მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-21
"ბენდუქიძეს მისაკუთრებული ქონება უნდა ჩამოერთვას და აგრობიოლოგიური განათლებისა და მეცნიერების აღორძინებას მოხმარდეს"

18 მარტს მთავარ პროკურატურაში დაკითხეს (დაკითხვა მთელი 11 საათი მიმდინარეობდა) ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. დაკითხვა აგრარული უნივერსიტეტის უძრავი ქონების პრივატიზების საქმის გარშემო წარიმართა.
ნაცების ხელისუფალთა მიერ აგრარული უნივერსიტეტის უმდიდრესი ქონების, როგორც იტყვიან, კაპიკებში გასხვისება, ფაქტობრივად ბენდუქიძისთვის მუქთად გადაცემა, აღელვებს საზოგადოებას, ამიტომ იგი კმაყოფილებით შეხვდა მთავარი პროკურორის მიერ ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას.
ჩვენ დავუკავშირდით აგრარული უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, სოფლის მეურნეობის ცნობილ სპეციალისტს, საქართველოსა და რუსეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიების ნამდვილ წევრს, პროფესორ ნაპოლეონ ქარქაშაძეს და აზრის გამოთქმა ვთხოვეთ.
- ბატონო ნაპოლეონ, ბენდუქიძე პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს, მას, ჩემი აზრით, სერიოზული მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული: თაღლითობის გზით, აგრარული უნივერსიტეტის და 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქონება მიზერულ თანხად ჩაუგდია ხელში. გარდა ამისა, დღეს აღარც აგრარული განათლებაა და აღარც სასოფლო-სამეურნეო მეცნიერება. თქვენ დიდი ხნის მანძილზე ორი უმაღლესის, მათ შორის, "აგრარულის" რექტორი იყავით და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტიც. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე.
- თუ გახსოვთ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცესები, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. სკანდალი მაშინ, როგორც მე გავიგე, თვითონ ბენდუქიძემ ააგორა. ავტორიზაცია უმაღლესი სკოლის საქმიანობის უმნიშვნელო ელემენტია, ბენდუქიძემ მაშინ განათლების სამინისტროს სტუდენტობა დაუპირისპირა და მინისტრს, თუ არ მეშლება, ბოდიშიც კი მოახდევინა. ამ სკანდალიდან მან გადაფარა ის დანაშაული, რომელიც სააკაშვილთან ერთად ჩაიდინა, რასაც არა მარტო აგრობიოლოგიური განათლება და მეცნიერების განადგურება მოჰყვა, არამედ მთლიანად ჩამოიშალა ერთ დროს საათივით აწყობილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა. თუმცა, ამ პროცესის შედეგად ორივემ მილიონები მიითვისეს.
- მახსოვს 2004 წელს, სააკაშვილმა თქვენ იმისთვის, რომ თავის დროზე სარეკომენდაციო წერილით მიმართეთ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, 100 დღეზე მეტი გაყურყუტათ ციხეში. თუ არ ვცდები, გედავებოდნენ, რომ შევარდნაძე შეცდომაში შეიყვანეთ და ბიუჯეტი 30000 ლარით აზარალეთ, მერე კი თავადვე 200 მილიონამდე დოლარის ქონება აჩუქა ბენდუქიძეს.!..
- ერის დაჩლუნგების ერთ-ერთი მეთოდია, საზოგადოების მოაზროვნე, ავტორიტეტული ადამიანებისთვის ჩირქის მოცხება, მათი ჩაწიხვლა, დაპატიმრება. ჩემი და ჩემნაირების დაპატიმრებით სააკაშვილმა და მისმა ხროვამ არა მარტო საზოგადოებაში დათესა დიდი შიში, არამედ საზოგადოების ის ნაწილიც დააფრთხო და გაანეიტრალა, რომელსაც მე მივეკუთვნებოდი, აი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მეცნიერებისა და განათლების "გაბახება" და ხმაც კი ვერავინ ამოიღო. დღეს ქართული მეცნიერება საერთოდ აღარ არსებობს, ხოლო უმაღლესი განათლების დონე, ყოველ შემთხვევაში, წინათ არსებულ პროფტექნიკური განათლების დონეზე დაბლა დაეცა. ხოლო ის, რაც აგრარულ უნივერისტეტს დამართეს, ძალიან დიდი კრიმინალია და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
- რატომ გააკეთა ეს სააკაშვილმა. ვითომ რა მოიგო ამით ქვეყანამ.
- ჩვენ მაშინაც ვხვდებოდით, თუ რა მისიით იყო ქვეყნის პრეზიდენტად მოვლენილი სააკაშვილი. გვახსოვს მისი უსახური, კურდღლებივით შეშინებული მთავრობა და პარლამენტის წევრები, რომელთა ნაწილმა მხოლოდ დღეს ამოიღო ხმა და პარლამენტში უტიფრად ყელყელაობს. სააკაშვილს ერის დაჩლუნგება ჰქონდა დავალებული და ამას მხოლოდ მისი ინტელექტუალური ნაწილის მოსპობა-გაბითურებით შეძლებდა - ეს დავალება მან მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულა. გარდა ამისა, ალბათ გახსოვთ, როგორ დაანგრია ქართული ეკონომიკა ბენდუქიძემ, რომელიც მხოლოდ ამ მისიით იყო გამოგზავნილი რუსეთიდან. მაგრამ თვითონ და ხელისუფლებაში მოკალათებულმა გარეწრებმა კი ამ პროცესებით ბევრი იხეირეს. აგრარული უნივერსიტეტი და აგრარული განათლება, ამ დანაშაულებრივი სქემის მხოლოდ ერთი ეპიზოდია.
- თქვენ 14 წელიწადი იყავით აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ცუდი პერიოდი იყო მაშინ: სამოქალაქო დაპირისპირებები, კრიმინალების უკონტროლო პარპაში, უფულობა, უტრანსპორტობა, სიცივე და რა ვიცი კიდევ რა... მაშინდელმა რექტორებმა მაინც მოახერხეს და შეინარჩუნეთ არა მარტო კვალიფიციური პედაგოგიური პერსონალი, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, ტერიტორიები, სუნივერსიტეტო ქონება, ასეთ პირობებშიც ახერხებდით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას...
- მერე რა მივიღეთ. მხოლოდ ლანძღვა-გინება, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილიც აჰყვა. სამწუხაროდ, ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება დღემდე გრძელდება. ჩემი დაპატიმრების საქმე ახალმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი განცხადებაა შეტანილი თითქოს ყველა ინსტანციაში, არა თუ გამოიძია, ბოდიშიც კი არავის მოუხადა. თუმცა, ეს სხვა თემაა.
- გახსოვთ თქვენი რექტორობის შემდეგ, რა დატოვეთ აგრარულ უნივერსიტეტში.
- მოდით ასე ვთქვათ: რა დახვდა ბენდუქიძეს, როდესაც მან ხელში ჩაიგდო აგრარული განათლება და მეცნიერება!
დავიწყოთ იმით, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში 140-მდე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა, აქედან სამი - საქართველოში: ორი თბილისში - "სასოფლო" და "ზოოვეტი", ხოლო ერთი სოხუმში - "სუბტროპიკული". სამივე მათგანი აღჭურვილი იყო, უახლესი კაბინეტ-ლაბორატორიებით, ჰქონდათ ძალიან ძლიერი მატერიალური ბაზა, სასწავლო-სამეცნიერო მეურნეობები, ექსპერიმენტული გადამმუშავებელი საწარმოები და ა. შ. საბჭოთა სივრცეში მოქმედ 140 ინსტიტუტს შორის, საქართველოში არსებული ინსტიტუტები, თავისი მაჩვენებლებით, ყოველთვის წამყვან ათეულში იყვნენ. სამივე მათგანი მაღალი რანგის საკავშირო თუ უცხოელი სტუმრების საჩვენებელი ობიექტი იყო და ა. შ.
ამიერკავკასიაში, სასოფლო-სამეურნეო განათლების პირველი კერა - თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1929 წელს დაარსდა, მისი პირველი რექტორი მსოფლიო დონის მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი იყო. 1991 წელს გადაკეთდა აგრარულ უნივერსიტეტად ამას წინ უძღოდა სერიოზული პროცედურები. მეამაყება, რომ ეს ჩემი რექტორობის დროს მოხდა.
დღევანდელი გადასახედიდან მიკვირს, თუ როგორ შევინარჩუნეთ მაშინდელმა რექტორებმა მატერიალური ბაზები, რომლებზეც პირდაპირ ნადირობა ქონდათ გაჩაღებული როგორც "შარაგზის", ასევე ხელისუფლებაში მოკალათებულ ყაჩაღებს. მახსოვს, უნივერსიტეტში მხედრიონელების, გვარდიელების, სოკოებივით მომარავლებული "საძმოების", სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებული ავანტიურისტების შემოტევები. მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს უნივერსიტეტში სადღეღამისო მორიგეობები, შიშველი ხელებით როგორ ვიცავდით საუნივერსიტეტო ქონებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა იმ თანამშრომელსა და სტუდენტს, რომლებიც მაშინ მხარში გვედგნენ.
დღესაც მაოცებს პედაგოგიური პერსონალის საქმისადმი ერთგულება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც შიმშილისგან ძალაწართმეული პროფესორი აუდიტორიაში წაქცეულა. მახსოვს ბიზნესმენებმა ხვთისიაშვილმა (რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა) და ზურაბ ტყემალაძემ სტუდქალაქის სასადილოზე შეფობა აიღეს და შეძლებისდაგვარად ამარაგებდნენ მას პროდუქტით, სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლებოდა, ისინი ხომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ. შემდეგ მათ მაგალითს სხვებმაც წაბაძა და ასე ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით, როგორღაც გადავრჩით, მეამაყება ისიც, რომ იმ პერიოდში უნივერსიტეტიდან ერთი სკამიც კი არ დაკარგულა.
ახლა იმაზე თუ რა ქონება წაგლიჯა სახელმწიფოს ბენდუქიძემ. მან უნივერსიტეტს რამდენიმე ასეულობით მილიონის ქონება თითქმის მუქთად ჩაიგდო ხელში. ეს ქონება შედგებოდა 974230 კვადრატული მეტრი მიწის ფართობისგან, რომლის საერთო ღირებულება, მთავრობის გაანგარიშებებით, 4 მილიონი დოლარის ეკვივალენტია ლარებში, რომელიც ბენდუქიძემ 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. რეალურად კი ამის ღირებულებაა 194,8 მილიონი დოლარი, რაც საბაზრო ფასზე 50-ჯერ ნაკლებია. უნიკალური სასწავლო კორპუსის საერთო ფართი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 20 ათას კვ. მეტრამდე იყო. იმ დროისთვის გვქონდა უნიკალური სასწავლო ლაბორატორია-კაბინეტები, კომპიუტერული ცენტრი, უნიკალური მიწის ფონდები, მეაბრეშუმეობის, გეოლოგიური მუზეუმები, რომელთა ნაწილიც მთავარი კორპუსის ფოიეებში იყო განლაგებული, მექანიზაციისა და მელიორატორების სასწავლო პოლიგონები, 60 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, უნიკალური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი, მთავარი კორპუსის წინ და უკან მსოფლიოს ენციკლოპედიაში შესული დენდროლოგიური პარკები და სხვ., რომლებიც დღეს განადგურებულია. ახლახან გავიგე, რომ დენდროლოგიურ პარკსაც მიადგნენ და მის განადგურებასაც აპირებენ. "სხვაგან გადავიტანთო", განაცხადა თინეიჯერმა რექტორმა.
მახსოვს, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბუბუტეიშვილი მეხვეწებოდა, მისთვის ერთი ცალი ნაძვის უნიკალური ჯიშის დათმობას... მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ეს ვერ შევასრულე და ცხადია მანაც გამიგო... მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბენდუქიძეს, შეადგენს 280 მილიონ დოლარს, ბენდუქიძემ კი თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე, თანაც განვადებით 2 წლის განმავლობაში.
- რა ბედი ეწია იმ სპეციალობებს, რომლებიც თქვენს დროს იყო.
- ჩემს დროს 8 ფაკულტეტზე 29 სპეციალობა იყო წარმოდგენილი, თუ ამას დავუმატებთ "სუბტროპიკულის" და "ზოოვეტის" სპეციალობებს, 30-32-მდე ავალთ, დღეს, ჩემი ინფორმაციით, "აგრარულში" დატოვებულია სულ 4 თუ 5 სპეციალობა, დღემდე უცნობია ის 400 ათასამდე სტუდენტი (როგორც თვითონ ამბობენ) რას სწავლობს.
- როგორც ამბობენ, ბენდუქიძემ ასევე ხელში ჩაიგდო აგრარული მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები.!
- საქართველო თავისი უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, მოითხოვს მრავალპროფილიან კვლევას, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1954 წელს მოკავშირე რესპუბლიკებიდან მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიები. ჩვენ ძალიან ძლიერი მეცნიერული სკოლა გვქონდა. როდესაც მე აკადემიის პრეზიდენტად ამირჩიეს, სისტემაში 17 კვლევითი ინსტიტუტი გვქონდა, თავიანთი შენობებითა და მატერიალური ბაზით, საცდელი მეურნეობები და ნაკვეთები, გადამმუშავებელი საწარმოები (ღვინის და კონსერვის ქარხნები, ჩაის ფაბრიკები), მექანიკური ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო მანქანათა გამოცდის პოლიგონები და ა. შ. აკადემიის სისტემაში 1900 კაცი მუშაობდა, რომელთა შორის 800-მდე მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი იყო. გვქონდა ასპირანტურა და დისერტაციების დაცვის საბჭოები და ბევრი სხვა სიკეთე. ყველაფერი ეს ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ "წაგვართვა", ცოტა ხნის შემდეგ კი ბენდუქიძეს "უფეშქაშა" (ცხადია, ასეთივე ბედი ეწიათ ეროვნული აკადემიების ინსტიტუტებს). ბენდუქიძემ კი კვლევითი ინსტიტუტების ქონება ისე მოიხმარა, როგორც მეპატრონემ, ზოგი გაყიდა, ზოგს პროფილი შეუცვალა და ა. შ. ქონების ხელში ჩაგდების შემდეგ მან 1000-მდე ცნობილი პროფესორ-მასწავლებელი გაათავისუფლა სამსახურიდან, სამაგიეროდ, განთავისუფლებულთა მაგივრად დაასაქმა "თავისუფალი უნივერსიტეტის" ბაკალავრიატის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
- მერე საზოგადოება რატომ არის ჩუმად, ახლა მაინც რატომ არ იღებს ხმას.
- სადღაა საზოგადოება. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ინერტული მასა ვართ და ისევ საღათას ძილში ვიმყოფებით. განა ეროვნებაწართმეული, მამაპაპურ ადათწესებდავიწყებული, ცხოვრებისეული ინტერესების დამკარგველი ადამიანები შექმნიან საზოგადოებას. დააკვირდით, ამ საუბარს რამდენი გამოეხმაურება. ალბათ თითო-ოროლა. არადა სატკივარი დიდია.
- რა პერსპექტივა გაქვთ, რა იქნება.
- საქმე რა არის იცით. "ისინი" მოსული იყვნენ ნგრევისათვის, ქართული გენის ამოძირკვისათვის და ამას არა მარტო მონდომებით, არამედ პროფესიულად აკეთებდნენ. "ესენი" მჯერა, რომ სასიკეთო საქმეების საკეთებლად არიან მოსულები, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს... დავიტოვოთ იმედი, რომ ისწავლიან, სხვა რა გზა გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, კანონი ბენდუქიძეს პასუხს მოჰკითხავს.
- ბენდუქიძეს უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ციხეში კი არ უნდა ჩასვან მას უნდა ჩამოართვან ყველაფერი, რაც მიიტაცა და ის, რაც ყველაზე ძალიან უყვარს - ფული, არა 100 ან 200 ათასი, არამედ 100 მილიონზე მეტი და ეს ფული უნდა მოხმარდეს აგრობიოლოგიური განათლების და მეცნიერების აღორძინებას. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი!

ესაუბრა სანდრო ალექსიძე














ავტორი:  ლალი ზირაქიშვილი


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი