მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
ემზარ კვიტაიშვილი: წლევანდელი თბილისობა

ფილარმონიის მოედანი

ლურჯთვალება, მანქანასთან,
იდგა განალაღები...
რა იაფად მომცა გოგომ
ახალციხის კვახები.

მამაც ახლდა, ორივენი
ვიცან ქართულ ჯილაგად;
ოთხი ცალი შემირჩია,
ჩანთებში ჩამილაგა.

ვერ დავლოცე - გაის ამ დროს
ბედნიერი მეხილე! -
როს მატანდა მთვარესავით
ყვითლებს, ყუნწდაგრეხილებს.

წამოვიღე ის კვახები,
მძიმე, თამაშ-თამაშით...
მერე კი ვთქვი: სიხარული
არ მოაკლდეს მამა-შვილს!


გადის წვიმიანი გაზაფხული

ხილის ზღვა. მოხოხიალობ,
ზაფხულო, სანეტარო!
მახარებ, ალიბუხარო,
ყვავილის ყელში მჯდარო!

ზამბახის გაკრავს სილურჯე,
გათქვირულს, ქება გეთქმის...
ოქრონარევი კანი გაქვს,
მზის გულზე დანახეთქი.

თვით ცამდე აგწევ, ბეჩავი,
წასაქცევ-დასაყუნცი...
ჩასაკბეჩავო, რას ქაჩავს,
ამდენს, ის წვრილი ყუნწი.

ჭექა-ქუხილის ლაღუმი.
კალთები, მთისა, ლაღობს...
მწიფობის ჟინი მაყეფებს,
ყვავილში ვხედავ ნაყოფს.


ძველი სასახლის ეზო

ჩავუვლი, შვებას მომაფენს სხვაგვარს,
მოედნის ახლოს, ბაღი კატების;
თუ არ ჩამთვალეს ზაზუნად, თაგვად,
იმათ მარაქას მივემატები.

მშვიდად ფშვინავენ, არ ისმის ხვნეშა,
თვალმოხუჭულთა თვლემა იწყება;
ზოგს - მოშრაშუნე უგია ნეშო,
ზოგი - გადახრილ მზეს ეფიცხება.

რა აქვთ სანაღვლო ან შესაბრალი,
თავმოყრილია მთლად საკატეთი;
შავს იპრიალებს, ჩექმებს, კაპრალი,
ულვაშს იყენებს, პიწკად, კადეტი...

რა ბრჭყალებს მალავს ფაფუკი თათი,
ფისოთა მოდგმა რას იკიკნება?
საკვირველია გუმანი მათი -
ეს რა სამოთხის შესძლეს მიგნება!


გასაყიდად გამოეყვანათ
(მარჯანიშვილის მოედანი)

მზერა ვეღარ მოვაცილე,
არ ვარ თუმც თვალხარბი -
კოხტად შეკრულ გალიაში
იჯდა ორი ზღარბი.

ასვეტილი, რკინის ბოძთან,
კაცი იდგა კუშტად,
ეტყობოდა, დაღლილიყო,
მოელოდა მუშტარს.

შევიცანი, ზღარბუნებში,
თვით ბუნების უნჯი;
ლეგა მავთულს მიქჯენოდა -
გრძელი, წყვილი დრუნჩი.

ვფიქრობ, დამემოწმება,
შეუხედავს ვისაც;
წყნარებს და უწყინარებს,
ფერი ედოთ მწყრისა.

გაშლილ კარ-მიდამოში,
გაბადია თუკი;
ერთ რამედ ღირს იმათი
გორვა და ცუქცუქი.

დადგა ნადირობის სეზონი
ამირან წეროძეს

ვუმზერ ღრუბლებს, დახვეულს,
აბრეშუმის ლენტებად...
სანადიროდ წამსვლელთა
გრილი დილა თენდება.

დევს აბგაში საგზალი,
სასმელები, თუთუნი,
ყავისფრად დალაქული
ძაღლის ისმის წკმუტუნი.

თოფიანებს გავყვები,
ღვთის იქნება თუ ნება;
ცხარედ იცის კურცხარმა
მკერდზე მოთათუნება.

ჯიპს დაძრავენ, დაცვარულს,
ქარი გაცრის ხვაშიადს...
მათგან მხოლოდ ერთს ახსოვს -
თემიკო მიწაშია.


ბიძაჩემი მენატრება -
იაშა კვიტაიშვილი

ბალღი ვიყავი, გიმზერდი -
ტანმაღალს, რა მკვირცხლს, რა ლაღს...
ღელვამ, სოფლისა, გაგალღო,
მიწას მიგცეს და ტალახს.

ფიჩორზე, ნარიონალთან,
ვისმენდი გრიალს თოფის...
გაგრილდა ლულა ორივე
და ჟინიც - ნადირობის.

რა დამილევდა მე შენთან
სასმელს და სასაუბროს!..
სარდაფში გაშლილს, ვიგონებ
იმ უკანასკნელ სუფრას.

პურადი, ღიმილიანი,
ბევრის ხსოვნაში ჩარჩი;
ჩრჩილმა შეჭამა, ქათქათა,
აფთიაქარის ჩაჩი.

გლერტა, ჭინჭარი ევლება
შენს სათესსა და სახნავს;
ზემო ჩიბათში, გორაზე,
დამარხული ხარ ახლა.


თანატოლები შემომეცალნენ
ჟორა მახარაძის მოსაგონარი

ჩემთვის ისე იდექი,
მინდორში რო ხე დგას...
მამცნეს შენი სიკვდილი,
გულის გასახეთქად.

სიხარული, იმ დროთა,
მომწყდა,
განმეშორა,
ობლობაში გაზრდილო
ბიჭო, ძმაო ჟორა?!
მეხი დამცა, ვინც მითხრა
შენზე, არა გვყავსო...
(წამლად არსად ირხევი,
ჩაგეჭიდო, ხავსო!)

მოგვივლია რამდენი,
ერთად, გზა და ხევი...
შვილიშვილი დაგეხრჩო,
იმას გადაყევი.

რა აღმართებს ვუტევდით,
რის დაღლა და ხვნეშა!..
გურიაში, ქედიდან,
გვიზიდია შეშა.

ვინც "კოშიას" გეძახდა,
ირგვლივ არვინ დარჩა...
ჩემსას რაღა აზრი აქვს
აღმა-დაღმა ჩარჩალს.

ქარი გაგხვეტს, სიჭაბუკის
ნაცარო და ნავლო!
დაგუბულა ნაღველი,
რა ვქნა, ვის შევბღავლო?!


გარეულის მოგერიება

დილით ნუ მოხვალ, სიკვდილო,
ნურც ადრე საღამოთი;
არ დაგინახოს თვალებმა,
შუაღამისას მოდი!

არ არჩევ, ვიცი, ერთია
შენთვის - ძაგება, ქება;
სულ რომ არ გამოჩნდებოდე,
არც არა დაშავდება.


ორთა კონცერტი სანთლის შუქზე
("მეძო")

არაფერი შეედრება
(სიტყვას ვამბობ პირიანს),
გიტარა და ვიოლინო
როცა ერთად ტირიან.

ვუსმენდი და ვუყურებდი,
ლამის მოვწყდი,
დავეცი...
რა ბგერები იღვრებოდა,
ციდან, უსუფთავესი.


ზღაპარში ჩაკარგული

გამჩენელო, ბევრჯერ გითხარ -
დედაც ხარ და მამაც ხარო,
ამ აპრილის დამდეგს, მეტად,
არ დამდაგო, გამაცხარო...
იმყოფინე, რაც რო მჯიჯგნე,
ჩემი სისხლით გამაძღარო!

კიდითკიდე გადაბმული,
ღამეც, დღეც ხარ, ჭრელი წრეც ხარ,
ძმარ-ნაღველი, ამღვრეული,
ვერაფერმა გადარეცხა,
ძვლებს გაუდის რაჩხა-რუჩხი,
შენღა დამრჩი გულის რეჩხად.

მე, ძაბუნმა, სად გეძებოთ -
ბიძებო და მამიდანო!..
სამი დამხვდა გზა, ვერცერთი
ავირჩიე სამიდანო,
დამბლა მხუთავს, ამის დაბლა,
სადღა უნდა ჩამიტანო?!


მოგზაურობის ჟინი

ცოცხლად, მე ვერ დავხატავდი
ზეთისხილის რტოს განა?!
ღმერთი, რჯული! არ მაწყენდა
პროვანსი და ტოსკანა.

უფალს კი ეცოდინება -
მიმყოლი ვარ დინების,
მაპოვნინებს გზას, შორეთის,
ქარი აპენინების.

დაღლილს, ფუთააკიდებულს,
მიმიხმობენ ზარები;
რომელიმე ძველ მონასტერს,
მყუდროს, შევეფარები.

ღამისთევა ტკივილში

ყველა მოძრაობათგან,
დედამიწას წრე წამს;
ვიხილე ცის, მარადის,
სიბნელისგან ცრეცა.

ვიცდი, როდის ინათებს,
გადიყრება ბინდი,
ცხენებს, უცხოს, უცხუნე,
მზეო, ამობრწყინდი!

სირთა ველი გალობას,
გული გამინედლე,
ელვად შემოაგელვე
შენი ოქროს ეტლი!


პანთეონის მონახულება

გამოგივლი ვეღარსად,
ვეღარც გეტყვი: წამო!
შავი მარმარილოა
შენი კარ-მიდამო.

რა ყოფილა - სამუდამო
ძილია თუ რული!..
ღვინისფერი ყვავილებით
გნახე დაფარული.

იცრიცება აპრილის თვე
ჩითის პერანგივით...
ეს რვა წელიც რა უეცრად
მიილია, გივი!


თვალწინ იცვლება სურათები
(ცა მხატვრის სახელოსნოდან)

მუქთად ვისწავლე შერევა
ფერების - მუქთა, ბაცთა...
საეჭვო გახლავთ, ჩემდენი
ვინმეს შეეძლოს დაცდა.

ნეკსაც არ გავატოკებ და
ისე მოვძებნი წერტილს;
წუთადაც არ მიმაჩნია,
მე, საუკუნე ერთი.

ჩაწურულია ღრუბლებში
დილა-საღამოს მადლი...
ფანჯრის რაფაზე ვალაგებ,
მერე ერთმანეთს ვადრი.

მიიზლაზნება აქლემი,
ვეფხვი ამზადებს ნახტომს,
ფუნჯს ვატრიალებ, რა დამღლის,
გინდაც მთელი დღე ვხატო...
ღმერთმა ინებოს, ზღვად იქცე,
წვეთო, წვეთს მინამატო!


ოცნება იტალიაზე

სურვილი დღემდე მდუღარებს, დნება...
ელავს, ზღვის პირას, ოქრო - "ნაპოლი."
თვითმფრინავიდან შევხედე, ება:
ცაში, ვეზუვი, ფერფლად ნაბოლი.

ფერდი, დამრეცი, ღრუბელზე უძევს...
თავწაკვეთილი, ცივი, ლამაზი,
კონუსი, ვეღარ ატოკებს ფუძეს,
ძმა, შორეული, ფუძიამასი.

ვერაფრით ვიტყვი: ბედი მეწია!
თეთრი ორღანო - გრგვინავს მილანი...
ვინ მომალანდა, მე, ვენეცია
ან სხვა სიზმრები, მისი კბილანი.

გაჩნდეს ამ ქვეყნად, ბევრს უნდა, მჯერა:
ტიბერიუსად, ტიტედ, ნერონად...
მე კი ვეროდეს მეღირსა, ვერანს,
თუნდ კატულუსის ვნახო ვერონა.

დაღამებულშიც სულის მდაღავი,
ასხივებულნი, სხვათა ნაქები,
ჩემგან უჭვრეტი და უნახავი,
ბრწყინავენ მზეზე, რა ქალაქები!


სანდრო ანიელის მუზეუმში
(შარშანდელის გახსენება)

ჯიშიან ცხენთა რა ფიტულები...
ყველა მათგანი ლაგამს ღეჭავდა...
გამოშრობოდათ სისხლი სრულებით,
ახლაც გულს მიკლავს ხვედრი ბეჩავთა.
თვითეულისას ვხატავდი მხედარს
(სულები, ცაში მოფარფატენი...),
უცხო ცხენები... მე ოფლსაც ვხედავ -
მათი ზურგიდან ორთქლად ადენილს.
ვერ გიძღვენი წელიწადი
(ვაზის ფოთლებში გავეხვიე)

არც მწუხარებას ჰქონია ვადა,
ვერ აუვედი ამდენ სატირალს;
ნაღველს, გულისა, ქარს ვეღარ ვატან,
ტყვეს, მენადების, რა მენადირა?!

არ შემიძულო, ვერც ის შევძელი,
საშენოდ, ყველა შემეკონა თვე...
მე წყალს დავეხრჩო, იყავ დღეგრძელი,
შენი სურვილის ვრჩები მონადვე.


შავეთის საუფლოში

მტერი შეასკდა იმ ბოლო თარიღს,
ყოფს ბნელს და ნათელს თხელი ხარიხა...
ბურანში გაგხვევს ბორანი ჩქარი,
დახუჭავ თვალებს... უკვე მკვდარი ხარ.

ერთი ხვედრი აქვთ მარდსა და ოჩანს...
სულთამხუთავმა ვინაც შერისხა
(იქ ყველაფერი ლუსკუმად მოჩანს),
რჩება ამარა ერთი ფერისღა.


მოლანდება

თითებშუა, ანთებული,
ჩანდა სიგარეტი.
დამესიზმრე, მამაჩემო,
ნაღველს იქარვებდი.

ასე მალე რამ გაგაქრო,
ღვთის ნაზელო თიხავ?!
შევკრთი, დაუჯერებელად
ახალგაზრდა იყავ.

წახველი, თან წაიყოლე
დარდი მარადისი...
ფერფლიც რომ არ დაგრჩენია,
თქმა გეწადა რისი?!


რეიდზე ჩამომდგარი წყვიადი -
მიცვალებულთა სულების გადამზიდავი

დასალიერი. კალთა ქედისა.
შუქურა მოხამხამე.
კრეისერივით გაწოლილია -
გრძელი, ვეება ღამე.

სერავს მის სხეულს ათასნაირი
კაიუტა თუ სორო.
ნახშირზე შავი, სტომაქი მისი,
რით გინდა ამოყორო?!

დეკემბრის ჭირხლი ულესავს ფერდებს,
შავი უბზინავს ხახა...
ვერვინ შეატყობს სიცოცხლის ნიშატს,
მას რომ მგზავრები აყავს.

ტყვიაზე მძიმეს, აგროვებს ცოდვებს,
არ მიაქვს ჩალა, თივა...
მიეალერსე მდუმარს, გალურსულს -
დაგტოვა, გიპატივა.

აფართხალდება სხივი და ფრთხილად
გაგნათლავს მზის ემბაზი,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრო
მიწაზე ყოფნის ფასი.


შუა გზაზე ვარ
(ნაღვლიანი სიმღერა)

ჯერ ვცოდვილობ, ნუ იჩქარებ
ჩემს აბურდვას,
ახვეტას;
დამაცადე, გადავხედო -
საინგილოს, ახმეტას.

გულებს რაღა შეაქანებს,
მე თუ აღარ ვიქენი;
გათოვდება,
მოიწყენენ -
აწყური, ადიგენი.

ეხი, სადაც ჯიხვს, დაკოდილს,
მონადირემ შესდია,
უნდა ვნახო, -
მენატრება -
ცაგერი და მესტია.

რა სიგელი მოგაგებო,
რა თხოვნა და ადრესი?!
გვედრი,
ნუ იკადრებ, რაც რო
არ არის საკადრისი.

არ იფიქრო, ჯავრად გამყვეს -
დროსტარება,
ღვინის სმა;
ცას და მიწას შევყურებდე,
ჩემი შემრჩეს თილისმა.

არ ვინაღვლებ, გავერანდეს -
ტავერნები, დუქნები...
თუ განვქარდი, რამდენი რა
დამრჩება მიუგნები.

სხვა ჭირი გჭირს, თაო ჩემო,
ცხელი ბანგით დამთვრალო!
ყველაფერი რანაირად
დავამწკრივო, დავთვალო?!
ფოთლებაპრიალებული,
შემაგრილებს ფათალო...
არსად ჩანხარ, ლექსო, ჩემი
მწუხარების ბადალო!..



მთავარანგელოზს ვევედრები
"წმიდაო მთავარანგელოზო,
შეიწყალე კვიტაი."

წარწერა კრიხის ეკლესიის კედელზე. X საუკუნე

სალამურს არ ვაკვნესებ,
არც დამიკრავს ჩელო...
რა დახლი დაგიდგება
შენ რო მე მომცელო?!

თუ პატარას მიხათრებ,
ჩემზე იყოს აწი!..
ფრატუნობდეს, ამ ქვეყნად,
ერთი ბერიკაცი -

დაბნეული უზომოდ,
ცოტა უცნაური,
ვისიც მხოლოდ სიტყვაზე
ეფეთება ყური.

საჩემოდ ვერც მოიცლი,
იმხელა გაქვს კალო...
ან რა დაგეხარჯება,
ერთხანს ვიტანტალო?!

იცი, ხმაურს არ ავტეხ,
ჩემო წილო ჭირო!
შევეცდები, თვალშიაც
არვის შევეჩხირო.

აღმა-დაღმა ვიქროლებ,
ნიავზედაც მჩატე;
არ წაგართმევ არაფერს,
თუ არ მოგიმატე.

აუწონელ სიმდიდრეს
ფეხქვეშ გაგიშლიდი...
არ გამწირავს, შენს გარდა,
ის ვარსკვლავიც, შვიდი.
















კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი