და მდინარება ჰქვია.
ხევსურები - ჰიპერბოლები.
ხოლო ფშავლები - მეტაფორები.
უცნაური გადასვლაა?
მაგრამ განა პოეტური გაქანება მარჯვედ არ ჰგუობს ამ და ამდაგვარ უცნაურობებს?
შესაძლებლისა და შეუძლებლის მხატვრულ რკალში სწორედ ისინი მოქცეულან, როგორც ავტორის ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილნი, თან რომ დაატარებდა და წვეთ-წვეთობით იზოგავდა მათგან მომდინარე იდუმალ წვენს, რათა პოეტური ხილვები უფესვებოდ არ დარჩენოდა და არც ერთბაშად ამოეწურა - ჯერ კარგა ხანს უნდა ჰყოფნოდა ეს მაცოცხლებელი წვენი, ვიდრე თავის მხატვრულ სამყაროს ახალ ჟანრს მიუსადაგებდა - პოეზიისა და პროზის პირშესაყარს.
სწორედ ეს "პირშესაყარი" ესახებოდა იმ სიახლედ და, რაც მთავარია, ყველაზე გამძლე კარკასად, ჰიპერბოლათა და მეტაფორათა ცხოვრების დინებას დასაბამიდან რომ გამოჰყოლოდა და ამ ჩარჩოში მოექცია მითოსიც და ისტორიაც, და დღევანდელობაც ისე მოერგო ამ ჩარჩოსათვის, ეს ყოველივე განგაშით აღვსილიყო და მკითხველს ხელშესახებად განეცადა ამ ტომთა თავისებურებათა გაქრობის საფრთხე ანუ: საშიშროება ქართული მოდგმის სიღრმისეულ საწყისთა თანდათანობითი წაშლისა.
განგაშის შეგრძნება, საფრთხის მოლოდინი ხან ზედაპირზევეა ბესიკ ხარანაულის პოეზიაში, ხანაც შეფარულია და ძნელად გამოსაცნობი, მაგრამ ყოველთვის ტრიალებს კი... და მითუფრო უნდა აღვსილიყო განგაშით ეს უჩვეულო კომპოზიციური აღნაგობის ქმნილება, რომელიც თავისებური გამოტირებაა კავკასიონის კალთებზე თავშეფარებული ცივილიზაციის, ნანგრევებად რომ გადარჩენილა და ამ ნანრევებსაც არავინ განებებს, თუკი როგორმე წიგნში არ მოაქციე, როგორც ოაზისი, როგორც ნაკრძალი, ამიერიდან რომ მაინც აღარ გაიწიროს.
სიტყვამ უნდა იხსნას ჰიპერბოლათა და მეტაფორათა მოდგმა და ჯილაგი.
ისევ მან, თორემ საშველი აღარსადაა.
და პოეზიისა და პროზის ამ უჩვეულო სიმბიოზის ავტორს ის ანუგეშებს, რომ სამყარო სწორედ წიგნს ჰგავს და არა ფუტკრების სკასა თუ ჭიანჭველების ბუდეს.

რადგან რაც უფრო ზუსტია რაიმე,
უფრო მხატვრულია,
და სამყაროც სიტყვაკაზმული
უსასრულობაა,
დაუწყებელ-დაუმთავრებელი,
სანატრელი ყველა კალმოსნისთვის.

ეგაა, ჰეროიკული ხანა გამქრალა, ვაჟა-ფშაველას საგმირო ეპოსი სადღაც შორს დარჩენილა სიმხნევის წყაროდ, ოღონდ ამჟამად უქმად და უსარგებლოდ გამოიყურება მისი აღდგენის მცდელობა, რაკიღა ოაზისსა თუ ნაკრძალს მცველს ვერ დაუყენებ და მისი გადარჩენა-არგადარჩენა განგების ნებას უნდა მიანდო.
იმ ჟამიდან ავტორს პათეტიკა უსესხია, და თუმც შიშობს მის ანაქრონიზმობას, მაინც ის ესახება იმ ერთადერთობად, რასაც ადამიანის ხერხემალი სწორად უჭირავს, მაგრამ ეს გამძლეობა დიდხანს ვერ გასტანდა, რომ არა ირონია.
და შეგვაგონებს, რომ ირონია მხოლოდ არასწორი წარმოდგენითაა პათეტიკის ანტიპოდი, თორემ სინამდვილეში მას მოძრავსა და პლასტიკურს ხდის და ასწავლის, რომ ადამიანი უნდა იყოს გამართული, როგორც დროშის ტარი.
ამ პარადოქსულ განსაზღვრებას სავსებით უნდა ვენდოთ იმის მიუხედავად, ასე ერთბაშად გავიზიარებთ თუ არა... რაკიღა ირონია, პარადოქსი, შეფარული იუმორი ის საუფლოა, ბესიკ ხარანაულს თავისი პოეტური სამყაროს უმთავრეს საყრდენად რომ დაუგულებია და პოეზიისა და პროზის გადამკვეთ ჟანრამდეც ამ თვისებებმა მიიყვანა.
ვითომ ირონიით, ვითომ მარტოდენ თამაშის გულისათვის, მაგრამ სინამდვილეში სწორედაც ორი ჟანრის პირშესაყარის აღმოჩენა ეამაყება, როგორც ახალი დროის მიერ ნაკარნახევი, სხვაზე ადრე რომ აუღო ალღო.
- მე ვერ ვიტყვი, ადეპტივით, თუ რამდენად ორგანულია ქართველი კაცის ბუნებისათვის პროზა, მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, თანაც რიხის გარეშე, რომ ჩვენ არც გერმანელები ვართ და არც ფრანგები, ჩვენ ერთ რომელიმე ჟანრში წარმატებას ვერ მივაღწევთ; ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ამ ჟანრების შესაყარზე.
მისი ქვეყანა აღმოსავლეთისა და დასავლეთის პირშესაყარზე შემორკალულიყო და საკუთარ ადგილს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა პირშესაყარზე რომ დაიგულებდა, აღმოსავლურ-დასავლური ლექსისა და რომანის პირშესაყარზე, ეს შეგრძნება გააძლებინებდა ორთავ სივრციდან მომდინარე ტკბილ ხმათა ცთუნებას და მტკიცედ ჩაუბეჭდავდა გონებაში უპირველესი მესიტყვის ანდერძს, ვისაც კარგად მოეხსენებოდა ამ ორივე ჟანრს შორის თავისი ადგილი:
- ნუ ჩააცივდები ერთ რომელიმე ჟანრს, შენი ადგილი ამ ჟანრების პირშესაყარზეა.
ამ შეგრძნებისათვის კი პირველ ყოვლისა აუცილებელია გაერიდო სინამდვილეს, რადგანაც:
- ვისაც სწამს მხოლოდ სინამდვილე, იმას მეტი არაფერი არ უნდა აღირსო.
- ვისაც არ სწამს ჯვარცმული ოცნება და ადამიანის მეტაფიზიკური ამბოხი,
- დაე, ებას სინამდვილეზე.
- მეტი არაფერი არ უნდა აღირსო.
რაკიღა მიიჩნევდა: სინამდვილე არავის არაფერში არ გამოადგაო, - მოინდომებდა, რომ ყველა საგნისათვის თვითონ ეპოვნა ადგილი, ყველასთვის დაედგინა თავთავისი წარმოშობა და ასე გაეხედა წინ - წარსულისაკენ, თორემ როდემდე იცხოვრებდა ადამიანი პათეტიკით: დაიღლებოდა და... დადგებოდა გზაგასაყარზე.
პოეტური განსჯა გრძელდება.
და გრძელდება იმ შეგრძნებით, რომ:
- ყველა საიდანღაც არის.
და ბესიკ ხარანაული ბიბლიური ჟამის დასაბამამდე რომ მიაღწევდა რკვევა-რკვევაში, მეცნიერებას აბელის ჩამომავლად შერაცხავდა - კეთილშობილი მეურნისა; პოეზიას კი - კაენის შთამომავლად, ცოდვილი მწყემსის, "ჯოხს რომ დაათრევს, ცხვრისთვის, მგლისთვის და ჰაერისათვის..."
და მეცნიერება რომ დაიღლებოდა, ოფლის შესაშრობად ჩამოჯდომას დაისაჭიროებდა და სულის მოსათქმელად პოეზიას მიაშურებდა, ცოდვილს, მკვლელის შთამომავალს.
- პოეზია დაუღლელია, ცოდვა არ ასვენებს, დაძრწის, დაეძებს... ხანდახან მუხლი მოეჭრება, ვეღარ მიდის. ახედავს მთას, გახედავს გზას, მუხლები უცახცახებს, ძალა ეკარგება, დგას, ვეღარ მიდის... იმიტომ, რომ სისხლი მოეწია.
ხარანაულური მოულოდნელობითა და პარადოქსულობით სუნთქავს ეს პასაჟებიც და თავისებურად საგულისხმოა, როგორც ტრაგიკული ჟამის გამომხატველი, განწირულების ძახილი, თუმც პოეზია სწორედ ის უნდა იყოს, რასაც სამყაროში ყოველთვის მქროლავი აბელური სული გამოგლეჯს ხოლმე კაენურ ყოფას - ისიც თან დასთრევს, რა გარემოშიც ამოზრდილა, მაგრამ შინაგანი დაუდგრომლობა და რომანტიკული სწრაფვაა მისი უმთავრესი ძარღვიც და მადლიც, და სისხლი როდესაც მოეწევა, იქ სამუდამო ჩახრჩობისაგან ეს მადლი იფარავს...
განწირულების შეგრძნება ვეღარც ამჩნევს ამ მადლს და სასოსაც სწორედ ეს წარუკვეთს ადამიანს, და ბუნებრივად მოჩანს ეს განწყობილება ეთნოფილიური რომანის მხატვრული მრწამსისა და სტილისტიკის ფონზე, თუმც ბიბლიური ძმების ხსენებისას ის სტრიქონები აშკარად მოსაწესრიგებელია, რადგანაც - ძველი აღთქმის მიხედვით - სწორედ პირიქით გახლდათ: მეურნე კაენია, ცოდვილი, და მწყემსი კი - აბელი, კეთილშობილი (დაბადების მე-4 თავის დასაწყისი). ამიტომაცაა, რომ კაენი უფალს მიწის საზრდოს შესწირავს მსხვერპლად, აბელი კი - საუკეთესო ცხვარს, რასაც ღმერთი დიდად მოუწონებს, და შურითა და რისხვით აღვსილი კაენი კიდეც ამიტომ გაწირავს უმცროს ძმას სასიკვდილოდ.
ვისაც სწამს მხოლოდ სინამდვილე, იმას მეტი არაფერი არ უნდა აღირსოო...
და ვისაც როგორ ენებოს, შენ კი შენს გზად იწამებ ჯვარცმულ ოცნებას და: კიდეც გამოგეცხადება ორი ჟანრის პირშესაყარი.
ისე პროზისა და პოეზიის პირშესაყარი განა მინიატურა არ არის? მკაფიოდ ვერც კი დადგენილა მისი ჟანრობრივი რაობა და ხან ლირიკულ პროზად ამიტომ იხსენიებენ და ხანაც ასე - ლექსები პროზად.
თუმც ფორმით ის მაინც ერთიბეწოა და წამიერი განწყობილება სავსებით კმარა მის შესაქმნელად. ზოგჯერ ეპიკური ქარგაც შეიძლება ჰქონდეს? სარბიელი მკაცრადაა შემოფარგლული და ორი ჟანრის პირშესაყარობა უფრო ნაგულისხმევია, თორემ მათი ურთიერთმონაცვლეობა სულაც არ ისახავს მკითხველის გაოგნებას.
ეს ურთიერთმონაცვლეობა ნიკო სამადაშვილის თხზულებაში იჩენდა თავს - "შეხვედრები და სინანული", ლექსიდან ლექსამდე ბელეტრისტული პასაჟები რომ ჩაწყობილიყო, და თუმც იმას არც ურკვევია ამ თხზულების ჟანრი და არც თავი გამოუდევს, რაღაც სიახლეს მივაგენიო, განსაზღვრებით ხომ არ განუსაზღვრავს და არა, განა ამ გადასახედიდან და ბესიკ ხარანაულის მიერ მომარჯვებული ტერმინის ნათელში არ შეიძლება "ჰიპერბოლებისა და მეტაფორების წიგნის" წინამორბედად "შეხვედრები და სინანული" ვიგულისხმოთ?
მერე რა, რომ ამ თხზულების შექმნა მხატვრული ძიებების წადილმა კი არა, ყოვლად პრგამატულმა განზრახვამ გამოიწვია - იქნებ როგორმე ეხილა ნიკო სამადაშვილს გამოქვეყნებული თავისი ლექსები, ოდესმე მაინც გაერღვია ის ულმობლად ჩარაზული კარი, რომელსაც წლობით უტრიალებდა.
ამიტომაც პროზაულ ნაწილს ლექსების საბურველად მოიმარჯვებდა და არც პოლიტიკურ კონიუნქტურას მოერიდებოდა, რათა ესქატოლოგიური ხილვები და მსოფლგანცდა როგორმე შეენიღბა... თუმც რა შენიღბავდა "უკანასკნელი ქრისტიანების" უმძაფრეს დრამატიზმსა და ტრაგიზმის გაუნელებელ სუნთქვას... და "შეხვედრები და სინანულიც" ისევე შერჩებოდა ხელთ ნიკო სამადაშვილს, როგორც ლექსები ტრიალებდა მარტოდენ ვიწრო წრეში.
ასეა თუ ისე პროზისა და ლექსის მონაცვლეობა ამ თხზულებაში მხოლოდ გრაფიკულია და მათი გადაკვეთა ანუ "პირშესაყარობა" არც შეგნებულად და არც ქვეშეცნეულად არ მომხდარა.
და თუ ძველი აღთქმა სწორედაც პროზისა და პოეზიის პირშესაყარობად წარმოგვიდგება;
და თუ ფშავ-ხევსურული ზეპირსიტყვიერება სწორედაც პროზისა და პოეზიის პირშესაყარობად წარმოგვიდგება.
ბესიკ ხარანაული ამ ჟანრულ თავისებურებას საკუთარ მონაპოვრად იმიტომ მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში ერთი ავტორი კი არ გვევლინება შემოქმედად, არამედ ავტორთა წყება, და მხოლოდ დრო-ჟამმა და შემდგენელთა ამაგმა მოაქცია ორივე ქმნილება ერთ გარეკანში.
ძველი აღთქმა გაცილებით ადრე - რამდენიმე ასწლეულით, ვიდრე ჩვენი მთიანეთის ფოლკლორი, თუმც მათი შედარება იმდენ ტიპოლოგიურ მსგავსებას გვიაშკარავებს, ზურაბ კიკნაძე ვეღარც აუვიდოდა მათ ჩამოთვლას. თავის მხრივ კი გადარჩენას შეეცდებოდა ამ ცივილიზაციისა, რომელიც - ბიბლიურ წინამორბედთან შეუწონადობის მიუხედავად - აურაცხელ საგულისხმო რეალიას მოგვაწვდიდა ჯერ მარტო ზოგადკაცობრიული თვალსაზრისით.
ვაჟა-ფშაველას უკვე ეცადა ამ ცივილიზაციის გადარჩენაც და უპირველესად მაინც მისი ჰეროიკული სულის შემონახვაც.
აჩრდილებსღა შეესწროო, - დარწმუნებულია ბესიკ ხარანაული, ვინც აჩრდილთა აჩრდილებსღა მოესწრო, კარიკატურებიღა იხილა, და ისიც იმიტომ, რომ საკუთარი თავის დაჯერებას ლამობს: ეს მაინც ვნახეო, - და მათ ნაშთებს ისე ებღაუჭება, როგორც სიცოცხლის ერთადერთ სადინარს.
სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი სხვა რაა, თუ არა კარიკატურა.
ბავშვური წარმოსახვა აზვიადებს ანუ ჰიპერბოლებს ჰიპერბოლურადვე აღიქვამს, თორემ რომელი რაინდები შეიძლება ყოფილიყვნენ ცოცხების გასაყიდად ბაზრობისაკენ დაძრული ხევსურები?
ვაჟა-ფშაველა მაინც როგორ მიიკვლევდა გზას თავისი პოემებისაკენ?
ბესიკ ხარანაული ირწმუნება: დღეს ეს ყველასათვის ცხადად ჩანსო, - და ასეთ ვერსიას გვთავაზობს:
- თავისი პუბლიცისტური წერილებით, "სცენებით" და რეალისტური რეპორტაჟებით ხარკს უხდიდა და თავიდან იშორებდა სინამდვილეს, რომელიც დუხჭირიც იყო, ტრაგიკულიც და სასაცილოც, რადგან, სინამდვილე, რომელსაც უარყოფდნენ ჰიპერბოლები, აჩრდილებისთვის ნატვრად ქცეულიყო და წინააღმდეგობრივად, უჰარმონიოდ ცდილობდნენ მასთან შესაბამისობას.
წაკითხვით მხოლოდ ერთი-ორს თუ აკითხებდა ვაჟა თავის ნაწერების ამ რკალს, და ეს თურმე სიფრთხილით მოსდიოდა, ვაითუ ჰიპერბოლების მტრადაც დამსახონო ("ეს კი ძალიან მარტივად მოხდებოდა, თუ ჰიპერბოლების ხასიათს გავითვალისწინებთ").
არადა:
- ძალზე ნაზია ჰიპერბოლების აჩრდილების მიმართ, უყვარს და ეღიმება, როგორც ბავშვებზე.
ეს ღიმილი ახლა ბესიკ ხარანაულის "პირშესაყარშიც" გადმონაცვლებულა, ეგაა, დროისა და მისი პიროვნული ბუნების შესაფერისად გროტესკი მოძალებულა და კარიკატურა ამიტომაც გამხდარა ახალი დროის ეპოსის სახეობრივი სისტემის საფანელი.
სამოცი რაინდის ხსოვნამ დროდადრო უნდა ამოანათოს და მკვეთრად შეცვლილი დროებაც ყოველწამიერ შეიქნას საცნაური, აბეზარ კრაზანასავით შემაწუხებელი მკითხველისათვის.
ბესიკ ხარანაული კი, ჟანრობრივი თავისებურების შესაფერისად, იყოს არამარტო მთხრობელი და ლირიკოსი, არამედ ისტორიკოსიც, ეთნოგრაფიც, ლიტერატურის მკვლევარიც, აპლიკატორიც... ამიტომაც იმოწმებს ჰეროდოტესაც, რადესაც, რაფიელ ერისთავსაც, ზისერმანსაც, გრენსაც, პოტოსაც, ლუკა რაზიკაშვილსაც და უნცრუათ ლეკოს ძესაც, ერთმანეთს აჯერებს, უკვირდება, საკუთარ გამოცდილებასაც შეუზავებს და ვარაუდ-ვარაუდში თანდათან რწმუნდება, რომ კულტურა ბარიდან ამოსულა და აქ ჩარჩენილა, თითქოს გზა მოჭროდეს ცივილიზაციისაგან და ქვად და კლდედ ქცეულიყოს.
გეოგრაფიულად კავკასიის ქედს რომ აჰკვრია? მაგრამ თურმე თავს კავკასიელად არა გრძნობს, რადგან კულტურულად თავი ბარის საქართველოს ნაწილად მიაჩნია: იბერიის, კოლხეთის, სამხრეთ მიწების კულტურის.
აკი არც ტანსაცმელი მოსავთ კავკასიური ტიპის.
- როცა ამბობენ, - მოსულები ვართო, სამოთხეს კი არ გულისხმობენ, დაიხედავენ ტალავარზე და გაიღიმებენ და არ იციან, რომ კულტურას გულისხმობენ. ასევე ვერაფერს ამბობენ ენაზე, რომელიც საოცრად ლიტერატურულია...
მარტოდენ ანდრეზთა მოხმობას ვერ იკმარებდა და ბესარიონ გაბურის კავკასიურ საგასაც უხვად გადმოიტანდა "იპერბოლებისა და მეტაფორების წიგნის" ქარგაში - არა სათვალსაჩინო ნიმუშად, არამედ იმ ვრცელ მონაკვეთად, დამოუკიდებელ ნაწილად რომ წარმოგვიდგება. და გულუბრყვილო მკითხველს ეგებ მისტიფიკაციაც ეგონოს - ბესარიონ გაბური გამოგონილ პერსონაჟად დაიგულოს... ანდა რეალურ პიროვნებად კი მიიჩნიოს, მაგრამ ის მასალა, ამ წიგნში რომ მოთავსებულა როგორც პუბლიკაცია, მიიჩნიოს არქივში ჩარჩენილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების პირველ გამოქვეყნებად... თუმც ამ ყოველივეს ერთხელ უკვე ეხილა მზის სინათლე აკაკი შანიძის წყალობით და ამჯერად მხოლოდ მეორდებოდა.
ვითომ მეორდება და ეგ არის და ეგ?!.
აკი ბესიკ ხარანაულს იმგვარი წიგნის შექმნა განუზრახავს, რომელმაც უნდა მოიცვას ყველაფერი, ამ მხარის ცივილიზაციის სურათს სრულად, მრავალფეროვანი კოლორიტული შტრიხებით რომ შემოინახავს... და ბესარიონ გაბურის კავკასიურ საგასაც უფრო საიმედო თავშესაფარს მიუჩენს, ვიდრე აკაკი შანიძის მიერ შედგენილი კრებულია.
მაინც ვრცელი ხომ არ არის აპლიკაციისათვის?
რაკი გადასარჩენი გამხდარა, მაშ უპირველესად ამაზე უნდა იზრუნოს და ნაკლები ანგარიში გაუწიოს, ვაითუ გადატვირთოს ამ უჩვეულო აღნაგობის ქმნილების მხატვრული ქსოვილი ამ დაუსრულებელმა აპლიკაციამო.
ზურაბ ერისთავის მონუმენტური და ტრაგიკული ფიგურა გამოჩენით კი ჩნდება თხრობისას, ხევსურეთის ამკლებისა და საკულტო მუხის მომჭრელის, იმავდროულად კი მარაბდისა და მარტყოფის გმირის, ვისი წინააღმდეგობრივი ხასიათი და ბიოგრაფია ასეთი შთამბეჭდავი ძალით წარმოსახა ხალხურმა პოეზიამ... დიახ, გამოჩენით კი ჩნდება და მკითხველის მოლოდინიც მძაფრდება, თუ როგორ გაიაზრებს ამ ანტიკური გმირების სადარ ხასიათს ჩვენი დროის პოეტი... მაგრამ მოლოდინი ერთბაშად მოისხიპება, რადგანაც არამცთუ ახლებური წარმოჩენა, სრულად არც კია ნასარგებლები ფოლკლორული წყაროები და რთული ისტორიული პერსონაჟი ცალმხრივ და მარტივ ხასიათად წარმოგვიდგება... რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გაცილებით მეტია პოეტურობაც და ექსპრესიაც თამაზ ნატროშვილის ისტორიულ ესეებში ზურაბ ერისთავზე, ვიდრე ბესიკ ხარანაულთან, არადა, თხრობა თვითონვე ითხოვდა ამ ჰომეროსული და შექსპირული ხასიათის იმავე მონუმენტურობით აზიდვას, უცნობმა მელექსეებმა რომ გვიანდერძეს.
მარჯვე მონტაჟიც კი აღარ დაგვიტოვებდა სინაკლულის განცდას.
თითქოს ეს გარემოებაა გათვალისწინებული, როდესაც შიოლა ღუდუშაურისა და მთრეხელის უკიდურესი დრამატიზმით აღსავსე ამბის გადმოცემისას, კვლავ ანტიკური ტრაგედიის სუნთქვა რომ ჩაგვესმის, ბესიკ ხარანაული ანალიტიკოსი უფრო ხდება, ვიდრე მთხრობელი. თან უტრიალებს ბალადითა და პროზაული გადმოცემებით შემონახულ ისტორიულ სიუჟეტს, თან გარედან დამკვირვებლის როლს კმარობს, რათა ფეხი აღარ შეუცდეს ჰეროიკის იმ საუფლოში, მისი შემოქმედებითი ბუნებისაგან იმთავითვე შორს რომ დარჩენილა, არადა, ფარსად და კარიკატურადაც ვერ გადაუკეთებია ის უმწვავესი შეხლა-შემოხლანი, შიოლას მკვლელმა მთრეხელმა მაინცდამაინც შიოლას დის ბინას რომ უნდა შეაფაროს თავი, შიოლას ვაჟებმა იქ უნდა დაჰკრან საკვამურიდან ისრები, არ მოერიდონ მამიდის სახელსა და პატივს - შემოხვეწილ სტუმარს უკლავენ ოჯახში... და მამიდამ სახელის აღსადგენად ულმობელი შურისგება უნდა გადაწყვიტოს - შინ დაბრუნებულ ქმარს მოსთხოვოს სისხლის აღება... და კიდეც უნდა ჩაიძიროს ორივე ოჯახი სისხლის მორევში...
ვაჟა-ფშაველა რარიგ გაშლიდა ფრთებს, ამ სიუჟეტის გადაქცევა რომ მოეწადინებინა თავისი საგმირო ეპოსის შენაკადად, იქნებ იმ ხუთ რჩეულ ნიმუშს ეს მეექვსეც შემატებოდა და ანტიკური ტრაგედიის შთამბეჭდაობის განმეორება არც ამჯერად გაგვაკვირვებდა.
ბესიკ ხარანაული ვერც შელევით შელევია ამ ამბავს, მაგრამ ვერც თავისად დაუგულებია და ბოლომდე აღარ ჩასდევს ანალიტიკურ დაკვირვებებსაც, თორემ ბალადის ისტორიული ფონის აღდგენა და ყოველივეს გათვალისწინება კიდევ უფრო გამეტებულად ტრაგიკულად წარმოგვიდგენს ისტორიულ შიოლა ღუდუშაურს, ვინც შეწირვით ხომ შეეწირა არაგვის ერისთავთა წინაშე დაუმორჩილებლობას, და ბალადის შემთხზველიც ერისთავთა მიერ გამოიძებნებოდა, რათა მოკლულისათვის სახელიც გაეტეხათ და შებღალული სახით დაეტოვებინათ შთამომავლობისათვის.
აი, ბალადას ბაღათერაზე - ახალშეღერებულ ყმაწვილს ბიძა ჯერ რომ არ სცნობდა ბრძოლისათვის მზადმყოფად და ჩაჩქანს არ ათხოვებდა, ის კი, უამრავი მომხვდურის შუაგულში მოქცეული ზოგს რომ ჩახოცავდა და ჩაკაფავდა, ზოგსაც კი გააქცევდა, სწორედ უჩაჩქანობას შეეწირებოდა, თავგაჩეხილი რომ მიუვიდოდა დედას "გაცინებულის პირითა" - პირდაპირ გადაიტანდა "ჰიპერბოლებისა და მეტაფორების წიგნის" ქარგაში.
ასევე გადაიტანდა უნცრუათ ლეკოს ძის (ალექსი ჭინჭარაულის) მიერ შედგენილ ხევსურულ ლექსიკონსაც, ამონაკრებს მისი 1179 ფურცლიდან, ყოველ წაკითხვაზე უფრო მეტი რომ რჩებოდა წასაკითხავი.
მთელი მასალა ლექსიკონის 25 000-მდე ერთეულისა ავტორს ჰიპერბოლების პოეზიიდან ამოეკრიფა, რაც:
- ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა ლექსიკოლოგიაში, საერთოდ.
საკვირველია?
თურმე არცა, რაკიღა:
- ამ კუთხეში მხოლოდ პოეზიის ენით მეტყველებენ, რამაც ენას მხატვრულობა და ლაკონურობა შესძინა, ხალხი კი შეიწირა.
ჭეშმარიტად ხარანაულური სტრიქონია - პარადოქსულიც და ეფექტურიც თავისი სიღრმით, იდუმალ ძარღვს რომ სწვდება და რაღაც აუხსნელი გამოაქვს მზის სინათლეზე... და მკვლევარსაც ნოყიერ საზრდოს აწვდის ამგვარი სტრიქონები ერის ყოფით თუ მხატვრულ სინამდვილე-თავისებურებებში გზის გასაგნებად, და ბელეტრისტებისთვისაც ხან მზამზარეული სიუჟეტური ქარგაა და ხანაც მისი მარცვალი, თვითონვე რომ გიბიძგებს, გაღივებას გულდასმით ადევნო თვალყური.
ის, რაც მოულოდნელია გარეშე თვალისათვის, იმ წიაღში მოქცეული ადამიანი ჩვეულებრივ აღიქვამს, წიაღში, სადაც "პოეზიის მიხედვით ცხოვრობენ".
მაინც რას გულისხმობს პოეზიის მიხედვით ცხოვრება ჰიპერბოლების მაგალითზე და ბესიკ ხარანაულის მხატვრულ მზერაში გარდატეხილი?
- ცოდვებს არიან თავშეშვერილნი. მაგრამ ცოდვის მონანიება პოეზიას არსად არ უქცევია თავის მიზნად ჰიპერბოლების გარდა: კაცს ცოდვის დანადები უღელივით უნდა ედგას კისერზე, თვალწინ სულ უნდა ხედავდეს მის ძეგლს, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია.
და იწყება ამ სიტყვის - ძენგლი - ჩხრეკა და მისი წარმომავლობის შეთანადება საკუთარ ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ დაკვირვებებთან, პოეტურ ემბაზში რომ ამოვლებულა და უფრო დამაჯერებელიც ამიტომაა. ძენგლი ხომ იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ოჯახი ან გვარი რაიმე დანაშაულის მოსანანიებლად ამა თუ იმ ხატს აღუთქვამდა: ამა და ამ დღეობაში ყოველ წელიწადს გავათევ ღამეს, დავნათლავ დროშით, დავკლავ საკლავს ან ლუდს მოვხარშავო.
- ძენგლი შთამომავლობაზე გადადიოდა. ამგვარად, ძენგლი ერთგვარი თვითგასამართლება იყო.
უნცრუათ ლეკოს ძის ლექსიკონი პროზისა და პოეზიის პირშესაყარზე შექმნილი ეპოსის კომპოზიციური ქარგის სრულუფლებიანი ნაწილი ხდებოდა, და განმარტებანი ხან უშუალოდ მეორდებოდა ახალ ქსოვილში, ხანაც გაიშლებოდა და აგერ სულაც ბაღათერაისა თუ შიოლა-მთრეხელის ბალადებს შეირწყავდა.
ორიგინალური მხატვრული ხერხია, მანამდე სისტემადაც გამოყენებული მილორად პავიჩის რომანში "ხაზარული სიტყვისკონა", რომელიც თავით ბოლომდე ამ კომპოზიციურ ხერხემალზე გაიმართებოდა, თანაც სერბი მწერლის ის განმარტებანი, ხან საკმაოდ ვრცელიც, მართლაც საიდანმე კი არ გადმოწერილიყო, პირწმინდა მისტიფიკაცია გახლდათ ის ქრისტიანულიც, ისლამურიც და ებრაული წყაროებიც...
ის, რაც ბესიკ ხარანაულს მზამზარეული ხელთ უპყრია, მილორად პავიჩს ვითომდა მოუპოვებია, ერთმანეთზე აუსხამს და ასე ქმნის მიმზიდველ სიუჟეტს, რომელიც გართულებული კროსვორდული სტრუქტურის მიუხედავად სატრფიალო ამბავიცაა, დეტექტივიც, სამეცნიერო ტრაქტატიც და ზღაპრების, სახუმარო ლათაიებისა და ვამპირული ფოლკლორის კრებულიც.
ცხადია, რომ არა ეს ათასფერადობა და სიუჟეტური დაძაბულობა პავიჩი საკუთარ სამყაროში ჩაიკეტებოდა და კარსაც საგულდაგულოდ ჩარაზავდა.
გახსნით კი უხსნის კარს, მაგრამ ფრიად გამაფრთხილებელ წარწერასაც ახვედრებს:
- ამ ადგილას განისვენებს მკითხველი, რომელიც ვერასოდეს ვერ გადაშლის ამ წიგნს. ის აქ მარადიულ ძილს არის მიცემული.
დასაწყისიდანვე მიანიშნებდა მკითხველს ამ პარადოქსული მინაწერით რომანის სულისკვეთებას - განგაშით აღვსილსა და გასიმბოლოებულს თავის სამშობლოსთან. როგორც ხაზარები გადაიქცნენ ისტორიისა და ლექსიკონის ბინადრებად, ისეთივე საშიშროების წინაშე დამდგარიყო სერბეთიც, თუკი თავს კი არ მოიტყუებდი, არამედ თვალს გაუსწორებდი ავბედით რეალობას.
ეს მეტაფორული გაიგივება ხაზარეთისა სერბეთთან უბიძგებდა გურამ გოგიაშვილს, ქართულ ენობრივ სამყაროში შემოეტანა წიგნი, რომელიც ზუსტად მიესადაგებოდა საქართველოს ხვედრსაც, საშიშროებას, მასაც რომ უქადდა ავი ბედისწერა და მისგან თავდასაღწევად ეროვნული ენერგიის მოკრება და ამოქმედება იყო აუცილებელი.
თურმე არამარტო საქართველოსა და სხვა მცირერიცხოვანი ქვეყნების.
მთარგმნელის მცირე ბოლოთქმაში მოხმობილია ორიოდ ფრაზა, თუ როგორ გასჩენიათ დიდ სახელმწიფოს შვილებსაც საფიქრალი "ხაზარული სიტყვისკონის" წაკითხვის შემდეგ.
აგერ გერმანელი კრიტიკოსი: ერთ მშვენიერ დღეს იქნებ გერმანელნიც გამქრალ ხალხთა რიცხვს მივეკუთვნოთ, მსოფლიო ისტორიაში გათქვეფილსა და ატლანტიდასავით ჩაძირულსო.
აგერ კიდევ ფრანგი ლიტერატორი: ეს რომანი იქნებ მთელი ჩვენი ცივილიზაციის სიმბოლური თარგმანებაა და ჩვენ ყველანი ხაზარები ვართ ატომური საშიშროებისა და ეკოლოგიურ კატასტროფათა საუკუნეშიო.
კიდევ ერთხელ გაშლილიყო რომანის სულისკვეთებად ის უმტკივნეულესი შეგრძნება, რაც XVII საუკუნის ინგლისელ მეტაფიზიკოს პოეტს ჯონ დონს ორიოდ სტრიქონში ჩაეწურა და, მღელვარედ რომ შეაგონებდა ადამიანებს: ნურასოდეს იკითხავთ, ვისთვის რეკს ზარი, ის რეკს თვითეული თქვენგანისთვისო, - ეს იმიტომ, რომ ყველას ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულად წარმოედგინა.
მალევე დავიწყნოდათ ადამიანებს მქადაგებლისა და პოეტის ეს სენტენცია და ერნესტ ჰემინგუეი რომ მიაგნებდა და წამოსწევდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმით მიანიჭებდა, რომ თავის რომანს წაუმძღვარებდა ეპიგრაფად, სახელწოდებას კი სულაც მას დაესესხებოდა: "ვისთვის რეკს ზარი".
განგაში გასდევს ჰემინგუეის ამ რომანს.
მკითხველს არ გამოპარვია მწერლის გულისშემძვრელი მღელვარება, ჯონ დონის სტრიქონებმა კი ხან სად გადაინაცვლა და ხან სად, ერთმანეთს ასწრებდნენ მის დამოწმებასა თუ პერიფრაზირებას.
"ხაზარული სიტყვისკონაც" თითქოს ამ სტრიქონთა ვრცელი განმარტებაა, ახალ მდინარეთა ზედა ბაბილონისათა ტირილი და გლოვა არამარტო განვლილი, არამედ მოსალოდნელი განსაცდელის წინ.
ჩვენ ყველანი ხაზარები ვართო, - მარტოდენ პერსონაჟთა ხვედრს არ აეღელვებინა დიდ სახელმწიფოთა შვილებიც.
და რაღა გაგიკვირდეს მკითხველისა, რომელსაც ვეღარც ეღირსება ამ წიგნის გადაშლა, რადგანაც საუკუნო ძილს მისცემია.
სარკოფაგი კი "ხაზარული სიტყვისკონაა".
ვითომ ხაზარია ის მკითხველი, სამუდამოდ გამოთხოვებული თავის მოდგმიანად ამ სამყაროს.
და ვითომ ქართველია "ჰიპერბოლებისა და მეტაფორების წიგნის" წამკითხველიც, ლექსიკონებსა და ისტორიულ ანალებში რომ მოუწევს თავის ამოყოფა, მათ ქარგაზე ამოშენებულ წიგნ-სარკოფაგში, თუკი განგაშის ზარი არ შეისმინა.
ასე დარჩება პროზისა და პოეზიის პირშესაყარზე შექმნილ ეპოსს ერთი ავტორი და... არცერთი წამკითხველი.
და ეს ავტორი, ვინც მწიფე ნაყოფისა თუ ყუნწს შერჩენილი ფოთლის ხილვისას შორეული ქარის ქროლას შეიგრძნობს, ნაკადული კი წარღვნის სუნის დაკვრით აბრუებს, თავზარდაცემული შეჰყურებს მის მიერვე ამ წიგნში დატრიალებულ ქარიშხალსა და ვნებათაღელვას და წინასწარმეტყველივით გაურბის და ვერც გაურბის მოსალოდნელ განსაცდელს:
- ხომ არ ჩავიდო ჯიბეში ნაწერი და გადავიკარგო?
მაგრამ რას უშველის ამ წიგნის მიმალვა და გადაკარგვა, თუკი ისედაც განგაშით სუნთქავს ჩვენი მიწა-წყლის ყოველი მტკაველი და ადამიანებს რაღაც უცნაური ძალით აბორიალებს?
- ღმერთო, ნუთუ უკვე დაიწყო წიგნი?
დაწყებულია და ვეღარ გამოშორდები და პირვანდელ ჩანაფიქრს უნდა მიჰყვე რაოდენ გეძნელოს შენი ხმის მიწვდენა ადამიანებისთვისაც და ღმერთამდისაც, და მეტად რთული კომპოზიციის შესაკვრელად სათაურებისათვის მიწას, ცას და კიბის საფეხურებს ამაოდ რომ მოსინჯავ, ბოლოს თოკს მიაგნებ, როგორც ყველაზე საიმედოს.
- მაგრამ აბა, იმსიგრძე თოკს სად ვიშოვნიდი, და... ნაწყვეტების გადაბმა დავიწყე და ისეთი მაგარი თოკი გამოვიყვანე, რომ რასაც გინდა იმას გაუძლებდა...
მისი დრეკადობაც სიხარულით აღავსებდა: კაცი ზედ არამარტო გაივლის, იჯამბაზებს კიდეც, თუკი მოეხუშტურაო.
და ნასკვების არსებობასაც წინასწარვე გააცხადებდა: ადვილად დაიმახსოვრებთ, თუ სად ხართ, და ისიც გეცოდინებათ, რა გამოტოვოთ, რადგან რა წიგნია ის წიგნი, რომელსაც გამოსატოვებელი ადგილები არ გააჩნიაო.
მაგრამ ხომ არსებობს ისეთი წიგნებიც, იქ შესულ მკითხველს გარეთ რომ ვეღარ გამოუღწევია და თავბედს იწყევლის, აქ არ დავრჩეო.
ბესიკ ხარანაულს ამ საფრთხისაგან თავი სწორედ თოკის გაბმით დაუზღვევია, ზედ კრიალოსანივით რომ აუსხამს სათაურები გზის გამოსაგნებად.
სათაურთა ეს კრიალოსანი აწესრიგებს ჟანრობრივ სხვადასხვაობას, თუმც თხრობა ისეა გადატვირთული, ზედმეტი არ იქნებოდა ავტორი ზოგიერთ მონაკვეთს შელეოდა აპლიკაციური ნაწილიდან, უშუალოდ თავისი ტექსტიდან კი სკაბრეზული ადგილები ამოეკლო, რაკიღა მხატვრული აუცილებლობით კი არ არის ნაკარნახევი მათი გაჩენა, არამედ დღევანდელი მოდური გატაცებით, ამგვარ გატაცებებსა თუ ხარკის გადახდის სურვილს კი ბესიკ ხარანაული სიჭაბუკეშიც არასოდეს უცთუნებია და თავისი მხატვრული სამყაროს შემოგარენიდან ადვილად არ გადაცდენია ფეხი.
გამოსატოვებელ ადგილებს რომ ახსენებს თავიდანვე და საგანგებოდაც გამოარჩევს თხრობიდან ამ სახელწოდებით, ეს, ცხადია, მისტიფიკაციის ხერხია და მკითხველს გამჭვირვალედ მიანიშნებს: განსაკუთრებით სწორედ ამ სტრიქონებს ჩაუკვირდითო...
მკითხველს, რომელიც შესაძლოა აღარც შერჩეს "ჰიპერბოლებისა და მეტაფორების წიგნს" - მარადიულ ძილში ჩაძირული.
სასოწარკვეთილება ამოულანდებს თვალწინ ახლებური ეპოსის შემქმნელს პათეტიკის ჯვარზე გაკრულ ადამიანსაც და განაწყობს ჰეროიკის წინააღმდეგ, რაკიღა თავგამეტებამ ვერა და ვერ დაიხსნა კაცობრიობა კატასტროფის შეგრძნებისაგან, ღმერთსმოკლებულ სინამდვილეში კი მოსალოდნელია გმირობაზე ძნელი და ბევრად ძნელიც ადამიანებში გაძლება აღმოჩნდეს.
დაე პათეტიკა ჯვრადაც გამოგესახოს, ზედ გაკრული ადამიანით!..
რაოდენ შემძვრელიც უნდა იყოს ეს განცდა, ავტორს მაინც სჯერა, რომ ამ წიგნის პერსონაჟები სწორედ პათეტიკამ შემოინახა, და თუ თვითონაც გამოიჭრება ხოლმე ეპოსის ფურცლებზე, რათა თავის გმირებს გამოუთამაშდეს, პათეტიკას შეუგულიანებია, ირონიის ემბაზში ამოვლებულს.
და იდუმალი ხმა აღწევს მის ყურთასმენამდე, ნუ გაიმეტებს ასე ძალიან ნურც "ჰიპერბოლებისა და მეტაფორების წიგნს" და ნურც საკუთარ თავს, და განგაშიც რაოდენადაც უნდა გამძაფრდეს და სარკოფაგიც მოგალანდოს, ეს მაინც ის პირობითობა უნდა აღმოჩნდეს, სარკოფაგის მიღმა ნოეს კიდობანის ხსოვნასაც რომ წამოგიტივტივებს და სასოწარკვეთასა და უსასოობაში ნუგეშისმაგვარს რასმე მოგივლენს.

***
აჩრდილებისგან რომანტიკულ ხასიათებს აქანდაკებდა ვაჟა-ფშაველა.
ამ სამყაროს მოსალოდნელ გაქრობას ვერ შეგუებოდა და ბედისწერას ისევე შეჯახებოდა ანტიკური გმირივით, როგორც მისივე პერსონაჟები.
აკაკი შანიძეს სხვა გზა გამოენახა - ინიშნავდა და იწერდა ყველაფერს, რაც ამ მხარის ზეპირსიტყვიერებას შემოენახა და საყმოთა ცნობიერებას "ხევსურული პოეზიის" ექსკურსებით აღჭურვილ გამოცემაში დააბინავებდა.
ალექსი ჭინჭარაულს ლექსიკონი ეგულებოდა ყველაზე საიმედო თავშესაფრად უაღრესად დახვეწილი, ლიტერატურულად ასერიგად გამართული ენის, რომლის სიტყვა-გამოთქმებიც თავით ბოლომდე პოეზიის სულით სუნთქავდა.
აქ ყველგან მოისმოდა განგაშის ზარი, სულ უფრო და უფრო გაძლიერებული მზერისაგან აჩრდილთა მიფარების კვალობაზე, და ბესიკ ხარანაულს ისღა რჩებოდა, გაეშიშვლებინა სრულ რღვევას მიწევნილი სინამდვილე და ისეთივე ტკივილით გაეყოლებინა თვალი დასაღუპად გამეტებული ჰიპერბოლა-მეტაფორათა ცხოვრების წესისა და ადათებისათვის, როგორც კაცობრიობას გამოიტირებდა - იმასაც გასაწირს, რაკიღა ერთმანეთს გადაჯაჭვოდა საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთისა და კაცობრიობის ბედისწერა.
და მარტოდენ გონებით კი აღარ ეცოდინებოდა, ხელშესახებადაც გამოცდიდა, თუ რა ტკივილი ხრავდა ვაჟა-ფშაველას და რატომ ეჭიდავებოდა მთელი ცხოვრება გოგოთურის ლოდს: ცხენის ზურგზე თუ ვერ გადავაგდე, ეგებ ქარი მაინც გავუტაროო...

***
და შენც რაღა დაგშთენია - იქნებ მართლაც ჩაიდო ნაწერი ჯიბეში და გადაიკარგო?!.
მკითხველი კი... მკითხველი მარადიულ ძილს მიეცეს...













ავტორი: f7fs26


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი