მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
მანანა ღარიბაშვილი: "იდეალურად პროზაც კი ვერ ითარგმნება"

- რამდენი წელია რაც პოეზიას თარგმნით?
- თუ იმასაც მივათვლით, რომ შემთხვევიდან შემთხვევამდე რაც მითარგმნია, მაშინ ძალიან ადრიდან. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დავდიოდი, ვწერდით, ვთარგმნიდით, საჯაროდაც გამოგვქონდა თანატოლთა წინაშე, "სალონები" ერქვა, მოწვეული სტუმრებიც ხშირად გვყავდა, ცნობილი პოეტები თუ ლიტერატორები. ზოგიერთი მათგანი შეგვაქებდა, ვალს მოიხდიდა, ზოგიერთები სერიოზულად ჩაგვერთვებოდნენ, კამათშიც შემოდიოდნენ, როგორც სწორი სწორთან. მახსოვს, ერთი ასეთი სალონი მწერალთა კავშირშიც გავმართეთ, იზა ორჯონიკიძემ სულ ბუქი მადინა, მომდგა და მომდგა, ქვა ქვაზე არ დამიტოვა, მოგეხსენებათ, რბილი სიტყვა არ სჩვეოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ბევრი სიმართლე მითხრა... ლია სტურუა გამოვიდა, დამიცვა, წინ ის წამოსწია, რაც შედარებით უკეთესი იყო. ეტყობა, შევეცოდე, ისეთი აჭარხლებული ვიდექი... თარგმნაც სწორედ იმ წლებში დავიწყე და მაშინვე ცვეტაევასა და მაიაკოვსკის, თანაც პირველი პერიოდის ანუ საუკეთესო მაიაკოვსკის, "ვეცი". ცვეტაევას სტუდენტობის დროსაც ვთარგმნიდი, ზოგი რამ კიდევაც მომწონს, მიბრუნებას და უკეთ გამართვას გამუდმებით ვეპირები, მეჩვენება, რომ ტონი სწორად ავიღე. ყოველივე ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ გემოვნება ყალიბდებოდა, გარკვეული სიტყვიერი ოსტატობა, ჩვევა იმისა, რომ შინაგანი სმენით წონიდე სტრიქონს. ამგვარი წინასწარი მზაობის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომელიმე დიდი პოეტი, ძველი იქნება თუ თანამედროვე, ბორძიკ-ბორძიკ, ჩიქორთული ქართულით აგვიმეტყველდეს.
- თქვენი თარგმნილი ლიტერატურის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - კატულუსი, პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი, ძველი ბერძენი და რომაელი პოეტები და სხვა. აღარ შევუდგები მათ ჩამოთვლას...
- კატულუსზე ვისაუბროთ, ნეოტერიკოსთა შორის იგი ერთ-ერთი პოეტია, რომლის შემოქმედებაც თითქმის გადარჩა. როგორც მახსოვს, შუა საუკუნეებში მისი ხელნაწერი იპოვა ერთმა იტალიელმა ეპისკოპოსმა და ფარულად გადაწერა, რომ არ დაკარგულიყო. ალბათ ამანაც შეუწყო ხელი კატულუსის შემოქმედების გადარჩენას, რასაც რენესანსის ეპოქაში მისი აღიარება მოჰყვა.
- კატულუსზე გაუთავებლად შემიძლია ვისაუბრო. "ჩვენი მწერლობისა" და "ქართული მწერლობის" ფურცლებზე არაერთი ჩემი თარგმანი დაიბეჭდა. ამ პუბლიკაციების შესავალში ყოველთვის მეძლეოდა საშუალება, მელაპარაკა თავად კატულუსზე. წიგნის წინასიტყვაობაშიც შევეცადე, ვრცლად წარმომეჩინა მისი შემოქმედებითი წახნაგები. ამიტომ ძნელია, არ განვმეორდე. თავიდან მოვყვე, რომ კატულუსის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება (მხოლოდ მწირი ინფორმაციაა მოღწეული ჩვენამდე) და მისი მკვლევარები დაუსრულებლად ცდილობენ მისივე ლექსებიდან ამოზიდონ ზოგიერთი ცხოვრებისეული დეტალი; რომ კატულუსის ერთადერთი ხელნაწერი მისსავე მშობლიურ ქალაქ ვერონაში ერთ მონასტერში აღმოჩნდა...
ყველა მკვლევარი ერთხმად აღნიშნავს, რომ კატულუსი თანამედროვე მკითხველისათვის საოცრად ახლობელი ხდება. ეს მისი პოეზიის საიდუმლოა და საიდუმლო კი იმით არის კარგი და მომხიბვლელი, რომ ამოუხსნელია, ამიტომ, მის ამოხსნას არც მე შევეცდები, მხოლოდ მისი პოეზიის რამდენიმე შტრიხი მინდა გამოვკვეთო: კატულუსის პოეზიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ინტონაციით ათბობს. არა მხოლოდ გიყვება, არამედ შენც გრთავს ამ მონაყოლში, გეახლობლება, სურს, ამბის თანამონაწილე გაგხადოს. მეორე თვისება, რომელიც ამ პოეტს სხვებისგან გამოარჩევს, თვითირონიაა, ირონიული ღიმილი, რომელიც ძირითადად მისი სასიყვარულო ლექსებისთვის არის გადაწნული, სრულიად მომაჯადოებლად მოქმედებს (ცხადია, დედანს ვგულისხმობ), არადა ვისკენ არის ეს ირონია მიმართული ბოლომდე ვერც ხვდები, სატრფოსკენ? საკუთარი თავისკენ? ადრესატისკენ, რომელსაც ლექსს უძღვნის? მკითხველისაკენ?
არის კატულუსის მეტად ცნობილი ლექსი, რომელიც იმ დროის ყველაზე დიდ მოაზროვნეს, ფილოსოფოსს, მწერალს - მარკუს ტულიუს ციცერონს ეძღვნება. მეცნიერები დღემდე თავს იმტვრევენ და ვერ გაურკვევიათ, ეს ლექსი ციცერონის დაცინვას წარმოადგენს თუ ქებას. მოვიყვან ამ ლექსს უფრო ცხადი რომ გახდეს სათქმელი:
"ენამზეობით ყველა კაცზე
აღმატებულო,
გამორჩეულო რომულუსის
მემკვიდრეთ შორის,
ვინც იყო, არის, ან იქნება,
მარკუს ტულიუს!
შენ კატულუსი დიდ მადლობას
თაყვანით გიძღვნის,
პოეტთა შორის დღეს ყველაზე
კნინი და მცირე,
პოეტთა შორის იმდენადვე
კნინი და მცირე,
როგორც შენა ხარ ვაქილთაგან
უდიადესი!"
- მანამდე თუ არსებობდა ქართულად კატულუსის თარგმანი?
- კატულუსის თარგმანები ამდენად სრული სახით ქართულ ენაზე არ არსებობდა. მისი ორი ლექსის თარგმანი ჩვენს უბადლო მთარგმნელს - თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის. გიორგი ხომერიკმაც თარგმნა რამდენიმე ლექსი. მას მკითხველი საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც სოფოკლეს ტრაგედიების მთარგმნელსა და ასევე როგორც პოეტს.
- წელს კატულუსის თარგმანში მოგენიჭათ საბას პრემია, ჩემი აზრით, ეს იყო კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება მსოფლიო კლასიკურ მემკვიდრეობაზე და თქვენეული თარგმანის ხარისხზე.
- რა თქმა უნდა, კლასიკური მემკვიდრეობის დაფასება, იმისა, რაც საფუძველთა საფუძველია მთელი ევროპული კულტურისა და ლიტერატურის, მართებული საქმეა. გაიუს ვალერიუს კატულუსი! - ეს სახელი თამამად ჟღერს. მე რომ რომელიმე მეორეხარისხოვანი პოეტი მეთარგმნა, თუნდაც რომაელი, რაგინდ კარგად არ უნდა ყოფილიყო თარგმნილი, პრემიას ალბათ ვერ მივიღებდი. ცხადია, ჟიური სწორად მოიქცა (კადნიერებად ნუ ჩამომართმევთ ამ შეფასებას), როცა ეს სახელგანთქმული ავტორი და ამასთან ერთად კლასიკური მემკვიდრეობა ჯეროვნად დააფასა.
- ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგიაში, რომელიც გამომცემლობა "ლოგოსმა" დაბეჭდა, შესულია თქვენ მიერ თარგმნილი ეპიგრამატული პოეზია - ასკლეპიადესი, ლეონიდასი და მელეაგროსი. რატომ გადაწყვიტეთ ამ სამი პოეტის თარგმნა?
- ცოტა შორიდან ვიტყვი: ანტიკური ძეგლების თარგმანზე მუშაობა სტუდენტობის დროს დავიწყე, პირველი შეხვედრა ანტიკურ პოეზიასთან ასეთი იყო: უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო საღამო იმართებოდა, დამამახსოვრდა პანტელეიმონ ბერაძისადმი მიძღვნილი ერთი საღამო. მე მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოდიოდნენ ახალგაზრდა მთარგმნელები და თავიანთ ნაღვაწს კითხულობდნენ. განსაკუთრებით მეხსიერებაში ჩამრჩა ნანა ტონია, რომელმაც მაშინ სრულიად ახალგაზრდამ საპფოს მშვენიერი თარგმანები წაიკითხა, ახლა იგი ცნობილი მთარგმნელია, მკითხველ საზოგადოებას კარგად მოეხსენება ბერძენ ავტორთა მისეული თარგმანები. ერთი სიტყვით, იმ საღამოს საბოლოოდ "მოვიწამლე" ანტიკური პოეზიით. ჩემი პირველი ავტორი - სახელგანთქმული რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი იყო, რომლის სასიყვარულო ელეგიები სულ ცოტა ოთხ ვარიანტად მქონდა ნათარგმნი, საბოლოო ვარიანტი წიგნად 1987 წელს გამოვეცი. უნდა ისიც ვთქვა, რომ ანტიკური ძეგლების თარგმნას მიზნად ისახავდა კლასიკურ ფილოლოგიასთან არსებული "ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკა", სადაც ბევრი კარგი რამ, ბევრი სანიმუშო თარგმანი გაკეთდა. ცოტა მოგვიანებით ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა გამომცემლობა "ლოგოსი" დააარსა, რომელიც შესანიშნავად უძღვება დიდ საქმეს - გამოსცემს კლასიკურ ფილოლოგიაში არსებულ ნაშრომებსა და ანტიკურ ძეგლთა თარგმანებს. მახსოვს "ბერძნულ-ლათინურ ბიბლიოთეკაში" ჩვენი შეკრებები, სემინარები ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის თაოსნობით. ყველას თავ-თავისი ავტორი ჰყავდა და პატარ-პატარა ნაწყვეტებს ვკითხულობდით ჩვენი თარგმანებიდან. მე, პირადად, იმ შეკრებებმა ბევრი რამ მასწავლა. მაშინ სათარგმნელად ავიღე ეს სამი ავტორი და პირველად ჩვენს სემინარზე წავიკითხე. რატომ მაინცდამაინც ესენი? მართალი გითხრათ, გული ყოველთვის ლირიკისაკენ მიმიწევდა და მელეაგროსი, ასკლეპიადესი და ლეონიდასი მათი ხაზგასმით ლირიკული ინტონაციის გამო მომეწონა.
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ზუსტი და თავისუფალი თარგმანი და რას ნიშნავს სიზუსტე პოეტურ თარგმანში და როგორ ფიქრობთ, მთავარი სიზუსტეა თუ ყოველი პოეტური თარგმანი ერთგვარი ინტერპრეტაციაა?!
- თავისუფალი თარგმანი უფრო რითმიან ლექსშია გამართლებული. ხდება ხოლმე, როცა დედნისაგან მიღებულ საერთო შთაბეჭდილებას თავისუფალი თარგმანი უკეთ გადმოსცემს. იყო დრო, ევროპულ ენებზე ანტიკურ ლირიკოსებს, მათ შორის კატულუსს, რითმით თარგმნიდნენ და მეტ თავისუფლებასაც იჩენდნენ, მით უმეტეს, რომ საკუთარ კრებულებში დამოუკიდებელ ლექსებად შეჰქონდათ. დღეს ანტიკურობასთან მიმართებაში ეს ტრადიცია უკუგდებულია, მაგრამ ურითმო ლექსშიც, ენობრივი სიშორის შედეგად "წვრილ-წვრილი თავისუფლებების" გამოჩენა განუწყვეტლივ თუ არა, ხშირად გიხდება. მოვიყვან ერთ უმარტივეს მაგალითს. კატულუსის 26-ე ლექსში, რომელიც სულ ხუთი სტრიქონისაგან შედგება, ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ დააგირავა პოეტმა თავისი "ვილულა" (პატარა ქალაქგარე კარ-მიდამო) შეჭირვების გამო. ლექსში სხვადასხვა ქარია დასახელებული: ბორეასი, ავსტერი, ფავონიუსი და ნათქვამია, რომ ამ ქარებზე უფრო მის აგარაკს გირაო "უბერავს". "უბერავს" თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე რომ სიტყვა-სიტყვით მივყოლოდი დედანს, ქართულად ხელოვნური გამოვიდოდა, ამიტომ დედნისეულის ნაცვლად გავათამაშე გამოთქმა: "ქარმა წაიღო", "ქარს მიაქვს" და, ვფიქრობ, ამ დაშორებით დედანს უფრო დავუახლოვდი, რადგან პოეტის წარმოდგენაში მისი საყვარელი კარ-მიდამო სწორედაც "ქარს მიაქვს". მინდა ეს თარგმანი გავიხსენო:
"გახსოვს, ფურიუს, ის პატარა
ჩემი მამული?
განა ქარს მიაქვს - ფავონიუსს
ან შმაგ ბორეასს,
არც ევროსს მიაქვს და არც
კიდევ სამხრეთის ავსტერს,
გირაოს მიაქვს, იკარგება
თხუთმეტ ათასად...
მერე თუ იცი, რა მძვინვარე
ქარიშხალია!
თარგმანის სიზუსტესთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: ერთი ენის მუსიკალობა, ცხადია, სრულიად განსხვავდება მეორისგან, მე ვფიქრობ, ლექსის თარგმნის შემთხვევაში ყველაზე მეტად ამას უნდა გაეწიოს ანგარიში.
კატულუსთან გვხვდება ერთი უზომოდ ლირიკული, მელოდიური ლექსი, რომელშიაც პოეტი სიყვარულით საყვედურობს თავის მეგობარ კორნიფიციუსს, რომ მან იგი დაივიწყა და მის დარდსა და მჭმუნვარებას აღარ იზიარებს. ლექსში სიტყვები და სინონიმური ერთეულები პერიოდულად მეორდება და ეს იწვევს განსაკუთრებულ ხმოვანებას. მე რომ ლათინურში აქცენტით გამეორებული სიტყვები პირდაპირ გამემეორებინა, ქართული ლექსი, ვფიქრობ, მუსიკალურობას დაკარგავდა, შევეცადე, ქართული ლექსისთვის დამახასიათებელი რიტმიკის ფარგლებს არ გავცდენოდი, მიმენიჭებინა ჩვენი ლექსისთვის ბუნებრივი მუსიკალურობა - ის სიტყვები და სინონიმები გავიმეორე, რომლებიც ამას ხელს შეუწყობდა. პატარა ლექსია, ბარემ მთლიანად მოვიყვან, გამორჩევით მიყვარს.
"კორნიფიციუს, შენს კატულუსს
გული უტირის,
ვფიცავ ჰერკულესს, ცუდად არის,
გული უტირის,
და, რაც დრო გადის, სიმძიმილი
უათკეცდება.
რატომ არ მიხვალ, ალერსიან სიტყვას
არ ეტყვი,
არ ანუგეშებ, იქნებ ცოტა გულს
მოეფონოს!
მწყინს, საყვარელო, მეგობრობა
ნუთუ ეს არის?
მითხარი რამე, სულერთია, თუნდაც
მჭმუნვარე,
ისე მწუხარე, ვით ცრემლები
სიმონიდესი".
- საერთოდ არსებობს კი იდეალური პოეტური თარგმანი?
- არათუ არ წამიკითხავს, არც მსმენია. იდეალურად პროზაც კი ვერ ითარგმნება. ახლა ამას დაუმატეთ ლექსის სპეციფიკური საშუალებები. აზრის გარდა გადმოსაცემია რიტმიკასთან გადაჯაჭვული ინტონაციური რხევები თუ მთელი ზიგზაგები, პროზაში რომ ძნელად შეგხვდება. დავუშვათ, ყველაფერი ეს უზუსტესად გადმოიტანე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ იმას მაინც სად წავუვალთ, რომ ხმა, რომელიც ავტორისად ჩაგვესმის, მთარგმნელის ხმაც არის. უბადლო იმიტატორის ხმაც კი ნამდვილს ბოლომდე ვერ იმეორებს. მახსენდება, ერთხელ აკაკი ურუშაძეს ვუთხარი, რომ ლექსის თარგმნა საერთოდ შეუძლებელია. მან გაიცინა და მიპასუხა: "თარგმანი, პოეტური იქნება თუ პროზაული, არის ის, რაც არის (ეტყობა, ამ ფრაზით იდეალურობა გამორიცხა). ადამიანის ნაღვაწისაგან მეტისმეტი არ უნდა მოითხოვო. თუ ასე განვსჯით, მაშინ ამ ქვეყანაზე არც იდეალური დედანი არსებობს".
- არის ისეთი ავტორი, რომლის ნაწარმოებთა თარგმნის დიდი სურვილი გაქვთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ თარგმნოთ თუ არა?
- არის ერთი ასეთი ნაწარმოები. ვერგილიუსის "გეორგიკები". იგი ამ დიდი პოეტის საუკეთესო ქმნილებაა, უფრო ძლიერი, ვიდრე მისი სახელგანთქმული "ენეიდა", მაგრამ ისეთივე ცნობილი არ არის, რადგან უსიუჟეტო პოემაა, არავითარი ამბავი არ ხდება. ასეთი პოეტური ძალის ნაწარმოები იშვიათად წამიკითხავს, მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი გვირგვინია, შედევრთა შედევრი. არადა, რას მოგვითხრობს? გლეხკაცის შრომას, როგორ უნდა დაამუშაოს ყანა და ზვარი, მოუაროს ცხვარსა და ხარ-ძროხას, მოიწიოს მოსავალი. სხვათა შორის, არც მეფუტკრეობა ავიწყდება. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ საბაბია, გვაზიაროს მოხასხასე თუ გადაყვითლებულ სივრცეთა სილამაზეს, მცენარეების, ცხოველების, ადამიანური შრომის მიწიერ სილამაზეს, სხვა თვალით დაგვანახოს წელიწადების ბრუნვა, ცა და ვარსკვლავები. უმთავრესი კი ლექსის სილამაზეა. მოვიყვან მის ერთ სტრიქონს (ქართულად ჯერჯერობით აუწყობელს), რომლითაც პოეტი მშობლიურ იტალიას მიმართავს: "სალამი შენდა, ნეპტუნის მიწავ, მოსავლების დიდო დედაო"! არც ომებისა და დაპყრობების, არც იმპერიული დიდების, არამედ "მოსავლების - სთვლობისა და რთვლობის - დიდო დედაო"! აქამდე ვერ შევბედე და ვშიშობ, ვერასოდეს შევბედავ. გარდა იმისა, რომ არ ვიცი, მოვერევი თუ ვერა, მეტისმეტად მეეჭვება, რომ ჩვენი თანამედროვე მკითხველი, წარმატების შემთხვევაშიც კი, მას წაუკითხავს არ დატოვებს.
- საინტერესოა, ემთხვევა თუ მნიშვნელოვნად განსხვავდება - თქვენი და თქვენი მეუღლის, დათო წერედიანის თვალსაზრისი მხატვრული თარგმანის შესახებ.
- რა მოგახსენოთ, თეორიულ საკითხებზე ლაპარაკი არასოდეს გვქონია. ისე, დიდი პრინციპული განსხვავება არ უნდა იყოს.

ესაუბრა ხათუნა ალხაზიშვილი















კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი