მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-01-22
ჯონდი ბაღათურია:

გახმაურებული ციხის კადრების შემდეგ, საზოგადოება მთავარი პროკურორის გუშინდელმა განცხადებამ შოკში კიდევ ერთხელ ჩააგდო. არჩილ კბილაშვილმა პირდაპირ ეთერში, მართლაც რომ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და წამების ახალ, შოკისმომგვრელ მეთოდებზე ისაუბრა.
"ამათ თუ ეს დანაშაულებები შერჩათ, მაშინ სად არის ჩვენი ღირსება?" - აცხადებს ახალ თაობასთან ინტერვიუში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და იქვე დაურთავს - ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ღირსება, შესაბამისად, ასევე ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ ყველა იმ ბოროტ მოქმედებას, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ.
- ბატონო ჯონდი, მართლაც რომ შოკისმომგვრელი იყო მთავარი პროკურორის განცხადებები, ამ დროს კი პრეზიდენტი გამოდის და სექსუალური უმცირესობის უფლებების დარღვევებზე საუბრობს და ახალ მთავრობას თითს უქნევს. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?
- ის რაც ჩვენ მოვისმინეთ მთავარი პროკურორისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულ სიმართლეს ლაპარაკობდა, რადგანაც ის წესიერი და პატიოსანი კაცია, არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ სახელმწიფოში გვიწევდა ჩვენ ყველას ერთად ცხოვრება. ერთადერთი, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, არის ის, რომ სასჯელის მთელი სიმძიმით უნდა იქნეს გასამართლებული ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ საშინელებას სჩადიოდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ ადამიანთა ვინაობა, ვინც ამას სჩადიოდა, ცნობილი უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისათვის, თითით საჩვენებელი უნდა იყოს ამ ადამიანების სახელები და გვარები. ამის შერჩენა, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, პრინციპულად არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ღირსება, შესაბამისად, ასევე ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ ყველა იმ ბოროტ მოქმედებას, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ.
- მართლაც და ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, პროკურატურამ დანაშაული ჩაიდინაო, უნდა აიკრძალოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განსაჯაროებაო...
- მე არასდროს ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სააკაშვილს სინდისის ნასახი არ ჰქონდა. თუკი ვინმეს აქამდე ამაში ეჭვი ეპარებოდა, ბოლო დროინდელმა მისმა საქციელმა ყველას ნათლად აჩვენა, რომ ამ კაცს სირცხვილის გრძნობა საერთოდ არა აქვს. რა პირად ცხოვრებაზე და რა ვიდეოკადრების აკრძალვაზე ლაპარაკობს სააკაშვილი. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ კბილაშვილისგან, ამის მერე შეიძლება კიდევ პრეზიდენტი საკუთარ ღირსებაზე რამეს ლაპარაკობდეს?! ასევე მინდა ვთქვა, რომ კადრები, რის გამოც სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, იყო მისი ხელისუფლების მიერ გაკეთებული. ნაცვლად იმისა, სინანული გამოეთქვა მას, რომ მისი პრეზიდენტობის დროს და მისი ძალაუფლებაში ყოფნისას, მისი გარემოცვა მისი მითითებით ასეთ სიბინძურეს სჩადიოდა, ცდილობს ტონი აიმაღლოს და ასეთი ტონით ილაპარაკოს და ესაუბროს ყველა ოპონენტს და საკუთარ საზოგადოებას. მე ვატყობ, სააკაშვილი ისე გააღიზიანებს საზოგადოებას, ისე გამოიყვანს ხალხს წყობიდან, რომ ვიღაცა სადღაც შეეცდება მას ანგარიში გაუსწოროს, უბრალოდ, პირადი ანგარიში. ადამიანებს უკვე მოთმინების ფიალა აქვთ სავსე და მე არ ვურჩევდი სააკაშვილს, ასე გამაღიზიანებელ ტონალობაში საუბრის გაგრძელებას საკუთარ ხალხთან. ეტყობა მას წარმოდგენა არა აქვს, რამდენად უკიდურეს ზღვარზეა ადამიანების მოთმინება მისული. ნამდვილად არ მინდა, რომ მას ადამიანები პირადად გაუსწორდნენ და ისე მოექცნენ, როგორც ჩაუშესკოს ან სხვა ვინმეს, მაგრამ მე ვატყობ, რომ ის საერთოდ დაკარგავს საქართველოში გაჩერების უფლებას. უბრალოდ, ვეღარ გადაადგილდება, რაც ქუთაისში დამართეს, ეს იქნება მონაგონიო იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მას ამის შემდგომ ელოდეს.
- თქვენთვისაც ცნობილია, რომ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს ოფიციალურად ამოეწურა. ვადაგასული პრეზიდენტიაო, ასე მოიხსენიებს საზოგადოება და მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თქვენ როგორ აფასებთ საზოგადოების ამ მოთხოვნას, უნდა გადადგეს სააკაშვილი?
- ჩვენ თანავუგრძნობთ აქციის ორგანიზატორებს და მიგვაჩნია, რომ მათ აქვთ ძალიან სწორი და სამართლიანი მოთხოვნა. პრეზიდენტმა, რომელმაც ამდენი ბინძური დანაშაული ჩაიდინა თავისი ხალხისა და თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან ერთად მას ვადაც გაუვიდა, მან აუცილებლად უნდა დატოვოს მის მიერ დაკავებული თანამდებობა და აუცილებლად უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი ბინძური კადრი, რასაც თქვენ ნახავთ, ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას და ყველაფერი ეს არის მის კისერზე და აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
- რამდენად საშიშია დღეს ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი? მისი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე?
- სააკაშვილი პირველ რიგში საშიშია საკუთარი თავისთვის. მისი საქციელი პირველ რიგში მისთვის არის საშიში. მე ვშიშობ, მან ისე არ გამოიყვანოს ხალხი წყობიდან, რომ მერე ჩვენ ვერ შევძლოთ სიტუაციის კონტროლი და ვიღაცა მას პირადად არ გაუსწორდეს, იმისდა მიუხედავად, რომ მას დიდი რაოდენობით დაცვა დაყვება. საშიში კი არ არის ქვეყნისთვის, უბრალოდ, ქვეყნის სირცხვილია, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავდეს. გულწრფელად გეუბნებით, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია. მთელი საზოგადოების სირცხვილია, განსაკუთრებით მას მერე, რაც ყველაფერი გამჟღავნდა და ძალიან ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხადა, ამის მერე ყოველი დღე მისი პრეზიდენტობისა არის თითოეული ჩვენთაგანისა და სახელმწიფოს ღირსების შელახვა. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ და პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქროს პარლამენტმა. მინდა გითხრათ, რომ ის ერთ მილიონზე მეტი ხელმოწერა, რომელიც შეგროვდა სააკაშვილის გადადგომის და მისი გასამართლების მოთხოვნით, ამ ხელმოწერას ორი ადრესატი ჰყავს. სააკაშვილის გარდა, მეორე ადრესატი პარლამენტია. პარლამენტს აქვს ძალა და რაც მთავარია, უფლება და აქვს ვალდებულება, იმოქმედოს ხალხის ნების მიხედვით და ამ შემთხვევაში ხალხის ნება გამოხატულია. მილიონზე მეტი ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს საკუთარ ნებას და ეს ხელმოწერები კიდევ გრძელდება. ამიტომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს პროცედურები და ეს სირცხვილი უნდა ჩამორეცხოს ჩვენს ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. სირცხვილია ასე გაგრძელება. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ რაღაც ჩვეულებრივ დანაშაულებებზე, დავუშვათ კორუფციაზე ან გადაცდომაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. ადამიანის ყელამდე მიწაში დამარხვა და მერე მის თავზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის. ასეთი ერთი შემთხვევაც კი რომ მოხდება, ამის მერე როგორ აძლევს თავს უფლებას, გამოდიოდეს და ხალხს ეკრანიდან ელაპარაკებოდეს. ნაცვლად იმისა, ბოდიშებს იხდიდეს, ტიროდეს და მუხლებზე ხოხავდეს, სინანულს განიცდიდეს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, კიდევ ასეთი რიხით ლაპარაკობს და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელია. და თმენის ვალდებულება, ისეთი, როგორც ჩვენ პოლიტიკოსებს გვაქვს, ხალხს არა აქვს და არც აპირებს ხალხი ამის მოთმენას. სააკაშვილი უნდა წავიდეს თავისი პოსტიდან და აუცილებლად უნდა გასამართლდეს. პარლამენტს შეუძლია ეს გააკეთოს უმტკივნეულოდ და უნდა გააკეთოს. მე მესმის და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყნის გარედან დღევანდელ ხელისუფლებაზე, მაგრამ მთელი საზოგადოება მხარში უნდა დაუდგეს ხელისუფლებას, რათა ხელისუფლებას ჰქონდეს უფრო მეტი თამამი ნაბიჯების გადადგმის უნარი და საშუალება. ამ მხარდაჭერას მე მგონი ხელისუფლება გრძნობს არა მარტო საზოგადოების მხრიდან, არამედ ჩვენგანაც, პოლიტიკოსებისაგან. ამ პროცესში მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნებათ.
- გასამართლება ახსენეთ თქვენ და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა ახალი ხელისუფლებისთვის სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო, რომ ყველა მაღალი ჩინის დამნაშავეს პასუხი უნდა ეგო, თუმცა ეს პროცესი რატომღაც ჭიანურდება და მაღალი თანამდებობის პირთაგან ციხეში მხოლოდ ბაჩო ახალაიაა...
- ჩემი აზრით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია. დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ეს პროცესი ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო უფრო მეტი სიჩქარით განვითარებულიყო მოვლენები. თუმცა მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ობიექტური გარემოება არსებობს, რაც ამ ტემპს ხელს უშლის. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რა ამ ხელისშემშლელ გარემოებებს, ამ ნელ ტემპს გაგებით ვეკიდებით. თუმცა აქვე ვიტყოდი, რომ უფრო ეფექტურად უნდა მოქმედებდეს სამართალდამცავი ორგანოები. მთავარი პროკურორი ძალიან წინდახედული კაცი ჩანს და ეს ძალიან მომწონს, რადგან წინდახედულება დღეს ისე, როგორც არასდროს, ძალიან გვჭირდება. მე მესმის, რომ საკადრო პრობლემებიც არსებობს და ერთ დღეში ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის მარტივი, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უკმარისობის გრძნობა გამაჩნია. ამას გულწრფელად და გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ვინმემ კრიტიკულად არ ჩათვალოს ჩემი პოზიცია, რადგან ამას ვგულშემატკივრობ, მაქვს ერთგვარი უკმარისობის განცდა პროცესის სიჩქარესთან დაკავშირებით.
- ბატონო ჯონდი, თქვენთვისაც ცნობილია, რომ პარლამენტი გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გეგმავენ, რომ შეზღუდონ სააკაშვილის უფლება-მოვალეობები, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საშიშია ქვეყნისთვისო. ამ პროცესს როგორ შეაფასებდით?
- დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს არის სწორი პოზიცია, ეს ცვლილება აუცილებელია. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს აუცილებლობიდან გამომდინარე ნაბიჯია. იძულებითი ნაბიჯია, ვითარებამ მოითხოვა ეს ცვლილებები. აშკარად ეტყობოდა, რომ სააკაშვილი გეგმავდა მთავრობის დათხოვას და ქვეყანაში კრიზისის შექმნას, ახლა კი ეს ცვლილება მას ხელს შეუშლის ამ გეგმის განხორციელებასა და ქვეყანაში კრიზის შექმნაში. სააკაშვილს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, უბრალოდ, დარჩა მავნებლობის რესურსი და ყველა ატყობდა, რომ ამ მავნებლობას გეგმავდა. ამიტომ ინიციატივა არის დროული და სწორი. ეს არის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებითი ნაბიჯი, თორემ კონსტიტუციას სჭირდება უფრო თანმიმდევრული და უფრო კონცეპტუალური ცვლილებები. ეს კონკრეტული ნაბიჯი გამოწვეულია უბრალოდ გარდაუვალი აუცილებლობიდან. სიჩქარე გამოიწვია შექმნილმა ვითარებამ და ეს ნაბიჯი სწორია.
- ბოლოს გკითხავთ, რამდენად უმტკივნეულოდ წავა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან?
- რა ვქნა, არა ვარ მე ოპტიმისტურად განწყობილი სააკაშვილის მომავალთან და მის ტკივილებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა უკვე თავი დაიღუპა. ყველა მისი ნაბიჯი, ყველა მისი ახალი ფრაზა, ახალი განცხადება, კიდევ უფრო ამძიმებს მის დანაშაულს და მის ხვედრს. ასევე იმ განაჩენს, რასაც პრაქტიკულად თავად იმზადებს საკუთარი თავისთვის. მისი ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ამიტომ ის ცუდად დაამთავრებს და მან ასეთი დასასრული დაიმსახურა.


ავტორი:  ნონა ცაბაძე


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი