მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
ბელა ჩეკურიშვილი: აღსარება ნომერი 1

ეს ის დღე იყო,
როცა თავისით იხსნება ჭიშკრები, შარვლის ღილები, ლოგიკური ამოცანები,
როცა შედეგები და პასუხები თავიდანვე არის ცნობილი,
როცა იღვიძებენ...
აი, თქვენ თავზე მადებთ ხელს, ახველებთ.
არ ვცდები, სწორედ იმ დღეს გაიღვიძა ყავის ნალექმა მუსიკის მასწავლებლის ფინჯანის ფსკერზე, დიდი ბაბუის საბრძოლო ხმალმა, სარდაფის ვირთხამ, ლოთის ვნებამ სასმელების გამყიდვლის მიმართ, ყვავების ბუდემ მთავრმართებლის სასახლის ბაღში, ჭადრის ხეებმა ქუჩის პირას, ქუჩამ
და ყველა ერთად მაქეზებდა: "იწკრიალე! იწკრიალე!"
ავხმიანდი ყველა მჟღერი და დახშული ნოტით,
ვწკრიალებდი სასკოლო ზარად, ვერცხლის მონეტად, ღვინის თასად, ქალაქის წყაროდ, მოკლე ტექსტური შეტყობინების სიგნალად, სარკედ, ბავშვის სიცილად,
ვწკრიალებდი და საპასუხო ექოს ვიწვევდი, მხოლოდ ექოს, როგორც მთებში, როგორც ხდება - გავრცობილად, გამრავლებულად.
არ მახსოვს, ასე ყველგან როგორ აღმოვჩნდი, სად მიმიღეს, სად შემიშვეს, სად გამომკეტეს, დამემსგავსნენ, დამიწყვილდნენ, შემეზიარნენ,
მე მხოლოდ ჩემს მსგავსს დავეძებდი და მოვუხმობდი &
თუ ფიქრობთ, რომ ცოდვის წილად ესეც მეყოფა,
დავამატებ,
გამომრჩა, ვეღარ მოვისმინე, გაღვიძებულებს რა ადარდებთ, ის, რომ სამყარო მათ გარეშე შეიცვალა, თუ ის, რომ თვითონ შეიცვალნენ, ვიდრე ეძინათ და ნაცნობ საგნებს ვეღარ აგნებებენ?..

აღსარება ნომერი 2
ისინი უბრალო გამვლელნი იყვნენ,
პირობითად სახელდებულნი ქალებად, კაცებად, ახალგაზრდებად, ბებრებად
და, წარმოიდგინე, ყველა,
ვინც შემოვიდა და გაიარა
ანდა არც შემოვიდა და შემოიხედა,
ჩემს მსხვერპლად იქცა.
მათ მოსაზიდად კაუჭზე გული წამოვაგე
(როგორც დიასახლისი ყველის ნაჭერს აგებს ხაფანგში
თავხედი წრუწუნების გასაბმელად)
და ჩასაფრებული ვათენ-ვაღამებდი, ვკისკისებდი და ვკანკალებდი, თმას ვიშლიდი და ვიწნავდი, ვიჭრიდი და ვიღებავდი
და როცა ისინი, გამვლელნიც და ღამისმთეველნიც, ხორცის სუნით გაბრუებულები, გულამდე აღწევდნენ და ეგზალტირებულნი მის გლეჯვას იწყებდნენ,
მე ტკივილებს ცალკე კოლოფში ვაგროვებდი,
მომდინარ სისხლს კი ფიალებს და ჭიქებს ვუდგამდი, რომ ერთი წვეთიც არ დაღვრილიყო დ ა მერე ამით ჩემი ლექსი მომერთო და გამომეკვება,
როგორც დედა მგელს ჩვილი ლეკვები
თბილ-თბილ ნანადირევზე დასაგეშად,
ანდა დევის ცოლს - პაწაწინა დევქალები, ახალ-ახალი სულები რომ სჭირდებოდათ გასაზრდელად, გასახარად, დასაქალებლად...
ისინი რიგითი გამვლელნი იყვნენ, ცოლის საცვლების არომატთან ერთად დილის ყავა და ხაჭაპური უყვარდათ, სიზმარში კი კაუჭზე წამოცმული გულებისკენ ეჭირათ თვალი და ფეხაკრეფით ეპარებოდნენ, როგორც ღირსეული ჰეტეროტროფები...
არ ვიცი, მათი ბედი აღარ მიკითხავს,
იმ ლექსებით კი, ეს შადრევანი მოვაპირკეთე და თუ სურვილი გაგიჩნდება, შემოიარე.

აღსარებები ნომერი 12
"თებერვალმა დადგომა არ იცის,
მარტმა - კაბის კერვა".
ის მეუბნება: აცალე, შეხედე.
მეგონა, რომ გულჩვილობა მღუპავდა ყოველთვის, მაგრამ
იქნებ ჩემი გადარჩენა (ძალა) დაღუპვაშია? იქნებ შევიცოდო?
ის მეუბნება: ეს მათი თვისებაა, თებEერვლის, მარტის, ვერაფერს გავაწყობთ, როცა დრო დგება, მაშინ მოდიან, ქარებსაც მაშინ ერეკებიან და კაბებსაც მაშინ კერავენ.
ვფიქრობდი:
ჩიტი-ჩიორა რომ ვიყო, საძირკველში რას ჩავდებდი?
ვფიქრობდი:
მე არ მეყვარება ჩემი თავი, თუკი მეყვარება ის, ასეთი.
"დავიწყე გაქცევა ბუდიდან, მერე საკუთარი თავიდან, ტყავიდან, ფრთებიდან, ბუმბულიდან, არ დავიტოვე არაფერი, რაც კი ძველ ზამთრებს გამახსენებდა. ის იყო უცვლელი, უწყლოდ, უხეებოდ, თებერვლის და მარტის გარეშე".
ის მეუბნება: უნდა იპოვო, რა გჭირდება.
ვფიქრობდი: მას რა სჭირდება?
ის მეუბნება: შენ ის იყავი, ვინც ხარ, რაც მას სჭირდება, ეგ ვერ გადაგარჩენს.
"მე დავიწყე გაყინვა,
ამასობაში".
მეუბნება: იპოვი, მიბრუნდი და იქვე იპოვი,
აქამდე მხოლოდ მის გარშემო დადიოდი,
იქ, სადაც ის იყო.
ახლა შენ თავს ჰკითხე.
"ვეკითხები,
მაგრამ არ იცის".
ვფიქრობდი:
ალბათ მიპასუხებს, ჯერ არ იცის,
რადგან დაკარგა ყველა გემო, ფერი, ფაქტურა.
"მეშინია, არ დამახინჯდეს".
ვფიქრობდი: მეშინია, საზაფხულო სამზადისი თუ დაიწყება, თუ აპრილი მოდის, სახნისი, საკვეთი გასამზადებელია, დასაფერი, როდის მოვასწრებთ?
მეუბნება: თუ კარგად იმოგზაურებ, გადარჩები,
რადგან წახვედი, წრე უნდა შეკრა. რაც მას უნდა, არსად წერია.
"ასეთი არ ვყოფილვარ,
ვიყავი გულგახეთქილი, გაფატრული, მაგრამ მომლოდინე".
მეუბნება: ეს კიდევ ერთი გზაჯვარედინია, გახვალ.
აღვუთქვი: დავიცდი.


ცოდვილთათვის
(საქინე მოჰამადი აშთიანის და სხვებს)

უცოდველი არავინ იყო,
მაგრამ ქვას ყველა ერთდროულად დავწვდით,
ახლა შეგვეძლო, ჯავრი გვეყარა იმაზე, რაც თვითონ ვერ გავბედეთ, რაც სხვამ გააკეთა და ამით ჩვენი სურვილებიც გაამჟღავნა.
უნდა ჩაგვექოლა ეს გამჟღავნებული სურვილები, ვიდრე ჩვენზეც ეჭვს მოიტანდნენ, ვიდრე დამბეზღებლები მომრავლდებოდნენ, ანდა მშიშარები საკუთარ თავს თვითონ გასცემდნენ.
ნაზარეველი შორს იყო და უცხო, ჩვენ კი როგორმე ფიქრის კვალი უნდა წაგვეშალა, რომ დაბნეულობა არ შეგვტყობოდა, უცხო მამრების ნდომით დაბერილი ძუძუსთავები დაგვეცხრო, ბარძაყები შეგვეკუმშა და ფეხებშუა მოწოლილი ვნება ზიზღად გაგვესაღებინა.
რისხვის გათამაშება არც დაგვჭირვებია, შიშმა დაგვიგრიხა სახეები, დაგვიგრძელა ხელები და ტკივილი აღარ გვიგრძვნია, ქვას და მიწას ფრჩხილები რომ მივამსხვრიეთ.
ერთი კია, სახეში შეხედვა ვერ გავბედეთ, ისე ვესროლეთ,
ალბათ იმ ორმოში საკუთარი თავები წარმოვიდგინეთ და შეგვეშინდა,
ავ წინათგრძნობად არ აგვხდენოდა...


გამოცდილება
მას აკოცეს და პრინცესად იქცა,
ჭაობიდან კი ერთი სიბრძნე გამოიყოლა:
რაც მეტს ფართხალებ, მეტად გითრევს,
ჰოდა, გაყუჩდი, დაელოდე, იქნებ ამოშრეს, ან იწვიმოს და გამოცურო, ზეცას ქვა მოსწყდეს, ან ხეს ტოტი, ანდა ქარმა შენს ფეხებთან ბალახის ღერო გადმოხაროს.
ის ახლა უკვე პრინცესაა,
აღარ ჰკოცნიან,
არც ხელისგულზე ისვამენ და არც გულის ძარღვთან,
სასეირნოდ და საცეკვაოდაც მის მაგივრად სულ სხვა ქალებს უწყვილდებიან.
ის ჭაობისკენ აღარ გარბის,
მაგრამ ახსოვს: "რაც მეტს ფართხალებ, მეტად გითრევს",
ამიტომ მშვიდად ხურავს ფანჯარას და დათვლას იწყებს, ვიდრე ქმრისკენ შებრუნდებოდეს.


ცეცხლი
"წყალი შემოდგი ცეცხლზე და ატამი დაჭერი,
თუ კომპოტის გაკეთება გინდა,
თუ ბორში გინდა, ბოსტნეული უნდა ჩაყარო,
თუ სიყვარული გინდა, სამზარეულოს ცეცხლი არ გეყოფა" -
ვამბობდით და ერთად ვწვებოდით,
მაგრამ ცეცხლი მაინც არ გვქონდა.
ღმერთები ნებით არაფერს იძლევიან, თუ არ მოატყუე, თუ არ წაართვი -
მივხვდით და გავუშვით ერთმანეთს ხელი,
გადავწყვიტეთ, თვითონ გვეძებნა ცბიერი ღმერთიც და მისი საყვარელი სამსხვერპლო ხარიც, წაგვერთმია რაც დაგვიმალა, რაც გვეკუთვნოდა და გვჭირდებოდა ერთმანეთის გასათბობად, გასაცნობად, აღმოსაჩენად.
გადავწყვიტეთ და გავფრინდით სხვადასხვა მხარეს, როგორც ქარები, როგორც ისრები, ნისლი, ღრუბლები...
"კენჭი ჩაყლაპე, თუ ამ მხარეში დაბრუნებას კიდევ ოცნებობ,
თუ კბილი გტკივა, მაშინ აბი უნდა ჩაყლაპო,
თუ გული გტკივა, წვეთები და ბალახის ნაყენი ვერ გიშველის" -
ვთქვით და ვცდილობდით, ერთმენთისთვის ბაფთებშებმული სტრიქონები გაგვეგზავნა, მაგრამ ისე შორს ვიყავით გაფრენილები ღმერთის და ცეცხლის ძიებაში, დაკარგულნი მაშრიყის და მაღრიბის მტვერში, რომ სიტყვებს ძალა აღარ ჰქონდათ, თანხმოვნები ეკარგებოდათ და მტკივან არტერიებამდე ვეღარ აღწევდნენ...
"ფული რომ არ დაკარგო, შიდა ჯიბეში ჩაიდე,
გზას რომ არ ასცდე, კომპასი გედოს ხელისგულზე" - ვიცოდით და დაუბრკოლებლად ვმოძრაობდით სამყაროს გზებზე,
მაგრამ სიტყვას სიყვარულით თუ არ ამოსთქვამ, დაიკარგება, ადრესატამდე თავს ვერ მიიტანს - ეს არ ვიცოდით,
ვერც ვისწავლეთ, ვერც მოვისმინეთ, არც გვეცალა, ღმერთთან ბრძოლაში ყურის ნიჟარებს გველეშაპის სისხლით ვიხშობდით, სიბრალული რომ არ გაგვჩენოდა, კუთვნილი რომ მიგვეღო და გამოგვეძალა, გვეჩვენებინა, რა ხდება, როცა უკვდავნი მოკვდავებთან თამაშის წესებს დაარღვევენ...
"მოპოვება გამარჯვებას ნიშნავს,
გამარჯვებულს სახელდების უფლება აქვს,
სახელს ერთი საგნის მეორესაგან გასარჩევად იყენებენ" - ვიცით, მაგრამ აღარ გვჭირდება, რადგან იქ, სადაც ახლა ვდგავართ, საგნებს ფორმები არ გააჩნიათ და ვერაფრით ვხვდებით, მათ შორის რომელს უნდა დავარქვათ "მე", "შენ", "ჩვენ"...


შაფე მოდე დაცული ვარ,
როგორც სიკვდილმისჯილთა საკანი, გლეხის ბეღელი, ქვრივის ხსოვნა, საკრედიტო ბარათის კოდი,
საიმედოდ, სათუთად, საგარანტიოდ.
ჩვენ შევთანხმდით რეჟიმზე, რომელიც საუკეთესოა, ოპტიმალური, ნაცადი,
დაცულია ჩემი ალტერ ეგო ღალატისგან, საშვილოსნო - შვილოსნობისგან, სახლი - აშენებისგან.
დაცული ვარ და სჯობს ასე დავრჩე, სჯობს სასწორზე მომავალი არ შემოვდო, ვაითუ გადამწონოს, ვაითუ დავიბნე, ვაითუ გაფანტულობა მომეწონოს,
მე კი ისეთი ძვირფასი ვარ, ერთი მისხალიც არ უნდა მომაკლდეს, არ უნდა დავნაწევრდე, არ უნდა დავზიანდე.
ვიდრე დაცული ვარ, უვნებელი ვარ, და არა საშიში, არა მომწამვლელი, არა გადამდები, არა მკვლელი, არა მაცდური.
ჩვენ შევთანხმდით ამ რეჟიმზე და ვიცით:
როგორ ავიხვიოთ თვალები, ვიბრუნოთ პირი, გავწყვიტოთ გზა, შუბლისა და გულის ძარღვები,
მთავარი ისაა, სიკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულებამდე გავაძლებინოთ, ხორბალს - ზამთრამდე, არ შევბღალოთ გარდაცვლილთა სექსუალური მოგონებები, საბანკო მომსახურების პრესტიჟი...
მაგრამ რა მოხდება, თუკი მიწაზე მყოფი სერაფიმი გვეტყვის, რომ დაცვის იდეალური სისტემა ზეცაშიც არ არსებობს?


უძილობა და სხვა...
ალბათ არ წამოხვალ და დაიზარებ, ისევ ტელეფონთან წამოწვები, აქ კი ღრუბელივით გაიზარდა დარდი და მალე გაწვიმდება, თუ მკითხავ, უძილობას ვიმიზეზებ (ვამბობ, დამისველდა წამწამები), თვეობით ვინახავ, საგზალივით, შენგან დადგენილ განაწესებს, სადაც წყალიც ვერ გააზავებს, სიტყვები ისეა დაწურული, სადაც მარწმუნებ, რომ სიზმარია ჩემი ქალური გამოწვევა, მანდ კი სიმართლე გაქვს შემზარავი, რომელსაც აღარ ამოწმებენ, რომ დრო თითქმის უკვე ამოწურეს ნაჯახიანმა მეგზურებმა, მე კი, ყველაფერს ვაზიანებ ღმერთის ამდენი შეწუხებით, რომ იმ დღეს შემოვლაც დაიზარეს და კართან დატოვეს წრიაპები, რომ მანდ სხვა სისტემაა სადაზვერვო, სიმშვიდეს ვერავინ აგიწონის და მიწაც უიმედოდ დამზრალია - ზედ აღარაფერი იწერება, სისხლში ჰაერი გაქვს აზელილი, ნერვებად იშლები და ნაწილდები, ყელზე შემოგაჭდეს საზეიმო ლენტი და დადიხარ გაბაწრული, პატარა სააღდგომო ზვარაკივით, მინდორში გაშვებული შესაწირად, არც იცი, ახლა ვინ გაზიარებს სახლს, სადაც ფანჯრები დაილეწა და ქარი დაქრის ისე უზრდელურად, მოჩვენებებიც კი გაიძურწნენ...



















კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი