მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
დათო ტურაშვილი: ევროჯორჯია

(მოკლე ვერსია)



მოქმედი პირები:
შუახნის ქალი
შუახნის კაცი
უფროსი ძმა
უმცროსი ძმა
სოფო, ნასტუდენტარი გოგო

მოქმედება ხდება საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, სადაც გარედან პერიოდულად აღწევს სროლის ხმა, რადგან გარეთ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. Uუფრო სწორად ეს არის ომი, რომელიც ძალიან ჰგავს სამოქალაქო ომს და სინამდვილეში კი რა არის, არავინ იცის.
სცენა კი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ადრე მხოლოდ სასტუმრო ოთახის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ახლა აქ ერთდროულად სასტუმრო ოთახიც არის, საძინებელიც და სამზარეულოც. ფანჯარასთან ახლოს თუნუქის ისეთი ღუმელი დგას, რომელსაც საქართველოში -ფეჩს- ეძახიან და მისი საკვამური მილი ფანჯარაშია გაყოფილი. ღუმელის გარშემო ყრია რამდენიმე ძველი გაზეთი და სკამის ფეხი და ღუმელისგან მარცხნივ დგას სამზარეულოს თუ სასტუმრო ოთახის ჩვეულებრივი მაგიდა. ზედ ნავთის ლამფაა. მარცხნივ დგას ტელევიზორი, საიდანაც გამომავალი ელექტროსადენი უერთდება ეკრანის წინ აღმართულ საბჭოთა პერიოდის დიდ, ორთვლიან ველოსიპედს.
ნავთის ლამპის სუსტი ალი სინათლის ერთადერთი წყაროა ამ ოთახში და ოთახის სიღრმეში კი, აივნის კარიდან მარჯვნივ, ტყავის დივანი დგას, რომელზეც შუახნის კაცი წევს. კაცს ზედ აყრია საბნების, პალტოებისა და საძილე ტომრების მთელი გროვა, მიუხედავად იმისა, რომ მას შალის სქელი მოსასხამი აქვს შემოხვეული და შალისავე ხელთათმანები უკეთია.
ღუმელსა და მაგიდას შორის კი დგას ტყავის სავარძელი, რომელშიც დაახლოებით იმავე ასაკის ქალი ზის, რომელსაც მოთხილამურის ქუდი ახურავს და საბანში გახვეული წიგნის წაკითხვას ცდილობს. იგი მდგომარეობას უცვლის ხან წიგნს, რომელიც ხელში უჭირავს და ხანაც ნავთის ლამპას. მას ხელები გათოშილი აქვს და ხან საბნის ქვეშ მალავს და ხანაც საკუთარი სუნთქვით ათბობს.
უცებ აფეთქებისმაგვარი ხმა გაისმის და ფანჯრიდან შემოიჭრება მოყვითალო, კაშკაშა შუქი, რომლის სინათლეზეც ქალი ხმამაღლა, სწრაფად წაიკითხავს ტექსტს წიგნიდან, სანამ ცა განათებულია:
ქალი - როდესაც ჯვაროსანთა არმია შევიდა ქალაქში, დაბნეულმა სარდალმა პანიკურად მიმოიხედა: მის გარშემო, ცეცხლისა და კვამლის შუაგულში, შეშინებული ადამიანები იდგნენ - მამაკაცები, ქალები და ბავშვები. სარდალი გაბრაზებული მიუახლოვდა პაპის წარმომადგენელს და აღელვებულმა ჰკითხა: "თქვენო უწმინდესობავ, როგორ უნდა გავარჩიო მწვალებლები პატიოსანი ადამიანებისაგან?" "შეგიძლია ყველანი დახოცო," - წყნარად უპასუხა ვატიკანის წარმომადგენელმა,- "მერე ღმერთი თვითონ გაარჩევს ვინ ვინ იყო"...
კაცი - რამდენჯერ გითხარი, რომ ფანჯარასთან ახლოს არ უნდა მიხვიდე, შეიძლება ბრმა ტყვია მოგხვდეს.
ქალი - არ მომხვდება. იქით ისვრიან (ხელით მოძრაობას გააკეთებს.
ქალი ბრუნდება სავარძელში და ლამფის მომატებას ცდილობს, მერე კვლავ იღებს წიგნს და სწორედ ამ დროს კედელს ხვდება ფანჯრიდან შემოვარდნილი ტყვია).
კაცი - (თავს ამოყოფს გადაფარებული პალტოდან) რას გეუბნებოდი?!
ქალი - ესე იგი, პირიქით, იქიდან აქეთ ისვრიან (მიდის კედელთან და ნატყვიარს აკვირდება). შეიძლება იმ მხრიდანაც იყო (ახლა ხელს სხვა მიმართულებით გაიშვერს).
კაცი - მაინცადამაინც დღეს ნუ მოაკვლევინებ თავს.
(ქალი კაცს არ უპასუხებს, აიღებს ტყვიას და როგორც ფილატელისტი იშვიათ მარკას, ისე დააკვირდება მას).
ქალი - აკაემია, ოცდაათიანი.
იღებს საშუალო ზომის გრავირებულ ხის კოლოფს (რომელშიც, ჩვეულებრივ, ძვირფასეულობას, წერილებსა და სუვენირებს ინახავენ) და აღებს მას. კოლოფი სავსეა ტყვიებით და აკვირდება ზოგიერთ მათგანს. იგი ტყვიას ისევ ყუთში დებს, კეტავს მას და თავის ადგილზე აბრუნებს. სროლის ხმა ნელ-ნელა წყდება.
კაცი - ტუალეტში უნდა შევიდე (კაცი იშორებს საბანს და პალტოს, მაგრამ, სიცივისგან აკანკალდება და ისევ გადაიფარებს).
ქალი - მოინდომე და შეხვალ.
კაცი - ჯობია შენ მოინდომო და გაიხსენო, როგორ მზადდება სპირალისაგან ის კუსტარული გამათბობელი.
ქალი - რომ მახსოვდეს, შენი თხოვნა არ დამჭირდებოდა, ის კი ზუსტად მახსოვს, რომ ვასიკო თარგამაძის იდეა იყო და კათედრაზე ეცინებოდათ კიდეც, მაგრამ მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მართლა დამჭირდებოდა, ამიტომაც არ დავიმახსოვრე, როგორ კეთდებოდა.
კაცი - არადა, როგორ მიყვარდა ზამთარი და ამ დროს უკვე ბაკურიანში ვიყავით ხოლმე და შენს დაბადების დღესაც ყოველთვის იქ აღვნიშნავდით. (მცირე პაუზის მერე) ბიჭებს ვითომ გაახსენდებათ?
ქალი - ცეცხლი უნდა დავანთო.
კაცი - ახლა რაღას დაწვავ?
ქალი - (აკვირდება სკამის ნარჩენებს) იქნებ ეს გვეყოს.
(ქალი ცეცხლს გაზეთით ანთებს ღუმელში და ამატებს სკამის ნარჩენებს, შემდეგ ითბობს ხელებს და მერე მიდის მაგიდასთან. ტომრიდან გადმოყრის ფქვილს და წყალსაც მოიმარაგებს).
კაცი - სანამ ჭადების გამოცხობას შეუდგები, ტელევიზორი ჩართე, ახალი ამბები იწყება.
(ქალი მიდის ველოსიპედთან, სკამზე შეჯდება და "პედლებს- დაატრიალებს, ნელ-ნელა მოუმატებს და ტელევიზორიც ჩაირთვება, მაგრამ ეკრანი მხოლოდ შიშინებს და გამოსახულების ნაცვლად მხოლოდ მოციმციმე ხაზებია).
კაცი - რა არის ახალი?
ქალი - არცერთ არხს აღარ აჩვენებს, ტელევიზიის ანძა ხომ არ ააფეთქეს?
კაცი - მაგათი დედა მოვტყან თუ მართლა ააფეთქეს.
ქალი - რომელ მხარეს აგინებ?
კაცი - რომელმაც ააფეთქა.
ქალი - ერთ მხარეს შენი უფროსი ვაჟი იბრძვის და მეორე მხარეს კი - უმცროსი და გინება ორივე შემთხვეაში მე მეხება.
კაცი - ეგრე გამოდის
(ქალი ლაპარაკის პარალელურად, ცომის მოზელითაა დაკავებული და კაცი კი ისევ ლოგინში წევს, თუმცა მოულოდნელად წამოხტება, რადგან აღმოაჩენს რომ ღუმელში ცეცხლი ჩაქრა და მაგიდაზე დადებულ წიგნს აჩქარებით მოახევს ყდას. "ფეჩშიც" აჩქარებით შეუკეთებს და მერე სხვა წიგნებთანაც აჩქარებით მივა და ერთ-ერთის სათაურს ხმამაღლა წაიკითხავს):
კაცი - მარქსი და ენგელსი, თხზულებანი...
(მერე წიგნს ფურცელ-ფურცელ შეაგდებს ცეცხლში და ამ დროს ხმამაღლა დარეკავს ტელეფონი, რომელსაც ქალი არაბუნებრივად ხმამაღლა, მაგრამ სასწრაფოდ უპასუხებს):
ქალი - კი, მე ვარ შვილო და დიდი მადლობა, კარგად ვართ, ნუ გეშინია, მამაშენიც კარგად არის და ბიჭებიც კარგად არიან. შენგან ერთადერთი ის გვინდა, რომ სანამ აქაურობა არ დაწყნარდება, არ ჩამოხვიდე და ისწავლო და ჩვენზე არ იდარდო...
(ხელიდან უშვებს ყურმილს).
კაცი - გაითიშა?
ქალი - კიდევ კარგი, რომ ყოველთვის მანამ ითიშება, სანამ ტირილს ვიწყებ.
კაცი - შენ თვითონ ხომ არ თიშავ?
ქალი - მე რატომ უნდა გავთიშო?
კაცი - იმიტომ, რომ ტყუილის თქმა ყოველთვის გიჭირდა
ქალი - ახლაც მიჭირს და კიდევ კარგი, რომ ეკა მაინც არის შორს და თავისი ძმების სირცხვილს არ უყურებს.
კაცი - (ყურადღებას ისევ წიგნებზე გადაიტანს) ჰეგელი, ისტორიის ფილოსოფია, კაცობრიობის ისტორია, როგორც თავისუფლების იდეის განვითარება, ეს კარგად დაიწვება.
(კაცი წიგნს ცეცხლში შეაგდებს და შემდეგ წიგნს ჩამოიღებს).
ქალი - ოღონდ არა ბიბლია!@
(კაცი სათაურს დააკვირდება და წიგნი მართლაც ბიბლია აღმოჩნდება).
კაცი - მაპატიე, არ დავუკვირდი და კინაღამ ესეც დავწვი, არადა თუთუნის შესახვევად ასეთი კარგი და თხელი ქაღალდი არც არსებობს.
ქალი - არ შეგიძლია ახლა მაინც იყო სერიოზული?
კაცი - მაშინ ის გადამალული სიგარეტი მომიტანე.
ქალი - დღეს ხომ უკვე მოწიე და იმ ერთ დარჩენილ ღერს ხვალისთვის შეგინახავ.
კაცი - მე ახლა მინდა ჩემი სიგარეტის მოწევა, ხვალამდე ვერ მოვითმენ.
ქალი - (გამოაძვრენს გადამალულ ღერს) რომელ ქართველ კაცს შეუძლია რაიმეს მოთმენა, შენ რომ შეგეძლოს...
(ქალი ქმარს სიგარეტს მიუტანს და კაცი გემრიელად, ღრმა ნაფაზებით გააბოლებს. Mმერე კიდევ ერთი წიგნის ამოხეულ ფურცლებს შეყრის ღუმელში და ქალს გახედავს):
კაცი - (აშკარად ლაზღანდარულად) ისე, შენ რომელი შვილის მხარეს ხარ?
ქალი - (კითხვაზე კითხვით უპასუხებს) რა წიგნი იყო?
კაცი - (ცეცხლში იყურება სათაურის წასაკითხად) ბეკეტი, ,,მოკლე პიესები-
(ქალი კი ცომის მოზელას აგრძელებს).
კაცი - იქნებ ტელევიზორის ჩართვა ისევ მოსინჯო, ახალი ამბების დროა.
ქალი - რა აზრი აქვს, თუ ტელეანძა მართლა ააფეთქეს.
კაცი - ეგ მხოლოდ შენი ვარაუდია.
(ქალი გაბრაზებით შემოჯდება ველოსიპედზე და ისევ დაატრიალებს "პედლებს", მაგრამ გამოსახულება ისევ არ გამოჩნდება).
კაცი - არაფერი?
ქალი - ("ფეჩისკენ" ნაღვლიანად გაიხედავს) ბეკეტის პიესები მაინც როგორ გაიმეტე, ზეპირად იცოდი ხოლმე...
კაცი - ახლაც ზეპირად მახსოვს, იმიტომაც დავწვი.
ქალი - მე კი იცი, რა მახსოვს? პირველად რომ დაბადების დღეზე წიგნი მაჩუქე, იმ ზამთარს არ გაგიცანი? გახსოვს?
კაცი - წიგნი რომ გაჩუქე მახსოვს, მაგრამ რა წიგნი იყო, ახლა ვეღარ ვიხსენებ.
(ქალს უცებ თვალები ცრემლებით აევსება).
ქალი - მართლა აღარ გახსოვს?
კაცი - (ისევ გადმოიღებს წიგნს და ყდას დახედავს) ბალზაკიც კარგია დასაწვავად, საერთოდ კლასიკური ლიტერატურა ყველაზე კარგად იწვის, გუშინაც ვაკვირდებოდი...
ქალი - ბალზაკს ძილის წინ ვკითხულობდი ხოლმე და მახსოვს, რომ მერე კარგი რაღაცები მესიზმრებოდა. სხვათა შორის, ახლაც კარგ სიზმრებს ვხედავ, მაგრამ გამოღვიძების მეშინია.
კაცი - ნუ გეშინია, მალე ყველაფერი დამთავრდება.
ქალი - ეს არასოდეს დამთავრდება.
კაცი - ნებისმიერი ომი მთავრდება.
ქალი - ბრძოლები ალბათ შეწყდება, მაგრამ აქ ომი არასოდეს დამთავრდება.
კაცი - რატომ?
ქალი - იმიტომ, რომ ეს საქართველოა და აქ ომი მაშინაც არის, როცა ერთმანეთს აღარ ესვრიან, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.
კაცი - გამოსავალი არ არსებობს?
(ქალი პასუხის გაცემას დააპირებს, მაგრამ უცებ დენი მოვა, სინათლე აინთება და ყველაფერი ერთდროულად ჩაირთვება. ტელევიზორის ეკრანზე ყველაზე ცნობილი საბჭოური ტესტ-სიგნალი გამოჩნდება მუსიკის თანხლებით - ეს არის კომპოზიცია "მის სარაევო- ბონოსა და ლუჩანო პავაროტის შესრულებით. ცოლი გაოგნებული უსმენს სიმღერას და ქმარი კი გაოგნებული უყურებს ჭერზე ანთებულ ნათურას. თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება და მალე ყველაფერი ისევ ითიშება და სიბნელეში ისევ სიჩუმეა, რომელსაც კარზე ბრახუნის ხმა არღვევს).
ქალი - ვინ შეიძლება იყოს?
კაცი - ალბათ - შვილები.
ქალი - (შეშინებული) ვისი შვილები?
კაცი - (ღიმილით) ჩვენი შვილები.
ქალი - ერთად?
კაცი - (ისევ ღიმილით) ალბათ - ცალ-ცალკე
(კაცი კარისკენ წავა და ახალგაზრდა ადამიანთან ერთად დაბრუნდება, რომელსაც მხარზე ავტომატი აქვს გადაკიდებული და ბლომად შეშასაც შემოიტანს. ეს მათი უფროსი შვილია, რომელიც ოთახში შემოსვლისთანავე თავის უმცროს ძმას მოიკითხავს):
უფროსი ძმა - ის ვაჟბატონი დღეს არ ყოფილა?
დედა - იქნებ, ჯერ ჩვენი მოკითხვით დაგეწყო ან გამარჯობა გეთქვა.
მამა - (უფროს შვილს პასუხობს) შენი ძმა დღეს არ გამოჩენილა, სამაგიეროდ ეკამ დარეკა.
უფროსი ძმა - (მამას) როგორ ვარო?
მამა - კარგად.
დედა - (შვილს) არ გშია?
უფროსი შვილი - ისევ სოიოს კატლეტები?
დედა - ჭადების გამოცხობას ვაპირებდი.
უფროსი ძმა - დაბანა მინდა უცებ და სარდაფის გასაღები.
დედა - სარდაფში რა საქმე გაქვს?
მამა - ამ სიცივეში როგორ უნდა დაიბანო?
უფროსი ძმა - გავაცხელებ და გადავივლებ.
დედა - სარდაფში რა საქმე გაქვს?
უფროსი ძმა - კამპოტები მინდა ბიჭებს წავუღო.
დედა - ვინ ბიჭებს, შენს ძმას რომ ტყვიებს ესვრიან?!
უფროსი ძმა - ის ბიჭები ჩემი ძმისნაირი იდიოტებისგან სამშობლოს იცავენ.
დედა - შენ ძმას კი პირიქით ჰგონია.
უფროსი ძმა - იქნებ, შენც ეგრე გგონია?
დედა - მე თქვენთვის, ორივესთვის, დედა ვარ.
მამა - (საუბრის შემსუბუქების მიზნით) ნუ დაგავიწყდება, რომ სინამდვილეში სამი შვილის დედა ხარ და თანაც ეკამ უკვე დაგირეკა და პირველმა მოგილოცა შვილებს შორის...
უფროსი ძმა - რა? (ხელს თავში შემოირტყავს) მართლა რა იდიოტი ვარ, დედა გილოცავ და მაპატიე...
დედა - არა უშავს, მეც არ მახსოვდა.
უფროსი ძმა - (მამას, ნაწყენი ხმით) კარებში რატომ არ მითხარი და მაშინვე არ გამახსენე, სანამ შემოვიდოდი?!
მამა - მეგონა, ისედაც გახსოვდა. ვიფიქრე, ამიტომაც მოვიდა-მეთქი.
უფროსი ძმა - (გაბრაზებული) შეშა კი ყვავილების ნაცვლად წამოვუღე დედაჩემს? ესეც მაშინვე იფიქრე?
დედა - დღეს მაინც ნუ იჩხუბებთ.
უფროსი ძმა - მთელი ღამე არ მიძინია და იმდენი დაჭრილი გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სახლს როგორ მოვაგენი, ისიც მიკვირს.
მამა - იმედია, შენი ძმაც მოაგნებს.
უფროსი ძმა - (ძმის ხსენებაზე) მე მალე უნდა წავიდე, წყალს გადავივლებ და წავალ.
(კარზე კი კაკუნის ხმა ისმის და მამა უფროს ვაჟიშვილს გაუღიმებს):
მამა - ახლა წასვლას აზრიც აღარა აქვს.
(მამა გავა და ოთახში მეორე, უმცროს ვაჟიშვილს შემოუძღვება, რომელიც ვარდების თაიგულს გაღიმებული გადასცემს იუბილარ დედას).
დედა - (სიყვარულით აკოცებს შვილს) შირაზიდან?
უმცროსი ძმა - თავრიზიდან, შირაზი უფრო შორსაა, მაგდენი დრო არ მქონდა.
მამა - მართლა სად იშოვე?
უმცროსი ძმა - მტრებს ბრძოლით წავართვით.
უფროსი ძმა - მტრებში ჩვენ გვგულისხმობ?
(უმცროსი ძმა ყურადღებას არ მიაქცევს უფროსი ძმის შეკითხვას და დედისთვის მოტანილ ტორტს მაგიდაზე დადებს).
დედა - (თვალებგაბრწყინებული) ტორტიც?
(დედა კიდევ ერთხელ აკოცებს უმცროს ვაჟს, მადლობასაც კიდევ ერთხელ გადაუხდის და უფროსი შვილი კი ახლა კიდევ უფრო გაბრაზებული ხმით იკითხავს):
უფროსი ძმა - მგონი, შენ გელაპარაკები.
უმცროსი ძმა - შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს და შენისთანებს, რო იცოდე, აი, ამითი ველაპარაკები.
(უმცროსი ძმა მხარზე გადაკიდებულ ავტომატს ჩამოიხსნის და უფროს ძმას დაანახებს, რასაც უფროსი ძმის რეაქციაც მოყვება და უმცროსი ძმისკენ ნაბიჯის გადადგმას დააპირებს თუ არა, მათ შორის დედა ჩადგება).
დედა - კარგია, რომ ჩემს დაბადების დღეს ასე მხიარულად იწყებთ.
მამა - იუმორი დიდი ძალაა.
უმცროსი ძმა - მე არ ვხუმრობ.
უფროსი ძმა - (უმცროსს) მგონი, ვიღაცაში გეშლები.
უმცროსი ძმა - მე არაფერი მეშლება.
უფროსი ძმა - გეშლება!
დედა - ტორტს ვინ დაჭრის?
მამა - ტორტი ბოლოს ვჭამოთ, მე ჩავალ და ღვინოს ამოვიტან.
უფროსი ძმა - მე ამოვიტან, გასაღები მომეცით.
(უფროსი ძმა მამის პასუხს აღარ დაელოდება, ისე გამოართმევს მამას გასაღებების აცმას და ოთახიდან გავა).
მამა - მე ჩავიდოდი, ძალიან დაღლილი ვარო.
(მამა ცოლს გადახედავს და კარზე ვიღაც დააკაკუნებს).
დედა - ალბათ, ასანთის წაღება დაავიწყდა
(დედა თვითონვე წავა კარის გასაღებად და უკან კი ძალიან გახარებული დაბრუნდება თავის ყოფილ სტუდენტ გოგოსთან ერთად, რომელსაც სოფო ჰქვია):
დედა - ნახეთ ვინ მოვიდა!
მამა - (დედას) მართლა როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ყოფილი ლექტორი, რომ ასეთ დროს დაბადების დღეზე ესტუმროს.
დედა - თანაც გაიაროს თითქმის მთელი ქალაქი, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და არ შეეშინდეს.
უმცროსი ძმა - ეს არ არის სამოქალაქო ომი, ეს სხვა ომია.
(შვილის სიტყვებს ყურადღებას არ მიაქცევენ დედა და მამა და სოფოს კიდევ ერთხელ აკოცებს მისი ყოფილი და ამჟამად ძალიან ბედნიერი და მადლიერი ლექტორი).
სოფო - (ქალს) აი, საჩუქარიც მოგიტანეთ (დისკს ამოიღებს ჩანთიდან) თქვენი საყვარელი პავაროტი და ჩემი საყვარელი ბონო ერთად მღერიან.
დედა - დიდი მადლობა, სოფო, დღეს ტელევიზორში იყო ეს სიმღერა, მაგრამ ბოლომდე ვერც მოვუსმინე, დენი სულ ორი წუთით მოვიდა.
უმცროსი ძმა - (სოფოს) ბონოს ფანი ხარ?
სოფო - უბრალოდ, მიყვარს.
უმცროსი ძმა - უბრალოდ სიყვარული რა პონტია?
სოფო - უბრალოდ სიყვარულია, როცა მართლა გიყვარს.
უმცროსი ძმა - კარგად ვერ გავიგე.
სოფო - აი, შენ ხომ ძაან მაგრად გიყვარს სამშობლო?
უმცროსი ძმა - (ავტომატს დახედავს) მაგარი პატრიოტი ვარ.
სოფო - ჰოდა, აი უბრალოდ რომ გიყვარდეს, იარაღს არც გაეკარებოდი.
უმცროსი ძმა - მე ჩემს ქვეყანას ვიცავ ამ იარაღით.
სოფო - ისინი?
უმცროსი ძმა - ვინ ისინი?
სოფო - ვისაც თქვენ ებრძვით...
უმცროსი ძმა - (აწყვეტინებს) ისინი მოღალატეები არიან და თვითონ გვებრძვიან.
(ქალი და კაცი, რომლებიც ამასობაში სუფრას აწყობენ, ავანსცენაზე განმარტოებულ გოგოსა და ბიჭს გამოსძახებენ):
მამა - მოდით, ყველაფერი მზადაა.
დედა - რაც გვქონდა, ყველაფერი უკვე სუფრაზეა.
უმცროსი ძმა - (მშობლების გასაგონად) ახლავე.
სოფო - მე მეგონა, რომ შეიცვლებოდი.
უმცროსი ძმა - მე კი მეგონა, რომ აქ ჩემს გამო მოხვედი.
(სოფო რაღაცის თქმას დააპირებს, მაგრამ ბიჭისთვის პასუხის გაცემას ვერ მოასწრებს, რადგან დედა ხელს მოხვევს მას და მაგიდასთან მიიყვანს. ხოლო, როცა ყველანი სუფრის გარშემო აღმოჩნდებიან, კარის უხეშად შემოღების ხმა გაისმის და ოთახში უფროსი ძმა შემოვა, რომელსაც ხელში გასაღებების აცმა უჭირავს).
მამა - ვერ ნახე ღვინო?
(უფროსი ძმა მამამისს არ უპასუხებს და უმცროს ძმას მიმართავს):
უფროსი ძმა - ვინ არის?
დედა - სად?
უფროსი ძმა - ვინ არის-მეთქი?
უმცროსი ძმა - (საკმაოდ ამაყად) ტყვეა.
უფროსი ძმა - როდის მოიყვანე?
უმცროსი ძმა - შენი საქმე არ არის.
დედა - (გულწრფელად შეწუხებული პაუზის შემდეგ) საჭმელს მაინც ჩავუტანდი.
უმცროსი ძმა - რუსია.
დედა - მერე რა, რომ რუსია?!
უმცროსი ძმა - სამი დღე შიმშილს ნებისმიერი რუსი უძლებს.
მამა - რუსები ყველაფერს უძლებენ, მითუმეტეს ომის დროს.
უფროსი ძმა - (მშობლებს) ნუ ნერვიულობთ, მშიერს არ ჰგავს, თქვენი მურაბები და კამპოტები გაზაფხულამდე ეყოფა.
დედა - (უმცროს ძმას) საიდან წამოიყვანე, შვილო?
უმცროსი ძმა - შტაბიდან.
სოფო - (დაცინვით) ოტო სკორცენივით?
მამა - რად გინდოდა, შვილო?
უმცროსი ძმა - (უფროსი ძმისკენ გაიშვერს ხელს) ამათ ეგენი ამარაგებენ იარაღით.
უფროსი ძმა - (უმცროსს) თქვენც მაგათგან ყიდულობთ იარაღს.
უმცროსი ძმა - მაგრამ თქვენ უფრო იაფად გაძლევენ.
უფროსი ძმა - ტყუილია, ჩვენც ზუსტად იგივეს გვახდევინებენ.
დედა - (უფროს შვილს) ბარემ ამოგეყვანა შვილო, უხერხულია, მაინც სტუმარია.
უფროსი ძმა - ვერ ამოვიყვან.
მამა - რა პრობლემაა, ჩავალ და მე ამოვიყვან, სტუმარი ღვთისაა.
უფროსი ძმა - ვერც შენ ამოიყვან.
მამა - რატომ?
უფროსი ძმა - იმიტომ, რომ მე უკვე გავუშვი.
(ამ სიტყვების გაგონებაზე უმცროსი ძმა ავტომატს გადატენის, უფროს ძმას მიუშვერს და მათი ძვირფასი დედა კი შეშინებული შეჰკივლებს).
უმცროსი ძმა - შენ ვინ გეკითხებოდა, ბიჭო, მაგათ შტაბთან მოლაპარაკებები გვქონდა უკვე და იარაღში უნდა გაგვეცვალა.
მამა - (უმცროს ძმას) რომ მოიყვანე, თვალები ახვეული ჰქონდა?
უმცროსი ძმა - მაგას ვჭამდი მე? თვალები ჩემი ხელებით ავუხვიე.
მამა - სახლი რომ დაიმახსოვროს, რუსებმა შეიძლება დაგვბომბონ კიდეც.
უფროსი ძმა - რა უნდა დაგვბომბონ, მამა, ეგ დრო უკვე წავიდა, სამყარო შეიცვალა.
მამა - თქვენ რუსებს ძალიან ცუდად იცნობთ.
დედა - ეგენი არასდროს იცვლებიან.
სოფო - მაშინ ჩვენ თვითონ შევიცვალოთ (პაუზას გააკეთებს) და იუბილარი ვადღეგრძელოთ, აქ ხომ ამის გამო მოვედით.
მამა - სწორია, მე ჩავალ და ღვინოს ამოვიტან.
უმცროსი ძმა - ღვინოზე მე ჩავალ.
სოფო - მეც წამოგყვები.
(უმცროსი ძმა კარისკენ დაიძრება და სოფოც უკან მიჰყვება და ორივენი ოთახიდან გავლენ. ოთახში დარჩენილი დედა, მამა და უფროსი შვილი კი ცოტა ხანს ჩუმად სხედან მაგიდის გარშემო და მერე სიჩუმეს ისევ უფროსი ძმა დაარღვევს):
უფროსი ძმა - თვალებახვეული არ გამიშვია, მაგრამ სახლი რომც დაიმახსოვროს, დაბომბვა მაინც გამორიცხულია. გასაგებია, რომ რუსეთი არ შეცვლილა ამ მხრივ, მაგრამ ახლა მაინც სხვა დროა და საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ რამეს, უბრალოდ არ დაუშვებს...
(უფროსი ძმა კიდევ რაღაცის თქმას დააპირებს, მაგრამ გაჩუმდება და ფანჯრისკენ გაიხედავს, საიდანაც აშკარად თვითმფრინავის ხმა შემოვა).
მამა - (დედას - შეშინებული სახით) ბომბდამშენია?
(დედა კი პასუხის გაცემას ვეღარ მოასწრებს, რადგან ჩამოვარდნილი ბომბი ყველაფერს დაანგრევს ამ სახლში და როცა ოთახიდან კვამლი გაიფანტება, სცენა სარდაფში გადაინაცვლებს, სადაც უმცროსი ძმა და სოფო სანთლის შუქზე სხედან).
სოფო - ზემოდან რაღაც გრუხუნის ხმა იყო.
უმცროსი ძმა - ამის თავზე ჯანჯღავები ცხოვრობენ, სამი ბიჭი ჰყავთ და სულ ასე ხმაურობენ.
სოფო - იმედია, არ დაგვბომბეს.
უმცროსი ძმა - შენც დედაჩემივით და მამაჩემივით ისევ რუსების გეშინია?
სოფო - ქართველების უფრო მეშინია.
უმცროსი ძმა - ნუ გეშინია, ვერ დაგვბომბავენ, ახლა სხვა დროა, მალე ევროკავშირში შევალთ და ყველაფერი კარგად იქნება.
სოფო - (ირონიით) მალე ევროჯორჯია ვიქნებით?
(ბიჭს გაეღიმება და გოგოს არ უპასუხებს, წამოდგება და სარდაფიდან ამოსასვლელ კარს მიაწვება, მაგრამ ძვრას ვერ უზამს და ხმამაღლა გაიკვირვებს):
უმცროსი ძმა - ე, აღარ იღება
სოფო - რატომ?
უმცროსი ძმა - მგონი, ზემოდან რაღაც სიმძიმე აწვება.
სოფო - (შეშინებული) რა უნდა ვქნათ?
უმცროსი ძმა - რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
სოფო - ვინმეს რომ დავურეკოთ?
უმცროსი ძმა - მობილური აქ საერთოდ არ იჭერს.
(უცებ სანთელი ჩაქრება და სოფო კიდევ უფრო შეშინებული ხმით ჰკითხავს გაკვირვებულ ბიჭს):
სოფო - ასანთში ღერები ხომ დაგრჩა?
(ბიჭი ასანთს ჯიბიდან ამოიღებს და ჯერ ყურთან მიიტანს, გაამოძრავებს და ხმაურზე შეეცდება რაოდენობის მიხვედრას):
უმცროსი ძმა - მგონი, ერთი ღერია.
სოფო - ჯერ ნუ აანთებ.
უმცროსი ძმა - აბა, როდემდე უნდა ვიყოთ ამ სიბნელეში?...
სოფო - ჯერ ნუ აანთებ.
უმცროსი ძმა - (ახლა უფრო თავისთვის) მართლა როდემდე უნდა ვიყოთ ამ სიბნელეში...












ვახტანგ ჯავახაძე

ლექს - იდან-ლექს - ამდე


ოთხმოცი წლის
2007 წლის 11 დეკემბერს როსტომ ჩხეიძის სალონში თამაზ ბიბილურის ხსოვნის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე მივდიოდი და შორიდან დავინახე: ტაქსი გაჩერდა, ტაქსიდან მკვირცხლად გამოხტა მამაკაცი და ჩემკენ გამოემართა, მოაბიჯებდა და ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა თამაზ ჩხენკელს. მომიახლოვდა და თამაზ ჩხენკელი აღმოჩნდა, ოთხმოცი წლის თამაზ ჩხენკელი!
არავითარი თანამდებობა: იარე! იარე! იარე! ამინ!

გამიხარდა!
2007 წლის 11 მაისს თამაზ ჩხენკელი შემხვდა ლიტერატურის მუზეუმში: შენი "უცნობი" მომპარეს და მეორედ ვიყიდეო.

***
სამოცდაათიან წლებში გამომცემლობაში ესპანელი პოეტი გვესტუმრა. ძალიან გაუკვირდა ჩვენი პოეტური კრებულების დიდი ტირაჟები (თუმცა ამ ტირაჟებს უპირატესად წიგნის იაფი ფასები განაპირობდა). მე ვკითხე, ესპანეთში როგორ იყიდება წიგნები-მეთქი. ორსტრიქონიანი კალაბურით მიპასუხა (რუსული იცოდა): "e7"f9"f3"ff"f8"f4 "f2"f3 "e7"ea"f4"e2"f4"f8"f9"f1"f4 "e7"f4"e5"f4"fcჯ ჟ"e5"f9 "e7"f9"f3"ff"f8"f4 "f2"f3 "e7"ea"f4"e2"f4"f8"f9"e5"fb"f4f9 . მომეწონა. ამ ორი სტრიქონის ავტორიაო - თანამედროვე არგენტინელი პოეტი - გილიერმო ბოიდო.
დაახლოებით იმ წლებში (1977 წელს) გამოქვეყნდა ანდრეი ვოზნესენსკის ლექსი - "f9 "eb"f2"f8"ce"f2"f8"f8 "e8ჯ"fc ", რომელიც ამ სტრიქონებით მთავრდება:
f9 "f4"f7"fc"f4"e5"f9"ec"f4 "f2"f3 "e7"ea"f4"e2"f4"f8"f9"e5"fb"f4,
"f2"f3 "e7"ea"f4"e2"f4"f8"f9"e5"fb"f4 "e7"f4"fb"e5"f3"ea"f2"f4"eb.

რა არის ბედნიერება
1991 წლის 14 ივნისს ტელევიზიით გადმოსცეს საუბარი ცნობილ რუს მსახიობთან იური ნიკულინთან. მან ერთი თავისი ნაცნობისაგან გაგონილი განმარტება გაიხსენა:
- რა არის ბედნიერება?
- როცა დილით სამსახურში წასვლა გიხარია და საღამოს - სახლში დაბრუნება.
მომეწონა.

***
საოცარია: რუსულად ჩემი ორი წიგნი გამოვიდა და არცერთ მთარგმნელს არ ვიცნობ პირადად. პირველი 1970 წელს ელენა ნიკოლაევსკაიამ თარგმნა "სოვეტსკი პისატელში". მე განცხადებაც კი არ დამიწერია. მიშა ქვლივიძის რეკომენდაციით შეიტანეს გეგმაში.
მეორე წიგნს 9 ახალგაზრდა მთარგმნელი ჰყავს. ესეც ჩემგან დამოუკიდებლად გამოიცა. ერთხელ ტელევიზორში ოთარ ნოდიას მოვუსმინე: მოსკოვში ელიზბარ ანანიაშვილმა ახალგაზრდა მთარგმნელთა სტუდია ჩამოაყალიბა და ვახტანგ ჯავახაძის წიგნს ამზადებენო. შემდეგ ბატონმა ელიზბარმა ეს თარგმანები თბილისში ჩამოიტანა და მე მიმიწვიეს მთარგმენლთა კოლეგიაში. მე ვკითხულობდი ქართულად, ბატონი ელიზბარი კი - რუსულად იმავე ლექსის რამდენიმე თარგმანს. ასე შევარჩიეთ უკეთესები და 1986 წელს "მერანმა" გამოსცა მეორე რუსული - ოთარ ნოდიას წინასიტყვაობით. ამ წიგნის 9 მთარგმნელთაგან ერთი მიშა ქვლივიძის ყოფილი სიძეა - ა. მარკევიჩი. მე მასთან ტელეფონით მისაუბრია: მიშას ახალგაზრდა ფრანგი პოეტების რუსულად თარგმნილი კრებული ვთხოვე. მისმა სიძემ, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთი მთარგმნელია, წიგნი მიშოვნა და გამომიგზავნა კიდეც ასეთი წარწერით: ""ec"f4"f7"e5"f4"f2"efჯ "ee"f4"ec"f4"f7"f4წ"f3 "f9"e5 "f4"e2"f2"f4"ec"f9 "f8"fb "f4"ec"e5"f9"ea"f9"ec "fb"f3"ec"f9 ჭ"ea"f4"f2"f1ჯ"fb"eb"f9"ec"f9 "ec"f8"f2"f3"ef"ea"f3"e5"f4 "fb"f4შ"f8 "fc"f4"ea"eb"f3"ec"f8ჟ"f4 "fb ჯ"ec"f4"ce"f3"f2"f8"f3"fcf9 ".
სხვათაშორის, პირველი კრებულის მომზადებას სამი წელი დასჭირდა. ამ სამი წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ვიყავი მოსკოვში, მაგრამ გამომცემლობა "სოვეტსკი პისატელის" შენობაში ფეხი არ შემიდგამს და ამიტომაც დაგვიანდა გამოცემა. მოგვიანებით ელენა ნიკოლაევსკაიამ გამოსცა საკმაოდ მოზრდილი კრებული ქართველი პოეტების თარგმანებისა და ჩემი არცერთი ლექსი არ შეიტანა. მე მგონი, გარდაცვლილ ავტორად ჩამთვალა.

***
1996 წლის 30 ივნისს ანას პირველი ტომის სასიგნალო ეგზემპლარი მივუტანე ისე, რომ წინასწარ არ გამიფრთხილებია: სიურპრიზი მოვუმზადე რაღა!
მეორე ტომის ანაბეჭდები გადავათვალიერეთ, შევიტანეთ ანაწყობში მცირე შესწორებანი. აქა-იქ ანამ რამდენიმე სტრიქონი ამოიღო.
ანამ მითხრა: კიდევ მინდა ამოვიღო სამი სტრიქონი, მაგრამ არ მინდა შენ განახოო. ვუთხარი: მიუთითე, მე არ ჩავხედავ, ტექნიკური რედაქტორი რომ გადაათვალიერებს, ცარიელ ადგილებს შეავსებს-მეთქი.
რა თქმა უნდა, აღარ მინახავს ამოღებული სტრიქონები. ალბათ ეს ის სტრიქონებია, რომელთა ამოღებასაც ადრე აპირებდა და მე არ დავეთანხმე.

იეღიშა და ტატო
ი. გრიშაშვილი თავის წიგნში "საიათნოვა" წერს: "მე ვიცნობ ეხლანდელ ერთ დუქანდარს იეღიშას! ნამდვილი ლოველასია. მან ამ ბოლო დროს ღვინის დუქანი გააღო აბანოებთან... ზედ დიდი ასოებით აწერია: ""f2"f3 ჯ"f3"ce"f4"f8ხ "ef"f4ჰჯ"e8ჟ"f8"eb "fc"f9"f8f9 " ... და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ყაბარჩაში მოფუთნული ქალები გაივლიდნენ იმის წინ აბანოში გასამგზავრებლად - შეეხედნა, "თვალისთვის წყალი დაელევინებინა" და ვნებაატეხილს მალიმალ ნერწყვი გადაეყლაპა ხოლმე. ესეც არ იკმარა: საწყალ ბიჭს წელი ჰქონდა მოწყვეტილი ჰაიჰარა წყლის ზიდვით, ყოველ ნაშუადღევს მოაჭოჭინებდა ტროტუარს და აქცევდა აუარებულ წყალს დუქნის წინ, რომ რა არი: აბანოში მიმავალ ქალებს კაბის ბოლოები აეკრიბათ ხელში და თვით კი, სკამზე მჯდომელა, დამტკბარიყო არშიაშემოვლებული წვივის ყურებით".
ეჰ, ჩემო იეღიშა, ერთი წამოგახედა დღევანდელ თბილისში! არავითარი ტროტუარის მორწყვა არ დაგჭირდებოდა, მაგრამ სახლში კი ნამდვილად ვერ წახვიდოდი და მშვიდად ვეღარ დაიძინებდი!
თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ვერც ნიკოლოზ ბარათაშვილი დარჩენილა გულგრილი და ღამით ყაბახზე თვალიც გაქცევია და კალამიც გაქცევია:
ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვზედ
მყის აეფურცლა,
ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა
მიმოუქროლა
და ბუდეშური მის ფეფები
ლამაზად მოჩნდა,
რომელთ სიამით ცნობა ჩემი
წარიღეს თვისდა.

ერთი ტელეგადაცემის შემდეგ
1996 წლის 26 ივლისს ტელევიზიით ვიხილე და მოვისმინე გადაცემა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონზე გივი კარტოზიაზე. გადაცემა ძირითადად მიჰყავდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გურამ საღარაძეს. ჩასულა ბათუმში (კარტოზია ბათუმელია) და ესაუბრებოდა იქაურებს. მიკროფონით დადიოდა აგრეთვე თბილისის ქუჩებში, აჩერებდა გამვლელებს და ეკითხებოდა კარტოზიას შესახებ. საუბრობდა თვითონაც.
მთელი გადაცემის მანძილზე არც ტიტრზე დაწერილა და არც გამოუცხადებიათ, ვინ იყო თვითონ გურამ საღარაძე. ერთხელ კიდევ გამაკვირვა ამ პიროვნების მოკრძალებამ. ერთხელ მან - შესანიშნავი მწერლისა და პიროვნების ბადრი ჭოხონელიძის ქელეხის სუფრაზე - პოეტებს მოგვმართა: ჩვენ კი არა - თქვენა ხართ მსოფლიოს ჩემპიონები, ლექსის თარგმნა რომ შეიძლებოდესო. გურამ საღარაძეს კიდევ ერთი ოქროს მედალი აქვს - სკოლის ოქროს მედალი და, ეტყობა, ამასაც აქვს მნიშვნელობა.

ხოკუსაის მთები და ლექსები
კაცუსიკა ხოკუსაი ლექსებსაც წერდა, უფრო სწორად - თავის ნახატებს უწერდა ლექსებს. ასეთ ილუსტრირებულ და პოეტიზირებულ წიგნს მან უწოდა "მთები და მთები". ანალოგიურად შეიძლება ლექსების წიგნს ეწოდოს "ლექსები და ლექსები", ანდა - "ლექსები და ლექსები და ლექსები". მგონი, ეს უკანასკნელი სჯობს!

იყო ასეთი დრო
ჩემს მეორე წიგნში "ნაწვიმარი ქუჩები" (1963. "ლიტერატურა და ხელოვნება") 41 ლესია დაბეჭდილი. ეს წიგნი ბევრად უფრო დიდი იყო, მაგრამ გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა თხუთმეტი ლექსი ამოიღო და თავისი კაბინეტის ცეცხლგამძლე ყუთში ჩაკეტა: არ ენდო წიგნის რედაქტორს - მორის ფოცხიშვილს. როცა წიგნი გამოვიდა, მთავარმა რედაქტორმა თვითონ დამიბრუნა რეპრესირებულები და ეს ლექსები მომდევნო წიგნებში შევიტანე. უმეტესობა მანამდეც იყო დაბეჭდილი ჟურნალ-გაზეთებში. ახლა რომ წაიკითხოთ ეს ლექსები, გაგეცინებათ. იყო ასეთი დრო და იყვნენ ასეთი მთავარი რედაქტორები, ცენზორზე მკაცრი ცენზორები.
1959 წელს სიმონ ჩიქოვანმა "მნათობში" ლექსები დამიბეჭდა. ანაბეჭდები წინასწარ წავიკითხე. ჟურნალი რომ გამოვიდა, ორი ლექსი აკლდა. ბატონმა სიმონმა მიამბო: დამიბარა მთავლიტმა (რედაქცია და მთავლიტი ერთ შენობაში თანამოღვაწეობდნენ - თერთმეტსართულიანში) და ორ ლექსს დაადო ხელი. დიდხანს ვეკამათე, მაგრამ ისე მელაპარაკა, შენ წარმოიდგინე, ბოლოს მაინც დამითანხმაო. ეს ლექსებიც შემდეგ წიგნებში დაიბეჭდა.
1963 წელს "ცისკარში" იბეჭდებოდა ჩემი ერთადერთი ლირიკული პოემა "ღია ქალაქი". მთავლიტმა შეაჩერა: არ იცოდა, რას ნიშნავდა ღია ქალაქი. ეტყობა, ვერც ვერავინ აუხსნა. მერე მურმანი მივიდა, გაესაუბრა და ერთი წლის შემდეგ "ცისკრის" მეხუთე ნომერში პოემა დაიბეჭდა.
აღარ მახსოვს, რომელიღაც ჟურნალში ცენზორმა აკრძალა ჩემი ვრცელი ლექსი - "უნომრო ავტომანქანა": უნომრო ავტომანქანა მხოლოდ შევარდნაძეს ატარებს და იმას გულისხმობო. ღმერთი-რჯული! ხუთი-ექვსი წლის შემდეგ წიგნში "გავაპარე".
1985 წელს "მნათობში" იბეჭდებოდა "უცნობი". ცეკადან დარეკეს და ცენზორის მიერ ნებადართული აპოლოგია საბეჭდი მანქანიდან მოხსნეს. ორი წლის შემდეგ მშობლიურ ქუთაისში ჟურნალ "განთიადში" "გააპარა" რეზო ჭეიშვილმა.
დიახ, იყო ასეთი დრო!

***
მერაბ ბერძენიშვილი ძალიან ჰგავს საკუთარ ბიუსტებსა და პორტრეტებს. ეს ისეა, რომანში რომ ავტორისეული შტრიხები შეინიშნება. მერაბი ჰგავს აგრეთვე სალვადორ დალის.

გამიფრთხილდა!
1975 წელს შევიძინე პირველი ავტომობილი - ლურჯი "ჟიგული 03". ქალაქში ფრთხილად დავდიოდი და თანდათან ვეჩვეოდი. ამ დროს დამირეკა იოსებ ნონეშვილმა: რუსეთის რომელიღაც პროვინციიდან მწერალი გვესტუმრა მეუღლესთან ერთად და იქნებ გორში წაიყვანოო. ვუთხარი: ტრასაზე ჯერ არ გავსულვარ, მაგრამ უარს როგორ გეტყვი-მეთქი. ბესიკ ხარანაულს ვთხოვე - უკვე საკმაო სტაჟიან შოფერს - წამომყოლოდა. მეორე დღეს მე და ბესიკი, რკინიგზის ვაგზალთან რომ სასტუმროა - "კოლხეთი", იქ მივედით. გურამიც მოვიდა დოჩანაშვილი, ბესიკს გაუფრთხილებია, ერთად მუშაობდნენ "მნათობში". ავაკითხე სტუმრებს და კიბეებზე რომ ჩამოვდიოდით, ლიტფონდის "რაფის" მძღოლი შემომხვდა: იოსებმა გამომაგზავნა და გორში რუსები მე უნდა წავიყვანოო. სტუმარს არ ესიამოვნა, "ჟიგული" ერჩია. კიდევ კარგი სატვირთო მანქანა არ გამომიგზავნესო - თავისთვის ჩაილაპარაკა.
ცხადია, იოსებმა ანგარიში გაუწია ჩემს გამოუცდელობას და გამიფრთხილდა.

***
ბავშვი - ყველა საყვარელია, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებით მარიამის ტოლა ბავშვები მომწონს და მიყვარს. ეს დღეს აღმოვაჩინე: მარჯანიშვილის ქუჩაზე 8-9 წლის გოგონები მიპრუტუნობდნენ და მიჟღურტულობდნენ. ზურგზე დიდი ჩანთები მოეკიდებინათ. ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს და გზას არ უთმობდნენ ერთმანეთს. ვუყურებდი და თვალი ვეღარ მოვაცილე.

ხვალ
შოთა ნიშნიანიძეს აქვს ლექსი "ხვალე", რომელიც მე მომიძღვნა: ერთხელ შოთა მოვიდა ჩემთან და მითხრა: "ლიტერატურულ საქართველოში" ლექსები მივიტანე და ეს ლექსი არ დამიბეჭდეს - ვახტანგ ჯავახაძის ლექსს ჰგავსო. 1967 წელს მე დავწერე უსათაურო - "ვიცი, განგება ჩემზედაც ზრუნავს, ძველს მირჩევნია ახალი წელი, ხვალ უსათუოდ ვიპოვნი სურათს, ხვალ უსათუოდ მივიღებ წერილს"... და ასე შემდეგ. შოთას ლექსი განსხვავებული რიტმითაა დაწერილი. თავისთავად კარგი ლექსია, მაგრამ მართლაც მგავს. შოთამ მითხრა: ეს ლექსი ძალიან მიყვარს, მოდი, შენ მოგიძღვნი და ისე დავბეჭდავო. მართლაც, მიძღვნა დაამატა და მას შემდეგ ასე იბეჭდება.
ეს ეპიზოდი კომიკურად გაგრძელდა: ერთმა კოლეგამ (გვარს ვერ დავასახელებ, გარდაიცვალა!), ეტყობა, აგრეთვე ჩემი ლექსის გავლენით დაწერა ლექსი და, როდესაც შოთამ ჩემდამი მოძღვნილი გამოაქვეყნა, ამ უკანასკნელს პლაგიატობა დააბრალა.

***
რამდენიმე დღეა, მარცხენა ყურში არ მესმის. ჭკვიან კაცს მარჯვენა ყურს მივაპყრობ და ისე ვუსმენ, სხვებს - მარცხენას. ვერთობი რა!

რას კითხულობ?
მკითხველის მიერ წიგნში მოწონებული და ხაზგასმული ადგილების მიხედვით შემიძლია წამკითხველის გემოვნება და ნიჭი შევაფასო.
"მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი, ვინა ხარ" (გოეთე).

***
ერთხელ ანამ სადღაც ამოკითხული გაიხსენა: თუნდაც არ გეწერებოდეს, მაინც ხშირად უნდა მიუჯდე საწერ მაგიდას და რაღაცას მაინც დაწერო. თვითონ კი ბრძანებს: წერად რომ დავჯდები, ლექსი უკვე მზადა მაქვსო.
ერთხელ ლექციის დროს რეზო ინანიშვილი რომელიღაც თანამედროვე რუსი მწერლის მოთხრობას თარგმნიდა: განა ამის გამოქვეყნებას ვაპირებ? - მინდა შთაგონება გამოვიწვიო, გავაღიზიანო, არ გაზარმაცდესო, - ამიხსნა.

***
მწერალმა რაც შეიძლება იშვიათად უნდა იკითხოს ოფიციალური პრესა და იშვიათად უნდა უსმინოს ტელევიზორს, რადგან ყველაზე მეტად აქედან მოედინება დაშტამპული აზროვნება, კლიშეები და ტრაფარეტები. რომ შეიძლებოდეს, ბავშვობიდანვე უნდა გავერიდოთ ამ ინფორმაციულ აგრესიას, რადგან იგი თანდათან იპყრობს ტვინის უჯრედებს და ავიწროვებს თავისუფალი აზროვნების არეალს..

***
წიგნის მრავალ ტექნიკურ რედაქტორს ვიცნობ, ახალგაზრდებს და ვეტერანებს, ყველაზე უკეთესი მათ შორის გახლდათ - პავლე ინგოროყვა. გადაათვალიერეთ მისი წიგნები, განსაკუთრებით - "გიორგი მერჩულე". ბატონი პავლე თვითონ იყო თავისი ტექნიკურად რთული წიგნების დიზაინის ავტორი და ბრწყინვალე ტექრედაქტორი.

***
ლოპე დე ვეგას ეკუთვნის ეს ორი სტრიქონი:
f9 მარინო სლავნიი ჟივოპისეც სლუხაf9 ,
"f8 "eaჯ"e8"f3"f2"fbხ "fb"e5"f8"f7"f9"e5"ec"f9"ea"f3"f1 "f2"f4შ"f8"f7 "efჰ"f4"ff.
(ჯამბატისტა მარინო - 1569-1625 - იტალიელი პოეტი, რთული მეტაფორების ოსტატი იყო).
პოეზიისა და ფერწერის ურთიერთობის კარგი ნიმუშია.

***
1996 წლის "ინოსტრანკას" მეცხრე ნომერში წავიკითხე თანამედროვე შოტლანდიელი მწერლისა და მხატვრის ალასდერ გრეის პატარა მოთხრობა - " პობლიჟე კ მაშინისტუ ". მატარებელში, რომელსაც კომპიუტერი მართავს, მგზავრები საუბრობენ. მოულოდნელად ეს მატარებელი მეორე მატარებელს დაეჯახება და მოთხრობა ასე მთავრდება:f9 ""ec "fbჰ"f3"e2ჯ"f8ჯშ"f8"f8 "fc"f8"ef ჯჟ"f8"e5"f3ჰ"f2"f8"f1"f4 ხ "eb"f4 "f8 "e2"eaჯ"ef"f8"f3 "e7"f4"fb"f4"ce"f8"ea"f8 "e7"f9"f3"ff"e2"f4ხ "fbჰ"f8შ"f8"e5 "fb"f2"f4ჟ"f4ჰ"f4 "f2"f4ჟ"f4ჰ"f9 "ec"ff"ea"f8"ec"f4 - "f2"f4ჟ"f4ჰ"f9ხ "f2"f9 "f2"f3 "eb"f9"f2"f3"f1" . მომეწონა.

***
აღიარებულია აქსიომა: მწერალი = ნიჭი + ოფლი, ანუ: ნიჭი + შრომისმოყვარეობა. მსოფლიო ლიტერატურების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ეს აქსიომა ასე უნდა დავაზუსტოთ: მწერალი = ნიჭი + ოფლი + ცოლი!

***
საკმაოდ დიდი ხნის წინათ მწერალთა კავშირის ბაღში ერთმა მწერალმა დავით გაჩეჩილაძეს ჰკითხა: დათიკო, ლექსებს რატომ აღარ წერო. დავითმა უპასუხა: თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე, ჩემი ლექსების გახსენებაზე გული მერევაო. მე შემთხვევით მოვისმინე ეს საუბარი და ძალიან გამიკვირდა. იმდენად გამიკვირდა, რომ დავეჭვდი, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. აგერ ახლახან "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა ვასილ კიკნაძის საინტერესო მოგონებანი მწერალთა ბაღის დიალოგებზე და ეს ფაქტი იქაცაა დადასტურებული. პირადად მე ყოველთვის სიმპატიით ვიყავი განწყობილი დავით გაჩეჩილაძისადმი და ვერ ვიტანდი განდიდების მანიით შეპყრობილებს, მაგრამ არც ნამეტანი ნიჰილიზმი გამოადგება პოეტს და, ამ შემთხვევაში, არ გამოადგა დავით გაჩეჩილაძეს.

თამადებმა რა დააშავეს?
1997 წლის 14 თებერვალს მანანა გიგინეიშვილმა პარლამენტში ჩაატარა სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის სიწმინდის დაცვას. მოწვეულნი იყვნენ მწერლები, მეცნიერები, ჟურნალისტები, გამომცემლობის მუშაკები. მე ვურჩიე მანანას, შემდეგ სხდომაზე თბილისის ცნობილი თამადებიც მიეწვია, იმათ ხომ საკმაოდ დიდი აუდიტორია უსმენს სამას-ოთხასკაციან ქორწილებში და ქელეხებში?!

***
ანა კალანდაძე ხშირად იყენებს სამ წერტილს სტრიქონის შიგნით - სტრიქონში ან წინადადებაში ჩართული სამი წერტილი ანუ პაუზა მოულოდნელობის ეფექტს აძლიერებს და ამ ხერხს ხშირად მიმართავს პოეტი. მაგრამ ბოლო გამოცემებში ანამ ათმარცვლოვანი სტრიქონები ხუთმარცვლოვნებად გადააწყო და მოულოდნელობის ეფექტი შეასუსტა. უნდა ვურჩიო, შემდეგ გამოცემებში აღვადგინოთ პირვანდელი სტრუქტურა. არის კიდევ ერთი გალაკტიონისეული ფორმა ლექსისა - რომელსაც ანა იყენებს: 10-5-10-5. აქაც ანამ პირველი და მესამე სტრიქონები გატეხა და ლექსის ფორმის წარმოდგენა წაკითხვისას გაძნელებულია. ეს ფორმაც აღსადგენია!

ჩუბჩიკა
1997 წლის 11 აპრილს რუსთაველზე ჩუბჩიკა შემხვდა და მითხრა: შენს "უცნობს" უკვე მესამედ ვკითხულობ და უფრო და უფრო მომწონს. ნუთუ სხვებიც ამას არ გეუბნებიანო. მაცნობა, აქვე, რუსთაველის ძეგლს იქით, შენობა გვაქვს შერჩეული და გალაკტიონის კაფე-სალონი უნდა გავხსნათო. შევიკრიბოთ და ერთად მოვილაპარაკოთ, როგორ მოვაწყოთ სალონიო.

ლადო ასათიანის კვალდაკვალ
1960 წელს მურმან ლებანიძე აბასთუმანში ისვენებდა. მაშინ კურორტის დირექტორი გახლდათ ბიძაჩემი - დედისძმა ვარლამ მარგალიტაძე, რომელსაც მურმანმა ლექსი მიუძღვნა თავის "ფიქრების" ციკლში.
იმ ზაფხულს აგვისტოში მე მურმანის სანახავად ჩავედი და შვებულება აბასთუმანში გავატარე. იქ გავიცანი უნივერსიტეტის კლუბის დირექტორი გოგი კობიაშვილი, რომელიც ადრე ლადო ასათიანთან ერთად ისვენებდა აბასთუმანში. გოგიმ დაგვათვალიერებინა ლადოსეული ადგილები. ერთხელ აბასთუმნის სასაფლაოზე წაგვიყვანა. რა თქმა უნდა, ლადოს ლექსი გამახსენდა:
ვის უნახავს სასაფლაო,
უფლის ხელით დახატული.
აქეთ-იქით საფლავები
და მათ შორის ნაკადული...
გამახსენდა, მაგრამ ახლომახლო ნაკადული არსად ჩანდა. ერთხანს პაუზა ჩამოვარდა და უცებ სიჩუმეში ჩუხჩუხის ხმა შემოგვესმა. იქვე, შუა სასაფლაოზე, ძალიან პატარა ნაკადული ჩუმად მოჩუხჩუხებდა. ნაკადულს ვერც იტყოდი, ღარის წყალივით "გადაგდებული" ვიწრო ღელე გახლდათ, საფლავებს შორი და ბალახებს შორის არც კი ჩანდა, დიაგონალივით კვეთდა სასაფლაოს დაღმართს და ერთადერთი არღვევდა იქაურ მარადიულ მდუმარებას.
იმ ზაფხულს აბასთუმანში ისვენებდა აგრეთვე ბატონი პავლე ინგოროყვა.
ჩვენ კურორტის მთავარ ხეივან-ქუჩაზე ვიკრიბებოდით, ხის სკამებზე ჩამოვსხდებოდით და ვსაუბრობდით.
ამ ქუჩას მალიშევა-გოპაძის ქუჩა ერქვა. გამოვქვით მოსაზრება - ლადო ასათიანის სახელი გვეწოდებინა.
მურმანის აბასთუმნის ციკლის "ფიქრი მესამე" ასე იწყება:
დაბადებიდან მიყვარდა მე
ხეები ალვის,
სიკვდილის მერეც არ დავუთმობ
ამ ხეებს არვის;
ბარე მეოცედ ავუვლ-ჩავუვლი
მე ამ ხეივანს,
თამბაქოს ვაბოლებ მე არხეინად
და ვფიქრობ ქალზე -
ვინმე მალიშევა-გოპაძის,
რომლის სახელიც ამ ხეივანს
რატომღაც ერქვა,
ხოლო ჩვენ: მე და ინგოროყვამ
და ჯავახაძემ -
ჩემმა ვახტანგმა,
კობიაშვილ გოგისთან ერთად,
დავარქვით სახელი
ჩვენი ლადო ასათიანის.
სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ არაფერი ვიცოდით "ვინმე მალიშევა-გოპაძის" შესახებ.
გავიდა ნახევარი საუკუნე და 2010 წელს აკაკი წერეთლის ლექსებს შორის წავაწყდი ექსპრომტს - "პირუმთვნელად", რომელიც დაწერილია აბასთუმანში და ეძღვნება "მარიამ სვიმონის ასულ გოპაძისას":
კარგი რამ ხარ, როგორც დედა!..
უკეთესი - როგორც ცოლი!
თვალ-ტანადათ ლამაზ-სანდო...
საკადრისი ქმრის და ტოლი.
შემოქმედმა შენით შენზე
თვისი ძალა დაგვანახვა...
დიდება მის ძლიერებას!
რაღა ეთქმის პოეტსა სხვა.
1896.12 აგვისტო. აბასთუმანი.
ქალბატონი მარიამ მალიშევა (1859-1939) აღმოჩნდა მეუღლე გამოჩენილი ქართველი თერაპევტის - ილია ზურაბის-ძე გოპაძისა (1853-1932), რომელმაც პეტერბურგში დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და ბერლინში აიმაღლა კვალიფიკაცია, 1894-1909 და 1921-1932 წლებში მოღვაწეობდა აბასთუმანში და დიდი ღვაწლი დასდო კურორტის აღორძინებას და კეთილმოწყობას. სწორედ ამ ილია და მარიამის ოჯახს სწვევია 1896 წლის ზაფხულში აკაკი და ეს ლექსი მიუძღვნია მასპინძელი ქალბატონისათვის, რომლის სახელიც, როგორც ჩანს, 1939 წელს - მისი გარდაცვალების შემდეგ - უწოდეს აბასთუმნის ერთ ქუჩას.
ალბათ, უპრიანი იქნება, ეს გახსენება ლადო ასათიანის სტრიქონებით დავამთავროთ:
ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად
დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ...


მირზა გელოვანის გახსენება
ირაკლი აბაშიძემ მიამბო:
- 1944 წელს მოსკოვში შევხვდი მირზა გელოვანს. იგი გერმანიიდან ნადავლით (ტროფეით) დატვირთულ ეშელონებს მოაცილებდა და ხშირად ჩამოდიოდა დედაქალაქში. შინელი გადაიხსნა და მანახა: შიდა ჯიბეები ფულის შეკვრებით ჰქონდა გატენილი. დაგვპატიჟა და კარგადაც გვაქეიფა.
თვითონ მირზა სწერდა დას რუსუდანს 1944 წლის 30 აპრილს.
- გუშინწინ მოვბრუნდი მოსკოვიდან, სადაც უკვე მეორედ ვიყავი... მეორედაც მშვენივრად გავატარე დრო მოსკოვში. ჩემ მოსკოველ ამხანაგებთან დავლიე შენი სადღეგრძელო... მე მქონდა შესაძლებლობა სამუდამოდ მოსკოვში დარჩენისა, მაგრამ რატომღაც არ გადავწყვიტე ეს და კვლავ ფრონტზე ვარ.
მირზა დაიღუპა 1944 წლის ივლისში, დასავლეთ დვინის გადალახვის დროს, ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქში.

***
1997 წლის 24 მაისს, საღამოს, ტელეფონით ვესაუბრე მურმანს. სხვათაშორის მითხრა: სახელიც არაფერი ყოფილაო (უკმაყოფილო იყო რუსთაველის საზოგადოების ძველ ხელმძღვანელობასთან გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით. ერთი მორიგი სხდომა გუშინ გადაიდო). მე ვუპასუხე: აბა, შენ რას გვთავაზობ, სახელისათვის არ უნდა ვიზრუნოთ და, როგორც გაგვიხარდება, ისე ვიცხოვროთ-მეთქი? დიახო, - მიპასუხა. მაშინ, მთლიანად არა, მაგრამ სანახევროდ და მეტადაც შენ მაგ პრინციპს ანხორციელებ და გული აღარ უნდა დაგწყდეს-მეთქი. დამეთანხმა და კარგა გემრიელადაც იცინა.

გოეთე და ბაირონი
1825 წლის 25 დეკემბერს, კვირა დღეს, გოეთემ ეკერმანს უთხრა:
- ბაირონს რომ საშუალება ჰქონოდა, მთელი თავისი ოპოზიციური მგზნებარება და უმკაცრესი გამოთქმები დაუზოგავად დაეხარჯა პარლამენტში, ბილწსიტყვაობისაგან განიწმინდებოდა. მაგრამ რაკი პარლამენტში გამოსვლა არ უხდებოდა, იძულებული გახდა, უკეთური გრძნობები, რომლებიც თანამედროვეებისადმი გაუჩნდა, გულში დაეგროვებინა და მისგან განთავისუფლების სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ლექსებად გადაესახა და გამოეხატა ეს გრძნობები. ამიტომ ბაირონის "უარმყოფელი" ნაწარმოებების უმრავლესობას მე დავარქმევდი "პარლამენტში ვერწარმოთქმულ სიტყვებს".
ჩვენს პარლამენტარ პოეტებსაც რომ ავუკრძალოთ პარლამენტში გამოსვლები, იქნებ მათ ლექსებს მეტი მგზნებარება შეჰმატებოდა?!
რაც შეეხება ბაირონისადმი დამოკიდებულებას, გოეთე ყოველთვის აღიარებდა და აქებდა მას, შექსპირის გვერდითაც კი აყენებდა და არა იმის გამო, რომ ბაირონიც ინგლისურენოვანი პოეტი იყო: შილერის ტალანტსაც მაღალ შეფასებას აძლევდა და რიგ შემთხვევაში უპირატესობასაც ანიჭებდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მისი თანამედროვენი გახლდნენ.
სამი მემორიალი
ტარიელ ჭანტურია ერთი სახლის მემორიალურმა დაფამ დააინტერესა (ფურცელაძის ქუჩა, N12): "ამ სახლში 1937-1976 წ.წ. ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბესარიონ (ბესო) ჟღენტი". ტარიელს აინტერესებს, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში 1937 წლამდე?
მე ამ რეპლიკამ მეორე მემორიალი გამახსენა (ელბაქიძის დაღმართი, #N11): "ამ სახლში 1931 წლიდან 1937 წლამდე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი".
თუმცა ეს ორი მწერალი ერთი ქალაქის სხვადასხვა სახლებში ცხოვრობდნენ, მაინც სამწუხაროა და დამაფიქრებელი, რომ ერთი მწერალი 1937 წლამდე ცხოვრობდა, ხოლო მეორე მწერალი 1937 წლიდან ცხოვრობდა.
აგერ, ყოფილი ვორონცოვის და ყოფილი მარქსის, ამჟამად ზაარბრიუკენის მოედანზე ხუთსართულიანი სახლის კედელზე ათი დაფაა, მათ შორის ერთი - მწერლისა: "ამ სახლში 1937-1971 წლებში ცხოვრობდა ქართული საბჭოთა პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ალიო ანდრიას ძე მირცხულავა".
ამ სახლში ცხოვრობდნენ აგრეთვე მსახიობები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, ემანუილ აფხაიძე, ალექსანდრე წუწუნავა, ცეცილია წუწუნავა, თერაპევტი ლ. ანჯაფარიძე, არქიტექტორები - ზ. და ნ. ქურდიანები - ცხრავე 1936 წლიდან და მხოლოდ ერთადერთი პოეტი - 1937 წლიდან!
მინაწერი: მოსკოვში საერთოდ აკრძალეს მემორიალური დაფები. იქნებ ასე სჯობდეს, რომ ქალაქი დიდ სასაფლაოს არ დაემსგავსოს!

***
1963 წელს სიმონ ჩიქოვანის სამტომეულის პირველი ტომის დედანს ვამზადებდი სასტამბოდ: ცნობილი უსათაურო ასე იწყება: "არის სიყრმის და სიმწიფის შორის შესვენების და სიმორცხვის ჟამი"... მე, როგორც რედაქტორმა, შევთავაზე ბატონ სიმონს გაესწორებინა: "არის სიყმეს და სიმწიფეს შორის"... (სიყრმის და სიმწიფის - მეგრულის გავლენით უნდა იყოს განპირობებული). ბატონი სიმონი დამეთანხმა, მაგრამ არ გაასწორა: პოპულარული ლექსია და ამიტომ დავტოვოთო.
1980 წელს გივი გეგეჭკორმა და ემზარ კვიტაიშვილმა "გაითვალისწინეს" ჩემი შენიშვნა და "ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგიაში" გაასწორეს აღნიშნული სტრიქონი (ცხადია, ავტორთან შეუთანხმებლად).
სხვათაშორის, ერთმა ქართველმა პოეტმა ამ ლექსის გავლენით დაწერა ლექსი "ხმაურისა და სიჩუმის შორის" და უზუსტობა შეცდომად აქცია. წიგნიც გამოსცა ამ სათაურით.

***
"დავწვათ ლუვრი!" - გაიძახოდნენ ჩვენი საუკუნის ოციან წლებში დადაისტები ანუ ფუტურისტები. ამათ რიგებში ირიცხებოდნენ ტრისტან ტცარა, გიიომ პოლინერი, ბლეზ სანდრარი, ჟან კოკტო.
აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს პოეზია ორიგინალობის უკიდურესად ახირებულმა იდეამ!
"წიგნების აგიზგიზებული კოცონი მენატრებაო", - ნატრობდა მარინეტი და ჰიტლერმა შეუსრულა ეს ნატვრა. სამწუხაროზე სამწუხარო ფაქტია: პოეტი - ფაშისტის მეგობარი!

***
გნებავთ "ვეფხისტყაოსნის" კონგენალური თარგმანი? ამისთვის აუცილებელია ორი პირობა: მთარგმნელმა ძალიან კარგი ქართული უნდა იცოდეს და მთარგმნელი დიდი პოეტი უნდა იყოს. ამ იდეალს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, ერთი მთარგმნელი მიუახლოვდა: გაპონოვი. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია - მე ხომ ებრაული არ ვიცი.
ისე, რუსთველისნაირ უმაღლეს რეგისტრებამდე ვერავითარი მთარგმნელი ვერასოდეს ვერ ამაღლდება, თუნდაც აქამდე:
- იგი ვარდობდეს, შენ იე.


















კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი