მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-22
ივანიშვილის სტილს და კომუნიკაციის ფორმას ხალხი უკვე შეეჩვია

ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირების გასაჯაროვების შემდეგ, საზოგადოება შოკში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამსახველმა ვიდეომასალამ ჩააგდო. აღნიშნული საკითხების დამთხვევას ნაციონალები საეჭვოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება კრიზისული ვითარების გადაფარვას სკანდალური ჩანაწერებით ცდილობს.
თუ რას ფიქრობენ ხელისუფლებაში ოპონენტთა მოსაზრებებზე. - ამის გარკვევის მიზნით, აწკყპუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

- ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. კადრების ნახვის დროს, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ყოფილი პრემიერი მოკლულია თუ გაზითაა გარდაცვლილი.
- ამ კადრების ავთენტურობა, ფაქტობრივად, დადგენილია, რადგან გოგლა ჟვანიამ დაადასტურა, რომ ეს ფოტოები საქმეში დევს. არ მგონია, რომ გაზით გაგუდული ადამიანების შარვალი ასე იყოს დასვრილი. აბსოლუტურად გამორიცხულია, გაზით გაგუდული ადამიანები კორიდორში იყვნენ გაშოტილი. ამას გარდა, გაზით გაგუდული ადამიანის სხეული ასე არ გამოიყურება, ცხედრებს გვამური ლაქები ჰქონდა და ა.შ. ვიზუალურად რომ შეხედოთ, კითხვებს უსუპოვი უფრო ბადებს, ვიდრე ჟვანია. ჟვანიას თავის ქალის ტრეპანაცია არის მომხდარი და სხეულს დიდი სისხლჩაქცევები ეტყობა. გარდაცვალების მიზეზი შეიძლება, სისხლჩაქცევებიც ყოფილიყო.
- თუმცა, ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია...
- ამ ადამიანის არ მჯერა. ჩაჩუას არ უნდა ვენდოთ, რომელიც ამ საქმეზე ვითომდა ერთადერთ ჭეშმარიტებას ქადაგებს.
- რატომ არ ენდობით.
- ფოტოები ნახეთ. ამ სურათებს, რატომ არ უნდა ვენდო. ჩიჩუას რატომ უნდა ვენდო, რომელიც სამხარაულმა ადგილზე გაუშვა, თავად სამხარაული კი მოკლეს. სინდისიერი ხელისუფლება გვმართავდა, რომ მათ დავუჯეროთ. ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გაიხსენეთ, მასალები როგორ იყო გაყალბებული. გვამების ექსჰუმაცია მოხდება და თუ გარეგანი დაზიანებები, რაც ფოტოზეა, ექსჰუმაციის შედეგებს დაემთხვა, წრე შეიკვრება. როცა ჩაჩუა ამბობს, რომ კადრები ფალსიფიცირებულია, მან უნდა იცოდეს, რომ ამ გვამების ექსჰუმაცია მოხდება. გვამების ექსჰუმაცია ბევრ რამეს ფარდას ახდის.
- ჟვანიას სკანდალური საქმის გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას საზოგადოება დიდი ხანია ელის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებზე ხელი სამართალდამცავებს მიუწვდებათ, ეს შოკისმომგვრელი კადრები როგორ გავრცელდა.
- სოციალურ ქსელებში ამგვარი ფორმით კადრების გამოტყორცნა არ მომწონს. ეს კადრები ჩემიანმა გაავრცელა თუ სხვისიანმა, ის ყველა შემთხვევაში ნაძირალაა, მაგრამ ვიდეოჩაწერებს ვინ ახორციელებდა და ვის შეეძლო მისი გარეთ გამოტანა. 2012 წლამდე, ამას მიხეილ სააკაშვილი და მისი ყაჩაღური ბანდა აკეთებდა. იცით, რომ არჩევნების შემდეგ, ნაძირლებმა კადრები გარეთ გაიტანეს. ყელმოღერებული ხაჩიძეების, მინაშვილების და სხვათა ადგილზე რომ ვიყო, სირცხვილით ქუჩაში არ გამოვიდოდი, რადგან 21-ე საუკუნეში ადამიანებს ლამის სააბაზანო ოთახებში უღებდნენ და საბნის ქვეშ უძვრებოდნენ. სხვათაშორის, ეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ბუშმა აღმოსავლეთ ევროპაში "დემოკრატიის შუქურობა" დააბრალა.
- ანუ თქვენ ეჭვობთ, რომ ეს კადრები შესაძლოა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს გავრცელებული. კადრების გავრცელება მათ მიზნებში რატომ შეიძლება შედიოდეს - საკუთარ თავს "სამარეს უთხრიან".
- სავარაუდოდ, ეს ფოტომასალა კარებიდან არის გატანილი. "ორი გვამის" მოთხოვნის ვიდეო გახსოვთ. ამას ვინ იღებდა - ალასანია, ღარიბაშვილი თუ მე. - ეს ვაჟბატონები იღებდნენ. თუ დადგინდება, ეს კადრები ვინ გადაიღო, ისიც გაირკვევა ეს ვიდეომასალა ვინ გაავრცელა.
- თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირებას კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა. მსგავსი კადრებით მანიპულირება, ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
- არ მგონია, ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის ისეთი რამ მომხდარიყო, რასაც თემის გადაფარვა დასჭირდებოდა. თემებს ვინც ფარავდა, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. პრემიერის განცხადებაში იოტისოდენა ეჭვი არ შემაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება. გოგლა ჟვანიას ვესაუბრე და მითხრა, რომ გამოძიება კარგად მიდის და ის საქმის გახსნას 2014 წელს ელოდება. საქართველომ უნდა გაიგოს, როგორ კვდებოდნენ პრემიერები.
- და, გაიგებს.
- ძალიან მალე გაიგებს.
- რაც შეეხება ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას, ბიძინა ივანიშვილის პათოსს იზიარებთ.
- ბატონი ბიძინა გამოვიდა და პრეზიდენტი გააკრიტიკა, რომელმაც საკითხები განსახილველად გარეთ არ გამოიტანა და ამით თემა დახურა. ივანიშვილი როცა ხელისუფლებიდან მიდიოდა, თქვა, რომ გუნდის კრიტიკას დაიწყებდა.
- ბატონო გიორგი, ეს არ იყო მხოლოდ კრიტიკა, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მარგველაშვილმა იმედები გაუცურა და ის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. ისე, რომ 60 წელს მიტანებულ მილიარდერს მსგავსი მაგალითი არ ახსოვს...
- ეს მისი აზრია. ბატონი ბიძინა მოქალაქეა და აღარ არის პოლიტიკოსი. შემიძლია, ორი დადგენილი ფაქტი გითხრათ. ერთი ის, რომ ივანიშვილი არის ისეთი როგორიც არის, ის არ შეიცვლება. მეორე კი, მარგველაშვილი პრეზიდენტია და ამას უნდა შევეგუოთ. მართალი გითხრათ, სააკაშვილის დამთავრება ივანიშვილმა შეგვაძლებინა. სხვანაირი ივანიშვილი სააკაშვილს ვერ დაამთავრებდა, მაგალითად - ჩემნაირი ივანიშვილი. ეს ყველაფერი მომწონს, იმიტომ, რომ ევროკავშირში ერთ თარგზე მოჭრილებს არ მიგვიღებენ.
- თქვენ ამბობთ, რომ "ივანიშვილი არის ისეთი, როგორიც არის, ის არ შეიცვლება". როგორია, რას გულისხმობთ.
- პირდაპირი, რომელიც არაფერს ერიდება და სათქმელს პირდაპირ ამბობს. ეს მისი სტილია.
- თუმცა, ეს სტილი რამდენად მომგებიანია თქვენი გუნდისთვის, როცა ყოფილ პრემიერს შიდა სამზარეულო გარეთ გამოაქვს.
- ეს სხვა საკითხია. ამაზე შეიძლება ვიდავოთ.
- მაშინ, როდესაც 62 პროცენტით არჩეულმა პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს იმედები გაუცრუა, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ეს განცხადება რა გავლენას მოახდენს დავით ნარმანიაზე. რა გარანტია აქვთ თბილისელებს, რომ ნარმანიას მერად არჩევის შემთხვევაში, ივანიშვილი ისევ არ იტყვის, რომ მას იმედები გაუცრუვდა.
- არ ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ნარმანია დააზიანოს. ივანიშვილის სტილს და კომუნიკაციის ამ ფორმას ხალხი უკვე შეეჩვია. ასეთი პირდაპირობის გარეშე, რაც ივანიშვილს ახასიათებს, ჯერჯერობით, საქართველო ძნელად წარმომიდგენია. ივანიშვილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც პოლიტიკაში, ასევე სამოქალაქო სექტორში და ეს შეიძლება ვინმეს არ სიამოვნებდეს, მაგრამ ივანიშვილს ნაკლებად აღელვებს ის, ვის მოსწონს და ვის - არა.
- როგორც ითქვა, ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი - მრჩევლის პოსტზე ვანო მაჭავარიანის დანიშვნა, ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა და მოწმეთა დაკითხვის წესზე ვეტოს დადების საკითხი გახდა. მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა გადასულიყო.
მან თქვა, რომ რეზიდენციას ცერემონიებისთვის გამოიყენებს. მან გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ პრეზიდენტებს ორ ოთახში ვერ შეხვდება. იცით, რომ მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოდის და მარგველაშვილმა რა ქნას, ფრანსუა ორლანდი "ხრუშჩოვკაში" მიიღოს.
- მარგველაშვილი როცა პრეზიდენტი გახდა და სასახლეში შესვლაზე უარი განაცხადა, მან ის რატომ ვერ გათვალა, რომ პრეზიდენტებს ორ ოთახში ვერ მიიღებდა. მან შეცდომა აქ დაუშვა. პირველ რიგში, პიარული თვალსაზრისით. შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ მგონია, რომ პრინციპებს გადაუხვია.
- პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ვანო მაჭავარიანს უნდა დაეკავებინა.
- პრეზიდენტს მრჩევლები ქუთაისიდან დავუნიშნო. - ჩემი მრჩევლებიც მეყოფა. ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია. ბატონ ბიძინას არ მოსწონს, რომ მაჭავარიანი მისი მრჩეველია, მაგრამ რა არის ამაში ტრაგიკული და საზარელი. დედამიწის ჭიპი მაჭავარინაზე გადაიკვეთა. პრობლემა ის არის, რომ ეს ყოფილმა პრემიერმა თქვა, რაც საზოგადოებას გაუკვირდა, რადგან მგალობლიშვილი გვახსოვს, რომელიც ერთ კვირაში გააგდეს, გილაური იყო, რომელიც პრემიერის გარდა, ყველაფერი იყო. ჟვანია მოკლეს. ნოღაიდელი კი ვინ იყო, სად იყო, რისთვის და რა ფოკუსები მოაწყო, ეს ვიცით. ივანიშვილმა თქვა, რომ გაგაკრიტიკებთო და ქვეყანა დაიქცა.
- თუკი ასეთი დამოუკიდებელია პრეზიდენტი და თუ თქვენ ამას მიესალმებით, მოწმეთა დაკითხვის ვადების გადაწევაზე მიღებულ კანონზე, მას რატომ არ დაადებინეთ ვეტო, რისი სურვილიც თავად გამოთქვა.
- ჭეშმარიტება კამათში იბადება. ბევრი მსჯელობა იყო და გადაწყდა, რომ ასი კანონიდან ერთზე ვეტო არ დაედო.
- გიორგი მარგველაშვილს პოსტიდან გადადგომა არ ემუქრება.
- ვისგან. რატომ. რა არის ამის მიზეზი. გიორგი მარგველაშვილი ხუთი წელი პრეზიდენტი იქნება.






ავტორი:  თეონა მანაგაძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი